რატომ ტირის ადამიანი…
“- რა გატირებს? – რაღაც გამახსენდა… – მაინც? – აი, ახლა ორმა კაცმა ჩამოიარა და რატომღაც გამახსენდა, რომ ამ კაცებმა, ოდესღაც, ზუსტად აქ ჩამოიარეს… – მერე, რა გატირებს? – ხშირად მემართება ესეთი რაღაცები. ხშირად ვაკეთებ რაღაცას და რატომღაც მგონია, რომ ოდესღაც ეს უკვე იყო… – ეგ მეც მემართება, რა არის მანდ სატირალი? – რა და, მეშინია როდესმე კიდევ ასე რომ განმეორდეს ჩემი ცხოვრება… – გინდა შენზე მოთხრობა დავწერო? – არ მინდა… – რატომ? – შენს მოთხრობებში ყოველთვის კვდებიან… – მერე შენ ამის გეშინია? – შენ არ გეშინია?! – რისი უნდა მეშინოდეს?! – დასასრულის… – დასასრული არ არსებობს.. – როგორ თუ არ არსებობს?! – რაიმეს დასასრულში ყოველთვის დასაწყისი დგას… ყოველი არსი თვითონ ეძებს თავის დასასრულს. ესაა მიზანი.. მაგრამ, ხომ გითხარი, დასასრული არ არსებობს მეთქი… – მაშ, რატომ ტირიან ადამიანები? – ეშინიათ და იმიტომ… – რისი ეშინიათ? – დასაწყისის… ვისაც არ ეშინია დასაწყისის, ის არც ტირის… – მაგრამ სხვა როცა ტირის სხვის სიკვდილს? – თავის თავი ჰყავს მის ადგილას წარმოდგენილი. მკვდარი არ ტირის იმიტომ, რომ სიკვდილი უკვე დასაწყისია… – იქნებ მაგიტომ არ ტირიან?! – მაშ, რატომ? – შეიძლება სხვაგნიდან ვართ მოსული და რაკი ვეღარ წავედით ტირილითაც იმიტომ ვტირით, აქ რომ ვრჩებით… – ეგ რამ გაფიქრებინა? – ეკლესიებმა… ხედავ, როგორ არის ზოგი აშენებული?! ცაში ასაფრენად გამზადებულ რაკეტას ჰგავს. ჩვენ შიგნით შევდივართ და ვლოცულობთ. რატომ? იქნებ ისევ ცაში ამაღლება გვინდა და რომ არაფერი გამოგვდის და მიწას ვაბარებთ ერთმანეთს, ვტირით… – შენ ხომ თქვი, რომ შენში რაღაცები მეორდება. რატომ არ განმეორდა ციდან აქ მოსვლა? – შეიძლება ოდესმე ისიც განმეორდეს… – და თუ განმეორდა, მაინც იტირებ? – არ ვიცი. მე საერთოდ არ ვიცი რატომ ტირის ადამიანი… – იმიტომ, რომ თავისუფლება უნდა… – მერე აღარ იტირებს? – არა. თავისუფალ კაცს დასაწყისის არ ეშინია. – დაწერე რა.. – რა? – მოთხრობა დაწერე ჩემზე… – შენც რომ შემომაკვდე ბოლოს? – არა. იცი, როგორ დაწერე? – როგორ? – ვიცხოვრე დედამიწაზე, დიდხანს ვიცხოვრე, დაახლოებით ას წელს… – მერე? – ამ ასი წლის განმავლობაში ხშირად ისეთ რაღაცებს ვაკეთებდი, რაც ოდესღაც გაკეთებული მქონდა.. – მერე? – ერთ დღეს, ციდან ოქროსფერი ხომალდი მოფრინდა. მე გამახსენდა, რომ ამ ხომალდს უნდა წავეყვანე. ჩავჯექი და წავედი ცაში. დაწერ? დავწერე…” |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.