შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიწისფერი


16-12-2017, 14:46
ავტორი Ignifex
ნანახია 1 292

პათეტიკური ხარ.
სამზარეულოში,მაგიდასთან ზიხარ,სამსახურიდან ახალი მოსული,და ჩემს გაკეთებულ წვნიანს ხვრეპ. მუქი ყავისფერი თვალები გაქვს. როცა ბრაზდები ან სიამაყით ივსები,მეჩვენება,რომ შავად გიელვარებს.
მრავალი წლის,ცრემლის,სიცილის,სიკვდილისა და სიცოცხლის წინ,როცა მე თექვსმეტი წლის ვიყავი და შენს თვალებს ჯერ კიდევ მიწისფერი დაჰკრავდა,პირველად შემომხედე.
დამინახე.
რამდენიმე კვირის შემდეგ გადაწყვიტე,რომ გიყვარდი და მეგობრების დახმარებით ყვითელ მანქანაში ჩამსვი,პირზე ხელაფარებული.
შემბოჭე,მატირე და საკუთარი თავი წამართვი.
წამართვი,შევიწროვდი,შენს შინაგან სამყაროში საჩემო ადგილი გამოძებნე და იქ ჩამკეტე.
გავიგუდები-მეთქი აქ,გეუბნებოდი,მაგრამ ყურადღებას არ მაქცევდი.
მიმისაკუთრე.
გრძელი თმა გიხდება,არ შეიჭრაო,მეუბნებოდი ხოლმე და აი,აქ, წარბთან, მკოცნიდი.
უცნაური სუნი აგდიოდა,ყავისა და თამბაქოსი; და ვერ ვიტანდი,როცა მეხუტებოდი,მკოცნიდი,მეფერებოდი და ჩემს ფილტვებს მაგ სუნით ავსებდი.
სათამაშოდ მაქციე. უხილავი ძაფები გამომაბი და მარიონეტივით დამატარებდი აქეთ-იქით. მაცინებდი,მატირებდი,თმას არ მაჭრევინებდი,იმ ხაკისფერი,ყვავილებიანი კაბის ჩაცმის უფლებას არ მაძლევდი,მეგობრებთან ერთად სვამდი და შენს დაკრულზე მაცეკვებდი. მერე,მთვრალი, ძაფებს შენკენ ექაჩებოდი და მაიძულებდი,რომ ფილტვები,ტუჩები,კანი შენი ყავის,თამბაქოსა და ალკოჰოლის სუნით ამევსო.
წასვლა მინდოდა მაგ შენი გაცრეცილკედლებიანი სახლიდან,მაგრამ ჩემი პერსონა შენს შინაგან სამყაროში გყავდა ჩაკეტილი და მის გარეშე ვერ მივდიოდი.
არარაობად მაქციე. საკუთარ თავს უკან არ მიბრუნებდი.
გასაღები დავკარგეო,მეუბნებოდი,როცა ჩემი ჩაკეტილი თავის გათავისუფლებას გთხოვდი. და მერე მშვიდად დაამატებდი ხოლმე,ყავა მომიდუღეო. რაღაც ამბავს მიყვებოდი და მაიძულებდი,ხმამაღლა გამეცინა მაშინ,როცა ტირილი მინდოდა.
ვერც კი ამჩნევდი,ნელ-ნელა როგორ ვპატარავდებოდი და ვფერმკრთალდებოდი. შენი სახლის კედლებისგან უკვე აღარაფრით განვსხვავდებოდი. ნაწილებად ვიშლებოდი. ჩემი ღიმილის ნამსხვრევებს ყოველ დილას ცოცხითა და აქანდაზით ვიღებდი იატაკიდან,მაგრამ ცოტა მაინც რჩებოდა ხოლმე ღრიჭოებში. ყოველთვის ამჩნევდი ამ ნარჩენებს, მაგრამ ყურადღებას არ აქცევდი.
იმ ყვითელ მანქანაში ჩატენვიდან რამდენიმე დღის შემდეგ, როცა დარწმუნდი, რომ ვეღარსად წავიდოდი, დედაჩემმა მითხრა, კარგი კაცია,კარგი ოჯახის შვილიო. მგონი ვერც კი მიხვდა,ამ სიტყვებით სახლში დასაბრუნებელი ბეწვის ხიდი რომ ჩამიწყვიტა. ჩვენი ამბავი უკვე მთელმა სოფელმა იცოდა და, რასაკვირველია, შენი და შენი ოჯახის გარდა უკვე ყველასთვის გამოუსადეგარი ვიყავი.
მერე დედა გავხდი. მე არ მინდოდა,რომ ჩემი შვილების მამა შენ გამხდარიყავი,მაგრამ ის,რაც ოდესმე მდომებია,პირველივე კოცნით ამოწოვე ჩემი ტუჩებიდან,კანიდან და ცრემლებად მადინე იმ ყვითელ მანქანაში.
დედა გავხდი. მე ჩემი შვილი მიყვარდა,ჩემს შვილს კი - შენ. ხოდა,ერთ დღესაც,როცა სახლში დაბრუნდი,შევეცადე,გულწრფელად გამეღიმა. მგონი,გამომივიდა. შენი სახლის კედლებს ეს ჩემი ახალი ნიღაბი ისე მოუხდა,რომ ძალიან იშვიათად ვიხსნიდი ხოლმე და ვერც კი შევნიშნე,ისე შევისიხლხორცე.
როცა შევამჩნიე,როგორ ვემსგავსებოდი სხვებს,ჩავთვალე,რომ უკვე ძალიან გვიანი იყო. ნიღბის მოგლეჯვა მხოლოდ სახეს დამისისხლიანებდა. ყველაფერი გაცილებით მშვიდად იყო,როცა იმას ვაკეთებდი,რასაც ჩემგან ელოდნენ.
ბევრს ელოდნენ. ჩემ გარშემო ყველას უნდოდა, რომ სარკე უკუღმა დამეჭირა,რათა მე კი არა, ჩემში არეკლილი თავისი თავი დაენახა,თავისი სურვილები და მოთხოვნები. ხოდა მეც, საკუთართავდაკარგულმა და სარკეშემოტრიალებულმა, დავიწყე ნალექიანი ყავის სმა დედაშენთან და მეზობლებთან ერთად. ასეთი უფრო მომწონხარო,მითხარი ერთხელ და ტუჩებზე ღვინის სუნი მომაფრქვიე.
მეორედ რომ გავხდი დედა,უფრო მეტად გაგიხარდა - ბიჭი იყო. სუფრასთან სიამაყისგან ჩაშავებული გქონდა თვალები და გვერდზე მჯდომს უთხარი,კაცად უნდა გავზარდოო. ვერ ხვდებოდი მაშინ და ვერც ახლა ხვდები,რომ მთავარი კაცად კი არა,ადამიანად გაზრდაა. და იმ საღამოს,სამშობიაროდან ახალი გამოწერილი ატირებული ჩვილის დაწყნარებას რომ ვცდილობდი,შენ კი მეზობელ ოთახში,მაგიდის თავში მჯდომი ხარხარებდი,გადავწყვიტე: არ მოგცემდი უფლებას,ჩემი შვილები დაგემახინჯებინა.
როცა პირზე ხელი ამაფარე და მეგობრების დახმარებით ყვითელ მანქანაში ჩამტენე,ოცდაშვიდი წლის იყავი და თვალები სიამაყით გქონდა სავსე. ახლა,მრავალი წლის,ცრემლის,სიცილის,სიკვდილისა და სიცოცხლის შემდეგ,მე ოცდათვრამეტი წლის ვარ,მოკლე თმა მაქვს და გიყურებ,როგორ ხვრეპ ჩემს გაკეთებულ წვნიანს. სახლში მარტო ვართ. ხვალაც მარტო ვიქნებით და ზეგაც. ჩვენი შვილები მხოლოდ რამდენიმე საათით შემოივლიან ხოლმე. ჯერ-ჯერობით თავს თავადაც ვუვლი და მათი დახმარება არ მჭირდება.
ჩემგან განსხვავებით,მათ უყვარხარ მიუხედავად იმისა,რომ არასწორად აზროვნებ; რომ ადამიანად მხოლოდ მას თვლი,ვინც შენნაირად ფიქრობს; რომ კაცის მოვალეობად მიგაჩნია გაბრაზება,როცა ჭურჭლის დარეცხვისთვის ნერვები არ მყოფნის და საქმეს სხვა დროისთვის ვდებ; რომ გასარეცხი თეფშის ნიჟარაში ჩადება გეხამუშება და ტელევიზორი აუცილებლად სხვამ უნდა ჩაგირთოს მაშინაც კი,როცა იქვე წევხარ.
კედელზე გაკრულ კალენდარს ვუყურებ,წითლად დაწერილ 2006-ს და როგორც ამ ბოლო დროს დამჩემდა,კითხვა მიჩნდება,რამდენ ხანში დამცვივა თმა მთლიანად,რამდენ დღე-ღამეში გამომეცლება ძალა და პირველად სხეულის რომელი კუთხე-კუნჭულიდან ამომაგლეჯს სიკვდილი სიცოცხლეს.
ციფრებს თვალს ვარიდებ და თვალებს სწრაფად ვახამხამებ. მაშინღა ვამჩნევ,რომ სამზარეულო დაგიტოვებია უხმოდ,სიტყვისუთქმელად. მაგიდაზე შენი დატოვებული ჭუჭყიანი ჯამი დევს.
სიჩუმეში ახლართული ჰაერი იყინება სახლში. მეჩვენება,თითქოს რაღაც დაძრწის,რაღაც უხილავი,უფორმო და ნესტისსუნიანი. მიფათურებს ხელებს სულში,მტკივნეულ ადგილებში,ყვითელ მანქანაში ჩატენვაში,ძალდატანებით კოცნაში,"კარგი კაცია,კარგი ოჯახის შვილია-ში",მთვრალი კაცების ხარხარში,მწარე,ნალექიანი ყავის სმაში, ჩემი შვილის უხეშ პასუხში,ექიმის სიტყვებში...და ჩურჩულებს,იტირე,იტირე,იტირე,ხმა ამოიღეო. პირში უსიამოვნო გემოს მიტოვებს მისი ჩურჩული.
გახურებულ ღაწვებზე მეყინება ცრემლები.
მე დედა ვარ და ცოლი. 16 წლიდან საახალწლოდ ნაძვის ხის მორთვა მხოლოდ იმიტომ მსიამოვნებდა,რომ ჩემს შვილებს უხაროდათ. ახლა ისინი ჩემთან ერთად აღარ ცხოვრობენ.
ხანდახან თვალებს ვხუჭავ და ისევ იმ ყაყაჩოებიან მინდორში აღმოვჩნდები ხოლმე, გრძელთმიან გოგონასთან და პატარა ბიჭთან ერთად სოფელში ცხოვრებისას ხშირად რომ ვსტუმრობდი. იქ ცა სხვანაირად ლურჯია,ყაყაჩოები - სხვანაირად მეწამული და ჩემს ხელებში მყოფ ბიჭსაც სხვანაირად ვუყვარვარ. იქ ჰაერი სუფთაა და თბილი და მხიარული კისკისით სავსე,სიკვდილის სუსხი არ ტრიალებს.
იქ ჩემი ცხოვრება მიწისფერი არაა.
მისაღები ოთახიდან შენი ხმა მესმის,წნევა გამიზომეო, და ფეხზე ვდგები.



№1  offline წევრი An_Gel

მიყვარს შენი ნიკის გამოჩენა. ძალიან, ძალიან, ძალიან მიყვარს და გული მწყდება, რომ ამის ბედნიერება ასე იშვიათად გვაქვს. ნეტავ უფრო ხშირად ჩნდებოდე... და არა მხოლოდ ჩანახატებით.
შენ სტატუსი არ გჭირდება იმისთვის, რომ უდავოდ ერთ-ერთი გამორჩეული იყო ამ საიტზე. ხანდახან მგონია, მარტო შენ შეგიძლია ერთი უბრალო, თითქოს უკვე "გადაღეჭილი" და არაახალი თემა აიღო და შექმნა მისგან რაღაც ძალიან განსაკუთრებული.
ეს ამბავიც ძალიან მტკივნეულად მოიტანე ჩემამდე. თითქოს ყველა ამბობს ან წერს, მაგრამ გრძნობა, რომ ახალგაზრდა ქალს ვიღაც მართლა ასე აქცევს სათამაშოდ და ართმევს პიროვნებას, წარმოუდგენლად საშინელია პირადად ჩემთვის.
უფრო ხშირად გამოჩნდი ხოლმე, რა.
ბედნიერებაა შენი ჩანახატები <3

 


№2  offline ახალბედა მწერალი lullaby

ვახ, შენ რომ დაგინახე უზომოდ გავბედნირდი... ისეთი იშვიათობაა შენი ხილვა. <3
რაც შეეხება ჩანახატს...ბუდაოა ის ამბავი, რომ საოცარი ნაწერები გაქვს ქეთი... ამასაც, ისეთი ტკივილი და სევდა გასდევდა, შევწუხდი კითხვისას... ასე მეგონა ჩემ თავს გადახადა ეს ყველაფერი >_< მაგრამ, არ მინდოდა შენგან წამეკითხა ეს თემა... ამკუწე და მიზეზს მაინც ვერ გეტყვი, მაგრამ მეხამუშა სავით ეს ყველაფერი შენგან. იმედია სწორად გაიგებ და არ მიწყენ <3
ჩემო ნიჭიერო, ცოტა მეტი დრო დაგვითმე ხოლმე... დაგვიწერე რამე და გაგვაბედნიერე... ფუფუნება ხარ ჩვენთვის... იშვიათი და ზვირფასი <3 რახან გამოჩნდი, ესე იგი წერაზე ფიქრობ და ეს უკვე მამშვიდებს ^^

 


№3  offline წევრი Ignifex

An_Gel
მიყვარს შენი ნიკის გამოჩენა. ძალიან, ძალიან, ძალიან მიყვარს და გული მწყდება, რომ ამის ბედნიერება ასე იშვიათად გვაქვს. ნეტავ უფრო ხშირად ჩნდებოდე... და არა მხოლოდ ჩანახატებით.
შენ სტატუსი არ გჭირდება იმისთვის, რომ უდავოდ ერთ-ერთი გამორჩეული იყო ამ საიტზე. ხანდახან მგონია, მარტო შენ შეგიძლია ერთი უბრალო, თითქოს უკვე "გადაღეჭილი" და არაახალი თემა აიღო და შექმნა მისგან რაღაც ძალიან განსაკუთრებული.
ეს ამბავიც ძალიან მტკივნეულად მოიტანე ჩემამდე. თითქოს ყველა ამბობს ან წერს, მაგრამ გრძნობა, რომ ახალგაზრდა ქალს ვიღაც მართლა ასე აქცევს სათამაშოდ და ართმევს პიროვნებას, წარმოუდგენლად საშინელია პირადად ჩემთვის.
უფრო ხშირად გამოჩნდი ხოლმე, რა.
ბედნიერებაა შენი ჩანახატები <3

როგორც ყოველთვის,არ ვიცი რა ვთქვა. უღრმესი მადლობა,ძალიან გამაბედნიერე! სხვანაირად როგორ გადახიადო მადლობა არ ვიცი :დ ძალიან გამახარე და ბედნიერი ვარ ♥ ♥ ♥ სწორედ ეს მმატებს მოტივაციას რომ კიდევ ვწერო და მადლობა რომ არ დაიშურე ჩემთვის ასეთი სიტყვები ♥
lullaby
ვახ, შენ რომ დაგინახე უზომოდ გავბედნირდი... ისეთი იშვიათობაა შენი ხილვა. <3
რაც შეეხება ჩანახატს...ბუდაოა ის ამბავი, რომ საოცარი ნაწერები გაქვს ქეთი... ამასაც, ისეთი ტკივილი და სევდა გასდევდა, შევწუხდი კითხვისას... ასე მეგონა ჩემ თავს გადახადა ეს ყველაფერი >_< მაგრამ, არ მინდოდა შენგან წამეკითხა ეს თემა... ამკუწე და მიზეზს მაინც ვერ გეტყვი, მაგრამ მეხამუშა სავით ეს ყველაფერი შენგან. იმედია სწორად გაიგებ და არ მიწყენ <3
ჩემო ნიჭიერო, ცოტა მეტი დრო დაგვითმე ხოლმე... დაგვიწერე რამე და გაგვაბედნიერე... ფუფუნება ხარ ჩვენთვის... იშვიათი და ზვირფასი <3 რახან გამოჩნდი, ესე იგი წერაზე ფიქრობ და ეს უკვე მამშვიდებს ^^

როგორ გელი ხოლმე შენ არ იცი :დდ შენი კომენტარები როგორ მაბედნიერებს,ეს უკვე სხვა თემაა. ძალიან,ძალიან დიდი მადლობა,მარი და საოცრად მიხარია მკითხველი რომ მყავს შენი სახით. მითუმეტეს,ჩემი დამოკიდებულება იცი შენი ნაწერებისადმი ♥ ♥ ♥ კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა ♥ ♥ და არა,რათქმაუნდა არ გიწყენ,მისაღებია შენიშვნები ჩემთვის smile heart_eyes
დიდი მადლობა ორივეს რომ ასე გამახარეთ ♥ ♥

 


№4 სტუმარი nini

Momewona dzalian.sinamdvilea es bevris

 


№5  offline წევრი Ignifex

nini
Momewona dzalian.sinamdvilea es bevris

ძალიან დიდი მადლობა kissing_heart heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent