შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის თეორია


22-12-2017, 18:34
ავტორი ნილისმა
ნანახია 1 776

როდესაც ბავშვობაზე ფიქრი შევწყვიტეთ, გავაცნობიერეთ, რომ გავიზარდეთ.
ყველაფერი უცნაურად მოხდა, თითქოს ბავშვებმა დავიძინეთ და ზრდასრულებმა გავიღვიძეთ. რაღაც მაინც უცვლელი დარჩენილიყო – ჩვენ ისევ გვყავდა ერთმანეთი.
ხუთი წლისა უფლებას მაძლევდა თავისი საყვარელი მანქანით მეთამაშა, ვგრძნობდი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას, ის არასდროს თხოვნიდა სხვას თავის ლურჯ მანქანას. ვგრძნობდი, როგორ მიყურებდა თამაშის დროს. მე ქვიშით საჭმელს ვუკეთებდი, ის კი ისე იქცეოდა, თითქოს საჭმელი ნამდვილი ყოფილიყო, თანაც ძალიან გემრიელი. ახლა ხშირად მეუბნება, რომ ქვიშით უკეთ ვამზადებ, ვიდრე ნამდვილი პროდუქტით.
ჩემი თმებით თამაში უყვარდა. ამბობდა, ლამაზად გიკეთებო, თუმცა ყოველ ჯერზე, სარკეში ჩახედვისას უპროპორციო ვარცხნილობა მხვდებოდა. არასდროს მითქვამს ეს მისთვის, ასე ჩემი თმებით თამაშს შეწყვეტდა.
სკოლაშიც ერთ მერხთან ვისხედით, ხშირად ვაწერინებდი დავალებას, ის კი დაფასთან გასულს მამხნევებდა.
წლებმა ვერაფერი დაგვაკლო, ისე კი ნამდვილად ეცადა. ჩვენ ისევ გვიყვარდა ერთმანეთი და ისევ ვუპირისპირდებოდით სამყაროს. საკუთარ ნაჭუჭში გამოკეტილები ბედნიერად განვაგრძობდით ტყუილში ცხოვრებას.
ყოველ დილით ახალ ნიღაბს ვირგებდით და სახლიდან გავდიოდით.
ყველა სხვა ადამიანებად გვიცნობდა, მხოლოდ ერთმანეთისთვის ვიყავით გადაშლილი წიგნი, სხვა დანარჩენი უბრალოდ ცხოვრების დანამატი იყო, უსარგებლო დანამატი.
დღის ბოლოს ყოველთვის განსაკუთრებულად ველოდით. სახლში დაბრუნებულები სამყაროსგან მიყენებულ იარებს ვუშუშებდით ერთმანეთს.
მარტივი იყო ჩვენი ცხოვრება- კონფლიქტისა და ჩხუბის გარეშე.
არასდროს მჯეროდა, რომ ორ ადამიანს შეიძლებოდა ჰქონოდა იდენტური ფიქრები.
ჩემში ღირებულებები გადაფასდა. რისიც ადრე მჯეროდა, ახლა აღარ მჯერა და პირიქით.
ზედმეტად უცნაურია, როცა შენი პიროვნების ნაწილს წარსულში ტოვებ და სრულიად ახალი ნაწილით მარტივად განაგრძობ ცხოვრებას.
ყველაზე კარგი მაინც იმის გაცნობიერებაა, რომ გვერდით გყავს ადამიანი, ვისთან ერთადაც ტირილის არ გრცხვენია, საერთოდ არ ფიქრობ იმაზე, რამდენად ცუდი შესახედაობა გაქვს ამ დროს, რადგან იცი, რომ შენი დანახვისას მხოლოდ ცრემლეზე ფიქრობს.
კარგია, როდესაც გვერდით გყავს ადამიანი, რომელიც თვლის, რომ უცნაური ხარ, მაგრამ საერთოდ არ ცდილობს შენში რამის შეცვლას. უბრალოდ, ისეთს გიღებს, როგორიც სინამდვილეში ხარ. ისე ბევრი უცნაური თვისება მაქვს, ხშირად ვფიქრობ, ვიცხოვრებდი თუ არა ჩემნაირი ადამიანის გვერდით. როდესაც გონებაში პასუხის პოვნას ვცდილობ, შიში მიპყრობს, მერე გავრბივარ და ამ კითხვას მას ვუსვამ.
ყოველთვის იღიმის, ყოველთვის, წიგნს გვერდით დებს და მპასუხობს : სხვანაირი არც მეყვარებოდი.
უკვე წლებია ასე ვცხოვრობთ, ერთმანეთს ყოველდღე სიყვარულს ვუხსნით და ვიცით, რომ ყოველი ნათქვამი მიყვარხარ წინა ნათქვამზე ძლიერია.
ვიცით, რომ სამყაროს დასასრულიც ვერ დაასრულებს ჩვენს ისტორიას, რადგან ორივეს გვწამს, რომ ადამიანები უბრალოდ არ მოვდივართ ამ პლანეტაზე და ასევე უბრალოდ არ ვიკარგებით სიკვდილის შემდეგ.
ყველა ჩვენგანს რაღაც მისია აქვს.
ჩვენი მისია სიყვარული იყო…




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent