შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წერილები დედას, ანუ ქარს გატანებული სიტყვები


26-12-2017, 14:30
ავტორი ლილიენ
ნანახია 2 161

ჩაიფიქრე და აუცილებლად აგისრულდებაო , ასე მეუბნებოდა ბავშვობაში მამაჩემი . მეც ვიფიქრებდი ხოლმე , ხან ბარბის სახლი მინდოდა და ხან ლამაზი კაბები. მჯეროდა , რომ შეგრძნებებს და ფიქრებს დიდი ძალა ჰქონდათ და მთელი არსებით ვიკარგებოდი იმ სურვილებში , რისი ასრულებაც ასე ძალიან მინდოდა.
დასასვენებლად ყველა ერთად ვერასდროს მივდიოდით , ამიტომ ძირითადად მამაჩემი რჩებოდა სახლში , რომ ბებიისთვის მიეხედა. არდადეგებს სოფელში ვატარებდი, ტრადიციულად და სახლში დაბრუნებისას ყოველთვის ველოდი , რომ რამე შეცვლილი დამხვდებოდა.იმდენად დიდ დროდ მეჩვენებოდა 2 თვე , რომ მეგონა ,რაღაც აუცილებლად სხვანაირი უნდა ყოფილიყო. პირველად ჩემ ოთახს მოვივლიდი, თუ ვერაფერს აღმოვაჩენდი საინტერესოს , მერე სხვებს დავურბენდი.
მაშინაც პირველად ჩემს ოთახში შევედი და სიხარულისგან და გაოცებისგან დავიყვირე : „დედა, სურვილი ამიხდა მეთქი“. აკვარიუმი დამხვდა 3 ოქროს თევზით. სულ მომწონდნენ, როგორ იცვლებოდა მათი ფერი ოქროსფერიდან ყვითელში და როგორ მშვიდად დაცურავდნენ, თითქოს სრულყოფილ სამყაროში მოხვდნენო და ალბათ მამაჩემმა ესეც იცოდა ჩემზე.
არ ვიცი ეს ყველაფერი რატომ გამახსენდა, მაგრამ დილით , რომ გავიღვიძე ძალიან მომინდა იმ დღეს დავბრუნებოდი, ალბათ არაფერს შევცვლიდი , მაგრამ კიდევ ერთხელ გავიაზრებდი , რა სიმარტივეში შეიძლება დიდი ბედნიერების პოვნა.
ახლაც ვფიქრობ , ძილის წინ განსაკუთრებით ბევრს, ვცდილობ გავიაზრო როგორ დავუახლოვდე ჩემ ოცნებებს ერთი ნაბიჯით მაინც.
ხანდახან , როცა ვფიქრობ , არც კი ვიცი რაზე ვოცნებობ , ყველაფერი რაც მატერიალურია , ჩემთვის მხოლოდ მიზნებია. სიტყვა „ოცნება“ უფრო სასიამოვნო მოსასმენია , ჯადოსნურ სიტყვას გავს ,თუმცა უფრო მიუწვდომელს , რომელიც ან აგიხდება , ან არა , ისე იქნება , როგორც ამას ღმერთი , კოსმოსი ან ვარსკვლავები მოინდომებენ , გააჩნია რისი გჯერა შენ . აი სიტყვა „მიზანი“ არც ისეთი ლამაზი და მაგიური სიტყვაა , თუმცა იმის შანსს , რომ მიზანს მიუახლოვდე მხოლოდ და მხოლოდ შენ აკონტროლებ . აღარ ელოდები ვარსკვლავის ჩამოვარდნას ციდან , რომ შენი ოცნებები აიხდინო. გადავწყვიტე მხოლოდ მიზნები ყოფილიყო ჩემს ცხოვრებაში, ვიფიქრე იმდენად გავიზარდე ოცნების დრო აღარ არისმეთქი და უკან მოვისროლე.
„მიზანთან მიახლოება რაც არ უნდა რთული იყოს, არ უნდა შეგეშინდეს , ის უფრო რთული იქნება შემდეგ , როცა უმოქმედობას ინანებმეთქი „ - ასე ვუმეორებდი ჩემს თავს ყოველდღე, მაშინ , როცა სასწავლებლად გერმანიაში გადავწყვიტე წასვლა.
***
საღამოს მე და დედა ოთახში ვისხედით, რამდენიმე საათი რჩებოდა ჩემ წასვლამდე. ვისხედით და ხმას არ ვიღებდით. დედა ასე ხშირად იქცევა, ამიტომ უჩვეულოც არაფერი იყო. იჯდა და ფიქრობდა , არაფერი ეწერა სახეზე, არც დარდი და არც სიხარული , არანაირი ემოცია, მისი სუნთქვაც კი შეუმჩნეველი იყო, მხოლოდ მისი თვალები ცოცხლობდნენ , რომელიც ისე შორს და ღრმად იყურებოდნენ , რომ მეგონა ახლა მთელ სამყაროს გასცდებიან და რეალობის შეგრძნებას დაკარგავსმეთქი.
ღამის 3 საათია უკვე , დროა ყველას დავემშვიდობო , მოვემზადო და ცოტახნით ყველაფერს გავეცალო. მერე რა , თუ მეშინია ან ვღელავ , ახალი ფურცელი იშლება ჩემს ცხოვრებაში , რომელზეც თამამად უნდა ვწერო ჩემი ისტორია .
სულ ბოლოს დედაჩემს დავემშვიდობე, მისი სუნი , რომ ყველაზე დიდხანს გამეყოლებინა, ახლაც ვგრძნობ , როგორი თბილი და ნაზი იყო.
გამაფრთხილეს , აფრენა , ცოტა უფრო რთული იქნებაო , არ შემშინებია , ვიგრძენი , როგორ შემეკრა სუნთქვა და ძარღვებში სისხლი როგორ მომაწვა, თვალები დავხუჭე და რომ გავახილე , უკვე თეთრ ღრუბლებში დავსრიალებდი. დავფიქრდი , სად გადიოდა ზღვარი ცასა და მიწას შორის , სად იწყებოდა სამოთხე და სად იყო მისი დასასრული . მერე მივხვდი , რომ აზრი არ ჰქონდა ძებნას, ისე შეისისლხორცეს ერთმანეთი , რომ ერთ მთლიანობად გადაქცეულან. ორი საათი ასე ღრუბლებში ვისრიალე, დრო იმის ძიებაში მიილია , თუ რა იყო ამ ყველაფრის მიღმა , სად იწყებოდა რეალობა და მთავრდებოდა ილუზია. რეალობას დავუბრუნდი მეც , როცა გაგვაფრთხილეს , რომ უკვე დაფრენის დრო იყო , ისევ თვალები დავხუჭე , ვიგრძენი ჩემი გულის თითოეული შეკუმშვა და შემდეგ სუნთქვის შეკვრა , ისევ სისხლი მომაწვა ძარღვებში , როგორც იქნა დავეშვით , ღრმად ამოვისუნთქე, მივხვდი , რომ ძალიან მომეწონა , მძაფრი ემოციები თურმე არც ისეთი მარტივი , მაგრამ სასიამოვნო ყოფილა.
თვალები გავახილე და სხვა ოთახში აღმოვჩნდი , ვიფიქრე ყველაფერი დამესიზმრამეთქი , მაგრამ ჩემი ოთახის კედლები სხვანაირი იყო , მივხვდი სხვაგან ვიყავი , სხვა სახლსა და რეალობაში. ყველა სახლის კედელს თავისი ისტორია აქვს, ყველა იმ საიდუმლოს ინახავს საუკუნეების განმავლობაში , რასაც მხოლოდ დრო თუ უძლებს . მე ჩემი კედლების ისტორიაც მომწონს , ისიც მომწონს , რომ მათ ყველაფერი იციან ჩემზე პირველვე დღიდან გუშინდელ დღემდე , დიდ ისტორიას ინახავენ და არავის უყვებიან . დღეიდან ახალი ისტორია იქმნება , თუმცა ახლა ჩემი კედლები ვარდისფერია და ცოტა უფრო დიდიც .
დედაჩემის სუნი ვიგრძენი , ის სუნი , ასე , რომ ვუფრთხილდებოდი მთელი გზა. ვიგრძენი და გავთბი , დავმშვიდდი და გამეღიმა , მივხვდი , რომ ყველაფერი კარგად იყო. უამრავმა ემოციამ მოიყარა თავი ჩემში, ლავასავით გადმოიფრქვა და მთლიანად შთანთქა ჩემი გონება. ბევრი ლაპარაკი არასდროს მყვარებია, წერა მერჩივნა, ამიტომ სასწრაფოდ დავიწყე წერა:
„დე , ეს წერილი შენთვის არის , მხოლოდ შენთვის და იცოდე , არასდროს არავის წააკითხო , მოუფრთხილდი და თითოეული სიტყვა გულით ატარე, ვიცი სწორედ ასე მოიქცევი.
ერთმანეთს ათასობით კილომეტრი გვაშორებს , მართლა ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით აღმოვჩნდი , როგორც იმ ზღაპრის გმირები შენ , რომ ძილის წინ მიკითხავდი. შენი სუნი მოვიტანე აქამდე , ვიცი სანამ კიდევ ერთხელ ჩაგეხუტები , მანამდე არ გაუფერულდება , მაგრამ საკმარისი არასდროს იქნება.
მინდა იცოდე , რომ არაფრის მეშინია , მხოლოდ მონატრების , რომელიც ხანდახან ყველაზე რთული და საშიშია , მაგრამ შენ მასწავლე როგორ უნდა ვყოფილიყავი ცხოვრებაზე ძლიერი და როგორ გამემარჯვა ხშირად საკუთარ გრძნობებზეც კი , მთელი ცხოვრება სამაგალითო იყავი და დღეს შენგან ნასწავლ თითოეულ გაკვეთილს გამოვიყენებ , რომ მეც შენსავით ძლიერი ვიყო. მახსოვს , არცერთხელ გიტირია ისე , რომ შენი ცრემლები სხვას დაენახა , არც მაშინ , როცა სიბრაზისა და ტკივილისგან სისხლი გაწვებოდა და ყველაფერი გტკიოდა , არც მაშინ , როცა ყელში ბურთი გეჩხირებოდა და სუნთქვას გიკრავდა , ყოველთვის ჩვენზე ფიქრობდი , რომ შენი ცრემლებით ჩვენ არ დაგემძიმებინეთ , მაგრამ თითოეული ასეთი დღე კვალს ტოვებდა შენ სახეზე , დღეს ყოველ ასეთ ნიშანს ვცნობ და თითოეული მათგანი ძვირფასია ,ეს ჩვენი ისტორიაა , რომელიც არცთუ ისე ფერადი , მაგრამ გამორჩეული და კარგია , რადგან ჩვენ ერთად ვარსებობთ მასში .გამახსენდა შენი სახე, ოდნავ ღიმილიანი და ამ ღიმილში შეპარული სევდა. მე ასეთი მიყვარხარ ! ძალიან მიყვარხარ!
ისე მეჩქარება ყველაფერი მოგიყვე და ყველა განცდა გაგიზიარო , რომ ვერც კი ვხვდები როგორ დავიწყო , მინდა პირდაპირ გითხრა ყველაფერი , ერთი ამოსუნთქვით, არაფერი , რომ არ გამომრჩეს . გახსოვს? სკოლიდან ხუთიანებით დაჯილდოებული, რომ მოვდიოდი , ზუსტად ასე სულმოუთქმელად გაყრიდი სიტყვებს , მერე დღიურსაც შემოგაჩეჩებდი ხელში და საქებარ სიტყვებს ველოდი. ახლა არაფერს ველი , თუმცა , ისევ ისე მეჩქარება შენთან ლაპარაკი.
დილით , უცნაურმა შეგრძნებამ გამაღვიძა , ფიქრები ამიშალა და ტვირთად დამაწყო გულზე , ასეთ მომენტებში , ალბათ უფრო მინდა შენთან ყოფნა თავი , რომ უსაფრთხოდ ვიგრძნო და დამშვიდებულად. ღამე მამა დამესიზმრა , თითქოს ყველა ერთად ვისხედით და ძველ ამბებს ვიხსენებდით , ყველას ბედნიერი სახე გქონდათ, ჩემ გარდა . მემგონი მივხვდი , რომ სიზმარი იყო და გაღვიძების შემეშინდა , სიზმრებიც ხომ საპნის ბუშტს გავს, ერთი რხევა და უცებ ჰაერში იფანტება შეუმჩნეველ ნაწილაკებად , ასე გაიფანტა ჩემი სიზმარიც, შეგრძნებაც ამიტომ იყო უცნაური,ალბათ. შენ , რომ გიყვები ყველაფერს , უკვე ვმშვიდდები , მაინც რა არის არა დედა- შვილობა ?! ვერაფერი უშლის ხელს , ვერც დრო , ვერც მანძილი, საერთოდ ვერაფერი ! ახლა ყველამ გაიღვიძა, კიდევ რაღაცის მოყოლა მინდა , მაგრამ , ხომ იცი ვერასდროს ვწერ , თუ მარტო არ ვარ , ამიტომ იქნებ საღამოს გავაგრძელო .. !!!
იმ დღეს მეტი არაფერი დამიწერია ,არც წერილი გამიგზავნია. მთელი დღე ვფიქრობდი. ვფიქრობდი, როგორ აღმოვჩნდი ქალაქში მარტო, სადაც არავინ მიცნობს , არავის ვაინტერესებ და ვაღელვებ, არავინ მაკვირდება და არ ცდილობს იმ განცდების ამოცნობას, რომელიც ასე ბევრია ჩემში. მაშინ მივხვდი , რომ ახლა ყველაზე კარგად გავიცნობდი , იმ პიროვნებას , რომელიც 22 წელია ჩემში ცხოვრობს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent