შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი მეგობარი შიშების შესახებ...


30-12-2017, 20:57
ავტორი ნილისმა
ნანახია 1 365

შიშებს დიდი ხნის წინათ დავუმეგობრდი. ჩვენი მეგობრობა ზაფხულის გრილ და უცნაურ საღამოს დაიწყო. მარტო ვიყავი, გარესამყაროს მოწყვეტილი და მიპოვეს...
ყველაფერი თავისთავად მოხდა, თუმცა მეგობრობას არც გეგმავენ. დაახლოების სურვილი სხვა შიშებთან ერთად გამოთქვეს- შიშმებმა, სახელად მარტოობამ, დავიწყებამ, სიკვდილის შიშმა, საყვარელი ადამიანების დაკარგვის შიშმა...
ჩვენ ვირტუალურ სამყაროში არ ვიყავით და არც ,,Delete request-ის'' ღილაკი იყო სადმე.
იმ დღიდან განუყრელი მეგობრები გავხდით. მათთან მეგობრობამ ნამდვილ მეგობრებსაც კი ჩამომაშორა.
-მერე რა, - ვფიქრობდი ჩემთვის. საგანგაშო არაფერია იმაში, რომ შიშებს მძაფრად შევიგრძნობ, ჩვენ ხომ ადამიანები ვართ?!
გვეშინია, გვიყვარს, გვძულს ან სულაც არაფერს ვგრძნობთ- ყველაფერი ჩვენი ყოველდღიური ყოფის შემადგენელი და განუყრელი ნაწილია.
ჩემი მეგობარი შიშები ღამის ქმნილებები არიან. დღისით ისინი ძალას კარგავენ, რადგან სინათლე არ უყვართ. ღამით კიდევ განსაკუთრებით ძლიერდებიან.
მათ შეუძლიათ ადამიანის გონების ყველაზე ღრმა ნაწილებამდე მიაღწიონ და იქ მთელი ღამის განმავლობაში დარჩნენ.
ჩემი სტუმართმოყვარეობით ხშირად სარგებლობენ და დაძინების საშუალებას არ მაძლევენ.
უკვე შევეჩვიე და მეც სიამოვნებით ვუყვები დღისით მომხდარ ამბებს.
ყურადღებით მისმენენ და მომდევნო ღამით ახალი შიში მოჰყავთ ჩემს თავში სტუმრად.
არა, მშიშარა არ ვარ, ჯერ ვერ გაიდგეს ჩემში ფესვები ღრმად, თუმცა ცდილობენ.
მე უბრალოდ მეშინია, რომ ერთ დღესაც მზე ისე არ ამოვა, როგორც აქამდე ამოდიოდა, ისე არ მოჰფენს სხივებს დედამიწას, როგორც აქამდე ჰფენდა.
მეშინია, რომ ერთ დღეს უბრალოდ დავიკარგები. ამ პლანეტაზე ტურისტად მოსულს, დროის ამოწურვის შემდეგ სადღაც, უკან დაბრუნება მომიწევს და არავის გაახსენდება ჩემი არსებობა, წასვლისთანავე ყველას დაავიწყდება ჩემი სახელის შემადგენელი ოთხი ასო.
ერთხელ შიშმა, სახელად ,,დავიწყებამ'' მითხრა:
- ნინო, უამრავი შენნაირი ადამიანი ჩაკარგულა ისტორიის ჯურღმულებში, შენ არც განსაკუთრებული ხარ, ვერც რამე განსაკუთრებულის შექმნას შეძლებ ოდესმე, - შენნაირები უბრალოდ ნებდებიან და ცხოვრების მდინარეს მკვდარი თევზივით მიუყვებიან.
საპირისპიროდ ცურვა რჩეულთა ხვედრია, შენ კი იმისთვის დაიბადე, რომ დაგივიწყონ.
შეწინააღმდეგება და საპირისპიროს დამტკიცება ვცადე, მაგრამ სიტყვებმა უარი თქვეს წინადადებად გადაქცევაზე და მეც თვალები დავხარე - ეს დანებებას ნიშნავდა.
ჩემში შიშის ბელადისთვის განკუთვნილი ადგილი საყვარელი ადამიანების დაკარგვის შიშმა დაიკავა, გრძნობს თავის უპირატესობას, იცის, რომ მისი საუბრის დრო ჩემი ტემპერატურა -38 გრადუსამდე ეცემა, შემდეგ კი +43 გრადუს სცდება.
ხშირად მემუქრება. არგუმენტები წარსულის მაგალითებზე დაყრდნობით მოჰყავს და მეუბნება :
- გახსოვს, შენი მეგობარი, სირთულეებმა რომ დააფრთხო და ისე წავიდა, შენთვის არაფერი აუხსნია? ან ის მეგობარი, შენს შეცვლას რომ ცდილობდა? ვერ შეძლო და უბრალოდ უარი თქვა შენზე, რადგან მის სტანდარტებში ვერ ჯდებოდი?
ყველამ მიგატოვა, ყველამ, არადა შენ ისინი გიყვარდა, მომავალშიც ასე იქნება, ბევრი დაგტოვებს და მათი წასვლით გულში დარჩენილ სიცარიელეს შენს ცხოვრებაში სხვა ადამიანების შემოშვებით ვერ ამოავსებ.
სიკვდილის შიშმა იცის, რომ ყველა ადამიანზე შეუძლია ზეგავლენის მოხდენა, განსაკუთრებულს არაფერს მეუბნება, ისედაც ხვდება, რომ მისი სიჩუმეც კი ჩემში ჟრუანტელს იწვევს, ჩუმად ზის თავისთვის კუთხეში და მეგობარი შიშებისა და ჩემს საუბარს ღიმილიანი სახით უსმენს. იცის, რომ ძლიერია, იცის, რომ მონდომების შემთხვევაში, საყვარელი ადამიანების დაკარგვის შიშს ტახტიდან ჩამოაგდებს და თავად მოირგებს ბელადისთვის განკუთვნილ ძვლებისგან დამზადებულ გვირგვინს, თუმცა მას არ სურს...
ისინი მშვიდად თანაარსებობენ ჩემში და ცდილობენ, ერთიანი ძალებით დამიფრთხონ სიმშვიდე და ჩემი თვალების ირგვლივ შავი ლაქები უფრო შესამჩნევი გახადონ.
ალიონზე მემშვიდობებიან, ქაოსურად მიყრილ-მოყრილ ნივთებს ალაგებენ და სადღაც უჩინარდებიან. მათს ადგილს გრძნობა, სახელად ,,იმედი'' იკავებს და მეც თითქოს ჩემს სხეულს ვუბრუნდები. ჭერს შევყურებ და, აღარც მახსოვს, უკვე მერამდენედ ვაძლევ საკუთარ თავს პირობას, რომ მოსვლის შემთხვევაში, ჩემი გონების კარგს აღარ გავუღებ შიშებს.
არ ვიცი, რა მოხდება ღამით, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ ალიონზე, ამომავალი მზის შემყურეს, აღარც მარტოობა მაფრთხობს, აღარც სიკვდილი მადარდებს და დავიწყებისაც აღარ მეშინია, თითქოს ქვეცნობიერად ვიცი, რომ თითოეული ადამიანი საკუთარი მისიის შესასრულებლად გამოგზავნეს ამ სამყაროში და ჩემი მისია დღევანდელი დღით ცხოვრებაა.



№1  offline წევრი OnlyGirl

და როგორი რთულია ამ ყველაფრის შენში შენახვა.. მომეწონა <3

 


№2  offline წევრი ნილისმა

OnlyGirl
და როგორი რთულია ამ ყველაფრის შენში შენახვა.. მომეწონა <3

ძალიან დიდი მადლობა <3
ნამდვილად რთულია, ფურცელზე გადატანისას კი ყველაფერი მარტივდება.

 


№3 სტუმარი სტუმარი shalo

miyvarxar uzomod

სტუმარი shalo
miyvarxar uzomod

mec magra miyvarxar

 


№4  offline წევრი ნილისმა

სტუმარი shalo
miyvarxar uzomod

სტუმარი shalo
miyvarxar uzomod

mec magra miyvarxar

:) <3 <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent