შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაშვილები


20-01-2018, 22:07
ნანახია 1 316

წავედი. მართლაც ბევრი ვიწვალე, იმ მისამართის გასაგებად, სადაც ჩემი შვილის ადგილსამყოფელს მეტყოდნენ. მივედი ერთ პატარა ოფისში, რომელსაც ოფისს პირობითად ვუწოდებ. ეს იყო ერთი პატარა ოთახი, ძველი ავეჯითა და დიდი კარადებით, კედლები კი ბზარებით იყო შემკული, იატაკი ამოცვენილი იყო და თუ ყურადღებით არ იქნებოდი, შესაძლოა კისერიც წაგეტეხა. იქ მომუშავე ქალბატონიც კი ზუსტად შეესაბამებოდა სამუშაო გარემოს. მან ძილმორეული თვალებით გამომხედა და მიმითითა სკამზე, რომელიც ჩემში ეჭვს იწვევდა - გამიძლებდა თუ არა. მაინც თავი შევიკავე დაჯდომისაგან და დავიწყე ფიქრი, თუ როგორ უნდა ამეხსნა ყველაფერი ამ ქალბატონისთვის. ბოლოს მაინც მოვიკრიბე ძალა და დავიწყე.
-მე მჭირდება თქვენი დახმარება, რომლის გარეშედაც ვერაფერს გავხდები. მე მჭირდება მისამართი, სადაც ერთი ახალშობილი იშვილეს. ეს იყო დაახლოებით შვიდი თვის წინ. ძალიან გთხოვთ , იქნებ შეძლოთ ჩემი დახმარება და მოიძიოთ მისი მისამართი არქივში - პასუხი უარყოფითი იყო. არ გამკვირვებია, რადგან მეც ხშირად მიწევს უარის თქმა კლიენტებისთვის, თუმცა ეს სულ სხვა შემთხვევა იყო, მას შეეძლო ჩემთვის ეს დიდი სამსახური გაეწია - იქნებ ერთი გამონაკლისი დაუშვათ. ვგავარ იმ ადამიანს, ვინც რამეს დააშავებს? ბოროტმოქმედს ვგავარ? მე დავუშვი შეცდომა, რომელიც გულს მიღრღნის და მჭამს. შემომხედეთ! - სიმწრისაგან გავწითლდი და შევყვირე - მე მიყურეთ. მომეცით შანსი გამოვასწორო ჩემი შეცდომა, მომეცით შანსი, სანამ ჯერ კიდევ არის ამის დრო. ნუთუ ასეთი ძნელია, ერთი დაწყევლილი მისამართის მოძიება და თქმა, ამით ხომ დამეხმარებით და საშუალებას მომცემთ ვიბრძოლო.
არ ვიცი, ამ სიტყვებმა გული მოულბო თუ არა, მაგრამ ფაქტია, რაღაც გავლენა იქონია. მისი ისედაც მძიმე ტანი, უფრო მძიმედ ასწია და კარადიდან ფურცლების დასტა გადმოიღო. ბავშვის დაბადების და გაშვილების ზუსტი თარიღი მომთხოვა, მე კი მიახლოებული თარიღი ვუთხარი, ალბათ გულში გამლანძღა და ინანა კიდეც, რომ მეხმარებოდა, მაგრამ არ შეიმჩნია და ისევ დინჯად განაგრძო ფურცლების შემოწმება.
ვიდექი და ველოდებოდი პასუხს, რომელიც შეცვლიდა ყველაფერს. ის იქნებოდა ხიდი ჩემსა და ჩემს შვილს შორის. ის იქნებოდა იმედი, რომელიც ყველაზე მეტად მჭირდებოდა.
ბოლოს და ბოლოს გავიგონე ის სანუკვარი სიტყვები, რომლებმაც თითქოს შვება მომცეს, მაგრამ უფრო დამთრგუნეს კიდეც.უფრო მეტად მეტკინა და გავაანალიზე,რომ ერთი ნაბიჯიღა მაკლდა ჩემს შვილთან მისაახლოებლად.
***
გარეთ გამოსვლის შემდეგ მივხვდი, რომ ძალიან მცხელოდა და გული გამალებით მიცემდა. შემოდგომის სუსხიანი ქარის შეგრძნება კი საკმაოდ მესიამოვნა და შეწითლებული ლოყებიც ჩამიცხრო. სეირნობის ხასიათზე დავდექი, მივდიოდი გაუცნობიერებლად, სადღაც, თითქოს მისკენ მივიწევდი. ახლა როცა მისი ადგილსამყოფელი ვიცოდი, აღარაფერი ედგა წინ მის ნახვას.
დაბნელდა. მე მაინც განვარგძობდი გზას წინ. უკან დაბრუნებას ჯერ არც ვლამობდი. უეცრად პარალელურ ქუჩაზე ბავშვთა მაღაზია დავინახე. ინსტინქტურად იქით წავედი და მაღაზიაში შევედი. ბევრი ძებნა არ დამიწყია, პირდაპირ სათამაშოების სექციაში გავედი, რადგან ჩემი ოცნება იყო შვილისთვის ფუმფულა სათამაშო მეჩუქებინა. ლამაზი, პატარა დათუნია ავიღე და სალაროში თანხა გადავიხადე. სათამაშო ჩანთაში ჩავდე და შინისაკენ მიმავალ გზას გავუყევი. მივდიოდი აუღელვებლად, ნელი ბანიჯით, ვცდილობდი მომავალ დღეზე არ მეფიქრა, გავყურებდი არემარეს და ყველაფერზე მეფიქრებოდა, მის გარდა.
სახლში მისულმა წყალი გადავივლე და ცოტა ხანს დავისვენე. ჩემი შვილი საკმაოდ შორს წაუყვანიათ ჩემგან. გზას სამი-ოთხი საათი მაინც დასჭირდებოდა, ამიტომ ყველაზე კომფორტული ტანსაცმელი გავიმზადე, იქვე ჩანთაში წყალი და ცოტა საჭმელი, უფრო მეტად შოკოლადები, ჩავილაგე, არც სათამაშო დამვიწყებია. ვიცოდი,რომ ჯერ ძალიან პატარა იყო, იმის გასაგებად, თუ ვინ ვიყავი მე და რა მინდოდა, მაგრამ მეგონა,რომ იგრძნობდა და მაინც ჩემთან მოისურვებდა ყოფნას.
დავწექი. აი, ახლა კი ვერ შევძელი აზრების კონტროლი და საშინელი ფიქრები ამეკვიატა. მეშინოდა მშობლებთან შეხვედრის, რომლებიც არ დათმობდნენ ბავშვს. მათ ხომ მე ჩემი ნებით დავუთმე შვილი. უნდა მივსულიყავი და მეთქვა დამიბრუნეთთქო, ნივთ ხომ არ არის. გაზარდეს, მოუარეს, შეიყვარეს. ვინ იცის, რამდენი ღამე თეთრად გაათენეს, მისი ჭირვეულობის გამო. ისინი,ხომ გაბედნიერდნენ, მე კი უნდა მივსულიყავი და გამომეცხადებინა, დაივიწყეთ ბავშვი, ის მე მიმყავს,ძალიან მომენატრა და ვნანობ ჩემს საქციელსთქო. ცოტა არ იყოს ბავშვური საქციელი გამოდიოდა ჩემი მხრიდან, მაგრამ რას ვიზამდი, უნდა გადამეგდა ეს ნაბიჯი, ჩემი შვილი იყო და სხვას ვერ დავუთმობდი.
კანკალმა ამიტანა, მთელი სხეული მიცახცახებდა, ვერ ვისვენებდი, ძილი არ მეკარებოდა, მხოლოდ ფიქრები მოდიოდა, რომლებიც ცოცხლად მჭამდნენ, გონებას მიწამლავდნენ და გულს ხანჯლით ანაწევრებდნენ. ვერც კი ვიგრძენი,როგორ ჩამომივარდა ცრემლი და უნებლიედ როგორ ამეტირა. ვტიროდი ხმამაღლა, მოთქმით და ვიცლებოდი ემოციისგან. ჩუმად ყოფნას და მალულად ქვითინს ეს სჯობდა, გული მოვიოხე, თითქოს დავმშვიდდი კიდეც და ჩამეძინა. სიზმარი ვნახე:
მინდორში ვიდექი. ვინაიდან გვირილები არ მიყვარს, საკმაოდ მაწუხებდა მინდვრიდან მომავალი სუნი, თუმცა დიდად ყურადღებას არ ვაქცევდი, რადგან იქვე ხესთან ჩემი შვილი თამაშობდა. კასი, ალბათ კასი ერქვა, ეს ხომ ჩემი ოცნების სახელია. ის ხის ირგვლივ დარბოდა და კისკისებდა. მე შუა მინდორში ვიჯექი და ვტკბებოდი მისი ყურებით. უეცრად ზემოთ ავიხედე და დავინახე, როგორ მოდიოდა ჩვენკენ შავი ღრუბელი. დავუძახე, კასი, წავედით, წვიმას დაიწყებსთქო, მაგრამ თითქოს ჩემი არ ესმისო, არც შემომხედა. კასი- დავუძახე მეორედ, ის კი ისევ თამაშობდა და დარბოდა. კასი- დაუძახა სხვამ. მანაც მიიხედა და გაეხარდა. დედაო შეჰკივლა და მისკენ გაიქცა, მეც მისკენ გავიხედე. თეთრ კაბაში ჩაცმული ქალი ჩემს შვილს ეძახდა და თან ხელს უქნევდა, კასიც ხელებგაშლილი წავიდა მისკენ და პაწაწინა ხელები კისერზე მოხვია, აკოცა და ხელჩაკიდებულები წავიდნენ. მე კი ვიდექი შუა მინდორში და ვგრძნობდი, როგორ მასველებდა წვიმა. სიფრიფანა კაბის ნაჭერი, მთლიანად შემომეკრა სხეულზე და დავინახე, რომ ჩემს კაბას სისხლის წვეთები გასდიოდია. შევკივლე და ამ დროს გამომეღვიძა. თვალები ისევ ცრემლიანი მქონდა. წასვლამდე ორი საათი კიდევ დამრჩენოდა, ამიტომ ვეცადე ძილი შემებრუნებინა, ვერ მოვახერხე. ავდექი, ჩავიცვი, ყავა დავლიე და სარკეში ყურება დავიწყე,ვუყურებდი ჩემს თავს, არც ისე მახინჯს, შეიძლება ითქვას ლამაზსაც კი, მაგრამ თვალები მქონდა მეტისმეტად დანაღვლიანებული. მიუხედავად იმისა,რომ ჩემი შვილი უნდა მენახა, მაინც მღრღნიდა შინაგანად რაღაც , რაც არ მაცდიდა ბოლომდე შემეგრძნო, ის განცდა, რასაც სიხარული ჰქვია. ან იქნებ ნაადრევი იყო ჩემი სიხარული და ბედნიერება




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent