წერილი უცნობ ადამიანს
შენ, სრულიად უცნობო ადამიანო, გწერ წერილს, რადგან ვიცი, ჩემი სიტყვები შენამდე არასდროს მოაღწევს. ეს წერილი უმისამართოა. დეკემბერია, გუშინ ხეს მოწყდა ობლად დარჩენილი უკანასკნელი ფოთოლი და უჩუმრად მიესვენა მიწას. დაზამთრდა, ჰაერი უფრო ცივი და მძიმე გახდა, ქუჩები ჩუმი და უტყვი, ცას ღია მელნისფერი დაკრავს. მგონია სადაცაა თოვას დაიწყებს მეთქი, მაგრამ როგორც ჩანს ცას არ ემეტება ქათქათა, ნაზი ფიფქები ჩვენთვის. ჯერ კიდევ რამდენიმე ხნის წინად ფანჯრის რაფაზე წამოსკუპებული, ფინჯანი ყავით ხელში გავყურებდი წვიმიან ქუჩებს. ახლაც ფანჯარასთან ვდგავარ, კვლავ ფინჯანი ყავით ხელში, გავყურებ უაზროდ ცარიელ ქუჩებს… ქუჩებს, რომელთაც აღარ ემჩნევათ ადამიანთა სევდის კვალი. ჩემს თავს ძალიან ხშირად ვუსვამ კითხვას, რა არის საჭირო ბედნიერებისთვის? შემდეგ ერთბაშად მახსენდება ყველაფერი რაც კი წამიკითხავს, აზრად მომსვლია ან გამიგია ბედნიერების ფენომენზე. ზოგისთვის ბედნიერება მატერიალურ კეთილდღეობასთან ასოცირდება, ზოგიერთისთვის კი სულიერ სიმშვიდესთან, ბედნიერებასთან, ამაღლებულ განწყობასთან, სხვების დახმარებასთან. ჩემთვის ბედნიერება იმ საქმის კეთებაა, რაც ყველაზე უკედ გამომდის. ბედნიერი ვარ, როცა ვხატავ, ვწერ, ვკითხულობ, ვიღიმი და ვახალისებ სხვებს, ვუვლი ჩემს საყვარელ ყვავილებს და კატას… ვეხმარები ადამიანებს, შეძლებისდაგვარად… როდესაც გავცემ უანგარო სიყვარულს. უბედნიერესი ვარ შემოდგომის დადგომის პირველივე წუთებიდან, თითქოს ჩემში სულ სხვა „მე“ იღვიძებს. ბედნიერი ვარ, რომ კიდევ ერთხელ, მოსაწვევის გარეშე ვესწრები ბუნების მეჯლისს, ვესალმები ოქროსფრად გამოწყობილ ბუნებას… არასდროს მომწინდება ასეთი თვალწარმტაცი პეიზაჟის ყურება. ბედნიერების არსის შეცნობის შემდეგ მებადება მეორე კითხვა, რა არის უბედურება? ვფიქრობ, რომ უბედურება არ არსებობს. ეს ადამიანების მიერ გამოგონილი „მითია“, რომლითაც ცდილობენ აღწერონ უარყოფითი ემოციები და განცდები. უბედური ვერ იქნები მანამ, სანამ შენ არ ჩააგონებ საკუთარ თავს. ადამიანებს უყვართ დრამა, ყველაფრის ტრაგედიად გადაქცევა, გაზვიადება. ყველაფერი საუკეთესოდ კარგი ვერ იქნება, მაგრამ ჩვენ თუ შევძლებთ ცუდშიც დავინახოთ კარგი მხარე მაშინ აღარ შეგვაწუხებს უარყოფითი განცდები. უცნობო მეგობარო და მესაიდუმლევ, წარსულში დატოვებულ ადამიანებს დაბრუნება სჩვევიათ ხოლმე. ჩემს თავს სულ ვუმეორებ, როდესაც მოვლენ ისინი პატიების სათხოვნელად ქედმაღლურად ნუ გადახედავ, ყველას მიუტევე შენი წილი, მაგრამ არასდროს დააბრუნო ისინი შენს ცხოვრებაში. ნუ დაუკარგავ წარსულს, აწმყოსა და მომავალს თავის ხიბლს. ადამიანების დაკარგვის არ უნდა გვეშინოდეს, რაც უფრო ვცდილობთ საყვარელ ადამიანებზე ჩაბღაუჭებას , მით უფრო დიდია შანსი მათი გაქრობის. როდესაც ხედავენ, რომ მათ გარეშე არ შეგვიძლია მათში ადამიანური ეგოიზმი და ცხოველური ინსტიქტები იღვიძებს და ცდილობენ ძალიან ღრმად გვატკინონ, ზოგჯერ იმდენად ღრმად, რომ მთელი ცხოვრება ვცდილობთ იარების მოშუშებას. ამიტომ ნუ მიეჯაჭვებით ადამიანებს, დაეყრდენით მხოლოდ საკუთარ თავს. და ბოლოს, უსიყვარულოდ არ უნდა გარდაიცვალო. ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა შეიგრძნო სიყვარულის ღვთაებრივი ძალა და მასში ბოლომდე დაიკარგო. მშვიდობით უცნობო ადამიანო, ჩვენ ისევ შევხვდებით ფურცლებზე, ფინჯან ყავასთან ერთად. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.