ჩვენ
ჩვენ ვწერთ,ვხატავთ,ვცეკვავთ,ვმღერით და იშვიათად ვსაუბრობთ. ემოციებს ხელოვნების უამრავი გზით გამოვხატავთ,რადგან არ გვინდა მარტო ვიყოთ და ვიფიქროთ, რომ გავგიჟდით.გვინდა ვინმემ წაიკითხოს ჩვენი ნაწერი და მასში თავისი თავი აღმოაჩინოს, გვინდა ვინმემ მოუსმინოს ჩვენს სიმღერას და იგრძნოს ჩვენი გამოძახილი,გვინდა ვინმემ ნახოს ჩვენი ნახატი და მიხვდეს როგორ იმღვრევა გრძნობები ჩვენში, ისევე როგორც ფერები ნახატზე, ვინმემ უყუროს ჩვენს ცეკვას და მოქნილ მიხვრა-მოხვრაში ამოიცნოს ჩვენი უცნობი მე. ჩვენ ვსაუბრობთ,მაგრამ რაც უფრო ბევრს ვამბობთ, მით უფრო ნაკლებს ნიშნავს ჩვენი სიტყვები,ამიტომ ვჩუმდებით და გვინდა ჩვენი უსიტყვოდ ესმოდეთ. ერთხელ სადღაც წავიკითხე,რომ თუ რაღაც განსაკუთრებულსა და ლამაზს აკეთებ, ამას კი ვერავინ ხედავს, არ უნდა მოიწყინო, რადგან ყოველ დილით მზის ამოსვლა ულამაზესი სასწაულია, თუმცა მას თითქმის ვერავინ ამჩნევს, რადგან ამ დროს ხალხს ძინავს. მივხვდი, რომ ხალხის რეაქციებს, თუნდაც მათ შეუმჩნევლობას ჩემში მზე არ უნდა ჩაექრო.მივხვდი, რომ ტკივილის არ უნდა შემშინებოდა, რადგან მის გარეშე ვერ გავიზრდებოდი. მე ავიღე ჩემი ტკივილი და ხელოვნებად ვაქციე. ჩვენ ყველა ვქმნით რაღაც ახალს, თითქოს მხოლოდ ჩვენთვის, მაგრამ გულის სიღრმეში გვინდა სამყარომ ნახოს ჩვენი სულების გამოძახილი. მათი მსხვრევადი ხელებით შექმნილი, მყარი საგნები. უხილავი სხეულების ხილული შედევრები. ჩვენ ვქმნით სიყვარულს, რომელიც თავისებურია ისევე როგორც მე,ისევე როგორც შენ. ის ყვავილია და თან წვიმაა. ის დღის სინათლეა და თან ღამის სევდაა.ის ხსნაა და ამავდროულად მიჯაჭვულობა, ის ნდობაა და ეჭვებით გავსებს, ის ერთგულებაა და გღალატობს, ის ამოუცნობია და თან ყველასთვის ახლო, ის სავსეა და თან ცარიელი, ჩვენ კი გვიკვირს, როგორ შეიძლება სიცარიელე ასე მტკივნეულად მძიმე იყოს და რადგან ამ ფაქტს ვერაფრით ვშველით თავს ვარწმუნებთ, რომ ზოგჯერ არაუშავს, თუ ერთადერთი რამ, რაც დღის მანძილზე გავაკეთეთ მხოლოდ სუნთქვა იყო. თავს ვიმშვიდებთ მომავლით,მაგრამ აწმყო თვალსა და ხელს შუა გვეკარგება. იფანტება ჩვენი სიყვარული, ჩვენი დრო, ჩვენი გრძნობები, ჩვენი ნაწერები,ჩვენი სიმღერები, ჩვენი ნახატები, ქრება ჩვენი- მე, რომელიც, მხიარულია მეგობრებისთვის, ნიჭიერი ოჯახის წევრებისთვის, უცნაური ახლობლებისთვის, ლამაზი თაყვანისმცემლებისთვის, ჭკვიანი მასწავლებლებისთვის, სევდიანი მკითხველისთვის, ჩუმი და ხმაურიანი, ემოციური და უემოციო,ზოგისთვის კარგი, ზოგისთვის ცუდი, მაგრამ ვინ ვარ მე ჩემი თავისთვის? მოცეკვავე?!რომელიც მოძრაობს ისე, თითქოს აბრეშუმი დასრიალებდეს მის სხეულზე და თან ნიავი ელამუნებოდეს სახეზე. მომღერალი?! რომელიც მღერის ისე, თითქოს მისი ბგერები სხივებია და ყველას ათბობს. მხატვარი?! რომელიც ხატავს ისე, თითქოს გაგიჟდა და ტილოზე უმოწყალოდ შესხმულ გუაშებს ერთმანეთში ურევს. თუ მწერალი?! რომელიც წერს ისე, თითქოს მისი ფიქრები ბილიკია, უღრანი ტყიდან გამომავალი, სინათლეა გვირაბის ბოლოს ან ნაკადულია ხიდის ქვეშ. მაგრამ არა. სწორი პასუხია:-ოკეანე! წყნარი, სილიან ნაპირზე ნაზად მოლივლივე, ხანაც კი მღელვარე, სანაპიროს შეუბრალებლად რომ ასკდება. მე სახლი ვარ, საღამოობით მზეს რომ იფარებს, თუმცა ვარ წყალი, რომელიც ყოველ ცეცხლად ქცეულს, ფერფლად აქცევს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.