შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

“ქალქვა”


13-03-2018, 23:48
ავტორი ნელიკო
ნანახია 1 257

სტუდენტობის წლები რომ ერთ-ერთი უბედნერესი ხანაა ადამიანის ცხოვრებაში, ალბათ ყველა დამეთანხმება. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სტუდენტობა იმ ავადსახსენებელ 90-იან წლებს დაემთხვა, მაინც ბევრი სასიამოვნო მოგონება დამიტოვა...
ძილბურანიდან ზარის გამყინავმა ხმამ გამომიყვანა. ნეტავ, ვინ ოხერია, რომ ამ უთენია თავზე დამადგა?! რეკოს რამდენიც უნდა! მძინავს და მორჩა! ან იქნებ არც ვარ სახლში. რაც უნდა ის იფიქროს. შაბათია ბოლოსდაბოლოს. არ გავაღებ!!! თან რა კარგ სიზმარს ვხედავდი! საერთოდ სიზმრებს იშვიათად ვნახულობ და იმასაც ვერ ვიმახსოვრებ, გაღვიძებისთანავე მავიწყდება. მართალია, ვერც ეს სიზმარი დავიმახსოვრე, მაგრამ კარგი რომ იყო წყალი არ გაუვა. ბუზღუნით ვიცვალე გვერდი და ძილის შებრუნება დავაპირე. ვინ დამაცადა! აბეზარი სტუმარი წასვლას არც ფიქრობს და უკვე მუშტებს აბრახუნებს. შეფიქრიანებული წამოვჯექი. თამარა იქნება, დავასკვენი.
თამარა ჩემი შინაბერა მეზობელია. მთელი უბნის ჭორები თუ გაინტერესებთ, მიაკითხეთ და ისიამოვნეთ. ვინ გათხოვდა, ვინ გამოთხოვდა, ვინ კრედიტი გამოიტანა, ვინ მურაბა მოხარშა, ყველაფერს ჩაგიკაკლავს. პირადად მე ერთი თვეა ლამისაა შემჭამოს: ხან ხახვი უნდა, ხან ნიორი. შემოცუხცუხდება, ჩამომიჯდება და მოჰყვება თავისი ბოთე დისშვილის ( რომელსაც ჩუმ-ჩუმად ,, გაულაწუნეს" ვეძახი, რადგანაც ზედმიწევნით გავს ერთ-ერთი ცნობილი ფილმის პერსონაჟს) ქება-დიდებას. ეეჰ!!! სადღა არიან წესიერი და პატიოსანი გოგონები თორემ ცოლს როგორ არ მოიყვანდა ეს ანგელოზივით (45 წლის)ბავშვი. ეს შენ არ გეხება, ჩემო ლამაზოო, მანუგეშებს, უკბილო პირით მრავალმნიშვნელოვნად გამიღიმებს და კარისკენ თავის კანტურით დაიძვრება. როგორც წესი, ხახვიც ავიწყდება და ნიორიც.
წელმოწყვეტილივით გავემართე კარის გასაღებად.თუ თამარაა, არ გავაღებ და ვისი აჯობებს, წივილ-კივილით მთელ კორპუსს აიკლებს, რამე ხომ არ დაემართაო. ხოდა, მეც ჩათრევას ჩაყოლა ვამჯობინე. სათვალთვალოში გავიხედე და ცოტა გულზე მომეშვა.კართან ჩემი მეგობრები, ქეთი და თეა იდგნენ...
-გაგაღვიძეთ, არა?- მოჩვენებითი სინანულით მეუბნებიან და ფხუკუნებენ. იციან, დილით ადგომა ჭირის დღესავით რომ მძულს. ანგელოზები დამიფრთხეს და კმაყოფილებას ვერ მალავენ.
-მერედა რა გიხარიათ?!- შევუღრინე და ისევ ლოგინში ვდურთე თავი.
-რა დროს ძილია!-ორივე ერთად დამაცხრა თავზე.-სწრაფად მოემზადე, ექსპედიციაში მივდივართ. აი, ის ეკლესია უნდა ვნახოთ შარშან რომ აღმოაჩინეს. ყველაფერი მოგვარებულია.
ექსპედიციაშიოოო, ჩიტივით წამოვფრინდი. ახლაღა შევნიშნე იქვე დაყრილი უშველებელი ზურგჩანთები. გოგონები ენას არ აჩერებენ, ერთმანეთს ლაპარაკს არ აცდიან. ქაქანებენ, როგორ მოახერხეს, რომ ჯგუფში მოვხვედრილიყავით. მაგრამ მე უკვე აღარც ვუსმენ და გამალებული ვიცვამ სქელძირიან ბათინკებს.
საქმე იმაშია, რომ ცოტა ხნის წინ, მთებში, ერთ მიუვალ ადგილზე სრულიად შემთხვევით ეკლესია აღმოაჩინეს, რომელიც სავარაუდოდ მეთორმეტე საუკუნეს განეკუთვნება. ვიცოდი, ეკლესიის შესასწავლად ექსპედიცია რომ იყო დაგეგმილი და ვოცნებობდი მონაწილეობა მეც მიმეღო, მაგრამ რას წარმოვიდგენდი თუ ოცნება ჩემი მეგობრების წყალობით ასე მოულოდნელად ამიხდებოდა.
ათ წუთში მზად ვიყავი.კისრისტეხით ჩავირბინეთ კიბეები და სულ მალე ექსპედიციის წევრებს შევუერთდით...
რა სილამაზეც მთაში ვიხილეთ, იმის აღწერა ჩემსავით უბრალო მოკვდავის კალამს არ ძალუძს. ამიტომ თავს არ შეგაწყენთ და არც შევეცდები. მე მხოლოდ ერთი უცნაური ქვის ამბავს მოგიყვებით, რომელსაც გზად მიმავალნი წავაწყდით. ირგვლივ ქვის კარიერი არსად ჩანდა და ტრიალ მინდორში ციდან ჩამოვარდნილი გეგონებოდა. ქვას არც მეტი, არც ნაკლები, ადამიანის ტორსის ფორმა ჰქონდა. თითქოს თავი და კიდურები ვიღაცას მოუჭრია და მხოლოდ ტანი დაუტოვებიაო. ტანზეც ბასრი საგნით მიყენებული უამრავი ნაჭდევი ეტყობოდა. ქვა მთლიანად დაფარული იყო ჩამწვარი თუ ნახევრად დამწვარი სანთლებითა და სანთლის ჩამონაღვენთით.
სოფელში დაბრუნებულმა მაშინვე იმ ქვის ამბავი ვიკითხე. მითხრეს, რომ ის ერთ-ერთ წმინდა სალოცავ ადგილად ითვლება, მაგრამ რატომ და რისთვის ამაზე ვერავინ მიპასუხა. ბოლოს ერთ-ერთმა ადგილობრივმა თავის უხუცეს პაპასთან მიგვიყვანა, შეიძლება რამე იცოდესო.
აი, რა გვიამბო მოხუცმა:
მაგას ,,ქალქვას" ეძახიან. უხსოვარ დროს, იმ მთის ძირში, სადაც ეს ქვა ნახეთ, სოფელი ყოფილა გაშენებული. სოფელში ობოლ ქალ-ვაჟს უცხოვრია. რომ წამოზრდილან, ერთმანეთი შეჰყვარებით და სამუდამო სიყვარულისა და ერთგულების ფიციც დაუდიათ. ქალს სილამაზეში, ხოლო ვაჟს ვაჟკაცობაში ბადალი არა ჰყოლია. მათი ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. ღამით სოფელს ურჯულოთა ჯარი შემოსევია და ერთიანად ამოუწყვეტია. ვაჟი მტრის წინააღმდეგ ლომივით იბრძოდა, მაგრამ მომხვდურთა სიმრავლეს თავისი გაუტანია და ხმლით გულგანგმირულს საცოლის თვალწინ დაულევია სული. ურჯულოთა ბელადი ქალის სილამაზით ისე მოხიბლულა, რომ მისი ტყედ წაყვანა და შემდეგ ცოლად შერთვა განუზრახავს, თან აურაცხელ სიმდიდრესა და ფუფუნებას დაჰპირებია. ამის პასუხად გამწარებულ ქალს იქვე დაგდებულ სატრფოს ხმლისთვის დაუვლია ხელი და ურჯულო ადგილზე გამოუსალმებია სიცოცხლისათვის. შემდეგ ფეხმარდი შველივით მოსწყვეტია ადგილს და გაქცეულა. საბრალო ქალს მდევარი მალევე წამოსწევია. მიხვდა რა, ვეღარსად გავიქცევიო, ნამუსის ახდის შიშით შებყრობილი მუხლებზე დამხობილა და დედა ღვთისმშობლისათვის დახმარება უთხოვია. იმწამსვე თვალსა და ხელს შუა გაქვავება დაუწყია. გამძვინვარებულ ურჯულოს მოუსწრია და ცოცხალმკვდარი ქალისთვის თავი და ხელ-ფეხი მოუჭრია. ხოლო უკვე გაქვავებული ტანისთვის ვეღარაფერი დაუკლია. ის ნაჭდევები რაც თქვენ შენიშნეთ, ურჯულოთა ხმლების ნაკვალევი იქნებაო უთუოდ.
ამბობენ, მას შემდეგ ითვლებაო ,,ქალქვა" გასათხოვარი ქალებისა და ახალშექმნილი ოჯახების მფარველად. იმასაც ამბობენ, წრფელი გულით წარმოთქმულ ლოცვასა და ვედრებას აუცილებლად აგისრულებსო. ხოლო თუ გაბედავ და ქვასთან ღამეს გაათევ, გამთენიისას ცხადად გაიგონებ ტირილისა და გოდების ხმას რომელიც ქვის შუაგულიდან ისმის.-დაასრულა მოხუცმა თხრობა და სხივჩამქრალი თვალები სადღაც შორეთს გაუსწორა.
ლეგენდა ლეგენდად მაგრამ ერთი რამ ფაქტია: საუკუნეებმა წალეკა ირგვლივ ყველაფერი.,,ქალქვა" კი დარჩა როგორც მარადიული სიყვარულისა და ერთგულების მფარველი სიმბოლო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent