შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენზე


17-03-2018, 21:17
ავტორი Vakhelsmn
ნანახია 1 405

ეს ჩანახატი მასზეა, ვინც მას არასოდეს წაიკითხავს. ასე თამამად იმიტომაც ვიქცევი. შენ ხომ ჩემი სიტყვები, ჩემი ნაწერები სისულელედ მიგაჩნია და ფიქრობ, რომ თუნდაც ისეთ რამეს ვეხებოდე, რაზეც მსოფლიო ტვინს იჭ....ტს, მაინც იდიოტურ რაღაცას ვამბობ. ჰო, ეს შენ ხარ და ისიც გაგაკვირვებს, რომ შენზე ვწერ, რადგან ფიქრობ, რომ ბიჭები, ბიჭებს ვრცელ ტექსტებს არ უძღვნიან. საქმეც ეგ არის. ყოველთვის იმას მიდუდუნებ, რომ განსხვავებული ვარ, რომ არ ვარ ისეთი, როგორიც შენ ან ნებისმიერი სხვა. ჰო, მე სხვანაირი ვარ, მაგრამ არც მთლად ისეთი, როგორსაც შენ ფიქრობ. ადამიანები ვერასოდეს ვხვდებით, რას ვტკენთ ერთმანეთს, არადა დიდ დროს ვუტოვებთ იმისათვის, რომ ვიფიქროთ, დასკვნები გამოვიტანოთ და ჩამოვყალიბდეთ. ფარდა ავხადოთ ჩვენს სურვილებსა და მისწრაფებებს. არ გესმის, რომ ასეთი რაღაცები მიუღწეველია და თითქმის არ ხდება. როდესაც იქამდე მიდის დრო, რომ შენ უკვე ამბობ, „საკუთარ თავში ჩამოყალიბდი“, მაგ დროს, მე უკვე ყველაფერი მოფიქრებული მაქვს, არ გიმხელ, მაგრამ ვფიქრობ, რომ დროა გითხრა, ჩვენ შეგვიძლია ისევ მეგობრები დავრჩეთ.

ეგოისტი ვარ, მაგრამ არც ისეთი, შემეძლოს ვინმეს წავართვა მეგობრები, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ, ანუ ყველას ადგილას მე დავრჩე. სამყარო, სადაც მხოლოდ მე ვარ ან მე და შენ, ისეთივე გულისამრევია, როგორიც ახლა. ანუ, წარმოდგენაც არ ღირს. ამაზე შეგიძლია არ იფიქრო.

მე ვარ ადამიანი, რომელიც ბანაობას მხოლოდ იმიტომ წყვეტს და იმიტომ გამორბის, რომ აფიქრდება, როგორ დაიწყებს ჩანახატს. ისე მარტივად კი არა, როგორც „იყო და არა იყო რა“. ეს ზღაპარია. მე რეალურ ცხოვრებაზე ვლაპარაკობ, მაგრამ იმისი სურვილი მტანჯავს, რომ ეს ყველაფერი სიზმარში ხდებოდეს.

არ ვარ მონსტრი, არ ვარ მანიაკი, რომელიც რაღაცებს ცდილობს. ერთადერთი რაც მინდა, ურთიერთობის დალაგება/შენარჩუნებაა, რაც მიუღწეველია ჩვენთვის, იმიტომ, რომ შენთვის ბევრი რაღაცაა განსხვავებულად. ბევრ რაღაცაზე გაქვს ცუდი და არასწორი შეხედულებები. შენ ამ პლანეტაზე ცხოვრობ, მე კიდევ ამ პლანეტაზე გამოკიდებულ ცისარტყელაზე ვიქნევ ფეხებს აქეთ-იქით. შორს ვართ. ხშირად ძალიან ახლოსაც კი. რამდენიმე სანტიმეტრი რომ გვაშორებს ერთმანეთის შეხებას, მაგრამ მაინც შორს ვართ, იმიტომ, რომ ერთმანეთს კარგად არ ვიცნობთ. გეხვეწები, გეუბნები, თუ ასეა, გავიცნოთ ერთმანეთი, მერე რა. შენ შენი მითხარი, მე ჩემსას გეტყვი და ყველაფერი დალაგდება-მეთქი, მაგრამ არაფერს ამბობ, ან იფარგლები მხოლოდ რამდენიმე სიტყვით. საფიქრალს მიტოვებ. თავს იმაზე ვიტანჯავ, რომ რაღაცას ვერ ვხვდები. ისეთ რაღაცას, რაც შეგიძლია ადგე და პირდაპირ მითხრა, მაგრამ ამას არაფრით აკეთებ. ალბათ მოგწონს, რომ მხედავ, როგორ მტანჯავს რაღაც და მაინც მე ვარ საბოლოოდ ადამიანი, რომელიც „რაღაცების მიღწევას უნდა ცდილობდეს“. არაფერია, ბევრისთვის გამიძლია და თუ ღმერთი ნებას მომცემს, კვლავ გავუძლებ. ნებისმიერ დროს შემეძლო დამეკარგა თავი, მაგრამ არ გამიკეთებია ეს, იმიტომ, რომ შიში მაქვს. შიში რომ არ მქონდეს, ამ წერილს კი არა, არაფერს დავწერდი. არ ვიქნებოდი ცოცხალი და იმიტომ.

მე ვდგავარ. შენ გელოდები. მკაცრად გაქვს გადაწყვეტილი რომ არ მოხვალ, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ სიამაყე ბოლოს დაგასუსტებს და კარს შემოხსნი. ვიყურები, თვალებს ვაცეცებ, დაბნეული ვტრიალდები უკან, რომ ჩუმად არ მომეპარო და არ შემაშინო. ბევრი რაღაცის ტყუილად მჯერა, მაგრამ ბედნიერი ვარ, იმიტომ, რომ საერთოდ რაღაცაზე მაქვს წარმოდგენები და რამდენადაც შენ ესენი ცუდი უნდა გეგონოს, ეს ჩემი შემადგენელი ნაწილია და შეუძლებელია მას ვღალატობდე. შენ შენს რაღაცას ვერ მიატოვებ, მე – ჩემსას, არადა იყო დრო, შენს გამო შემეძლო ყველაფერი დამეთმო. დამითმია კიდეც და საკუთარი თავმოყვარეობისთვის ხაზიც ბევრჯერ გადამისვია, მაგრამ არასოდეს დაგიფასებია ჩემი წინ გადადგმული ნაბიჯები. თავმოყვარეობა გაქვს, იმას როგორ გადააბიჯებ. სხვასაც რომ აქვს, ის მეორეხარისხოვანია შენთვის. ეს მხოლოდ შენი პრობლემა კი არ არის, ეს ყველას პრობლემაა. შეიძლება ჩემიც ზოგჯერ. ვინ იცის. საკუთარ თავში ბევრ რამეს ვერ ვპოულობ. იქნებ მეშინია კიდეც რამის პოვნის. წარმოდგენა არ მაქვს. ერთხელ გითხარი, ამ მომენტზე ზედგამოჭრილი იქნება, თუ ავდგები, ვენებს გადავიჭრი და თავს მოვიკლავ-თქო. არაფერი გითქვამს. უაზროდ დაიწყე ლაპარაკი სხვა რამეზე. მაშინ კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ არ გედარდებოდი, მაგრამ იმის მისახვედრად უფრო მეტად დიდი დრო დამჭირდა, რომ, საკუთარი თავის გარდა არავინ გადარდებს.

ცუდი ამინდებია. ეს დღეები გადაუღებლად წვიმს. არადა ისეთი სიცხე უნდა იყოს, თავს გარეთ გაყოფ თუ არა, თმებზე ცეცხლი გეკიდებოდეს, მაგრამ ყველას გვგონია რომ ხვალ მზე გამოანათებს და წვიმაც მალე გადაიღებს. მეც მჯერა, რომ რაღაცები მალე სასიკეთოდ შემოტრიალდება. თუ შენთან მიმართებაში არა. საერთოდ მაინც.

ავტორი: ვახო სალთხუციშვილი



№1  offline წევრი nqv

udzalianesaddd momwonss ❤❤❤ sauketesoxarr shenc da esec????????????????????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent