შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემოდგომის ნახანძრალი ტყე


18-03-2018, 18:19
ავტორი deadeako200
ნანახია 1 267

***
არ დავიწყებ წინასწარმეტყველებას იმაზე, თუ როგორ დასრულდება ყველაფერი. ადრე დავობლდი და ბებიამ გამზარდა. არასდროს მიგრძვნია სიცივე, ან სიღარიბე, მაგრამ მხოლოდ მოგონებებით ვსაზრდოობდი. ყოველთვის მქონდა მიზანი, რომ ჩემი მდგომარეობა უკეთესობისკენ შემეცვალა. სახელმწიფო სასწავლებელში ვსწავლობდი, თუმცა ჩემი შემოსავალი მჭირდებოდა, საწყალი ბებიაც მისი პენსიით მარჩენდა და მას მეტად კისერზე ვეღარ დავაწვებოდი. ერთხელ სასწავლებელში რომ მივდიოდი, ტრამვაის გაჩერებაზე უცნაურ განცხადებას მოვკარი თვალი. მისამართი ჩავინიშნე, დავრეკე და გასაუბრებაზე რომ მივედი, დავინახე ჟანდინის უზარმაზარი და თვალწარმტაცი გალერეა, სადაც ერთი ფრანგული გარეგნობის ქალბატონი შემომეგება. მომესალმა და ღიმილით მითხრა: -მოხვედი? - მივესალმე და ხედით ტკბობა განვაგრძე, მან კი მოწიწებით მითხრა, რომ კვირაში ერთხელ მოლბერტები უნდა გამეწმინდა. არანაირი სამსახური არ მეთაკილებოდა, ამიტომ სიამოვნებით დავთანხმდი. იქ მქონდა საშუალება საათობით მეყურებინა გამოჩენილი მხატვრების ნახატებისთვის, შემეგრძნო ხელოვნების თითოეული სიღრმე და უფრო მძაფრად დამენახა საკუთარი ყოფა.
წამოსვლისას მოგონებების უფსკრულში ამოვყავი თავი, გამახსენდა ადრე დედასთან ერთად რომ ვხატავდი ხოლმე, მაგრამ რაც წავიდა, ამის სურვილიც გამიქრა. ალბათ გაუხარდებოდა ხელოვანი შვილი რომ ჰყოლოდა, მე კი მის სურვილს მუდამ პატივს ვცემდი, ამიტომ სახლში მისვლისთანავე სკივრიდან ამოვალაგე ძველი ნივთები, რომელთა შორისაც საღებავებიც აღმოჩნდა.
ორშაბათს ჟედენის ჩიხში სახატავი ტილო ვიყიდე, ჟანდინში გავიქეცი და მტვრის წმენდას რომ მოვრჩი, ხატვა დავიწყე. ხელები ამიკანკალდა, ყველა მოგონება, თითოეული შტრიხი და მხოლოდ შვიდი ფერი დედას მახსენებდა. დავიწყე ხატვა და შევქმენი ჩემი პირველი პეიზაჟი. შორს გავიწიე, შევხედე და მივხვდი,რომ შვიდი წლის ბავშვის ნამუშევარს ჰგავდა. თუმცა ფარხმლის დაყრას არ ვგეგმავდი და მინდოდა მემუშავა მანამ, სანამ ნამდვილ შედევრს არ შევქმნიდი. სწორედ ამ დღიდან დავიწყე სამხატვრო ცხოვრება. ვუღებდი ფოტოებს ჯედოსს,როგორც ტყით მდიდარ შტატს, შემდეგ კი ვიხატავდი. ჩემი მცდელობა ხშირად კრახითაც სრულდებოდა, მაგრამ ეს უფრო მაძლიერებდა და მიღვიძებდა სურვილს, რომ ოდესმე ჟანდინის გალერეაში ჩემი ნამუშევრებიც მენახა, რადგან მჯეროდა, რომ ეს სულაც არ იყო შეუძლებელი.
***
საკამოდ დიდი ძალისხმევისა და შრომის შემდეგ, შვიდ წელში, შევძელი ნანატრი გამოფენის გაკეთებაც. მალე ჩემი რამდენიმე ნამუშევარი, თვითნასწავლი მხატვრის, შედევრად აღიარეს. მცირედი პოპულარობაც მოვიპოვე, მომწონდა საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა, გარეუბნის ერთ-ერთ ბილბორდს ჩემი ნახატიც ამშვენებდა, თუმცა ახლა მხოლოდ ხელოვნებისთვის თავგანწირული გოგონა ვიყავი, რომელიც საკუთარ თავს დასვენების უფლებასაც არ აძლევდა, მაგრამ თავს იმით ინუგეშებდა, რომ ეს იყო ის საქმე, რომელსაც მთელს სიცოცხლეს მიუძღვნიდა.
...“დილას აივნიდან შემოჭრილმა გრილმა სიომ გამაღვიძა, ფანჯარასთან მივირბინე და მაშინვე დავინახე ყვითლით შემოსილი ერთადერთი ფოთოლი, რომელიც მაცდურად იწონებდა თავს. დღეს ნანატრი არდადეგები მეწყებოდა, ბედნიერებისგან ფრთები რომ მქონოდა, ალბათ ვიფრენდი. ჯერ კიდევ 2 კვირის წინ ჩალაგებული ჩანთა გამოვაგორე კარადიდან, ყველა საჭირო ნივთი მოვიძიე და წასასვლელად მოვემზადე. კი მწყდებოდა გული, რომ ორი კვირით სახლს ვტოვებდი, მაგრამ იმდენად მინდოდა ოტოჰემის პროვინციის ნახვა, ამაზე დიდად აღარც მიდარდია. ადრე მხოლოდ ფილმებიდან, ან ინტერნეტიდან მიმიწვდებოდა ხელი ამ ღირსშესანიშნავ ადგილზე, ახლა კი ჩემი დანაზოგით შევძლებდი ოცნების ახდენას. არა, ნამდვილად არ მჯეროდა...
ნანატრ არდადეგებზე ფიქრმა ისე გამიტაცა, რომ საერთოდ ვერ შევამჩნიე სადგურში მისვლა. ტაქსიდან ჩამოვედი, ჩემი ბარგი გადავაგორე, რომელსაც ძლივს ვერეოდი და სადგურისკენ გავეშურე. მგონი ადრე მივედი, ღია ცის ქვეშ ვიდექი და მოუთმენლობისგან ვერ ვისვენებდი. ბილეთები მოვიძიე და შესაბამისი ვაგონის ძებნა დავიწყე, ასეთ რაღაცებში კი ვერ ვერკვეოდი, ლიანდაგს რომ გავხედე უღიმღამო ელფერი ედო, დაჟანგული მატარებლებიც დაგრუზულიყვნენ. ბოლოს კითხვა კითხვით მივაგენი, როგორც იქნა დავჯექი და ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ რაღაც არაამქვეყნიური საქმე გავაკეთე, მძიმე ჩანთის ტარებისგან მისავათებულმა სული მოვითქვი და ფანჯრიდან გავიხედე. მატარებელი რომ დაიძრა, ბებოს ნაქონი, კოდაკის აპარატი მოვიმარჯვე, არ მინდოდა რომელიმე ხედი გამომრჩენოდა. ერთი მეორეზე უკეთესი სანახაობა იყო, ყველას დახატვა მინდებოდა. ადრე ვაგროვებდი ხოლმე ჩემს გადაღებულ ფოტოებს. წარმოვიდგინე, როგორ ვივლიდი თოვლში ჩაფუთნილი, როგორ გავყურებდი ჩემი ამორჩეული სახლიდან თოვლის მსხვილი ფიფქების ცეკვას, როგორ მოვიდუღებდი ცხელ ყავას და ჩემი მუზის ტილოზე გადატანას დავიწყებდი. ვრწმუნდებოდი, რომ ჯედოსი მართლაც ულამაზესი შტატი იყო, მაგრამ ყოველდღიური რუტინა და ერთფეროვნება მაიძულებდა 2 კვირით მაინც დამესვენა მისგან შორს.
ჩამეძინა და საკმაოდ უცნაური სიზმარიც ვნახე. მივრბოდი და ვერ ვერკვეოდი, სად ვიყავი. გარშემო უდაბური ტყეც შავით შემოსილიყო, ეს კი უფრო მეტად მირევდა ორიენტაციას. ერთ-ერთი ბუჩქიდან კატა გადმოხტა, მე კი შიშისგან დავეცი და ფეხი გადამიბრუნდა. უწყინარმა სევდიანი თვალებით შემომხედა და ვიგრძენი, რომ დანაშაულის გამოსყიდვა უნდოდა. ენა გამისვა კოჭზე და თავისი პატარა თათი დამადო. მგონი სერიოზული არაფერი მჭირდა, მაგრამ თავს ვიკავებდი ადგომისგან, ვიფიქრე მოვეფერებოდი, მაგრამ ხელი რომ დავადე, გაიქცა. ქარმა დაუბერა, ნელნელა უფრო და უფრო ძლიერდებოდა. მციოდა და სიბნელეში მეტად მიმძაფრდებოდა შიშის შეგრძნება. ხელი მიწაზე დავდე, იქნებ წამოდგომაც მეცადა და ხელთ პატარა ფოთოლი შემრჩა. უეცრად ელვისგან ცამ გაანათა და თვალწინ წარმომიდგა შემოდგომის ნახანძრალი ტყე და იმედის ერთადერთი ნაპერწკალი - ყვითელი ფოთოლი, რომელიც არსებობის უკიდურეს წამებს ებღაუჭებოდა“...
უეცარმა ხმაურმა გამომაფხიზლა. ბებია შემოსულიყო ოთახში და თითქმის ბოლო ხმაზე უსმენდა საინფორმაციო გამოშვებას.
-ეთერშია ბიჯი ნიუსი, საგანგებო ვითარებაში გატყობინებთ, რომ ჯედოსში ხანძარია, ჩვენ შტატს სიმდიდრე მალე აღარ ექნება. დაახლოებითი მონაცემებით დამწვარია 13 ჰექტარი და ქარის გამო ძნელდება სამაშველო სამუშაოები. მომხდარმა შეძრა მთავრობაც, გამომწვევი მიზეზიც ჯერჯერობით უცნობია.
არ ვიცი ეს დიდი წინასწარმეტყველება იყო, თუ მძაფრი ემოცია მომავლის შეგრძნებისა, ან იქნებ მოსალოდნელი შედეგი ცხელი ზაფხულისა, მაგრამ გაოცებული ვუყურებდი ტელევიზორს და ვაანალიზებდი, რომ ნათქვამი მე სიზმრად ვნახე. სიზმარი ცხადად სიზმარში? არ ვიცი, სიტყვით ვერ აღვწერ ჩემს სულიერ მდგომარეობას, მაგრამ უეცრად ავფორიაქდი, ოქროსფერ პლედში გავეხვიე და გავიფიქრე იქნებ სწორედ ესაა ჩემი ახალი გამოწვევა?! პლედი გადავიხადე, ქურთუკი ავიღე, ფეხსაცმელიც ჩავიცვი და რატომღაც ჟანდინის გალერეაში წავედი. გზაში მეცა შელახული ტროტუარების, დამწვრისა და უიმედობის სურნელი, რაღაც წარმოუდგენლად სევდიანი და ამაღელვებელი. ირგვლივ არავინ იყო კატის გარდა, რომელიც წააგავდა ზეთის, აკვარელისა და დამდნარი ცვილის საღებავის სინთეზს, რომელიც ამ მიმზიდველ არსებასთან ერთად იშვიათ მოზაიკას ქმნიდა. თავმომწონედ შემომცქეროდა და თითქოს მეუბნებოდა, რომ სულაც არ იყო მხოლოდ სიზმრის ნაწილი. შიშველი ტოტები კი, მარტოსულად მობუზულიყვნენ და თითქოს შველას ითხოვდნენ. ახლა უფრო მეტად მქონდა გაცხოველებული სურვილი ამეღო ფუნჯი, მოლბერტი და პალიტრა, რათა დამეხატა პეიზაჟი სათაურით - „შემოდგომა ნახანძრალ ტყეში...“ ეს გრძნობა კი, უკანასკნელ ამოსუნთქვას ჰგავდა და ჯედოსიც მალე ფერფლად იქცეოდა..
დეა ცომაია (24.10.2017)




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent