შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფოთლებსაც ისე სტკივათ როგორც მე?


18-03-2018, 20:36
ავტორი Vakhelsmn
ნანახია 1 116

არადა როგორი ლამაზი იყო. ხასხასა მწვანე, სიცოცხლით სავსე, მისთვის თვალის შევლება ბედნიერებას მოგანიჭებდა. იმედი ჩაგესახებოდა და ხვალინდელ დღეზე იფიქრებდი, რომელსაც კვლავ მომდევნო დღე მოსდევს. მაგრამ ეს მაშინ იყო. ახლა კი, შემოდგომას მწვანე გაუყვითლებია. სტაფილოსფრად უქცევია და დაუნახშირებია. ხის ტოტები მარტო დაუტოვებია. გაუტიტვლებია. სცივათ. ცივი ქარი მათ შიშველ ტოტებს არხევს. მთელს სხეულში ფესვებამდე სძრავთ სიცივე. რამდენს გაუძლებენ? რამდენს… დღეებს, თვეებს თუ წლებს? იქნებ საუკუნოდ გაგრძელდეს ასე. მაგრამ სამუდამო ხომ არაფერია. სიცოცხლეც არაა სამუდამო.
ფიქრების კორიანტელი უტრიალებს თავში. როგორც ყოველთვის, ახლაც სიძველისგან შეჭმულ ხის დარაბებიან ფანჯარასთან ზის რბილ, ადგილ-ადგილ ამოჭმულ სავარძელზე. გარეთ იყურება და ელოდება. იმას ელოდება, ვინც ზუსტად იცის რომ აღარ მოვა. მაგრამ იმედს ვერ კარგავს მასთან შეხვედრის. თეთრი, გაჭაღარავებული თმები ფანჯრიდან შემოსულ სუსტ ნიავზე უხტის. ისინიც დაუძლურებულან. ძალა აღარ შესწევთ უწინდებურად შესციცინონ ცივ ნიავს. ჩამტვრეულ მინაში, საკუთარ ანარეკლს უყურებს. ცისფერი, კამკამა ზღვისფერი. წყლისფერი თვალები. რომელსაც სიწითლე შეპარვიათ გარშემო. სახეზე ნაოჭები გასჩენია. იმდენია დათვლით რომ დაიღლები. ერთ დროს რა ლამაზი იყო. დროს როგორ შეუცვლია მისი სიკოხტავე. რამდენი ხანია სიზმარშიც და მაშინაც, როდესაც ღვიძავს, მხოლოდ მის ახალგაზდრობას უყურებს გონების თვალით. მაშინვე სიმწრის ცრემლები აწვება ხოლმე თვალებს. სიმწრის არა. მონატრების. იმ დღეების მონატრების, რომლის დაბრუნებასაც ყოველი დღის დასაწყისსა და დასასრულს ნატრობს. რაფაზე დადებულ ძველ, გახუნებულყდიან ალბომს იღებს. ხელის ნელი, კანკალით მოძრაობით მას იღებს. პირველი გვერდიდან იწყებს თვალიერებას. ყოველი გვერდის გადაშლისას იცის ამ გვერდზე რა ფოტოს უნდა წააწყდეს.
აქ 4 წლისაა.
აქ პირველად მივიდა სკოლაში.
ამ დროს დაამთავრა სწავლა.
ეს მისი პირველი სამუშაოს ფოტოა.
ეს კი მისი პირველი სიყვარულის და მათი ქორწილის.
შვილების, შვილიშვილების. შვილთაშვილებისაც კი.
რომელთა არცერთ მათგანს აღარ ახსოვს. დაივიწყეს. ჯერ ხომ არც წასულა აქედან, მაგრამ უკვე დაივიწყეს. ალბათ თვლიან კიდეც, რადგან არაფრის მოცემა აღარ შეუძლია, მოკვდა.
ტირის. ყოველი ცრემლის წამოსვლისას თვალი ეწვება. მისი ცრემლები ნაოჭებში იძირება და მათ ავსებს. შემდეგ ავსებული ავზივით იღვრება და ახალ ნაკვალევებს ამჩნევს გზას იკვლევენ და გაცრეცილ ალბომის ფურცლებზე ეცემიან. დიდ ლაქას ტოვებენ. ისეთ დიდ და შავ ლაქას, როგორიც მისი სიცოცხლე. ერთი დიდი შავი ლაქა, რომელსაც ვერანაირად ვერ გაათეთრებ. ძველ ფერებსაც ვერ დაუბრუნებ. ვერც შეაფერადებ.
ელის როდის გამოჩნდება. გაღვიძებისასაც მის მხარეს უყურებს. არ წევს. უკვე თორმეტი წელია ალიონის მარტო შეხვედრას ეგუება. ვერც შეგუებია ჯერ. მის გარეშე სუნთქავს. მის გარეშე არსებობს. მაგრამ თითქოს არც.
ის ხომ ახლა იმისთვის ცოცხლობს რომ მას შეხვდეს. არადა ხომ იცის რომ სანამ ცოცხალია ამას ვერ ეღირსება. რისი გაკეთება შეუძლია? არც არაფრის. რა, თავს ხომ არ მოიკლავს. აქამდე უცხოვრია. უცოდველად, სიკეთით და ერთიანად მოსპოს მთელი განვლილი ცხოვრების მანძილზე დაგროვებული ღირსებები? ერთი ხელის მოსმით მოხსნას ბაწარი ტომარას და ერთიანად ამოუშვას ზემოთ? ამას ვერ გააკეთებს. უბრალოდ არ შეუძლია. ეს მისი მეწყვილის არჩევანიც ხომ არ იყოს. მისი დრო დადგა და წავიდა. მალე დადგება ალბათ მისი დროც. ესეც იცის. ყველაფერს ხვდება. უკვე ადვილად. ბევრჯერ მოატყუეს, გააცურეს, უღალატეს, გული ატკინეს და ისწავლა ბოლობოლო. ისწავლა, რომ ახლა უკვე მისი ჯერია. მალე ნახავენ ალბათ ერთმანეთს. მანამდე კი გავა ბევრი შემოდგომაც ალბათ. მანამდე მრავალჯერ დასცვივდებათ ხეს ფოთლები. მისი ცხოვრებაც ამ ფოთლებივით, ამ ბუნებასავით გაფერმკრთალდება. გახუნდებდა და დანაკუწდება, როგორც ეს ფოთლები, რომლებსაც ზედ უვლიან.
ნეტავ არ სტკივათ? მიწაზე დაცემულ ფოთლებს, ზედ რომ უვლიან ადამიანები. რას განიცდიან მაგ დროს? შეუძლებელია მათაც არ სტკიოდეთ. ისინიც არ განიცდიდნენ ყოველ ზედ გადავლას. ჩვენ რომ “ზედ გვივლიან” ხომ გვტკენს…
შემდეგ იყო ახალი შემოდგომა.
გამოღვიძებული ფოთლების სიკვდილი.
მისი სიკვდილიც.
ფანჯარაზე დაყრდნობილს, თითქოს ჩაეძინაო. ლამაზი სანახავი იყო. ფერიას გავდა. იცინოდა, უხაროდა. ვითომ ნახეს ერთმანეთი? ვინ იცის.
მხოლოდ მან და ღმერთმა.
ღმერთმა იცის.
თმებს ისევ ნაზი სიო არხევდა. თითქოს ბოლოჯერ ებრძოლებოდნენ ერთმანეთს. სურათების წიგნიც იქვე იყო.
ეს მისი ქმრის გარდაცვალება იყო. რა თქმა უნდა, ფოტოზე არ აღბეჭდეს.
ერთ დღეს ჩააბარეს უფალს სული.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent