შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემოდგომის სუნთქვით დაავადებული


5-06-2018, 00:34
ავტორი blue chamomile
ნანახია 1 229

შემოდგომის სუნთქვით გაყვითლებულ საღამოს, ქუჩას მივუყვებოდი. მზე ზანტად უთმობდა მთვარეს ადგილს. სხივებს ნაზად კრეფდა ციდან და უბეში იწყობდა. ბადრი მთვარემ მოწიწებით ჩაანაცვლა მზე და თეთრმა შუქმა ჰაეროვნად აკოცა დედამიწას. მზისგან არეკლილი სინათლე სივრცეს ერწყმოდა და თავჩაქინდრულ, მბჟუტავ ლამპიონებს ეხმარებოდა სიბნელის გაფანტვაში. პატარა სკვერში სადაც მთელი დღის მანძილზე  ბავშვების ჟრიამული ისმოდა ახლა მხოლოდ ღამესთან შეყვარებულ მოხუცს თუ ნახავდით. როგორ აგიღწეროთ მისი თვალები, სევდით მოელვარე. მისი დანაოჭებული კანი  დიდი ხნის მიტოვებულ შენობას მაგონებდა, სიძველის ბზარები, რომ გასჩენია აქა იქ მაგრამ დანგრევის მაგიერ საძირკველს ებღაუჭება. ვხედავდი ცარიელ სკვერს და თავჩაქინდრულ 2 ლამპიონს, რომელიც სკამს, რომელზეც სიცოცხლეს ჩაბღაუჭებული მოხუცი იჯდა თავზე დანათოდა. თითქოს იზიარებდნენ მის ნაღველს და სანუგეშოდ ნათელს ჰფენდნენ. ხელში ხის ჯოხი ეჭირა, სიძველისაგან შეჭმული. წელში მოხრილს, მხოლოდ მისი იმედიღა დარჩენოდა. მივუახლოვდი...
მთვარემ მის ნაოჭებს დახედა. მეც უკეთ შევძელი მისი ნაკვთების გარჩევა. მამაკაცური, მკაცრი ნაკვთები დროს გამოეღრღნა და მათ ღარებში ნაღველი ჩაეწვეთებინა. მის დაბერებულ ხელებს დავხედე, შავად დაკაწრულს. ვფიქრობ, ხელები განსაზღვრავენ ადამიანის წარსულს. ისინი მეტყველებენ მის სულზე. წარსულისგან დარჩენილი შავი ნაკაწრები თანდათან იტოტებოდა მის ხელებზე და კანს უსერავდა.
ალბათ ჩემი დაჟინებული მზერა იგრძნო. თოვლივით ქათქათა თმა შუბლიდან გადაიყარა და შემომხედა...
თვალებიდან წვეთ-წვეთად ეღვრებოდა ნაღველისა და სითბოს ნაზავი. მათში კი მხოლოდ ტკივილი იკითხებოდა.იმ წამს არ მინდოდა გამეგო მისი დარდი. არ მინდოდა რაიმე ეთქვა ჩემთვის რადგან შეიძლებოდა თვალებით ნათქვამი გრძნობები ბგერებს დაეღუპათ.
  ჩახუტება მომინდა. მინდოდა ისე ჩამეკრა გულში,რომ მისი სახიდან შავი ღრუბელი გადამეყარა. მაგრამ თვალები მომაშორა, ცას ახედა და ლოყაზე ნაღვლის ღარებში მლაშე სითხემ კალაპოტი გაიკეთა, რომელიც შეუჩერებლად მიედინებოდა. თითქოს ჩემი არსებობა დავიწყებოდა. თვალებიდან ტკივილით გაჟღენთილი გრძნობები სათითაოდ სცვიოდა.
გაქვავებული შევცქეროდი მის სხეულს და სულში ჩაძვრომას ვცდილობდი.
წამოდგა. ახლა მიწას ეხუტებოდნენ მისი ცრემლები. ამოიოხრა... სუსხიან გარემოს მისი ნაღველი ორთქლის სახით მიეფინა. ზურგი შემაქცია და ნელი ნაბიჯით გაუყვა ქუჩას. გაშეშებული ვიდექი, აბობოქრებული გრძნობების დაშოშმინებას ვცდილობდი. ხორციელად მშორდებოდა მაგრამ მისი დატოვებული სევდა სულს მიბოჭავდა და მიმღვრევდა.
ნელ-ნელა უჩინარდებოდა. მიდიოდა...ისე მიდიოდა თითქოს ზურგით მთელი სამყაროს დარდს მიათრევდა. მხოლოდ მისი მძიმე ნაბიჯების ხმა არღვევდა სიჩუმეს. მე? მე მისმა ნაღველმა გამყინა და ადგილს მიმაჯაჭვა.  თვალს არ ვაშორებდი მის ზურგს. მინდოდა მობრუნებულიყო და კიდევ ერთხელ დამენახა დარდით პირთამდე სავსე მისი თვალები. ხელები მითრთოდა.
დახატვა მომინდა. იმ წამს ყველაზე მეტად მინდოდა, რომ ფურცელზეც ისე სამუდამოდ აღმებეჭდა მისი  თვალები,როგორც ჩემს გონებაში. სუსხი ლოყაზე დაუკითხავად ჩამოგორებული ცრემლის გაყინვას ცდილობდა. გრძნობები ჟონავდა აკანკალებული სხეულიდან.
შავი სილუეტი წყვდიადმა შთანთქა.
მისი თვალები კი სამუდამოდ აღიბეჭდა ჩემს გონებაში.
წლების შემდეგაც არ გაცრეცილა მოგონება, რომელმაც ფრთა მწარედ გამკრა და მარადიული ნაიარევი დამიტოვა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent