შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბავშვობა


27-08-2018, 22:09
ავტორი natai
ნანახია 1 274

თურმე, როცა დედას სამსახურიდან მოსვლა დააგვიანდებოდა, ფანჯარას არ ვცილდებოდი, თვალის დაუხამხამებლად გავცქეროდი თითოეულ მომავალ ავტობუს, არცერთი წამი რომ არ გამომპარვოდა. თურმე, ყოველ დაგვიანებულ წუთზე მაღალი სიცხე მქონდა. უცნაური ვიყავი...
კიდევ სურათის გადაღების მეშინოდა, „გადაბჟირდებოდიო“ დედა იხსენებს ხოლმე. ერთი სურათია, მიყვარს ძალიან. ვტირი რათქმაუნდა, ყველა კბილი მიჩანს, შუაში ვდგავარ ბიჭებთან ერთად, ჩემს ტირილზე ჩემი ტყუპი ტირის, ჩვენ ორივეს ტირილზე-მამიდაშვილი. აბა გოგოს მარტოს ხომ არ მატირებდნენ...
კიდევ ერთია, დედას ჩანთას რომ გავხსნიდი, ყოველთვის წიგნი ედო ბიბლიოთეკიდან გამოტანილი. ერთხელ ვკითხე, მიკვირდა, ბაბუს ხომ მართლაც ბევრი წიგნი ჰქონდა, პასუხმა საოცარი ინტერესი აღმიძრა, მინდოდა მენახა ის ახალგაზრდა, ბაბუს ბევრი წიგნი რომ წაუკითხავს და ახლა დედას მოჰქონდა მისთვის წიგნები, თითქმის ყოველ კვირას მოდიოდა ახალი წიგნისთვის და მე აღტაცებული ვიყავი. დღესაც ასეა.მისი რჩევაა არ გავჩერდე... შევეცდები...
ეს პატარა ფრაგმენტები, რომელიც მეხსიერებას შერჩენია, უბრალო, შეიძლება უმნიშვნელოც კი, ახლა ასე რომ მაბედნიერებს და ბავშვურ ღიმილს მგვრის...
პირგამოზაფხულს ვერაფრით ვერ გამოვტოვებდით ფურუსულებისა და ყოჩივარდების ყვავილობას. როგორ ვთქვა, რაღაც ჩვენი დღესასწაულივით გვქონდა..
მალულად რომ გავიპარეთ ყავილების დასაკრეფად სამივე და ძმა და უფროსი მეგობარი ია, მამისგან მოპარული ,,წყლის ვალინკებით“. (მდინარის მეორე ნაპირზე გადასასვლელად) როგორი აღტაცებულები ვიყავით?! უკან დაბრუნებისას მდინარის კალაპოტი ადიდებული რომ დაგვხვდა. წყლისგან გატაცებულ რეზინის ჩექმებზე იას შეძახილი: -მამა მომკლავს! ოთხივეს მოქმედება - დაუფიქრებლად გადავეშვით ადიდებულ მდინარეში. (გამოგვადგა ცურვის გაკვეთილები ლალი ექიმისგან) მალულად რომ ვშრებოდით ბუხართან მონაცვლებით და დიდი იმედით ვერავინ მიგვიხვდებოდა, ჩვენ ხომ ყველაზე მთვარი ,,წყლის ვალინკები’’ უვნებლად დავაბრუნეთ, მდინარე კი გავამრავალფეროვნეთ ფერადი ყვავილებით.....
ზაფხულში, როდესაც არდადეგები დაიწყებოდა, პირველივე დღეს დილაუთენია ავდგებოდი, პირსახოცს გადავიგდებდი მხრებზე, ჩუმად გავიპარებოდი ეზოდან და გავეშურებოდი მდინარისკენ. მანამ სანამ მდინარეში ჩავიდოდი, ჯერ დავრბოდი, ვენახებსა და ყანებს წრეს ვურტყავდი. მოულოდნელობისგან რამდენჯერ ვენახში მომუშავე მეზობელი შემიშინებია. მერე მდინარის პირას ქვაზე ჩამოვჯდებოდი, ცოტას შევისვენებდი. იქვე პატარა წყარო იყო, მიწიდან წყალი თავისით რომ ამოდიოდა ისეთი, ასეთი ცივი წყალი არსად მენახა. ბაბუ ყოველთვის ასუფთავებდა და წმენდდა წყაროს. ღმერთო, როგორ მიყვარდა ამ წყაროდან წყლის დალევა! მწყურვალიც რომ არ ვყოფილიყავი მაინც უზომოდ ბევრი უნდა დამელია. დღესაც მაქვს ეს ბავშვური ჩვევა, პირველად წყარო უნდა მოვინახულო. აღარაა ისეთი მოვლილი როგორც ადრე, ფოთლებით სავსე, დასილული და მივიწყებულია, თუმცა დიდ სიამოვნებას მგვრის მისი გაწმენდა და შემდეგ ისევ ამ გემოს შეგრძნება.
წყლით რომ გავიბერებოდი, მერე ყინულივით ცივ მდინარეში გავცურავდი. თავიდან ამას ბაბუს ხათრით ვაკეთებდი, შემდეგ უკვე თვითონვე დიდ სიამოვნებას ვღებულობდი ამ ყველაფრისგან.
დროის ამ მონაკვეთში არაფერი ჯობდა მდინარის ცქერას. კრიალა, სხვადასხვა ფერის კენჭებითა და თევზებით სავსე, ხანდახან წყლის ზედაპირზე რომ ამოხტებოდნენ ხოლმე, მშვიდი, ალაგ-ალაგ ქვებში მოჩუხჩუხე. ბაყაყებიც კი რომ მიყუჩებულან... ამ დროს საათობით შეგეძლო მის ნაპირს ყოფნა, დაგესვენა და ფიქრებს მიძალებოდი...
ცურვა ლალი ექიმმა მასწავლა (შემაყვარა), ყველა პატარის დიდი მეგობარი. სოფელში ყველა იქ სტუმრად მყოფი თუ მაცხოვრებელი ბავშვისთვის რომ გეკითხათ, ყველა გიპასუხებდათ: - ცურვა ლალი ექიმმა მასწავლაო.
საოცარი ჟრიამული იყო ხოლმე. სოფელი ხარობდა, ვხარობდით ბავშვებიც. უდარდელად ვატარებდით დროს თამაშსა და გართობაში.
ჩემი თავის დიდი გამრთობი ვიყავი. მარტო თამაში რომ მომბეზრდებოდა, თოჯინებს გვერდზე გადავდები და ძმასთან და თანატოლ ბიჭებთან გავეშურებოდი. ოღონდ მანამდე ძმას ცალკე გავიხმობდი, ვთხოვდი შეუმჩნევლად დაეხედა ჩემს ფეხებზე, არ შევრცხვენილიყავი თუ არასწორად მეცვა ფეხსაცმელი. ვთამაშბდი მათ თამაშებს: ხან ფრენბურთს ხან ფეხბურთს,(არაჩვეულებრივი მეკარე ვიყავი) ხანაც ომობანას. ,, ვნადირობდით“ ჩიტებზე ჩვენივე გაკეთებული ლაკარტკებით. (არ ვიცი სწორად როგორ ქვია) ერთხელ ვითევზავე კიდეც, სინამდვილეში თევზები კარგად დავანაყრე, ამიტომ ამის შემდეგ მხოლოდ მაყურებელი და დაჭერილი თევზების შემგროვებელი ვიყავი.
ყოველ წელს უფრო ცხელი ზაფხული გვქონდა. მაშინ როდესაც ყველა წვიმას ნატრულობდა, რათა მთელი ნათესები და ნარგავები გვალვას არ გაენადგურებინა, ჩვენ ბავშვებს პირიქით, გვახარებდა ყოველ ღამით ვარსკვლავებით მოჭედილი ცა. ეს იმის მანიშნებელი იყო, რომ მომდევნო დღეც მცხუნვარე იქნებოდა. ხოდა ამ მცხუნვარე დღეებში დროის დიდ ნაწილს მდინარეში ცურვასა და სილაში თამაშში ვატარებდით. გამოჭერაზე ვიყავით, ოღონდაც ვინმე უფროსი დაგვენახა მდინარისკენ მიმავალი, მაშინვე ავეკიდებოდით პირობით - ,, პატარა წყალში’’ ვიცურავებდით.
ერთხელ ვიხრჩობოდი. მაშინ ცურვა არ ვიცოდი. კლდიდან გადმოვხტი. წვიმისგან მდინარე ადიდებული იყო და შედარებით სწრაფად მოედინებოდა, ამიტომ ვეღარ ვახერხებდი ნაპირზე გამოსვლას. რაც უფრო ვცდილობდი, უფრო მიმათრევდა სიღრმეში. პირველად ვყლაპე ამდენი წყალი. როცა უკვე ხელ-ფეხი დამეღალა და ყვირილითაც ვეღარ ვყიროდი , სწორედ მაშინ გამომათრიეს ნაპირზე. მგონი მაშინ გადავწყვიტე რაც შეიძლებოდა სწრაფად მესწავლა ცურვა.
წეღან კლდე რომ ვახსენე, ხო კლდე, დიდი და თეთრი. შთამბეჭდავი იყო ეს ადგილი. მდინარე ღია მდელოსა და ალბათ დაახლოებით ორასი მეტრის სიგრძის და შვიდ მეტრამდე სიმაღლის კლდეს შორის მიედინება. შორიდან რომ შეგეხედათ დაინახავდით მწვანედ ახასხასებულ გორაკს ხეებითა და ბუჩქებით, აქა-იქ თეთრად დასერილი ბილიკებით, რომლის კიდეც გახლდათ ეს კლდე. თეთრად გადმოფენილი ,, ლიპი’’ და ,,კაჟი’’ ქვების (ასე ვეძახდით) ერთობლიობა, რომელიც სანამ მდინარის სიღმეში ჩაეფინებოდა ოთხოცდაათ გრადუსიან კუთხეს ქმნიდა. ამიტომ მარტივად შეიძლებოდა ასვლა ამ კლდეზე და იქედან მდინარეში გადმოშვება. უჩვეულოდ მწვანისა და თეთრის, ზამთარში კი შავისა და თეთრის კონტრასტი იქმნებოდა. ბევჯერ მიფიქრია ამ ადგილის შესახებ. ყოველთვის ასეთი იყო თუ არა, ან როდიდან?! მაშინ მხოლოდ გორაკი უნდა ყოფილიყო, დანარჩენი ყველაფერი კი წყლით დაფარული. იცოდა ხოლმე ძუსამ (ასე ქვია მდინარეს) დრო და დრო თავის შეხსენება, ბობოქრობდა და ბორგავდა ხოლმე. ვფიქრობ მოჩვენებითი იყო, სინამდვილეში არც ასეთი ამბიციურია.
ყოველთვის ხალხმრავლობა იყო თეთრ კლდესთან (ასე შევარქვით). ჩვენი სოფლის გარდა სხვა რამდენიმე სოფლიდანაც მოდიოდნენ აქ. უამრავი სხვა ადგილი იყო, მაგრამ რატომღაც ყოველთვის ამ ადგილისთვის იყო გამართული ბრძოლა. მახსოვს წარწერას ვამაგრებდით წითელი საღებავით ,,გოგოები“, მეორე დღეს გვხდებოდა წარწერა ,,ბიჭები“ . ხანდახან ზავი გვქონდა, ყველანი ერთად ვერთობოდით. დღისით მზეზე ვიხრუკებოდით, საღამოს ნაპირზე, მოპარულ და ნაკვერჩხალზე შემწვარ სიმინდებს შევექცეოდით. ასე გრელდებოდა დაუსრულებლად ზაფხულის დასასრულამდე. მერე სოფელი დაიცლებოდა. შემოდგომისას ყველა შრომაში ჩაეფლობოდა. არდადეგების შემდეგ ხანგრძლივი სასწავლო წელი იწყებოდა. ყველაფერი ჩვეულ რიტმს უბრუნდებოდა მომავალ ზაფხულამდე.
ახლა ვხდები, რომ იქ იყო ის რაც დღეს ყველას გვაკლია ან სახეშეცვლილია.
ნამდვილად ბუნებრივი და არა ხელოვნური, წრფელი და არა მლიქვნელური, უნიღბო და არა შენიღბული, ცოცხალი და არა რობოტი... უბრალო, მაგრამ ფასეული...



№1  offline წევრი cida12

კარგი და საინტერესო იყო heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent