მთვარის ბნელ მხარეს
მინდა, რომ შევხვდეთ... მთვარის ბნელ მხარეს. წამოიღე თან შენი განცდები, ტკივილიცა და სიხარულიც, მღელვარებაცა და მოწყენილობაც. ჩაალაგე ჩემოდანში (ან ზურგჩანთაში) და წამოდი. ვიცი, რომ შორია. შორია და რთული იქამდე მისვლა, მაგრამ ცდად უნდა ღირდეს. შევხვდეთ... მერე, ალბათ, ყველაფერი შეიცვლება. დავსხდებით ვერცხლისფერ ან ნაცრისფერ (გააჩნია, რა განწყობით შეხედავ) ზედაპირზე, მოვწრუპავთ ყავას (ან ჩაის, ან, რაც გინდა ) და მერე, ცოტას რომ დავისვენებთ, ბარგის ამოლაგებასაც დავიწყებთ. შენ შენსას იტყვი, მე _ ჩემსას. იქ შენ მხოლოდ მე, მე კი მხოლოდ შენ მოგისმენ. ვისხდებით და გავიხსენებთ, რომ ვარსებობთ, რომ მნიშვნელოვანია ჩვენი არსებობა. დედამიწაზე ხომ იმდენი ადამიანია, ყოველდღე ძნელია, არ დაიკარგო, ან ნაწილები არ დაგეფანტოს. ხომ იცი, ერთხელ თუ დაკარგე, მერე შეიძლება ვეღარც იპოვო. ჰოდა, რას ვამბობდი? მთვარის ბნელ მხარეს დედამიწა ვერასოდეს ხედავს. ჩვენს პლანეტას გამუდმებით გვერდით ჰყავს და მაინც ახერხებს, თავისი ,,პირადი" ჰქონდეს. ნუ გეცინება, მთვარემაც კი იცის, რომ აბსოლუტური გულწრფელობა ისეთივე სახიფათოა, როგორიც - აბსოლუტური სიყალბე. თუმცა ბნელ მხარეს შეიძლება, შენ ბოლომდე ,,შენ", მე ბოლომდე ,,მე" ვიყო და ისე ვიყოთ, რომ ერთმანეთისა არ გვეშინოდეს. ისე ვიყოთ, რომ ერთმანეთი არ დავაზიანოთ. მოკლედ, გადაწყვიტე. როგორ მივალთ იქამდე, არ ვიცი. იქნებ ამისთვის მთელი ცხოვრებაც არ გვეყოს, მაგრამ, თუ გენდომება, ვცადოთ და წავიდეთ. ჩაალაგე შენი მოგონებები, მიზნები, იმედგაცრუებები და ღიმილები და წავიდეთ. ცოტა თუ ახერხებს იქამდე მიღწევას, მაგრამ ღირს. რომ დავბრუნდებით, შენ შეიძლება ჩრდილოეთ პოლუსზე გადასახლება გადაწყვიტო, იქნებ, ვიჩხუბოთ და ერთმანეთი შევიძულოთ კიდეც, იქნებ რაღაც დროის განმავლობაში აღარც გვახსოვდეს. არაუშავს. ღამეს ვერსად გაექცევი... მთვარის სევდიან ზედაპირს ახედავ, ბნელ მხარეს ნათქვამ-ნაოცნებარს მოიგონებ და მეც გაგახსენდები. მოიგონებ, როგორ გელოდი, სანამ წყვეტდი, წამოსულიყავი თუ არა და იქნებ, ცრემლებიც კი მოგადგეს, ისე მოგენატროს ჩვენი საუბარი. საუბარი, სადაც შენი ყველაზე ღრმად დამარხული, საგულდაგულოდ გადამალული აზრები დედამიწიდან შორს, მთვარის ბნელ მხარეს, გაუზიარე მას, ვისაც ამქვეყნად ყველაზე მეტად უნდოდა, შენთვის გაეგო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.