შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული - ვირტუალი


23-03-2019, 14:16
ნანახია 1 256

სად ხარ ჩემო უცნობო მეგობარო? სამი დღეა გადაუდებელი საქმები მაქვს, მაგრამ მაინც ვახერხებ ხანდახან თვალი შევავლო ჩემს გვერდს, შენ კი დაკარგული ხარ - ამ სიტყვებით გონებაში მივმართავ ჩემს ვირტუალურ კავალერს, თაყვანისმცემელს, თუ რა დავარქვა, არ ვიცი, უბრალოდ მეგობარს, რომელთანაც აგერ უკვე თითქმის ორი თვეა მიმოწერა მაქვს.
დღეს შედარებით ნაკლები საქმე მქონდა, ყურადღებით ვათვალიერებ ჩემს გვერდს. უამრავი საინტერესო რამ მომხდარა, პოლიტიკური მოვლენების ამსახველი ფოტოებით და შაყირით აკლებულია ყველაფერი, ასევე ჩემს საახლობლოშიც სიახლეებია . . .
- აჰა, ესენიც შერიგებულან, სელფიც გადაუღიათ ერთად, . . . ის კი კორპორატიულზე ყოფილა, თანამშრომლებს შორის თავმომწონედ გამოჭიმულა... კი გუდაურში ასულა, სურათზე თხილამურმომარჯვებული იკრიჭება, არ ვიცოდეთ მაინც რა მოსრიალეა, სურათების გადასაღებად თუ შედგება ხოლმე . . .
ერთი სიტყვით, გადავხედე სიტუაციას და საქმეს მივუბრუნდი. ის არ გამოჩენილა, ვისი დანახვაც ყველაზე მეტად გამიხარდებოდა.

. . .

ინტერნეტსივრცეში გავიცანით ერთმანეთი. საერთო მეგობრის მხრიდან შემოვიდა ჩემს გვერდზე, დავმეგობრდით. ჯერ ბანალური შეკითხვებით გავცვალეთ ინფორმაციები ერთმანეთის შესახებ, მერე სიმპათიებიც გაგვიჩნდა, ინტერესიც . . .
„დილა მშვიდობის“ - მხვდება მესიჯი თითქმის ყოველ დილით.
„ჰაი!“ - ვპასუხობ კმაყოფილი. ხუმრობაა? ვიღაცას ყოველ დილით ვახსოვარ.
- როგორ მიდის შენი საქმე?
- მუშაობა, შესვენება, მუშაობა - ვპასუხობ.
- მეც ასე. ჯერ შემოდგომაა და უკვე დასვენება მინდა. შვებულება საზღვარგარეთ გავატარე, მაგრამ ამას დასვენება არ ერქვა. სულ ჩვენები იყვნენ, იქაც ქართველებს გადავეყარე, ხომ იცი, ვერ დაიმალები . . .
- კარგია - ვპასუხობ, - მე ვერ მოვახერხე ნორმალურად დასვენება, აქ გამომიჩნდა ბევრი საქმე, ჯერ ბინის რემონტი გვქონდა, მერე დედა გახდა ავად . . . ერთი სიტყვით, შვებულება ბინას და ოჯახის წევრებს შევწირე.
- ცუდია - შედის ჩემს მდგომარეობაში, - იმედია, მომავალ შვებულებას ერთად გავატარებთ, მერე ღიმილის ნიშანს მიგზავნის და უჩინარდება.
ოფისში შემჩნეულია ჩემი ხშირი მიმოწერა უცნობ ნაცნობთან, ერთი ჩემნაირიც უზის ჩემგან მესამე მაგიდას, ია.
თუმცა რაღა ჩვენ ორნი, ოფისში ყველას ვიღაცას ეძებს, ემესიჯება და ა.შ. უბრალოდ, მე და ია მაინც გამოვირჩევით ჩვენი იდუმალი თაყვანისმცემლებით, სხვა ხიბლი გვაქვს.
ია როცა გაბრაზებული სახით შეჰყურებს ეკრანს, მაშინვე ვხვდები, მესიჯებით ჩხუბი მიდის, ეს ცოტა მახალისებს, მაგრამ შევდივარ მის მდგომარეობაში, ვამშვიდებ. მეც მაქვს ხოლმე ჩემი გარჩევები.
- უამრავი ფრენდი გყავს - შევუტიე ერთხელ, - ალბათ რამდენიმეს ემესიჯები ისე, როგორც მე.
და რატომ თვლი ასე? - მიბრუნებს შეკითხვას, - ფრენდი უამრავი არ მყავს, ჯერ ერთი, კარგად გადახედე, მიმოწერა მხოლოდ შენთან მაქვს.
ეს არადამაჯერებელი პასუხია, მაგრამ ჩემს პატარა ქალურ ტვინს ჰყოფნის და პატივმოყვარეობას ცოტათი მიკმაყოფილებს.
- რა ეტაკა, რომ დღეს საერთოდ არ შემოსულა? - ჩემს პარალელურად აჯუჯღუნდა ია.
- ჩემს დღეში ხარ?
- ვიყავი, გამოჩნდა!
- ეჰ! - ოხრავს.

ნაშუადღევს იას სურპრიზი ჰქონდა: გამოეცხადა რაინდი ვირტუალური სამყაროდან.
- როგორ გიკითხო? - მიუვიდა წერილი.
- კარგად! შენ სად გაქრი! - ეგრევე გარკვევაზე გადადის ია, თან მე მაცნობს შინაარსს, - სად იყავი ისეთ ალაგას, სადაც არც კომპიუტერია, არც მობილური კავშირი?
- ვერ მოვიცალე, თათბირი თათბირზე გვქონდა, თან არასასურველმა სტუმრებმა დამაფასეს ეს დღეები . . . ერთი სიტყვით, პრობლემები გვქონდა სამსახურში და სახლშიც, შეუძლებელი იყო მიმოწერა. ისე, ხომ იცი, ეს გვერდი ცალკე მაქვს გაკეთებული, პირველ რიგში შენთვის.
პირველობა ქალისთვის დიდი შეღავათია. ია ცოტა ხნით მშვიდდება.
- ახლა შენზე მომიყევი - აგრძელებს ის იქიდან.
- მე არაფერი, - გაინაზა მესიჯთან ერთად ია, გუშინ სალონში ვიყავი, თმის ფერი შევიცვალე, ახალ სურათებს რომ ავტვირთავ, შემაფასე.
ზრდილობისა თუ მოწონების ნიშნად ახლადშეღებილ თმაში იამ ლაიქი და ბევრი კონპლიმენტი მიიღო. . . .

მეორე დღეს შესვენებაზე პიცერიაში განვიხილავდით წინა დღეების საუბრებს.
- არა, რა, ჯობია პირდაპირ იმითი დაიწყონ, გავერთე, გადავერთე, ისე, რომ ინტერნეტისთვისაც არ მეცალა, მიედებიან, მოედებიან, მიზეზები არ დაელევათ, არც სიტყვების მარაგი, რომ მერე დაგაჯერონ, ერთი სიტყვის მოსაწერადაც არ მეცალა, მაგრამ სულ შენზე ვფიქრობდიო - აღშფოთებული გამოთვამს აზრს ია.
- აბა, რა - ვაწევ სიტყვას, ესეც რა ზღაპრებს ჰყვება ხოლმე, განა ვერ ვხვდები, მხარს ვუბამ, ასე ვთქვათ . . .
- ხანდახან ისეთი მიმართულებით მიჰყავს, საუბარი, რომ ყველაფერში დამნაშავედ ვიგრძნო თავი და ბოდიშიც კი უნდა მოვუხადო.
- იქნებ შენდაუნებურად მართლაც რაიმე ისეთი მიწერე, რომ ეწყინა, ცუდად მიიღო?
- ცოტა ფხუკიანი კი ვარ, მაგრამ არც არაფერს ვმალავ. პირდაპირ ვწერ, რა მომწონს, რა არ მომწონს, რა მიმაჩნია ზედმეტად და რა დასაშვებად. გუშინ საუბარი იმით დამთავრდა, რომ საყვედური გამომიცხადა, სულ იმის მტკიცებაში ხარ, რომ მაგარი ტიპი ხარო, არაფერს მეკითხები და ჩემს აზრს არ ითვალისწინებო.
- მართლაც რამდენნაირი ადამიანი არსებობს - გამეცინა, - აბა, ის ვაჟბატონი ხან ხუმრობაში გამიტარებს ხოლმე, თუ რამე არ მოეწონა, ხან სიცილის ნიშნებით მპასუხობს, ამის მოწერა არ იყო საჭირო ან ეს რა სისულელეაო.
- ვერ გაიგებ, როგორ ჯობია, პირდაპირ თუ გადაკვრით - ოხრავს ია, არადა მომწონს - თვალები დაუნაღვლიანდა.
- ეჰ! - ავუბი ისევ მხარი, - მეც, - თან გონებამახვილია, მხიარული. არ ვიცი, როგორ წარმოვიდგინო ჩვენი პირველი შეხვედრა, როდის იქნება? როგორ? რა ჩავიცვა?
- აუუუ, მეც რამდენს ვფიქრობ იცი? - ამბობს ია, - თან არაერთხელ მოუწერია, ალბათ ლაივში უფრო მომიშლი ნერვებს, მობილიზებული უნდა ვიყო, კარგად უნდა მოვემზადოო.
- აბა შენ იცი, აბჯარი აისხი - თქო. ისე, ვერ არიან მგონი თანამედროვე კაცები, მგონი ბევრი ვერც გარკვეულა, რეალური ქალი ურჩევნია თუ ვირტუალური.
ამაზე ორივეს სიცილი აგვივარდა.
- მე კი რა მომწერა იცი? - სიცილით ვაგრძელებ, - ვგრძნობ, რომ გეუხერხულება ჯერ ჩემთან შეხვედრა, დრო გაგყავს, ალბათ „ისე ძალიან“ ჯერ არ მოგწონვარო, ამიტომ დამაჯერებლად რომ წამოვა ინიციატივა, მაშინ ვნახოთ ერთმანეთიო.
- შენი ჯენტლმენია, გითმობს, ჩემსას ეშინია, კაი დღეში ვართ ოცდამეერთე საუკუნის ქალები.
- ჰო, მართლა, ახლა გამახსენდა, ზეგ ხომ მაიას დაბადების დღეა, არ დაგავიწყდეს.
- სად იხდის?
- სახლში, ვიწრო წრეში, სხვაგან არ ისურვა. თანამშრომლებიდან მე, შენ, ოთო და მგონი ლანაცაა დაპატიჟებული.
- ოკ. არ დამავიწყდება.

. . .

სამუშაო დღის დამთავრების შემდეგ დაბადების დღეზე გვიწევდა წასვლა. ერთად გამოვედით. იქვე ას მეტრში ჩვენი ნაცნობი ყვავილების გამყიდველი ბიჭი მოგვესალმა. უყურადღებოდ არასოდეს გვტოვებს, ან კონპლიმენტს გვეუბნება, ან რაღაც სასაცილოს იტყვის ხოლმე ხმამაღლა სპეციალურად, თან ამ ყველაფერს ისე აკეთებს და ამბობს, ვერც გაუბრაზდები. ჩვენც დიდსულოვნად „ვატარებთ“ ჩვენზე ასაკით გაცილებით უმცროსი „თაყვანისმცემლის“ თავის გამოჩენის მცდელობას. საშუალო სიმაღლისაა, გამხდარი, შავტუხა, სასაცილო. ახლაც თავი გამოიჩინა:
- არ გნებავთ ლამაზი თაიგულები? კარგი დღეა. . .
- გვჩუქნი?
- გააჩნია, სად მიდიხართ.
- დაბადების დღეზე.
- ოჰო, მაშინ მე გვერდი არ უნდა ამიაროთ.
- არა, საჩუქრები უნდა ვუყიდოთ, - პასუხობს ია.
- კარგი რა, თან ასეთი ლამაზი მანდილოსნები ჩემგან რომ წაიღებენ ყვავილებს, მეც ვიამაყებ.
- ეს ლაწირაკი ნახე . . .
- ჰო, მე შეგირჩევთ, - ეშმაკუნები უხტუნავს თვალებში.
- მიდი, მიდი, შენს საქმეს მიხედე - აწყვეტინებს ია, - რა ჯენტლმენი გვყოლია სულ ახლოს, არ ვიცოდით - ასკვნის და გზას ვაგრძელებთ.

. . .

დაბადების დღეზე მაინც ბევრი ხალხი მოგროვდა, ამდენს არც მასპინძელი ელოდა, მითუმეტეს, ჩვენ. მეტი რა გვინდოდა სათანადოდ მომზადებულ - გამოპრანჭულებს, არც კოქტეილი დავიკელით და არც ფლირტი.
- აუ, ახლა იმან რომ იცოდეს, რა დროს ვატარებ - ხარობს ია.
- თან მოწონებებს იმსახურებ, მიაქციე ყურადღება . . ,.
- ჰო, მაგრამ მე ის მინდა . . .
- ის, გვარიც რომ არ იცი არა? და თან რა გამოვა მისგან;
- ჩემი შენ გითხარიო . . .
- ეეეჰ, - ვოხრავ, მართლაც მეც მასე არ ვარ? რითი მოგვხიბლეს ნეტა ამ ეკრანს ამოფარებულებმა. მაგალითად, შენ დარწმუნებული ხარ რომ თავისი სურათები უდევს? - ეს შეკითხვა მაინცდამაინც იმ საღამოს დამებადა, აქამდე თავში არ მომსვლია.
- კი, - გაოცებულმა შემომხედა იამ, - უი, ისე რატომ ვარ დარწმუნებული?
- არც მე ვიცი.
- თან ეს პირადიაო, საქმიანი სხვა მაქვსო . . . მაგრამ ისე დამაჯერებლად მწერს, მინდა, არ მინდა, მჯერა.
- არა, რა სისულელეა, მართლა თავისი სურათები ექნებათ, ეგ კი უნდა დავიჯეროთ.
- მეც ასე ვფიქრობ - მხრები ავიჩეჩე.


. . .

მეორე დღეს ჩვენი კედლები საღამოს წვეულების ამსახველი ფოტოებით აჭრელდა.
- რა ქალები, რა ქალები! - გვაქებენ თანამშრომლები. მე და იას სხვა რამ უფრო გვაინტერესებს.
- უი, გოგო, რას მწერს იცი? ანუ გუშინ თან მე მემესიჯებოდი, თან იმ ტიპთან ღლაბუცობდი, სურათში რომ ერთად ხართო - ჩუმად მექაქანება ია.
- მეკი, როგორც ყოველთვის, ჩამირტყა, როგორ უმშვენებ იქ გვერდს ვიღაც - ვიღაცეებსო.
- ეჭვიანობის კორიანტელი დავაყენეთ - თვალს მიკრავს ია.
- ორი ოტელო - ვპასუხობ სიცილით.
ვირტუალურ სივრცეში გამართული ეჭვიანობის სცენები და გარჩევები სამი დღე გაგრძელდა. არც შურისძიება აკლდა, რამდენიმე ახალი სურთი გაიჩითა, სადაც ჩვენი თაყვანისმცემლები გოგონების კამპანიაში იწონებდნენ თავს.
- ვაიმეეე, საცოდავები - ასე გამოხატა უკმაყოფილება იამ, - ახლა რა ჰგონიათ, სამაგიერო გადაგვიხადეს?
- მეტი ჭკუა არ აქვთ ამ კაცებს - ვეთანხმები და ვირტში ბრძოლის ველს ვუბრუნდები.
- მე არ მკოცნის ჩემი კავალერი, - შევუტიე ყმაწვილს და არც მუხლებზე დავჯდომივარ ვინმეს. ჩვეულებრივი ოჯახური ფართი იყო.
- ესეც ფართი იყო, შევქეიფდით.
- შექეიფდით, მერე მუხლზე დაისვი, მერე დაგიზასა, მერე ადგილი შეიცვალეთ, მერე ტელეფონის ნომრები გაცვალეთ, ბოლოს, რაღაზე გადავდოთო, ალბათ იქვე გვერდით ოთახშიც მოაგვარეთ საქმე - არ ვეპუები გაცხარებული.
- ოჰო! - რა კარგი სიტუაცია აღწერე, გამოცდილი ხარ მასეთში სიხარული? - მომდის „გონებამახვილური“ შეკითხვა შეკითხვის საპასუხოდ.
- არაა ეგ შენი გასარჩევი. უბრალოდ არაა ლამაზი, სადაცაა უნდა გავიცნოთ ერთმანეთი, შენ კი რა სურათები გამოფინე აქ . . .
- მაინცდამაინც იმ ტურფასთვის რომ არ მიგეჭახუნებინა ჭიქა, სუფრა ჩაიშლებოდა? - ია უტევს თავის მხრივ.
- შენ რომ კოქტეილს გაწვდის და თან თითებზე გეფერება, იმას მიხედე - მოსდის პასუხი.
- ჩემს თითებს შეეშვი, შენსას მიხედე - უბრუნებს ხურდას ია.
- იქნებ სავიზიტო ბარათიც მოაყოლა კოქტეილს, შენ კი ნომერი ჩაუცურე ჯიბეში . . .
- აუუ, რა ვირი ხარ, რა! - ლანძღვაზე გადადის ია.
- ისევ მე ვარ ვირი და შეუგნებელი არა?! ყოჩაღ?

. . .

ასე გაგრძელდა ერთხანს. კონფლიქტები სურათების ალაგებით და ვირტუალებთან შერიგებით დამთავრდა.


. . .

- არ წაიღეს ტვინი? თავში აუვარდათ ნაღდად - დაასკვნა რამდენიმე დღის მერე გაცხარება ჯერარ გავლილმა იამ, როდესაც შესვენებისას პიცერიას მივაშურეთ.
- ჩვენ არაფერი ცუდი არ ჩაგვიდენია, ამათ - კი.
- ჩვენ ხომ საერთოდ! უფრო მიგვექცია ყურადღება იქაურებისთვის, ჯობდა! ესენი რისი ღირსები არიან.
- მართალი ხარ - ვეთანხმები, რას ჩავაცივდით ამ ვირტუალებს, ნეტა რა მაგია აქვთ?
- არ ვიცი. იქნებ იმიტომ გვიზიდავენ, რომ პირადად არ ვიცნობთ?
- ალბათ. ისე მართლა რა სისულელე იყო იქ ყველას უყურადღებოდ დატოვება, რაღაც კოორდინატები მაინც გაგვეცვალა.
- ჩვენ მაინც ვირტუალი გვინდა. ჯერ იდუმალია, მიუწვდომელი, ოცდამეერთე საუკუნის სენი . . .
ასე ვამკეთ ერთმანეთი, მერე სამუშაოს მივუბრუნდით, რომ დროზე მოგვეშორებინა თავიდან და ისევ იმათთვის შეგვეტია.

. . .

ამ საუბრის შემდეგ გაიარა გარკვეულმა პერიოდმა და ორივეს თითქმის ერთდროულად დაგვიდგა ნანატრი მომენტი, უნდა გაგვეცნო ჩვენი თაყვანისმცემლები.
- რა დამთხვევაა?! - გამოვეპასუხე იას, როცა თავისი ამბავი მომახარა, - მეც ამ დღეებში უნდა ვნახო.
- თან რას მეუბნება იცი, ეს იდიოტი, - აგრძელებს, - გნახო ერთი რეალში რა ტიპი ხარ, აქ რომ თავი წამაჭამეო. ვერაა რა, ყველა გიჟს მე უნდა გადავეყარო.

. . .

ისტორიული დღე დგება. ორივეს ერთ დღეს დაგვინიშნეს პაემანი. თავისთავად, დამთხვევაა. მითუმეტეს რომ დასვენების დღე უნდა ყოფილიყო, ამაზე ადრევე მოვილაპარაკეთ.
პარასკევ დღეს მე და ია იმედით აღვსილნი დავემშვიდობეთ ერთმანეთს, რომ ორშაბათს სიახლეებით დავბრუნდებოდით. თითქმის ერთი კვირა საგულდაგულოდ ვარჩიეთ, რა ჩაგვეცვა, რომელ სალონში ჯობდა წასვლა. სალონი შეირჩა, ტანსაცმელიც მორგებულ იქნა, პაემნებიც დაინიშნა. დანარჩენი ახლო მომავალს მივანდეთ.

. . .

პაემანზე ქალმა ცოტა ხნით უნდა დაიგვიანოს, - ეს დაუწერელი კანონია, არც მე ვაპირებდი ამ კანონის დარღვევას, ცოტა დაგვიანებით მივედი.
კარგი ადგილი გვქონდა შერჩეული, აქედან არც ისე შორს ჩვენი ოფისი მდებარეობდა, „მხედავდნენ ახლა თანამშრომლები?!“ - გავივლე გუნებაში.
პაემანზე არაერთხელ ვყოფილვარ, გუშინდელი გოგო კი არ ვარ, მაგრამ ეს რაღაც სხვაა, თითქოს სხვა ინტერესით ველი, გაცნობის გავირტუალებამ თავისი დამმართა, ინტერნეტსივრცეში გაცნობილთან შეხვედრა სულ სხვა რამ იყო ჩემთვის, განსხვავებული, რატომღაც უფრო რომანტიკული. ასე მგონი არც ერთ ნაცნობობას არ გავუტაცივარ.
მივედი დანიშნულ ადგილას. ცოტათი შემაცბუნა იმ ფაქტმა, რომ არავინ მელოდებოდა.
„ანუ ახლა კაცებისთვისაც კანონი გახდა ცოტათი დაგვიანება?“- გავიფიქრე, ეს არ მომეწონა. ვერ დავურეკავ, ჩემი ნომერი მივეცი, თავისი არ მითხრა, მეც არ მიკითხავს. ინტერნეტში არაა, ერთი საათის წინ შეხვედრამდე დამემშვიდობა.
გავიდა ცოტა დრო. უკვე ვბრაზდები. „რასაკვირველია, დიდხანს არ ვიდგები“ - ვეუბნები ჩემს თავს, კიდევ რამდენიმე წუთიც და . . .
გაოგნებისგან ადგილზე ვშეშდები: ჩემს წინ ატუზულ იას ვხედავ.
- აქ? - ვეკითხები.
- ჰო, - ამოღერღა, - როგორ? შენც აქ დაგინიშნა პაემანი?
- კიი, აქ შემომთავაზა, მეც უარი არ ვუთხარი.
- რა დამთხვევაა, მეც მასე.
- დააგვიანა - ვაგრძელებ.
- ამანაც. ანუ ახლა კაცები განაშდნენ? აქეთ ჩვენ უნდა ველოდოთ?
- როგორც ჩანს - ვპასუხობ დაბღვერილი.
- ეეჰ, - ხელი ჩაიქნია იამ - არ მომწონს ეს ამბავი.
- არც მე.
- რა ვქნათ?
- ცოტა ხანიც ვიდგეთ და წავიდეთ.
- და უნდა ვიდგეთ საერთოდ? რატომ ერთსა და იმავე ადგილას? ვხედავ ია ცხარდება, ვეღარ ისვენებს.

- გამარჯობა გოგოებო! გაისმა მხიარული ხმა..
ორივემ მოვიხედეთ. ჩვენი ოფისის მეზობელი, ყვავილების გამყიდველი ახალგაზრდა ბიჭი გვედგა წინ, ხელში პატარა თაიგულებით.
- შენ აქ საიდან გაიჩითე? - ეკითხება ია.
- დაგინახეთ შორიდან, მარტონი იდექით, ჯერ გიყურებდით, მერე ავარჩიე ორი თაიგული და მოგართვით. დღეს სიყვარულის დღეა, რატომ არ გახსოვთ? - ამ სიტყვებით საზეიმოდ გადმოგვცა თაიგულები, თან ეშმაკურად გვიღიმოდა.
გაშტერებულები ვუყურებდით. სიჩუმე ჩამოვარდა. მხოლოდ რომელიღაცა პატარა ჩიტის ჭიკჭიკი ისმოდა, უცნაურად ჭიკჭიკებდა, დამცინავ ხითხითს უფრო ჰგავდა მისი გალობა.
- ორ მშვენიერ მანდილოსანს მივულოცე სიყვარულის დღე - თქვა ამაყად ლაწირაკმა, თვალი ჩაგვიკრა და გაიქცა.
მე და იამ ჯერ თვალი გავაყოლეთ, მერე ერთმანეთს შევხედეთ, მერე თაიგულებს დავხედეთ, მერე ისევ ერთმანეთს და . . . სიცილი აგვივარდა.
რამდენ ხანს ვაწყდებოდით ერთმანეთს სიცილით, არ მახსოვს, სული ძლივს მოვითქვით ბოლოს. რომ დავწყნარდით, თაიგულებით ხელდამშვენებულები გავუყევით გზას, ვეღარც ვბრაზობდით. ერთხანს ვისეირნეთ, ხანდახან ჩუმად ჩავიფხუკუნებდით ხოლმე.
- ნეტა ვისი სურათები დადო?
- ჰო, რა, ნეტა ვინ არიან ის უცნობები. . .
- ან იქნებ იმათაც იციან და უფლება მისცეს . . . ერთადაც იხალისებენ . . .
- ან ვერასოდეს გაიგებენ . . .
- გავლანძღოთ?
- რა აზრი აქვს . . .
- ჰო, უფრო გავისულელებთ თავს . . .
- ეეეჰ, ასეთები ხდება?
- ხომ ვიცით, რომ ხდება, მაგრამ ხომ გავაშანშალეთ თითქმის სამთვიანი ვირტუალური რომანი, რამეში დაგვეხმარა ეგ ცოდნა?
- მაგრები ვართ!
- ჩვენ თუ ის!?
- სამივე . . .

. . .

ამ ამბის შემდეგ რამდენიმე კვირა გავიდა. ხან ბრაზით, ხან წყენით, ხან გულდაწყვეტით, უფრო ხშირად კი სიცილით ვიხსენებთ. ცხოვრება გრძელდება.
ვზივარ ოთახში, ვმუშაობ, მალე მინდა მოვრჩე, წინ შაბათ - კვირა მელის, გეგმა მინდა შევადგინო, როგორ გავატარო და რაც მთავარია: არ მინდა პასუხი ძალიან დავუგვიანო ინტერნეტსივრცეში უცნობის მიერ გამოგზავნილ შეკითხვას: „თქვენი სურათები ვნახე, ძალიან მომეწონეთ, მინდა გაგიცნოთ, შეიძლება?“



№1  offline წევრი BIG DREAMER

მომეწონა ❤❤ დღეს ხომ მარტივია სხვა ადამიანად ყოფნა, ამისთვის მხოლოდ ახალი ექაუნთის შექმნა და სასურველი კანდიდანტის პოვნაა საჭირო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent