არეული ფიქრები
ზოგჯერ მგონია, რომ ჩემი ცხოვრებაც მოჩვენებითია, რომ წამი-წამზე გადმოხტება ვიღაც და გაკრეჭილი სახით მეტყვის: "გაიღიმე, ფარული კამერაა!" ამის შემდეგ კი მომღიმარი სახით მომიახლოვდებიან ოჯახის წევრები და დასძენენ, თითქოს ეს ყველაფერი სიცრუე იყო. თუმცა ალბათ, ხვდებით, რამდენად დიდი სისულელეა, როცა მსგავსი ფიქრები გაწუხებენ. ესეც არაფერი, ხანდახან ძალიან შორს მოვინდომებ ხოლმე წასვლას და მგონია, თითქოს ვიღაცამ შემქმნა, ერთ კონკრეტულ ქალაქში გადამისროლა და იმის შემდეგ მაკვირდება, ჩემს თითოეულ სიტყვას, ნაბიჯსა, თუ მოქმედებას აკონტროლებს და მსწავლობს, როგორც ეს "შიმშილის თამაშებში" ან "ველურ დასავლეთში", ან თუნდაც ტერი სკოტის "თამაშშია". თითქოს ჩემი ცხოვრებაც თამაშს ჰგავს, ოღონდ ლოგიკისგან მოკლებულს. აი, ისეთს, როცა დანებება გინდა, მაგრამ ისიც არ შეგიძლია, რომ თამაში შეწყვიტო და თან სვლა განაგრძო. თითქოს ერთ ადგილას ხარ გაჭედილი და იმისათვის, რათა გზა განაგრძო ვიღაცის დახმარება გჭირდება. ეს ვიღაც კი, არა და არ ჩანს. ელოდები... ელოდები... ფიქრობ, ვინ შეიძლება ამოგათრიოს ამ ჭაობიდან, ამ დიდი ქაოსიდან, მაგრამ რაც უფრო დიდხანს უცდი, მით უფრო შორს მიდის მიზნამდე მისაღწევი გზა. უფრო მეჩხერი, საშიში და დაბრკოლებებით სავსე ხდება. ამასთან ერთად, ბურუსით მოცული, თითქოს სიბნელეში იკარგება და ამ წყვდიადიან რაღაც გიცქერს, რაღაც, ავხორცი, შემზარავი ღიმილით, რაღაც, რაც ელოდება, კვლავ როდის დაგიცდება ფეხი, რათა საბოლოოდ გადაგიაროს და გაგთელოს; იქამდე გტანჯოს, სანამ ის არ მოხდება რაც გაგანადგურებს, მას კი გააბედნიერებს — საკუთარ თავში რწმენის დაკარგვა. და ვშიშობ, რომ ჩემს ორგანიზმში დიდი ხანია მსგავსი სახის პროცესი მიმდინარეობს, რომელიც ისე ადვილად ვერ შეწყდება, როგორც დაიწყო... როგორი ადვილია, არა? დაიწყო რაღაც, საფუძველი ჩაუყარო და შემდეგ ფუნდამენტი არ გაუმყარო. შუა გზაში მიატოვო, მიაგდო; დაივიწყო. ამაზე ცუდი რა უნდა გააკეთო ადამიანმა ცხოვრებაში? როცა რაღაცას იწყებ და შემდეგ იმის თავიც აღარ გაქვს, რომ გააგრძელო და დასასრულამდე მიხვიდე. თითქოს, აქედანვე ხვდები, რომ მორჩა, დასრულდა. რომ აზრი აღარ აქვს და ახლა, უბრალოდ დგახარ, არც პირდაპირ იყურები, არც მარცხნივ და არც მარჯვნივ, არამედ — უკან. გაჰყურებ, აკვირდები, იხსენებ, და საბოლოოდ შეიძლება იმ დასკვანმდე მიხვიდე, თითქოს ამ გზის გავლით, რომელიც გაწყვიტე, ისე, რომ შუაშიც არ მისულხარ, უკვე შენი ყველა შესაძლებლობა ამოწურე. იმის მიუხედავად, რომ უამრავი რამ არ გინახავს, მაინც ფიქრობდე, რომ რაც საჭირო იყო ყველაფერი ნახე და ახლა დროა, იცი, რომ შენი დროც დადგა. მართალია, ნაადრევად, მაგრამ არ გეშინია. იმის მიუხედავად, რომ სიკვდილი შემზარავად ლამაზია, მაინც უცდი, მოთმინებით, როდის შეგახებს თავის უსულო, უფერო, უსხეულო, მაგრამ მაინც მუქ, შავ, უკუნით ხელებს, რათა საკუთარ სამფლობელოში შესვლის ნება დაგრთოს. ელოდები, თუმცა არსად ჩანს. არადა, გრძნობ, რომ ახლოსაა. შენს გვერდითაა. გიყურებს, გაკვირდება და ხვდება, იმდენად სუსტი ხარ, რომ არ ღირს მორიგი დაუძლურებული სულის გატაცება. იმის ბედნიერებას არ განიჭებს, რომ ნაადრევად წაგიყვანოს. გტანჯავს, კიდევ უფრო გაბეჩავებს, გცდის, კვლავ გაკვირდება იქამდე, სანამ საკუთარ თავში სიცოცხლის გაგრძელების უნარს არ იპოვი, იქამდე, სანამ საბოლოოდ არ წამოიმართები და შემდეგ, მთელი თავისი სიძლიერით ისე გასკდება, თითქოს ბეტონის დიდი კედელი იყო და ამ დარტყმას აიტანდე, თითქოს მორიგ მიწაზე დაცემას გაუძლებდე... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.