წერილი უცნობ გულისწორს
ზოგჯერ არასერიოზულიც უნდა იყო, იმედია მომიტევებთ. გამარჯობა. თქვენ მე არ მიცნობთ, მაგრამ გარწმუნებთ სულით-ხორცამდე თქვენი მონა-მორჩილი ვარ. ღმერთო... კინაღამ დამავიწყდა, გილოცავთ სიყვარულის დღეს. რატომ გეცინებათ? ცოტა ადრე მომივიდა არა? მაგრამ თუკი იკადრებთ ერთ რჩევას მოგცემთ, 15 აპრილს ისევ წაიკითხეთ წერილი. როგორ ხართ? თუმცა რატომ გეკითხებით, ვიცი რომ გადასარევად იქნებით, რომელიღაც მეექვსე გრძნობით ვგრძნობ, მე ხომ უხილავი ძაფები მაკავშირებს თქვენთან. ამ წერილს როცა ვწერდი და თქვენზე ვფიქრობდი ცხრა მუზა გარს შემომერტყა, ალყაში მომაქცია და გონება ამირია, პირველი ერატო იყო, სასიყვარულო პოეზიის მუზა, სწორედ მან იმარჯვა, შთაგონება გამიმრავალფეროვნა და თქვენზე ლექსი შემათხზევინა. “რა ლამაზი ხარ ქალაუ, დამსგავსებიხარ იასა, შემოფეთებით ქარი ხარ წახვალ და ტოვებ ნიავსა, სადაც შენ დაიმარხები ... ვაი იმ ეკლესიასა.” ხომ კარგი ლექსია?... იმედია არასერიოზულ ადამიანად არ ჩამთვლით, პირიქით სერიოზული და ამწუთას ძალიან დარდიანი ვარ. ... ალბათ იცინით ... იცინეთ, იცინეთ, სიცილი სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის (შეიცავს A, B, C, D ვიტამინებს და პროვიტამინებს), მაგრამ - “იცინის ის ვინც ბოლოს იცინის”. მე კი ალბათ ბოლოს გავიცინებ. გვეყო ხუმრობა... დროა კომედიის მუზა, თალია თავიდან მოვიშორო და ცოტა თქვენზეც ვილაპარაკოთ. ვინ ხართ თქვენ ჩემი ოცნების ქალი? რომელი მხარიდან მოსულხართ?... აქედან თუ იქედან?... და ვინც არ უნდა იყოთ თქვენ: - ჩინელი თუ ინდოელი, ღარიბი თუ მდიდარი, მეკვლე თუ მაშვრალი, ვწერ და გიღებთ გულის კარს. ვახ მეე... სწორედ ეს წუთია მესამე - სიმღერისა და ჰიმნის მუზა, პოლიჰიმნია შემომაფრინდა. “ტირიმ, ტირიმ, ტირიმ, ტირიმ, ტირიმტიი! ტარამ, ტარამ, ტარამ, ტარამ, ტოოო! არ გეწყინოს ძვირფასო უცებ რომ გიღალატოო!” უფ, რამდენი ვიმღერე. კარგია თქვენთან საუბარი, დასანანია მხოლოდ, რომ პასუხს ვერ მცემთ. გამიგია - “მარტო ლაპარაკი უზრდელობააო”, იმედია უზრდელად არ ჩამთვლით, მართალია მიყვარს ბევრი ლაპარაკი, მაგრამ როგორც ამბობენ, თურმე მასაც აქვს დადებითი მხარე. ნეტავ თქვენი ხმა გამაგონა, მაშინ ჩემს ცხოვრებას განსხვავებული ელ-ფერი მიეცემოდა, ჩემი თავ-გზააბნეული გრძნობა კი თქვენი გულისკენ მომავალ სწორ გზას დაადგებოდა. იქნებ ღმერთმა ინებოს და შევხვდეთ ერთმანეთს ოდესმე, ურთიერთს თვალი შევავლოთ, სული და გული გავიმრავალჟამიეროთ. ეეხ, ეს წყეული მუზები არ მშორდებიან, თავს მევლებიან, ფუტკრებივით დამბზუიან და გონებას ჭინჭარივით მისუსხავენ, ახლაც მეოთხე - ლირიკული პოეზიის მუზა, ევტერპე შემომიჩნდა, თვალთ დამიბნელდა, ვეღარაფერს ვხედავ და შორეულ, მიუწვდენელ სიყვარულს მივსტირი. “ვინ წამართვა შენი თავიი, ბედმა რატომ გამწირააა.” არა ასეთმა სტრიქონებმა შეიძლება ცრემლებამდე მიიყვანოს ადამიანი, ამიტომ ჯობია გავიცინოთ, დარდი გულიდან გადავირეკოთ, ხელები გავშალოთ და ვიცეკვოთ... ზუსტად, რომ დროა, რადგან სულის სიღრმეში მეხუთე, ცეკვა-თამაშიის მუზა ტერფსიქორა შემომიძვრა. აბა ვიცეკვოთ, ე კარგია... ხელები მაღლა ასწიე, ბეჭებში გაიჯგიმე... მიდი ჩაუსვი... ტაში-ტუში, ტაში-ტუში... კარგია, კარგია... შენი ჭირიმე. “დიმპი ტაური, ტაური, ტაური, დამპი ტაური, ტაური, ტაური, დიმპი ტაური, ტაური, ტაური... ჰე.” გენაცვალე... მეც ამაცეკვე, ნამდვილად ჯადოსნურია ქართული ცეკვა-თამაში, რა ბედენაა მასთან შედარებით ვალსი ან ტანგო, სამბა ან რუმბა, კანკანი ან კაპოეირა, ბუგი-ვუგი ან ბრეიკ-დანსი... ქართული ცეკვა ღმერთების საკადრისია, დიდი სიამოვნებით ვიცეკვებდი თქვენთან ერთად, ქარიშხალივით შემოგევლებოდით და ცეკვის ქარ-ცეცხლით თავ-ბრუს დაგახვევდით... ნუ იცინით და არასერიოზულად ნუ აღიქვამთ ჩემს სიტყვებს... თორემ! მუზები აღარ მასვენებენ, მუქარის ასასრულებლად სადღა მცალია, კაცი სულ მთლად დამისაკუთრეს, ხელში ჩამიგდეს და ღმერთმა იცის რას მიპირებენ. მეექვსე - ტრაგედიის მუზა მელპომენე მელასავით მომეპარა, მომელაქუცა და ჩემს გონებაში დაიდო ბინა. დარდი შემომაწვა, ჩემი უპასუხო სიყვარულის მთელი ტრაგიზმი გავითავისე, უბედურია ის ადამიანი, ვისაც ცალმხრივი სიყვარულით უყვარს. დაღვრემილი ხელში ვიღებ ფუნჯს, გობელინს, მოლბერტს და დარდის გასაქარვებლად გხატავთ. გხატავთ თქვენ - ენითაუწერელ არსებას. აი სუფთა ტილოზე ნელ-ნელა იძენს ფორმას სალუქი სხეული, ღვთაებრივი სახე და მომაჯადოებელი ღიმილი... მე ვბაძავ რუბენსს, გამსგავსებთ მის შედევრებს და ხოტბას გასხამთ. “ტანო-ტატანო, გულწამტანო, უცხოდ მარებო, ზილფო კავებო, მომკლავებო, ვერსაკარებო, წარბ-წამწამ-თვალნო მისათვალნო, შემაზარებო, ძოწ-ლალ-ბაგეო, დამდაგეო, სულთწამარებო.” მშვენიერი ტილო გამოვიდა, თქვენი ხატება მოწყალე თვალებით მიმზერს, მიხარია და ღმერთს მადლობას ვსწირავ. ალბათ ჩემს ახირებაზე გეცინებათ, ალალი იყო თქვენთვის ეს სიცილი, მაგრამ იცოდეთ ყველაფერში დამნაშავე მუზებია, ეს ზღაპრული არსებები, მუზებმა შემქმნეს ასეთი, მეოცნებე და მოსიყვარულე, მუზებმა ჩამოაყალიბეს ჩემი პიროვნება, ჩემი ცნობიერება და გონება. თუმცა მთავარი მაინც თქვენ ხართ, თქვენ ხართ მუზების წარმოქმნის წყარო, ჩემი შთაგონების ობიექტი. აი ისევ შემომიტიეს მუზებმა, მეშვიდე - ეპიკური პოეზიის მუზა, კალიოპე რაინდივით დამეძგერა, ხელშუბივით ჩამერჭო ცნობიერებაში და თავიდან-ფეხებამდე შემავსო. მე კი მისი ზღაპრული უნარით დატყვევებული, მშვენიერებად ისევ და ისევ თქვენ მიგიჩნევთ. “მოელვარე ღაწვები, მწვავე ზაფხულს მიგიგავს, პაწაწინა გული კი ზამთარივით ცივი გაქვს,” გენიოსია ჰაინე... ამ პაწაწინა ლექსით მთელ ჩემს მდგომარეობას ასახავს, ხატავს ჩემებრ უიღბლო შეყვარებულს... ეეჰ დავიღალე უსასრულო ლოდინით... მუზებმაც დამქანცეს, ამიტომ გაგულისებულმა კეტით დავიფრინე ისინი. ვზივარ ახლა და თქვენზე ვფიქრობ... ძალიან მომენატრეთ... იმედი მაქვს, რომ სულ მალე გიხილავთ, ისევ შეგავლებთ თვალს. თქვენ მე არ მიცნობთ. სამაგიეროდ მე გიცნობთ კარგად. თქვენ ხომ ჩემი წარმოსახვის ნაყოფი ხართ, როცა თვალს ვხუჭავ მხოლოდ მაშინ ვტკბები თქვენი ხილვით, სიამოვნებით გიჭვრეტთ და სრულყოფილად შეგისწავლეთ. შეგიყვარეთ. იმედი მაქვს, ერთ მშვენიერ დღეს გიპოვით და გამოგეცხადებით, მაშინ მხოლოდ იმას გთხოვთ - იყოთ მოწყალე საცოდავი მიჯნურის მიმართ. ახლა კი ნახვამდის, დროა დავამთავრო, ალბათ ჩვენს შორის ისევ ჩამოწვება დამქანცველი სიშორე, განშორების ჟამს კი ისევ ჰაინრიხ ჰაინეს სიტყვებით დაგემშვიდობებით. ჩემი აზრით ამ ორ სტროფში მთელი ცხოვრებაა ჩაქსოვილი. “შეიცვლება ბოლოს ეს, დრო დადგება სხვაგვარი, გულს ზაფხული ეწვევა, ღაწვებს ცივი ზამთარი.” მუდამ თქვენზე შეყვარებული. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.