დედაჩემი ღამით მარტო ტირის
დედაჩემი ღამით მარტო ტირის. საბანში გახვეული ბალიშს ნელა და სევდიანად ასველებს ცრემლის წვეთებით, უხმოდ აკანკალებს დამძიმებულ ბეჭებს და ნელა, ძალიან ნელა იმშრალებს დანამულ ლოყას ბალიშზე, ზანტად აუსვამს და ჩამოუსვამს ნესტიან ნაჭერს იქამდე, სანამ ცრემლების შემშრალ კვალს ახალი არ დაფარავს. მე მხოლოდ ერთხელ მინახავს ატირებული და აქვითინებული დედაჩემი - როდესაც მან საკუთარი დედა დაკარგა. მახსოვს, ბებიის გარდაცვალების აუტანელ სევდას მუხლმოდრეკილი დედას ნახვა როგორ დაერთო. როგორც გახსნილ, სისხლიან ჭრილობაზე მარილის მოყრა, ისე ამეწვა რაღაც გულთან, არა, უფრო ღრმად, სადღაც მიღმურში ვიგრძენის ეს წვა. გაუსაძლისი და თეთრი, ძალიან თეთრი იყო ეს გრძნობა. მაშინ პირველად დაიბადა ჩემში იმის სურვილი, რომ დედაჩემი საკუთარ მკლავებში მომექცია და აღარასდროს გამეშვა, მყოლოდა უსაფრთხოდ და მომღიმარი, ბედნიერი. მე შავით მოსილი ოთახის შუაგულში, ნათესავებითა და ოჯახის წევრებით გარშემორტყმული, ქანდაკებასავით ვიდექი და გაშტერებული, თვალებგაფართოებული ვუყურებდი, ბებიაჩემის გულზე დამხობილი დედაჩემი როგორ ტიროდა. ღამით, როდესაც ჩემს ძმას მშვიდად სძინავს ჩემ გვერდით საწოლში, ვფიქრობ ხოლმე, რამდენად ბედნიერია ჩემი ძვირფასი დედა. ღამით, როდესაც ჩემს ძმას მშვიდად სძინავს ჩემ გვერდით საწილში, ვხვდები, რომ ძალიან შორს არის ბედნიერება ჩემი ძვირფასი დედასგან. ასეთ დროს მინდა, ავდგე, ღამის პერანგიანი გავვარდე ღამის ჰაერით გათოშილ ქუჩაში, მთვარის ვერცხლისფერ სხივებს თითებით შევეხო და ვიყვირო :"ვინ?! ვინ გადაწყვიტა, რომ ეს ადამიანი ასეთ ცხოვრებას იმსახურებს?!" მინდა, ვიყვირო: "რატომ არ შემიძლია მეტის შეცვლა?!" მინდა, ვიყვირო: "ღორი ხარ, მამა, ღორი!" მინდა, ძალიან ჩუმად, მხოლოდ ჩემი საყვარელი მთვარის გასაგონად, ვთქვა: "მე მაპატიე მის მაგივრად." დედაჩემი ძალიან მოხერხებულად მალავს საკუთარ სევდას. მამაჩემი ძალიან მოხერხებულად არ ინტერესდება არაფრით, რაც სცდება მის ეგოისტურ საზღვრებს. მე ძალიან მოხერხებულად მინდა, რომ ვიტირო, შემდეგ ვიყვირო და სადღაც შუაში შეშლილივით ავტეხო სიცილი. მე ფილმებში ვუყურებ, წიგნებში ვკითხულობ, მეგობრებისგან ვისმენ, როგორ ეხუტება ცოლ-ქმარი ერთმანეთს, როგორ მოწყვეტით და ღიმილით კოცნის ცოლ-ქმარი ერთმანეთს, როგორ საუბრობს ცოლ-ქმარი მშვიდი და ჩურჩულისმაგვარი სიტყვებით ერთმანეთში. და მე ვფიქრობ, როდესაც დედა ხედავს, კითხულობს, ისმენს ასეთი ცოლ-ქმრის ცხოვრების შესახებ, რამდენად მოხერხებულად მალავს აუტანელ სურვილს, რომ მასაც ჰქონდეს რაღაც მსგავსი. და მე ვფიქრობ, რა მოხდებოდა, მეორედ რომ შეუყვარდეს ვინმე. ვინმე, ვინც ჩაეხუტება, აკოცებს, დაელაპარაკება თბილი და ძალიან, ძალიან რბილი სიტყვებით. ვინც შეიყვარებს ისე, როგორც ამას დედა იმსახურებს. იმაზე მეტად, ვიდრე ამას დედა იმსახურებს. დედაჩემი ღამით მარტო ტირის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.