შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ველური ტყემლის ხე


8-02-2020, 20:14
ავტორი Mtvarisa abuladze
ნანახია 1 427

ველური ტყემლის ხე
რაღაც ფილმს ვუყურე,სათაურით
"ველური მსხლის ხე" . ეკრანიზაცია პროვინციელი, ცნობილი თურქი მწერლის ცხოვრებასა და კრახზეა ,რომელსაც წარმატებისთვის მხოლოდ ახლობლების აღიარება ჭირდება.
სიუჟეტმა ჩემი ეზოს ტყემალი გამახსენა. ერთადერთი ხე ბავშვობის მოგონებებიდან :
-დეე,ნეტა როგორაა ჩვენი ტყემლის ხე?!
პასუხს არ ველოდები ისე მაგდებს გონება ბავშვობაში.
პაპა(ს)ნაქება ზაფხულია.ტყემლის კვირტები თვალის დახამხამებაში მოგრძო,მწვანე წყლის ბუშტებად გადაიქცა და მთელი ეზოს ბავშვებს დილიდან დაღამებამდე თავისკენ გვიზიდავს. ერთადერთი ხეა ახალ დასახლებულ სოფელში,ოცდაათი მოსახლის ჩრდილიც ის არის და ხილიც. არამარტო ბავშვები,სიცხისგან შეწუხებული ცხვრებიც ირგვლივ შემოხვევიან და მისასვლელ გზას გვიკეტავენ.ხარბად დაკრეფილი ახალი ნაყოფით ორივე მუჭი სავსე მაქვს და ჯერ ისევ გაუმაგრებლებს კურკიანად ვღეჭავ.
-ნუ ჭამ მაგდენ უმწიფარ ტყემალს, "ჰავაჩალღუნში" ჩაგაგდებს!
მიჯავრდება ბებო .
-რაა ბები ჰავაჩალღუნი,ეგ ხომ არაქართული სიტყვაა?!
ტყემლით სავსე პირიდან ძლივსძლივობით ვლუღლუღებ და ბებოს დარიგებებზე გულიანად ვკისკისებ.
-რა და მუცელი აგტკივდება.რა ვიცი,რა სიტყვაა ჰელბეთ (კუთხ.ალბათ), ფოშებიდან (კუთხ.ბოშები) დარჩა.
მერე ბოშების ისტორიას ვაყოლებ, მეასედ,მეათასედ...
როგორ მოდიოდნენ მთაში კარვებით ჯგროდ, როგორ დაიდებდნენ ბანაკს გუნდ გუნდად.მერე მოედებოდნენ სოფელს კალიასავით და ყიდდნენ სხვა მხარეში მოპარულ და მოზიდულ ათას უცნაურ ნივთს. ზოგი მკურნალი იყოო,ზოგი მჩხიბავი.
ხმაურიანი ხალხი ყოფილა, ცივი იარაღით შეიარაღებულები გამუდმებით ჩხუბობდნენ, წიოდნენ და კიოდნენო ერთმანეთში.ხან წლობით ჩერდებოდნენ დაბანაკებულ სოფლებში,ხან კიდე უცებ აიკრავდნენ გუდანაბადს და მიდიოდნენო.
ერთი ასეთი გადახვეწის დროს პატარა გოგო დარჩენიათ სოფელში .ღარიბ ოჯახს უშვილებია და გაუზრდია. ლამაზი ქალები ყოლიათ ბოშებს, მაინც არავინ თხოულობდაო ცოლად მაგათ ქალს.ეს იცოდა ბანაკს ჩამორჩენილი გოგოს გამზრდელმა ოჯახმა და თავის ობოლ დისშვილს შერთოო ცოლად.
- ზირკლი (კუთხ.უქონელი)ჰუსეინას მეტი ვინ შეირთავდა ფოშა ქალს ცოლად. წყარო თავისი არ ქონდა და წესიერი სახლ-კარი.წყალზე საზიაროდ დადიოდა სამეზობლოში და იხვეწებოდა , ხან ვის ხან ვის კარზე. ეეჰ, ერთი კვირის სამყოფი მიწით გაქონდათ თავი.
კარგი ქალი კი დამდგარა ბოშა ქალი, სამი ლამაზი გოგოც უჩუქებია ჰუსეინასთვის, დედასავით ლამაზები და კალმით ნახატები ყოფილან.
-ჰამა რათ გინდა?!
გულდაწყვეტით აგრძელებს ბებო.
-ერთი წვალებით დაათხუა მისნაირ ზირკლებში...
უკვე დიდი ვარ. მგონია გავიზარდე და აღარც საყვარელ უმწიფარ ტყემალს ვეტანები მაინცდამაინც.აგერ სხვა ხილიც წამოიჩიტა ჩემი სხეულივით.ბოშების ამბავი ისევ ძველებურად მიყვარს და მოსვენებას არ მაძლევს.რატომღაც მგონია მეც ბოშათა ბანაკს ჩამოვრჩი და დედამ და მამამ გამზარდა.ალბათ ყველა ბავშვის ცხოვრებაში, ერთხელ მაინც ჩნდება ანალოგიური ფიქრი.
უკვე მთელ დღეებს სარკის წინ ვატარებ. ფეხები უაზროდ მეწვრილება და მეგრძელება,მკლავებიც რამსიგრძე მაქვს?! თვალები მედიდება,"ეს ტუჩებიც რამ დაბერა რა უბედურებაა" ვფიქრობ და კონტურით ვიწვრილებ შეძლებისდაგვარად. და მაინც , ვერცერთ ნაკვთან მსგავსებას ვერ ვპოულობ ჩემი თაფლისფერი თვალების და მუგუზავივით შავთვალება დედის და ცისფერთვალება მამას შორის .
-მეც ბოშა ვარ ბები ხომ, მითხარი გთხოოვ,ბანაკს ჩამოვრჩი და გამზარდეთ?!
ვეკითხები გაკვირვებულ ბების და სულგანაბული ველოდები პასუხს.მას სულ ეცინება ჩემს კითხვებზე და
მიცაცხანებს მისებურად.
საპასუხოდ ,იქვე , აივანზე ტოტებშემოლაგებულ ატმის ხეს ვწვდები, ორ მოზრდილ,ჩაწითლებულ ატამს ვწყვიტავ, კაბის კალთით ბუსუსებისგან ვასუფთავებ და უბეში ვილაგებ,იქ სადაც მომავალში ძუძუები უნდა მქონდეს.
-ნახე ბები,მერე მეც ასე ხომ მექნება ძუძუები შენსავით?!
მინდა საყვარელ ბებოსთან მსგავსება მაინც დავიჭირო და
არ ვნებდები,
არ ვნებდები,
არ ვნებდები...
იმ ატამივით გემრიელი მოგონებებიდან გამოვვარდი და ისევ ვკითხულობ:
-დედა,გკითხე მგონი , ტყემლის ხე როგორაა თქო?!
-ხე როგორ იქნება შვილო,რა კითხვაა,
დაგესიზმრა რამე?!
-დამესიზმრა!
-უკვე ავტომობილებს უშლიდა ხელს გზაზე გავლაში და მოვაჭრევინე მეზობლის ბიჭს. ვერ გეუბნებოდი...
თითქოს ის არტერია გადამიჭრეს,რომელიც ბავშვობასთან მაკავშირებდა
ჩემი ტყემლის ხე,
ჩემი ველური ტყემლის ხე,
ჩემი წარმატების საწინდარი...
(მ.აბულაძე 08/02/ 2020 წელი)




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent