ძველი ნაცნობი
გუშინ საღამოს ერთი ძველი ნაცნობი შემხვდა. სიმართლე რომ ვთქვა ბევრი წელია ერთმანეთს არ შევხვედრილვართ. დიდი კარიერისტი ვინმე კი იყო. რაც თავი მახსოვს სამომავლო გეგმებს აწყობდა და საოცარი ოსტატობით მიჰყვებოდა ხოლმე მათ. ვერასოდეს ნახავდი უმოტივაციოს. ამას მისი ოპტიმისტური განწყობილება ერთვოდა ზედ. ქარიშხალს ემსგავსებოდა და გინდოდა თუ არა მის გვერდით თუ აღმოჩნდებოდი შენც თავის ორომტრიალში გაგახვევდა და თავბრუსდაგახვევდა. ხო… რას ვამბობდი? მოკლედ მაგ საღამოს მარჯანიშვილის მეტროდან ამოვედი. ერთი სული მქონდა დახუთული, მაგრამ მაინც ჰაერად წოდებული მტვერი ჩამესუნთა. საშინელ ტაოტისა და ნესტის სუნს სწრაფად გავცლოდი. საათს, რომ დავხედე ათი წუთი კიდევ მქოდა. თეატრისკენ გავუყევი გზას, რომ გითხრა ფიქრებში გაჭრილი ტაატით მივუყვებოდი ასფალტსთქო ტყუილი იქნება. რამდენი ხანია მინდა ფიქრისგან თავი გამისკდეს, მერე მათ გადმოსათარგმნად სიტყვები არ მეყოს, მაგრამ მომკალი და ვეღარაფერზე ვფიქრობ. მოკლედ გზას ვაგრძელებ და უცებ ვიღაცას ვეჯახები. არადა, თავში საბოდიშო ტექსტი გავამზადე. როგორია კაფანდარა ქალს ჩემნაირი მუტრუკი რომ შეასკდება. სანამ მე ბოდიშის მოხდა მოვიფიქრე, ქალმა კისკისი მორთო და გადამეხვია, ამას ვის გადავეყარეო. შენ გგონია ეგრევე ვიცანი? - ვერა ბიჭო, ცოტა გამოვშტერდი კიდეც, აბა რანაირად უნდა მეცნო? ხომ გითხარი წლებია არ შევხვედრილვართ_თქო. მე კი ადამიანს ყოველ დღე თუ არ შევხედე მისი სახე მალევე მავიწყდება. არა ნუ იფიქრებ თითქოს მასთან დაკავშირებულ მომენტებს და გრძნობებს ვივიწყებ, უბრალოდ სახის ამოცნობა მიჭირს. რა ვიცი ალბათ აგნოზია მჭირს. მოკლედ, მე რომ აზრზე მოვედი ოდნავ შერცხვენილს მაშინვე გამინათთდა სახე. თურმე ეს ქალი ჩემი ძველი ნაცნობი არ აღმოჩნდა? ხოდა სასწრაფო წესით იქვე მდებარე კაფეში დავპატიჟე. ჰო, მართალი ხარ, არც კი გამხსენებია შენს დაბადების დღეზე რომ მოვიჩქაროდი. კაფეში შევედით თუ არა ცხვირი კონდიციონერის ცივმა და გამოფიტულმა ჰაერმა ამიწვა. ამ საზიზღარი ჟრუანტელის მიუხედავად, თბილისის ბინძური მხურვალებიდან გაქცევა სასიამოვნო აღმოჩნდა. ამ ჩემმა ნაცნობმა რამდენიმე დღეა გერმანიიდან ჩამოვედი და ძველი ნაცნობების მონახულებაში გამყავს თავზე საყრელი დროო. გამიკვირდა ახლა დრო თავზე საყრელი ვისთვის ან როგორაათქო, მაგრამ აღარაფერი ვუთხარი. ჯერ კიდევ არ გაევლო პირვანდელ გაოცებას ჩემთვის. მერე მოვიკითხე, მეთქი გოგო, რას აკეთებდი მაგ შენს გერმანიაში, ცხოვრება როგორ აიწყე-მეთქი… თურმე ნუ იტყვი, სასწავლებლად წასულს, ყველა ჩემი გეგმა სწავლასთან დაკავშირებით წყალში ჩამეყარაო. რომელიღაც მიყრუებულ სოფელში პირველი ორი თვე ვიღაც ნერვოტიკი ქალის სახლში გაუტარებია, რომელსაც გერის აღზრდაში დახმარება სჭირდებოდა. საბედნოეროდ ბავშვი ძალიან მშვიდი და გონიერი აღმოჩნდა, აი ჩემი მასპინძელის რაღა მოგახსენოო. ერთი კვირის თავზე საწმენდი საშუალებები დამილაგა წინ და სათითაოდ ამიხსნა რა რისთვის იყო საჭირო, გეგონება გამოქვაბულიდან ახალ გამოსული პირველი მას შევეჩეხეო. მომატარა ადგილები, სადაც უნდა დამესუფთავებინაო და მკაცრი ტონით ამიხსნა რა და როგორ უნდა მექნაო. მაცივარში ყველა პროდუქტს სათითაოდ ითვლიდა და ერთით მეტი ვაშლი რომ გერს შეეჭამა საშინელ დღეში აგდებდა საწყალსო. ასე ხვეტა- წმენდაში და თითქმის შიმშილობაში გავატარე ორი თვე და რომ მივხვდი არანაირი ფულის დამრიცხავი ეგ წუპაკი არ იყო, მე კი ვირივით უნდა მემუშავა, ავიკარი გუდანაბადი და გამოვიპარეო. წარმოდგენა არ მქონდა სად ან ვისთან მივდიოდიო. ამაზე სულ აღვშფოთდი. მეთქი გოგო, ასე უსიტყვოდ რომ წამოხვედი დამსაქმებლისთვის დაგერეკათქო. ორი წამი დამაკვირდა და მერე ისეთი სიცილი დამაყარა, პირში ენა ვეღარ მოვაბრუნე. ნათესავს ვენდე და მისი რეკომენდაციით ერთ-ერთი ,,დიდი ქალაქის დასაპყრობად`` წავედი, გადამთიელს კი არ გავუმეტებივარ მიკარგული სოფლისათვისო. გასაჭირის დროს ადამიანი ნაცნობობის გამოყენებას ყველგან შეძლებს, თუ მარიფათი აქვს და მოხერხება. ხოდა თამარა არც ერთის ნაკლებობას უჩიოდა და არც მეორესი. იქედან წამოსულს იმდენი მოუხერხებია, რომ ერთი ქართველი გოგოს დახმარებით ძალიან კარგი მასპინძლები უპოვია. ხელი სიცილით ჩაიქნია მთავარია მშობლები მომწონებოდნენ ბავშვები ფეხებზე მეკიდაო. ერთი კი გავიოცე მეთქი შენი დისშვილების გადამკიდეს, ბავშვები დასანახად არ გინდოდნენ და ამ დიზაინერმა ქალმა რაღა მომვლელობას მიჰყავი ხელითქო. თამარამ კი მომიგდო, სიახლეებისთვის გემო გაგება და ჩემი თავის გამოცდა მინდოდაო. მერე რა ქენი როგორ გამოსცადე მეთქი… მასპინძლები მართლაც რომ კარგად შეურჩევია, აი ბავშვების ფეხზე დაკიდებით ცხოვრებამაც ფეხზე დაიკიდა ჩვენი თამარა. ისედაც შეძულებული ბავშვები კიდევ უფრო შეაძულეს პატარა ონავარებმა და მთელი დარჩენილი რვა თვე თმაზე და ტანსაცმელზე ჩატარებული ექსპერიმენტების დათვლაში გაუტარებია. ვკითხე თუ ესეთი აუტანლები იყვნენ მანდედანაც რატომ აღარ წამოხვედითქო. რა გარანტია მქონდა ამაზე უარეს ადგილას, რომ არ ამომეყო თავი და შეუჩვეველ ლხინს შეჩვეული ჭირი მერჩიაო. თანაც ჩემი შვილის მამას სხვაგვარად ვერც გავიცნობდიო დააყოლა ბოლოს. აი აქ კი პირისკენ წაღებული ჩანგალი ხელიდან გამივარდა. კარიერისტი თამარა, რომელიც კაცს ადამიანად არ აღიქვამდა და ბავშვებს დასანახად ვერ იტანდა, ამ წლების განმავლობაში ბავშვებს უვლიდა, გათხოვილიყო კიდეც და საკუთარი შვილის გაჩენაც მოესწრო, კარიერა კი სადღაც ჯანდაბაში მოესროლა. ჩემს გამოშტერებაზე, რომ მაგრად ხალისობდა მაგას მის თვალებში აცეკვებული ეშმაკები მაუწყებდნენ. არც ვაციე და მივახალე, მე შენში მუდამ ცნობილ შინაბერა დიზაინერს კატით ხელში ვხედავდითქო. ისევ გულიანად გადაიხარხარა და მომიგო, არც დიზაინერი ვარ, როგორც ჩანს აღარც შინაბერობას მიქადის ბედიო და კატებზე ისეთი ალერგია მაქვს ორი მეტრის დაშორებით რომ ჩამიაროს ისტერიულ ცემინებას ვიწყებო. მაინც ჩავეკითხე სწავლის გაგრძელებაზე ხელი საბოლოოდ ჩაიქნი თუ როგორაა საქმეთქო? თამარამ მხრები აიჩეჩა. სიმართლე გითხრა, რომ დავფიქრდი არც არასდროს მაინტერესებდა ეგ შენი დიზაინიო. არადა, როგორ მახსოვს დაიკავებდა ათას ფურცელს ხელში. მერე ხანაც რომელი გაუსხლტებოდა ხელიდან, ხანაც რომელი. მომვარდებოდა აღტაცებული და მანახებდა ხოლმე თავის ესკიზებს. ახლა თურმე პატარა ყვავილების მაღაზია აქვს სახლთან ახლოს, ფეხით ხუთი წუთის სავალზე და ისეთ თაიგულებს ამზადებს თურმე ნუ იტყვი. დიდ დროს სახლში ვატარებ ჩემს შვილთან და ქმართან ერთადო. ყველაფერი მაქვს რაც მაბედნიერებს და რა თავში ვიხლი დიზაინის უაზრო კურსებსო. ცოტახანი თვალმოუშორებლად მიყურა, შენ თუ ხარ ბედნიერი მაგ შენი მწერლის კარიერითო. სიმართლე გითხრა პასუხი არ მქონდა. ხომ იცი ბედნიერება ეს ის თემა ყოველთვის საკამათოდ რომ მიწვევს. მერე იცი რა მითხრა? ამას წინათ ერთ-ერთი მწერლის ინტერვიუს ვუსმენდი და ასეთი რამ თქვაო. თურმე უსიყვარულოდ დაწერილი წიგნების ფასი კაპიკია და მეტი არაფერიო. ეშმაკურად ამომხედა და დაამატა, ამიტომაც დაკარგე მკითხველი და შენმა წიგნებმა უკანა თაროებზე გადაინაცვლესო. მეთქი გოგო აბა რას ამბობ? რამდენი წელია არ გინახივარ და უსიყვარულოდ გატარებულ წუთებს როგორა მწამებ, ან საიდან იცი ჩემს მკითხველებს თავში რა უტრიალებთ -მეთქი. ის კი ისევ იღიმოდა და ეს ღიმილი კანზე ტაოს მაყრიდა. გულში ისიც გავივლე რა ბედმა შემახვედრა ამ ჩემი ცოდვით სავსეს. ახლა წესით ღვინის ჭიქას უნდა ვცლიდეთქო. ფიქრს ისევ მისმა წკრიალა ხმამ მოწყვიტა. თვალებში გეტყობა შენი ცეცხლი დიდი ხანია რომ ჩამქვრალიაო. აი მანდ უკვე სუნთქვა შემეკრა. ის კი ისევ განაგრძობდა. ადამიანს, რომელიც სიყვარულით სავსეა, თვალებიდან ნაპერწკლები ისე უცვივა, მისი დამალვის ყოველნაირი მცდელობას მასში არსებული სიყვარული წვავსო… ეს წვა კი ისეთ კვამლს იწვევს ერთ ადგილას რომ არ ტრიალებს და ბორგვას აწყებინებს კაცსო. შენ რომ ახლა სიყვარულის კვამლი თვალებიდან კურცხალს გაყრევინებდეს, ერთ ადგილას გახევებული მასეთი ბრაზმორეული სახით არ მომაშტერდებოდიო. ყავის ჭიქას ხელი დაავლო და ისევ ისე გამიღიმა, როგორც დღევანდელი შეხვედრის დასაწყისში. აი როგრო დავემშვიდობე ეგ უკვე აღარ მახსოვს. აღარც შენს დაბადების დღის წვეულებაზე მოვსულვარ. აღარც სახლში… |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.