მინდვრის ყვავილები
სალბის ფოთლების ჩაის დალევის შემდეგ, მარიამს გუნება გამოუკეთდა, უსიამოვნო გრძნობები სადღაც გაქრნენ. რამდენიმე დღე სახლიდან არ გასულა,მხოლოდ ეზოში თუ გამოვიდოდა, ყვავილებს მოეფერებოდა, დამჭკნარ ფოთლებს შეაცლიდა და წყალს დაუსხამდა. შემდეგ ის ბიჭიც გადაავიწყდა და გადაწყვიტა ახლომდებარე ადგილები დაეთვალიერებინა, თან ყვავილების ახალი ჯიშებიც მოეძიებინა. წიგნი და პლედი მოიმარჯვა და ბედნიერმა გასწია უცხო ადგილებისკენ. პირველივე, გვირილებიან მინდორზე წამოწვა და სახე მზეს მიუფიცხა. სიო სასიამოვნოდ ელამუნებოდა მის სხეულს, განსაკუთრებული გრძნობებით აივსო. თავისი გადაწყვეტილებით ასეთი კმაყოფილი არასდროს ყოფილა. ბავშვობიდან მოყოლებული სულ დიდ პასუხისმგებლობას გრძნობდა, რომელსაც მას მისი მშობლები აკისრებდნენ. თავად რა სურდა, არასდროს ყოფილა გადამწყვეტი. სხვას რა სურდა, ის იყო მნიშვნელოვანი. ამ ყველაფერს ძლიერ განიცდიდა, თუმცა არასდროს არავისთვის უთქვამს. თანაც არავის უკითხავს რას გრძნობდა.არც მეგობრები ჰყოლია ისეთი, რომლებიც მის გულისტკივილს მოისმენდნენ. საყვარელი ადამიანი რომელიც მოზარდობის ასაკში შეუყვარდა, ახლო მეგობრის ღალატის გამო დაკარგა. დიდი ხანი ფიქრობდა რომ ეს ყველაფერი დაივიწყა, თუმცა წარსული ყოველთვის ხელს უშლიდა ახალი ურთიერთობების დაწყებაში. ეგონა, რომ დრო განკურნავდა ყველაფერს, მაგრამ მისი პირველი სიყვარული, რომელიც ასე ტრაგიკულად დასამარდა, წლების განმავლობაში სდევდა თან. გრძნობა არ იყო ეს, დამახინჯებული ემოციები გამოჰყოლდა. ქუჩაში გამვლელ შეყვარებულ წყვილს, სითბოთი ადევნებდა თვალს და ჩუმად გულში ბედნიერებას უსურვებდა. სწორედ, ამ ყველაფრიდან გამომდინარე ახლა ეს გარემო, ეს სიმშვიდე მისთვის სრულყოფილების გარანტიას ჰქმნიდა. უცებ ხმაური შემოესმა, ვიღაცის ფეხის ხმას მიამსგავსა. თვალები გაახილა, წამოიწია და სანამ რამის გარჩევას და დანახვას შეაძლებდა, კეფაში მწარე ტკივილი იგრძნო. თვალთ დაუბნელდა და უგონოდ დაეცა მიწაზე. თვალები უცხო ოთახში გაახილა. თავიდან ვერ მიხვდა სად იმყოფებოდა, წამოჯდომა სცადა, მაგრამ თავში ძლიერი ტკივილი იგრძნო და სხეული მოუდუნდა. თავბრუ ესხმოდა და პირღებინების საშინელი გრძნობა ჰქონდა. სად ვარ? უკანასკნელი ღონე მოიკრიბა და სუსტი ხმით დაიძახა. არავინ გამოპასუხებია. გარედან ხმადაბალი საუბარი ისმოდა. ხმების მიხედვით ქალი და კაცი უნდა ყოფილიყვნენ. გარემო შეათვალიერა, უბრალო ოთახი იყო, ქვის კედლებით. ერთი საწოლი და ერთიც პატარა მაგიდა იდგა, ვაზაში მისი საყვარელი ქრიზანთემები ეწყო. როგორც იქნა წამოდგომა შესძლო, კართან მივიდა და დააკაკუნა. თვალთ დაუბნელდა, მხოლოდ იმის დანახვა მოასწრო, როგორ შემოვიდა ოთახში მაღალი შავგვრემანი მამაკაცი, ხელში ნაზად აიყვანა , საწოლზე წამოაწვინა და ბალიში გაუსწორა.მკაცრი სახე ჰქონდა, თუმცა ადვილად დაინახავდით მის ნაღვლიან თვალებში ჩამდგარ სიკეთის სხივებს. -დღეიდან, თქვენ აქ იცხოვრებთ, ცივი ხმით გამოეპასუხა თითქოს, მარიამის არდასმულ კითხვას. მარიამს ყელში ბურთი გაეჩხირა, ტკივილისგან თვალები აეწვა, არც ლაპარაკი შეეძლო და ისეთი გრძნობა გაუჩნდა , თითქოს სადღაც უსასრულობისკენ მიცურავდა და ეს უკანასკნელი მის ჩაყლაპვას ცდილობდა. კეფის მწვავე ტკივილმა თავისი გაიტანა და გონება ისევ დაკარგა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.