შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული


24-11-2020, 20:44
ნანახია 710

რაღაც მიზიდავდა ანდამატივით და მაფრთხობდა ნადირივით. ჯერ ვერც ვხვდებოდი, ვერც ვიაზრებდი... ქარიანი ამინდები იყო, მე კი სულე მეხუთებოდა, სუნთქვას მიკრავდა მონატრება, ეჭვიანობა, სიბრაზე. . .
უკვე მერამდენედ, (ნეტა მერამდენედ) დამიპყრო გრძნობამ, რომელსაც ოდესღაც „სიყვარული“ ეწოდა.
ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი - ეს სიტყვა გონებას არ გამოუგონია, გულმა შექმნა.
დიახ, გულმა! არის რამდენიმე სიტყვა ადამიანთა ენაში, რომელთა გამოგონება - გამოთქმას ტვინს ვერ დააბრალებ, გულის ნათქვამია.

რა აღწერს იმ ბედნიერ განცდას, როცა შევიტყვე, რომ შენც მოგწონდი, თავდაპირველად ეს ყველაფერი ბავშვურ თამაშს ჰგავდა, და მერე, დრო რომ გადის, ხვდები, რომ თურმე ესაა ყველაზე ბედნიერი ხანა სიყვარულში; ისევე, როგორც ბევრი ზრდასრული ადამიანი ბავშვობის პერიოდს მისტირის, ის ყოფილაო ყველაზე ბედნიერი და ხალასი დრო ცხოვრებაში.
დიახ, სწორედ ეს: როდესაც ელი, გეგმებს აწყობ, ოცნებობ დღეზე, როდესაც „ის“ უნდა ნახო. ათას კაბას მოისინჯავ - მოიხდენ, სარკეში სახის მიმიკებს, გამომეტყველებას ამუშავებ, მრავალნაირ ვარცხნილობას და მაკიაჟს ამუშავებ და ეს ყველაფერი იმ ერთისათვის. . .
და ის ერთი? ის გრძნობს იგივეს? განიცდის? იქნებ მის გულშიც დაიბადა რაიმე მსგავსი, ან. . . თავს იწონებს შენი მისდამი გრძნობით, რომელიც თავს არ მალავს, თვალებში კრთის.
კი, მასაც მოსწონხარ, უნდიხარ. მშვენივრად ხვდება რატომ თრთი და იბნევი, რატომ გეცვლება ფერი, თან ცდილობ, სიმშვიდე შეინარჩუნო, მაგრამ ეს უფრო სასაცილოს გხდის.

და მან იცის, იცის, რომ შეყვარებული ხარ, სიყვარული გიყვარს. იცის, რომ ეს ბევრჯერ მომხდარა, კარგად მოეხსენება არაერთხელ უნახავს გაწბილებული ქალის გამომეტყველება, თვალები, რომელიც კვლავ სიყვარულს ეძებს....
ბავშვური თამაში სხვა ეტაპზე გადადის, პაემანს პაემანი მოჰყვება. ეს ხომ უბედნიერესი წუთებია.. ცოტა ცინიკოსია? ცოტა თავის თავზე შეყვარებული, ცოტა თავში აუვარდა? დაე ამისი მიზეზი მე ვიყო.
მაგრამ თითქოს რაღაც ისე არ არის, თითქოს რაღაც არ მომწონს.
უბედნიერესი ვარ, როდესაც ჩვენს ბინას ვუახლოვდები, ჩვენსას, სადაც შეხვედრები ხდება, სადაც უნდა მატერიალიზდეს ჩემი გრძნობები და ემოცია. უფრო მიყვარდება, უფრო ვგიჟდები, ვინთქმები მასში და მინდა, მსურს რომ ეს სამუდამოდ გაგრძელდეს. შეჩერდი წამო! - მინდა ვიყვირო ცნობილი ფრაზა.
- უკაცრავად.
ყველაფერს თავისი დასასრული აქვს, მიუხედავად ჩვენი სურვილებისა.
ყველაფერი თითქოს კარგადაა, კმაყოფილია ჩემი დაპყრობით, მაგრამ საქმე ხომ სხვაც ბევრი აქვს.
- . . . ხომ არ ვიჩქაროთ უკვე?
ან: კარგი, დროა, ჩავიცვათ.
დროა(!) რა უსიამოვნოდ რეკავს ეს სიტყვები. ვერ ვიტან, მძულს.
ან სად მიეჩქარება ყოველთვის? არ შეიძლება სრულიად გაათავისუფლოს დღე ჩემთვის? რა საქმეზე გარბის? საქმეზეც ვეჭვიანობ. იქნებ სხვა ქალთან? ყველა მე ვარ. მე მინდა ვიყო!


* * *

უფრო იშვიათი ხდება შეხვედრები. ტელეფონზე საუბრისას ირონიული ტონი მხვდება ყურში. აღარც ერიდება ჩემი თანდასწრებით იმაზე საუბარს, რომ ვიღაც „აუგდია“, რომ ვიღაცას „ეკეტება“ მასზე.
დასასრულს მიუახლოვდა. ყველაფერი დამთავრდა.
ვცდილობ, ძალა გამოვიჩინო, ნებისყოფა მოვიკრიბო, დრო გავიყვანო მეგობრებთან, ფილმებთან, წიგნებთან და რაც მთავარია: ჩემს საქმესთან. ამან მიშველა დროსთან ერთად. თუმცა ხანდახან თითქოს რაღაც იფეთქებს, გამონთავისუფლდება სადღაც ჩარჩენილი გრძნობა და მოედება ხოლმე მთელ ჩემს არსებას. ისევ მახსოვს, მენატრება.
და ერთ მშვენიერ დღესა თუ საღამოს კვლავ ვხვდები ვიღაც სხვას, რომელიც ნელ - ნელა იპყრობს ჩემს გულს.
ახალი სიყვარული კლავს ძველს და მოდის ახალი ენერგიით, ემოციების აფეთქებით, ახალი პრობლემებით.. .
იქნებ ამჯერად არ მელის გულის გატეხვა?
ის მაშინ დასასრულს მიუახლოვდა. მეც ახლა სხვა მიყვარს და ამ დასასრულებს დასასრული არ აქვს.

და შუალედში, როდესაც საკუთარ თავს ვუღრმავდები, როდესაც ამ ყველაფრის გაანალიზებას ვიწყებ, მუდამ ამოტივტივდება ხოლმე ერთი აზრი:
წარმავალია ადამიანთა გრძნობები, როგორც თვითონ არიან წარმავალნი.
მარადიული გრძნობისაკენ ვილტვით, მასზე ვოცნებობთ და მას ვითხოვთ.
ვითხოვთ იმას, რისი გაცემაც თავად არ შეგვიძლია.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent