შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ათინას დამღუპველი მომენტი


13-01-2022, 03:38
ავტორი ათინნა
ნანახია 628

ათინასთვის ერთ - ერთი ყველაზე დამღუპველი მომენტი სწორედ მაშინ დგებოდა, როდესაც ადამიანს გაიცნობდა. გაიცნობდა არა ისე როგორც პირველი შეხვედრისას ეცნობიან ერთმანეთს, არამედ ისე თითქოს წლებია უკვე ერთმანეთის გვერდით გაკვალულ ბილიკებზე მოაბიჯებენ. მისთვის საინტერესო მთელი ეს გაცნობის პროცესი იყო. და არა შედეგი. შედეგი მოეწონებოდა თუ არა, ამაზე დიდად არც კი ფიქრობდა.
ისე როგორი საინტერესო მომენტია ადამიანის გაცნობა. ადამიანებს ხომ არ აქვს იმის გამბედაობა რომ მივიდნენ ნებისმიერ სხვასთან ასე თვალახვეულნი, გაეცნონ, გამოელაპარაკონ. მაშასადამე, არსებობს რაღაც კრიტერიუმები, რაღაც დაფარული ძალები რომლებიც უბიძებთ მათ ამ ნაბიჯის გადადგმისკენ. მართლა არსებობს რაღაც შინაგანი ხმა, რომელიც ჰკარნახობთ, რომ აუცილებლად უნდა მივიდნენ, დაუახლოვდნენ, თუმცა რანაირად? როგორ? რა ძალის ზეგავლენით? ადამიანები ხომ მაშინაც კი შედარებით კოხტად და ლამაზად გამოწყობილ, სანდომიან მოქალაქეს აწუხებენ ქუჩაში, როდესაც აინტერესებთ, თუ რომელი საათია. გეთანხმებით, ეს ხერხი მოძველდა, დღეს თითქმის აღარავის აქვს ის პრობლემა გაიგოს თუ რომელი საათია, თუმცა ქვეცნობიერში, გაუაზრებლად მაინც იმათკენ მიილტვიან, რომლებიც თვალს მოსჭრიან.
ათინა ამ მხრივ არ იყო გამორჩეული. თუმცა როგორც უკვე გითხარით, მთელი პროცესი ენითაღუწერელ სიამოვნებას ჰგვრიდა. როგორც პატარა გამომძიებელი, ისე იკვლევდა „მას“. ჩუმად აკვირდებოდა, თუ რა მოსწონდა. რა არა. რა ანიჭებდა ბედნიერებას. და რა არა. როგორ საუბრობდა. თვალებში უყურებდა საუბრისას, თუ აქეთ - იქით აცეცებდა. ეს პროცესი არაერთხელ გაუიგივებია საახაწლოდ შეფუთული საჩუქრის გახსნასთან. ჯერ სიმეტრიულად და თითქოს ერთი ხელის მოქნევით შეკრული ბაფთა უნდა გახსნა, შემდეგ გარედან ულამაზესი ქაღალდი ნელ - ნელა შემოაცალო, ყუთი გახსნა, და მოკლედ, სანამ თითებით არ ეხები საჩუქარს ვერ კმაყოფილდები. ხოდა, ასე ნელ - ნელა, გამოზომილად და მშვიდად, დროში გაწელილად ხსნიდა სხვადასხვა ფენებს. ნელ - ნელა და მოკრძალებულად ძვრებოდა ადამიანთა სხეულებში, მათი სულის გამოკვლევა ჩვევად ექცა. და ვერ ხვდებოდა ეს სიღრმეები კარგი იყო თუ ცუდი. იქნებ სჯობდა მხოლოდ ზედაპირულად და ზერელედ აერჩია ისინი ვისაც დაეკონტაქტებოდა, იქნებ ასე უფრო მარტივი ყოფილიყო. მაგრამ მერე რამხელა რაღაცას ჰკარგავდა, ღმერთმანი...
ათინასთვის ყველაზე დიდი ბედნიერება იმას მოჰქონდა, როცა ხედავდა როგორი აღტაცებით საუბრობდა ადამიანი მის საყვარელზე. ჰო, საყვარელზე, ოღონდ წიგნზე, ფილმზე, მუსიკაზე, და ჰო, თუნდაც საყვარელ ადამიანზე. აღტაცება რომ ყელში ებჯინებოდათ, თვალის გუგები უფართოვდებოდათ, მთელი სხეულით რომ გადმოსცემდნენ იმ ყველაფერს რაც შიგნით ჰქონდათ დაგროვილი.
მაგრამ ეს დიდხანს არ გრძელდებოდა. ეს ანგრევდა ათინას. უნდოდა სულ შეცნობის პროცესში ყოფილიყო. ადამიანის შეცნობის პროცესში. სულ ახალს ეძებდა. მის ახალ თვისებებს, მისწრაფებებს, ინტერესებს. რაც შეიძლება შორს უნდოდა მოესროლა ის მომენტი, როცა ყველაფერი გაუფასურდებოდა. და აღარ იგრძნობდა აღმაფრენას დიალოგის მომენტში, მხოლოდ იმიტომ რომ ის გაიცნო, მხოლოდ იმიტომ რომ მასზე ყველაფერი იცის. და ახალი აღარაფერია, რაც გამოაფხიზლებს... და ხშირად მონატრებაც კი სტანჯავდა ხოლმე. ენატრებოდა ის დრო, როცა ჯერ კიდევ უცნობები იყვნენ ერთმანეთისათვის, კრძალვით და შეფარვით ესაუბრებოდნენ ერთმანეთს. ერთმანეთს შორის არსებულ დამაკავშირებელ უხილავ ძაფებს თან რომ ამჩნევდნენ, მაგრამ არც იმჩნევდნენ...
თუმცა დარწმუნებული იყო, როგორ ძალიანაც არ უნდა ეცადა, რამდენიც არ უნდა ემუშავა საკუთარ თავზე, მაინც ვერ მოახერხებდა ადამიანების ისე არჩევას, იმ პრინციპით არჩევას, როგორსაც გარეთ მიმართავენ, სანთებელას როცა ითხოვენ. იმ ორ უცნობს შორის, ერთმანეთს სხვა გარემოში რომ შეხვედროდნენ შეიძლება სულ სხვა ურთიერთობა, სხვა დიალოგი არსებულიყო, თუმცა ახლა ისევ ისეთი უცნობები არიან ერთმანეთისათვის, როგორებიც სულ რამდენიმე წუთის წინ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent