შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

(Mi/E)Rror


20-01-2022, 23:24
ავტორი ჰაიკო
ნანახია 1 275

არც დღე იყო, არც ღამე.
სქელ, სევდისფერ ნისლს შეესუდრა ირგვლივ ყველაფერი, მატერიალურიც და არამატერიალურიც..
თუმცა გარშემო არაფერი იყო დამამძიმებელი, მაინც ისე ვგრძნობდი თავს, თითქოს სხეულის თითოეულ სანტიმეტრზე მილიონობით ცოდვა მაწვებოდა.
მივხვდი, რაშიც იყო საქმე.
კოჭებთან შემოხვეულ მსხვილ, უხილავ ჯაჭვებს დავხედე და ამოვიოხრე.
ჯაჭვი ჩემი ტერფიდან იწყებოდა და სადღაც უსასრულობაში მთავრდებოდა.
ცოდვები ერთმანეთს რგოლებივით ჩახვეოდნენ..
ფეხაკრეფით ჩავიარე ობმოდებული ქვის საფეხურები და მუხის მძიმე კართან ხელი გამიშეშდა, ღია იყო. ნახევრად.
შესვლა ვცადე, მაგრამ ამაოდ...

"..მსაჯული მოვა, 
იწყება გლოვა,
და მომგვრის მწუხრებს -
როგორც მარწუხებს,
ჯვარი მძიმეა, ტვირთი - მაწუხებს.."

სისხლჩაქცევებით გაფერადებული მხრებიდან ფრთხილად ჩამოვიღე და იქვე, კარების გვერდით მივაყუდე ნესტისგან აშმორებულ კედელზე.
- შემოდი.
ხმა იყო უკიდურესად ცივი.
ხორკლიანი,
სევდიანი,
რაღაცნაირი,
არაამქვეყნიური..
არაამქვეყნიური?
ლამის სიცილი წამსკდა, პირზე ხელისგული მივიფარე.
მე ხომ ისედაც არაამქვეყნიურში ვარ.
ჭრილობიდან სისხლმა გამოჟონა და ტუჩებზე მემლაშა. სასწრაფოდ მოვიშორე..
ჩავახველე, ყელი ჩავიწმინდე და სამი მოკლე ნაბიჯით ოთახის შუაგულში ვიდექი.
გაუბედავად მიმოვიხედე.
ოთახი - კვადრატული ფორმის, შავი ხის მაგიდა, ორი სკამი, მაგიდაზე ფურცელი, მელანი, ბატის ბუმბული. მხოლოდ ბუხრიდან ბჟუტავდა მინავლებული ნაკვერჩხალი, ირგვლივ სიკვდილის სუნი იდგა.
უცნაურად მომეჩვენა კედელზე სარკის არსებობა.
- იმისთვის, რომ არ დამავიწყდეს, ვინ ვარ, - ჩემს ფიქრებს გამოეპასუხა სარკიდან მომზირალი სილუეტი.
უხმოდ დავუქნიე თავი და დავაკვირდი. მზერა დავძაბე.
ის წყვდიადს შერეოდა, მხოლოდ სილუეტის ნახევარს ვხედავდი. განძრევას ვერ ვბედავდი. ის კი მიყურებდა, მიყურებდა და ისევ მიყურებდა.
მიკვლევდა.
ჩემს ფიქრებს კითხულობდა.
ემოციებს აკვირდებოდა.
სახეზე არც სისასტიკე ეწერა, არც სითბო. უცნაური, უემოციო სახით მათვალიერებდა.
მუშტისხელა ნერწყვი გაჭირვებით ჩავყლაპე.
- უნდა გამიშვა... - ამოვღერღე ძლივს.
- ვერ გაგიშვებ, - ჩვეულებრივად, უემოციოდ მიპასუხა.
- მე...
- ვიცი, - ნელა დააქნია თავი და თლილი თითებით მოკლე, მეჩხერი წვერი მოიწიწკნა, - თუმცა... - ჩაფიქრდა.
ეს კარგად მენიშნა.
რამდენიმე წუთს დუმდა.
- ადამიანები მეორე შანსს არ იმსახურებთ, იმიტომ რომ თქვენს წამიერ ცხოვრებას ისე ანიავებთ, როგორც.. - მის ხელში ნაცარი გაჩნდა, სული შეუბერა და მერე კვლავ გამომხედა ნიშნისმოგებით.
თავი ჩავღუნე.
სათქმელი არფერი მქონდა.. ან რა უნდა მეთქვა? ადამიანები მართლაც ვანიავებთ ჩვენს შანსებს, თუნდაც ბედნიერებისას, რომელიც ცაზე გაელვებული კომეტასავით წამიერად ჩნდება, უნდა მოასწრო მისი დაჭერა, უნდა მოასწრო ბედნიერების თითოეული წუთით ტკბობა, თორემ შეიძლება ჩვენს არც ისე ხანგრძლივ არსებობაში მეტად აღარ მოგვეცეს ამის საშუალება, უნდა დაიჭირო, ცოდვიან ხელისგულებში მოიქციო და ცხვირთან მიიტანო, ბედნიერებას განსხვავებული, უცნაურად ტკბილი სურნელი აქვს..
ის, რა თქმა უნდა, მართალი იყო ჩემს წინაშე.
როგორც ყოველთვის.
და მე დამნაშავე ვიყავი მასთან.
ესეც, როგორც ყოველთვის.
უფრო ახლოს მივიწიე სარკესთან, სილუეტმაც მოიწია. ჩვენ ხომ ყოველთვის ასე ვიყავით, მთელი ცხოვრება ერთმანეთისკენ ვილტვოდით.
ხშირად გვივლია ქარში.
წვიმაში.
ნისლში.
გაუსაძლის სიცხეში.
ხშირად სათითაოდ გამოგვიცლია დასისხლიანებული ფეხისგულებიდან წამახული ეკლები და გზა გაგვიგრძელებია ერთმანეთთან შესახვედრად, მაგრამ..
მაგრამ ამაოდ. მოჯადოებულ წრეზე დავდიოდით, ერთმანეთს ვერ ვუახლოვდებოდით. ან მე ვიყავი ცენტრი და ის ჩემს გარშემო იდეალურ წრეზე მოძრაობდა, ან პირიქით.
ალბათ, უფრო პირიქით.
ჩვენს ფენომენალურ ქმნილებაშიც ხომ ასეა, სულის და სხეულის ერთიანობა ქმნის იდეალურ პროდუქტს, იდეალური პროდუქტი - საკუთარი თავით კმაყოფილების ემოციაა, რომელსაც ან აღწევ, ან ვერა. თუ აღწევ, მაშინ ანგელოზი ხარ, თუ ვერ აღწევ - ცოდვილი. ანუ ადამიანი.
ჩვენ ყველა რაღაცისთვის ვისჯებით.
გონების რომელიღაც დაჩლუნგებული უჯრედიდან დანტემ გამიღიმა.
სილუეტს დავაკვირდი. მანაც შემომხედა უტეხი, ტკივილიანი შავი თვალებით.
ერთმანეთს ვერ ვიტანდით. უფრო ზუსტად - მე ვერ ვიტანდი მას, რადგან არასდროს ჩუმდებოდა. ყოველთვის ღრიალებდა მჭიდროდ მოკუმული ტუჩებით.. და ამის გამო მეზიზღებოდა ყოველთვის.
- არასდროს მისმენდი, - უხმოდ დამიყვირა ახლაც.
რა იქნებოდა, რომ მომესმინა?
გარეთ, კედელზე მიყუდებულ ჯვარზე ჩამომჯდარმა ყორანმა უშნოდ დაიჩხავლა.
ჰო, რა იქნებოდა, რომ მომესმინა? ერთი რგოლი მოაკლდებოდა ჯაჭვს თუ უფრო მსუბუქი ხისგან გამომითლიდნენ ჯვარს?
ჰმ... გამომითლიდნენ?
რა სისულელეა.
ამ ჯვარს ხომ მე თვითონ ვთლიდი, ყოველდღიურად, ყოველწუთიერად....
თავი გავაქნიე უსიამოვნო ფიქრებისგან გასათავისუფლებლად.
- მე ყოველთვის შენთან ვიქნები, - უხმოდ, საზარელი ღიმილით გამიღიმა.
- შენ ისედაც ყოველთვის ჩემთან იყავი, - შესაბამისი ღიმილით ვუპასუხე მეც.
საკუთარ უბედურებაში ყოველთვის ვეძებთ მას, რასაც ჩვენს ბინძურ, აყროლებულ ხელებს შევაწმინდავთ, მერე ეკლესიაში დიდ სანთელს დავანთებთ და უნამუსოდ გამოვაცხადებთ:
"მე ხომ ყოველთვის კარგად ვიქცეოდი, რატომ ვისჯები?"
ამ სამყაროში ყველაფერი შეფარდებითია, შენი "კარგად მოქცევა" სულაც არ ნიშნავს რომ "კარგად იქცევი", თუნდაც სარკიდან მომზირალი სილუეტისთვის, ამ უფორმო, უწონო, საზიზღარი არსებისთვის.
- წაიკითხე, - პატარა წიგნაკი გამომიწოდა.
მხოლოდ ცნობისმოყვარეობის გამო ჩამოვართვი, გადავშალე და დავაკვირდი.
"თავდაპირველად იყო სიტყვა და... "
დენდარტყმულივით შევხტი, წიგნი ხელიდან გამივარდა და იატაკზე მოფენილ ძვლებზე ხმაურით დაეცა.
- შენს შეკითხვებზე პასუხი მოძებნე, - უხმოდ შემაქცია ზურგი და გამშორდა.
ერთხანს გაუნძრევლად ვიდექი და წიგნს დავყურებდი, შემდეგ ნელა დავიხარე, ავიღე და ჯიბეში მოვათავსე.
...გარეთ ისევ მელოდა ჯვარი.
ჯაჭვიც მოჩხრიალებდა ჩემს უკან.
"თავდაპირველად იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან, და ღმერთი იყო სიტყვა..."
ჯვარს ქვემოდან შევუდექი და კიბეებს ნელი, მძიმე ნაბიჯით ავუყევი.
გავთავისუფლდი...
სარკესთან მორიგ შეხვედრამდე, რა თქმა უნდა.


[H]



№1  offline წევრი Life is beautiful

გიყურებენ და ხედავენ ადამიანს, უყურებ თავს და ხედავ ურჩხულს,თუ ეს არ მოგწონს. მომამიება...
როცა ბრმა არ ხარ, ხედავ იმას რაცას აკეთებ, მაგრამ ეს მოგწონს. ეს მაზოხიზმია, რადგან საკითარ თავს იმ ყველაფროსთვის იმეტებ.
საოცრად შემოაღწია ჩემს სულში, პატარა კოლოფი იპოვა, იქ ჩაძვრა და დაიმალა. ♡♡♡

გამიხარდა თქვენი დაბრუნება♡

 


№2  offline მოდერი guroo

ღმერთო, როგორ ჰგავს აკაცუკის დაჯგუფების წევრს ფოტოზე ასახული ბიჭი/გოგო.
ჩახვედი საკუთარი ჯოჯოხეთის მეცხრე წრემდე?
ამ ახალ წლებში ვუყურებდი "დიკინსონს", კარგი სერიალია, შენც გირჩევ. ემილი დიკინსონის გარშემო ტრიალებს სიუჟეტი. ბოლო სერიებიდან რომელიღაცაში დანტესთან ალუზიაა და ახლაც მაგიტომ გამახსენდა. ვიცი, რომ მოგეწონება. ბოლოს და ბოლოს, მე შენ ისე გიცნობდი, როგორც პოეტს.
და უნდა ვაღიარო, რომ ამ ჩანახატით უბრალოდ კი არ მოვიხიბლე, არამედ გაკვირვებული და გაოცებული, სახტად დავრჩი და გაგიჟებამდე ძალიან მომეწონა.
მდიდარი ლექსიკა, უმმმ!
ტროპული სახეები, კიდევ უფრო მეტად უმმმმ!
ირეალური, მაგრამ კარგად დადგმული სანახაობა იყო.
ხშირად დაგვიწერე ასეთები.

 


№3  offline წევრი ჰაიკო

Life is beautiful
გიყურებენ და ხედავენ ადამიანს, უყურებ თავს და ხედავ ურჩხულს,თუ ეს არ მოგწონს. მომამიება...
როცა ბრმა არ ხარ, ხედავ იმას რაცას აკეთებ, მაგრამ ეს მოგწონს. ეს მაზოხიზმია, რადგან საკითარ თავს იმ ყველაფროსთვის იმეტებ.
საოცრად შემოაღწია ჩემს სულში, პატარა კოლოფი იპოვა, იქ ჩაძვრა და დაიმალა. ♡♡♡

გამიხარდა თქვენი დაბრუნება♡



გამარჯობა. საკუთარ თავს თუ უფრო ხშირად გავიმეტებთ სარკესთან სასაუბროდ, ვფიქრობ უკეთესი იქნება, რადგან აღარ გაგვიჭირდება რეალობის აღქმა და მასთან ადაპტირება.
მადლობა რომ წაიკითხეთ და თქვენი აზრი დააფიქსირეთ.
მეც მიხარია თქვენი დანახვა, მართლა.
♥️

guroo
ღმერთო, როგორ ჰგავს აკაცუკის დაჯგუფების წევრს ფოტოზე ასახული ბიჭი/გოგო.
ჩახვედი საკუთარი ჯოჯოხეთის მეცხრე წრემდე?
ამ ახალ წლებში ვუყურებდი "დიკინსონს", კარგი სერიალია, შენც გირჩევ. ემილი დიკინსონის გარშემო ტრიალებს სიუჟეტი. ბოლო სერიებიდან რომელიღაცაში დანტესთან ალუზიაა და ახლაც მაგიტომ გამახსენდა. ვიცი, რომ მოგეწონება. ბოლოს და ბოლოს, მე შენ ისე გიცნობდი, როგორც პოეტს.
და უნდა ვაღიარო, რომ ამ ჩანახატით უბრალოდ კი არ მოვიხიბლე, არამედ გაკვირვებული და გაოცებული, სახტად დავრჩი და გაგიჟებამდე ძალიან მომეწონა.
მდიდარი ლექსიკა, უმმმ!
ტროპული სახეები, კიდევ უფრო მეტად უმმმმ!
ირეალური, მაგრამ კარგად დადგმული სანახაობა იყო.
ხშირად დაგვიწერე ასეთები.



გურამ, შენი დანახვა მიხარია და გარკვეულწილად სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი.
კი, დიდი ხანია ჯოჯოხეთის მეცხრე წრეზე ვარ და არც დანტეა ჩემთვის უცნობი :)
პოეზია/პროზას რაც შეეხება, სანამ ლექსების წერას დავიწყებდი მანამდეც ვჯღაბნიდი პროზის მიმართულებით, თუმცა არც ისე პოპულარულია ჟანრი, რომელშიც ვწერდი.
ვეცდები ხშირად მოგაწოდოთ ჩემი მოკრძალებული ჩანახატები. ეს ჩანახატი კი ალბათ მართლაც ნორმალური გამოვიდა, თუ შენი ასეთი შეფასება დაიმსახურა, რადგან დიდ პატივს გცემ როგორც პიროვნებას, და როგორც შემოქმედს, ჩანახატების ოსტატს.
მადლობა კიდევ ერთხელ.
--------------------
"...ზოგჯერ დუმილი აუტანელი რომ იცვლის ფორმებს,
არად დაგიდევს აღარც ეთიკას და აღარც ნორმებს!"
[H]

 


№4  offline წევრი Chocolate from White Hell

ტაკს...პირველ რიგში, გამარჯობა...
ზედმეტად შინაურული არ და შენობით მოგართავთ, თუ არ გეწყინებათ:დდდ(იმედი კი მაქვს ისე..)

რას ვამბობდი....ლექსებით გაგიცანი. ზოგადად, ლექსები არ მიყვარს. მეტიც, გულს მიწიოკებს კითხვაც კიი, მაგრამ....არის ერთი მაგრამ:დდდ
შენს ლექსებზე, სულ ჩასაფრებული ვიყავი ხოლმე. ვერ გეტყვი, რომ ყველა მახსოვს, ან ის მაინც თუ მახსოვს-ყველა წამიკითხავს თუ არა, თუმცა ერთს უეჭველად გეტყვი...შენი ლექსები, ჩემთვის საყვარელი ლექსების მოკრძალებულ სიას შეემატა, რომელიც ძალიან მცირე და კოპწია იყო(მხოლოდ სამი, თუ ოთხი საყვარელი ლექსი მქონდა...). შემდეგ გაბევრდა და გაიზარდა სია:დდდ მთლად ლექსები ვერ შემიყვარდა, მაგრამ ყურადღება კი მიიქცია...

შემდეგ იყო დავიწყება და არ დავიწყება:დდდ
ოოხ, წყურვილი ისე მომეწონა...თან ვამპირობები, ჩემთვის ყველაზე საყვარელი, საინტერესო და ჩემეული თემაა, ერთი სიტყვით::დდ
ბევრი ვიხალისე-პლაგიატობაზეც...
იმის გამკვირვებია...იშრომებ, დაწერ რაღაცას, გინდა მკითხველს გაუზიარო, ერთად იცუროთ ემოეციების ზღვაში და ჰოპ, მოგაძახებენ, ნუ იპარავ რაღაცებსო. უმსგავსობაა...

კიდევ შემდეგ, იყო და არის ჩანახატი...
პირველ რიგში, სახელით დავიწყებ.
ცოტა ხანს, ისე ჩამითრია სახელმა, მილიონი აზრი ამერია გონებაში, დანაწევრდა, გზის გაგნებას ეცადნენ და რომ დავლაგდი, უშუალოდ ნაწერზე გადავედი.
აქაც წავაწყდი "წინააღმდეგობას".
თითოეული სიტყვა, მძიმე, წერტილი და სხვანი, იმდენად ბევრ აზრს იტევს, უნდა დაუფიქრდე და ისე წიაკითხო-რამე რომ არ გამოგრჩეს...
მეც ვიჯექი და ყველაფერს, ორჯერ მაინც ვავლებდი თვალს. მინდოდა, ერთიანად შემესრუტა და ეგრეც მოვიქეცი...ერთი ისეთი ამოვისუნთქე, სარკის მიღმა დავტოვე ყველა ემოცია..
არ ვიცი, საოცარი რომ ხარ, ამას თქმა უნდა?

ჩემმა თავმა, მართლა ERROR-ი მითავაზა სახეში...
ნუ, არ ვიცი...ზედმეტია სიტყვებიც კი.
ან რა უნდა გითხრა ისეთი, რაც არ გეცოდინება?!
იმედი მაქვს, მალე შეხვდები სარკეს და შენს მკითხველსაც ამცნობ მაშინვე...))))

განა არ გკითხულობ...:დდ მაგრამ ჩემი ნათქვამი, ვერ მოვა შენს ნაწერებთან, ან თუნდაც შენი საოცარი მკითხვის შეფასებებთან...(კი, ყველას აზრი მნიშვნელოვანია ავტორისთვის, თუმდა...:დდდ)..
ამიტომ, ვჩუმდები და უბრალოდ გისმენ.

ზოგჯერ კი ამოვაფრქვევ:დდდ სულ ჩუმად ყოფნაც არ შემიძლია.
მოკლედ, თავს აღარ მოგაწყენ:დდდ

ჰო მართლა,..
გამიხარდა, შენი დაბრუნება..✿ ♡‿♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent