ყველა ფერი ჩაქრა (სრულად)
დღეს ბევრი ფერი უნდა ვიყო. ფეხზე სტაფილოსფერ წინდებს ვიცვამ, მწვანე კაქტუსებიანს. მიყვარს, იმიტომ, რომ ისეთია, პირდაპირ თვალებში რომ ესობა უცხო თვალს. ტკივილით არ სტკენს, უფრო აკვირვებს ხოლმე. მათ სახეებზე გაკვირვებასთან ერთად კიდევ ერთხელ შემოხედვის და ათვალიერება-ჩათვალიერების სურვილს ვკითხულობ არცთუ იშვიათად. წარმოიდგინეთ, მართლა ურცხვად ვუმზერ, როგორ მოძრაობს მათი თავი ზემოდან ქვემოთ და შემდეგ - პირიქით. მიყვარს, როცა სხვების ყურადღებას ვიქცევ. ჩემი საყვარელი ჰობია. ჯინსის ძალიან მოკლე შორტს არაფერი შეედრება ჩემს გარდერობში. მუხლის კარგა ზემოდან მექცევა ხოლმე და იმდენ სიშიშვლეს აჩენს, რამდენიც საჭიროა, რომ მათი მაყურებლის სისხლში ჰორმონები აჩქროლდეს. აი, აქ უკვე ფრთხილად, ქალბატონებო და ბატონებო! თავი აკონტროლეთ, შარვლის უბეზე მტკივნეულად მოწოლილი ერე.ქცია და უხერხული სისველე შეიკავეთ. ახლა ისეთი თავდაჯერებული ვჩანვარ, ნეტავ, რეალურადაც ასეთი ვიყო, როცა მართლა აღმოვჩნდები ხოლმე მსგავს სიტუაციებში. იმაზე ვფიქრობ, რომ ყველა ჩემი ქმედება, ფაქტობრივად, მაინც იმ მოტივს ატარებს, რომ კიდევ და კიდევ, განმეორებით გადავსინჯო ჩემი ძალები თავდაჯერებულობასა და სიმორცხვეს შორის გამართულ თანასწორ ბრძოლაში; გავარკვიო, რომლის მხარეს დავდგები და დავამარცხებთ მეორეს. ვერაფრით ვახერხებ, რომ ყურადღების მიქცევის უკონტროლო სურვილს შევეწინააღმდეგო. ქვეცნობიერში ღრმად ჩაბეჭდილი კოდივით არის, თან სუპერ აქტიური, და გამუდმებით თავის ჭკუაზე მატრიალებს. როგორი ცარიელიც არ უნდა ვიყო ამ სურვილისგან, ერთი გადაულახავი ბარიერი მაინც მაქვს ფერადი წიდების სახით. თითქოს განგებ ვხერგავ ბრძოლის ველიდან გასაქცევ გზას, როცა სხვანაირ, ანუ ჩვეულებრივ და თვალში მოუხვედრებელ წინდებს არ ვყიდულობ. ჩემში პატარა დავით აღმაშენებელი ცხოვრობს, როგორც ჩანს, და "ეპატაჟურობა VS შეუმჩნევლობა" დიდგორის ბრძოლაა, სადაც ჩემს მეომრებს უზარმაზარი სანგრებით გადავუკეტე უკანდასახევი გზა. ახლა კი, ეს პატარა დავითი, ყვითელ მაისურში ვძვრები გამხდარი და დაუკუნთავი სხეულით. ისე, მთლად მაისურიც არ არის. ყელთან სამი ღილი ეკვრება და ნახევრად პერანგის სტილშია. გასული საუკუნის ოთხმოციან წლებზე გადაღებულ ფილმებში მინახავს საკმაოდ ჭარბად, იქ ყოველ მეორეს ასეთი აცვია. წვრილი ზოლები აქვს, ღია მწვანე, მკვეთრი ცისფერი და ამათ შუაში თითქმის შეუმჩნეველი თეთრი ზოლი გადის. სამივე მჭიდროდ მიტყუპებულია, მაგრამ მთლიანი მაისურ-პერანგის სიგრძეზე დიდი დაშორებებით მეორდება. სარკეში რომ ვიყურები, ან მობილურით გადაღებულ ფოტოებს რომ ვათვალიერებ ხოლმე, ძალიან მომწონს ვრცელი სიყვითლე. თავისი ხიბლი და განსაკუთრებული სილამაზე აქვს ერთფეროვან ინტერვალს, თანაც ამდენად ფართოს, თანაც ყვითელს - ჩემი საყვარელი მზისფერს. აუჰ, მზე! ფარდებს ვწევ კიდეებისკენ, რომ სხივები შემოსრიალდეს. გეფიცებით, სითბოსთან ერთად სასიცოცხლო ენერგიების უხვ შემოდინებასაც ვგრძნობ. მზე უსასყიდლოდ მმუხტავს ყოველდილით, თუკი ცა არ ფარავს ხოლმე სხვა დეკორაციებით შეკაზმვის სანაცვლოდ. ისე გამოდის, რომ ცა მზეს ღალატობს, მე კი - არასდროს - და სულ მადლიერებით ვარ სავსე. იმიტომ, რომ ის დაუყვედრებლად ზრუნავს ჩემზე. ლურჯი კონვერსები მაკლია. მასაც ვიცვამ. ახლა ყავა მაკლია. ვიდუღებ. მკითხაობის ურიგოდ ჩატარებული რიტუალიც მაკლია. ძირში შემორჩენილი ნალექით გატენილ ჭიქას თავქვე ვამხობ. გული ამოვარდნას მაქვს. ოღონდ მკითხაობის გამო არა. მთლიანი სახლის სიგრძეზე, წინა მხრიდან, ბევრ თაღიანი, დიდი აივანია. ამ აივნის ბოლოს, სადაც ჭიქა ამოვატრიალე ყავაზე სამკითხაოდ, გასაგიჟებელი კოლექცია მაქვს ასეთივე ჭიქებიდან ჩამოღვრილი და შემდგომში უკვე გამომხმარი ნალექებისა. წრიულად დაწუწებული სიყავისფრეები ფეკალიებივით ჩანს. მაგრამ მოწესრიგებული თანმიმდევრობით და თანაბარი დაშორებებით არის სწორ ხაზში ჩამწკრივებული. და, აი, ამას რომ ვუყურებ, რაღაც ამაღელვებელს ვგრძნობ. ჯერ ერთი, უჩვეულოა და ლამაზი და, მეორე, გარდასულ დღეებთან სიახლოვის განცდას, მოუწყვეტელობის ილუზიას იწვევს. სამი თვის წინ რომ გამოვიდე თავი და კოლექციონერობა დავიწყე, თითქოს, კავშირი არ გამიწყვეტია ამ ოთხმოცდაათ დღესთან; წარსულის მთელი ეს მონაკვეთი მაგრად მოვბღუჯე და ხელს აღარ ვუშვებ და ამის გამო თავი უძლეველი მგონია. წინდებზე კაქტუსებიც კი თრთიან, მართლა ისეთი განსაცვიფრებელი კოლექცია მაქვს. ღმერთო, რაღამდენი ხანი ველოდო? ყავაში ჩახედვის დროა. ცუდად მხდის ჭიქის ძირში შემორჩენილი ბნელი სიშავე. სამგლოვიარო შავი კაბის შავი ფატასავით ახურავს თეთრ ფაიფურს და მთლიანად ფარავს. მაღლა, ჭიქის პირთან, საავდრო ღრუბელივით არის მოქუჩებული ბლომად ნალექი. როგორც მუწუკი, ისე აქვს ჭიქის კედელზს გვერდზე გამოზრდილი და გამაგრებული. ვატრიალებ, ვაქანავებ, ვანჯღრევ და მაინც არ იძვრის. ძირიდან ორი ერთმანეთისგან დაშორებული სვეტი ამოდის, მკრთალია და შუაში თეთრი ჩუქურთმები მოუჩანს. გარშემო კი მუქი საზღვრები გასდევს, თითქოს ჩაკეტილი არხია ამ თეთრი ფიგურების გასადინებლად. ვხვდები, რომ ჭიქიდან სითეთრის განდევნაა მთლიანი სურათი და ბნელეთის გაბატონება - მთავარი გზავნილი. სინამდვილეში ლამაზია, რასაც ვუყურებ. მაგრამ მე ის მიყვარს, ნაცნობ ფიგურებს რომ დავინახავ ხოლმე და ლექისგან დატოვებულ ნაკვალევებს რამეს ვამსგავსებ. ახლა, ამ შავ წიაღში უკუნითი ღამის გარდა არაფერი მოჩანს და ცოტათი იმედგაცრუებული ვარ. ცუდადაც ამიტომ გავხდი. სისუფთავე მაკლია. ჭიქას ვრეცხავ და გასაშრობად ვაპირქვავებ. არაუშავს, რომ დღევანდელ სიფერადეს შავიც შეერია. მიზანიც ხომ ეგ იყო: ყოფნა ბევრ ფერად. ამასობაში ჩემებმაც გაიღვიძეს. დედა გამოდის აივანზე და მე რომ მხედავს, თავს უკმაყოფილოდ აქნევს. - ბავშვი აღარ ხარ, დათო. კაცს დაემსგავსე, ნორმალურ ადამიანს, თორემ ხომ ხედავ ასეთი არავის უნდიხარ. გადმოცემა არ ძალმიძს, რამხელა ზიზღი დგას ამ სიტყვების უკან. ნეტავ, შემჩნევა არ შემეძლოს. უმისოდაც ვიცი, რომ მეგობრები არ მყავს და ბაბაყული ვარ, როგორც მას უყვარს ხოლმე გესლიანად წამოძახება. თან ყოველჯერზე, ამის თქმისას, ჩემთვის ტკივილის მოყენების სურვილი კლავს და, სამწუხაროდ, გამოსდის კიდეც. გამონაკლისების გარეშე. გუშინ მეზობელი ბიჭის სახლიდან ყურისწამღები ხმაური გამოდიოდა. წვეულება ჰქონდათ და ჩემს გარდა ყველა დაპატიჟა იმ ბიჭმა. სულ არ გამკვირვებია. ერთმანეთთან შეხება დიდად არ გვაქვს, მაგრამ მაინც მეტკინა. გული დამისერა დაუნდობელმა იგნორმა. დედაჩემის ქცევებსა და ლაპარაკში კი გუშინვე შევამჩნიე კიდევ ერთი იმედგაცრუება და ამან მართლა რაღაც მისტიური სისხლივით გადმომითქრიალა დასერილი სულის სიღრმიდან. მშობლისთვის შვილი იმედგაცრუება არ უნდა იყოს. ვაჰ ჩემი, ძალიან უცხოდ ჟღერს! არასდროს გამომიცდია. ყოველთვის მაგრძნობინებდნენ ხოლმე ამად ყოფნას. ჩემში ყველა ფერი ჩაქრა. ექსტროვერტული განწყობიდან წამის მეასედში გადავინაცვლე მეორე უკიდურესობაში, შორისად გადებულ ბნელ უფსკრულს გადავაფრინდი უშველებელი ნახტომით და მთელი სიმძიმით, აკრეფილი სიჩქარით, მიზიდულობის ძალით, მივიწყებულით, ძირს დავენარცხე. ტანსაცმელს ვიხდი და საწოლში ვწვები. ვგრძნობ, რომ მინდა ერთადერთი რამ, ცრემლებისგან დაცლა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.