დაკარგული სოფელი
... სამყაროში ყველაფერს თავისი ზომა და ფორმა აქვს... ყველაფერს .. რაციონალურს ... ირაციონალურს .... სიყვარულს ... თანაგრძნობას ... ავტომობილს ... სახლს ... აფხაზეთი ... ლამაზი სოფელი ...პატარა გოგონას მეხსიერებაში სადღაც შორს კადრებს ინახავს ტვინის პაწაწინა უჯრედები ... ცისფერი, ორნამენტებიანი, მაღალი ჭიშკარი ... მძიმე ჭრიალით იღება ... თვალწინ უზარმაზარი , მოვლილი, მწვანედ მობიბინე ეზო იშლება ... ეზო, ნარცისების ბილიკებით შემოსაზღვრული ... ეზოს შუაგულში მხრებში გაშლილი მსხლის ხე ... კადრები ბუნდოვანია ... თუმცა გოფონა ხშირად ატრიალებს ფირს, რომ არცერთი მოგონება მიეცეს დავიწყებას ... ჭიშკრის მოპირდაპირე მხარეს ორსართულიანი, მოცისფრო სახლო დგას ... გვერდით - შვილივით მომცრო ტანის ერთსართულიანი, კოხტა მეგრული ოდა ... ოდაში ორი დიდი ოთახი ... სამზარეულო, მისაღები - მოსასვენებელი ... კადრები სამზარეულოდან - კედელზე ღომის სხვადასხვა ზომის ჩოგნები ... გამხმარი დაფნის ტოტები ... ყვითელი ყვავილის მძივები ... ხის თეთრი კარადა, ჭურჭლით სასვე ... გვერდით განიერი კასრი კიტრის დასამჟავებლად ... გობები ... ქვაბები ... შიგნით ღერღილი ... ფქვილი ... ყველაფერს ნამდვილი სუნი აქვს ... მისაღებ ოთახში ლამაზი, წითელი აგურით ნაშენი ბუხარი ... კავზე დაკიდული მრგვალი ქვაბი ... ღომი თუხთუხებს ... ცეცხლი ტკაცუნობს ... მქრქალად ჩანს ბაბუას სილუეტი სავარძელში ... გაზეთით ხელში ... სითბოს სუნი ტრიალებს ირგვლივ ... გოგონას მოგონება ოდადან გამოდის ... გზა დიდი სახლისკენ ... ოცდაორი საფეხური ... კიბეს აივლის ... სახლის ყველაზე აკრძალულ ადგილას ხვდება ... ოთახი ... ჭრელი ხალიჩით მოჩითული ... ერთ მხარეს ყავისფერი კარადების ჯარი ... ოთახის შუაგულში პრიალა მაგიდა ... მორჩილი, თავდახრილი სკამებით ... ნათელი ოთახი ... დიდი ფანჯრები ... ფანჯრის უკანა ეზოს ხედი ... დაბალი, მწვანე თხილის ხეები ... ერთი ... ორი ... ათი ... ოცდათხუთმეტი ... უფრო იქით ლიმნის პლანტაცია ... მამის დარგული ლიმნის ხეები ... კიდევ იქით ტყე იშლება ... მერე ... მერე? გონებას ძაბავს ... მერე მგონი მთები მოჩანს ... ზუსტად არ ახსოვს ... დიდი სახლის გვერდით ბაბუას ბიძაშვილის სახლი დგას ... დაბალი ღობე ჰყოფს ეზოებს ... შიდა გასასვლელი პატარა კარით ... კიბეებთან პატარა ტალავერია ... ყურძნის სუნით ივსება შემოდგომით კარმიდამო ... ნელ-ნელა კადრები იცრიცება ... სახლის სილუეტიც ფერმკრთალდება ... ჭიშკრის იქით მხოლოდ პატარა ხიდი ... მის ქვეშ პატარა ნაკადული ... და გზა, რომელიც უსასრულოდ გრძელია ... სამყაროში ბევრი გზა არსებობს ... მაგრამ საუკეთესო მაინც მშობლიურ სახლამდე მიმავალი გზაა ... სახლამდე, რომლის კარსაც შეაღებ ... და მიხვდები რომ "შინ" ხარ ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.