წვიმს...
11.05.2019 წვიმა.. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ წვიმა უბრალო მოვლენა არ ყოფილა, ეს უფრო ძვირფასი, მნიშვნელოვანი რამ იყო.მჯერა, რომ ეს ის ცრემლებია, რომლებიც ადამიანებს დროთა განმავლობაში გადმოსცვენიათ.ცრემლები, რომლებიც მიწას დანარცხებულან ბევრი სევდით, ტკივილით და ხანდახან სიხარულითაც კი. ცას უგროვებია, შეუნახავს და მოფრთხილებია, ხანდახან ვეღარ დაიტევს ხოლმე და ერთიანად გადმოუშვებს საკუთარ სევდასთან და ტკივილთან ერთად. რატომ ტკივილთან?! ცის ფერს დაჰკვირებიხართ წვიმისას? ის სხვა ფერია, პირქუში, ოდნავ მონაცრისფრო,ოდნავ მოლურჯო, ერთიანად გადაგვაფარებს ხოლმე მუქ ფერებად შეღებილ საბანს და იწყებს ტირილს, დროებით, თუმცა, ხანდახან საუკუნედ მოგეჩვენება ადამიანს ეს დროებითობაც. ყველა წვეთი თავის ისტორიას ინახავს და დაცემისას, ნაზად რომ შეეხება ნაბიჯებისგან დაღლილ გზას, გეჩურჩულება, თითქოსდა მის ისტორიას გიყვება. არც დღევანდელი დღე აღმოჩნდა გამონაკლისი. 11მაისი 2019 წელი, როცა ცამ გადაწყვიტა ახალი ისტორიები მოეთხრო. წვიმს... ჩემს ქალაქში ისევ გაწვიმდა... მაისია... დღეები ერთმანეთს ენაცვლებიან, წვიმიანები, ქარიანები და მზიანები... არ მოგწყინდება მათი ყურებით... უბრალოდ უნდა დატკბე... და დღეს, ისევ გაწვიმდა. თბილისის ცაზე გამოჩნდა მუქად მოელვარე ღრუბელთა ჯგუფი... ხალხი ქუჩებში მიმოიბნა, ნაწილმა ქურთუკი წამოიფარა, ნაწილმა დიდი ჩანთის კუთხეში მიგდებულ ქოლგას დაუწყო ძებნა, სიხარულით თვალებიც ანთებიათ, ქოლგა რომ გახსენებიათ დღეს დილით სახლიდან გამოსვლისას. ხალხი ბევრია, თუმცა ცოტა ადამიანი. აი ის ქალი, იმ ქუჩაზე რომ მირბის, შეხედეთ! სახლისკენ მიიჩქარის პურით ხელში, ძლივს ნაშოვნი ფულით ნაყიდი პურის დასველება არ სურს, თორემ საკუთარი თავი დიდად არ ანაღვლებს. სევდიანი თვალები ნახევრად გაუხელია, წვიმის წვეთები ეწვეთებიან ტკივილისგან დანაოჭებულ სახეზე, ჭაღარა შერეული თმა სულ მთლად დასველებია. პური ჩაუბღუჯავს და მირბის, აი სადარბაზოც, შევიდა, ალბათ როგორი შვებით ამოისუნთქავდა, დაღლილი მხრებით შენახული მშრალი პურის დანახვისას. შეხედეთ, ის კაცები, უბნის ყომარბაზებს რომ ვეძახი, ხითხითებენ, უსაქმურობისგან დავიწყებიათ ოჯახიც, საკუთარი თავიც და სახლში მისატანი საჭმელიც, მხოლოდ ნარდი და კაცთა მუსაიფი ახსოვთ, იცინიან, თუმცა წვიმა აწუხებთ, ნარდი სველდება, იგინებიან, სახლისკენ გარბიან. ერთს თავზე გუშინდელი გაზეთი დაუფარებია, მეორეს ნარდის დაფა, მესამე კი თავაწეული მიდის სადარბაზოსკენ. აი ისიც მოდის, მუშაობისგან დაღლილი, ყომარბაზებისთვის მხოლოდ შორიდან ნაცნობი მამაკაცი, ხელებზე ნაოჭები რომ შეჰპარვია და ოჯახისათვის ლუკმაპურის საშოვნელად წასული მშრალად რომ არ დაბრუნებულა. უკვე იცის, რომ სახლში მისული ავად გახდება, გაცივდება, მეორე დღეს კი სამსახურში ვერ წავა. აი ის კაცი ხომ გახსოვთ, ყომარბაზი, თავაწეული რომ მიემართებოდა სახლისკენ? აი ეგ, ხვალ არაჩვეულებრივად იქნება, ისევ გამოვა ნარდის სათამაშოდ, ხმაც მშვენიერი ექნება და ბევრსაც იცინებს კიდეც. ასეთია ცხოვრება, შრომა ასუსტებს ადამიანს, უშრომლობა კი აზულუქებს. ფანჯარაში ვდგავარ და სარკმელთან დაცემული წვეთები შხეფებად მეყრება სახეზე, ბედნიერი ვარ, სულაც არ მაწუხებს, მე ისევ განვაგრძობ ირგვლივ ცქერას. უბნის ბავშვები ცეკვავენ, უცბად დამდგარ გუბეებში დარბიან და ერთმანეთს ხელს ჰკიდებენ, ტრიალებენ და ულამაზესი, უბედნიერესი და გულწრფელი სახეებით ტკბებიან წვიმით, თუმცა უცებ ისმის ხმები, მოგუდულად, მაგრამ ისმის. რეზი! ამოდი სახლში მალე! ნინი, ელენე, მარიამ! და ასე გრძელდება მშობლების შეძახილები. რა ბედნიერები არიან არა?! მხოლოდ მათ შეუძლიათ გულწრფელად იცინონ, გულით უყვარდეთ და ბედნიერებით ტკბებოდნენ. ბავშვობა! ისევ წვიმს... გული სითბოთი მევსება, იმ კუთხიდან კი შეყვარებული წყვილი მორბის, გოგო აქ ცხოვრობს, ბიჭი მოაცილებს, იცინიან, კისკისებენ და თან ერთმანეთს იცავენ წვიმის წვეთებისგან. გოგოს სახე იცვლება, უკვე მონატრება აღებეჭდა, არ უნდა რომ გაუშვას, არც ბიჭს. წვეთებიან სახეზე ხელს უსვამს და გოგოც ინაბება. დაემშვიდობნენ. გოგო უყურებს. ბიჭი მიდის.. მოიხედა. რასაც ველოდი ის მოხდა, გოგო ისევ მისკენ გაიქცა და მჭიდროდ მიეხუტა. სიყვარულს ვერც წვიმა აღუდგება წინ. გოგო სახლში შევიდა, ბიჭმა მის ფანჯრებს აჰხედა და ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა. წავიდა, ოღონდ წელში ვეღარ გაიმართა, თავდახრილი ფრთებმოტეხილივით გაეშურა სახლისკენ, არადა ხვალ ისევ ნახავენ ერთმანეთს, მაგრამ ხვალამდე ბევრი წამია, ბევრი წუთი, ბევრი საათი, წვიმის ბევრი წვეთი, როგორ გაუძლონ?! ისევ... ვუყურებ ყველას, ვუყურებ მათ და ვხედავ წვიმაში გაშიშვლებულ მათ გრძნობებს,მაგრამ მე?! საკუთარი თავის დანახვას ვერიდები, არ მინდა ისევ ამეშალოს ფიქრები, ოცნებები, მოგონებები, თუმცა წვიმამ თავისი გაიტანა, წვიმიან ფანჯარაში ანარეკლს ვხედავ, ერთ მოგონებას მეორე მოჰყვება, მეორეს მესამე და არ გაჩერებულან, ერთი მეორეს ენაცვლებიან, მე კი ვდგავარ და არ ვიცი, სიხარულისგან თუ სევდისგან მორბიან ეს ცრემლები ჩემი თვალებიდან. ერთი დავარდა, მეორეც, მესამეს კი ხელის გულით ვიწმენდ, ვმშვიდდები, ვიხსენებ ყველაფერს, იმ სევდიან დღეებს, როცა მარტო ვიდექი, ყველას გარეშე. იმ ბედნიერ დღეებს, როცა მარტო არ ვიყავი, მაგრამ არ მყავდა ის, ვინც მჭირდებოდა. იმ დღეებს, როცა მარტო ვიყავი, სრულიად მარტო და არავინ მინდოდა. იმ დღეებს,როცა მარტო არ ვყოფილვარ, მაგრამ მარტო მინდოდა ვყოფილიყავი საკუთარ თავთან. იმ დღეებს, როცა მივხვდი, რომ ლოდინი არ ღირს, მოქმედება საჭიროა. იმ დღეებს, როცა დავიწყე საკუთარი თავის ძიება და იმ დღეს, როცა მე ის ვიპოვე. იმ დღეს, როცა მე შევიცვალე, დავიწყე ჩემი თავს გაცნობა. იმ დღეებს, როცა მე მიზნების შესასრულებლად დავიწყე ბრძოლა. იმ დღეებს, როცა მიზანს უფროდაუფრო მივუახლოვდი. და იმ დღეს, როცა აღმოვაჩინე, რომ ისევ ვიკარგები. იმ დღეს, როცა მივხვდი, რომ მარტო არ ვარ, მაგრამ არც არავინ მყავს. იმ დღეს, როცა სიყვარული ვერავის გავუნაწილე. იმ დღეებს, როცა ისევ მარტო აღმოვჩნდი საკუთარ გრძნობებთან,ფიქრებთან და ოცნებებთან. იმ დღეებს, როცა უმოქმედოდ ვიყავი. და ახლა, ამ წვიმამ შემახსენა, რომ არაფერი ყოფილა ფუჭი, ბრძოლა ისევ ღირს, ღირს იმისთვის რომ უკეთესი გავხდე და უკეთესი გავხადო ჩემი სამყარო, იმისთვის რომ დავაფასო საკუთარი თავი და იმისთვის, რომ ვიპოვო ის, რაც მაფერხებდა აქამდე. მე თუ ვერ ვიპოვი, ის მიპოვის. არ დავნებდები და ყველაფერს გავაკეთებ ბედნიერიწუთების შესაგროვებლად. ფანჯარაში ანარეკლს ვხედავ, შეცვლილს, სახეგაბადრულს, მომავლისკენ მიმართულს და ახლაც ცრემლები მცვივა, ახლა სიხარულით, ერთი დავარდა, მეორეც, მესამე აღარ მომიწმინდავს ხელის გულით, ირბინონ, ძირს დაეცნენ, რომ ცამ ისევ შეაგროვოს, შემდეგი წვიმისას რომ ისევ მელაპარაკონ. ხომ გეუბნებოდით წვეთები მესაუბრებიანთქო?! ისტორიებს ჰყვებიანთქო?! წვიმის წვეთები გრძნობებს აშიშვლებენ, ნიღბებს რეცხენ და ადვილი ხდება გაარჩიო ვინ არის ადამიანი და ვინ არა. წვიმისას ყველას უქრება სახიდან ყალბი ღიმილი, ყალბი მზერა,ქრებიან ყალბი ადამიანები და რჩებიან შიშვლები, თავს უხერხულად გრძნობენ, არ ელიან, გულის სიღრმეში იციან, რომ ვიღაც მათ გაშიშვლებულ გრძნობებს ხედავს, რცხვენიათ, საწოლზე ენარცხებიან და ემბრიოზის პოზას სჯერდებიან, ფიქრობენ, ფიქრობენ და იცვლებიან... წვიმას შეუძლია ადამიანის ფიქრების, აზრის შეცვლა, ისევე როგორც მისი ისტორიის. ყველა წვეთი ადამიანებისგან შეგროვებულა, სიკვდილით გამოწვეული ტკვილის ცრემლები, მონატრებით გადმოვარდნილი, დაშორებით, უზომო სიყვარულით, დანებებით, გაგრძელებით, მიღწევით, ოცნების ასრულებით, ბედნიერებით, დაბადებით, შეყვარებით, მეგობრობით, დედობით, სხვისი ბედნიერებით, საკუთარის დაფასებით, ბრძოლით და ომის მოგებით. ყველა ცრემლი თავის ისტორიას ინახავს, დიდ ისტორიას, თუმცა წვიმისას ყველას არ შეუძლია მათი მოსმენა, მხოლოდ მათ, ვისაც გულწრფელად სჯერა, რომ წვიმა რაღაც ახალს უამბობს, ახალ ამბავს, ზღაპარს, ეტყვის რჩევას, მოუწოდებს და მხარზე მოუთათუნებს, ანუგეშებს, რეალობას დაანახვებს, უნდა სჯეროდეს და წვიმაც დაელაპარაკება, თავის საიუდუმლოებებეს გაანდობს, მოუყვება და ისაუბრებს გაუჩერებლად, სანამ ამ ისტორიებს ნიაღვრებად არ გაატანს გზას. აღარ წვიმს... დღეს თავისი სათქმელი მითხრა, მომეფერა და წავიდა. დამტოვა, მაგრამ დამიბარა, დამელოდე, მალე მოვალ არ მოიწყინოო. უბანი გაივსო... ყველაფერი ძველებურად გაგრძელდა, თითქოს არც უწვიმია, მაგრამ მე ხომ ვიცი, როგორ იწვიმა ისტორიებმა, საიდუმლოებებმა. ცას ვუყურებ და ცისარტყელა გვეწვია, ფერადი და ცაც გაფერადდა. თბილისი განათდა. ცა ისევ ახლიდან იწყებს ცრემლების ახალი ტალღის შეგროვებას, ახალი ისტორიების შენახვას. გრძნობები ისევ მიიმალნენ, ნიღბები ისევ გამოჩნდნენ, მაგრამ მე აღარ ვდარდობ,ისევ იწვიმებს, ისევ ჩამოხსნის ყველას ნიღაბს და დაგვანახებს რეალობას. წვიმა ყველაფერს აშიშვლებს. წვიმდა... ჩემს ქალაქში ისევ წვიმდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.