შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მონადირე


25-04-2023, 06:47
ავტორი ვე რა
ნანახია 1 220

#მონადირე

წინასწარ გეტყვით, ამბავი, რომლის მოყოლასაც თქვენთვის ვაპირებ ძალიან სევდიანი და ტრაგიკულია. იმასაც გეტყვით ,რომ მანამდე მოხდა სანამ მე დავიბადებოდი. არ მახსოვს ვისგან მოვისმინე პირველად, მაგრამ როდესაც ჩვენი სოფელი თოვლის საბანში გაეხვევა ხოლმე, არ არსებობს ვინმემ არ გაიხსენოს მონადირის ამბავი და კაცმა არ იცის მერამდენედ არ მოყვეს სევდიანი ზღაპარივით. მხოლოდ ამ ამბისგან განსხვავებით ზღაპარს ყოველთვის კარგი დასასრული აქვს. არ ვიცი რატომ მომინდა თქვენთვის ამის მოყოლა, მე ჩემი ფანტაზიით ვეცდები ამბავი შელამაზებულად მოვიტანო თქვენამდე, მაგრამ თქვენ ნუ დაივიწყებთ, რომ ეს ყველაფერი მართლა ასე მოხდა.

დათა( სახელი შეცვლილია) თავიდანვე უცნაური ბავშვი იყო, მოძრავი, მოუსვენარი. ყველაფერი აინტერესებდა და არაფრის ეშინოდა. განსაკუთრებით ზღაპრები და ლეგენდები უყვარდა. საგმირო ხალხური ლექსები. განსაკუთრებით ჯარჯის ლექსი ჰქონდა აჩემებული.
დედას ძილის წინ აყოლებდა და ჯარჯიზე ფიქრში იძინებდა ხოლმე.
ჯარჯი
კლდე, ჯიხვის ჯოგის გავლილი,
რო ნახო, გაგიკვირდება...
იმათ ნაწოლსა, ნადგომსა,
თოლი არ მაეკიდება.
ფეხ რო მაუსხლტეს ტიალსა,
კლდეზე რქით დაეკიდება,
იმათ მიმყოლსა ვაჟკაცსა
რა კარგი წაეკიდება!..
ჯარჯი ჩახედავს ჯიხვებსა,
რა მშვენიერნი წვანანო,
რქა რქაზე გადაუხვევავ,
ანგელოზებსა ჰგვანანო.
ჯარჯივ, ნუ მისდევ ჯიხვებსა,
მოგინელებენ ტიალნი!..
არ დაიჯერა ჯარჯიმა,
სხვაც ბევრ მამცდარა ჭკვიანი.
ჩამაუქადლა ვაჟკაცმა
ხირიმი სპილოსძვლიანი,
წინ ჯიხვთა, უკან ჯარჯიმა
კლდეზე გადიღეს გრიალი,
ჩაბანოს ჭალას გავარდა
მოყმე ფეხწრიაპიანი...
ამაიტანეს მამკვდარი,
ტირის ქალი და ზალია,
შამააწვინეს კარზედა
კლდის დაფლეთილი ტანია,
გადაგლეჯილი თავ-პირი,
ყორნის დათხრილნი თვალნია...
სახსოვრად ჯარჯის საფლავზე
დააკრნეს ჯიხვის რქანია,
ერთ გვერდზე თოფი სიათა,
მეორე გვერდზე ხმალია,
ზედ დააწერეს წერილი:
„ჯარჯი ჯიხვთაგან მკვდარია!"
(ხალხური)

მხიარული ბავშვი იყო, ზამთარი გამეტებით უყვარდა. სიგიჟემდე. მამა ციგა რომ გაუკეთა მასზე ბედნიერი ალბათ ბავშვი არ დადიოდა სოფელში. მეგობრების ანცობის და მხიარულების თავი იყო. სოფლის თავიდან დაეშვებიდენ ხოლმე ციგებით, წინ დათა მოჰქროდა და უკან მისი ოთხი განუყრელი მეგობარი მოჰყვებოდა, ჟივილ_ ხივილით ჩაუქროლებლნენ ხოლმე სახლის წინ მდგარ დედებს. დედებს სახეზე ბედნიერი ღიმილი ეფინათ, თვალებში კი სიმშვიდე. ფიფქი ცვიოდა ციდან და ეხვეოდა სოფელი თეთრ ფუმფულა საბანში. ეს იყო მაშინ დათას ბავშვობაში.

დრო გავიდა, ისე სწრაფად და შეუსვენებლად, როგორც თავად სჩვევია. თვალისდახამხამებაში გაიარა ბავშვობამ და დათაც გაიზარდა, დავაჟაცდა, დამშვენდა. ცოლიც მოიყვანა და პატარა ბიჭუნაც შეეძინა. ბავშვობის ოცნებაც აისრულა დათამ. ხშირად დადიოდა სანადიროდ. სანადირო თოფიც საუკეთესო ჰქონდა. თვალისჩინივით უფრთხილდებოდა. მაგრამ ყველაზე მეტად ზამთრისპირზე უყვარდა სანადიროდ წასვლა , ტახზე, ირემზე. ხელცარიელიც არასდროს ბრუნდებოდა გამოცდილი მონადირე.
იმ წელსაც წავიდა დათა სანადიროდ. თავისი ნაცადი და უტყუარი თოფი მხარზე გაიდო, საჭირო ნივთები ჩანთაში ჩააიწყო და მარტო გაუყვა მთის ბილიკებს. "მარტო ნუ ივლიო,!" დედა სთხოვდა ხოლმე. მაგრამ დათა გაუღიმებდა და ჯიუტად კვლავ მარტო მიდიოდა.

ორი დღის წასული იყო დათა, მთის წვერი რომ ჩამოთოვა. შეშფოთდნენ ბიჭები, რა ნაადრევად აურია ამინდმაო.
მეორე დღეს, როგორც კი ინათა, სოფელში ყველა გლეხი მთას გასცქეროდა, თოვლის საბურველში გახვეულიყო მთა. უფრო და უფრო ირეოდა ამინდი. შფოთავდა სოფელი, საქმეს გულს ვერვინ უდებდა.
არც იმ დღეს დაბრუნდა დათა. მეხუთე დღეს გამოვიდა უბედური დედამისი და მთის პირისპირ დადგა.
_ დამიბრუნე ჩემი შვილი!_ ღმერთს და მთას ერთდროულად სთხოვა პირგამეხებულმა ქალმა

უსიტყვოდ გამოვიდა დათას ოთხივე ძმადნაფიცი და უსიტყვიდ დაადგა მთისკენ მიმავალ ბილიკებს . მიდიოდნენ და უკან მიჰყვებოდათ სოფლის ლოცვა. დედების უხმო ჩურჩული. პირჯვარი გადასწერა დათას დედამ მისი შვილის საძებრად პირქუშ მთაზე მიმავალ ბიჭებს, მათ დედებს თვალი აარიდა და სახლში თავდახრილი შევიდა. ნელ_ ნელა შებრუნდნენ გლეხები საკუთარ სახლებში და მოლოდინით გაყუჩდა სოფელი.

დათა მშვიდად მიუყვებოდა მონადირისთვის ნაცნობ ბილიკებს , კვალს შეუმცდარად კითხულობდა. სულ ზევით და ზევით მიჰყვებოდა მთას. მეორე დღეს სუსხმა გააღვიძა, გაუკვირდა თოვლს რომ მოჰკრა თვალი. უჩვეულოდ ადრე დაეწყო თოვა. იფიქრა ჩემს შეშინებას ცდილობს მთაო და არ შეეპუა. მესამე დღეს ტახი გამოუხტა, გადმოიღო თოფი დაუმიზნა. მაგრამ გადაიფიქრა. ზემოთ ირმები ეგულებოდა. ისევ გაუყვა საცალფეხო ბილიკებს. თოვდა უკვე ხვავრიელად. მეოთხე დღეს უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. ბოლო სანადირო ქოხი შეხვდა. მონადირეებს აეგოთ ჯერ კიდევ მის ბავშვობაში. კარი გააღო და შევიდა. ქარს მოეფარა. ღამე იმ ქოხში გაათია. იმაზე ფიქრობდა, მამამისაც რომ გაუთევია ამ ქოხში ღამე, ალბათ მისი ბიჭიც მოვიდოდა ოდესმე აქ სანადიროდ. მასავით ჩამოჯდებოდა, ქარის ზუზუნს მოუსმენდა. სიმარტოვეში სულიერ სიმშვიდეს იპოვნიდა და იფიქრებდა მამაზე, სწორედ ისე, როგორც თავად ფიქრობდა საკუთარზე.

როგორც კი ინათა გზას გაუდგა. ხვდებოდაა უნდა ეჩქარა, ავდრდებოდა. ნაცრისფერ ცას ახედა თოვდა გაუჩერებლად. ქარბუქი იწყებოდა.რამდენიმე საათში ბილიკს მიაგნო და ჩაუსაფრდა. იცოდა თოვლი იძულებულს გახდიდა ცხოველებს და შუა მთისკენ გამორეკავდა. მართლაც დიდხანს ლოდინი არ დასჭირვებია. უხარმაზარრქიანი ხარირემი დაინახა. გადმოიღო თოფი დაუმიზნა და ჩახმახს გამოჰკრა. არც ამჯერად უმტყუნა ერთგულმა თოფმა. ნანადირევს მიუახლოვდა. გაშეშდა, ტიროდა ირემი. სიკვდილის წინ ამოხედა თავის მკვლელს, თვალი თვალში გაუყარა. შეზარა დათა მომაკვდავი ირმის თვალებში დანახულმა გაოცებამ: " რას მერჩოდი ადამიანო?!" თითქოს მის გონებაში გახმიანდა ირმის უკანასკნელი ფიქრი.
თავი გააქნია. აბეზარი ფიქრები გაფანტა. ირემს თოკი მოაბა. დიდი იყო ირემი, მაგრამ დათას სურდა მონადირის ქოხამდე მიეთრია და ამინდის გამოსვლას დალოდებოდა.
მხარზე გადაიდო სქელი თოკი და გაათრია ნანადირევი. გულში გაუხარდა კიდეც თოვლი რომ იდო. გაუადვილდა სიმძიმის ზიდვა.
ქოხს უკვე ხედავდა რომ ფეხი დაუცდა და როგორ და რანაირად ვერც გაიაზრა, თოკი ხელიდან დაუცდა და თავად ხევში გადასრიალდა. დაახლოებით ორმოცდაათი მეტრი იფრინა და ხევის ძირზე დაეცა. ტკენით დიდად არაფერი სტკენია. ფეხზე წამოდგა და მაღლა აიხედა. ირემზე გამობმული თოკი ხევის თავზე კონწიალობდა. აცოცება სცადა, თუმცა არაფერი გამოუვიდა.არადა უკვე ბინდდებოდა. ხვდებოდა დათა აუცილებლად უნდა მოეხერხებინა მაღლა აცოცება, მაგრამ ისეთი ფრიალო კლდე იყო და ისე სველი ვერაფრით ახერხებდა ფეხის მოჭიდებას. ყველა გზა სცადა და ხრამს თავი ვერფრით დააღწია. ამასობაში დაღამდა და საშინლად აცივდა. ჩამავალმა მზემ თან წაიღო იმ სითბოს ნამცეცები, რასაც დღისით იმეტებდა დათასთვის.
გრძნობდა, როგორ ეპარებოდა ყინვა, ვეღარც დედის მოქსოვილი წინდები უთბობდა ფეხის თითებს. ძვალსა და რბილში გაუჯდა სიცივე. მაგრამ არ ეშინოდა , მთავარია არ გაჩერებულიყო, მთავარია ემოძრავა. გადიოდა და გამოდიოდა , ხან პატარა ვარჯიშებს აკეთებდა სხეულში სისხლის ასამოძრავებლად. მაგრამ სიცივემ თავისი გაიტანა, მოთენთა დათა. მხოლოდ წამით ჩამოვჯდებიო გაიფიქრა. ზურგჩანთას მიეყრდნო, მუხლები მოკეცა და მკერდზე მიიჭირა, ხელები იღლიებში ამოიდო გასათბობად. ცდილობდა მთელი სხეული ერთ მუჭში მოექცია და როგორმე გაეთბო.
ცას ახედა, ვარსკვლავებიც კი არ სჩანდა. მუჭში თოვლი მოიმწყვდია და პირში ჩაიდო. წყურვილი მოიკლა.
"ჯარჯი ნუ მისდევ ჯიხვებსა..." ჩაიჩურჩულა ბავშვობაში მრავალჯერ მოსმენილი ლექსი და ჩაეცინა , რამდენჯერ წარმოედგინა საკუთარი თავი ჯარჯის ადგილას.
_ისემც ყველაფერი ასე აგიხდეს დათა , როგორც ეს სურვილი აგიხდა!_ შეუძახა საკუთარ თავს. ცოტა ხანს იჯდა,შემდეგ შუბლი მოხრილ მუხლებს დააყრდნო და თვალები წამით დახუჭა. რათა უკეთ წარმოედგინა სახლი. ნეტა რას აკეთებდა მისი ოჯახობა ახლა? ალბათ მისი პატარა ბიჭუნა , მის მშვენიერ ცოლს ეჯდა კალთაში და რაღაცას ეტიტინებოდა ჩვეულად. ალბათ მოხუცი დედა ღუმელს უჯდა და ტომარაში სიმინდს მარცვლავდა. ყველაფერი როგორი ხელშესახები იყო და რეალური. თითქოს სახლის სურნელი და სითბოც იგრძნო.
ნელ_ნელა ისე , რომ თავადაც ვერ გაიგო როგორ, გადაინაცვლა სიზმრების საუფლოში. ნანასავით ჩაესმოდა ბავშვობაში დედის მოყოლილი ჯარჯის ბალადა. მისი ხმა ამშვიდებდა. ჩაეძინა დათას. ჩაეძინა და გაიყინა.

ბიჭები უხმოდ მოუყვებოდნენ მთის სანადირო ბილიკებს. ხვდებოდნენ დათა გეზს მონადირის ქოხისკენ აიღებდა. მოდიოდნენ და ფიქრებს ებრძოდნენ. არ სურდათ ცუდზე ეფიქრათ.
_ რა იყო ბიჭო!_ უცბად შედგა ლუკა._რა მოტირალი სახეებით მოდიხართ? ვითომ ახლა დათას არ იცნობდეთ. ზის ახლა ალბათ ქოხში და აშიშხინებს ირმის მწვადებს!_ უფრო საკუთარი თავი გაიმხნევა ლუკამ.
მეგობრებსაც სწორედ ეს სურდათ. ახმიანდნენ, იმედით აივსნენ.
_ ოხ, დათა, დათა! სულ ასეთი ხიფათა როგორ ხარ ბიჭო!_ თქვა ახლა მათემ .
_ მაინც აგვყარა და მთაში ამოგვიყვანა!_ თქვა იოანემ
_ დათაააა, აუუუ დათააა!_ იყვირა ხმამაღლა თომამ._ კარგად შეწვი მწვადიიი! მოგვშივდა ბიჭეეეებს!

როგორც უეცრად ახმაურდნენ, ასევე უეცრად ჩაჩუმდნენ და საკუთარ ფიქრებში ჩაიძირნენ. იხსენებდნენ ბავშვობას ,განვლილ წლებს. გული კი რატომღაც კარგს არაფერს უგრძნობდათ. მხოლოდ რამდენიმე წუთით ჩერდებოდნენ დასასვებებლად და ისევ გზას აგრძელებდნენ. ეჩქარებოდათ, ვერ ითმენდნენ. ხვდებოდნენ დათას რაღაც უჭირდა ,თუმცა ამას ხმამაღლა არ აღიარებდნენ.

როგორც იქნა ქოხიც გამოჩნდა. ოთხივე მეხნაკრავივით შედგა. ქოხის საკვამურიდან ბოლი არ ამოდიოდა. ნერწყვი ძლივს გადაყლაპეს. ლუკა ადგილს მოსწყდა და მუხლამდე თოვლის მიუხედავად სულმოუთქმელად გაქანდა ქოხისკენ. კარი გააღო და შიგ შევარდა. ბიჭებიც ქოხისკენ დაიძრნენ. ქოხის ღია კარში ერთდროულად შევიდნენ.
ლუკა იდგა თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე, დათა ქოხში არ იყო.

_ ახლა რა ვქნათ ბიჭო?_ იკითხა მათემ.
_გზას გავაგრძელებთ, ალბათ რაღაც შეემთხვა, დაშავდა ალბათ!_ ივარაუდა თომამ.
არაფრით სურდათ უარესზე ეფიქრათ.
იოანე ქოხიდან გამოვიდა. ორივე ხელის გული პირზე მომრგვალებულად მიიფარა და ხმამაღლა დაიყვირა,
_ დათააა! დათაააა! _ ბიჭები გარეთ გამოვიდნენ მიაყურადეს. შორს მთებში გაისმა იოანეს ხმა. ლუკამ თოფი გადმოიღო გადატენა და ჰაერში გაისროლა. დაძახილი თუ არ ესმოდა დათას, თოფის ხმას მაინც გაიგონებდა. რადგან საკუთარ თოფს გვერდიდან არასდროს იშორებდა იფიქრეს ახლაც სროლით გამოეხმაურებოდა მათ. მაგრამ პასუხი ისევ არ იყო.
ქოხს მოუარეს და უხმოდ დაადგნენ ბილიკს. ქოხიდან არც თუ მოშორებით მკვდარ ირემს წააწყდნენ. გაჩერდნენ.
_ რა ხდება ბიჭო?_ იკითხა დაბნეულმა ლუკამ._ აშკარად დათას ნანადირევია, მაგრამ თვითონ სადღაა?
_ რა ჯანდაბა ხდება?_ ირემს გარს შემოუარა თომამ.თოკი შეამჩნია, დაიხარა და აიღო. მოქაჩა და გახედა საითკენაც თოვლში ჩაფლული თოკი მიდიოდა. გაჰყვა და ხრამის პირს მიადგა. გადაიხედა, ბიჭებიც მხარში ამოუდგნენ.
ყველაფერი აშკარა იყო.
_ აქიდან გადავარდა?_ ისე იკითხა იოანემ, თითქოს ბიჭებისგან უარყოფით პასუხს ელოდებოდა.
_ უნდა ჩავიდეთ!_ თქვა ხევზე თვალგაშტერებულმა თომამ. თოვლს ისე დაეფარა ყველაფერი არაფერი არ სჩანდა ზემოდან.
_ მე ჩავალ! ყველაზე მსუბუქი მე ვარ._ ლუკა მართალი იყო. მისი ჩაშვება ბიჭებს ყველაზე უფრო გაუადვილდებოდათ. თავიანთი თოკები ერთთმანეთს გადააბეს, ერთი ბოლო ლუკამ წელზე შეიბა და ნელ_ნელა ხევში დაშვება დაიწყო. ხევის ძირს მიაღწია და თოკი შეიხსნა. მიმოიხედა. თოვლს ყველაფერი მოესწორებინა. ყველაფერი გულდასმით მოათვალიერა და ის ის იყო იფიქრა გადავრჩით და დათა აქ არ ჩამოვარდნილაო, რომ თოვლში ადამიანის სილუეტს მოჰკრა თვალი.
ფეხები ძლივს აიძულა მიახლოვებოდა, ხელის კანკალით გადაბერტყა თოვლი და მუხლებზე თავჩამოდენული,მოკუნტული და გაყინული დათა შერჩა ხელთ.
_ არაა! ბიჭოოო არაა!_ იყვირა ელდანაკრავმა და თოვლDი ჩაიკეცა

როგორღაც მოახერხეს და ამოიტანეს დათას სხეული ხევიდან, მაგრამ ისე იყო გაშეშებული ვერაფრით მოახერხეს მისი სოფელში წასვენება . ბევრი იფიქრეს თუმცა კარგად იცოდნენ რაც უნდა ექნათ. მთაზე ქარბუქი მძვინვარებდა, წამით დაყოვნება აღარ შეიძლებოდა. მაგრამ ამის ხმამაღლა თქმას ყველა ერიდებოდა.

_ უნდა დავჭრათ!_ გაბედა და ხმისკანკალით ამოთქვა იოანემ.
_ ბიჭებო სხვა გზა არ გვაქვს! ასე ვერ წავიღებთ._ დასთანხმდა ლუკა. მიცვალებულისკენ ვერც კი იხედებოდნენ.
_ ამოიღეთ არაყი!_ ხმამაღლა თქვა მათემ. უხმოდ, უსადღეგრძელოდ, მხოლოდ დასათრობად დალიეს ბიჭებმა ის არაყი. მერე სასმელით შეთამამებულებმა, დაანაწევრეს ბავშვობის მეგობრის მოკუნტული, გაყინული სხეული. ზურგჩანთებში გაინაწილეს და მოჩვენებებივით გაფითრებულები და განადგურებულები დაუყვნენ გზას სახლისკენ.

_ მოიცადეთ!_ თქვა უცბად თომამ. ირმისკენ მიბრუნდა ნაჯახით რქები ამოაცალა, დათას თოფი გულში ჩაიკრა და ბიჭებისკენ წამოვიდა. მაგრამ უცებ მუხლი მოეკვეთა. დაიჩოქა და გული აერია. ვეღარ გაუძლო, ვეღარ აიტანა. საოცრად მძიმე იყო მათი ბარგი, თუმცა ეს სხვაგვარი სიმძიმე იყო. მოდიოდნენ წელში მოხრილები. მოდიოდნენ და არ იცოდნენ რომ უარესი წინ ელოდათ.

სოფელს მიუახლოვდნენ და პირველივე გლეხის ეზოს ჭიშკარი უხმაუროდ შეაღეს.
თითქოს მათ მოსვლას სდარაჯობდა კარიდან უხმაუროდ გამოვიდა ილია, სოფლის მოხუცი მცხოვრები. ბიჭები შეათვალიერა, მათი სახეებით ყველაფერს მიხვდა.
_ დაიღუპა არა?!_ იკითხა თუმცა პასუხი იცოდა.
_ უნდა დაგვეხმარო ილო ძია!_ სთხოვა მუდარით მათემ.
_ რა ხდება?_ მიხვდა ილია რაღაც ძალიან მძიმე უნდა ეთხოვათ მისთვისდა წინასწარ მოემზადა.
_ ასე ვერ მივუყვანთ დედამისს!_ ამოიკვნესა ლუკამ._ დაგვეხმარე!
ბიჭებმა ზურგჩანთები მოიხსნეს. თავიდან ვერ მიხვდა ილია, მაგრამ უცებვე გაიაზრა. ჩანთებს დააკვირდა, გულზე ხელი მიიდო და შებარბაცდა.
_ მანდაა?_ იკითხა ხმა ჩაწყვეტილმა.
ბიჭებმა თავი უხმოდ დაუქნიეს და თვალი აარიდეს.
_ აქეთ წამოდით!_ ფარდულისკენ შებრუნდა გაფითრებული ილია.
ბიჭები უკან გაჰყვნენ.
მაგიდა გადაწმინდა და ჭილოფი გადააფარა ილიამ.
შემდეგ ჩანთებიდან ფრთხილად ამოალაგეს ბიჭებმა მეგობრის დანაწევრებული სხეული. თვალთ დაუბნელდა ილიას.
_არაყი,არაყი მომეცით!_ ჩაილაპარაკა მან. ფხიზელმა ვერც მან შესძლო.ერთი მოყუდებით დაცალა. ყელი ჩაეწვა. ცრემლი მოერია. მაგრამ რაც მთავარია შეთამამდა.დიდხანს და მოთმინებით ააწყვეს დათას დასახიჩრებული სხეული. გააპატიოსნეს და შემოსეს. მერე უკან დაიხიეს და სახეზე შეხედეს მეგობარს. უცნაურად მშვიდი სახე ჰქონდა დათას. თითქოს ეძინა და ძილში იღიმოდა. ალბათ ჯერ ისევ საკუთარ უკანასკნელ სიზმარში იყო გამომწყვდეული.

დიდ ციგაზე დაასვენეს დათა . და მდუმარედ გაუყვნენ გზას მისი სახლისკენ. ამასობაში გათენებულიყო, სოფელში ხმა გავრცელდა დათა იპოვენსო და ყველა გარეთ გამოეფინა, მაგრამ ბიჭების და მარხილის დანახვისას ყველა მიხვდა თუ რას ნიშნავდა მისი პოვნა.

იწვა დათა, მკერდზე ირმის უზარმაზარი რქები ედო. გვერდით შეუმცდარი თოფი. იწვა და იღიმოდა, სახეზე კი თოვლის ფიფქები ათოვდა. იდგნენ სახლების წინ მდუმარე მეზობლები. წინ მომავალ, თავდახრილ ბიჭებს კი დათა სახლში მიჰყავდათ.
თოვდა გაუჩერებლად.
თოვდა ხვავრიელდ.
თოვდა მდუმარედ.
მხოლოდ ბიჭების ნაბიჯების ხმა და თოვლის ღრჭიალი ისმოდა ექოსავით.
წინ კი დათას დედა იდგა , იდგა და იღიმოდა.
იღიმოდა რადგან ამ სამგლოვიარო პროცესიის ნაცვლად მათ პატარაობას ხედავდა, ხედავდა, როგორ მოსრიალებდა წინ დათა და უკან მისი ოთხი განუყრელი მეგობარი. იდგა და ბავშვობაში ასჯერ მოყოლილ ლექსს ჩურჩულებდა:

"ჯარჯივ, ნუ მისდევ ჯიხვებსა,

მოგინელებენ ტიალნი!..

არ დაიჯერა ჯარჯიმა,

სხვაც ბევრ მამცდარა ჭკვიანი."

ვე რა



№1 სტუმარი One

Dzalian emociuri iyo, tumca saicrad gadmocemuli , dzalian nichieri khart vera, yochagh❤️

 


№2  offline ახალბედა მწერალი ვე რა

One
Dzalian emociuri iyo, tumca saicrad gadmocemuli , dzalian nichieri khart vera, yochagh❤️

დიდი მადლობა ჩემგან.

 


№3 სტუმარი სტუმარი lika

რა ემოციური იყო.ვიტირე ..დიდი მადლობა

 


№4  offline ახალბედა მწერალი ვე რა

სტუმარი lika
რა ემოციური იყო.ვიტირე ..დიდი მადლობა

მადლობა თქვენ)))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent