შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უწყინარი წარსული


28-04-2023, 13:27
ავტორი Jjake
ნანახია 630

იქნებ ეს მხოლოდ სიწყნარეა ქარიშხლის წინ, ან რეალურად დადუმდა აზრები გონებაში. სამწუხაროდ მათი მაგნიტი თვეზე მეტია დავკარგე, მაგრამ ცხოვრება ასეთია, იშვიათად გვაქვს ძალიან კარგი და ძალიან ცუდი დღეები, დანარჩენი კი მუდმივად ერთფეროვანი, მიმქრალი და მოსაწყენია.
დღეებს მიღმა თუ გაიხედავ შესაძლოა შენიშნო სულში დიდი ხნის წინათ დამჭკნარი ყვავილების კონა. ზოგჯერ სამყარო ისეთ ნისლში ეხვევა და ისე იფერება, რომ ყველაზე ცუდი აზრი გაგვეჭედება ხოლმე თავში და მოსვენებას გვაკარგვინებს. თითქოს ამ აზრთან ერთად ერთფეროვნების კარცერში გამოგკეტეს, სადღაც ჯოჯოხეთის მარყუჟში და შენს ყველაზე მძიმე მოგონებას ვიღაც ფირსაკრავის დარაჯი გამუმებით გიტრიალებს.

ქვესკნელში გამოკეტილი აზრთან შეჩვევას სწავლობ, რომ წარსულის აჩრდილები მანამ არ მოგასვენებენ, სანამ მათ გაშვებას არ ისწავლი და ერთ დღესაც, ერთ დილით ან უძილო ღამით, ჯერ კიდევ იმ ფიქრებში გალეშილი რომ ცხოვრება ნაგავია და შუბლში ტყვიის დახლა გჭირდება, შესაძლოა დაიჭირო ჭეშმარიტების წამი და მიხვდე, რომ არც ისე რთულია საკუთარ თავთან მარტო დარჩენა, მაშინაც კი თუ ვერ იტან მას.
კაშკაშა სინათლეზე თვალები გვეწვის, უკუნით სიბნელეში კი სული... თუმცა ზოგჯერ საჭიროა უსულო, უემოციო სიმახინჯედ გადაქცევა უშინაარსო სამყაროში როლის თამაშის გასაგრძელებლად.

თუნდაც მაშინ, როცა იმას ემშვიდობები, რაც შენში აღმოცენდა, გაიფურჩქნა და აყვავდა, მხოლოდ იმის წარმოდგენას შეუძლია შენი გადარჩენა გაგიჟებისგან, რომ ცუდი რაღაცები უბრალოდ ხდება, ყველასგან დამოუკიდებლად და შენ შეგიძლია სუნთქვა, როგორც იმ მატლს დღედაღამ მიწას რომ თხრის და წარმოდგენა არ აქვს რას ემსახურება მისი ქმედება. თუმცა მაშინაც კი, როცა გგონია ყველაფერი ჩაკვდა შენში და სწორედ იმ დამჭკნარ ყვავილების კონას დაემსგავსა, გამოჩნდება ხოლმე ვინმე ჯადოქარი და შელოცვასავით ჩაგჩურჩულებს ყურში სიტყვებს: „Vivat, crescat, floreat“ და შენც სხვა არაფერი დაგრჩენია გარდა იმისა, რომ კიდევ ერთხელ იგრძნო შენში სიცოცხლის სურვილი, თუნდაც ეს უფრო დიდი ტკივილითა და ტანჯვით დაგიბრუნდეს უკან.

ახლაც სიბნელეში ვაცეცებ ხელებს და თვალები იმაზე უკეთ იწყებენ ხედვას ვიდრე ოდესმე... ვეძიე სუნთქვა უშინაარსო რაობათა ჩემში და შემრჩა მხოლოდ სიცივე და სიავე, თუმცა რაც ყველაზე კარგი იყო სულის სიკვდილში, ეს იყო თავისუფლების განცდა... რეალური, მწველი და სასტიკი თავისუფლების... ეს იყო სამყარო სადაც სრულიად მარტო მივაბიჯებდი საკუთარი თავის გახრწნილი ვარიანტებითა და სისხლით მოკაზმულ გზაზე და დავცინოდი საკუთარ თავს იმ ზრუნვისა და სიყვარულის გამო, რასაც ცხოვრების მანძილზე ურიგებდა სამყაროს. დავცინოდი და ვგრძნობდი როგორ იწვოდა ჩემში უკანასკნელი სინათლის მატარებელი სხივი ბნელი ალით და როგორ გუბდებოდა სამყაროს ზიზღი ჩემს სისასტიკით გაღიმებულ თვალებში.
და როცა საბოლოოდ ამოწვა ცხოვრებამ ჩემგან სული, სულისგან დარჩენილ ფერფლში შევნიშნე სინანულით გაყინული იმედის კვალი, რომელიც სამუდამოდ დარჩება წყვდიადში გამოკეტილი.

04.23




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent