ბრაზიანი გოგო
დაგვიანებით გათოვდა იქ, სადაც იშვიათად თოვს. ატმებმაც იჩქარეს აყვავება. ეგოისტმა ზამთარამა ყინვა დაატეხა რაღაცნაირად სათუთ ვარდისფერ ყვავილებს. და მოხდა საოცრება, მე თოვლის მოსვლა აღარ გამიხარდა. გავიზარდეთქო ვიფიქრებდი, მაგარამ არაა... ახლახანს დავასრულე მულთფილმის ყურება, რომლის არჩევის უფლებაც „წეროებში“ მოვუგე ბავშვებს (არაუშავს, აქედანვე იცოდნენ რომ ცხოვრება მკაცრია და ყოველთვის სასურველს ვერ მიიღებენ). როგორ არ მიყვარს ეს ისტორიების და ფიქრების ამინდები და მით უმეტეს, ასეთ ამინდებში მოულოდნელი შეხვედრები. დილით გაჩერებაზე მეტეოროლოგიური პირობების შესაბამისად შეფუთნული და პანდემიის წყალობით ახალი აქსესუარით, პირბადით, სრულაიდ იდენტობა დაკარგული ავტობუსში ასვლას ვაპირებდი, როცა ჩემი სახელი მომესმა გვერდიდან: -ლილე, ბარზიანო გოგო! მომართვაზე ვიცანი, თორემ მის აღნაგობაში არაფერი იყო ძველებური. ჰეითქო ვუთხარი გაკვირვებულმა და მუშტი გავუწოდე. -არაფერი, სრულიად არაფერი შეუცვლია წლებს შენთან. როგორ თუ არაფერი, სულ ცოტა მინუს კილოგრამები მაინცთქო, როგორც ჩანს გაბრაზება შემეპარა ხმაში. - აი ისევ ისეთი ბრაზიანი ხარ. - არა მაინც როგორ მიცანი ასე გამოწყობილი?- არ ავყევი პოლემიკაში, რომელიც კიდევ უფრო გაამყარებდა მის მოსაზრებას ჩემი ბრაზიანობის შესახებ. - შემოგხედე და ვიფიქრე სიცივეში ასე ლოყებაწითლებული მხოლოდ შენ შეიძლება ყოფილიყავი. სისულელეა, ჩემს ლოყებს ვერ დაინახავდა, მაგრამ პასუხი სასიამოვნოდ მოსასმენი იყო- ბავშობის გამაცოცხლებელი, ამიტომ აღარ შევეკამათე. კვლავ მან განაგრძო საუბარი: - ისე საით მიიჩქარი? ჩაისა და ნამცხვრის ხათრით ვერ შეიცვლი გეგმებს? ოხხხ, განა რა საქმე უნდა მქონოდა შაბათ დილით ისეთი ჩაის და ნამცხვრის „მომაკვდინებელი“ კომბინაცია რომ გადაეძალა, მაგრამ მაინც სერიოზული წუხილითა და სევდით შეფუთული სიტყვებით ვამცნე ჩემს თანამოსაუბრეს რომ სანათესაო-საახლობლოს შეკრებაზე მივდიოდი და მხოლოდ ცოტახნით შემეძლო დამეგვიანა. ტყუილის თქმა არ მინდოდა და ამიტომ დავთანხმდი დედას დილითვე მისვლასა და დახმარებაზე, ახლა ნამდვილად მქონდა მიზეზი- ჩაი და ნამცხვარი, კიარადა უამრავი წლის განმავლობაში უნახავ კლასელთან შეხვედრა. - რას საქმიანობდი ამ წლების განმავლობაში?- ვიკითხე მას შემდეგ, რაც ვანილის ჩაის ტემპერატურით არც ისე აღფრთოვანებულმა პირის რეცეპტორება ამის საშუალება მომცეს. მომიყვა ბევრი, მარტივად წარმოსადგენიც და რთულად დასაჯერებელიც, რუტინული რეალობიდან და იშვიათი გამონაკლისებიდან. მე კი ვუსმენდი ადამიანს, რომელსაც ქუჩაში გვერდით რომ ჩაევლო ვერცკი ვიცნობდი, მაგრამ მისი საუბრის მანერა აქრობდა განშორების მრავალ წელს და თითქოს ისევ მეოცნებე ბავშვებად გვაქცევდა. - როცა ბომბის აფეთქრების შემდეგ სიკვდილს ვებრძოდი, როცა თითქმის დავნებდი, შენ გამომეცხადე და აბა გამოიცანი რა მითხარი. მე ვერაფერი ვუპასუხე, თან გამახსენდა ბავშვობაში აფერისტს რომ ვეძახდი და მთლად არ მჯეროდა მისი მონათხრობის. - გაგიკვირდება და მეჩხუბებოდი. ხო, ხო წადი, გაიქეცი, გარიდება მარტივიაო. ვითომ უშიშარო, გულადო ბიჭო, სინამდვილეში მშიშარავ. ეს სიტყვები მეცნობოდა, მაშინ ვუთხარი როცა გადაწყვიტა გუნდური პროექტიდან გამოგვთიშოდვა, ვითომდა იმის გამო რა ჩემი საქმეა საჯაროდ გამოსვლაო. არადა ზუსტად ვიცოდი ძალიან უნდოდა მაგრამ რცხვენოდა. მაშინ იმუშავა ჩემმა სიტყვებმა და მობრუნდა, თუ დავუჯერებთ ახლაც. - და მას შემდეგ რაც თვალები გავახილე, ერთი კადრი მიმეორდება სულ გონებაში. მეკითხებიან ამის პატრონმა რა ქნასო, მეკი ვპასუხობ დათოს ჩაეხუტოსთქო, თან ამაყად ვიღიმები ჩემივე გონებამახვილობით კმაყოფილი - როგორ შერცხვება სკოლის საუკეთესო მოსწავლეს ვინმე რომ ჩაეხუტება ასე საჯაროდ. შენ ეხუტები და მე კიდევ უფრო ვიკრიჭები, ,, შკოლნიკების“ წყვილი, ასეთ გამართლებასაც არ ველოდი. ახლა წარსულში ერთი რამის შეცვლა რომ შემეძლოს, იმ კითხვაზე სხვა პასუხის გაცემას ვარჩევდი, იმ ბომბის სიახლოვეს არყოფნასაც კი. შევაწყვეტინე და ვთხოვე თემა შეეცვალა ან დავშლილიყავით. - ცუდად ნუ გამიგებ, არაფერს ვითხოვ შენგან. უბრალოდ იმის თქმა მინდოდა რომ მართალია წლები დამჭირდა მაგრამ ბოლოს მივხვდი : მგონი ერთადერთი იყავი ვისაც არ ვეცოდებოდი და მაგის გამო მეგონა ვერ გიტანდი, მხოლოდ შენ არ იცინოდი ჩემს ხუმრობებზე, მხოლოდ შენ მოითხოვდი ჩემგან კარგად მოქცევას, როცა სხვები იღებდნენ ჩემს სიუხეშეს, როგორც მშობლებ დაღუპული ბავშვის ქცევას. და როცა ბანკეტის საღამოს უკანასკნელად გეხუმრე ისე რომ ვიცოდი გაბრაზდებოდი, შენ გაგეცინა. მე დავიბენი, სხვებიც. მერე გავიგონე როგორ უხსნიდი შენს დაქალს ბრაზდები, ბრაზდები, ბრაზდები ადამიანზე და ბოლოს იცნობო. ეს სიტყვები მაშინ ვერ გავიაზრე, მაგრამ ახლა აუცილებლად უნდა მენახე და მეთქვა შენთვის რომ როგორც გამიცანი ეგეთი არ ვარ. - იცი არასდროს მესმოდა როგორ შეიძლება ვინმე შეგცოდებოდა. სხვების შეცოდება ნიშნავს საკუთარ თავს ვინმეზე მაღლა აყენებდე. მესმის ვინმეს მდგომარეობაში შეხვიდე, ემპათიურად განეწყო, მაგრამ შეცოდება? კიდევ ცოტახანს ვისაუბრეთ, მერე ნომრები მოვინიშნეთ და დავიშალეთ. როცა შეკრებას შევუერთდი, სუფრა უკვე გაშლილი იყო. თბილად მივესალმეთ და მოვიკითხეთ სანათესაომ ერთმანეთი, დედაჩემის გამოხედვაც მომწვდა, რომელითაც ხვთისპირიდან გადავარდნილ ქალს მიწოდებდა. მე როგორც ალკოჰოლისადმი ყველაზე ნეგატიურად განწყობილს, ბავშვების მომწყემსვა დამევალა ბოლოს. ვფიქრობ დაკისრებულ მოვალეობას თავი ჯეროვნად გავართვი. შეტყობინება გავაგზავნე შემდეგი ტექსტით : ცხოვრება საინტერესო რამეა, ხანდახან ისე ვიქცევით, რასაც მთელი შეგნებით ვეწინააღმდეგებით და ვამტკიცებთ ასეთები არ ვართთქო. მაგრამ ყველაფერს მხოლოდ ცხოვრებას ვერ დავაბრალებთ. პასუხად მივიღე, როგორ ახერხებ მაშინაც იჩხუბო, როცა არ ჩხუბობო. გავბრაზდი, სად დაინახა ჩხუბითქო. ტელეფონი მოვისროლო და კვლავ „წეროების“ ჩემპიონატში ჩავები, მომდევნო მულთფილმის არჩევის უფლების მოსაპოვებლად. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.