შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მზეებო, არასოდეს ჩაქრეთ


16-08-2023, 02:36
ავტორი Katerina.
ნანახია 909

„მზეებო, არასოდეს ჩაქრეთ“

მოსაღამებულს, როცა მნათობი ზანტი ზოზინით მიიწევს დასავლეთისკენ, ქუჩებს სიცარიელის სუნი ერევათ. ამ ქუჩებს სიმშვიდის არომატიც დაჰკრავთ, მზისა და მწვანე ფოთლების გამომშვიდობებით გაჯერებული.

გაზაფხულის მიწურულია. შიშველ მუხლისთავებს ნიავი ეტმასნება. თბილა.

ღრუბლებს ვაარდისფერი ეპარებათ. ცამდე აშოლტილ ნაძვის წვეროებზე შემომსხდარან ბოლო სხივები.

ტროტუართან გაჩერებულ მანქანაში ვსხედვართ. ვდუმვართ. ფანჯრები ბოლომდე გვაქვს ჩაწეული, რადგან ჩვენგან წამოსული დაძაბულობა სალონს უჰაერობით ჟღინთავს და ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება ღრმად და მშვიდად ვისუნთქოთ. ვთრთი. არ ვიცი შენ რა მდგომარეობაში ხარ, რადგან არ გიყურებ, და რომც მდომოდა, მაინც ვერ შემოგხედავდი-თვალებში ცრემლები მაქვს ჩამდგარი, ყელზე მომდგარ ქვითინს ჯერჯერობით ვიკავებ.

ახლა სხეულის ყოველ უჯრედს ვგრძნობ- ჩემი ყველა ნაწილი კატეგორიულად უარყოფს შენგან გადამწყვეტად შორს ყოფნის პერსპექტივას. მეშინია და გამოსავალს ვეძებ.

-მოეშვი, ასე დაძაბული ნუ ხარ.

-ხმა არ ამოიღო...-გთხოვ ჩუმად, რადგან შენი სიტყვები კიდევ უფრო მაცლის ძალას, არადა ახლა ყველაზე მეტად მინდა, ძლიერი ვიყო. თავი მეწვის და ვბრუვდები. სიცივე მეპარება. გონებაში რამდენჯერმე ვიმეორებ, რომ ამ მომენტს გადავლახავ.

- ასე რატომ გტკივა? -შენს სიტყვებში ინტერესის მაგივრად ვედრება დაბუდებულა.

ღრმად ვისუნთქავ თბილ ნიავს, მზითა და ამ ტკივილით აღსავსეს. ცრემლს თითებით ვიშრობ, ახორკლილ მუხლებზე ხელისგულებს ვისვამ საკუთარი თავის გასამხნევებლად, შემორჩენილ ენერგიას ვიკრებ და თვალებში შემოხედვას ვბედავ. არც ახლა შეგიძლია ჩემი მოტყუება. ყალბი სიმტკიცის მიღმა გიცნობ-დაცემულს, უუნაროს, უმისამართოდ დაკარგულს.

-სანამ ჩემი არსების შენარჩუნებას ცდილობ, როცა ამ მანქანაში მარტო დარჩები, საკუთარი ნანგრევების ქვეშ მოქცეულს, წამოდგომაში ვინ დაგეხმარება?-გეკითხები და პასუხს არ მცემ. სავარძელს მთელი სხეულით მიყრდნობილხარ, თავს მარიდებ და ახლა შენ იყურები იქით, საითკენაც წუთის წინ მე-დაკეტილი შენობების გამჭვირვალე ფანჯრებს მიღმა ბაც სიბნელეს სძინავს.

გაკვირდები და ვვოცდები, როგორ შეგეძლო ასე მოგეთმინა? ღაწვებზე მოსრიალე ცრემლები გყიდიან, ამ ცრემლების უცაბედი დამალვა და გაქრობის აუტანელი სურვილი გამჟღავნებს. მარცხენა ხელს ვწევ და კეფაზე გეფერები. თითის ბალიშებზე შენი დაბალი, უხეში თმის ბოლოები მხვდებიან. ერთიანად მაკანკალებს-სუსტად და შეუმჩნევლად, მაგრამ საკმარისია საკუთარი უნებისყოფობა აღვიქვა.

მოკლემკლავიანი მაისური გაცვია. მაისურის საყელო განიერია, ამიტომ არ უჭირთ ჩემს თითებს მატერიის ქვეშ შეძრომა, შენს კანზე კვალის დატოვება. ცხადად ვხედავ, როგორ გაყრის ტაო. მონუსხულივით გეფერები, თითქოს ისიც დამავიწყდა, რატომ გეხები-მე ხომ გემშვიდობები.

-შემომხედე.-გთხოვ. საპასუხოდ თავს ნელა ატრიალებ და როდის, როდის მისწორებ მზერას. ვამჩნევ, ორივემ გადავლახეთ თავდაპირველი აგონია.

-ასე რისი გვეშინია?-გისვამ კითხვას, მიუხედავად იმისა, რომ პასუხი ვიცი.

-ალბათ, იმ მარტოობის, რომელსაც უერთმანეთობა მოგვიტანს.-მპასუხობ და ფრთხილად, ძალიან ნელა, მშვიდად იწევი ჩემკენ. ფაქიზად, თითქმის შეუმჩნევლად და ნაზად ხელისგულს ლოყაზე მადებ. თითებს ყბასთან მიცურებ, თავს მიკავებ, თვალებს ნაბავ და სუნთქვაშეკრული მახებ ტუჩებს ჩემს ბაგეებზე. ეს კოცნა კოცნას არ ჰგავს-თითქოს არ გინდა ხელში განგიქარდე და კრძალვა, რომელსაც გამოხატავ, რაღაც წმინდასა და შეუბღალავს მაგონებს.

მტკივნეული, სწრაფი გულისცემის ხმა ყურებში ჩამესმის, მაგრამ დანამდვილებით ვერ ვიტყვი, რომელს უფრო გვეკუთვნის.

საპასუხოდ მხოლოდ თვალებს ვხუჭავ. შენს კეფასთან, მაისურის საყელოზე მიშეშდებიან ჩემი თითები და გელოდები.

ეს ის კოცნა არაა, რომელსაც საყვარელ ქალებს უძღვნიან. რომლითაც ადრე მიყოფდი სიყვარულს.

არც ვნება იგრძნობა მასში, არც ლტოლვა, არც ჟინი.

ასე მხოლოდ კერპებს ეთაყვანებიან-თითქმის შეუმჩნეველი, მორიდებული ამბორით.

და ჩვენი ტუჩები, მწველნი და მიმზიდველნი, ყველაზე ინტიმურ სიახლოვეს გვასწრებენ.

თითქოს ჩვენ ორმა სულები გავცვალეთ.

თითქოს ჩვენი თითის ბალიშებიდან წარმოქმნილმა ალერსმა, რომელსაც უჩუმრად ვუზიარებდით ერთმანეთს, ამ ტუჩებს უპასუხეს.

წამები, რომლებმაც გახანგრძლივება ინებეს, გააჩერეს დრო.

გააჩერეს დასავლეთის მთებში ჩამავალი მნათობი. სიცარიელის სუნით გაჟღენთილ ქუჩებში მოსეირნე ნიავი, ცაში აშოლტილ ნაძვნარზე შემომსხდარი ბოლო სხივები.

გაჩერდა ირგვლივ ყველა და ყველაფერი,

ხოლო, ჩვენ, ვინც გამომშვიდობებას ყველაზე სანუკვარი ალერსით შევეგებეთ, ერთმანეთს შევერიეთ და ერთმანეთის ხორცსა და სულში გავუჩინარდით.






კატერინა.



№1 სტუმარი Ana-maria

რა ძნელია საყვარელ ადამიანთან განშორება....თითქოს იმედი და სიყვარული მასთან ერთად მიდის...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent