შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეწყვეტილი გულისცემა


15-11-2023, 16:18
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 1 918

-გულისცემა შეწყდა - მესმის სიტყვები და ვნადგურდები. ექოსკოპიის ოთახიდან თვალცრემლიანი გამოვდივარ, მაკანკალებს და თავს ძალიან მარტოსულად ვგრძნობ.
-მე ის დავკარგე - ვიმეორებ გაუჩერებლად და გარშემო ვერავის ვამჩნევ, მხოლოდ უაზრო სიცარიელეს.
კლინიკიდან პანიკით გავდივარ, ტელეფონს ვიღებ და ატირებული ვურეკავ ექიმს, რომელთანაც გვერდითა კლინიკაში მაქვს ჩანიშნული ვიზიტი.
-გულისცემა შეწყდა - ორ სიტყვაში მთელ სევდას ვატევ.
-მოდი ძვირფასო - ურიგოდ მიშვებს და მეხვევა.
-რატომ მოხდა ? ვერ გავიგებთ ?
-უმეტესად ვერ იგებენ, დიდი ალბათობით რაიმე პათოლოგია იყო, კიდევ გეყოლება შვილი - დაზეპირებული ფრაზასავით ჩამესმის ყურში, შემდეგ მეორედ ვისმენ სხვადასხვა სიტყვებით დამშვიდებას, მაგრამ ამაოდ.. აღარაფერი მესმის, გარეთ გავდივარ და უაზროდ მივუყვები ქუჩებს.

***
არავის ნუგეშის გაგონება არ მინდა, განადგურებული ვარ, მთელი ბედნიერება ფეხქვეშ მეცლება. ყველაზე დიდი ტკივილი ხომ მოულოდნელ უბედურებას მოაქვს.
მე ის უკვე მიყვარდა, წერილებს ვწერდი, ბოლო ეხომდეც ვეფერებოდი...
მახსენდება, როგორი აღელვებული მივდიოდი მასთან პირველ შეხვედრაზე, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი პაემანია - მეთქი, მაგრამ ის აღარ არის..
თვალწინ მიდგას მე და მამამისი როგორ ვემზადებოდით ბავშვის გულისცემის მოსასმენად, როგორ ავარჩიე ტანსაცმელი, დავივარცხნე თმა და გავიკეთე მაკიაჟი, მახსოვს როგორ მოვუსმინეთ მის გულისცემას ზუსტად 9 დღის წინ... როგორი ბედნიერი ვიყავით... ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ამაღელვებელი ხმა იყო...

***
საღამომდე დროს ტირილში ვატარებ, შემდეგ ჩემი ქმარი მოდის და დამამშვიდებელს მასმევს, თუმცა ეს თავს მატკიებს და უარესად ვხდები. ტირილისგან თვალები ისე მისივდება, მეწვის და ვეღარ ვახელ.
ისეთი განცდა მაქვს, რომ სამყაროში ყველაზე ძვირფასი დავკარგე.. ყველაზე კარგ დროს რომ გამოჩნდა ჩვენს ცხოვრებაში და ყველაზე ცუდ დროს გაქრა....



***
ჩვენს ლობიოს მეტსახელიც დავარქვით, მან კი უდროოდ შეწყვიტა გულისცემა.. საკუთარ თავს ვადანაშაულებ, ალბათ იმდენად ცუდი ადამიანი ვარ, რომ დედად არ ამირჩია პატარამ.
რამდენად უსამართლოა არა ცხოვრება ? რამდენი ადამიანი იკეთებს თვითნებურ აბორტს და ვისაც ძალიან უნდა შვილის ყოლა, განგება ართმევს..
-ეს ფაჩუჩები მამიკომ გიყიდა - მუცელზე ვიხედები და ტირილს ვიწყებ... მახსენდება ბაჭია სათამაშოს, რომელიც ჩემმა ქმარმა წინასწარ აჩუქა ჩვენს შვილს, როგორ ვიხუტებდი ყოველი ძილის წინ.

***
დილას უენერგიოდ ვდგები, წინა დღეს ხომ თითქმის არაფერი მიჭამია. ყველა საჭმელი დაკარგულ შვილს მაგონებს, მხოლოდ ყავას ვსვამ, შავ ფერებში ვუიცვამ და გარეთ გავდივარ.
საკმაოდ ცივა, 13 გრადუსია.. ისევ ეს საბედისწერო 13 ! ცრის, თითქოს ბუნებაც გლოვობს ჩემს დამაკარგს.
კლინიკაში შევდივარ, მწვანე კედლები მაღიზიანებს, მოსაცდელში ვჯდები და ჩემს რიგს ველოდები. როგორც იქნა, შევდივარ ოთახში. შუახნის ჭაღარა კაცი მხვდება, იღიმის.
-შენს ასაკში მსგავსი შემთხვევა 3-4 % -ში ხდება - ამბობს და ვხვდები, რა „საოცარი“ ბედი მაქვს.
რამდენიმე კითხვას მისვამს და მეუბნება, ვიზუალით პესინისტს არ გავხარო. შემდეგ ისტორიას მიახლებს და რეგისტრატურაში მაგზავნის.
-ამას ახლა დალევ და ამ ოთხ წამალს ხვალ, ორ ცალ მხარეს მოწუწნი და დანარჩენ - ორს მეორე მხარეს - უაზროდ ვუსმენ, შემდეგ მეც ვუსვამ კითხვებს, თითქოს ყველაფერი კარგადაა, ვსვამ წამალს და ინსტრუქციას ჩანთაში ვინახავ.
-თუ გართულდა, გამოტუმბვა დაგჭირდება ნარკოზით, მოკლედ, ხვალ შემეხმიანე - მიღიმის, ვემშვიდობები და ვცდილობ საკუთარი თავი მოსალოდნელი ნარკოზისთვის შევამზადო, რადგან სჯობს ყოველთვის უარესზე იფიქრო განსაკუთრებით მაშინ, როცა მთელი წელი თითქმის არაფერში არ გიმართლებს.

***
სახლში მივდივარ, სადაც ყველაფერი მაღიზიანებს. ვგრძნობ, რომ ოდნავ მშია, მაგრამ ვაიგნორებ, რადგან ყველაფერი რასაც ორსულობისას ვჭამდი ან რისი ჭამაც მინდოდა, ჩემში უშველებელ ზიზღს იწვევს.
ტანსაცმელს ვიცვლი და ხალათით საწოლზე ვწვები, რაღაც სერიალს ვრთავ, უაზროდ ვუყურებ, შუალედებში უაზროდ მეცინება, ზოგჯერ კი, როცა შეწყვეტილი გულისცემა მახსენდება, ცრემლები მადგება.


***
საღამოს იმდენად მშივდება, იძულებული ვარ ვჭამო. სახლში რაღაცაზე ვხუმრობთ, ცოტა ხასიათზე მოვდივარ, მაგრამ მალევე მახსენდება შეწყვეტილი გულისცემა. თვალწინ მიდგება, როგორ ეძებდა ექოსკოპისტი დაკარგულ გულისცემას, გულისცემას, რომელიც ჯერ კიდეც 9 დღის წინ ჩემსაზე გაცილებით ძლიერი იყო.. იმის მაქსიმუმზე უცემდა გული ჩემს პატარა, რაც კი შესაძლებელი იყო...
აღარ ვიცი, რაზე გადავიტანო ყურადღება, მომაბეზრებელია უაზრო ვითომ კეთილი რჩევები, გამაღიზიანებელიც კი.. უდიდესი სტრესია, როცა ორგანიზმი მზად იყო ორი არსებით ეცხოვრა, ახლა კი- მეორე უბრალოდ აღარ არის.

***
ორსულობამდე არ მესმოდა, დედები საკუთარ თავზე მეტად რატომ ზრუნავდნენ შვილებზე; თუმცა ბავშვის შესახებ გაგების პირველივე დღიდან საკუთარ თავზე წინ ჩემი შვილი დავაყენე, ყველაფერი რაც აქამდე ჩემი იყო, ჯერ მისი გახდა და მხოლოდ ამის შემდეგ - ჩემი.
არ მესმოდა ქალებს რატომ უყვარდათ მეორე ნახევრებზე მეტად შვილები, მაგრამ ახლა მივხვდი... თუმცა ყველაზე წრფელი სიყვარულის ზიარების მე-8 კვირას სამყარომ ამ გრძნობას მომწყვიტა. ერთადერთი უპირობო სიყვარულის დედაშვილობის განცდა არ მაცადა.

***
ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ცუდი დღე რომელია ? - ადრე გამიჭირდებოდა პასუხის გაცემა, მაგრამ ახლა ზუსტად შემიძლია ვუპასუხო ესაა - 2023 წლის 13 ნოემბერი...
ცხოვრებაში ბევრი რამ გადამიტანია, მაგრამ მსგავსი არაფერი. თითქოს აქამდე არც არაფერი ყოფილა და ახლა ვიგრძენი მოწმენდილ ცაზე ყველაზე ძლიერი მეხის გავარდნა.

***
15 ნოემბერი.
მაღვიძარა რეკავს 12-ზე და ვდგები. დროს ვითვლი პირველ საათამდე, 1 საათში ჩემი ნაწილი საბოლოოდ გაქრება. არ ვიცი, მარტომ როგორ უნდა გავაგრძელო ცხოვრება, მხოლოდ ერთი არსებით.
ტკივილგამაყუჩებლებს ლოგინზე ვიმარაგებ და ვფიქრობ, როგორი მარტო ვარ.



***
ყველაფერი იმაზე მარტივად ვითარდება, ვიდრე წარმომედგინა... თითქოს გულიც კი მწყდება, ვიზიკურ ტკივილს რომ ვერ ვგრნძნობ...
არასდროს უნდა ვანუგეშოთ შემდეგი სიტყვებით ქალი, რომელმაც შვილი დაკარგა : „ახალგაზრდა ხარ, კიდე გეყოლება.... რა უჭირს, პატარა იყო... ვერაფერს გრძნობდა.. ანგელოზად იქცა ...“ რადგან ამ დროს ადამიანი ნახევრდება, ემოციებად იშლება, გრძნობები ეფანტება, სადღაც იკარგება და არაფერს მისცემს თქვენი ამაო რჩევები...

***
ცრელებიც კი მიშრება... დღეიდან სხვა ადამიანი ვხდები.. ადამიანი, რომელიც აღარავის დაუთმობს და შეარჩენს ტკენას.. უფრო ძლიერი ვხდები...
უკვე აღარ ვიცი, რამ შეიძლება მატკინოს...
ცხოვრება უნდა გავაგრძელო და ფენიქსივით ფერფლიდან აღვდგე....




პ.ს შესაძლოა, არც გახსოვართ.. რადგან დიდი ხანია არაფერი დამიდია, ოჯახური საფიქრალის, სამსახურის და სხვა მრავალი საქმისა თუ პრობლემის გამო..
დიდი ხნის მერე ამ ჩანახატით გიბრუნდებით. შესაძლოა, კიდე დავწერო რამე, ვნახოთ <3



№1 სტუმარი One

Warmatebebi❤️
Mdzimea realoba((

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

One
Warmatebebi❤️
Mdzimea realoba((


განსაცდელად კიდევ უფრო მძიმე
მადლობა <3

 


№3 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ცუდია მესმის ეს გულის ტკივილი გამომიცდია მართლა საშინელებაააა ღმერთმა დაიფაროს დედა შვილის დაკარგვიზგან????

 


№4 სტუმარი დ. კ.

Davit Kirkitadze
აუ, ამეტირა :(( რანაირი ნოემბერია. დიდი ლიტერატურაა, როგორც ყოველთვის. რა თქმა უნდა. <3 სიტყვები არ მაქვს. მეტირება, ძალიან მეტირება....... :((

კი, უნდა დაწეროთ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent