მწვანე თვალება გოგო
დიაგნოზი - შიზოფრენია. პაციენტი - ნაწნავებიანი გოგო. მდგომარეობა - მძიმე. მოხვედრის მიზეზი - მრავალჯერადი სუიციდი. გამარჯობა, ღმერთო. ჩემზე ამბობენ რომ ვცადე. მაჯები თეთრი სახვევით მაქვს შეხვეული, რომელიც თეთრი კი არა ჭუჭყის ფერია. ზედ სისხლის ლაქები აქვს, მრგვალი და პატარები. ყვავილების გულად გამოვიყენე ისინი და გარშემო ფურცლები დავახატე. ნატკენი მაჯებით წითელგულა ყვავილებს ვატარებ,მაგრამ მე მხოლოდ დიდ გულიანი მინდვრის გვირილები მიყვარს. იცი, ღმერთო, მზე დამიმალეს. ფანჯრებს არ მიღებენ. ნაწნავებიც დამიშალეს,ღამე საწოლზე ხელებითაც მაბამენ,რომ ნემსი გამიკეთონ,რომელიც მაძინებს. დილას ტკივილით ვახელ თვალებს. დიდი ხანია არ მიგვრძნია რამის ან ვინმეს იმედი რომ გაჩენილიყო ჩემს სულში. ნეტა ახლა რა ფერია ჩემი სული. მინდა რომ ზღვის ფერი იყოს. ზღვა მენატრება. კედლიდან ყვავილები მიღიმიან. გუშინ საღებავები ვითხოვე,კედელზე დავხატე დიდი მზე, როგორც არ უნდა უცნაურად ჩანდეს ის იმხელაა რამხელაცაა ჩემი სიცარიელე. დილით სიკვდილი მინდოდა,რადგან კვლავ სიცოცხლეზე ვოცნებობ. ოთახიდან ყველა მსხვრევადი ნივთი გაიტანეს,სართულიც შემიცვალეს - ახლა ყველაზე დაბალი სართულის ოთახებში ვარ გამოკეტილი. მარტო ვარ. ჩემზე ამბობენ რომ ვარ საშიში,არადა მინდორში ყვავილებს ფეხს ვარიდებ რომ არ გავთელო,რომ არ ვატკინო. გვირილასაც ხო მაგიტომ არ ვეკითხებოდი ვინმეზე - ვუყვარვარ?არ ვუყვარვარ? რომ არ სტკენოდა ყვითელი გულიდან მოგლეჯილი ფურცლები და მე დღეს მაინც საშიშად რატომ ვითვლები.? არაფერი აღარ მაწყნარებს,დამამშვიდებლის დოზა გამიორმაგეს. ხანდახან მავიწყდება აქ რატომ მოვხდი,მაგრამ არასდროს ვივიწყებ რომ გავალ წვიმას სახე უნდა შევუშვირო, გვირგვინი უნდა დავწნა გვირილების,მზეს უნდა მივეფიცხო,ზღვას უნდა ვუყურო. ამ ოთახში მზე ისევ არ მაქვს, ძალიან დიდი ხანია მზე არ მინახავს. სიცოცხლეს მხოლოდ მაშინ ვგრძნობ როცა მზე ჩემს ნაპრალებიან სულში შედის,გულამდე აღწევს და მათბობს. სითბოზე გამახსენდა - ხელები სულ გაყინული მაქვს. ადამიანური სითბო,როცა მენატრება ჩემს ერთ ხელს მეორეს ვკიდებ და ვთბები. ოთახში სადაც ახლა ვარ ერთი საწოლია,ორივე მხრიდან პატარა ტუმბო დგას. ერთზე ფერადი კონტეინერი დევს, რომელიც დიდი ხანია ცარიელია,მაგრამ მე უფრო. მეორის ზედაპირიც ცარიელია და ისევ - მე უფრო. სიყვარულია რაც მჭირდება, სხვა არაფერი. რაც აქ ვარ თითქოს დაგივიწყე ღმერთო,უფრო სწორად ლოცვა შევწყვიტე, დამავიწყდა როგორ უნდა ეგ,ალბათ ერთ დღეს ამასაც მაპატიებ. სავსე მთვარე ვარ და დღითიდღე ვპატარევდები,ვცარიელდები,თუმცა მთვარისგან განსხვავებით მე კვლავ სავსე ვეღარ გავხდები. ტუმბოს ერთ უჯრაში საღებავები დევს,მაგრამ იმდენად მტკივა რომ ხატვა აღარ შემიძლია. ვან გოგივით ვარ,ლამის ავდგე და შევჭამო რომელიმე ფერი იქნებ ასე მაინც გავხდე ფერადი. მე არ ვიცი რატო მოიჭრა მან ყური,მაგრამ შემიძლია გითხრა შენგან მიტოვებული გულები სიკვდილისთვის არიან განწირული,ამიტომ ღმერთო ნურასდროს წახვალ ჩემგან. რაც შეეხება მეორე უჯრას იქ ზღვა ჩავკეტე. აი ასე, ფურცლებით გემები,თოლიები და ტალღები გავაკეთე,როცა ოთახში ოდნავ მზის სხივი შემოაღწევს ეგრევე ამოვაწყობ ხოლმე,მაგიდაზე გადავიტან, გავშლი ზღვის ლურჯ ტალღებს,დავაწყობ მათზე გემებს,ჩიტები განწყობის მიხედვით - ხანდახან უჯრაშივე მეხოცებიან.მერე სულს შევუბერავ ზღვას,ტალღები ტოკდებიან,გემები ირწევიან.. წარმოვიდგენ რომ მართლა სანაპიროზე ვარ,მზე ჩადის,გემები დაცურავენ და ჩემი მუდმივად ცივი ხელები ვინმეს უჭირავს ხელში,ათბობს და ამ სითბოთი არა მარტო ხელები,არამედ მთელი სხეულიც მითბება. როცა ოთახიდან უკანსკნელი მკრთალი მზის სხვისი ქრება ზღვაც წყნარდება და მე მას კვლავ უჯრაში ვკეტავ. ექიმს ვეუბნები საკუთარი ზღვა მაქვს და თუ მომინდება ავდგები და თავსაც დავიხრჩობ მეთქი,იმასაც ვაყოლებ,რომ თავს ბედნიერად ვგრძნობ ამ მომენტში და არასდროს გაღიმებული რომ არ მინახავს ახლა მთელი ხმით იცინის ჩემს სიტყვებზე,თან ირონიული სახით მეუბნება - გიჟები სულ ბედნიერები არიან. ღმერთო,რას ვნატრობ ხოლმე,იცი? ნეტა ისეთს მხედავდნენ ადამიანები როგორსაც შენ მხედავ, როგორსაც შენ მიცნობ,როგორიც შენ შემიყვარე. ფსიქიატრიულიდან გასვლაზე მეტად ის მინდა რომ საკუთარი თავიდან გავიდე და უკან აღარასდროს დავბრუნდე,მეც მივატოვო ჩემი ისტერიკული თავი. სხვა მე შევქმნა,სხვაში გამოვიკეტო,სიცოცხლე შევაყვარო და მერე შევაძლებინო. გუშინ ნაწნავები კვლავ დავიწანი,ასე თავს ბავშვად ვგრძნობ,ბავშვებს ფერადი სული აქვთ. იცი? როცა რამე მტკივა,როცა ვინმე მენატრება ან თუნდაც, როცა ჩემს ძველ თავს ვნატრობ კედელზე ნაცრისფერ ყვავილს ვხატავ ხოლმე და ამ დილას შევამჩნიე რომ ტკივილებისთვის ადგილი აღარ დამრჩენია. ასეთი როდის გავხდი,სად დავუშვი შეცდომა,ვისი სიყვარული იყო ზედმეტი და ჩემთვის არა საჭირო ჯერ ვერ გამიგია.. უჯრაში ჩაკეტილმა ჩემმა ზღვამ თუ ვერ წალეკა სამყარო,რომელიც უზომოდ ცუდად მექცევა გეფიცები ღმერთო, ერთ დღეს ჩემი გრძნობები იზამენ ამას და მაშინ ყველაზე მეტად მინდა, რომ ჩემს გულში დარჩე. აქ ახლა საღამოა, ცოტახანში რაღაც აბებს დამალევინებენ. შემდეგ რაღაც ფურცელში ისევ რაღაცას ჩაინიშნავენ,კარს გაიხურავენ და ხმამაღალი ხმით ერთი მეორეს ეტყვის,რომ მე ვარ გიჟი,რომ მიყვარს ყვავილები,მზე და სიცოცხლე,თუმცა მეტასტაზებივით მაქვს უჯრედებზე მოდებული ფიქრები სიკვდილზე.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.