მეფე (სრულად)
დილიდანვე ისეთი ამინდი იყო, მამალსაც დაეზარა დაყივლება. სუსტი წვიმის, ტალახის და ღრუბელივით ხილვადი ყინვის სამოსელით შემოსილი ქუჩები, თითქოს თავისთვის ბურტყუნებდნენ რაღაცას, თუმცა, მათი სათქმელი თითო გამხმარი ფოთლის ქარში გაცურვისას ისმოდა, ძალიან ნაზად და ჩუმად. წყაროსთან პატარა ტანის, ხორცისფერი ძაღლი იჯდა. ყურზე ყვითელი ღილი ჰქონდა დამაგრებული და ფართო, შავი თვალები მოეჭუტა. დილიდანვე აჭრიალდა ეზოს ჟანგიანი ჭიშკარი, იქიდან შუა ხნის მაღალი მამაკაცი გამოვიდა, ისე სწრაფად და ისე აჩქარებული მიდიოდა, ჭიშკრის ჩაკეტვა დაავიწყდა. ტალახიან გზას, ჩქარი, ტყაპუნა ნაბიჯებით გაუყვა. წყაროსთან გაჩერდა, ჩაიმუხლა და წყაროს ქვის მოაჯირს დაეყრდნო. - ნეტა იცოდე, რა ვნახე წუხელ! - პეშვით სახეზე წყალს ისხამდა და თან ლაპარაკობდა. მერე, თითქოს, წყაროს მუდმივი ჩხრიალით გამოხატულ თანხმობას დაელოდა და მოყოლა დაიწყო. - ყანა დამესიზმრა, წყალო. იცი როგორი ყანა იყო? ბიბინა, ქერა, ზაფხული იქ წამებში მოდიოდა, რამდენ თავთავსაც მოცელავდი, ხუთი იმდენი ისევ ამოდიოდა. ვიწექი ტუჩებს შორის ხორბლის ღერით, ბავშვივით "შევისუნთქავდი და გამოვაბოლებდი", ვითომ პაპიროზი იყო. მერე ნაბიჯების ხმა გავიგე, ვიღაც კაცი მოდიოდა, ყანის პატრონი, ხოდა მაშინვე ქვემოთ ჩავედი, ჩემს ქვე ყანაში. ჩემი საფრთხობელა შემეფეთა გზაში, ხორბლების თავთავებში უსარაფნოდ იდგა და ეტყობოდა, დღითი დღე უფრო რომ ლამაზდებოდა. ყვავებიც ხედავდნენ და მოდიოდნენ. მაგის ქერა თავზე სამ შავ ყვავს წრე შეეკრა, გვირგვინს ჰგავდნენ. ხოდა ეგ გვირგვინი ისე წიწკნიდა თავიდან ჯერ თმებს და მერე ცარიელ კანსაც, ეს კიდევ ვერა ჰგრძნობდა, წყალო. სისხლიც არ სდიოდა, ერთხელაც არ შეტოკებულა. - ცოტა ხნით შეჩერდა და წყაროს კედელზე გაკრულ, ბიჭის ქვაზე დახატულ სურათს შეხედა. ისე გაჩერდა იმ წყაროსთან, ჩამოყრდნობილი, რაც ახსოვდა, ყველაფერი ეთქვა და ამოენთხია. ცოტათი გამელოტებულ თავზე წვიმის წვეთები ეცემოდნენ და მის თოვლივით ჭაღარა თმის ღერებზევე იყინებოდნენ. მარტო უაზროდ წამოსულ ცრემლებს ვერ იშრობდა ბერიკაცი. გზაზე ბალღმა ჩამოიარა. - ბაბუ, რა დაგესიზმრა, ბაბუ? - წყაროსთან შეჩერდა, პატარა ძაღლს თავზე ხელი გადაუსვა. - წყალს მოვუყევი უკვე, შვილო. წადი შენ. - მომიყევი მეც, რა ბაბუ! - სკოლაში არ გაგვიანდება შენ, შე მაიმუნო?! - ბაბუ, წყალს თუ მოუყევი, რაღა გატირებს? - რავიცი, შვილო, ასე მგონია, წყალს არა მოეწონა ჩემი სიზმარი და არა წაიღო. - ბაბუ, იქნებ არ დაგიჯერა? იქნებ მატყუარა ჰგონიხარ? - რას იძახი, შვილო?! სულ იმას გეუბნები ხოლმე, არ მომატყუო-მეთქი, და მე წყალს მოვატყუებდი?! ბალღი ცოტა ხანს გაჩუმდა. მერე ცაში აიხედა და ისევ ბაბუს მიუბრუნდა: - არაუშავს, ბაბუ, მერე რა, წყარომ თუ არ წაიღო შენი სიზმარი. აგე, ნახე, რამდენი წვიმის წვეთია! კანტიკუნტად ერთი მეორეს მერე მოდიან და მოდიან. რომელიმეს მოეწონება და წაიღებს მაგ სიზმარს. ... ბალღი დაღმართს ჩაუყვა. დიალოგის მერე, ბერიკაცს მოეშვა. თითქოს, მართლა რომელიღაც წვიმის წვეთმა წაიღო სიზმარი და მიწას დააშრა, დედა მიწას გული დაულბო და აატალახა თავისი პატარა სიცოცხლით. ... ამ მილიონამდე წვიმის წვეთით დასველებულ ტალახზე, ბალღები ჯვრებს ხაზავდნენ ხოლმე ჯოხებით და თითებით. ცოტა შემაღლებულზე, ის პატარა ძაღლი წამომჯდარიყო. ყურზე მიმაგრებული ყვითელი ღილი პატარა, გვერდზე გადმოყანთრულ გვირგვინს უგავდა. იჯდა, ფუმფულა კუდს ნამიან მინდორში აფათურებდა და ქვემოთ იყურებოდა. - უხ, მე რო მეფე ვიყო... თქვენ გიტირებდით ყოფას! ფქვილს და ღვინოს უფასოს გავხდიდი. უხ, იმ შობელძაღლ გამგებელს ყურძნის ჩენჩოებსაც არ მივცემდი, ჭაჭას გააკეთებდა მერე, მარტოკა დალევდა. - ბურტყუნით, სამკუთხედად შეკრული ნაოჭებით მიტყაპუნებდა ბერიკაცი სახლისკენ. თავის ეზოს რომ მიადგა, თითქმის ჩაიკეცა, ხის ღობეს დაეყრდნო. რაღაცის ხმამაღლა თქმა უნდოდა, მაგრამ მარტო ზემოთ ახედვა და წამიერი ხროტინი შეძლო. წვიმის ცივი წვეთი დაჭყეტილ თვალში ჩაუვარდა და მუხლებზე დამდგარი მიესალმა ყოველივეს მხსნელს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.