შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კალმის აჯანყება


10-05-2025, 23:58
ავტორი angry strawberry
ნანახია 145

კალმის აჯანყება I — შესავალი ჯიხურში
დახლის უკან მდგარი იგო თაროთა რეორგანიზაციას აკვირდებოდა. თითქოს გააჩნდათ მეხსიერება. წიგნები უსიტყვოდ იცვლიდნენ ადგილებს, ზოგი იდეას ჰგავდა, ზოგი ჯერ დაუწერელ აზრს. შუშის მიღმა დრო გაჩერებულიყო. სუნთქვაც კი სხვაგვარად ისმოდა აქ, თითქოს ჰაერი ეძებდა დამკვირვებელს.
ჯიხურში მაგიური არაფერი ჩანდა, გარდა ახლად დაბეჭდილი წიგნებისა, რომელთაც ჯერ არავინ გადაფურცლავდა. არ არსებობდა საზრიანი ამბავი, არც დიალოგი, რომელსაც მკითხველის ლოგიკამდე მიყვანა შეეძლო, თუმცა ეს გარემო იყო ზუსტად ის, რაც იგოს უყვარდა — ყოფიერებისგან განთავისუფლებული სიჩუმე.
იგოსათვის ეს ყოველდღიურობის შემსუბუქების ადგილი იყო. საყოველთაო სიღატაკის ფონზე, ადამიანური მორალის დაცემამ თითქოს აქ პიკს მიაღწია, მაგრამ სწორედ ამ წერტილიდან იწყებოდა რაღაც სუფთა. მაგიდაზე დარჩენილი ჩაი ჯერ კიდევ თბილი იყო , არა იმიტომ, რომ დრო არ გადიოდა, არამედ იმიტომ, რომ დრო ამ ადგილს უბრალოდ აღარ აინტერესებდა.
„ჩაი აქ ყოველთვის თბილია,“ — გაიფიქრა იგომ. „ის ისევეა დაკავშირებული სინამდვილესთან, როგორც ეს წიგნები - ლოგიკასთან. მთლიანობაში, არცერთს არ აქვს მნიშვნელობა.“
მარგო
მოულოდნელად, საწყობში კაკუნი გაისმა, ჯერ რბილად, შემდეგ გაბედულად. ქალის სილუეტი თაროებს შორის ისე გადაადგილდებოდა, თითქოს ეძებდა რამეს, რისი არსებობაც ეჭვქვეშ ეყენა.
იგომ ქალი უსიტყვოდ მოიწვია. ეს ინსტიქტი იყო და არა სტუმართმოყვარეობა. ჯიხურში ბევრი სახე ენახა, მაგრამ ამ ქალის მზერაში რაღაც სხვა იკითხებოდა — ადამიანი, რომელმაც თავის თავთან ახლახანს იჩხუბა.
„წიგნი მჭირდება,“ — თქვა ქალმა თავდაჯერებით, ისე, თითქოს ბრძანებას გასცემდა. „მაგრამ არ ვიცი, არის თუ არა ჯერ დაწერილი.“
იგომ წარბი ასწია , არა ირონიულად, არამედ ინტერესით.
„სწორ ადგილას მოხვედრილხართ. თუ გსურთ, მესაუბრეთ ამ დაუწერელ წიგნზე.“
ქალმა პაუზა გააკეთა. თვალი თაროებისკენ გააპარა, თითქოს იმედი ჰქონდა, რომ წიგნი თავისით გამოჩნდებოდა.
„წიგნი წასაკითხად არ არის. ის… თავიდან დასაწერია.“
იგო ღიმილით შეხვდა მის სიტყვებს, ქალის ხმაში არა თეატრალური, არამედ შინაგანი, სუსხიანი სერიოზულობა იგრძნობოდა.
„ანუ,“ — თქვა იგომ ჩაფიქრებით, — „გსურთ ჯერ არ დაწერილი წიგნის თავიდან დაწერა?“
„არა,“ — უპასუხა ქალმა ჩურჩულით, — „მინდა თავიდან დავწერო ჩემი წიგნი, ჩემი ცხოვრება. ყველაფერი ჩემით დავიწყო.“
იგომ იცოდა მისი სახელი — მარგო. ის ადრე არასდროს ენახა, მაგრამ ჯიხურის მეპატრონისთვის ცნობიერება ხანდახან დროის საზღვრებს ცდებოდა. მარგო იყო მწერალი, რომელიც თავისსავე ისტორიაში ჩაიკეტა და რაც მთავარია, ის უკვე ვეღარ იტანდა პერსონაჟს, რომელიც თავადვე შექმნა და თავადვე იყო.
ამბავი, რომელიც შთანთქავს
„მე ვწერდი,“ — დაიწყო მარგომ, — „თავიდან ყველაფერი ლოგიკურად ვითარდებოდა. პერსონაჟებს თავიანთი ნარატივი ჰქონდათ, ამბავი თავისით მიჰყვებოდა გზას. მაგრამ რაღაც ეტაპზე მივხვდი, არც პერსონაჟები არსებობდნენ, არც თვითონ ამბავი. და რაც ყველაზე საშინელია , არც მე.“
იგომ თავი დააქნია, მსგავსი რამ ბევრჯერ, მაგრამ ყოველთვის განსხვავებულად მოესმინა. მარგოს შიგნიდან შლიდა საკუთარი ისტორია, როგორც მკვდარი გემიდან გადმოღვრილი წყალი.
„შენ გინდა თავი დააღწიო შენივე ისტორიას,“
„დიახ,“ — ქალმა თავი დახარა. — „მაგრამ ისტორია არ მანებებს ვიყო თავისუფალი.“
იგო თაროებს შორის გაემართა, თითქოს უკვე იცოდა სად მიდიოდა. რამდენიმე წუთიანი ძებნის შემდეგ მიაგნო მტვრიან, ტყავით შეკრულ წიგნს. უსათაურო, უხმო, ცარიელი. გვერდები უმანკო სიბრტყეს ჰგავდნენ.
„აიღე,“ — მიაწოდა. — „ეს წიგნია აზრის გარეშე. ისტორია, რომელიც გაქრა. სივრცე, რომელიც ჯერ არ არსებობს.”
„და რა მოხდება, როცა წერას დავიწყებ?“ — იკითხა მარგომ, ეჭვით დაყურებდა უსულო ფურცლებს.
„როცა დაიწყებ, აღარ შეგეძლება გაჩერება შენ აღარ იქნები ავტორი, ისტორია დაიწერება, შენგან დანოუკიდებლად.
„რის ფასად?“ — თვალებში ჩახედა იგოს.
„იმ მწერლის ხსოვნის ფასად, რომელიც ცდილობდა ბედის გადაწერას და ბოლოს მიხვდა , ზოგჯერ დასასრულისკენ მიმავალი გზა მხოლოდ გავლით არის.“
წერა
მარგომ წიგნი წაიღო. იყო ჰაერში სიმძიმე, არა საფრთხის, არამედ შანსის. კალამი, რომელიც ეჭირა, უცხო სხეულად ეჩვენებოდა, თითქოს არ ემორჩილებოდა. მაგრამ შემდეგ დაიწერა პირველი წინადადება — “მარგოს ნაცვლად”.
პროტაგონისტი კვლავ თავად იყო, მაგრამ ამჯერად არც არჩევანი ჰქონდა — ვინც იწყებს წერას, იმან უნდა გაიაროს კიდეც გზა.
წინადადებები სისხლივით იღვრებოდა. მარგო გაჩერებას ცდილობდა, მაგრამ ისტორია უარყოფდა. პერსონაჟები დაუპატიჟებლად შემოდიოდნენ: ზოგი წარსულიდან, საკუთარი ნება-სურვილებით შეიარაღებულნი.
შენიშვნები და კითხვა
იგო შორიდან აკვირდებოდა მარგოსა და ბედის ჭიდილს. ეს მას უკვე ენახა, სხვა დროს, სხვა სახეებით. ბრუნვადი იყო ტრაგედია: შემქმნელი, რომელსაც შთანთქავს თავისივე ქმნილება.
შენიშვნა 1 — რასკოლნიკოვი დანაშაულსა და სასჯელში: იდეის სიმძიმე ადამიანს ანადგურებს. მარგოს წიგნიც ფარსია — ილუზია, რომელიც მასვე აგდებს ტყვეობაში.
შენიშვნა 2 — მარგომ პროტაგონისტობა სცადა, მაგრამ აღმოჩნდა რიგითი პერსონაჟი, საკუთარ ისტორიაშიც კი.

ბოლო ფურცელი
ის, რაც რჩება, როცა კალამი ჩერდება
წერა არ დამთავრებულა , უბრალოდ გაქრა.
ბოლო სიტყვები მარგოს თითებში დადნა, თითქოს ფურცელს სურდა უკან წაეღო ის, რაც დაიტია. ჯიხურში კვლავ ჩამოწვა სიჩუმე, ოღონდ ამჯერად განსხვავებული. ეს იყო სიჩუმე, რომელსაც რაღაც ჰქონდა წაკითხული. და რაც მთავარია, რაღაც იცოდა.
მარგო წიგნის გვერდებს დაჰყურებდა. ყველა წინადადება თავის ადგილზე იყო, თითქოს წესრიგი მიეცა იმ ქაოსს, რასაც თავად გაურბოდა. ის მთქმელს შთანთქავდა.
„დამთავრდა?“ — ჰკითხა ბოლოს.
მარგომ თავი დაუქნია, მაგრამ არაფერი უთქვამს. მას აღარ ჰქონდა ხმა, არა იმიტომ, რომ დაკარგა, არამედ იმიტომ, რომ ის უკვე ისტორიად იქცა.
იგო მიუახლოვდა. წიგნი დახურა.
„იცოდი, რომ ასე მოხდებოდა?“ — იკითხა მარგომ.
იგომ უპასუხა:
„ვიცი, რომ ყველაფერი, რასაც იწყებ, თავისას ითხოვს. წერას სურს სიჩუმე. ხსნას — ტყვეობა. თავისუფლებას კი მსხვერპლი.“
მარგომ ბოლო მზერა შეავლო საკუთარ წიგნს. უსახელოს არ ჰქონდა არც ფერი, არც სუნი. მხოლოდ აზრი. და ის აზრი უკვე აღარ ეკუთვნოდა მას.
იგომ წიგნი თაროზე დადო. ბუნებრივად ჩაეწერა ის რიგში, თითქოს ყოველთვის იქ იყო.
ქალმა უკან დაიხია. კარისკენ გაიხედა. დაბრუნდა ქალაქი, ხმაური, მანქანების სინათლე. რეალობა, რომელსაც თავი დააღწია, მაგრამ იქ დაბრუნება უწევდა.
იგოს ხმა გაიგონა ზურგს უკან:
„დაიმახსოვრე, ზოგჯერ, ვინც წერისგან განიკურნა, ყველაზე მეტად დარჩა სიტყვების ტყვეობაში.“
მარგო გავიდა. კარი არ დახურულა , ჯიხური ყოველთვის ღია რჩება მათთვის, ვისაც ჯერ არ დაუწერია.
და შენ?
შენ ვის წიგნში ხარ?
და როდის გადაწყვიტე, რომ შენი ფურცლები აღარ გეკუთვნის?

დასასრული.



№1  offline მოდერი Catherine Di Perso

"...თითქოს ფურცელს სურდა უკან წაეღო ის, რაც დაიტია."

 


№2  offline წევრი angry strawberry

Catherine Di Perso
"...თითქოს ფურცელს სურდა უკან წაეღო ის, რაც დაიტია."


წარსულიდან წამოსული ტკივილი მაინც იპოვის გზას, რომ მომავალში დაგისახლდეს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent