მოგონებიდან
ვერ ვერევი მოზღვავებულ ტკივილს, 6 თვე გავიდა, თუმცა არაფერი იცვლება, ტკივილი გგონია მიყუჩდა, მაგრამ წამიერად ყელში გიჭერს, ისე გახრჩობს, სულს გიკრავს, შენ კი უძლური ხარ, ყველა ტკივილთან უძლური და მარტო ხარ, ერთი ცალი. *** სამსახურში მივდიოდი, გზაში ბაბუს ვურეკავდი, არ მიპასუხა, ვინერვიულე. ბიცოლას დავურეკე. საავადმყოფოშია ბაბუ. ტაქსი მოვატრიალე, ვეცადე სმენის გადაცვლას, ყველამ უარი მითხრა, რა თქმა უნდა, ყველას გეგმა აქვს, დასვენების დღეა, შენთვის ვის ცალია, არც მიფიქრია, რომ გამიმართლებდა. მიუხედავად წინაღობისა ტაქსი მაინც მოვატრიალე და ჩემი ქალაქისკენ, ჩემი ბაბუსკენ დავიძარი, რომელსაც ყველაზე მეტად ვჭირდებოდი. გზა გაიწელა, გაიწელა ისე უაზროდ, არასდროს რომ არ ინატრებს დასრულებას. ყველა სცენარს წარმოვიდგენდი გონებაში, რა დამხვდება, როგორ ან საერთოდ თუ დამხვდებოდა. მთელი ოჯახი ერთად შევიკრიბეთ, შვილები, შვილიშვილები, მეუღლე, რომელიც 47 წელია გვერდს უმშვენებს, ალბათ კიდევ დიდხანს უნდა ასე გაგრძელდეს, მაგრამ დრო იმდენად არგვყოფნის, ხანდახან პატარა ნატვრა, დიდ ოცნებად გადაგვექცევა. ორი დღე ბაბუს სასთუმალთან გავატარე, ბოლო ღამე იყო, ის მწარე ტკივილით სავსე ღამე, ბაბუს პატარა ბავშვივით რომ ეძინა ჩემს მხარზე, ტკიოდა, მეგონა ვიცავდი, ჩემს ფარს მყავდა ამოფარებული, მაგრამ თურმე ამ დროს ვერავინ გიცავს, მარტო ხარ საკუთარ ომში. -ვიღაც შემოვიდა სახლში.-თვალდახუჭული მეუბნება, სრულ აგონიაში მყოფი, შიში მიპყრობს, მაგრამ მინდა ძლიერი გამოვჩნდე და არ ვაგრძნობინო, როგორ ვებრძვი მასთან ერთად ამ ტკივილს, ყელში დიდი ბურთი ძლივს გადავაგორე, თავს მოვერიე... -იცანი ბაბუ, ვინ არიან? -ვერა, ვერ ვიცანი. საწოლზე წამოვაწვინე, ხელი მაგრად ჩავჭიდე და ვეცადე ეგრძნო, როგორ მიყვარს და როგორ მტკივა მისი ტკივილი, არვიცი ალბათ გრძნობდა, მარტო რომ არ იყო, ყველა მასთან ვიყავით, გრძნობდა კი? დილით მამაო მოვიყვანეთ, ლოცვა წაუკითხა სულისა და ხორცის განდევნის, ლოცვის დასრულებამდე მისი ხელი მეჭირა, მისი გაყინული ცივი ხელი, ლოცვა ბაბუსთან ერთად დასრულდა...იქ იმ მომენტში ჩემი ცხოვრების ისტორიამ ბაბუსთან ერთად დაასრულა, ამაყად და მტკიცედ, ისე როგორც მას შეშვენის. ვერ ვტიროდი, ან არ ვტიროდი, უფრო ვბღაოდი, საკუთარ თავს არ ვაჯერებდი იმ რეალობას, რომელშიც აღმოვჩნდი, რა ეგოისტები ვართ ადამიანები, საკუთარი ტკივილი გვტკივა, განა არ ვიცით იქ რომ უკეთ იქნებიან, მაგრამ ჩვენ? ჩვენ რა უნდა ვქნათ მათ გარეშე, იმ ანგელოზების გარეშე. 6თვე გავიდა. ბაბუს ბოდიშს ვუხდი, რადგან მე არ ვიყავი განსაკუთრებული შვილიშვილი, განსაკუთრებული ბაბუსთვის, მაგრამ მე მიყვარს ისე, რომ ამ სიყვარულს და მონატრებას ვერ ვუმკლავდები. სადღაც ჩემს გულის ნაწილს ისევ სჯერა, რომ ცოცხალი ხარ ბა და მინდა ასე სჯეროდეს ცხოვრების უკანასკნელ წამამდე, ამ იმედის გარეშე სიცოცხლე იმაზე რთული აღმოჩნდება ვიდრე ახლაა, მტკივა უშენობა, რომ ვერ ვერევი, შენს საფლავზე რომ არ დავდივარ, ესეც იმის ბრალია, რომ ჩემთვის ცოცხალი ხარ, ისევ გელოდები სახლში, რომ მოვიდე უნდა დაგიჯერო, მე კი არ მინდა, მინდა ჩემს პატარა ოცნებასთან ერთად ვიცხოვრო, მაპატიე ჩემი სიყვარული, ასე უცნაური და მტკივნეული რომ არის. ყოველი ღამე შენზე ფიქრით მთავრდება, ახლაც ეგეთი ღამეა, შენსავით გაცისკროვნებული, ცას რომ გახედავ შენი მონატრების ფერს ვერ იტევს, ვერც ჩემი გული გიტევს ბა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.