ეკლიანი შურისძიება
– ჯერ სალონი, მერე სამოსი და ბოლოს კრუიზი? ზუსტად იგივე მარშრუტი და იგივე სტუმრები!.. – ჰმ, პირველ დღეს წვეულება იქნება დიდ დარბაზში, მეორე დღეს კი – დასვენება... ესე იგი, გამოსაცვლელად ცოტა ნივთიც უნდა ჩავალაგო. – ხომ იცი, რომ არ ხარ ვალდებული, იქ წახვიდე? – ვიცი. ისიც იცი, რომ არ გადავიფიქრებ და ჩემს საქმეს მაინც გავაკეთებ. – ვიცი, იმიტომ, რომ ძალიან ჯიუტი ხარ. აი, ეს ბიჭი ენცოა, დაცვის სამსახურში მუშაობს, სწორედ მასზე მთხოვე... – ოჰო, სიმპათიური ყოფილა. კარგი, მადლობა. შეგიძლია, ჩემი ჩანთა უკვე წაიღო კრუიზზე, მე კი პირდაპირ წვეულებას შევუერთდები. – კარგი, ქალბატონო როზი, როგორც იტყვით. ვიმედოვნებ, არ ინანებთ. კრუიზზე – უჰ, დამღლელი დღე გველის, ბიჭებო! დაცვის სამსახური ვართ და კარგად უნდა ვიმუშაოთ, მოემზადეთ! – ენცო, ახლა ჩემი ცვლაა. შენ წადი, გადაივლე და წაიხემსე. – რა იყო, ასე გეხალისება სიცხეში დგომა? – ენცო, უფროსი გისაყვედურებს, დაღლილი რომ დაგინახოს, საღამოს ხომ ძალიან დიდი წვეულება იმართება. გაცილებით მეტი დატვირთვა გვექნება, შენ – მით უმეტეს. – კარგი, ლუჩიანო, ამჯერად დამითანხმე. სწრაფად დავბრუნდები. აბა, თქვენ იცით, არ მოდუნდეთ! „მგონი, ძალიან გამომწვევად გამოვიყურები, მაგრამ მეც ხომ სწორედ ეს მსურს – ყველა მე უნდა მიყურებდეს!“ გრძელი, წითელი, ტანზე მომდგარი კაბა, ოქროსფერი სამკაული, გაშლილი თმა და წითელი ტუჩსაცხი... როზი მართლაც ეკლიან ვარდს ჰგავდა. – მობრძანდით, ანა... – კარლო, ანა აღარ არსებობს. ყოველ შემთხვევაში, ამ ხალხისთვის. როზი კი არასდროს უნდა დაავიწყდეთ. მადლობა, რომ დამხვდი. – მართალი ხართ, გამომყევით. წვეულება იწყება. „ოჰო, ეს საოცარი გოგო ვინ არის? მგონი, აქაური არ უნდა იყოს.“ – ეი, რომეო! ეგ, ჯულიეტას მსგავსად, ძალიან მდიდარი ოჯახის შვილია, როზი ჰქვია. მაგრამ ჯულიეტასგან განსხვავებით, ერთი ნახვით შეყვარებისთვის თავს ნამდვილად არ გაწირავს. – საიდან ამხელა შთაგონება? უბრალოდ, ლამაზი გოგოა, შევხედე და მეტის მოლოდინი არც მაქვს. რამდენიმე წუთის შემდეგ – გამარჯობა, როზი, როგორ მოგწონს აქაურობა? – მადლობა, ლუკა, ძალიან ლამაზია. ყველა მე მიყურებს და სწორედ ის ხდება, რაც მინდოდა. ახლა ცოტა ხნით სუფთა ჰაერზე გავალ. – ხომ არ გამოგყვე? – არა, საჭირო არ არის. ნელი, მტკიცე ნაბიჯით დავტოვე უზარმაზარი დარბაზი, სადაც ყველა ადამიანის ინტერესის ობიექტი ვიყავი. – ქალბატონო როზი, დახმარება ხომ არ გჭირდებათ? – დახმარება? მე? ჯერჯერობით არა. – კარგი. ჩვენ აი, იმ კაიუტასთან ვიქნებით და თუ რამე დაგჭირდებათ, დაგვიძახეთ. – აქ ახლახან დაიწყე მუშაობა? ადრე არ შემინიშნიხარ. ან ჩემი სახელი საიდან იცი? – ყველა თქვენზე ლაპარაკობს... – მაინც რას? კარგს თუ ცუდს? – ეგ არ ვიცი. – შენ რა გქვია? – ენცო. – სასიამოვნოა. სულ აქ უნდა იყო? ძალიან კარგი მოსაუბრე ჩანხარ. – დიახ, სულ აქ უნდა ვიყო. – მაშ, ერთი თხოვნა მექნება. რამდენიმე წუთში დარბაზში ვალსს იცეკვებენ. შეგიძლია, ჩემი პარტნიორი იყო? – რატომაც არა. – კიდევ ერთი რამ... არ ვიცი, როგორ გითხრა. – მითხარით. – როგორც კი ცეკვა დასრულდება, მაკოცე და დარბაზიდან წამიყვანე. – ლოყაზე? – არა – როგორც სასურველ ქალს. – გასაგებია. – ასე იოლად რატომ დამთანხმდი? იქნებ შეყვარებული გყავს... ჩვენი ფოტოები კი ხვალ ყველა გაზეთსა და ჟურნალში იქნება. – შეგიძლიათ დამშვიდდეთ, არავინ მყავს. – გოგოებს ყოველთვის ასე მოკლედ პასუხობ? – დიახ. – ჯერ მე შევალ. რამდენიმე წუთში მიხვდები და შენც შემოდი. „კარგი, შებრძანდით და დამელოდეთ.“ „ძალიან ვნერვიულობ. რატომ მეჩვენება, რომ ეს ახალგაზრდა რაღაც მეტია? როგორც კი დავინახე, მაშინვე ვიგრძენი.“ – შეიძლება, ვიცეკვოთ? – დიდი სიამოვნებით. – ნერვიულობ? ეცადე, მოდუნდე და წარმოიდგინო, რომ ირგვლივ არავინაა. ვგრძნობ, როგორ უცემს გული. წამის მეასედში კი მთელი ვნებით მკოცნის; ვდუნდები და კოცნითვე ვპასუხობ. ჩემდა უნებურად, მისკენ ვდგამ ნაბიჯს. – წავიდეთ? გონს მოსულმა დავინახე, როგორ შემოგვცქეროდა ყველა. არც ჟურნალისტებმა დააყოვნეს. – წავიდეთ. იმედია, იცი ადგილი, სადაც ვერ გვიპოვიან. ხელი ძლიერად ჩავკიდე და დარბაზი სწრაფი ნაბიჯით დავტოვეთ. – აი, ის მოხდა, რაც გსურდათ. დღეიდან ყველას ინტერესის ობიექტი გახდებით, როზი. – მე სულ სხვა მიზეზით მსურს, რომ ამ დაწყევლილ კრუიზზე კონკრეტულმა ადამიანებმა შემამჩნიონ. – მიამბობთ, რა მოხდა? ასე რატომ ფიქრობთ? უკვე საკმაოდ შორს ვართ მათგან, გემის ამ ნაწილში არავინ ჩამოვა. – კარგი, გიამბობ. თითქმის ერთი წლის წინ, ერთი უბრალო გოგონა ამოვიდა აქ. მისი ოცნება ზღვაში კრუიზით მოგზაურობა იყო. – ჰო, ბევრი ადამიანი მინახავს, ვინც მხოლოდ იმიტომ მოგზაურობს ამ კრუიზით, რომ აინტერესებს, როგორია უდიდეს გემზე შუა ოკეანეში ყოფნა. მერე რა მოხდა? – აქ ემოციებით სავსე, მეოცნებე და მეამიტი გოგონა ამოვიდა. მხოლოდ ზურგჩანთა ჰქონდა, ორ დღეში მეტი არც დასჭირდებოდა. პირველივე საღამოს მსგავსი წვეულება გაიმართა. ყველაზე უცნაური კი ის არის, რომ ზუსტად ის ადამიანები ესწრებოდნენ, ვინც დღეს. სრული პაკეტი ჰქონდა შეძენილი, ამიტომ წვეულებაზე დასწრების უფლება მასაც ჰქონდა. ძალიან უბრალო, საზაფხულო ცისფერი კაბა და კედები ჩაიცვა, და ისე შევიდა უზარმაზარ დარბაზში, სადაც იატაკიც კი ისე ანათებდა, თვალს ვერ მოსწყვეტდი. იქ ყველა მას უყურებდა. აინტერესებდათ, ვინ იყო. – ალბათ იმიტომ, რომ ძალიან ლამაზი იყო. – კი, ძალიან ლამაზი გოგონა იყო, მაგრამ მას ისე არ უყურებდნენ, როგორც დღეს მე – ყველა დამცინავად უცქერდა, ყველა აგრძნობინებდა, რომ მასზე მაღლა იდგნენ! ყველაზე საწყენი კი ის იყო, რომ ვინც ამას აკეთებდა, ყველა ვიღაცის მილიონერი შთამომავალი იყო. და ყველაზე გასაკვირი ის არის, რომ სტუმრები სწორედ იმ ქვეყნიდან იყვნენ, საიდანაც ის გოგონა. ამ დაცინვამ გული ატკინა და დარბაზი დატოვა. კაიუტასთან თითქმის მისულს, ორი ბიჭი გადაეღობა. უმზერდნენ, როგორც კრავს. გოგონამ სთხოვა, გაეტარებინათ, მაგრამ ამაოდ. ერთმა ხელი წაავლო, მეორემ პირზე ხელი აიფარა... ეხებოდნენ ყველგან. გოგონა მთელი ძალით ცდილობდა თავის დახსნას, მაგრამ ჯერ ერთმა შემოახია კაბა და დიდხანს არ მოსცილებია მის სხეულს. ყველა წერტილი ტკიოდა. ებრძოდა, გაქცევა სურდა, მაგრამ ვერ ინძრეოდა – მასზე მოქცეულ მხეცს გაცილებით დიდი ძალა ჰქონდა. როდესაც ერთმა თავისი ცხოველური ჟინი დაიკმაყოფილა, მეორემ განაგრძო... გოგონას წინააღმდეგობის გაწევის ძალაც აღარ ჰქონდა. მეორე რომ მოშორდა, უკვე გონება ჰქონდა დაკარგული. არც ინძრეოდა, აღარც ყვიროდა და არც ტიროდა. მხეცებმა ეს არც კი შეიმჩნიეს, რამდენიმე დოლარი დაუგდეს და წვეულებაზე, თავიანთ მდიდარ ცოლებთან დაბრუნდნენ. არ იცის, რამდენ ხანს იწვა უგონოდ ცივ იატაკზე. გონს რომ მოვიდა, მთელი სხეული დალურჯებული ჰქონდა. ძლივს წამოდგა, კაიუტაში შევიდა და სხვა ტანსაცმელი ჩაიცვა. გაქვავებული იყო. საკუთარ თავზე, იმ ორ მხეცზე და ამ თვალისმომჭრელ კრუიზზე გული ერეოდა. ყელში ბურთი ჰქონდა გაჩხერილი, ყვირილი და ტირილი უნდოდა, მაგრამ აღარ შეეძლო. დამცირებული და განადგურებული ისევ ზევით ავიდა. ქვემოდან ჯერ კიდევ ისმოდა მუსიკისა და სიცილის ხმები. არავინ დაუჯერებდა, რომც ეყვირა ან ეტირა, რადგან იმ მომენტში იქ, მის და იმ ორი მხეცის გარდა, არავინ იყო! სუნთქვა უჭირდა და ეს უსუსურობა კიდევ უფრო სტკენდა გულს. – მერე რა მოხდა? – კაპიტანთან მივიდა და უთხრა, რომ ძალიან ცუდად იყო და ხმელეთზე დაბრუნება სურდა. კაპიტანმა სპეციალურ სამსახურს დაავალა მისი იახტით ნაპირზე გადაყვანა. – რატომ არაფერი უამბო? ვინმე აუცილებლად დაუჯერებდა. – როგორც კი გონს მოვიდა, გეგმა უკვე ჰქონდა, მაგრამ იმ დღეს არ განახორციელებდა. ალბათ გაინტერესებთ როდის... ეგ არავინ იცის... – თქვენ მას ასე კარგად იცნობთ? – ზედმეტადაც კი. ახლა კაიუტაში დავბრუნდები. შენ კი ამ სიკეთეს არასოდეს დაგივიწყებ. – მოიცადეთ, როზი, არ გითქვამთ, იმ გოგონას რა ჰქვია. – მალე გაიგებ. ნელი, დაღლილი ნაბიჯით გავუყევი ჩემი კაიუტისაკენ მიმავალ გზას. მესამე დღე – ენცო, სასწრაფოდ, კაპიტანი გვიბარებს! არ ვიცი, რა ხდება, სასწრაფო და პოლიცია – ყველა აქ ამოდის! – ხუმრობ? რა უნდა მომხდარიყო? – სასწრაფოდ მეჩვიდმეტე და მეცხრე კაიუტებისაკენ! ყველამ იარაღი აიღეთ... – ასეთი რა ხდება მანდ, კაპიტანო სილვიო? – გამაგიჟებ შენ მე! ნუთუ წუხელ ვერაფერი გაიგონე? – უკვე მეასეჯერ გიმეორებთ, რომ არაფერი საეჭვო არ შემიმჩნევია!.. მეტყვით, რა მოხდა? პოლიცია და სასწრაფო რატომ მოვიდნენ? – დღეს დილით ორი ახალგაზრდა მამაკაცი იპოვეს გარდაცვლილი, უფრო სწორად – მოკლული. – ოჰო! და ეს საშინელება ვინ ჩაიდინა, უკვე იცით? – ეგ რომ ვიცოდეთ, ენცო, ახლა პოლიციის მოლოდინში აქ არ ვიქნებოდი. უცნაური ის არის, რომ ორივე გარდაცვლილი ძალიან მდიდარი ოჯახის წარმომადგენელია. – კაპიტანო, ისინი აქ მეორედ იმყოფებოდნენ? – დიახ, ენცო. სულ რაღაც ერთი წლის წინ იყვნენ პირველად. – მკვლელი ალბათ უცნაური და ძალიან ლამაზი უნდა იყოს. – ამას რატომ ამბობთ? – ორივე გარდაცვლილთან წითელი, ეკლიანი ვარდი იპოვეს... – ახლა ყველაფერი გასაგებია! – რამე იცი, ენცო? – არა, ბატონო, რა უნდა ვიცოდე... მე უბრალოდ თქვენს მოსაზრებას ვეთანხმები. – აი, პოლიციელიც. ენცო, რაც იცი, ყველაფერი უამბე. – კარგი, კაპიტანო! რამდენიმე საათის შემდეგ „იმ უბრალო გოგონამ უკვე გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა. მაგრამ ამ სიმკაცრეს მაინც ვერ ვუგებ! თუმცა, რაც მას გაუკეთეს, ალბათ ათასჯერ უარესი იყო. როგორც იტყვიან – კბილი კბილის წილ, სისხლი სისხლის წილ.“ – ახლა უკეთ ხარ, როზი? – კი, ფაბიო. ძალიან კარგად ვარ. – ახლა შეგიძლია, მშვიდად დაიძინო. – ასე რატომ ამბობ? – როზი, მე ხომ ყველაფერი ვიცი. – იქნებ არის რაღაც, რაც არავინ იცის და ვერც ვერასდროს გაიგებს. – არ შეგედავები. იმ ყმაწვილს დღეს შენი თხოვნით დავასაჩუქრებ. – ოდესმე ისევ ვნახავ ენცოს და... თუმცა, არ ვიცი, სად და როდის. „ცხოვრება ასეთია – ადრე თუ გვიან ყველა ვაგებთ პასუხს ჩვენ მიერ ჩადენილ ცოდვებზე. საკითხავი მხოლოდ ის არის, რას გვიმზადებს ცხოვრება. მეც მხოლოდ ლოდიღა დამრჩენია.“ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.





გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.




