სუსხიანი
უყოყმანოდ დავჯდები ფანჯარასთან, კუთხეში, იქ, სადაც არავინ მომაქცევს ყურადღებას, იქ, სადაც მეკუთვნის და ცხელი შოკოლადით გავარვარებულ ფინჯანს შემოვხვევ გაყინულ თითებს. კიდევ ერთხელ შევეცდები ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში დავარწმუნო საკუთარი თავი მანამ, სანამ გადავიფიქრებ. მერე კი მოვა… უკითხავად გამოსწევს სკამს ჩემ წინ და ისეთი გამომეტყველებით დაჯდება, თითქოს მე ვალოდინე. მომაშტერდება გაურკვეველი ფერის თვალებით. გაურკვეველ, არეულ გრძნობებს გამოიწვევს ჩემში. მე გამაკანკალებს ამ არეულობისგან და ცხელ შოკოლად მოვსვამ. ის კი, ამ ბლანტი სითხის მსგავსად მდორედ შემოაღწევს ჩემში, სისხლძარღვებს მტკივნეულად მოივლის. შესაძლოა ისარგებლოს კიდეც და ცოტა ხნით ჩემი თვალებით გადახედოს სამყაროს. დაინახოს საკუთარი თავიც. (ნეტავ თუ მოეწონება?) შემდეგ შოკოლადს აიღებს და ჩემთვის თვალმოუშორებლად მოსვამს, ცივ ტუჩებს ზანტად გაილოკავს და ფინჯანს უკან დამიბრუნებს ისე, თითქოს უკანასკნელი იყოს, რასაც მისგან ვიღებდე. შემდეგ? შემდეგ ყველაფერს ერთად დავგეგმავთ. მშვიდად, აუღელვებლად. თავისი მომნუსხველი ხმით გამიმხელს საკუთარ გეგმებს და მე, მისით შეპყრობილი უარს ვერაფერზე ვიტყვი. მერედა როგორ ეხერხება ყველაფრის გათვლა?! იდეალურად! ბოლოს ჩემს თითებს დაიჭერს და მზრუნველად მეამბორება. ეცდება ამით დამამშვიდოს, მაგრამ ვერც კი მიხვდება, რომ უარესად ამაფორიაქებს. ფინჯანი შოკოლადისგან დაიცლება და მეც დავიცლები რეალობისგან. შეხვედრას ჩემთან სახლში დავთქვამთ ზუსტი დროის გარეშე. ის მაშინ მესტუმრება, როცა მე მზად ვიქნები. ის მე კარგად მიცნობს და იცის, რა დრო დამჭირდება მოსამზადებლად. ისიც კი ეცოდინება მის მოსვლამდე რას გავაკეთებ. ისიც კი, რას ჩავიცვამ, ან არა. გზად ვარდებს ვიყიდი. მზისჩასვლისფერს. მათი სურნელი აუცილებლად უნდა ტრიალებდეს იქ, სადაც მე და ის შევხვდებით. მისთვის ალბათ პათეტიკურიცაა, მაგრამ ჩემთვის არა და მან ეს იცის. სახლში მისვლამდე ტოტებს ეკლებს დავაცლი. საკმარისია მჩხვლეტავი, ტკივილის გამომწვევი სურათები ჩემ ცხოვრებაში. წყალში ჩავაწყობ და კიდევ რამდენიმე დღის ან საათის სიცოცხლეს ვაჩუქებ. შემდეგ ცხელ წყალში ჩავწვები და გაყინული სულის გათბობას თვალებდახუჭული დავუცდი. არ შევიმჩნევ იმ ეჭვს, რომ შესაძლოა ის საიდანღაც მითვალთვალებდეს. მაქსიმუმ შეუმჩნევლად გამეღიმოს ამაზე. წარმოვიდგენ საკუთარ თავს იქ, მასთან ერთად – წითელი კაბა, შავი ბარხატის ხელთათმანები და ვალსი მომაკვდავ მელოდიაზე. უსასრულობა, სიცივე ჩემს მხრებზე, სიმხურვალე გულში და ქაოსი თვალებში, რომელსაც ის დამანახვებს… დამანახვებს და გამეცლება… ალბათ უკანასკნელი შემოხედვა ბნელი და გაუვალი იქნება. სწორედ ისეთი, როგორიც ჩემი მომავალი. წუთები გავა და სუსხი გამომაფხიზლებს. თბილ წყალს შეერევა მისი სუნთქვა და აამღვრევს მდორე ბურანს. ხელისგულზე ნიკაბდაყრდნობილი შეათვალიერებს ჩემს მორცხვ სიშიშვლეს და ღიმილიანად ამოიოხრებს. წყალში მოლივლივე ვარდების ფურცლებს თითებით გაეთამაშება და გვერდულად ამომხედავს. ამ რამდენიმე წამში დაიწყება, იარსებებს და დასრულდება ჩვენი უტყვი რომანი. ზანტად წამოიმართება და მუხლებზე ვიგძნობ მის ზამთარივით შეხებას. უკან დავიხევ, მაგრამ გვიანი იქნება. სუსხი მთლიანად დაფარავს ჩემს მხურვალე სხეულს. თვალებს დავხუჭავ და მძიმე ოხვრით შევიგრძნობ მის კოცნას მხარზე ყელზე ლოყაზე… დამალვა მომინდება, მაგრამ ვეღარ გავექცევი ჩვენს გეგმებს… ვეღარ გავექცევი მის აურას… მკლავებს დამიჭერს და ისე დააცქერდება, როგორც შეყვარებული წყვილი მზეს ამოსვლისას… ფაქიზად მეამბორება ლურჯ სიცოცხლის ხაზებზე, მაგრამ მე მაინც ვიგრძნობ ჩხვლეტას… (ნუთუ ეკალი გამეპარა?) არა, ეს ისაა, სწორედ ის, რასაც ვაპირებდით. სწორედ ის, რის შემდეგაც ერთად ვიქნებოდით. სწორედ ის, რის შემდეგაც ვალსს ვიცეკვებდით. გავუღიმებ. მშვიდად, მსუბუქად. უკან დაიხევს სიმორცხვე და დამალვის სურვილი. ვნებით და სითამამით შევხვდები მის კოცნას… ჩემს ბაგეებს ვამოგზაურებ მის ტუჩებზე. მოვევხვევი… შევიგრძნობ… და გავყვები, როცა მომაკვდავი მელოდია ჩემი კაბისფერ წყალზე დაკვრას დაიწყებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



