შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"სად დამეკარგე შე მავნე?!"


დღეს, 03:27
ავტორი Catherine Di Perso
ნანახია 0

ვერ გავიგე - შენი სიკვდილი ასე რატომ მეტკინა. არ იყავი ღირსეული ადამიანი. მოძალადე, მოღალატე, ლოთი ნარკუშა. ბევრჯერ ვცადე შენი შეზიზღება, მაგრამ არ გამომივიდა. უბრალოდ მძულხარ. მძულხარ, რადგან შენი მიმიკა მაქვს, შენი ჟესტები, მანერები, გენები.
სისხლით ნათესაობა არაფერს ნიშნავს. შენ იყავი ვიღაც. ვიღაც ძალიან, ძალიან შორეული, მაგრამ თან იმდენად ახლო, რომ სულ რომ კანი ამეგლიჯა და გულ-მუცელი გამომეღო - მაინც ვერ მოგიშორებდი.
გცივა? ის ნაქსოვი ჟილეტი რომ ჩააცვეს შენს გვამს, გათბი? თუ შეიგინე იმიტომ, რომ კრემისფერი პერანგი ჩაგაცვეს? უყურებდი იმ ხალხს? საცოდავიო, შენზე რომ ამბობდნენ. არასოდეს ყოფილხარ საცოდავი. მეტისმეტად ამაყი იყავი საცოდაობისთვის. ჰა, თქვი ახლა, გაამართლა შენმა გეგმამ? იყარე ჯავრი ყველაზე? დეპრესიის აღიარება რა იყო შენი მხრიდან? ფაქტობრივად, მითხარი რომ მორჩა, მალე მოვკვდებიო. და მოკვდი. თავი მოიკალი შენებული მეთოდით. რითი ტრაბახობდი? რომ შენმა ორგანიზმმა ამდენად გაუძლო, არა? ყველას ამის იმედი ჰქონდა. ერთს, ორს, ათს გაუძლო და ის ერთიც - არც იქით, არც აქეთო. ამასაც გაუძლებს და გამოძვრებაო. მე კიდევ, როცა მითხრეს - უგონოდააო, ეგრევე მივხვდი. ხომ იყო ასე? იყო.
შენც უკვე “იყო”.
კმაყოფილი ხარ? ქალს ჯერ სიცოცხლე გაუმწარე. მერე მოკვდი. ესეც არ იკმარე და შენი სიკვდილით სიცოცხლის აზრი დაუკარგე. არცერთ მის ცრემლად არ ღირხარ! მძულხარ! მძულხარ, რომ მოკვდი! მძულხარ, რომ იცოცხლე! მძულხარ, რომ შენი სისხლი მაქვს!
“სად დამეკარგე შე მავნე?!”
მესიჯი დღემდე გაუხსნელია.
გვამს რომ შევეხე, ვერაფერი ვიგრძენი. არც ცივ ოფლს დაუსხამს, არც ჟრჟოლას აუტანივარ. მხოლოდ შემაძრწუნებელი სიმშვიდე, რომელიც ვენებში ოდნავ გამიტოკდა…
შენს სხეულში კი ჩემი სისხლიც არ დარჩა.
“სად დამეკარგე შე მავნე?!”
მესიჯი ჯერ კიდევ გაუხსნელია.
შენს გაყინულ კანს როცა შევეხე, რაღაც იმედისმაგვარი მომეცა. ძალიან, ძალიან მახინჯი იმედია. დაბერებულ ჩვილს ჰგავს. მესიამოვნა. მაგრამ სიცივე არასოდეს გიყვარდა. რატომ ჩაგდეს მაცივარში? ყოველთვის თბილად გეცვა, ვერ იტანდი ყინვას. მეც ხომ შენ გგავარ ამაში. სულის შეხუთვამდე ვერ ვიტან ზამთარს.
“სად დამეკარგე შე მავნე?!”
მესიჯი კვლავ გაუხსნელია.
როდის დაგიძახე სახელი პირველად? როგორ გაგეცინა სიმწრით მაშინ გახსოვს? აჰ, შენს ჰიპოკამპში ნერვული დაბოლოებები არ ანათებენ. არც სემანტიკური მეხსიერება გაქვს, ალბათ. რაღა გემახსოვრება? მკვდარი ხარ.
შენ არ იცინოდი. შენ ხითხითებდი. ზუსტად ესე ხი-ხი-ხი. წერის დროს, რატომღაც, ჩემი შიში ყოველთვის ხითხითებს. არ ვიცი რატომ.
ერთი დიდი რატომ ხარ ჩემს ცხოვრებაში. “რატომელაც” კი დავწერე, სადაც კორნელი მამობრივი მზრუნველობით ამბობს - “ადამიანები ერთმანეთის გარეშე არაფერს წარმოვადგენთ. მხოლოდ ერთმანეთი შეგვიძლია ვიადამიანოთო.” იცი, ვის მოპარა ეს ფრაზა? ნილს. ოდესმე იქნებ გაიგო - ვინ არიან. სიკვდილის შემდეგ მაინც გამიცნო და წამიკითხო. ოღონდ არაფერი მითხრა, შენი კომენტარის ნერვები არ მაქვს.
“სად დამეკარგე შე მავნე?!”
მესიჯი გაუხსნელია.
საზიზღრად გამიჭირდა იმის აღიარება, რომ შენი ხასიათი მაქვს. ალბათ, მეც 49 წლის ასაკში მოვკვდები. ყოველთვის მქონდა შეგრძნება, რომ ახალგაზრდა გავიდოდი მარილზე. დღეს მივხვდი, რომ ამ ასაკშიც ახალგაზრდაა ადამიანი.
დაბადების დღეზე ტორტი არასოდეს გქონია. აბა, პირველ იანვარს რომ იბადებოდი, რა გეგონა? ტკბილი არც არასდროს გყვარებია. ბოლოს მიეძალე, როცა უკვე ვეღარაფრის გემოს გრძნობდი და არც არაფერს ჭამდი. ახლაც პირში მიდევს ეს დედა’ნაქაჩი ბარბარისის კანფეტი და გული მერევა. მადლობა მითხარი, როცა მთელი შეკვრა ამოგიტანე. მგონი, მაშინ მითხარი პირველად მადლობა. არ ვიცოდი, რომ შენს ლექსიკონში ჩემთვის მსგავსი ფრაზა არსებობდა. ახლა კი არც შენი ლექსიკონი არსებობს, აღარც შენ.
მოკვდი.
მოკვდი.
ბევრჯერ მიფიქრია, რომ ასე უკეთესი იქნებოდა. შენც, არა? შენც არ ზოგავდი საკუთარ თავს. ხომ ვამბობ, მეტისმეტად ამაყი იყავი. არ გინდოდა ტვირთად ყოფნა. ხოდა ადექი და მოკვდი. ვერც ერთი სულიერი დამაჯერებს, რომ ასე არ გიქნია.
იმდენად გტკიოდა და როგორც მე მაშინ, მე კი ისევე მარტო დაგტოვე, როგორც შენ ოდესღაც…
განსხვავება ისაა, რომ მე ხელი შემაშველეს. ის დანა მაშინ ბლაგვი აღმოჩნდა. შენ კი მაშინ ფრაზა მესროლე - “მოკვდი შენი დედა მოვტ’ყანო”.
მე მაშინ ამ მომათრიეს. ქეჩოში მწვდნენ და ჟანგბადის ერთი ჩასუნთქვა მაჩუქეს.
სისხლით ნათესაობა არაფერს ნიშნავს! გაიგე! სად იყვნენ ისინი? მთელი შენი ნათესაობა, ვისითაც ასე ტრაბახობდი, ჰა? კი აღვარღვალებდნენ ცრემლებს და დასტრიალებდნენ შენს “სასახლეს”. სიტყვა კუბოსი ეშინოდათ. სად იყვნენ, როცა სახე გძვრებოდა? ხმის გამცემი არ გვყავდა? უსუსურობა ყელში გიჭერდა, როცა სიკვდილს ნატრობდი, მაგრამ პირდაპირი ნაბიჯის გადადგმა ვერ გაბედე! სად? სად? სად? რომელი ერთია მათგან ნამდვილი? ერთი ფსიქიკის ოინებს შეწირული სიმხდალე ხარ! სულა ხარ! უფსკრულის კიდეზე მდგომს ხელი მკარი, მე კი მანდვე მყოფს ხელი არ გამოგიწოდე. ხო, ნაბი’ჭვარი ვარ. რა გასაკვირია? შენი შვილი ვარ, სხვანაირად ვერ იქნებოდა.
“სად დამეკარგე შე მავნე?!”
მესიჯი გაუხსნელია.
ბოლომდე ვუყურე შენს დასაფლავებას. იქამდე კი შენ ჩემს ნილს ატკინე. როცა შენს შემყურეს მას ცრემლები წასკდა - უარესად შემძულდი. ყველა და ყველაფერი დამავიწყდა. არსებობდა ნილი და მისი ცრემლები. უყურებდა შენს გვამს და თვალები სისხლით ევსებოდა. არ გაპატიებ მის ცრემლებს! არ გაპატიებ, რომ მოკვდი!
არასოდეს ყოფილხარ სულელი, შენნაირი ადამიანის კვალობაზე. ძალიან ჭკვიანი იყავი. გონება ყოველთვის გიჭრიდა. მაშ, რატომ? რატომ? რატომ? რატომ? რატომ? რატომ?!
შენი ნილი მაინც რატომ არ დაინდე? გულზე მიხუტებულმა რომ მიგიყვანა გადასარჩენად? რატომ? რატომ გაიმეტე შენი უგონო სხეულისთვის? რატომ გაიმეტე შენი გვამის დასაბანად? ცოცხლად რატომ მომიკალი ბიძა? დედა? ძმა? მათი ცოცხლად სიკვდილის შემყურე ვიხრწნები.
რატომ, მამა, რატომ?
“სად დამეკარგე შე მავნე?!”
მესიჯი გაუხსნელია.
ბოლოს მამა როდის დაგიძახე? როდის გადავედი სახელზე? როდის? რატომ მიიყვანე საქმე აქამდე? რატომ გაამწარე ყველა იმდენად, რომ ხელის გაწვდენაც და შეეხებოდი, მაგრამ თქვენ შორის უფსკრული იყო მაინც? იმიტომ, რომ ნაკლებად სტკინოდათ? იმიტომ, რომ არ გასჭირვებოდათ? ჩაგეყარა გეგმა წყალში. არ გამოგივიდა! შენნაირ სტრატეგოსს არ უნდა შეშლოდა. თავშივე მკვდარი იდეა იყო ეგ! სულა იყავი, “გურანდამ” კი არ მიგატოვა მაინც. მაინც ისევ ისე უყვარხარ, როგორც ადრე. ამ ფენომენს ვერასოდეს ამოვხსნი. აზრი არ აქვს მცდელობასაც კი. ანგელოზი შეგხვდა. შენ კი რა ქენ რა ქენი, ბიჭო, რა? დედა გამიტეხე. ასე უბრალოდ ადექი და გამიტეხე. რას ერჩოდი? რატომ მოკვდი? ადექი-მეთქი რომ გითხარი, რატომ არ ადექი? კუბოში წოლა მოგეწონა? ადექი-მეთქი, თვალი გაახილე-მეთქი.
შენი სუნთქვა მომელანდა? ხო, მომელანდა. შენ ხომ მოკვდი. უკვე მიწაც მიგაყარეს.
როგორო შავი იყავი, როცა გულხელდაკრეფილი იწექი იმ მოუხერხებელ ოთხ ფიცარში.
ჟონავსო, წვალობსო. სიკვდილის მერეც წვალობ, შე’ჩემა?
ბოლო დროს, ფაქტობრივად, არ გეძინა. ახლა გამოიძინე ხუთი დღე და გეყოს, ადექი. ხო ნახე, ყველას თურმე სიგიჟემდე უყვარხარ.
ადექი დედა გამიცოცხლე. ადექი ჩემს ძმას უთხარი - რა გოგოსავით ტირიხარ-თქო. ადექი შენს ძმას ჩაეხუტე და დედაშენს ენა ჩააგდებინე, გულის წასვლამდე რომ ბღავის. ადექი იბიომატ!
ცივა მანდ. შენც ხომ გცივა, მა. ადექი, მოგახურო რამე, გეხვეწები. მოდი შენი სპორტული ზედა ჩაიცვი, სიგარეტი მოწიე და შენებურად მეღადავე. იხითხითე. თქვი, რომ უბრალოდ ბოროტი ხუმრობა იყო ის შავი გვამიც, კუბოც, სასაფლაოც და ის ორი დედამოტ’ყნული ჭიაყელაც იმ მიწაში. ნუ იქნები მკვლელი. ნუ ამომიხოცავ ოჯახს ერთიანად, გემუდარები. რბა წლის მკურნალობას წყალში ნუ ჩამიყრი, თუ რამე წმინდა შეგრჩა. აქაური ჯოჯოხეთში ისევ ნუ მიკრავ თავს. ჯობდა მაშინ დაგეხრჩე.
გთხოვ, მამა, გთხოვ.
“სად დამეკარგე შე მავნე?!”
მესიჯი ჯერ კიდევ გაუხსნელია…




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent