სიყვარულის ეპიტაფია
ვერიკო ანჯაფარიძის ჩანაწერები
ხანდახან მგონია, რომ ადამიანებს ცხოვრებაში შემთხვევით არ ვხვდებით. ზოგი მათგანი უბრალოდ მოდის, რაღაცას გვასწავლის და მიდის, ზოგი კი ისე შემოდის ჩვენს ცხოვრებაში, რომ ვეღარასდროს ვახერხებთ მისთვის ადგილის გამოთავისუფლებას, მაშინაც კი, როცა დიდი ხანია ჩვენს გვერდით აღარ არის. მე ვერიკო ანჯაფარიძე ვარ. ოცდაორი წლის. ხვალ ჩემი პირველი სპექტაკლის პრემიერაა, ახლა კი ჩემს აივანზე ვზივარ, წინ სცენარი მიდევს, გვერდით ნახევრად გაცივებული ყავა მიდგას და უკვე მესამე საათია ერთსა და იმავე გვერდს ვკითხულობ. ვერ ვიტყვი, რომ ნერვიულობა არ ვიცი. უბრალოდ, დღეს სხვა რამ მაფიქრებს. საბა კილაძე. საინტერესოა, როგორ შეიძლება შვიდი წლის წინ გაცნობილი ადამიანი დღემდე გახსოვდეს ისეთი დეტალებით, რომ ზოგჯერ საკუთარი თავის გახსენებაც კი გიჭირდეს. ჩვენი გაცნობა განსაკუთრებული არც ყოფილა. არც მუსიკა გაჩერებულა, არც დრო შენელებულა და არც მაშინ გამივლია თავში, რომ ჩემს წინ ადამიანი იდგა, რომელთანაც შვიდ წელს გავატარებდი. ერთ ჩვეულებრივ დღეს შევხვდით. მეგობრების საერთო წრე, ხმაური, ბევრი უცხო სახე და საუბრები, რომლებშიც დიდად ჩართვა არც მინდოდა. საბა თავიდანვე შევნიშნე. ისეთი ბიჭი იყო, რომელსაც ოთახში შემოსვლისას აუცილებლად ამჩნევდი, თუმცა ამისთვის განსაკუთრებულად არაფერს აკეთებდა. თავდაჯერებული, ცოტა თავხედი, ხანდახან აუტანლად ჯიუტი და საოცრად თავისუფალი. პირველად თავად მომმართა. რაღაც უმნიშვნელო მკითხა, რაზეც საკმაოდ ირონიული პასუხი დავუბრუნე. გაეცინა. მერე კიდევ რაღაც თქვა, ისევ ვუპასუხე. ასე გაგრძელდა მთელი საღამო. მოგვიანებით მითხრა, თავიდანვე მიხვდა, რომ ადვილი ხასიათი არ მქონდა. მე კი ვეუბნებოდი, რომ მისნაირ ბიჭებს საერთოდ არ ვეკარებოდი. როგორც ჩანს, ორივე ვცდებოდით. მალე ჩვენი შეხვედრები შემთხვევითი აღარ იყო. გაჩნდა შეტყობინებები, რომლებსაც ღამის სამ საათზე ვიღებდი, ზარები, რომლებზეც პასუხის გაცემა არასდროს მეზარებოდა და შეხვედრები, რომლებიც ყოველთვის იმაზე დიდხანს გრძელდებოდა, ვიდრე დაგეგმილი გვქონდა. საბა ჩემს ცხოვრებაში ხმაურით შემოვიდა. და მასთან ერთად მეც საოცრად ხმაურიანი გავხდი. გვქონდა დღეები, როცა დილით გასულები შუაღამემდე არ ვბრუნდებოდით. უმიზეზოდ ვსეირნობდით, მანქანაში მუსიკას ბოლომდე ვუწევდით, ერთმანეთს სიმღერებს ვუძღვნიდით და ისეთ სისულელეებზე ვიცინოდით, რომ გვერდით მყოფებს ალბათ ვგონებდით, ჭკუიდან გადავედით. საბას ერთი აუტანელი ჩვევა ჰქონდა — როცა ვბრაზდებოდი, იცოდა, რომ ყველაზე მეტად მისი სიცილი გამაგიჟებდა და მაინც იცინოდა. მერე მომიახლოვდებოდა, სახესთან ახლოს მომიტანდა თავისას და მეუბნებოდა: - აბა, კიდევ რამდენ ხანს აპირებ ჩემზე გაბრაზებას? მე თავს ვატრიალებდი, ის კი ხელს არ მიშვებდა. გვქონდა ჩვენი ადგილები ქალაქში. კაფეები, ქუჩები, პატარა მაღაზიებიც კი, რომლებთანაც განსაკუთრებული არაფერი გვაკავშირებდა, მაგრამ ჩვენთვის მაინც მნიშვნელოვანი იყო. გვქონდა ჩვენი სიტყვები, ჩვენი ხუმრობები და ისეთი ისტორიები, რომელთა მოყოლაც სხვასთან აზრს კარგავდა. ზოგჯერ ღამით მანქანით უბრალოდ ქალაქში დავდიოდით. საბა საჭესთან იჯდა, ერთი ხელი საჭეზე ედო, მეორე კი ჩემსკენ ჰქონდა გამოწვდილი. ფანჯარა ოდნავ ჩაწეული იყო, მუსიკა უკრავდა და მე ვფიქრობდი, რომ ალბათ სწორედ ეს იყო ბედნიერება — არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ მის გვერდით ყოფნა. ხშირად ვკამათობდით. ორივე ჯიუტი ვიყავით, ორივეს გვინდოდა ბოლო სიტყვა გვეთქვა. ხანდახან ისეთი უმნიშვნელო მიზეზით ვიწყებდით ჩხუბს, რომ მოგვიანებით თავადაც გვიკვირდა. მაგრამ არასდროს გვაკლდა ერთმანეთის შერიგების სურვილი. საბას შეეძლო ჩემი ყველაზე ცუდი დღე ისე შეეცვალა, რომ თავადაც ვერ მიმხვდარიყო, როგორ გააკეთა ეს. მახსოვს, ერთხელ ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი. მთელი დღე არავინ მინდოდა, არც საუბარი, არც შეხვედრა. საღამოს მომწერა, გარეთ გამოდიო. უარი ვუთხარი. კიდევ მომწერა. ისევ უარი. ბოლოს მაინც გავედი. მანქანაში ჩემი საყვარელი სასუსნავები დამხვდა, მუსიკა უკრავდა და თვითონ ისეთი უდარდელი სახით იჯდა, თითქოს მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე ჩემი გაბრაზებული სახის გამოსწორება ყოფილიყო. - ახლა შეგიძლია მითხრა, რა გჭირს, ან ჯერ ვჭამოთ და მერე მითხრა. და მეც გამეცინა. ასეთი იყო ჩვენი სიყვარული. ყოველდღიური, ხმაურიანი, ზოგჯერ ბავშვური, ზოგჯერ ძალიან სერიოზული. შვიდი წლის განმავლობაში ერთმანეთის ცხოვრების თითქმის ყველა პატარა დეტალი ვიცოდით. მახსოვს, როგორ ვსაუბრობდით მომავალზე. როგორი სახლი გვინდოდა, სად წავიდოდით, რას გავაკეთებდით, როცა საკმარისი დრო და შესაძლებლობა გვექნებოდა. ხანდახან ისეთი თავდაჯერებით ვგეგმავდით მომავალს, თითქოს ცხოვრება ვალდებული იყო, ჩვენი სურვილების მიხედვით განვითარებულიყო. მაშინ არ ვიცოდით, რომ მომავალს ყოველთვის არ სჭირდება ჩვენი თანხმობა. ჩვენი დაშორება ერთ დღეში არ მომხდარა. თუმცა, როცა დასრულდა, ორივემ ვიცოდით, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი შეიცვალა. არ მინდა, ჩვენი ისტორიის ეს ნაწილი ზედმეტად გავამუქო. არც ის იყო ყველაფერი ტრაგედია და არც ჩვენ ვიყავით მუდმივად უბედურები. უბრალოდ, ზოგჯერ სიყვარული რჩება, ადამიანები კი ერთმანეთთან ყოფნას ვეღარ ახერხებენ. დავშორდით. და ამის შემდეგ დაიწყო უცნაური პერიოდი, როცა თითქოს ორივემ ცალ-ცალკე გავაგრძელეთ ცხოვრება, მაგრამ ქალაქი მაინც გვაიძულებდა, ერთმანეთი შეგვხსენებოდა. პირველად ქუჩაში რამდენიმე თვის შემდეგ შევხვდი. სრულიად შემთხვევით. მეგობართან ერთად მივდიოდი, როცა შორიდან შევნიშნე. ისიც დამინახა. წამით ორივე შევჩერდით. მომიახლოვდა, მომიკითხა, მკითხა, როგორ ვიყავი. - კარგად, შენ? - მეც კარგად. ორი ადამიანი, რომლებმაც ერთმანეთის შესახებ ყველაფერი იცოდნენ, ახლა მხოლოდ ამ ორ სიტყვას ცვლიდა. რამდენიმე წუთი ვისაუბრეთ. გამიღიმა. მეც გავუღიმე. შემდეგ ერთმანეთს დავემშვიდობეთ და სხვადასხვა მიმართულებით წავედით. იმ დღეს სახლში რომ დავბრუნდი, უცნაურად დიდხანს ვფიქრობდი იმაზე, რამდენად უცნაურია, როცა შენი ყველაზე ახლობელი ადამიანი ერთ დღეს უბრალოდ ნაცნობად იქცევა. შემდეგ კიდევ შევხვდით. ერთხელ ქუჩის მეორე მხრიდან დავინახე, ერთხელ მეგობრების გარემოცვაში, ერთხელ მანქანიდან მომესალმა. ყოველ შეხვედრაზე რაღაც პატარა დეტალს ვამჩნევდი. ისევ ისე იწევდა საათს მაჯაზე, ისევ ისე იღიმოდა, როცა უხერხულობას გრძნობდა. და ყოველთვის მიკვირდა, როგორ შეეძლო ადამიანს, რომელიც ასე კარგად იცნობდი, ერთდროულად ასეთი ნაცნობიც ყოფილიყო და უცხოც. მაგრამ იყო ერთი შემთხვევა, რომელსაც დღემდე განსაკუთრებულად ვიხსენებ. ჩემი დაბადების დღე იყო. მეგობრებთან ერთად აღვნიშნავდი. მუსიკა, ხმაური, ბევრი ადამიანი, სიცილი. საღამო კარგად მიდიოდა, სანამ იქაურობაში რაღაც არ აირია. ვიღაცებს შორის ჩხუბი დაიწყო, სიტუაცია დაიძაბა და მეც აღმოვჩნდი ისეთ გარემოში, საიდანაც რაც შეიძლება მალე მინდოდა წამოსვლა. არ ვიცი, ვინ დაურეკა. არც ის ვიცი, როგორ გაიგო ასე სწრაფად. მხოლოდ ის მახსოვს, რომ ტელეფონმა დარეკა. - სად ხარ? - მკითხა. - რატომ? - ვერიკო, სად ხარ-მეთქი? მის ხმაში ისეთი ტონი იყო, მაშინვე მივხვდი, რაღაც იცოდა. მითხრა, მანქანით მოვდივარ და გარეთ დამხვდიო. რამდენიმე წუთში მართლაც გამოჩნდა. გადმოვიდა, მომიახლოვდა, ჯერ სახეზე შემომხედა, შემდეგ ირგვლივ მიმოიხედა. - კარგად ხარ? თავი დავუქნიე. - წამოდი, აქ არ დარჩები. არ დაუწყია ზედმეტი კითხვები. არც ის უთქვამს, რომ არ უნდა ვყოფილიყავი იქ. უბრალოდ, იქაურობას გამარიდა, მანქანამდე მიმაცილა და კარი გამიღო. მთელი გზა ჩუმად ვიყავით. საბა საჭეს უყურებდა, მე კი ფანჯრიდან ვიყურებოდი. უცებ მკითხა: - რამე ხომ არ გტკივა? - არა. - დარწმუნებული ხარ? - კი, საბა. ცოტა ხანს გაჩუმდა. - კარგი. მაშინ მივხვდი, რომ ზოგიერთი ჩვევა დაშორებას არ ემორჩილება. მას ჯერ კიდევ შეეძლო, ჩემი მდგომარეობა ისე აეღო გულთან ახლოს, როგორც ადრე. მე კი ჯერ კიდევ ვიცოდი, როგორი იყო მისი ხმა, როცა მართლა ნერვიულობდა. მანქანა ჩემს სახლთან გააჩერა. გადმოსვლისას დაბადების დღე მომილოცა. - გილოცავ, ვერიკო. გავუღიმე. წასვლამდე კიდევ ერთხელ შემომხედა. - ფრთხილად იყავი, კარგი? და წავიდა. იმ ღამეს დიდხანს ვფიქრობდი, რატომ მოვიდა. იმიტომ, რომ ისევ ვუყვარდი? იმიტომ, რომ ადამიანურად ენაღვლებოდა ჩემი უსაფრთხოება? იმიტომ, რომ შვიდი წლის შემდეგაც ვერ შეეძლო, უბრალოდ გაევლო და არაფერი გაეკეთებინა? პასუხი არ მქონდა. და ალბათ სწორედ ამიტომ დამამახსოვრდა ასე ძალიან. დრო გადიოდა. მე კი ნელ-ნელა ვცდილობდი, ჩემი ცხოვრება მხოლოდ მოგონებებისგან აღარ შემედგინა. ერთ დღეს ჩემმა მეგობარმა გოგომ თეატრში წამიყვანა. სიმართლე რომ ვთქვა, განსაკუთრებული ინტერესი არც მქონია. უბრალოდ, მითხრა, წამოდი, მოგეწონებაო. წარმოდგენა არ მქონდა, რომ იმ საღამოს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მოხდებოდა. თეატრის შენობაში შესვლისთანავე უცნაური შეგრძნება დამეუფლა. ძველი ხის იატაკის სუნი, განათებული დერეფნები, კულისებში მიმავალი მსახიობები, სცენაზე დარჩენილი დეკორაციები… ყველაფერი ისე გამოიყურებოდა, თითქოს აქ უკვე ვყოფილიყავი, მიუხედავად იმისა, რომ პირველად ვნახულობდი. სპექტაკლი დაიწყო. თავიდან უბრალოდ ვუყურებდი. შემდეგ პერსონაჟების სიტყვებმა ისე ჩამითრია, რომ დროის შეგრძნება დავკარგე. ვაკვირდებოდი მსახიობების მოძრაობებს, სახის გამომეტყველებებს, პაუზებს. ვფიქრობდი, რამდენი რამ შეიძლებოდა ერთი ადამიანის თვალებში დამალულიყო და როგორ შეეძლო სცენას ისეთი ამბის მოყოლა, რომლის თქმაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ზოგჯერ შეუძლებელია. ფარდის დახურვის შემდეგ დიდხანს არ ავმდგარვარ. ჩემმა მეგობარმა მკითხა: - მოგეწონა? მხოლოდ ერთი რამ ვუპასუხე: - მგონი, აქ უნდა ვიყო. და მართლაც, იქ იყო ჩემი ადგილი. თავიდან თეატრში უბრალოდ დავდიოდი. შემდეგ დავიწყე სპექტაკლების კითხვა, რეჟისორების გაცნობა, სხვადასხვა წარმოდგენის განხილვა. ვცდილობდი, გამეგო, როგორ იქმნებოდა ის სამყარო, რომელმაც ასე სწრაფად მომაჯადოვა. მალე მივხვდი, რომ მხოლოდ მსახიობების თამაში არ მაინტერესებდა. მაინტერესებდა ის, რაც მათ უკან იდგა. ვინ ქმნიდა ამ გარემოს, ვინ წყვეტდა, როდის უნდა გაჩუმებულიყო პერსონაჟი, რატომ უნდა გაეხედა კონკრეტულ მომენტში ფანჯრისკენ, რატომ უნდა დარჩენილიყო სცენაზე ერთი ცარიელი სკამი. მინდოდა, თავად მომეყოლა ისტორიები. ასე დაიწყო ჩემი რეჟისორობის ამბავი. პირველი სცენები პატარა ფურცლებზე დავწერე. შემდეგ ერთი იდეა მეორემ შეცვალა. იყო ბევრი წაშლილი ტექსტი, გადაკეთებული დიალოგი, უძილო ღამე და მომენტები, როცა მეგონა, საერთოდ არაფერი გამომდიოდა. მაგრამ არ გავჩერებულვარ. მინდოდა შემექმნა ისეთი სპექტაკლი, სადაც მაყურებელი მხოლოდ ამბავს კი არ უყურებდა, არამედ საკუთარ თავსაც იპოვიდა. ისეთი, სადაც ერთი დიალოგი მთელი ღამის განმავლობაში გაჰყვებოდა ადამიანს. და ბოლოს, ჩემი პირველი სპექტაკლიც დაიბადა. „ყველა გზა შენამდე მოდის“. სპექტაკლის მოქმედება ძველ თეატრში ვითარდება. სცენაზე თითქმის ყოველთვის ნახევრად ბნელა. შუაში დგას დიდი, მუქი ხის მაგიდა, მის უკან კი ძველი ფანჯარა, რომლის მიღმაც წვიმიანი ქალაქის განათებები ჩანს. სცენის მარცხენა მხარეს დგას გაცვეთილი მწვანე სავარძელი. მარჯვნივ — კედელზე ჩამოკიდებული დიდი სარკე, რომელსაც ერთი კუთხე ჩამოტეხილი აქვს. იატაკზე რამდენიმე ძველი წერილი ყრია, კუთხეში კი პატარა მაგიდაზე თეთრი ვარდების ვაზა დგას. მთავარი პერსონაჟი, ელენე, ოცდაორი წლის გოგოა. გრძელი, მუქი თმა აქვს, რომელსაც ხშირად დაუდევრად იკრავს. აცვია კრემისფერი, ოდნავ თავისუფალი კაბა, მუქი მოსაცმელი და ძველი ბალეტკები. გარეგნულად მშვიდია, მაგრამ მისი თითები მუდმივად მოძრაობს — თითქოს ყოველთვის რაღაცის თქმა უნდა და ვერ ბედავს. ელენე წარსულში არ ცხოვრობს, თუმცა არც მისგან გათავისუფლებულა. ის ცდილობს, საკუთარი ცხოვრება შექმნას და თან არ დაკარგოს ის ნაწილი, რომელიც ოდესღაც ვიღაცას დაუტოვა. მეორე პერსონაჟია ალექსი. მაღალი, შავგვრემანი ბიჭი, ოდნავ არეული თმით, მუქი პერანგითა და საათით მარცხენა მაჯაზე. სახეზე თავდაჯერებულობა აქვს, მაგრამ თვალები ხშირად გასცემს. ლაპარაკისას იშვიათად იყენებს ბევრ სიტყვას. მისი ყველაზე ძლიერი ემოცია სიჩუმეა. ალექსი ის ადამიანია, რომელიც ყოველთვის ფიქრობს, რომ ყველაფრის გამოსწორებას კიდევ მოასწრებს. მისთვის წასვლა მარტივია, დაბრუნება კი — რთული. თუმცა ყველაზე მეტად სწორედ იმ ადამიანის დაკარგვის ეშინია, რომელსაც თავად ვერ გაუფრთხილდა. მესამე პერსონაჟი, მარიამი, ელენეს მეგობარია. მოკლე, წაბლისფერი თმა აქვს, ფერადი ტანსაცმელი აცვია და ყოველთვის ცდილობს, ელენე საკუთარ ფიქრებში ჩაკეტილი არ დატოვოს. სწორედ ის აძლევს ელენეს ძალას, რომ თეატრში პირველი ნაბიჯი გადადგას. მეორეხარისხოვანი პერსონაჟები კი თითქოს ქალაქის ხმებია — ადამიანები, რომლებიც ჩნდებიან, რაღაცას ამბობენ და მიდიან, მაგრამ თითოეულ მათგანს თავისი პატარა ისტორია აქვს. სპექტაკლში არ არის მკაფიო პასუხი კითხვაზე, უნდა დაბრუნდეს თუ არა ალექსი ელენეს ცხოვრებაში. არც ის არის მთავარი, ვინ იყო მართალი და ვინ — დამნაშავე. მთავარი ისაა, რომ ზოგჯერ ორი ადამიანი ერთმანეთს იმდენად კარგად იცნობს, რომ წლების შემდეგაც ერთი შეხედვით შეუძლია ამოიცნოს ყველაფერი, რასაც მეორე მალავს. ერთ სცენაში ელენე ამბობს: „შენ იცი, რა არის ყველაზე უცნაური? მე აღარ გელოდები. მაგრამ როცა კარს ვაღებ, მაინც პირველი შენ მახსენდები. ალბათ იმიტომ, რომ ოდესღაც ყველა გზა შენამდე მოდიოდა.“ ეს ფრაზა ჩემი საყვარელი ნაწილია. ახლა ჩემს აივანზე ვზივარ. ღამის ჰაერი ოდნავ ცივია. ქალაქი ჯერ კიდევ არ ჩუმდება. სადღაც მანქანის ხმა ისმის, მეზობლის ფანჯრიდან ტელევიზორის ხმა გამოდის. წინ სცენარი მიდევს. ბოლო გვერდზე ჩემი ხელით მიწერილი რამდენიმე სიტყვაა. „ზოგჯერ ადამიანებს ხელახლა შეხვედრა კი არ სჭირდებათ, არამედ იმის გაგება, რომ ერთმანეთის ცხოვრებაში ოდესღაც მართლა იყვნენ.“ ფურცელს ვკეცავ. ხვალ პრემიერაა. უკვე ვიცი, ვინ რომელ ადგილას უნდა იდგეს, სად უნდა დაეცეს განათება, როდის უნდა გაისმას მუსიკა და რა დროს უნდა ჩამოეშვას ფარდა. ყველაფერი დაგეგმილია. მხოლოდ ერთი რამ არ ვიცი. მოვა თუ არა საბა. მისთვის მოწვევა არ გამიგზავნია. არც მისი ნომრისთვის მიმიწერია. არც ის ვიცი, საერთოდ გაიგო თუ არა ჩემი სპექტაკლის შესახებ. თუმცა, უცნაურად, მინდა, მოვიდეს. არა იმიტომ, რომ ჩემი წარმატება ნახოს. მინდა, ერთხელ მაინც დაინახოს ის გოგო, რომელიც შვიდი წლის წინ გაიცნო და რომელიც ახლა სრულიად სხვა სცენაზე დგას. მინდა, დაინახოს, რომ მის შემდეგაც ვიცხოვრე. რომ ბევრი რამ ვისწავლე. რომ მისი წასვლით ჩემი ისტორია არ დასრულებულა. და იქნებ, სადღაც გულის ყველაზე ჩუმ კუთხეში, მინდა, მიხვდეს, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, მისთვის ადგილი მაინც დარჩა. პრემიერის საღამო. თეატრის შესასვლელთან ხალხი ირეოდა. ქალებს ლამაზი კაბები ეცვათ, მამაკაცებს პიჯაკები, ხელში ყვავილები ეჭირათ. ყველა რაღაცას ამბობდა, იღიმოდა, ფოტოებს იღებდა. მე კი კულისებში ვიდექი და მსახიობებს ბოლო მითითებებს ვაძლევდი. — მზად ვართ? — მკითხა ჩემმა ასისტენტმა. თავი დავუქნიე. დარბაზში შუქი ნელ-ნელა ჩაქრა. ფარდის გახსნამდე სცენის გვერდიდან მაყურებლებს გადავხედე. რამდენიმე ნაცნობი სახე შევნიშნე, მეგობრები, ოჯახის წევრები, თეატრის ადამიანები. შემდეგ მესამე რიგში გავაჩერე მზერა. შავი პიჯაკი. ოდნავ წინ გადახრილი მხრები. ხელები ერთმანეთზე გადაეჯვარედინებინა. თავი ასწია. და მე თვალები ამოვიცანი. ღრმა, მუქი, უცნაურად მშვიდი თვალები. საბა კილაძე. არ ვიცი, რამდენ ხანს ვუყურებდი. თითქოს შვიდი წელი ერთ წამში ჩაეტია. იმდენი რამ გამახსენდა, რომ წამით საკუთარი სუნთქვაც კი დამავიწყდა. მხოლოდ ის ვიცოდი, რომ მოვიდა. ფარდა გაიხსნა. სპექტაკლი დაიწყო. სცენაზე ელენე გამოჩნდა. განათება მხოლოდ მის სახეს ანათებდა. ხელში ძველი წერილი ეჭირა, რომელსაც კითხულობდა, შემდეგ კეცავდა და მაგიდის უჯრაში დებდა. ალექსი მეორე სცენაში გამოჩნდა. კულისებიდან ნელა გამოვიდა, ხელები ჯიბეებში ჰქონდა ჩაწყობილი და ელენეს რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით გაჩერდა. მათი დიალოგი დაიწყო. მთელი დრო ვგრძნობდი, რომ დარბაზის მესამე რიგში ვიღაც განსაკუთრებულად უსმენდა თითოეულ სიტყვას. ერთ მომენტში ალექსიმ თქვა: — შენ ყოველთვის გეგონა, რომ მე წავედი. სინამდვილეში კი ყველაზე მეტად მაშინ დავიკარგე, როცა შენ გვერდით ვიყავი და მაინც ვერ გხედავდი. ელენემ უპასუხა: — მე კი იმდენ ხანს გელოდებოდი, ბოლოს საკუთარ თავს ვეღარ ვცნობდი. ამ სიტყვებზე მაყურებლების სიჩუმე კიდევ უფრო მძაფრი გახდა. მე კულისებში ვიდექი და პირველად გამიჩნდა შეგრძნება, რომ ეს ისტორია მხოლოდ ჩემი აღარ იყო. ფინალური სცენა დაიწყო. ელენე სცენის შუაში იდგა. ალექსი მის უკან, რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით. მათ შორის დიდი მანძილი იყო, თუმცა ორივე ერთმანეთისკენ იყურებოდა. — კიდევ რომ შეგეძლოს თავიდან დაწყება, რას შეცვლიდი? — ჰკითხა ელენემ. ალექსი დიდხანს დუმდა. — ალბათ იმ დღეს არ გაგიშვებდი. ელენემ გაიღიმა, მაგრამ თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე. — და მე ალბათ საკუთარ თავს უფრო ადრე ვიპოვიდი. განათება ჩაქრა. რამდენიმე წამი სრული სიჩუმე. შემდეგ ტაში. ფარდა გაიხსნა, მსახიობები სცენაზე გამოვიდნენ, ერთმანეთს ხელი ჩაჰკიდეს და მაყურებლებს თავი დაუკრეს. მე კულისებში ვიდექი. ვიღაცამ მხარზე ხელი დამადო. — ვერიკო, ეს საოცარი იყო! ვიღაც ჩამეხუტა. ვიღაცამ ყვავილები მომაწოდა. ყველა მილოცავდა. მაგრამ ჩემი მზერა ისევ მესამე რიგისკენ გარბოდა. საბა ადგილიდან წამოდგა. მაშინვე ვეღარ დავინახე. ხალხი ერთმანეთს ეხვეოდა, ზოგი უკვე გასასვლელისკენ მიდიოდა. რამდენიმე წუთი ველოდე, შემდეგ კი ვიფიქრე, რომ წავიდა. საკუთარ თავს ვუთხარი, რომ არ უნდა მეძებნა. ეს ჩემი საღამო იყო. კულისებში დავბრუნდი. სცენარის ასაღებად მაგიდასთან მივედი, როცა ზურგს უკან ნაცნობი ხმა გავიგე. — ვერიკო… გავშეშდი. არ იყო საჭირო შემობრუნება. ეს ხმა შვიდი წლის განმავლობაში იმდენჯერ მქონდა მოსმენილი, რომ მისი ამოცნობა თვალდახუჭულსაც შემეძლო. ნელა შევტრიალდი. საბა იდგა. ხელში თეთრი ვარდების დიდი თაიგული ეჭირა. შავი პიჯაკი ეცვა, თმა ოდნავ არეული ჰქონდა. სახეზე დაღლილობა ეტყობოდა, მაგრამ თვალები ისევ ისეთი იყო. ჩემკენ წამოვიდა. — გილოცავ, ანჯაფარიძე. გამეღიმა. — მადლობა, კილაძე. რამდენიმე წამი ერთმანეთს ვუყურებდით. თითქოს ორივე ველოდით, ვინ დაიწყებდა საუბარს. ბოლოს ვარდები გამომიწოდა. — ეს შენთვისაა. ყვავილებს დავხედე. — გახსოვს, თეთრი ვარდები რომ მიყვარდა? — შენ ყველაფერი მახსოვს, ვერიკო. ეს ისე თქვა, რომ პასუხი ვეღარ მოვიფიქრე. — სპექტაკლი ნახე? — თავიდან ბოლომდე. — მოგეწონა? ოდნავ გაეღიმა. — უფრო სწორად, საკუთარ თავში რამდენიმე უსიამოვნო რამ აღმომაჩენინე. გავიცინე. — რომელი პერსონაჟი იყავი? — ალექსი. წამით გავჩუმდი. — რატომ? — იმიტომ, რომ რამდენჯერმე ზუსტად ისე მოვიქეცი, როგორც ის. იმიტომ, რომ ზოგჯერ მეგონა, ყველაფერი თავისით დალაგდებოდა. იმიტომ, რომ შენს გვერდით ყოფნისას ვერ ვხვდებოდი, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის პატარა რაღაცები, რომლებსაც ახლა ყველაზე მეტად ვნატრობ. თავი დახარა, შემდეგ ისევ შემომხედა. — და იმიტომ, რომ მთელი სპექტაკლის განმავლობაში ვფიქრობდი, რამდენი რამ მქონდა შენთვის სათქმელი და რამდენი დრო დავკარგე იმაში, რომ არ გითხარი. სცენის მეორე მხრიდან მსახიობების სიცილი ისმოდა. ვიღაც კაბას ასწორებდა, ვიღაც მაკიაჟს იშორებდა. ჩვენს გარშემო ჩვეულებრივი საღამო გრძელდებოდა, მაგრამ ჩემთვის დრო ისევ იმ ერთ წერტილში გაჩერდა. — საბა… — მომისმინე, კარგი? თავი დავუქნიე. — ბოდიში. მისი ხმა ჩაწყდა. — არ ვიცი, ამ სიტყვას რამდენად შეუძლია რამის შეცვლა. ვიცი, რომ შვიდი წელი არ არის ცოტა დრო და არც ის მგონია, რომ რამდენიმე წუთში ყველაფერი უნდა დავივიწყოთ. მაგრამ ძალიან მენატრები, ვერიკო. თვალებში შემომხედა. — მენატრება შენი ხმა. ის, როგორ მიყვებოდი რაღაცებს და შუა ამბავს უცებ სხვა თემაზე გადადიოდი. მენატრება, როგორ ბრაზდებოდი, როცა რაღაცას არ გეუბნებოდი. მენატრება შენი სიცილი მანქანაში. მენატრება ის დღეები, როცა უბრალოდ შენთან ყოფნა საკმარისი იყო. ცოტა ხნით გაჩუმდა. — რამდენჯერმე რომ შეგხვდი ქუჩაში, სახლში რომ მივდიოდი, სულ იმ შეხვედრებზე ვფიქრობდი. ერთხელ ისე მინდოდა, უკან მოვბრუნებულიყავი და მეთქვა, წამოდი, სადმე დავსხდეთ-მეთქი. მაგრამ ვერ გავბედე. — დაბადების დღეზე რომ მოხვედი? — ვკითხე. თავი დამიქნია. — მაშინ რომ გავიგე, რაღაც ხდებოდა, საერთოდ არ მიფიქრია, უნდა მოვსულიყავი თუ არა. უბრალოდ ვიცოდი, რომ იქ არ უნდა ყოფილიყავი. და როცა მანქანაში ჩაჯექი, მთელი გზა მინდოდა რაღაც მეთქვა. მაგრამ ვერაფერი მოვიფიქრე. — რატომ? — ალბათ იმიტომ, რომ მაშინაც მეშინოდა. არ ვიცოდი, როგორ უნდა მოვქცეულიყავი შენთან. აღარ ვიყავი ის ადამიანი, ვისაც შეეძლო უბრალოდ მოეხვია შენთვის ხელი და ეთქვა, ყველაფერი კარგად იქნებაო. ამ დროს ცრემლები წამომივიდა. არ მინდოდა მეტირა. მით უმეტეს, ამ საღამოს. მაგრამ შვიდი წლის მოგონებები ზოგჯერ ისე ბრუნდება, რომ მათი გაჩერება შეუძლებელია. საბამ ხელი ოდნავ გამომიწოდა, თუმცა არ შემხებია. — შეიძლება? თავი დავუქნიე. მომიახლოვდა და ჩამეხუტა. დიდხანს. ისე, როგორც ადრე. ისე, როგორც ადამიანს ეხუტებიან, როცა ბევრი რამ აქვთ ერთმანეთისთვის სათქმელი და არც ერთი სიტყვა არ ჰყოფნით. მის მხარზე თავი მედო და ვგრძნობდი, როგორ მიჭერდა ხელებს. — ძალიან მომენატრე, — ჩამჩურჩულა. — მეც, საბა. ეს ორი სიტყვა ალბათ ყველაზე გულწრფელი რამ იყო, რაც იმ საღამოს ვთქვი. ცოტა ხანში ერთმანეთს მოვშორდით. — იცი, რა იყო ყველაზე უცნაური? — მკითხა — რა? — სპექტაკლის ყურებისას ერთხელაც არ მიფიქრია, როდის დამთავრდებოდა. პირიქით, მინდოდა, კიდევ გაგრძელებულიყო. თითქოს იქიდან უფრო მეტის გაგება შემეძლო შენზე. იმაზე, როგორ ცხოვრობდი, რას ფიქრობდი, რა ხდებოდა შენს თავს მაშინ, როცა მე იქ აღარ ვიყავი. — ბევრი რამ მოხდა. — ვიცი. და მინდა, მომიყვე. — ყველაფერი? — ყველაფერი, ვერიკო. ისიც, რაც მიხარია, და ისიც, რაც მტკიოდა. გავუღიმე. — მაშინ დიდხანს მოგიწევს მოსმენა. — დრო მაქვს. ეს სიტყვები ისე ნაცნობად ჟღერდა, რომ ისევ გამეღიმა. — ვერიკო? — ჰო? — ხვალაც მინდა გნახო. ოღონდ ხვალ აღარ მინდა, რომ მხოლოდ იმაზე ვისაუბროთ, რაც შვიდი წლის წინ იყო. რამდენიმე წამი ჩუმად ვუყურებდი. — და რაზე გინდა საუბარი? — იმაზე, რაც შეიძლება ჯერ კიდევ წინ გვაქვს. მისი პასუხის შემდეგ თითქოს ყველაფერი გაჩერდა. მანქანაში ისევ ჩვენი ძველი სიმღერა უკრავდა, ქუჩის განათება მის სახეს ნახევრად ანათებდა. საბა ისე მიყურებდა, როგორც ადრე, როცა რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ჯერ ჩემს რეაქციას ელოდა. — ძალიან შეიცვალე, კილაძე, — ჩავილაპარაკე. — ცუდისკენ? — ჯერ ვერ გადავწყვიტე. გაეცინა. მერე ხელი სახესთან მომიტანა და თითებით ლოყაზე ჩამოყრილი თმის ღერი გადამიწია. — შენ კი, მგონი, ზუსტად ისეთი ხარ, როგორიც მახსოვდი. — არ ვარ, საბა. — ვიცი. მისი თითები რამდენიმე წამით ჩემს ლოყაზე დარჩა. არ ჩქარობდა. არც მე მინდოდა, ეს წამი დასრულებულიყო. — შეიძლება რაღაც გკითხო? — თქვა ჩუმად. — მკითხე. — ახლა რომ გაკოცო, ხვალ ინანებ? გული ისე ამიჩქარდა, რომ პასუხის მოფიქრებაც გამიჭირდა. — არ ვიცი, — ვუპასუხე გულწრფელად.— მაშინ არ გაკოცებ. მაგრამ ხელი არ გაუწევია. მისკენ ოდნავ მივიწიე. — საბა… — ჰო? — ამდენი წელი გავიდა და ისევ მე უნდა გავაკეთო პირველი ნაბიჯი? გაეცინა. ისეთი ნაცნობი ღიმილით, რომელიც წლების განმავლობაში არასდროს დამვიწყებია. —ღმერთო, როგორ მომნატრებია შენი ხასიათი. მერე ნელა დაიხარა ჩემკენ. პირველად შუბლზე მაკოცა. შემდეგ ლოყაზე, ძალიან ახლოს ტუჩებთან. თითქოს საკუთარ თავსაც არწმუნებდა, რომ ეს ყველაფერი ნამდვილად ხდებოდა. როცა თვალებში შევხედე, უკვე ძალიან ახლოს იყო. — ვერიკო, — ჩურჩულით წარმოთქვა ჩემი სახელი. ამჯერად მე აღარაფერი მითქვამს. ტუჩები ერთმანეთს შევახეთ. პირველი კოცნა ფრთხილი იყო, თითქმის მორიდებული. ისეთი, თითქოს ორივეს გვინდოდა დაგვერწმუნებინა საკუთარი თავი, რომ ეს შეცდომა არ იყო. მაგრამ რამდენიმე წამში ის სიფრთხილე გაქრა. საბამ ხელი წელზე მომხვია, მე კი თითები მის თმაში შევაცურე. ოდნავ მოვშორდი, თვალები გავახილე და დავინახე, რომ მიღიმოდა. — რა? — ვკითხე. — არაფერი. — საბა! — უბრალოდ, შვიდი წელი გავიდა და მაინც ზუსტად ვიცი, როგორ უნდა გაგაღიმო. თავი გავაქნიე და ისევ ვაკოცე. ამჯერად უფრო თამამად. მისი სუნამო, მისი ხელები, ნაცნობი სიახლოვე… ყველაფერი ერთდროულად დამიბრუნდა. წამით ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს დრო საერთოდ არ გასულა. თითქოს ისევ იმ მანქანაში ვისხედით, იმავე ქალაქში, იმავე სიმღერას ვუსმენდით და სახლში დაბრუნებას არც ერთი ვაპირებდით. როცა ბოლოს ერთმანეთს მოვშორდით, შუბლი შუბლზე მომადო. — იცი, რამდენჯერ წარმომედგინა ეს მომენტი? — მკითხა. — არა. — ძალიან ბევრჯერ. — და ყოველთვის ასე კარგად მთავრდებოდა? გაეცინა. — არა. ზოგჯერ სიზმარში უბრალოდ მტოვებდი და მეუბნებოდი, გვიან მოხვედიო. გულწრფელად გამეცინა. — შეიძლება არც ახლა იყოს გვიან, საბა. უბრალოდ, აღარ მინდა ისევ იგივე გავიაროთ. მისი სახე მაშინვე დასერიოზულდა. — არც მე მინდა. — მე აღარ ვარ ის გოგო, რომელიც ყველაფერს აპატიებდა მხოლოდ იმიტომ, რომ შენ უყვარდი. — ვიცი. — და არ მინდა, ისევ დაკარგო საკუთარი თავი ჩემში. რამდენიმე წამი მიყურებდა, შემდეგ ხელი მომიჭირა. — ამჯერად მინდა, ერთმანეთი კი არ დავკარგოთ, ერთად ვისწავლოთ როგორ ვიყოთ. ამ სიტყვებზე აღარაფერი მითქვამს. უბრალოდ ჩავეხუტე. იმ ღამეს დიდხანს ვისხედით მანქანაში. ხან ვსაუბრობდით, ხან ვკოცნიდით ერთმანეთს, ხან კი უბრალოდ ხელჩაკიდებულები ვუსმენდით მუსიკას. საბა პერიოდულად ჩემს ხელს ტუჩებთან მიიტანდა და თითებზე მკოცნიდა. მე კი მის მხარზე მქონდა თავი მიყრდნობილი. — კიდევ ერთი რამ უნდა გითხრა, — უცებ თქვა. — რა მოხდა? — დღეს რომ სპექტაკლს ვუყურებდი, ერთი მომენტი იყო… — რომელი? — ის, როცა ელენე წერილს პოულობს. გახსოვს, პერსონაჟი რომ ამბობს, ზოგიერთი წერილი იმიტომ არ იწერება, რომ გაიგზავნოს, არამედ იმიტომ, რომ ადამიანმა ერთხელ მაინც თქვას ის, რასაც ვერ ამბობდა? თავი დავუქნიე. — ეგ ნაწილი ჩემთვის იყო ყველაზე რთული. — რატომ? მან ჯიბეში ხელი ჩაიყო, საფულე ამოიღო და იქიდან პატარა, დაკეცილი ფურცელი გამომიწოდა. — ეს შენთვის მქონდა. გავშეშდი. ფურცელი ფრთხილად გავშალე. ჩემი სახელი ეწერა. ვერიკო. ხელწერა მაშინვე ვიცანი. — ეს რა არის? — წერილია, რომელიც რამდენიმე თვის წინ დავწერე. არასდროს გამომიგზავნია. დღეს თან წამოვიღე, მაგრამ ვერ გავბედე მოცემა. — რატომ? — იმიტომ, რომ არ ვიცოდი, შენი ცხოვრების რომელ ადგილას უნდა დამეყენებინა თავი. ფურცელი ხელში მეჭირა, მაგრამ არ გამიხსნია. — წავიკითხო? — თუ გინდა. — ახლა არა. სახლში წავიღებ. საბამ თავი დამიქნია. — კარგი. მანქანიდან გადმოვედი, მაგრამ სანამ კარს დავხურავდი, ისევ დამიძახა. — ვერიკო? — რა? — დღეს რომ გაკოცე, არ მინდა იფიქრო, თითქოს ამით ყველაფერი გამოსწორდა. უბრალოდ, აღარ მინდოდა კიდევ ერთხელ მომეტყუებინა საკუთარი თავი, რომ არ მენატრები. კარი დავხურე და სახლისკენ წავედი. იმ ღამეს წერილი ბალიშის გვერდით დავდე. რამდენჯერმე ავიღე, მაგრამ გახსნა ვერ გავბედე. დილით ადრე გამეღვიძა. ფანჯრიდან შემოსული სინათლე ოთახს ავსებდა. ტელეფონში საბასგან შეტყობინება დამხვდა. „დილა მშვიდობისა, რეჟისორო. გუშინდელი დღე ალბათ დიდხანს მემახსოვრება.“ გავიღიმე. „ჩემთვისაც.“ რამდენიმე წამში ისევ მომწერა: “დღეს საღამოს თავისუფალი ხარ?“ „შეიძლება.“ „შეიძლება ნიშნავს კი-ს თუ არა-ს?“ “ნიშნავს, რომ ჯერ ყავა არ დამილევია და გადაწყვეტილებებს ნუ მთხოვ.“ სიცილის ემოჯი გამომიგზავნა. წერილი ავიღე და გავხსენი რამდენიმე გვერდი იყო. პირველი წინადადება კი ასეთი: „ვერიკო, არ ვიცი, ოდესმე წაიკითხავ თუ არა ამას, მაგრამ ზოგჯერ ისე მენატრები, რომ საკუთარ თავთანაც კი მიჭირს ამის აღიარება.“ წერილში ჩვენი პირველი შეხვედრა ჰქონდა აღწერილი. ახსოვდა, რა მეცვა, როგორ ვუპასუხე პირველივე საუბარში და როგორ ცდილობდა, ჩემი ყურადღება მიექცია. წერდა ჩვენს ღამეებზე, მანქანით სეირნობაზე, ჩემს დაბადების დღეზე და იმ შემთხვევით შეხვედრებზე, როცა უნდოდა, უფრო დიდხანს გავეჩერებინე. ერთ ადგილას ეწერა: შენ ალბათ გგონია, რომ მე მხოლოდ ის მენატრება, ვინც ადრე იყავი. მაგრამ არა. მე მაინტერესებს ის ვერიკო, რომელიც ჩემს გარეშე გაიზარდა. მინდა ვიცოდე, რისი ეშინია ახლა, რაზე ოცნებობს, რა ახარებს და როგორი ყავა უყვარს. მინდა, თავიდან გაგიცნო, თუ ამის უფლებას ოდესმე მომცემ.“ ბოლო გვერდზე კი ერთი წინადადება იყო: „და კიდევ ერთი რამ: იმ დაბადების დღეზე რომ წამოგიყვანე, მანქანაში რომ ჩაჯექი, მთელი გზა მინდოდა მეთქვა, რომ ისევ მიყვარდი.“ წერილი დავკეცე. დიდხანს ვიჯექი ჩუმად. მერე მივხვდი, რომ იმაზე მეტად ვიყავი აღელვებული, ვიდრე მეგონა. საღამოს პატარა კაფეში შევხვდით. საბა უკვე იქ იყო. ფანჯარასთან იჯდა, ტელეფონს უყურებდა და ყავას სვამდა. დამინახა თუ არა, მაშინვე წამოდგა. — ქალბატონო რეჟისორო. — კილაძე, შენ ისევ ადრე მოხვედი? — შენ რომ გელოდები, დრო სხვანაირად გადის. ჩამეღიმა. ჩამოვჯექი. ყავა შევუკვეთე და წერილი მაგიდაზე დავდე. — წავიკითხე. მისი გამომეტყველება შეიცვალა. — და? — ძალიან კარგად წერ. — მხოლოდ ეს? — და ცოტა ზედმეტად კარგად გახსოვს ყველაფერი. გაეცინა. — შენზეა საუბარი. როგორ დამავიწყდებოდა? მერე დიდხანს ვსაუბრობდით. თავიდან ჩვეულებრივ ამბებზე, შემდეგ უფრო სერიოზულ თემებზე. მომიყვა, რა უნდოდა ახლა, რას ნანობდა და რისი შეცვლა სურდა. მე ვუამბე ჩემი გეგმების შესახებ, ახალი სპექტაკლის იდეაზე, იმაზე, რომ ოდესმე საკუთარი თეატრალური დასი მინდოდა მქონოდა. — დარწმუნებული ვარ, გამოგივა, — მითხრა. — რატომ ხარ ასე დარწმუნებული? — იმიტომ, რომ როცა რაღაც მართლა გინდა, ვერავინ გაჩერებს. ცოტა ხანს მიყურებდა. — სხვათა შორის, შენი სპექტაკლის შემდეგ ერთი ადამიანი დამიკავშირდა. — ვინ? — ერთ-ერთი მაყურებელი. რეჟისორი იყო. მითხრა, რომ სპექტაკლზე საუბარი უნდოდა და შესაძლოა, სხვა პროექტიც შემოგთავაზოს. გავჩუმდი. — მართლა? — ჰო. შენი ნომერი მივეცი, რა თქმა უნდა. ვუთხარი, თავად დაგკავშირებოდა. გავუღიმე. — მადლობა. — არაფრის. შენი წარმატება ჩემთვის ყოველთვის სასიხარულო იქნება. ამ დროს მისი ტელეფონი განათდა. ეკრანზე სახელი გამოჩნდა. ნინა. საბამ ეკრანს დახედა და ზარი გააუქმა. არაფერი მითქვამს, მაგრამ შევნიშნე, როგორ შეეცვალა სახე. — ვინ არის? — ვკითხე. რამდენიმე წამი გაჩუმდა. — ვერიკო, რაღაც უნდა გითხრა. ჩემში უცნაურმა შეგრძნებამ გაიღვიძა. — გისმენ. ფანჯრის მიღმა წვიმა დაიწყო. ჩემი ყავა გაცივდა. და უცებ გამახსენდა ჩემი სპექტაკლის ბოლო ფრაზა: „ყველა გზა შენამდე მოდის, მაგრამ არავინ იცის, ვის შეხვდება გზაჯვარედინზე.“ საბამ ხელი მაგიდაზე დადო, ჩემს ხელს მიუახლოვდა, თუმცა ამჯერად არ შემხებია. — გთხოვ, ბოლომდე მომისმინე. და მე მივხვდი, რომ ჩვენი ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი სცენა ჯერ კიდევ წინ იყო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



