შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წითელი ფეხსაცმელი [5]


14-04-2015, 18:04
ავტორი შამანი
ნანახია 4 729

8 8 8
…თორმეტი რომ გახდა, გიგიმ მის მკერდზე მიხუტებულ ქალს კიდევ ერთხელ მხურვალედ აკოცა, უთხრა, წასვლის დროაო და წამოდგა.
«ყველაფერი დამთავრდა», _ გაიფიქრა ნიამ. გიგი ახვლედიანი ახალ დღეს იწყებს. მან მიიღო სიამოვნების საჭირო დოზა, ახლა წყალსაც გადაივლებს და ახალი ენერგიით აღივსება. შეუდგება მუშაობას _ დადებს ხელსაყრელ გარიგებებს, შეხვდება საქმიან ადამიანებს, გასცემს განკარგულებებს… ერთი სიტყვით, ფულის შოვნას გააგრძელებს, თანაც, რაც შეიძლება ბევრისას.
ნიაც უნდა დაუბრუნდეს თავის ერთფეროვან ცხოვრებას. ახლა გიგი კაზინოს გასასვლელამდე მიაცილებს, შეიძლება აკოცოს კიდეც დამშვიდობებისას, ეტყვის, რომ მასთან ძალიან კარგად გრძნობდა თავს და წარმატებებს უსურვებს. მერე კი ტაქსი თავის საცოდავ ბინამდე მიაქროლებს…
ამასობაში გიგი აბაზანიდან გამოვიდა. შიშველ, თმიან სხეულზე პირსახოცი შემოეხვია. როცა დაინახა, რომ ნიას უკვე მოესწრო ჩაცმა, გაიკვირვა.
_ ეს კაბა რატომ ჩაიცვი?
_ მეგონა, უნდა წავსულიყავი… _ დაიბნა ერთიანად გაწითლებული ქალი, ნუთუ ისევ საწოლში უნდა მიაბრუნოს?
ახვლედიანმა წარბები შეკრა, რამაც ნაოჭი გაუღრმავა შუბლზე.
_ ჰო, მაგრამ საღამოს კაბა რატომ ჩაიცვი? ახლავე მოვატანინებ ბუტიკიდან რამდენიმე ხელ ტანსაცმელს და თავად შეარჩიე, რომელიც მოგეწონება.
გოგონამ კატეგორიულად გადააქნია თავი.
_ ძალიან გთხოვ, გიგი, ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ. ასედაც მშვენივრად წავალ. სიმართლე გითხრა, ასეთ რამეებს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ.
_ შინ მიიჩქარი?
_ ჰო, საქმე მაქვს.
გიგი ძალიან ახლოს მივიდა მასთან, მკლავებში ჩასჭიდა ხელი, წრეზე შემოატრიალა და თავისი შავი თვალებით დაჟინებით შეაცქერდა.
_ ნუთუ არ მითქვამს შენთვის, პატარავ, რომ ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ ერთი ღამით არ შემოიფარგლება?
ნიამ იგრძნო, როგორ აფრინდა ბედნიერების მეცხრე ცაზე…
გიგი ახვლედიანს კიდევ სურს იგი! ის მას თავისთვის დაიტოვებს! არ იცის, სანამდე გაგრძელდება მამაკაცის ასეთი ჭირვეულობა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? განა მისთვის ახლა ყველაფერი სულერთი არ არის? მთავარია, რომ ზღაპარი გრძელდება, რეალური ზღაპარი! მას კიდევ ცოტა ხანს მოუწევს ამ ჯადოსნურ სამყაროში ცხოვრება, თანაც ყველაზე მომხიბვლელ მამაკაცთან ერთად, რომლის ოდნავი შეხებაც კი თავგზას აკარგვინებს…
ყველაფერი ისე ხდება, როგორც ზღაპარში. არა, მართლა! საინტერესოა, რამდენ ხანს გრძელდება ხოლმე გიგის ურთიერთობა ქალებთან? ერთი კვირა? ერთი თვე? იქნებ მთელი წელიწადი?.. ან იქნებ, სულაც, რამდენიმე?…
ახლა მისთვის სულერთია, როდის დასრულდება ეს მირაჟი. მთავარი ის არის, რომ დასაწყისს გაგრძელება ექნება _ ხანმოკლე ან ხანგრძლივი. ის ბედნიერია და ამ ბედნიერების მოკრიალებულ ცაზე ღრუბლის მხოლოდ ერთი ნაგლეჯი მოჩანს _ კახა დევიძე. იმედია, გიგის გვერდით არ გაუჭირდება მისი თავიდან მოშორება. იქნება კარგი სამსახურიც კი შესთავაზოს ახვლედიანმა ახალ საყვარელს, მაღალანაზღაურებადი… თუნდაც აქ, კაზინოში, ან სასტუმროში. ნია ყველაფერზე თანახმაა, ოღონდ კი ნორმალური ხელფასი ჰქონდეს! ჰო, უნდა იმუშაოს ამაზე. თუ თავად იგი არ შესთავაზებს ამას, თვითონ სთხოვს. მაშინ კი ვეღარ ეტყვის გიგი უარს.
ამ ფიქრებში იყო, რომ კიდევ ერთი მოულოდნელობის წინაშე აღმოჩნდა… მამაკაცმა იგი მხოლოდ ჰოლამდე მიაცილა და უკან გაბრუნდა. ცოტა არ იყოს, ეწყინა, მაგრამ არ შეიმჩნია… ის იყო, ფეხარეული კაზინოს გასასვლელს მიუახლოვდა, რომ უკნიდან ვიღაცის ხმა მოესმა.
_ ეს გრჩებათ, ქალბატონო! _ და ვიღაც ახალგაზრდა კაცმა სქელი კონვერტი შეაჩეჩა ხელში.
ნია კარგა ხანს გაოგნებული დაჰყურებდა ცისფერ, გრძელ კონვერტს.
_ ეს რა არის?
_ თქვენი მოგება, ქალბატონო! ფული, რომელიც წუხელ საღამოს «რულეტკით» მოიგეთ.
… კარგა ხანს ატრიალა ხელში ციდან ჩამოვარდნილი სასწაული. ეს როგორ? მას წუხელ არაფერიც არ მოუგია! თანაც, არც კი უთამაშია ფულზე. რატომ მოიქცა ასე, ერთი ღამის საფასური გადაუხადა? თვალები აუწყლიანდა სიმწრისგან. მაინც სძლია ცნობისმოყვარეობამ და კონვერტში ჩაიხედა. ბანკნოტების საკმაოდ სქელი დასტა იდო.
არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. მიბრუნებულიყო და სახეში შეეყარა ფული გიგისთვის, თუ აეღო და თავის გზას გასდგომოდა. სწრაფი ნაბიჯებით დატოვა შენობა და გარეთ გავიდა, რომ სუნთქვაშეკრულს სუფთა ჰაერი ჩაეყლაპა. ვაითუ, მიბრუნებით ყველაფერი გააფუჭოს, მერე? ხომ ვეღარასდროს იხილავს გიგი ახვლედიანს ცხოვრებაში? არადა, როგორ აიღოს ეს ფული? ნუთუ სძლევს სიხარბე? თანაც, როგორ სჭირდება ამწუთას, როგორ მტკივნეულ პრობლემას მოუხსნის, ნაწილობრივ მაინც… უცებ ღიმილი გაუკრთა სახეზე, სივრცეს კმაყოფილმა გახედა, კონვერტი ხელში შეათამაშა და ბოლოს ჩანთაში ჩაუძახა.
შინ მისულმა ფული გადათვალა. ათასი დოლარი აღმოჩნდა. მაშინვე დაურეკა მაკას და უთხრა, ვალის ნაწილს გიბრუნებ, ბანკში გადავრიცხავ შენს ანგარიშზეო.
_ ვა, საიდან, ნი? ვინ მოგცა?
_ ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, ჩათვალე, რომ ვისესხე.
_ კარგი, შენი ნებაა, თუ არ გინდა, ნუ მეტყვი. ოღონდ არ გადამირიცხო, ხელზე რომ მომცე, მირჩევნია.
_ არა, ხელზე არ მოგცემ. მე საბუთი მჭირდება, რომ ფული ჩაგირიცხე. ასე უფრო იმედიანად ვიქნები, მინდა, პატრონს დაუბრუნო.
_ შენ რა, არ მენდობი?
_ ხანდახან ჩემს თავსაც არ ვენდობი, მაკა… მაპატიე, _ თქვა და ცივად დაკიდა ყურმილი.
8 8 8
ფანჯარასთან მდგარი გიგი ჩაფიქრებული გასცქეროდა ქუჩას. მშობლები გაახსენდა, რომლებიც უკვე აღარ ჰყავდა. ისინი ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ, მუხლჩახრილები შრომობდნენ დღეღამის განმავლობაში, ცდილობდნენ, ერთადერთი ვაჟისთვის კარგი განათლება მიეცათ. თვითონ კარგად სწავლობდა, ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ყოველთვის ყველასგან გამორჩეული ყოფილიყო თავისი ნიჭიერებით. გვიან, მაგრამ მაინც მიაღწია თავისას… ამის გაფიქრებაზე სახე მოეღუშა. საბედნიეროდ, დედა და მამა მოესწრნენ იმ დროს, როცა გიგი თავისი გასართობი იმპერიის შექმნას იწყებდა. ორივენი როგორ შეჰხაროდნენ შვილს, ეამაყებოდათ, რომ შრომა წყალში არ ჩაეყარათ…
თითქმის ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ისინი ავტოკატასროფაში დაიღუპნენ. ძალიან განიცადა… დღემდე ვერ მოუნელებია, რომ დედა და მამა ტკბილ სიბერეს ვერ მოესწრნენ, ვერც მის ცოლს და ვერც მის შვილს…
მამაკაცმა ღრმად ამოიხვნეშა და ტაქსისკენ მიმავალ ნიას გახედა. ღრმა კმაყოფილების გრნობა ეუფლებოდა, როცა ამ საოცრებას უყურებდა. მის ცხოვრებაში ნიას გამოჩენა კიდევ ერთხელ ამყარებდა ჰიპოთეზას, რომ იდეალური ქალები მართლა არსებობენ! და ამაზე არა მარტო მისი სილამაზე მეტყველებდა, არამედ მისი სათნოებაც, კდემამოსილებაც, რბილი ხასიათიც და სიყვარულით სავსე თბილი გულიც.
არა, მას ხელიდან არ გაუშვებს. ასეთი ქალები სანთლით უნდა ეძებო, მას კი ასე ადვილად ჩაუვარდა ხელში. იგი არ ჰგავს სხვებს, ყველასგან გამორჩეულია. სანამ არ მოჰბეზრდება, გვერდით ეყოლება, სიამტკბილობის წუთებს, საათებს და დღეებს გაუხანგრძლივებს… ვინ იცის, იქნებ წლებსაც კი. არ იცის, რატომ, მაგრამ რატომღაც დარწმუნებულია, რომ ეს მშვენიერი არსება ყოფას გაულამაზებს, არ მოუწყობს სკანდალებს და არ წაუყენებს პრეტენზიებს. ყოველთვის ისეთი მიამიტური ღიმილი დასთამაშებს სახეზე… გეგონება, მუდამ კარგ ხასიათზეა და მუდამ ყველაფრით კმაყოფილიო… არა, რა თქმა უნდა, ხანდახან შეკამათდებიან კიდეც, მასაც ხომ აქვს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება. აბა, დაქირავებული მოსამსახურე ხომ არ არის, მისი ყველა კაპრიზი მორჩილად აიტანოს…
ირონიულმა ღიმილმა ბაგე გაუპო. აღარც ახსოვს, ბოლოს როდის იკამათა ქალთან, განსაკუთრებით ასეთ სრულყოფილებასთან.
8 8 8
ორი დღე გავიდა შეხვედრიდან. ნია ვერსად ადგილს ვერ პოულობდა, ვერც სახლში და ვერც სამსახურში. ერთი სული ჰქონდა, როდის დაურეკავდა გიგი და შეხვედრას როდის სთხოვდა. აი, სწორედ შემდეგ შეხვედრას დაერქმეოდა პაემანი და ნია ისე იგრძნობდა თავს, როგორც ყურებამდე შეყვარებული. თუმცა, არ უნდოდა ამაზე ეფიქრა. ცდილობდა, სიყვარულამდე არ მიეყვანა საქმე, თორემ მერე გაუჭირდებოდა. გიგი სამუდამოდ ხომ არ დაიტოვებდა თავისთან, იცოდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს იგი უღრმესი თავაზიანობით დაასრულებდა ურთიერთობას.
საღამო ხანი იყო. ნია იჯდა და საკონტროლო წერის რვეულებს ასწორებდა. ამ დროს ტელეფონმა დარეკა. ფეთიანივით მივარდა ყურმილს. ყოველ ზარზე გიგის ხმას ელოდა.
_ ალო!
_ როგორ ხარ? _ მამაკაცის ხავერდოვანმა ტემბრმა ლავასავით დაუწვა გულ-მუცელი.
_ არა მიშავს… თავად?
_ კარგად, ძალიან კარგად. რას საქმიანობ?
_ რაღაც ნაწერებს ვასწორებ და…
_ ხვალ საღამომდე მორჩები?
ნიამ სიცილი ვერ შეიკავა.
_ ვეცდები.
_ ძალიან შეეცადე, იმიტომ, რომ ხვალ საღამოს ვახშამზე გეპატიჟები, სასურველი სტუმარი უნდა იყო. ჩემი მძღოლი გამოგივლის, შენ არ იწვალო. ექვსისთვის ხომ შეძლებ?
_ ჰო, რა თქმა უნდა.
_ ჰოდა, მოემზადე. აბა! ნახვამდის.
8 8 8

რა პრობლემური დღე გაუთენდა! დილიდან უკვე ორჯერ დაურეკა გიგის და ორივეჯერ ავტომოპასუხე დახვდა ჩართული. შეტყობინების დატოვება არ ისურვა, უნდოდა, პირადად დალაპარაკებოდა, რადგან მასთან შეხვედრაზე წასვლა გადაიფიქრა. არა იმიტომ, რომ შეეშინდა… უბრალოდ, ცოტა გაპრანჭვა გადაწყვიტა, იქნებ უარის შემთხვევაში მამაკაცს ოდნავ მაინც მონატრებოდა იგი.
ყოველ წამს ის საღამო უტრიალებდა გონებაში. რა ზღაპრული ღამე იყო… ამაზე უკეთესს ოცნებაშიც კი ვერ ინატრებდა… გუშინაც როგორი თბილი ხმა ჰქონდა?.. მაგრამ ვითომ კარგად მოიქცა, მიპატიჟებაზე რომ დათანხმდა? არადა, უარი როგორ ეთქვა? თითქოს ჰიპნოზის ქვეშ იმყოფებოდა. როგორ გააბრუა ამ კაცმა… ამ დროს, მისი შესაფერისი სულაც არ არის, სად გიგი და სად ის… მათ შორის ერთი დიდი, პირღია უფსკრულია… ან კი რას უნდა წარმოადგენდეს ასეთი მდიდარი მამაკაცისთვის? წარმოსადეგ ბიზნესმენს რაღაც ახალი მოუნდა მისი სახით და გადაწყვიტა, ერთ რიგით მოსამსახურე გოგონასთან გართობის საათი მოეწყო. სულ ეს არის…
არა. რაც უფრო მეტს ფიქრობდა ამაზე, მით მეტად უნდოდა, საღამოს ახვლედიანს არ სტუმრებოდა. ერთი სურვილი ჰქონდა, მისთვის თვალებში ჩაეხედა და ეთქვა, ასეთი თამაში ჩემთან არ გაგივაო. თუმცა, რაღა დროსია? მოსახდენი უკვე მოხდა, დროს უკან ვერ დააბრუნებს. იქნებ ჯობს, უთხრას, რომ მეგობარი მამაკაცი ჰყავს?.. მაგრამ ტყუილის თქმა რომ არ შეუძლია? არასდროს არავინ მოუტყუებია, თავის გადასარჩენადაც კი… ასე რომ, რაც არის, არის… წავა იმ შეხვედრაზე და გიგი კარს გაუღებს თუ არა, ეტყვის, რომ სტუმრად დარჩენა გადაიფიქრა… ვითომ ამის სათქმელად მივიდა. არადა, ერთი სული აქვს, როდის ნახავს, როდის ჩახედავს მომნუსხველ თვალებში.
ამის გაფიქრებამ ცოტათი დაამშვიდა და, სკოლიდან მობრუნებული, საღამოსთვის მზადებას შეუდგა. ძალიან არ გამოპრანჭულა, სპორტულად ჩაიცვა _ ჯინსის შარვალსა და ბოტასში გამოეწყო. ასეთ ფორმაშიც ხომ უნდა ნახოს ერთხელ ახვლედიანმა?
იმის გამო, რომ გიგის მძღოლს არ მოესწრო, ნახევარი საათით ადრე გავიდა სახლიდან. რატომ უნდა შეეწუხებინა უცხო ადამიანი, როცა იქ მაინც არ აპირებდა დარჩენას?
ფეხით დაუყვა ტროტუარს, მაგრამ მცირე მანძილი გაიარა თუ არა, მოულოდნელად მოიქუფრა, ელვის უსწრაფესად გაწვა ცაზე ღრუბლები და ქარი ამოვარდა. ნიამ ცას ახედა. კიდევ რამდენიმე წუთი და წვიმა დაცხებდა. ახი არ იყო მასზე? დალოდებოდა მანქანას, კაცმა პატივი სცა, მძღოლის მომსახურება შესთავაზა, თვითონ კი… ეს არათავაზიანი საქციელი იყო მისი მხრიდან, სხვა არაფერი…
_ მოხვედი? _ ალერსიანად ჰკითხა გიგიმ, როცა ზღურბლზე ნია დაინახა.
_ მოვედი, მაგრამ დარჩენას არ ვაპირებ… იმის სათქმელად გამოვიარე, რომ ამ საღამოს შენთან ვახშმობა გადავიფიქრე… მაპატიე…
გიგიმ დაეჭვებით შეხედა. მის სანუკვარ პატარას მწვანე თვალები იასავით ლურჯი გახდომოდა და საღამოს ბინდბუნდში უფრო გამუქებოდა, წვიმის წვეთები კი უცნაურად უბრწყინავდა თმაში. განხიბვლა და სიბრაზე ერთდროულად დაეუფლა მამაკაცს _ როგორ ელოდა ამ მომხიბვლელ ჯადოქარს მთელი დღის განმავლობაში, ისეთი სავსე იყო მასთან შეხვედრის მოლოდინით… და რას აკეთებს? უარს ეუბნება? და მერე ვის, ახვლედიანს? არა, ის ასეთ რამეებს მიჩვეული არ არის. არასდროს არც ერთ ქალს უთქვამს უარი მასთან ახლო ურთიერთობაზე… და ნია არ იქნება პირველი, ამას არ დაუშვებს!
_ ნუ დგახარ წვიმაში, შემოდი, _ ისე თქვა გიგიმ, თითქოს მისი სიტყვები ვერ გაიგონაო, განზე გაიწია და გოგონას გზა დაუთმო, _ არ დასველდე.
ნია უხალისოდ დაემორჩილა და ჰოლში შევიდა… მდიდრულად მოწყობილმა გარემომ უარესად გაუფუჭა ხასიათი, თითქოს სხვა, სრულიად მიუჩვეველ და უცხო სამყაროში მოხვდა.
მამაკაცი მისკენ შეტრიალდა და ისე შეათვალიერა, თითქოს აუქციონზე გამოტანილი ძვირფასი ნახატი ყოფილიყო.
_ ჩემს მეგობრებს ძალიან აინტერესებს შენი გაცნობა, _ თქვა და ხელი სასტუმრო ოთახისკენ გაიშვირა, _ ნუთუ იმედი უნდა გაუცრუო?
_ მეგობრებს? _ აღელვებისგან ნიას თავბრუ დაეხვა, _ მეგონა, მარტონი ვიქნებოდით… არ გითქვამს, რომ სტუმრები გეყოლებოდა, _ დაამთავრა და გაფითრებულმა ენაზე იკბინა, თავისი გულისნადები ასე ადვილად რომ გასცა.
_ იმედოვნებდი, რომ მარტო მე და შენ ვიქნებოდით? _ მამაკაცის ხმა მსუბუქად ჟღერდა, _ ეს კი არ მიფიქრია… დარწმუნებული ვიყავი, რომ გაგაფრთხილე.
და გიგი ძალიან ახლოს მივიდა მასთან. ნიას ჟრჟოლამ დაუარა. გული ისე უცემდა, თითქოს საგულედან ამოვარდნას ლამობსო… მისგან ისეთი სასიამოვნო სურნელი მოდიოდა…
_ არა! _ აღმოხდა მისდა უნებურად, _ არაფერსაც არ ვიმედოვნებდი. მხოლოდ იმისთვის მოვედი, რომ დარჩენაზე უარი მეთქვა…
_ მე მინდა, რომ დარჩე, _ მისმა ხმამ მბრძანებლურად გაიჟღერა.
არა, არავითარ შემთხვევაში! შანსი არ არსებობს! მას არ სურდა გიგის მეგობრებს შეხვედროდა, თანაც ასეთ ფორმაში. ნორმალურად მაინც ჩაეცვა! რას იფიქრებდა, თუ ასე შეტრიალდებოდა სიტუაცია.
_ მართლა არ შემიძლია. დიდი მადლობა, რომ მომიწვიე და კიდევ… შენი მძღოლი ტყუილად რომ შევაწუხე…
_ მძღოლი? რა, მან არ წამოგიყვანა? აბა, რითი მოხვედი? _ თვალები მოჭუტა მამაკაცმა და გვერდულად გახედა მობუზულ ქალს.
_ ჩემით მოვედი… არ დაველოდე… მისი შეწუხება არ მინდოდა.
_ აჰა, გასაგებია… ალბათ ისევ შენს სახლთან დგას და გელოდება, როდის გამოჩნდები.
_ რას ამბობ! ეგ არც მიფიქრია… მაპატიე, ცუდად მოვიქეცი.
_ არა უშავს, ახლავე დავურეკავ და წამოვა. შემო, შემო.
გიგის აღაფრთოვანებდა ნიას სიჯიუტე და მტკიცე ბუნება, მაგრამ უარის თქმას არ იყო მიჩვეული. გარდა ამისა, დარწმუნებული იყო, რომ გოგონა ისევე ილტვოდა მისკენ, როგორც თავად.
_ არა… ხომ გითხარი, ვერ დავრჩები-მეთქი.
მამაკაცის გამჭოლი მზერა ნიას თეთრ მაისურზე შეჩერდა, რომელიც მაღალ მკერდს უფარავდა, მერე ნელ-ნელა გადაინაცვლა მის წვრილ წელზე და ჯინსის შარვლით დაფარულ თეძოებზე… მართალია, მისი ჩაცმულობა არც დიდებულ «ოტ კუტიურიეს» კოსტიუმს წარმოადგენდა და არც ყველაზე ქალურ სამოსს, მაგრამ ქალი მაინც საოცრად მადის აღმძვრელად გამოიყურებოდა.
_ თან ისე არ მაცვია, შენს სტუმრებს რომ შეეფერება…
_ არა უშავს. მათ რომ გაიცნობ, მიხვდები, რომ ამაზე ფიქრიც კი სისულელეა. აქ არავის აინტერესებს შენი ჩაცმულობა.
ნიამ პასუხი ვერ გასცა, ვერც წინააღმდეგობა გაუწია და მასთან ერთად სასტუმრო ოთახში გაუბედავად შეაბიჯა…
უზარმაზარ ოთახში შევიდა თუ არა, რამდენიმე წყვილი თვალი ერთდროულად მიაშტერდა. ნიამ იმწუთასვე ზედმეტად იგრძნო თავი. რაოდენ თბილადაც არ უნდა შეხვედროდნენ მას ეს ადამიანები, მიხვდა, რომ ისინი მას თავისიანად არასდროს დაიგულებდნენ…
გიგიმ ნიას წელზე მძლავრად მოხვია ხელი და ოდნავ წინ უბიძგა.
_ მეგობრებო! ეს არის ნია და ჩვენთან იმის სათქმელად შემოიარა, რომ თურმე ვახშამზე დარჩენა არ შეუძლია. სამწუხაროდ, მე ვერ შევძელი მისი გადარწმუნება.
მსუბუქმა ხმაურმა გადაურბინა სუფრას. ნია ისე იყო დაძაბული, აღარაფერი ესმოდა, მხოლოდ სტუმართა სახეებს ხედავდა. ერთმა მამაკაცმა ადგილი გაუთავისუფლა თავის გვერდით, მეორემ შავი ღვინით სავსე ჭიქა მიაწოდა… ცოტაც და, ალბათ გულიც წაუვიდოდა. ამ დროს იგრძნო, როგორ მოუჭირა გიგიმ ხელზე ხელი… შეკრთა.
_ მოდი, დაჯექი, _ ხავერდოვანი ხმით ზედ ყურთან უჩურჩულა ახვლედიანმა.
ნია დაემორჩილა და უსუსური ბავშვივით ჩამოჯდა ვიწრო სავარძლის კიდეზე.
_ ნია… რა კარგი სახელი გქვიათ, ლამაზი და იშვიათი… დიდი ხანია, გიგის იცნობთ? _ ჰკითხა შუახნის შავსათვალიანმა მამაკაცმა და სალათა მიაწოდა.
_ გმადლობთ… არც ისე დიდი ხანია, სულ რამდენიმე კვირა იქნება.
_ სად გაიცანით ჩვენი მექალთანე ბიჭი? _ არ ცხრებოდა უცნობი.
_ ნიშნობაზე… _ ნიას თავისი ხმა ძლივს ესმოდა.
_ ოოოო! რა გაიძვერა ვინმეა ეს გიგი… რას საქმიანობთ, ნია?
_ მასწავლებელი ვარ…
_ მართლა? როგორ გამართლებიათ თქვენს მოსწავლეებს… ბედნიერებაა, როცა ასეთი მშვენიერება რაღაცას გასწავლის.
სუფრას სიცილმა გადაურბინა.
_ რა საგანს ასწავლით? _ საიდანღაც ქალის წიკვინა ხმა მოისმა.
_ ინგლისურს.
_ ინგლისურს? რას ლაპარაკობთ, ვერაფრით წარმოვიდგენდი… ალბათ დაწყებით კლასებში, არა? _ ცინიკურად გაიჟღერა იმავე ხმამ.
_ არა, მერვეკლასელებს ვასწავლი, _ ნიას ხმა აუკანკალდა, ცოტაც და თვალები ცრემლით აევსებოდა.
_ ღმერთო ჩემო, ისეთი მორცხვი ხართ… მიკვირს, როგორ უმკლავდებით უფროსკლასელებს? არა ვარ მართალი, გიგი?
_ მისი სიმორცხვე ნუ დაგაბნევთ, ანა, _ მტკიცედ გაისმა გიგის ხმა, _ ამ ცხვრის ტყავში, რომ იცოდეთ, ნამდვილი ვეფხვია გახვეული.
_ შეიძლება, რაღაც გითხრა? _ ალეწილი ნია უცებ წამოდგა და მამაკაცს მიაჩერდა, _ ცალკე მინდა დაგელაპარაკო.
_ რა თქმა უნდა, _ ახვლედიანმა იდაყვზე წაავლო ხელი და განზე გაიყვანა, _ რაშია საქმე?
გიგი უკვე მიხვდა, რომ გოგონას აღარც ეს ვახშამი სიამოვნებდა და არც მისი სტუმრები.
_ მართლა არ შემიძლია დარჩენა, უნდა წავიდე.
_ არ მოგეწონა საზოგადოება, არა? _ თვალებში ჩახედა.
ისედაც აჭარხლებული ნია კიდევ უფრო გაწითლდა.
_ მაპატიე, მაგრამ შენი მეგობრების გარემოცვაში თავს ძალიან უხერხულად ვგრძნობ, _ ძლივს გასაგონად ჩურჩულებდა, _ თავადაც ხომ ხედავ, მე მათთან საერთო არაფერი მაქვს.
_ სრულებით არ აფასებ საკუთარ თავს, პატარავ. შენ მასწავლებელი ხარ, განათლებული ქალი… ნუთუ არ შეგიძლია, თავი უფრო თავისუფლად იგრძნო? აქ არავინ იკბინება.
_ მომისმინე, გთხოვ… ძალიან დავიღალე… რთული დღე მქონდა… ერთადერთი, ახლა რაც მინდა, შინ წასვლა და დასვენებაა. დიდი მადლობა, რომ მომიწვიე, თუმცა ვიცოდი, რომ ეს ჩემთვის ზედმეტი იყო, ამიტომაც არ მინდოდა მოსვლა.
მამაკაცს არ უნდოდა მისი გაშვება. საკმარისი იყო, მისი მოქნილი ტანისთვის თვალი შეევლო, მის დიდრონ თვალებში ჩაეხედა და… ვნებიანი სურვილის ნაპერწკლები საოცარი სიძლიერით უკრთებოდა თვალებში.
_ როდის გნახო? _ იდუმალი ხმით უჩურჩულა და მასთან ერთად გასასვლელისკენ დაიძრა.
ნია წამით მოტრიალდა, სტუმრებს თავაზიანი ღიმილით დაემშვიდობა და სხეულის კეკლუცი რხევით გავიდა ჰოლში.
_ რა ვიცი… შენ ხომ ძალიან დაკავებული ადამიანი ხარ…
_ შენთან ჩემი დღის განრიგის განხილვას არ ვაპირებ. თუკი შენ თვითონ შეარჩევ დროს, როცა ჩემთან შეხვედრა მოგესურვილება, ისე გავაკეთებ, რომ ის დღე მთელი ცხოვრება დაგამახსოვრდეს.
გოგონამ შეხედა… გიგის თვალებში ისეთი დაუფარავი ვნება იკითხებოდა, სიამოვნებისაგან სხეული გაუხურდა. ნუთუ მისთვის ეს ასე მნიშვნელოვანია? რა ბედნიერებაა, თუ მართლა ასეა… რომელი დღე აირჩიოს? რა თქმა უნდა, როცა სკოლაში არ არის წასასვლელი… მაგალითად, პარასკევი…
_ პარასკევს… პარასკევ საღამოს თავისუფალი ვარ…
_ რომელ საათზე იქნები თავისუფალი?
_ რა ვიცი, როცა შენ მოიცლი…
_ მაშინ შემოგივლი. ექვსზე შეხვედრა მაქვს ერთ კარგ ადგილას, თან მინდა ღამისთევით დავრჩე. ვიფიქრე, შენც შემომიერთდებოდი… სანამ მე ჩემს საქმეებს დავამთავრებ, შენ სასტუმროში დაისვენებ, გაისეირნებ, შემდეგ მეც მოვალ და… რას იტყვი?
რას იტყვის? ღმერთო, რა უნდა თქვას? თანახმაა, აბა რა, მაგრამ… ღირს კი? რომ არ არის ასეთ შეხვედრებს მიჩვეული? ჯერაც სიზმარში ჰგონია თავი. ვერ დაუჯერებია, რომ იგი ვიღაცის საყვარელია… რა უჩვეულოა ეს ყველაფერი. რატომ იღუპავს თავს, რა სჭირს სამაგისო? იქნებ აჯობებს, თავი შორს დაიჭიროს მისგან, სანამ გვიან არ არის და სანამ გული უფრო არ ტკენია?
_ იცი, გიგი… დიდი მადლობა, მაგრამ…
_ ახლა არ მითხრა, რომ უარის თქმას აპირებ…
არა, უარის თქმა ძალიან გაუჭირდება, თუმცა… რატომ მაინცდამაინც ის აარჩია ასეთმა მდიდარმა და მომხიბვლელმა მამაკაცმა? ვერც იმას დამალავს ნია, რომ საწოლში არაჩვეულებრივად შეეწყვნენ ერთმანეთს, მაგრამ ასეთი ილუზიებით თავს ვერ ინუგეშებს. მისნაირი მამაკაცისთვის ნიასნაირი ქალი ბევრს არაფერს ნიშნავს. მას მანამდეც ბევრი ლამაზი ქალი ჰყოლია ალბათ…
არა, ამით თავის ღირსებებს კი არ უსვამს ხაზს… ის მხოლოდ ფხიზელი თვალებით უყურებს ცხოვრებას და ესმის, რომ გიგისნაირი მამაკაცები მიჩვეული არიან ქალისგან თანხმობას, ფეხქვეშ გაგებას… და მისთვის ჩვეულებრივი მასწავლებლის დათანხმება პაემანზე დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. ან კი რატომ უნდა წარმოადგენდეს? ერთი ჩვეულებრივი ღარიბი გოგოა, არაფრით გამორჩეული სხვებისგან. ის არ ჰგავს იმ ქალებს, გიგის ცხოვრებას რომ ალამაზებენ… მდიდრები, ელეგანტურები, ყოველდღე რომ სალონებში დადიან… ახალგაზრდული იერის შესანარჩუნებლად პლასტიკურ ოპერაციებს ცნობილ ქირურგებთან რომ იკეთებენ… და, მიუხედავად ასეთი «მყარი» მიზეზებისა, ნია მაინც მიხვდა, რომ მას უარს ვერასდროს ეტყოდა.
_ მართლა გამომივლი პარასკევს? _ მოულოდნელად ჰკითხა და დაბნეულმა თმაზე ჩამოისვა ხელი.
_ მე ყოველთვის სიმართლეს ვამბობ.
_ არ ვიცი… რას იტყვიან ჩემი მეზობლები, შენს მანქანას რომ დაინახავენ.
_ შენთვის სულერთი არ არის, სხვები რას იტყვიან?
ნიამ თავი ასწია და შეხედა. ღიმილმა ბაგე გაუპო.
_ ჰო, სულერთია… ეს ხომ ჩემი პირადი ცხოვრებაა.
_ ასე არ ჯობია?
_ ახლა კი წავალ.
_ კარგი, _ თქვა გიგიმ, თუმცა მის ხმაში სინანული იგრძნობოდა, თითქოს არ ეთმობოდა ქალი.
_ ხუთის ნახევარზე მოგაკითხავ, რომ ექვსზე ადგილზე ვიყოთ.
გოგონამ თავი დაუქნია და კიდევ ერთხელ შეავლო მზერა. რა არაჩვეულებრივი ვინმეა, განა შეიძლება ქალმა ასეთ მამაკაცზე უარი თქვას? როგორი ძალა იგრძნობა მასში…



№1  offline წევრი talaxadze133

Dzan magariaa chemo sakvarelo sheileba dzan shegawuxe magram shegidzlia erti tavi kidev dado? <3

 


№2  offline ადმინი შამანი

talaxadze133
Dzan magariaa chemo sakvarelo sheileba dzan shegawuxe magram shegidzlia erti tavi kidev dado? <3

ცოტა მოგვიანებით დავდებ. ^
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№3  offline წევრი talaxadze133

შამანი
talaxadze133
Dzan magariaa chemo sakvarelo sheileba dzan shegawuxe magram shegidzlia erti tavi kidev dado? <3

ცოტა მოგვიანებით დავდებ. ^

kargi madloba

 


№4  offline ადმინი შამანი

talaxadze133
შამანი
talaxadze133
Dzan magariaa chemo sakvarelo sheileba dzan shegawuxe magram shegidzlia erti tavi kidev dado? <3

ცოტა მოგვიანებით დავდებ. ^

kargi madloba

არაფრის.^^
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№5  offline მოდერი aleqsandra

Es sveta kvaracxeliasi ar aris???!!!

 


№6  offline მოდერი MyLove

ეს ისტორია სადღაც მაქვს წაკითხული... belay
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№7  offline ადმინი შამანი

დიახ,ეს სვეტა კვარაცხელიას რომანია და უამრავჯერ ავღნიშნე.
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent