შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წითელი ფეხსაცმელი [7]


18-04-2015, 18:31
ავტორი შამანი
ნანახია 5 028

ნია ამჯერადაც იგვიანებდა. გიგი ვერ მალავდა მოუთმენლობას, თვალები წარამარა შემოსასვლელისკენ გაურბოდა გოგონას მოლოდინში, თან უინტერესო ლაპარაკს აგრძელებდა რესტორნის დარბაზში თავშეყრილ სტუმრებთან. როგორ უნდოდა, მასთან ერთად გამოცხადებულიყო ამ საღამოზე, მაგრამ ნიამ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, მოგვიანებით მოვალ, ადრე გათავისუფლებას ვერ ვახერხებო.
მოთმინების ფიალა აევსო. მალულად დახედა საათს. რა მოხდებოდა, იმ სკოლის თათბირს რომ არ დასწრებოდა? ხომ შეეძლო, მისი გულისთვის გაეცდინა?
კიდევ ერთხელ გაიარ-გამოიარა, რომ დაძაბულობა დაეფარა. ნია არ ჩანდა. ბოლოს გადაწყვიტა, შეგუებოდა აზრს, რომ გოგონამ მოსვლა გადაიფიქრა და ის იყო, ბარისკენ აიღო გეზი, რომ უცებ შეამჩნია… მისი პატარა თვალის მომჭრელად გამოიყურებოდა…
თაკომ დაურეკა გუშინ, ძალიან ლამაზი კაბა შევარჩიეთო… გიგის ეჭვიც არ შეპარვია ამაში, მაგრამ… ასეთი სანახაობის მომსწრე თუ გახდებოდა, არ ელოდა.
კართან მდგარ სახეშეფაკლულ ნიას ოფიციანტი მიუახლოვდა და დარბაზისკენ გამოუძღვა. მას შავი აბრეშუმის კაბა ეცვა, ტანზე მჭიდროდ მომდგარი, წელს ქვემოთ კი გაშვებული. სამკუთხა ფორმის ჭრილიდან ულამაზესი თეთრი მკერდი მოუჩანდა. ფეხზე კი… ფეხზე კვლავ წითელი ფეხსაცმელი ეცვა, გიგის ნაჩუქარი წითელი ფეხსაცმელი. ახვლედიანმა ირგვლივ მიმოიხედა და შეამჩნია, რომ არა მარტო თავად მოინუსხა გოგონას სილამაზით.
იგი არავის უყურებდა, ბალერინასავით ყელმოღერებულს პირდაპირ მისკენ აეღო გეზი. არ ახსოვს გიგის, ბოლოს როდის ჰქონდა ასეთი მძაფრი რეაქცია ლამაზი ქალის დანახვაზე. მათთან ყოველი მორიგი შეხვედრის შემდეგ, კმაყოფილი გადატრიალდებოდა ხოლმე საწოლში და ტკბილად იძინებდა. ახლა კი…
მეექვსე ღამეა, თვალზე რული არ ეკარება, შამფურზე წამოცმული გოჭივით ტრიალებს ლოგინში… იმიტომ, რომ ნიაზე ფიქრობს… გამუდმებით, ყოველ წუთს, ყოველ წამს… ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ქალმა, რომელთანაც მხოლოდ ორი ღამე გაათენა, ბანგი გაურია სასმელში და მოაჯადოვა.
მორჩა, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულია! დღესვე წაიყვანს თავისთან და დაიტოვებს. არანაირი არგუმენტები, არაფრით არ მოუსმენს, უარს არავითარ შემთხვევაში არ მიიღებს მისგან. მას სჭირდება ეს გოგო.
_ მაპატიე, რომ შემაგვიანდა, _ თავისი ზღვისფერი თვალები მიანათა ნიამ, _ ძალიან გაიწელა თათბირი, უფრო ადრე გამოსვლა ვერ მოვახერხე. სასწავლო წლის დამთავრებასთან დაკავშირებით რეორგანიზაცია ხდება და… სანამ შვებულებაში დაგვითხოვენ, ყველაფერი უნდა მოვაგვაროთ.
გიგი გაუღიმებლად, დაჟინებული მზერით მისჩერებოდა, თითქოს არც უსმენდა. ნუთუ ბრაზობს, რომ დააგვიანა? აღელდა. აბა, რა ექნა, ვინ გამოუშვებდა? ხომ არ იტყოდა, საღამოზე ვარ მიწვეულიო? მეტიც არ უნდათ სკოლაში, მაშინვე ჭორები აგორდება… ნია ლაპარაკობდა, მაგრამ გიგის მისი სიტყვები არ ესმოდა. იგი თვალებით ჭამდა გოგონას.
_ რაც მთავარია, მოხვედი, დანარჩენი არ მაინტერესებს, სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია, _ გაღიმების გარეშე ჩაილაპარაკა მამაკაცმა, ქალს მხრებზე ხელი მოხვია და მეორე დარბაზისკენ გაუძღვა, სადაც სტუმრებისთვის სუფრა იყო გაშლილი.
ისინი ერთმანეთის გვერდით დასხდნენ. ნია ამჩნევდა, როგორი შურით აყოლებდნენ მას თვალს ქალები… ალბათ იმიტომ, რომ გიგის გვერდით იჯდა. მამაკაცი თავისი გარეგნობით და მანერებით აშკარად გამოირჩეოდა სხვებისგან. ამან გოგონა კიდევ ერთხელ დაარწმუნა იმაში, რომ ვერასდროს მიუახლოვდებოდა ახვლედიანს იმ მანძილზე, რომ მის გარშემო მყოფი ყველა ქალი დაეჩრდილა.
ნია ისე ღელავდა, ვერც კი შეამჩნია, როგორ აუკანკალდა ხელი, რომელშიც წითელი ღვინით სავსე ჭიქა ეჭირა. ის იყო, სასმელი უნდა მოესვა, რომ მოულოდნელად მკვეთრი მოძრაობა გამოუვიდა და ღვინო ახალ კაბაზე გადაეღვარა. ნირწამხდარი შეეცადა, სველი ლაქა ხელსაწმენდით გაეწმინდა. ამ დროს გიგიმ ხელი გამოსწია და შეუმჩნევლად თეძოზე შეეხო. ნია ისე შეხტა, თითქოს ცხელი უთო დაადესო. სიამოვნების ტალღამ შხუილით დაიარა ძარღვები.
_ ცოტა ხნით უნდა გავიდე, _ თქვა და დამსწრეთა მზერით შეცბუნებულმა, თვალები დახარა.
გიგიც წამოდგა.
_ გვაპატიეთ, _ ხმამაღლა წარმოთქვა მამაკაცმა ისე, რომ კონკრეტულად არავისთვის შეუხედავს, _ ჩემს თანამგზავრს დახმარება სჭირდება.
_ არა, არა, იყავი, რა საჭიროა… _ გაწითლდა ნია.
_ საჭირო კი არა, აუცილებელია, _ ჩაესმა გიგის ჩურჩული.
ჩქარი ნაბიჯებით გაიარეს დარბაზი…
_ აქ შევიდეთ, _ თქვა მამაკაცმა და ყვავილებით მორთულ პატარა, კოხტა ოთახში შეუძღვა, _ შეგიძლია მშვიდად მოწესრიგდე.
_ შენ არ უნდა გამოსულიყავი, თვითონ მივხედავდი ჩემს თავს, უხერხულია სტუმრებთან, ჩემი გულისთვის არ ღირს… _ გოგონამ წინადადების დამთავრება ვერ მოასწრო, ისე სწრაფად ააფარა მამაკაცმა პირზე ხელი, მეორე წელზე მოხვია და მოწყურებულად დააკვდა ტუჩებზე.
ნიას წინააღმდეგობა არ გაუწევია, სიამოვნებით დაჰყვა მის ნებას. ძლიერ მკლავებში მომწყვდეული ნამდვილ თოჯინას ჰგავდა _ უსულოს და უმეტყველოს, მორჩილს და უნებისყოფოს, რომელსაც პროტესტის გამოხატვა არ შეეძლო.
_ თავბრუდამხვევად გამოიყურები, პატარავ, გასაგიჟებლად, _ თავისთვის ბურტყუნებდა მამაკაცი და მის მოშიშვლებულ ყელს ტუჩებს ვერ აცილებდა.
რამდენიმე წუთის შემდეგ ორივენი უსიტყვოდ განერიდნენ ერთმანეთს, თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს. აფორაჯებული ნია თავის მოწესრიგებას შეუდგა. გიგი თვალს ვერ წყვეტდა ამ მაცდუნებელ სილამაზეს. ვეღარ ითმენდა, ერთი სული ჰქონდა, როდის ჩამთავრდებოდა საღამო და განმარტოვდებოდა მასთან.
გიგი თავს ვეღარ აკონტროლებდა. არც ის ესმოდა, რაზე ელაპარაკებოდნენ სუფრასთან მსხდომნი და ვერც იმას იხსენებდა, რა პასუხს სცემდა მათ მიერ დასმულ კითხვებზე. ამწუთას არაფერი ახსოვდა ნიას გარდა და არც სურდა, რამე გახსენებოდა.
აზრი, რომელიც დღეს დილით გაუჩნდა, უფრო და უფრო მოსწონდა. ახლა სწორედ ის დრო იყო, თავისი ჩანაფიქრი სისრულეში მოეყვანა. გადაწყვეტილება საბოლოო იყო და მის შეცვლას არ აპირებდა.
_ მინდა, აქედან ჩემთან წავიდეთ. რაღაცაზე უნდა მოვილაპარაკოთ.
ნიამ შუბლი შეიჭმუხნა და გრძელი, თხელი თითებით მკერდი შეისწორა, ზედმეტად რომ ამობურცულიყო კაბის ჭრილიდან.
_ რაზე უნდა მოვილაპარაკოთ?
_ აქ შესაფერისი არც დროა და არც ადგილი, _ მის ხმაში შებოჭილობა იგრძნობოდა.
რამდენიმე წუთიც და გიგის ისე დაუმშვიდდა სახე, თითქოს არც შეხებიაო ქალს, კვლავ გულგრილი და შეუვალი გაუხდა გამომეტყველება. როგორ ახერხებს ამას? მისი შემხედვარე, ნია გაოცებას ვერ მალავდა. რა დიდი სიამოვნებით გააკეთებდა ახლა მაპროვოცირებელ სვლას, ოღონდ კი ახვლედიანის თვალებში ის ცეცხლოვანი ნაპერწკლები გაეჩინა, ვნების მოძალებისგან რამდენიმე წუთის წინ ბუშტუკებივით რომ სკდებოდნენ.
_ მაგრამ ბანკეტი ხომ გვიანობამდე გაგრძელდება, ხვალ დილით კი ადრე უნდა ავდგე, სამუშაო მაქვს.
_ რა სამუშაო გაქვს? ხვალ ხომ აღარ გიწევს სკოლაში წასვლა?
_ სკოლაში არა, მაგრამ… _ ნიამ მზერა აარიდა.
_ მაგრამ რა, კიდევ სადმე მუშაობ?
_ ჰო, პატარა მაღაზია მაქვს გახსნილი, _ ყურები გაუხურდა გოგონას.
_ მაღაზია? რისი? _ ეს ახალი ამბავი იყო გიგისთვის.
_ მეორადი ტანსაცმლის… ბევრი არაფერია…
_ ვა! შენ აღარ ხუმრობ! ბიზნესი წამოგიწყია თურმე… დიდი ხანია? _ მამაკაცმა ღიმილი ვერ შეიკავა.
_ არც ისე…
_ ფართი დაქირავებული გაქვს? რამდენს იხდი თვეში?
_ ორას დოლარს.
_ ორას დოლარს? ჰმ… გინდა, კარგი რჩევა მოგცე? დაანებე მაგ მაღაზიას თავი, ჩააბარე პატრონს და შეეშვი წვალებას. შენ მე არაფერს გაგიჭირვებ, პატარავ, გპირდები.
_ არა, დიდი მადლობა, არ მინდა ვინმეზე დამოკიდებული ვიყო, _ ჯიუტად გადააქნია თავი, _ როცა შენით შოულობ, მაშინ აქვს გემო ფულს. აჯობებს, შინ წავიდე.
გიგი გაოგნდა. ხედავ? ეს პატარა ჯადოქარი კვლავ უარით ისტუმრებს. რას უკეთებს ეს ქალი ამისთანა კაცს? ასეთი წინააღმდეგობა არასდროს შეხვედრია სუსტი სქესისგან ცხოვრებაში. არადა, ხომ გრძნობს, ნიასაც როგორ უნდა მასთან, როგორ დნება მის მკლავებში, რატომ იფასებს თავს? უნდა, გააღიზიანოს? გამოიწვიოს, რათა უფრო ძლიერად მოიმწყვდიოს მახეში? თუ ასეა, სულაც არ სჭირდება ქალს ამისთვის ძალისხმევის გაწევა, გიგი ისედაც გაბმულია მის ხაფანგში. არა, რადაც უნდა დაუჯდეს, ამაღამ თავისთან უნდა წაიყვანოს, ვეღარ ითმენს უკვე.
_ რომ გთხოვო, ხვალ მაღაზია არ გააღო-მეთქი?
_ იცი, რა-ა? მარტო ამაში არ არის საქმე. დილაადრიან აუზზეც უნდა წავიდე… რამდენიმე დღე უკვე გავაცდინე, რომ არ მივიდე, აბონემენტი გამიუქმდება.
_ აუზზე? რა პრობლემაა? სახლში ისეთი აუზი მაქვს… საცურაო კოსტიუმიც მომეძებნება შენისთანა სტუმრისთვის. ასე რომ, ჩემთან იცურავე, რამდენიც გაგიხარდება, _ თქვა გიგიმ, მის პასუხს არ დაელოდა, გატრიალდა და გავიდა.
ერთი ამას დამიხედეთ, რა თავდაჯერებულია! ნიამ კოპები შეკრა. ამას რა ჰგონია, მის დაკრულზე ყოველთვის იცეკვებს? სულაც არა!
_ მე არ მინდა შენს აუზში ვიცურაო, გიგი! მე შინ მინდა დაბრუნება და ხვალ დილით «ლაგუნა-ვერეზე» წასვლა.
მისმა მოულოდნელმა რეპლიკამ მამაკაცი ადგილზე გააქვავა. მძიმე შემოტრიალდა და თვალებში შეაშტერდა გოგონას.
_ ისე ხარ ჩაციკლული შენს ჩვევებს, რომ თუნდაც ჩემი გულისთვის მსხვერპლის გაღება არ გინდა? _ ცივად წარმოთქვა და წარბები უკმაყოფილოდ აზიდა.
_ შეიძლება შენთვის ეს ყველაფერი სისულელეა, მაგრამ არა ჩემთვის. მაგალითად, შენ გადადებდი ჩემი გულისთვის მნიშვნელოვან შეხვედრას?
ეს უკვე გამოწვევას ნიშნავდა… იმის მაგივრად, რომ მის სიტყვებს მამაკაცი გაეღიზიანებინა, ღიმილი აუთამაშდა ტუჩებზე.
_ ნუთუ ასე ცოტა დამამტკიცებელი საბუთი გაქვს იმისთვის, თუ როგორ მსიამოვნებს შენთან ყოფნა? შენი მოფერება და ჩახუტება? ამაღამ მეც შემიძლია დავბრუნდე შინ და წავიმუშაო. კვირას ხუთი დღით ჟენევაში მივფრინავ, რათა რამდენიმე კონტრაქტი გავაფორმო, ამაზე ძალიან ბევრი ადამიანის მომავალია დაკავშირებული. მოლაპარაკებები ხანგრძლივი და რთული იქნება, ასე რომ, წინასწარ შემზადება ნამდვილად არ მაწყენდა. ეს მნიშვნელოვანია ჩემთვის, მაგრამ მაინც შენთან ვამჯობინე ამ დროის გატარება. კიდევ რა უნდა გავაკეთო, რომ ჩემი გულწრფელობა დაგიმტკიცო?
ნიამ თვალები დახუჭა. ამის მერე განა შეიძლება უარი უთხრას? მისი სიამაყე და თავმოყვარეობა მოულოდნელად უკვალოდ გაქრა. თვითონაც გრძნობდა, როგორ უთრთოდა სხეული მისი სიახლოვისგან და რაც უფრო ხშირად ხვდებოდა გიგის, მით უფრო ძლიერდებოდა მის გვერდით ყოფნის სურვილი. რამდენად შორს შეიძლება წავიდეს ეს ყველაფერი? ადრე იქნება თუ გვიან, ის მოიკლავს მისით გამოწვეულ სექსუალურ წყურვილს და მერე? რა დარჩება ნიას? მხოლოდ მისი ნაყიდი ნივთები და ღამის მოგონებები?
გოგონამ ხმამაღლა ამოიოხრა.
_ თუ ასეა, წამოვალ, მაგრამ გამოსაცვლელი ტანსაცმელი არ მაქვს. შეიძლება ჯერ ჩემთან შევიაროთ?
_ რა თქმა უნდა.
მან კვლავ ცივად და უცხოსავით შეხედა. ნიამ ინანა, ასე რომ გაჯიუტდა. ბოლოს მაინც ხომ მოუწია დათანხმებამ?
_ ჰო, მართლა… გიგი… სულ დამავიწყდა, _ წამოიძახა უცებ.
_ რა იყო?
_ დიდი მადლობა ასეთი კაბისთვის. მაპატიე, ისეთი აღელვებული ვიყავი…
_ მიხარია, რომ მოგწონს, ძალიან მიხარია.
მეტი სიტყვა არ დასცდენიათ, უხმოდ დაბრუნდნენ სუფრასთან. ორივე კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა. გიგის ისევ შემოეხვივნენ სუფრის წევრები, როგორც საპატიო სტუმარს. სწორედ ამიტომ არ უყვარდა ნიას ხმაურიანი წვეულებები. სხვისი ყურადღება მუდამ თრგუნავდა და უხერხულობის დაძლევა უჭირდა.
8 8 8
თავისუფლად მხოლოდ მაშინ ამოისუნთქა, როცა მანქანაში აღმოჩნდა. ჯერ თავისთან შეიარეს ტანსაცმლის წამოსაღებად, მერე კი გიგის სახლისკენ გაემართნენ. გოგონას დაღლილობისგან ფეხები ეკეცებოდა. როგორც კი სასტუმრო ოთახში შევიდა, ფეხზე სასწრაფოდ გაიხადა, დივანზე დაჯდა და ყურთბალიში ხელებში ისე მოიმწყვდია, თითქოს მასზე დაყრდნობა სურსო.
_ დალევ რამეს? _ გიგი ბარს მიუახლოვდა.
_ არა, გმადლობ. ისე დავიღალე, ახლა ერთი წვეთიც რომ დავლიო, საწოლამდე ჩემი მიტანა მოგიწევს, ისე გავითიშები.
გიგი გაღიმებული მოტრიალდა.
_ შეგიძლია არაფერი დალიო, მაგრამ იდეა ძალიან მომეწონა.
ნიამ კიდევ უფრო მჭიდროდ მიიხუტა ყურთბალიში. ისე იყო დაძაბული, რომ ზურგში ჩხვლეტაც კი იგრძნო. შეეცადა, ოდნავ მოდუნებულიყო.
_ რომელი იდეა? _ ვითომ ვერ მიხვდა, რა იგულისხმა მამაკაცმა.
სანამ უპასუხებდა, გიგიმ ღრმად ჩაფიქრებული სახით მარტინი ჩამოისხა ჭიქაში. ნიას ჭიანჭველებმა დაურბინეს ტანში.
_ ჩემს მდგომარეობაში მყოფ ადამიანს ძალიან ბევრი მოვალეობა აკისრია, პატარავ. სიმდიდრე პასუხისმგებლობაა. რასაც უნდა ფიქრობდნენ ზოგიერთები, მე არ შემიძლია, გულზე ხელი დავიკრიფო უსაქმურობისგან და თითების გატკაცუნებით გავცე ბრძანებები. საკითხთა უმრავლესობაზე თავად მიწევს გადაწყვეტილების მიღება. მე ვცდილობ, სრულყოფილებას ყველაფერში მივაღწიო. ვერ ვიტან შუალედურ მდგომარეობას. ის, რასაც ადამიანი აკეთებს, კარგად უნდა გააკეთოს, თუ არადა, საერთოდ არ უნდა მოკიდოს ხელი. მეთანხმები?
თავის პროფესიაში ნიაც სწორედ ამას ცდილობდა _ საუკეთესო ყოფილიყო, ამიტომ თანხმობის ნიშნად, თავის დაქნევის მეტი არაფერი დარჩენოდა.
_ არც ისე დიდი ხანია, იმ დასკვნამდე მივედი, რომ არ არის აუცილებელი, მარტოობაში გავატარო სიცოცხლე. უფრო სასიამოვნო იქნებოდა, გვერდით მყოლოდა ადამიანი, რომელიც ცხოვრებას გამილამაზებდა. და აი, შენზე გავიფიქრე, პატარავ.
_ ჩემზე? _ მოულოდნელად ნიას ყელი გაუშრა. საით უმიზნებს?
_ ჰო, შენზე.
გიგიმ ჭიქა ჟურნალების მაგიდაზე შემოდგა და მისკენ შეტრიალდა, თან დაკვირვებულ მზერას არ აშორებდა.
_ დავიღალე ხანმოკლე, არაფრის მომცემი ურთიერთობებით. მინდა, რომ ჩემთან გადმოხვიდე საცხოვრებლად… და ჩემი მუდმივი და ერთადერთი საყვარელი გახდე.
თავზარდაცემული გოგონა უაზრო თვალებით მიაჩერდა. მსგავსი რამ თავში არასდროს აზრად არ მოუვიდოდა. რა, გიგის ჰგონია, რომ იგი ამაზე დათანხმდება?
_ შენ გსურს, ჩემი პატრონობა და შენახვა იკისრო? ასე გადაწყვიტე?
_ რა არის იმაში ცუდი, თუკი შენზე ზრუნვას ჩემს თავზე ავიღებ?
_ სულაც არ მინდა, ჩემზე ზრუნავდნენ. მე მაქვს ბინა, მაქვს სამსახური… რატომ უნდა ვთქვა მათზე უარი? ან შენთან რა უნდა ვაკეთო? თოჯინასავით მთელი დღე უსაქმოდ ვიჯდე და ველოდო, როდის გათავისუფლდები, რომ მერე ლოგინში მოგემსახურო?
რა აუტანელია ეს გოგო! გიგის გაცოფებისგან სისხლი საფეთქლებთან მოაწვა. ეს ქალი მის თავმოყვარეობას პირველი დღიდანვე აყენებდა დარტყმას. როგორ უბედავს ამდენს?
_ ხვდები მაინც, რამხელა შესაძლებლობას გთავაზობ? ამაზე ნებისმიერი ქალი სიხარულით დათანხმდებოდა. კარგად დაფიქრდი, პატარავ. არაფერს გაგიჭირვებ ცხოვრებაში. ყველგან ერთად ვივლით, საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც. შენ მსოფლიოს მოივლი, ფუფუნებასა და განცხრომაში იცხოვრებ. რას ხედავ ამაში მიუღებელს და უმსგავსოს? ასეთი საშინელება რა დაინახე ჩემს შემოთავაზებაში?
ნია სასოწარკვეთილებამ შეიპყრო. მისი სათაყვანებელი მამაკაცი ვერაფერს მიხვდა. მას ჰგონია, რომ ფულით ყველაფრის ყიდვა შეუძლია, რასაც მოისურვებს. მაგრამ ის მაინც არ შესთავაზა, რაც ასე სწყუროდა ნიას გულს.
უცებ, უარესი აზრი მოუვიდა თავში. არა, ეს კაცი დასცინის. ალბათ უნდა, რომ გამოსცადოს, დათანხმდება თუ არა ნია მის წინადადებას, მერე კი გადაიხარხარებს და ეტყვის, გაგეხუმრეო.
_ ეს რა, ხუმრობაა, გიგი? _ ხმა შეეცვალა ფერწასულს.
_ არა, პატარავ, არავითარი ხუმრობა ეს არ არის. ყველაფერი ფხიზლად ავწონე და სრულიად სერიოზულად ჩამოვაყალიბე ჩემი სურვილი.
_ მაგრამ ასე ხომ არ შეიძლება! _ გოგონა წამოხტა, მამაკაცს წინ აესვეტა და ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა.
_ რატომ? რა არის აქ შეუძლებელი? _ ყოველგვარი ემოციის გარეშე შეჰყურებდა ახვლედიანი.
ეს უფრო აშინებდა ნიას.
_ შენ არ შეგიძლია ამაზე სერიოზულად ილაპარაკო. ჩვენ შორის უზარმაზარი უფსკრულია, გიგი. და საერთოდ, რაში გჭირდები? დღეს მთელი საღამოს განმავლობაში ეკლებზე ვიჯექი, ისე უხერხულად ვგრძნობდი თავს, ისე უცხოდ. ვერ ვიტან, როცა ასეთ ხმაურიან წვეულებებზე ვხვდები, რადგან ისე მათვალიერებენ, თითქოს გასაყიდი ნივთი ვიყო. ვერასდროს ვერ ვიტანდი, როცა ყურადღების ცენტრში ვექცეოდი, ახლა მით უმეტეს!
_ მერე რა, არც მე ვეძებ სხვის ყურადღებას.
_ ჰო, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ის თავად გპოულობს შენ. ფხიზელი გონებით შეხედე ყველაფერს. მე შენ საერთოდ არ გიხდები. არ ვარ შენი შესაფერისი, ერთი სოფლელი, გამოუსვლელი გოგო ვარ. შენ ბევრად უკეთესის შერჩევა შეგიძლია…
ნია ალბათ მის შემოთავაზებაზე წამითაც არ იტყოდა უარს, ოდნავი სიყვარული მაინც რომ ეგრძნო მის ხმაში. მაგრამ მშვენივრად ხედავდა, რომ გიგის მის მიმართ მსგავსი გრძნობის ნატამალიც კი არ გააჩნდა. ყველაფერი, რაც მათ შორის ხდება, მხოლოდ სექსუალური გატაცებაა, ხორციელი ლტოლვა და სხვა არაფერი. მათ არც ერთს არ შესწევთ ძალა, გაუმკლავდნენ ამ ლტოლვას. მაგრამ ეს ხომ არ არის საკმარისი შემდეგი ურთიერთობისათვის? გარდა ამისა, ნიას სულაც არ სურდა, დამშვიდობებოდა თავისუფლებას. დამოუკიდებლობა უფრო მეტ თავდაჯერებულობას მატებდა, ვიდრე მამაკაცთან სიახლოვე.
_ მე არ ვეძებ «ბევრად უკეთესს». მე შენ მჭირდები, ნია. დაფიქრდი. არც მუშაობა დაგჭირდება და არც რამეზე წუხილი მოგიწევს, ყველაფერი გექნება, ყველაფერი, რასაც მოისურვებ. და ასე გაგრძელდება, სანამ ჩემთან იქნები. ერთადერთი, რასაც სამაგიეროდ შენგან ვითხოვ, იყავი ჩემ გვერდით, როცა დამჭირდები. ნუთუ ეს ასე აუტანელია შენთვის?
რაღაც მომენტში ნიას თითქოს შეეცოდა კიდეც გიგი. ის მართლა დარწმუნებული იყო იმაში, რომ ფულით ყველაფრის ყიდვა შეეძლო. ნუთუ თავში არასდროს მოსვლია აზრად, რომ ქალს შეიძლებოდა უბრალოდ, შეყვარებოდა იგი? თავად ის და არა მისი საფულე?
მას სურს, ნია მის გვერდით იყოს. მხოლოდ იმიტომ, რომ კარგი სექსი არ დააკლდეს და კიდევ იმიტომ, რომ თავის გავლენიან ნაცნობებთან მისი სილამაზით თავი მოიწონოს. სამაგიეროდ, ემოციური სიახლოვე არაფერში სჭირდება.
ნია კვლავ დივანზე ჩამოჯდა და ყურთბალიში ისევ მკერდზე მიიხუტა პატარა ბავშვივით.
_ წესით, აღფრთოვანებული უნდა ვიყო შენი წინადადებით, გიგი, მაგრამ არანაირი სურვილი არ მაქვს, ვიღაცის საყვარელი მერქვას. და არც სამსახურის მიტოვებას ვაპირებ. იგი მე იმაზე ნაკლებად არ მიყვარს, როგორც შენ გიყვარს შენი საქმე. ამიტომაც მას არაფერში გავცვლი.
გიგი გახევებული იდგა ერთ ადგილას და არ იძროდა. აქამდე ვერც კი წარმოედგინა, თუ ნიასნაირი ქალები არსებობდნენ დედამიწის ზურგზე.
_ კარგი… მაშინ იმაზე რას იტყვი, რომ თან იმუშაო და თან ჩემთან იცხოვრო? მოვიფიქროთ, უკეთ როგორ შეიძლება ამის გაკეთება. ამ შემთხვევაში დამთანხმდებოდი?
გოგონას გული შეეკუმშა. სადღაც, სულის სიღრმეში სურვილი წვავდა, ნამდვილი სიყვარული ეპოვა, მიუხედავად იმისა, რომ ერთხელ არ გაუმართლა და დამარცხდა. ის აფასებდა დამოუკიდებლობას და მხოლოდ იმ შემთხვევაში დათმობდა მას, თუკი ჭეშმარიტი, მგზნებარე სიყვარულით დააჯილდოებდა განგება. მაგრამ საქმე იმაშია, რომ გიგი ვერასდროს შეიყვარებს მას. ის ყველაფერს მიიღებს მისგან, მაგრამ სიყვარულს _ არასდროს.
_ ჯობია, დავწვეთ, _ ამოიოხრა ნიამ და გიგის ხელზე შეეხო.
მართალია, მასთან გადმოსვლაზე თანახმა არ არის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნიას არ სურს მასთან ლოგინში.
გიგი გაბრუებული იდგა, მონუსხული მისჩერებოდა გოგონას. არც ერთ ქალს არ შემოუხედავს მისთვის ასე თბილად და არ გამოუწვევია მასში ვნების ცეცხლის ასე წამებში დანთება.
_ ნია, შენ კარგად იცი, რომ როცა შენთან ვარ, სხვა რამეზე ფიქრი სრულებით არ შემიძლია. არსებობ მხოლოდ შენ და ერთი სული მაქვს, როდის ჩაგეხუტები, მაგრამ… ჯერ პასუხს ველი შენგან. მითხარი, ბოლოს და ბოლოს, თანახმა ხარ, ჩემთან იცხოვრო?
ნიას თვალები ცრემლით აევსო, მაგრამ ახლა მისი დამალვა არ უცდია. უმწეოდ აიჩეჩა მხრები, მწარედ ამოიკვნესა და თქვა.
_ მაპატიე, გიგი, მაგრამ… ჩემი პასუხია… არა.
მამაკაცმა უხერხულად ჩაახველა. მერე, თითქოს ღრმა ძილიდან გამოერკვაო, უცებ შეირხა, თავი უკან გადააქნია და ნაძალადევად გაიღიმა.
_ წამოდი, საძინებელს გაჩვენებ. უკვე გვიანაა, დაისვენე, ხომ ხედავ, თვალები გებლიტება. დილით კი, როგორც შეგპირდი, აუზზე ჩაგიყვან, _ ყინულივით ცივი იყო მისი ხმა.
აჰა, ესე იგი, მას აღარ სურს ნიასთან ერთად დაწოლა. ის მისთვის აუტანელი გახდა. წარმოუდგენია, როგორ ეზიზღება ამწუთას მამაკაცს იგი.
_ გიგი, ძალიან გთხოვ, არ გინდა… ნუ მომექცევი ასე…
მიუხედავად დიდი ტკივილისა, ნიამ გაღიმება სცადა. უშნოდ დაემანჭა ტუჩები. არადა, როგორ უნდოდა, მოფერებოდა, ჩახუტებოდა მის ფართო მკერდს, ეგრძნო მისი დაკუნთული მკლავების ძალა…
_ ჰმ… _ სიმწრის ღიმილმა გადაურბინა მამაკაცს სახეზე, _ გინდა, რომ სექსით დავკავდე შენთან, მაგრამ ჩემი საყვარლობა არ გინდა, არა?
ახვლედიანმა რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია, რადგან მიხვდა, რომ უკვე უჭირდა თავის შეკავება. ერთი წამითაც რომ დაეყოვნებინა, ქალი მის მკლავებში ჩაესვენებოდა, მაგრამ სიამაყე და მრისხანება აიძულებდა, დაემალა თავისი გრძნობები.
ნია ყურადღებით ადევნებდა თვალს მის ყოველ მოძრაობას. გიგი თუ დათმობს, დარწმუნებულია, რომ უფრო ბობოქარი და ვნებებით სავსე ღამე ექნებათ, ვიდრე აქამდე…
მაგრამ ის დათმობას არ აპირებდა. და არ აპირებდა მანამ, სანამ თავისას არ მიღწევდა.
_ წამოდი, ნია, დაწექი. თუ დაძინებას ვერ შეძლებ, იქნებ კიდევ ერთხელ იფიქრო ჩემს შემოთავაზებაზე. იქნებ ხვალ დილით ჩვენი დაწყვილების პერსპექტივა უფრო მიმზიდველი მოგეჩვენოს.
სხვა დროს ასეთ სიტყვებზე ნია აუცილებლად გასცემდა მამაკაცს საკადრის პასუხს, მაგრამ ამჯერად ხმის ამოღება ვერ შეძლო. იმდენად სასოწარკვეთილი იყო, ლამის გონება დაკარგა.
_ გიგი, მე…
_ დღეს მეტს აღარ ვილაპარაკებთ ამ თემაზე. აბაზანა აქ არის, საძინებელი კი აქ… ღამე მშვიდობისა, პატარავ.
მამაკაცის ტონი ისეთი შეუვალი იყო, ნია იძულებული გახდა, არაფერი ეთქვა და მითითებული ოთახისკენ თავჩაქინდრული გაემართა…
…აბაზანაში შესვლა არც უცდია, ახლა წყლის გადავლების სურვილი არ ჰქონდა. თავი ისე ატკივდა, თითქოს ჩაქუჩს ურახუნებდნენ კეფაში. ემოციებისგან დაცლილმა კაბა ნელ-ნელა გაიხადა და ცრემლმორეული თხელი საბნის ქვეშ შეცურდა…
მთელი ღამე თეთრად გაათენა, ან კი რა დააძინებდა! არა, მაინც ვერ იფიქრებს სერიოზულად გიგის წინადადებაზე. მერე რა, რომ მასთან ყოფნა უხარია? მერე რა, რომ გადასარევად ეწყობიან ლოგინში ერთმანეთს? ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ტვირთად დააწვეს და მის ხარჯზე იცხოვროს. ასე ურჩევნია, კვირაში ერთხელ შეხვდეს და ლამაზი ღამე აჩუქოს ხოლმე. თანაც, რას იტყვიან მისი მედიდური მეგობრები? ტუჩს აიბზუებენ, ეს გომბიო გოგო საიდან გამოჩხრიკა, თავისი წრის ვერავინ იპოვაო?
ყველაფერს რომ თავი დაანებოს, რას იტყვიან მისი თანამშრომლები? სკოლაში თავი მოეჭრება, მდიდარი კაცის საყვარელი გახდაო. მთელი უბანი მასზე ალაპარაკდება _ მეზობლები, კოლეგები, მოსწავლეები, ნათესავები, დაქალები… სად გამოყოს თავი? ნუთუ გიგისთვის ეს ძნელი გასაგებია? ნუთუ ამდენს ვერ ხვდება? დაიჯეროს, ყველა მდიდარი ერთნაირია? მხოლოდ თავის პრესტიჟზე ფიქრობენ, თავიანთ კარგად ყოფნაზე და წამითაც არ დაფიქრდებიან იმაზე, ასეთი მოთხოვნებით რა შავ დღეში აგდებენ გარშემო მყოფ უბრალო ადამიანებს.
ნია დარწმუნებულია, რომ მამაკაცი გულით სთავაზობს მასთან ცხოვრებას, მაგრამ ნუთუ არ შეუძლია, ერთი წამით დაფიქრდეს და გააანალიზოს, ამით რამხელა დარტყმას აყენებს ნიას პრესტიჟს? ის ხომ, პირველ რიგში, მასწავლებელია… რატომ უნდა წამოაძახოს ერთ მშვენიერ დღეს ვიღაცამ, ამორალური ქალი ხარო? არა, არა, ნია ამას არაფრით დაუშვებს! მართალია, მისი წინადადება ძალზე მაცდუნებელია და მართლაც არც ერთი ქალი არ იტყოდა ამაზე უარს, მაგრამ ნიას მოუწევს. მოკვდება და არ დათანხმდება. იმიტომ, რომ სხვანაირად არ შეუძლია. მისთვის წესიერი ქალის სახელი უფრო ძვირფასია, ვიდრე უზრუნველად ცხოვრება, პრობლემების გარეშე.
მაგრამ ამ უარით ყველაფერი ხომ არ გააფუჭა? ვაითუ, ხვალ დილით გამოუცხადოს მამაკაცმა, მშვიდობით, ნია, ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდაო?! მერე? რა უნდა ქნას მერე, როგორ მოიქცეს? ამით ხომ იმ ძაფსაც გაწყვეტს, რაც მათ ახლა აკავშირებთ?
რატომ იქცევა ასე?
ფიქრები მოსვენებას არ აძლევდა. თან, იმედს იტოვებდა, რომ გიგი მის გარეშე ვერ მოითმენდა. ყოველ წუთს ელოდა, როდის გაიღებოდა კარი და სურვილგამძაფრებული მამაკაცი როდის შემოუწვებოდა ლოგინში…

8 8 8
რა საოცრებაა, მიუხედავად ნერვიულობისა, გამთენიისას მაინც ჩაეძინა. მკვდარივით ეძინა, ძლივს გაახილა თვალი და პირველი, რაც დაინახა, იქვე, სკამზე დადებული თეთრი საცურაო კოსტიუმი იყო.
ერთიანად მოთენთილი იყო, როცა გაიღვიძა, მაგრამ აუზში ჩავიდა თუ არა, ისეთი სიმხნევე იგრძნო, გახალისდა კიდეც. იცურაო ასე, მარტო, შენთვის, ფერადი მარმარილოს ფილებით მოპირკეთებულ აუზში, ნამდვილი ნეტარებაა. აი, რაშია მდიდარი ადამიანების უპირატესობა… უნდა აღიაროს ეს.
_ დილა მშვიდობისა, ნია.
წყალზე გულაღმა გაწოლილმა თვალები გაახილა და მისკენ მომავალი გიგი დაინახა _ მაღალი, მხრებგაშლილი, შეუვალი მზერით, თავისი მანერებით სიძლიერისა და მბრძანებლობის აურას რომ ასხივებდა… შეამცივნა მის დანახვაზე, წყალში გასწორდა და სველ თმაზე გადაისვა ხელი.
_ დილა მშვიდობისა.
_ იმედია, კარგად გეძინა?
მამაკაცი ირონიის დამალვას არ ცდილობდა. ნია კი ვერ ახერხებდა მისი ნახვით გამოწვეული ემოციის დაფარვას.
_ ჰო, რა თქმა უნდა, მშვენივრად გამოვიძინე, _ მისი ხმა გამომწვევად ჟღერდა, თუმცა არც ისე გაბედულად.
გიგი თვალს ვერ წყვეტდა ქალის არაჩვეულებრივ სხეულს, თეთრად რომ ლივლივებდა ცისფერ წყალში. თავად ძალიან ცუდად ეძინა. შუაღამისას იძულებული გახდა, ცივი შხაპი მიეღო, მაგრამ არც ამან უშველა და გამთენიისას ეზოში უაზროდ ხეტიალი გადაწყვიტა. ჭკუიდან შლიდა ის აზრი, რომ ნია სადღაც აქვე, ერთი ხელის გაწვდენაზე ეგულებოდა და მაინც მიუწვდომელი იყო მისთვის. ცოტათი მაინც თუ დაფიქრდა მის წინადადებაზე?
მთელი ღამის უძინარი განადგურებული იყო.
ახსოვს, როგორ ასწავლიდა ბავშვობაში მამა, ემოციებს არასდროს აჰყვეო. ასეც იქცეოდა და ყოველთვის მიაჩნდა, რომ ეს საუკეთესო მეთოდი იყო… მაგრამ ახლა ყველაფერი ისე მიდიოდა, როგორც არ იყო მიჩვეული. ამ სიფრიფანა არსებამ მთლიანად შეცვალა მისი ცხოვრება. ერთი დღეც ვეღარ ძლებდა მის უნახავად. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, მუდმივად გვერდით ჰყოლოდა.
_ საუზმეზე რას იტყოდი? _ გიგი კიბესთან ჩამოჯდა და შარვლის ტოტები აიკაპიწა.
მხოლოდ ახლაღა მიხვდა ნია, როგორ მოშიებოდა. გიგიმ პირსახოცი გაუწოდა და როცა გოგონამ წყლიდან ამოსვლა დაიწყო, ხარბად მიაშტერდა მის სრულყოფილ სხეულს.
ნია სუნთქვაშეკრული მიუახლოვდა, იმ იმედით, რომ მამაკაცი ვერ მოითმენდა და დილის კოცნით დააჯილდოებდა, მაგრამ იგი ადგილიდან არ დაძრულა.
_ საუზმე სასადილო ოთახშია გაშლილი, _ მამაკაცი წამოდგა, _ დერეფნის ბოლოში, მარცხნივ, შემდეგ კი მარჯვნივ. იქ დაგელოდები, _ თქვა და უკანმოუხედავად წავიდა.
8 8 8
შავი ჯინსის შარვალსა და თეთრ მაისურში გამოწვართული ნია თეძოების რხევით შევიდა სასადილო ოთახში. გიგი სავარძელში ჩამჯდარიყო და გაზეთს კითხულობდა. იქვე შუახნის ქალი ტრიალებდა, ალბათ მოსამსახურე.
_ მოდი, დაჯექი, ნათელა ყავას მოგიტანს. იქნებ ჩაი გირჩევნია? _ ახვლედიანმა გაზეთი დაკეცა და მაგიდის კიდეზე დადო.
_ ჩაის დავლევ.
_ საჭმელი? არა მგონია, იმ ქალების რიცხვს ეკუთვნოდე, დილით პირს რომ არაფერს აკარებენ, ან მხოლოდ ხილით კმაყოფილდებიან?
ნიამ პასუხად მხოლოდ გაუღიმა.
_ რატომ იღიმი, რამე ისე ვერ ვთქვი? _ მამაკაცის ცივი ტონი ძაბავდა გოგონას.
_ მართალი ხარ, არ ვეკუთვნი. ხილით ვერ ვნაყრდები, ამიტომ ნოყიერად ვსაუზმობ ხოლმე დილაობით, თუმცა კერძების კეთებით თავს დიდად არ ვინებივრებ. მარტო რომ ვცხოვრობ, მეზარება ჩემი თავისთვის გავისარჯო.
გიგიმ დაკვირვებით შეხედა… ალბათ შვილები რომ ჰყავდეს, არ დაიზარებდა მათთვის სადილების მომზადებას.
_ შენ რომელი ინსტიტუტი გაქვს დამთავრებული? _ სრულიად უადგილოდ იკითხა მამაკაცმა.
_ უნივერსიტეტი, დასავლეთევროპული ენების ფაკულტეტი. რატომ მეკითხები?
_ უბრალოდ, ისე… მშობლები? დედა, მამა?
_ მამას არ ვიცნობ.დაბადებულიც არ ვიყავი, დედა რომ მიატოვა და მას მერე მის შესახებ არაფერი ვიცი. დედა კი გარდამეცვალა… ხუთი წელია უკვე.
_ ვწუხვარ, არ ვიცოდი… მაპატიე.
_ არა უშავს. შენი მშობლები?
_ არც მე მყავს მშობლები. ავარიაში დამეღუპა ორივე. მას შემდეგ დიდი ხანი გავიდა.
_ ესე იგი, ორივენი ობლები ვართ?
_ ასე გამოდის…
_ იცი? იყო მშობელი, ჩემი აზრით, ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა. არ არის ადვილი შვილების აღზრდა. ძალიან ბევრი შრომა უნდა ჩადო. პირადად მე ქედს ვიხრი ყველა მშობლის წინაშე და ისინი გმირებად მიმაჩნია. გასაზრდელი პატარები კი არა, მერვეკლასელებს ვასწავლი სკოლაში და იმდენ ძალას მართმევს მათთან ურთიერთობა, ლამისაა, თმა გამიჭაღარავდეს.
_ მაგრამ ხომ გინდა, შვილები გყავდეს?
მოულოდნელმა შეკითხვამ ნია წამით დააბნია.
_ ასე მალე ალბათ, ვერა! ამისთვის ჯერ უნდა გავთხოვდე. ეს კი ადვილი არ არის…
_ რატომ?
_ რა ვიცი… ჯერ ვერ ვიპოვე ისეთი ადამიანი, ვინც… _ და გაჩუმდა, რადგან მიხვდა, კვლავ მტკივნეულ თემას რომ უბრუნდებოდა.
_ წუხელ თავში კიდევ ერთი აზრი მომივიდა და მინდა გაგანდო, იქნებ ამაზე მაინც დაფიქრდე, _ თქვა გიგიმ და გამჭოლი მზერა მიაპყრო, _ რას იტყვი ექვსთვიან გამოსაცდელ ვადაზე? მერე, თუ არ მოგეწონება ჩემთან ყოფნა, თავისუფლად შეგიძლია წახვიდე, არ დაგაძალებ. შენთვის ასე უფრო მოსახერხებელი იქნება?
ნიას გულმა ბაგაბუგი ატეხა.
_ არ მესმის, საერთოდაც რატომ უნდა ვიცხოვროთ ერთად? არ ჯობია, დროდადრო შევხვდეთ ერთმანეთს, როგორც სხვა უამრავი წყვილი?
_ არ ჯობია, პატარავ, არა. ჩვენ თითქმის ვერ ვხვდებით ერთმანეთს. ცალკე შენი სამსახური, ცალკე ჩემი… ხომ ხედავ, როგორ გვეშლება ხელი. თუ ჩემთან გადმოხვალ, ორივესთვის უკეთესი იქნება. სახლი უზარმაზარი მაქვს. ვიწროდ არ ვიქნებით. არ მესმის, ასე რატომ ჯიუტობ, თითქოს რაღაც მიუღებელს გთავაზობდე…
_ რომ დაგთანხმდე… სამაგიეროდ რას მოითხოვ ჩემგან?
_ გახდე ჩემი ცხოვრების თანამგზავრი და საყვარელი, რა თქმა უნდა, _ წამითაც არც დაფიქრებულა, ისე უპასუხა გიგიმ, _ შენ რა გეგონა?
_ მაგრამ, თუ დავთანხმდები, სამსახურს არ მივატოვებ, არავითარ შემთხვევაში, მინდა ეს იცოდე. ალბათ მივიღებ შენს წინადადებას, მაგრამ მე თავისუფლება მჭირდება. ჩემს დამოუკიდებლობას არაფერზე გავცვლი, გესმის?
გიგი შეეცადა, მისი სიტყვებით გამოწვეული სიხარული როგორმე დაემალა. ჯანდაბას, იაროს იმ სამსახურში. ერთ მშვენიერ დღესაც მიხვდება, რომ მას მუშაობა არაფერში სჭირდება და თავადვე იტყვის მასზე უარს. თანაც, სადაც წავა, თან წაიყვანს. მოგზაურობას გემოს რომ გაუგებს, უბრალო მასწავლებლად მუშაობის სურვილი თავისთავად გაუქრება.
_ ესე იგი, შევთანხმდით?
გიგი წინ გადმოიხარა, ხელი გამოუწოდა და მძლავრად ჩამოართვა.
«ალბათ შევიშალე, ეს რამ მათქმევინა», _ გაიფიქრა შეცბუნებულმა ნიამ, მაგრამ უკვე გვიან იყო, სიტყვებს უკან ვერ წაიღებდა, ამიტომ ნელა დააქნია თავი.
_ ოღონდ, ცოტა უნდა მაცალო. მე დრო მჭირდება, რომ ამ აზრს შევეგუო, გიგი.
_ რამდენი ხანი?
_ ერთი კვირა… შეიძლება ორიც…
_ ზუსტად ათ დღეს გაძლევ, არც მეტი და არც ნაკლები, შემდეგ კი შენი ბარგის წამოსაღებად მძღოლს გამოგიგზავნი.
_ მაგრამ… რას იტყვიან შენი მეგობრები და ახლობლები?
_ შენი? _ გიგიმ მის კითხვას კითხვა დაუხვედრა.
_ არ ვიცი და არავისთვის არაფრის თქმას არ ვაპირებ. ეს ხომ ნამდვილი ურთიერთობა არ იქნება, _ ნიას ისეთი ნაღვლიანი გაუხდა გამომეტყველება, გიგიმ მისდა უნებურად მოუჭირა თითებზე ხელი.
_ ცდები, პატარავ. ეს ყველაზე ლამაზი ურთიერთობა იქნება. ექვსი თვე იმიტომ გითხარი, რომ თავად დარწმუნდე ამაში. ასე რომ, ვისაც გაგიხარდება, იმას მოუყევი.
_ შენც მოუყვები?
ჰო, მოუყვება, აბა რას იზამს, თუმცა იცის, რომ ეს ამბავი არავის გაახარებს.
_ რა თქმა უნდა.
8 8 8
ნია მთელი კვირა ადგილს ვერ პოულობდა. ძალიან უჭირდა გადაწყვეტილების მიღება. ერთ დღეს გიგიმ გამოუარა სკოლაში და მანქანით შინ მიიყვანა. ეს უკვე საბაბი გახდა იმისა, რომ პარასკევს, სკოლაში მივიდა თუ არა, დირექტორმა დაიბარა. როგორც ჩანს, ჭორები სწრაფად გავრცელდა.
_ როგორც გავიგე, მალე ჩვენგან წასვლას აპირებთ, ნია… _ ამირანმა ცხვირზე დაკოსებული სათვალე შეისწორა.
_ მაპატიეთ? _ გაოგნებულმა წარბები შეყარა.
_ თქვენ ისეთი მდიდარი კაცი გაკითხავთ, ადვილი მისახვედრია, რომ ჩვენთან დიდხანს არ დარჩებით… _ ირონია გაისმა დირექტორის ხმაში.
ნია ყოველთვის დიდ პატივს სცემდა ამირანს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ვერ იტანდა მას. ის სამართლიანი ადამიანი იყო და ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს არასდროს იღებდა. გაუკვირდა მისგან ასეთი სიტყვების მოსმენა, მაგრამ როცა მამაკაცმა გაიღიმა, შვებით ამოისუნთქა.
_ გაგეხუმრე, გოგონი. თქვენ შესანიშნავი თანამშრომელი ხართ და ნამდვილად დამწყდებოდა გული, ჩვენგან რომ წასულიყავით. ჭორებს მაინცდამაინც ყურადღებას ნუ მიაქცევთ. მალე მათ ახალი თემა გამოუჩნდებათ საჭორაოდ და შეგეშვებიან.
_ გმადლობთ, ბატონო ამირან. სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ მაინტერესებს, რას ლაპარაკობენ ჩემზე.
_ ზეგ ზეიმია, ხომ მოხვალთ? _ სხვა თემაზე გადაიტანა დირექტორმა საუბარი.
_ აუცილებლად, რა თქმა უნდა.
_ თქვენ გონიერი გოგო ხართ, მჯერა, რომ კარგ კარიერას გაიკეთებთ. თუ რამეში დაგჭირდებით, ჩემი იმედი ყოველთვის გქონდეთ. როცა უნდა დაგჭირდეთ, თამამად მომმართეთ.
_ დიდი მადლობა.
_ კარგი, აბა, ზეგ შევხვდებით ერთმანეთს, _ თქვა მამაკაცმა, წამოდგა და ნია კარამდე მიაცილა.
8 8 8
რაც უფრო გადიოდა დრო, ნია მით უფრო იძაბებოდა. იცოდა, გიგი ჟენევაში რომ გაემგზავრა, მაგრამ მაინც ყოველ წამს ელოდა, რომ დაურეკავდა და ეტყოდა, ეს ყველაფერი შეცდომა იყო და გადავიფიქრე შენი ჩემთან წამოყვანაო… მაგრამ მეექვსე დღე რომ მიიწურა და მამაკაცმა არ დარეკა, გოგონამ არ იცოდა, გახარებოდა თუ წყენოდა.
_ როგორ გაატარე გუშინდელი საღამო, ნია? _ თამრიკომ, მათემატიკის მასწავლებელმა ალმაცერად აათვალიერა.
_ კარგად, შენ? _ გულუბრყვილოდ გაუღიმა გოგონამ.
_ საინტერესო არაფერი მომხდარა. როგორ არის შენი მდიდარი მეგობარი?
ნიას სისხლი მოაწვა სახეზე.
_ რაზე ლაპარაკობ, თამრიკო?
_ კარგი, ერთი, თავს ნუ ისულელებ, ახლა. მას ყველა იცნობს თბილისში. შენს ადგილზე, ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებდი, რომ ამ ჯურღმულიდან გამეღწია. როცა ასეთ კაცს მოსწონხარ, რა ჯანდაბა გინდა ამ აყროლებულ სკოლაში?
_ ეს ჩემი პირადი საქმეა, თამრი… ასე რომ, გთხოვ, ამ თემაზე მეტჯერ აღარ დამელაპარაკო.
_ ჰო, რა თქმა უნდა… შენ ხომ ახლა ბევრად მაღლა დგახარ ჩვენზე, აღარ ხარ ჩვეულებრივი მოკვდავი… _ ცხვირაწეულმა ჩაილაპარაკა თამრიკომ, შეურაცხყოფილ გოგონას ზურგი აქცია და ქუსლების პაკაპუკით სამასწავლებლოსკენ გაეშურა.

8 8 8
კვირა დღე იყო, გიგიმ რომ დაურეკა მობილურზე და სთხოვა, ჩემს მძღოლთან ერთად აეროპორტში დამხვდიო. ჟენევაში თითქმის ერთი კვირა დაჰყო და თავადაც არ ელოდა, ასე თუ მოენატრებოდა პატარა ჯადოქარი. დრო რომ არ დაეკარგა, გადაწყვიტა, პირდაპირ აეროპორტში ენახა იგი. ის დღეები ნიაც ვერ იყო მშვიდად, გამუდმებით მასზე ფიქრობდა და ერთი სული ჰქონდა, როდის ნახავდა საყვარელ ადამიანს.
მოსაცდელ დარბაზში მოუთმენლობა უფრო შეეტყო _ ნერვულად ფურცლავდა მოდების ჟურნალს, თან იმაზე ფიქრობდა, რა უცნაურად შეტრიალდა მისი ბედი. რამდენიმე თვის წინ ვერც კი წარმოიდგენდა, ოდესმე ვინმეს საყვარლობას თუ დათანხმდებოდა.
_ ნია!
როგორც კი მისი ხმა გაიგონა, შემკრთალი ფეხზე წამოხტა. სიხარულისგან სახე გაებადრა, უნდოდა, მივარდნოდა გიგის, ყელზე ჩამოკიდებოდა, მაგრამ ფეხები აღარ ემორჩილებოდა, თითქოს ერთ ადგილს მიელურსმაო. იდგა და უმწეოდ იღიმოდა…
გიგი ძალზე გადაღლილი ჩანდა. მართალია, საქმეები ბოლომდე მოაგვარა და ჟენევაში რამდენიმე წარმატებული კონტრაქტიც გააფორმა, მაგრამ იმდენი საქმიანი შეხვედრა და დაძაბული მოლაპარაკებები ჰქონდა მსხვილ ბიზნესმენებთან, ძალა გამოეცალა. ერთადერთი, რაც უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა, ნიაზე ფიქრი იყო. ის ყოველ წამს ახსოვდა. ამიტომაც ახლა, დაინახა თუ არა, სითბო ჩაეღვარა გულში და უნდოდა, თავისი წარმატებების შესახებ პირველად მისთვის მოეყოლა.
_ აბა, როგორ ხარ? _ დააშტერდა მამაკაცი.
_ კარგად, _ მორცხვად ახედა გოგონამ.
_ მერე? ერთი კოცნა არ მეკუთვნის შენგან? _ ღიმილით დაინტერესდა გიგი და უფრო ახლოს მივიდა მასთან.
ნიამ ფეხის წვერებზე აიწია და ლოყაზე აკოცა.
_ და მორჩა? სულ ეს არის? _ თვალები მოჭუტა, _ ეს თუ იმის მაჩვენებელია, როგორც მოგენატრე, იცოდე, რომ განხიბლული ვარ.
_ დაღლილი სახე გაქვს, _ სიტყვა ბანზე აუგდო გოგონამ.
_ მაგრამ არც ისე ძალიან, რომ ვერ დავუმტკიცო ჩემს პატარას, როგორ მაკლდა იგი…
და სანამ ნია რამეს იტყოდა, მამაკაცმა თმაში ჩააავლო ხელი და ტუჩებზე დააცხრა.
_ მგონი, ცოტა შენც მოგენატრე, _ თქვა მამაკაცმა და ნიკაპქვეშ ამოსდო საჩვენებელი თითი, _ თვალებმა გამანდეს ეს საიდუმლო.
_ შენი საქმეები როგორ არის? _ ქალს ხმა უკანკალებდა.
_ არა უშავს. ახლა არ მინდა ამაზე საუბარი. ერთი სული მაქვს, სახლამდე მივაღწიო, ცხელი ყავა დავლიო და შენთან ერთად ლოგინში ჩავწვე. ხომ რჩები ამაღამ ჩემთან?
_ რა ვიცი… შენ ნამგზავრი ხარ, დასვენება გჭირდება… ხვალ გამოგივლი…
გიგის ერთდროულად აშინებდა და აღიზიანებდა კიდეც, ქალი წარამარა რომ ცდილობდა მათ შორის დისტანციის შენარჩუნებას. იქნებ მის არყოფნაში ვიღაცამ ურჩია, მისგან თავი შორს დაეჭირა? იქნებ მესამე ჩაერია მათ ურთიერთობაში?
_ რა სისულელეა! მთელი კვირაა, ამ შეხვედრას ველოდები, შენ კი შინ წასვლას აპირებ? არაფრის მოსმენა არ მსურს. შენ ახლა ჩემთან წამოხვალ, მორჩა და გათავდა!
მისი მბრძანებლური ტონი ნერვებზე შლიდა ნიას. მასაც სიგიჟემდე სურდა, თან გაჰყოლოდა და მის მკლავებში ენებივრა, მაგრამ როცა ასეთი ტონით ელაპარაკებოდა, მისი შინაგანი «მე» ბუნტს იწყებდა.
_ რომ არ მიბრძანო, არ შეგიძლია? იქნედ დროა, თხოვნა ისწავლო? მე შენი მონა არ ვარ…
გიგიმ ამოიხვნეშა.
_ ოოოოჰ! რა ხართ ეს ქალები. ეს წუთია, შევხვდით და უკვე რაღაც სისულელეზე ვკამათობთ. კარგი, ვაღიარებ, რომ არასწორად მოვიქეცი და კი არ უნდა მომეთხოვა, მეკითხა შენთვის, შეგეძლო თუ არა ამაღამ ჩემთან დარჩენა. ასე რომ, გეკითხები _ გინდა თუ არა?
_ დარწმუნებული ხარ, რომ ზედმეტად არ გადაიღალე?
_ რა თქმა უნდა. ინვალიდი კი არ ვარ, საქმიანი შეხვედრიდან დავბრუნდი, _ ეშმაკურად გაიღიმა, _ და როგორც კი შინ მივალთ, მაშინვე დაგიმტკიცებ, რომ სულაც არ ვარ გადაღლილი.

8 8 8

გიგის საძინებელი საკმაოდ ფართო იყო, უზარმაზარი მუხის საწოლით და შინდისფერი გადასაფარებლით. ნია ინტერესით ათვალიერებდა ანტრესოლიან თეთრ კარადას და მოჩუქურთმებულ ოვალურ სარკეს, რომელშიც თითქმის მთელი ოთახი მოჩანდა.
გიგიმ ჰალსტუხი მოიხსნა, პერანგი გაიღეღა და ქალს მიუახლოვდა, ზურგს უკან დაუდგა და მძლავრად შემოხვია მკლავები.
_ რას აკეთებ? _ ჩურჩულით იკითხა ნიამ.
_ შენ როგორ ფიქრობ? _ მამაკაცის ხელები მოწყურებული ეალერსებოდა, _ მინდა, თავიდან გაგიცნო, პატარავ.
მისი ხავერდოვანი ხმა თავბრუს ახვევდა ნიას. სიამოვნებისაგან თვალები მილულა და თავი უკან გადახარა, რომ მის მკერდს მიყრდნობოდა.
გიგიმ თავისკენ შემოატრიალა გოგონა და დაკვირვებით შეხედა. მოუთმენლობა და სურვილი ერთდროულად იკითხებოდა მის წყლიან თვალებში. ნიამ თითით მისი ტუჩების კონტური შემოხაზა. მამაკაცმა ხელი დაუჭირა და ხელის მტევნები გზნებით დაუკოცნა. დაუოკებელ ლტოლვას გრძნობდა ამ ქალის მიმართ, ამიტომაც ბევრი არ უფიქრია, მოულოდნელად ხელში აიტატა და საწოლზე წამოაწვინა. ნია მძიმედ სუნთქავდა, სავსე მკერდი მადის აღმძვრელად აუდიოდა.
_ ხვდები, ორივეს როგორ გვწყურია ერთმანეთი? ძალიან სექსუალური ხარ, პატარავ, ვერ ვითმენ, არ მოგეფერო.
_ გიყვარს სექსუალური ქალები? ალბათ ჩემამდეც ბევრი გყოლია… _ ნიას თვითონაც ძლივს ესმოდა ჩურჩულით ნათქვამი თავისივე სიტყვები.
_ რა თქმა უნდა, მყოლია, მაგრამ შენ ვერც ერთი ვერ შეგედრება.
_ მე კი სექსუალური გამოცდილება საერთოდ არ გამაჩნია.
_ ეგ არაფერს ნიშნავს. შენ ისეთი ხარ, ნებისმიერ მამაკაცს გადარევ, მთავარი ეს არის. კმაყოფილი ხარ?
_ მე კომპლიმენტი არ მითხოვია შენთვის, სიმართლის გაგება მინდოდა…
_ ვფიქრობ, რაც მალე გადმოხვალ ჩემთან, მით უკეთესი იქნება, _ მოულოდნელად წამოიწია მამაკაცმა და შუბლშეკრულმა დახედა თვალებმინაბულს, _ ჩვენთვის აუცილებელია სადმე განმარტოება, რათა უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი. მითხარი, სად წავიდეთ, რომელი ქვეყნის ნახვას მოისურვებ პირველად?
_ არ ვიცი… მაგრამ სანამ სკოლიდან არ დაგვითხოვენ, ვერსადაც ვერ წამოვალ.
_ რა სისულელეა! _ მამაკაცი მოიღუშა.
_ ეს ჩემი ცხოვრებაა, გიგი, რა ვქნა.
_ ყოველთვის ასეთი შრომისმოყვარე იყავი, თუ ჩემი გაცნობის მერე გახდი ეგეთი? _ ჰკითხა და იმ წამსვე ინანა… მიხვდა, რომ ამით გოგონას ტკივილი მიაყენა.
_ მე მიყვარს ჩემი სამუშაო.
_ მე კი შენს მოსწავლეებზე ვეჭვიანობ. ასე მგონია, ჩემზე მეტად ისინი გიყვარს.
ნიამ გაიღიმა.
_ მაგრამ ამწუთას მე მათ ვაჯობე, რადგან შენ ჩემს მკლავებში ფართხალებ. ასე რომ, გამიმკლავდი, პატარავ, _ და სანამ ქალი პასუხად რამეს ეტყოდა, მისი სახე ხელებში მოიმწყვდია და ტუჩებში აკოცა…

ავტ:სვეტა კვარაცხელია




№1  offline წევრი talaxadze133

Dzan kargi iko velodebodi da ro dade gamixrda ikneb dgesac dado 1tavi kidev <33

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent