შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

505 (სრულად)


19-04-2015, 18:14
ავტორი ფორთოხალი
ნანახია 24 850

“I’m going’ back to 505...” ისმოდა ყურებში “if it’s a 7 hour flight or a 45 minute drive... in my imagination...”
ტრანსი.
დახუჭული თვალები.
და ისევ..
“Stop and wait a sec... when you looked at me like that my darling what did you expect...”
სხვა არც არაფერი. სკვერში ვიჯექი, მაგრამ არ მესმოდა არც ჩიტების ჭიკჭიკი და არც ფოთლების შრიალი.
იყო მხოლოდ ხმა. ტერნერის ხმა და რიტმში აყოლილი ჩემი ტუჩების მოძრაობა. ჰო,ალბათ, მეც ვმღეროდი.
ცოტა ხანში სიმღერა დამთავრდა და ყურსასმენებში სიჩუმე დაგუბდა. შემიძლია დავიფიცო, რომ სიმღერა უკვე დამთავრებული იყო, მაგრამ საიდანღაც მაინც მესმოდა:
“I probably still adore you with your hands around my neck..”
აშკარად მესმოდა. თავიდან მეგონა, მომეჩვენა, მაგრამ ყურსასმენები მაინც მოვიხსენი და თვალები როგორც კი გავახილე, მოულოდნელობისგან შევხტი.
„or I did last time a checked.”
დაასრულა სიმღერა სკამზე ჩემ გვერდით მოკალათებულმა უცხომ და გამიღიმა.
- ჰო. კარგები არიან მაიმუნები, - მითხრა სანამ გაოგნებას მოვასწრებდი.
- მთვრალი ხარ, - არ ვიცი, რატომ ვუთხარი ეს და არა ის, რას აკეთებდა ჩემს სკამზე ან რატომ მელაპარაკებოდა ან რაღაც მსგავსი. არა. მთვრალი ხარ-მეთქი გამოვუცხადე.
- არადა, მიყვარდა, - ჩაილაპარაკა თავისთვის, თითქოს, საერთოდ არაფერი მეთქვას. პრინციპში, უკვე გასაგები იყო, რატომაც იყო მთვრალი.
- გიყვარდა?
- ჰო. ორი წელი.
- იტყუები.
- რატომ?
- ან ახლა იტყუები, ან მაშინ იტყუებოდი. ამ სიტყვას წარსული ფორმა არ აქვს.
- ანუ, არ მიყვარდა?
- ან ჯერ კიდევ გიყვარს.
- არა. არ მიყვარს.
- ჰოდა, არც არასდროს გყვარებია.
- შენ?
- რა მე?
- გიყვარს?
- დღეს წლისთავია.. - ჩავილაპარაკე და თავი მივაბრუნე.
- ქორწინების? - მკითხა გულუბრყვილოდ.
- გარდაცვალების, - ვუპასუხე შემოუბრუნებლად.
- ჯანდაბა.
გაჩუმდა.
- საფლავზე იყავი? - წამოიწყო მერე უეცრად.
- რა?
- სასაფლაოზე იყავი დღეს მასთან?
- არა, - ვუთხარი დაეჭვებულმა.
- რატომ?
ხმა ვერ ამოვიღე. არ მქონდა პასუხი.
- ადექი, - მითხრა და წამოდგა.
- რა გინდა?
- ადექი-მეთქი.
- რატომ?
- საფლავზე ავიდეთ.
ცოტა გამიკვირდა. ცოტა კი არა, ძალიან გამიკვირდა. ვინ იყო, რა უნდოდა, რატომ გადაწყვიტა ახლა ჩემი შეყვარებულის საფლავზე წასვლა? მაინც ავდექი. ვიღაც უცნობ ტიპთან ერთად მივდიოდი მის საფლავზე. არ ვიცი, რას იფიქრებდა, ეს ყველაფერი რომ დაენახა. რაღაც მომენტში ვიფიქრე, რომ მეჩვენებოდა. მერე გადავწყვიტე, რაც არ უნდა იყოს, დღესვე დამთავრდება-მეთქი და გზა გავაგრძელე. ტაქსი გააჩერა, სასაფლაოზე ავედით. იქ, ეკლესიის ეზოში სანთლები ვიყიდეთ და მერე მისი საფლავი მოვძებნეთ. რამდენიმე წამი გაუნძრევლად ვიდექი და ვუყურებდი, ცივი ნაცრისფერი ქვიდან როგორ შემომყურებდა თვალები, რომლებიც ოდესღაც ჩემს სასიცოცხლო ენერგიას გამოსცემდნენ. ამ სიშავემ ეს თვალებიც ჩააქრო. მოვიქუფრე.
სანთებელით მოუკიდა სანთელს და მომაწოდა. მაშინღა გამოვერკვიე. ანთებულ სანთელს ხელი მოვაფარე, რომ არ ჩამქრალიყო და ისე ჩავარჭე ქვასთან ახლოს. მერე საფლავს შემოვლებულ მარმარილოზე ჩამოვჯექი. საფლავის ქვას თვალს არ ვაცილებდი და ჩუმად ვიყავი. არაფერი მითქვამს. ჩემი თანამგზავრი გვერდზე მომიჯდა და სიგარეტს მოუკიდა. მერე მე შემომხედა. არ ვეწევი-მეთქი, თავი გავაქნიე.
- გენატრება.. - ჩაილაპარაკა უფრო თავისთვის, ვიდრე - ჩემთვის.
- საშინლად, - მაინც ვუპასუხე.
- წავიდეთ? - გვერდულად გამომხედა.
- ჰო. აქ სიკვდილის სუნი დგას.
- ბზის სუნია ეს, - მითხრა გაკვირვებულმა.
- ბზის სუნის მიღმა.. ნაცრისფერი სუნია. ვიხრჩობი.
უკნიდან მიბიძგა და საფლავი დავტოვეთ.
უკვე საკმაოდ გვიანი იყო. ფეხით დავადექით ქალაქისკენ გზას.
- რა დაემართა?
- სიმსივნე.
აღარაფერი იყო სათქმელი, მაგრამ თითქოს მინდოდა, კიდევ მელაპარაკა.
- ჰო, ასე რვა ასოშია ჩატეული მთელი ის ტანჯვა-წამება, რაც გამოიარა მან და რაც მე გადავიტანე მისი ასეთ მდგომარეობაში ყოფნის გამო. ერთ სიტყვაში ეტევა მთელი ის სიმწარე, რომელიც თავადაც არ ვიცი, მე როგორ დავიტიე.
ჩუმად იყო. არაფერს ამბობდა. მივდიოდით.. მე ვერ ვჩერდებოდი:
- არ იმსახურებდა ასეთ დასასრულს. ის არ იმსახურებდა. მე შეიძლება დავიმსახურე უმისობა, მაგრამ მას არ დაუმსახურებია.
ხმა გამებზარა და ავტირდი:
- იქიდან არ ჩანს, ალბათ, როგორ მტკივა. არ იცის, რას ვგრძნობ. არავინ არ იცის.
ლაპარაკი ვეღარ გავაგრძელე. ვტიროდი, როცა უეცრად ხელზე შეხება ვიგრძენი. ხელი ჩამკიდა ძალიან ძალიან მაგრად. მეტი არაფერი. დავწყნარდი. თითქოს, ყველაფერი ვთქვი, რაც მაწუხებდა და მერე ვიგრძენი, რომ ვიღაცამ გაიგო.
- ჩემთან წამოდი, - მითხრა ცოტა ხნის შემდეგ.
- შენთან?
- ჰო. ჩაი დავლიოთ. კარგი, მაპატიე. მგონი, ზედმეტი მომივიდა.
- მანიაკი ხარ? - ვკითხე და გავხედე. თავიდან დაიბნა, მაგრამ მერე მიპასუხა:
- მე მგონი, არა. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით.
მის სახლში წავედით. ორი პატარა ოთახი იყო, ძველებურ სტილში და უცნაური სიმყუდროვის სურნელი ტრიალებდა. არ იყო გაშლილი სივრცე, ყველაფერი ათვისებული ჰქონდა. კედლები სავსე იყო პოსტერებით, სურათებით და ნახატებით. ძალიან გამიკვირდა, სახლში ჭაღი არ იყო. ერთი ოთახი ტორშერით ნათდებოდა, მეორე - პატარა ბრით კედელზე.
- ჩაი? - მკითხა და ჩაიდანი გაზზე შემოდგა.
- იყოს ჩაი, - ვუპასუხე მე და მრგვალ მაგიდასთან სკამზე ჩამოვჯექი.
- შაქარი?
- ორი.
- ლიმონი?
- აუცილებლად.
ცოტა ხანში საიდანღაც Mardy Bum-ი გაისმა.
- საიდან ისმის? - ვკითხე და გარშემო მიმოვიხედე. დინამიკი კი არა, საკრავიც კი არაფერი ჩანდა არსად.
- ჩემს სახლში კედლებიც კი Arctic Monkeys უკრავს, - მითხრა მან ამაყად და ჩაის ჭიქა დამიდგა წინ.
- სერიოზულად, სად გაქვს დინამიკები?
- სიკვდილის წინ თუ გაგანდობ მაგას, საფლავში რომ არ ჩავიტანო. სხვანაირად, შანსი არ გაქვს.
- ჰო, კარგი. არ მითხრა. სიმღერა ძველია, მაგრამ თემატური, - ვთქვი და ჩაი მოვსვი.
Mardy Bum-ი ტერნერმა ყოფილ შეყვარებულზე დაწერა.
- მართალი ხარ, - გაიღიმა, - ახლა ზუსტად ვხვდები, რას გრძნობდა.
- ოჰო!
- რა იყო?
- არაფერი. გემრიელი ჩაია.
- არადა, არავის მოსწონს ხოლმე.
- რატომ?
- არ ვიცი. იმას ტკბილი უყვარდა და სულ რომ ათი კოვზი ჩამეყარა, მეუბნებოდა შაქარი არ ჩაგიყრია საერთოდო.
გავჩუმდით.
“Remember cuddles in the kitchen...” ისმოდა ოთახში და წამით წარმოვიდგინე, როგორ ჩამეხუტებოდა. მხოლოდ წამით. ან წამის მეათასედით. შევხედე და გამეღიმა.
ცოტა ხანში მაგიდა აალაგა და ჭიქები ნიჟარაში ჩააწყო. სანამ ის ჭურჭელს რეცხავდა, მე ოთახს ვათვალიერებდი. უცნაური ნახატები იყო. განსხვავებული. სხვა რომ ვერავინ დახატავს, ისეთი. ვერც შევამჩნიე, ისე შემოვიდა და ლოგინზე წამოწვა. მე რომ შევხედე, ხელები თავქვეშ ჰქონდა ამოდებული და მიყურებდა. მივედი, მის ფეხებთან საწოლზე გადავწექი და კედელს მივეყრდენი. მან სიგარეტს მოუკიდა. მე თვალები დავხუჭე.
- საოცარი ნახატებია, - ვთქვი ისე, რომ თვალები არ გამიხელია.
- ვითომ? - მკითხა მან და ღრმა ნაფაზი დაარტყა.
- თუ ჩემს, როგორც აბსოლუტური უვიცის, აზრს რამედ მიიჩნევ..
- მადლობა, - მითხრა. თვალები გავახილე და გამიღიმა.
ვუყურებდი, როგორ ეწეოდა. თან რაღაცაზე ფიქრობდა. თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ გადაიფიქრა. უცებ დაღლილობა დაეტყო. შემომხედა და მკითხა:
- გეძინება?
- ჰო, - ვთქვი მე და თვალები მოვიფშვნიტე.
- მოდი, - მითხრა და კედლისკენ მიიწია.
წამოვდექი, კედები გავიძრე, კუბოკრული პერანგი გავიხადე და წვრილბრეტელებაინი მაისურით და ჯინსის შარვლით ლოგინში ჩავძვერი. ზურგი შევაქციე, ორივე ხელი ლოყის ქვეშ ამოვიდე და თვალები დავხუჭე. მართლა დაღლილი ვიყავი.
- ულამაზესი მხრები გაქვს, - მომესმა უკნიდან.
- მხრები? - ვკითხე გაკვირვებულმა. მსგავსი იქამდე არაფერი უთქვამთ ჩემთვის.
- ჰო, მხრები.
არაფერი მითქვამს. უცებ კისერზე შეხება ვიგრძენი. შეხებამ ჩემი კისერი გაიარა და მხარზე გადავიდა.
- ბუსუსებმა დაგაყარა, - ღიმილი იგრძნობოდა ხმაში, - ჟრუანტელმა დაგიარა?
ისევ არაფერი მითქვამს და ახლა მთელი ხელის გული გადამისვა ბეჭებზე. მერე უფრო ახლოს მოიწია, თავი ჩემს თავზე ჩამოდო და მომეხვია.
“Remember cuddles in the kitchen...” ჩამესმა ისევ.
ოთახში ანთებული ერთადერთი ბრაც ჩაქრა.

***
დილით ათი საათისთვის გამეღვიძა. სახლში არავინ იყო. ავდექი, ტანსაცმელი ჩავიცვი და ლოგინი გავასწორე. ფანჯარა ღია იყო და იქიდან მზის სხივები აღწევდა. ოთახში გავიარე და საწოლთან მდგარ სავარძელზე დიდი სახატავი ბლოკნოტი შევამჩნიე. ზედ ფანქარი იდო. ფურცელს რომ დავხედე, ტანში გამცრა. ჩემი ტუჩები ეხატა, ნიკაპი, კისერი, მხრები და ლავიწის ძვალთან მთავრდებოდა. გაშტერებული ვუყურებდი ნახატს. მერე, ცოტა ხანში სახეზე ხელი ჩამოვისვი და ბლოკნოტი თავის ადგილას დავაბრუნე. ჩანთა და მობილური ავიღე და სახლი დავტოვე.
„Suck it and see you never know” მღეროდა ტერნერი ყურსასმენებში. „Sit next to me before I go..” თითქოს ეს ყველაფერი არც მომხდარა. იმ სკვერს ჩავუარე, სადაც მას შევხვდი და იქიდან ისე გავაგრძელე გზა, თითქოს ის ღამე ვიღაც არანორმალურთან ჩახუტებულს არ გამიტარებია.
სახლში როგორც კი მივედი, აბაზანაში ჩავწექი და სანამ წყალი საგრძნობლად არ გაცივდა, იქიდან არ ამოვსულვარ. მერე თმა გავიშრე, წინა დღეს მომზადებული სალათი ვჭამე და დავიძინე.
რომ გავიღვიძე, საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ ეს ყველაფერი სიზმარი იყო და ცხოვრება ჩვეულებრივად გავაგრძელე. ამ ამბებიდან ორი კვირა იყო გასული. კაფეში ვიჯექი, ყავას ვსვამდი და წიგნს ვკითხულობდი. უცებ ტელეფონის ხმა გაისმა. მესიჯი იყო მოსული:
<<I thought I saw you in a Battleship. But it was only a lookalike>>
იმ წამსვე მოვიდა მეორე მესიჯი:
<<She was nothing but a vision trick. Under a warning light>>
სანამ რეაგირებას მოვასწრებდი, მესამე:
<<She was close. Close enough to be your ghost>>
<<But my chances turned to toast when I asked her if I could call her your name.>>
მეც ვიდექი და სიმღერ-სიმღერით ვკითხულობდი სტროფებს Cornerstone-დან და მეღიმეობდა. მესიჯები შეწყდა და მივხვდი, რომ პასუხი უნდა გამეცა.
<<No you can’t call me her name. იცოდი ჩემი სახელი?>>
- Tell me where’s your hiding place.. - მომესმა ყურში და გაოგნება ვერ დავმალე. ის კი აგრძელებდა სიმღერას, - I’m worried I’ll forget your face..
მერე წინ დამიჯდა და გამიღიმა. უფრო სწორად, გაიკრიჭა და დაიწყო:
- ალექსის არ იყოს, მეც დავიჯერე რომ მომელანდე. იმ დღეს მეტროში გნახე. ახლაც აი ეს გოგო წინ რომ მიზის.. ძალიან გგავს, რა ვქნა.
- ნომერი საიდან მოიტანე?
- სანამ გეძინა, ჩემთან დავრეკე. შეგიძლია, შეამოწმო.
- რამდენი რამე მოგისწრია, სანამ მე მეძინა, - ვუთხარი და ყავა ბოლომდე დავლიე.
- ნახატი ნახე?
- ჰო, ვნახე.
- ვერ მოვითმინე.
- რა ვერ მოითმინე?
- რომ არ დამეხატე.
- რას გავს ეს ყველაფერი? - ვკითხე და თვალებში შევხედე.
- არ ვიცი. შეიძლება, არაფერსაც არ ჰგავს. გინდა, რომ რამეს ჰგავდეს?
გამეცინა. თვალები დავხუჭე, ღრმად ამოვისუნთქე და წავიმღერე:
- “You can call me anything you want.”
გამიღიმა. ჯერ გამიღიმა. მერე გაეცინა.
ავდექით და კაფე დავტოვეთ. გარეთ არაჩვეულებრივი ამინდი იყო. ჩემი სახლისკენ წავედით.
- მშია, - გამომიცხადა, ჩემს ქუჩაზე რომ შევუხვიეთ.
- მენდობი? - ვკითხე მე.
- ანუ? - დაიბნა ის.
- რამეს მოგიმზადებ.
- და არ მოვკვდები? - მკითხა გაკვირვებულმა.
- მაგიტომ გკითხე, მენდობი-მეთქი?
- გენდობი. გენდობი, - მითხრა სიცილით და ხელი მომხვია.
სანამ სახლში ავიდოდით, რაღაც პროდუქტები ვიყიდე. სალათის გაკეთება და ვაშლის ნამცხვრის გამოცხობა გადავწყვიტე.
- ძალიან გშია? - ვკითხე როცა მზადებას ვიწყებდი.
- ძალიან არა, - მითხრა და მოჭრილი სტაფილო გაიქანა პირში.
- ოქეი. მაშინ სანამ შენ ძალიან მოგშივდება, ეს ყველაფერიც მზად იქნება. მაგიდაზე გუშინდელი შვრიის ორცხობილები დევს. შეგიძლია მიირთვა, - ვუთხარი და თავით მაგიდისკენ ვანიშნე.
წავიდა და მაგიდასთან დივანზე წამოწვა. ორცხობილა ჩაკბიჩა და გემრიელიაო მითხრა. მერე ცოტა ხანში დაიწყო:
- ჩემი ყოფილი, როგორც ჩანს, მშვენივრად გრძნობს თავს. გუშინ სურათები ვნახე. ახალი ბიჭი ჰყავს.
- მერე რა მოხდა, - ვთქვი და გახეხილი ჭარხალი თასში ჩავყარე, - ახლა არ მითხრა, ვეჭვიანობო.
- არ ვეჭვიანობ, მაგრამ ორ კვირაში რომ სხვასთან იწყებ ურთიერთობას..
- მოიცა, დაშორების დღესვე რომ სხვა გოგოსთან ეძინა, ეგ ვინ იყო?
- ეგ სხვა თემაა, - მითხრა მან და ახალი ორცხობილა აიღო.
- შორიდან თუ შეხედავ, ზუსტად იგივე თემაა.
- შენ გგონია, რომ შენთანაც ის ურთიერთობა მაქვს, რაც იმასთან მქონდა?
- ჩვენ ურთიერთობა გვაქვს? - ვკითხე აბსოლუტური გულწრფელობით.
- ჰოდა, ნუ ადარებ ამ ყველაფერს ერთმანეთს.
- მაინც მგონია, რომ პრეტენზიის გამოთქმის უფლება არ გაქვს. ბოლო-ბოლო დაიკიდე და ეგ იქნება.
- სიმართლე გითხრა, ახლა უფრო მიხარია, რომ დავშორდით.
- გამარჯობა შენი, - ვუთხარი და მაგიდის გაშლა დავიწყე.
ჩემს სტუმარს ვახშამი მოეწონა. მითხრა, არამგონია მოვკვდეო. მერე ისევ დივანზე მოკალათდა და სანამ მე დესერტს გამოვიტანდი, ჩაეძინა. პლედი გადავაფარე და სახლის მოწესრიგებას შევუდექი. დაახლოებით ერთ საათში მეც დასაძინებლად წავედი.
დილით სახლში სასიამოვნო არომატი დამხვდა. სამზარეულოში ჩემი უსახელო ნაცნობი ტრიალებდა. “Remember cuddles in the kitchen..” გამახსენდა ისევ და გამეცინა.
- დილამშვიდობის, - მითხრა მან, - სხვის სამზარეულოში მოღვაწეობა მაინცდამაინც არ მიყვარს, მაგრამ ამ ნამცხვარს, მგონი, ჩაი მოუხდება.
- ჰო, მოუხდება, - ვუთხარი სიცილით.
- რა იყო?- მკითხა მან.
- არაფერი.
- რა მოხდა?
- არაფერი.. მართლა, - ვთქვი და სააბაზანოში შევედი.
აბაზანიდან უკვე მოწესრიგებული რომ გამოვედი, მაგიდაზე საუზმე დამხვდა.
- ნახევარ საათში უნდა გავიდე, - ვუთხარი და ნამხვარი პატარა თეფშზე გადმოვიღე.
- სად მიდიხარ?
- ამას რამე მნიშვნელობა აქვს?
- პრინციპში, არანაირი. კარგი. წავალ მეც სახლში და საღამოს დაგირეკავ.
- დამირეკავ?
- ჰო.. რა იყო? - მკითხა დაეჭვებით.
- არ მეგონა, ეს ყველაფერი სინამდვილე თუ იყო.. - ჩაი მოვსვი, - მაგრამ არაჩვეულებრივ ჩაის აკეთებ.
- იქნებ არც არის სინამდვილე. ამით რა იცვლება?
- გიჟი ხარ.
- შენც, - მითხრა და წამოდგა.
ჭურჭლის გასარეცხად რომ ავდექი, მითხრა, ამას მე მივხედავ, შენ გაემზადეო. ცოტა ხანში ერთად გავედით სახლიდან.

***

სიმართლე რომ ვთქვა, არ ველოდი მისგან დარეკვას. მეგონა, ისე გადაიკარგებოდა, როგორც მაშინ. ნუ, როგორც მინიმუმ, ორი კვირით მაინც. ღამის თორმეტი საათი იყო, კარზე ზარი რომ გაისმა. არ მიკითხავს, ვინ იყო, ისე გავაღე. კართან პიცის რამდენიმე ყუთით ხელდამშვენებული „არქტიკელი მაიმუნი“ დამხვდა. ჯგუფისლოგოიანი შავი მაისური ეცვა.
- დღეს კარაოკეფართი გვექნება, - გამომიცხადა მთელი სიამაყით და ოთახში შემოვიდა, - მაგრამ ჯერ მშია.
- რა კარაოკე ფართი?! 12 საათია..
- მერე რა?
- იდიოტი ხარ, - ვუთხარი სიცილით.
- მადლობელი ვარ.
- მანახე, რა გვაქვს, - ვთქვი და მაგიდაზე დაწყობილ ყუთებში სათითაოდ ჩავიხედე. ექვსი დიდი პიცა იყო. იმდენი ვჭამეთ, ბოლოს ვეღარ ვსუნთქავდი. დივანზე ვიყავით გადაწოლილები, შევხედე და ვუთხარი:
- ამ მდგომარეობაში სიმღერის თავი გაქვს?
- ზუსტად ამ მდგომარეობაში უნდა იმღერო და იცეკვო, რომ ეს გემრიელობები პირდაპირ ფიგურაზე არ დაგეტყოს.
- ჰმ. შეიძლება რაღაც ლოგიკის პოვნა.
- ლოგიკა კი არა, სასწრაფოდ შეაერთე ლეპტოპი ტელევიზორთან. შენ იწყებ.
- რატომ მე?
- აბა მე ხო არ დავიწყებ? სახლი შენია, პირველიც შენ ხარ.
- რომ იცოდე, ეგეთი მაისური მეც მაქვს, - ვუთხარი და ძლივს წამოვდექი, რომ ლეპტორპი მომეტანა.
მთელი ღამე ვიმღერეთ. Arctic Monkeys-ს ყველა სიმღერა შევასრულეთ, რაც კი YouTube-ს მოეპოვებოდა. გადავატრიალეთ ინტერნეტი, ავაწიოკეთ მეზობლები და გადავიტყავეთ ყელი.
გამთენიისას ჩაგვეძინა. დივანზე. ამაზე საშინლად იქამდე არასდროს მძინებია. საღამოს რომ გავიღვიძე, ყველა კიდური მტკიოდა. ჩემს კაცივით ხმაზე აღარაფერს ვამბობ. ძლივს გამოვძვერი მისი ხელებიდან და წელში გამართვა ვცადე. უკვე გაციებული პიცა ღუმელში შევაგდე გასაცხელებლად. არაფრის გაკეთების თავი არ მქონდა.
მას უფრო დიდ ხანს ეძინა. საკმაოდ გვიანი იყო, რომ გაიღვიძა:
- რომელი საათია? - თვალების ფშვნეტით მკითხა. მასაც საოცარი ხმა ჰქონდა.
- ორი დაიწყო.
- რა? - თქვა და თვალები სწრაფად გაახილა.
- ჰო. ათი წუთია ორის.
- ვაახ, - ამოიოხრა და წამოდგომა სცადა, - ყველაფერი მტკივა ერთად.
- შენი ბრალია.
- არა, ერთს კი არ გითანაგრძნობს. არაადამიანო, - მისაყვედურა და წამოჯდა.
- მეტი რაღა უნდა გითანაგრძნო. როგორც შენ იწექი მაგ დივანზე, ისე ვიწექი მეც. ზუსტად მასე ვარ.
- მშია, - თქვა და პიცის ნაჭერს დასწვდა.
- სულ როგორ შეიძლება, გშიოდეს? მკვდარი რომ არ ვიყო, ჩავიდოდი და ამოვიტანდი რამეს. სალათია ცოტა მაცივარში მგონი.
- „მე ვაარ ძაან მკვდაარი დ’გადავხტები ფაანჯრიდაან“ - წაიმღერა მან და ფანჯარა გამოაღო, - გადავხტე?
- გადახტი, - ვუთხარი და ფეხები მაგიდაზე შემოვაწყე.
ის კრეტინი ფანჯარაზე აძვრა და მთელი ტანით გადაიხარა.
- რას აკეთებ? - წამოვიყვირე მე.
- გადახტიო არ მითხარი?
- ღმერთო, რა იდიოტი ხარ.
- რა იქნება, რომ გადავხტე?
- რა იქნება? - შევუბრუნე კითხვა.
- ჰო აი რა მოხდება? - მკითხა და ფანჯრის რაფიდან არც ჩამოსულა, იქვე მოუკიდა სიგარეტს.
- არაფერი არ მოხდება.
- სულ არაფერი?
- ერთი-ორი შეკივლება. მეტი არაფერი.
გვერდულად გამომხედა.
- მიმიქარავს ლონდონის ბირჟა, ისე შეაფასე ჩემი სიცოცხლე.
- ჩამოეთრიე ქვემოთ, - ვუთხარი და სამზარეულოში გავფლატუნდი.
- ტოსტები გირჩევნია თუ ყიყლიყოები? - გამოვძახე იქიდან.
- ყიყლიყო, რა თქმა უნდა, - მიპასუხა და ფანჯრიდან ჩამოხტა.
- ადამიანის გაწვალების „პროგრამა მაქსიმუმი“, - ჩავილაპარაკე ჩემთვის და მაცივრიდან კვერცხი გამოვიღე.
- კაი, გამოდი, მე გავაკეთებ, - მითხრა და უკნიდან მომეხვია.
“Remember cuddles in the kitchen..” გამახსენდა ისევ. რატომღაც ვიფიქრე, რომ მასაც. მერე ვუპასუხე:
- იყოს. გავაკეთებ მე.
- შეეშვი-მეთქი. მე ვიზამ, - კვერცხი და პატარა თასი ლამის ძალით გამომგლიჯა.
- და არ მოვკვდები? - ვკითხე ამჯერად მე.
- მე ხომ გენდე, - მითხრა სიცილით.
- ნაცვალგების პრინციპი მოქმედებს ყველგან რაა, - ჩავილაპარაკე ამ ცხოვრებაზე გულაცრუებული ადამიანივით და მის გაოგნებულ სახეს რომ გადავაწყდი, გავაგრძელე, - მესამე ღამეს ვატარებ შენთან ერთად. კიდევ ნდობაზე მელაპარაკები?
- ოქეი. ჩუმად ვარ, - მითხრა ღიმილით და კვერცხი გატეხა.
მშვენიერი ყიყლიყოები გამოუვიდა. ჰო. ღამის ორ საათზე ვისხედით და ყიყლიყოებს ვჭამდით.
ისე ვიყავი დაღლილი, სამზარეულოდან საძინებლამდე მისვლაც ვერ მომეხერხებინა. ლამის მეძინა თვალებგახელილს, მან კი უეცრად „გენიალური“ იდეა წამოაყენა:
- წამო, ქალაქში გავიდეთ.
- რა თქვი? - ვიფიქრე, კაგრად ვერ გავიგე-მეთქი.
- გავიაროთ რა.
- შენ გიჟი ხო არ ხარ?
- მერამდენედ უნდა მკითხო?
- მე ახლა საწოლამდე მიმიტანე და შენ სადაც გინდა, იქ წადი.
- მალე მოკვდები, - მითხრა და ენა გამომიყო.
- რატომ გადაწყვიტე, კი მაგრამ? - ვკითხე გაოცებულმა.
- ბებრუხანასავით ლაპარაკობ. ჰოდა, მალე მოკვდები.
- შენ მაგაზე არ იდარდო. ახლა მთავარია, როგორმე საძინებელში შევიდე. დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ, - ვთქვი და მთელი ძალები მოვიკრიბე, რომ სკამიდან ავმდგარიყავი.
- ჰო, კარგი, - ჩაილაპარაკა ჯუჯღუნით და ხელში ამიყვანა. უკვე ლოგინში რომ ვიწექი ჩემი საყვარელი პინგვინებიანი პიჟამათი, ოთახში თავი შემოყო და მითხრა:
- მე გავალ ცოტა ხნით. ზოგზოგიერთებივით ნაადრევად დაბერებული კი არ ვარ. აქ ამოვიდე ისევ თუ წავიდე სახლში?
- როგორც შენ გინდა, ისე ქენი, - ვუთხარი მე. ნახევრად უკვე მეძინა.
- მაშინ, გასაღები უნდა წავიღო.
- წაიღე.
- სათადარიგო გაქვს?
- ვაიმე, რამდენ კითხვას სვამ?!
- უნამუსო ვიყო, ღირსი ხარ, ჩაგკეტო აქ და აღარასდროს გაგიღო კარები.
- არ გეძინება?
- არა, - მითხრა და გავიდა.
გამეცინა.
იმ წამსვე ჩამეძინა. არც კი გამიგია, როგორ მოვიდა. დილით რომ გავიღვიძე, გვერდით მეწვა და ბავშვივით ფშვინავდა.

***

დილით სამსახურში წავედი. რომ დავბრუნდი, სახლში არ დამხვდა. არ დამირეკავს და არ მომიკითხავს, სად ხარ-მეთქი. ასე მეგონა, წავიდა და წავიდა. ჰო, ყოველთვის, როცა მიდიოდა, მეგონა, რომ უკან აღარ დაბრუნდებოდა. იმ დღეს არც თვითონ დაურეკავს. არც კიდევ რამდენიმე დღე. მეგონა, ჩემი ვარაუდი მართლდებოდა და ეს სულელური თამაში მთავრდებოდა, მაგრამ ერთ საღამოს კარი გაიღო და სახლში შემოვიდა. სანამ ვკითხავდი, გასაღები საიდან გაქვს-მეთქი, თვითონ მითხრა, იმ დღეს რომ წავიღე, არ დამიბრუნებიაო. ნასვამი იყო. დივანზე დაჯდა ჩემ გვედით, წვენით სავსე ჭიქა წამართვა, სულ დალია და დაიწყო:
- იმ დღეს ჩემი ყოფილი ვნახე. ჩემს სახლთან მელოდებოდა თურმე. ასე მითხრა, მენატრებიო. შეცდომა დავუშვი, არ უნდა დამეკარგეო. ახლა ვხვდები, რომ საუკეთესო ხარო. იქნებ თავიდან დავიწყოთ ყველაფერიო..
უცებ გულის რევის შეგრძნება დამეუფლა. საზიზღრობა იყო ის ყველაფერი, რასაც მიყვებოდა. შევხედე და ვუთხარი:
- და მე ეს ყველაფერი მაინტერესებს?
გაჩუმდა. უცებ თითქოს დაიბნა. ცოტა ხანს მიყურა და ბოლოს მკითხა:
- ეჭვიანობ?
გავოგვნდი.
- რა?
- ჰო, ეჭვიანობ, - ახლა უკვე დადასტურებით მითხრა.
- იდიოტი ხარ ცოტა, ხო?
- ჰო, ცოტა შეიძლება. მაგრამ შენ ეჭვიანობ.
- მარაზმია უბრალოდ, რასაც მიყვები და თან ვერ ვხვდები, მე რა შუაში ვარ..
- ესე იგი, არ ხარ შუაში, ხო?
- თქვენს ურთიერთობასთან მე რა შუაში ვარ?
- ჩემთან ხო ხარ „შუაში“?
- არ ვიცი. ვარ?
- მაინც ეჭვიანობ.
ადგა და გასასვლელისკენ წავიდა. სანამ გავიდოდა, მოტრიალდა და მითხრა:
- ისე, სხვათა შორის, გინებამდე ცოტა დამაკლდა, თორემ სხვა ყველაფერი ვუთხარი იმ კრეტინკას. რო იცოდე, რა..
კარი გაიხურა.
მართლა გავღიზიანდი იმ გოგოს სისულელეების მოსმენით. უბრალოდ, გავღიზიანდი. სხვა არაფერი. ეჭვიანობა წამითაც არ გამივლია თავში. რაზე უნდა მეეჭვიანა, ვისზე უნდა მეეჭვიანა, რა უფლებით? ხუთჯერ ნანახი ბიჭი, რომლის სახელიც კი არ ვიცი, მიცხადებს, ჩემს ყოფილ შეყვარებულზე იეჭვიანეო. მშვენიერია!
მაინც, რა იყო ეს ურთიერთობა? იყო საერთოდ ურთიერთობა? ერთადერთი რაც ვიცოდი, ის იყო, რომ იმ არქტიკელ მაიმუნთან გაცნობის წამიდან არც ერთხელ არ მიგრძვნია უხერხულობა. თითქოს, ძალიან ჩვეულებრივი ამბავი იყო, რომ პარკში უნდა გველაპარაკა, მერე ერთად უნდა გაგვეთია ღამეები. არადა, არ იყო ჩვეულებრივი ამბავი. იქნებ ერთ დღეს ჩემს გაუპატიურებას და მერე დაჩეხვას აპირებდა? უცნობი იყო. აბსოლუტურად უცნობი ადამიანი, რომელსაც არქთიქ მანქიზი უყვარდა და ტოსტებს ყიყლიყოები ერჩივნა. ახლა მოვიდა და მითხრა, გინდა თუ არა, ეჭვიანობო. სისულელეა.
რამდენიმე დღე ისევ არ გამოჩენილა. სახლიდან რაღაცნაირად გაბრაზებული წავიდა და მეგონა „გაბუტული“ იყო ჩემზე. არც მე დამირეკავს. ალბათ, თვითონაც ფიქრობდა, რომ მე ვიყავი გაბრაზებული. არ ვიცი. თითქმის ერთი კვირა იყო გასული ბოლო ვიზიტიდან, მობილურზე მესიჯი რომ მომივიდა. ისევ სიმღერის ტექსტი იყო:
<< well I bet that you look good on the dance floor. >>
ცეკვის იდეა სულაც არ მომეწონა. საერთოდ ვერ ვცეკვავდი. ჰოდა პასუხიც შესაბამისი დავუბრუნე
<< no no no no no!! >>
<<I said, I bet that you look good on the dance floor!>>
<<NO!>>
<<წამოხვალ!>>
<<არა!>>
<<ძალით წაგათრევ! >> - „აი ხომ ვთქვი. მანიაკია. დამჩეხავს და მერე ნაჭერ-ნაჭერ გამყიდის“ - გავიფიქრე ჩემთვის და გამეცინა.
<<არა-მეთქი>>
<<ათ წუთში ჩაცმული დამხვდი>>
არ ჩავიცვი. ვიჯექი და ველოდებოდი, როდის მოვიდოდა. ზუსტად ათ წუთში გაისმა კარზე ზარი. კარი დემონსტრაციულად გავაღე და სახლის სპორტულებში გამოწყობილმა გავუღიმე.
- ყოჩაღ! - მითხრა მან და თავი უკმაყოფილოდ გააქნია.
- რა?
- ცინგლიანი თინეიჯერი გოგოსავით რატო იფასებ თავს, ამიხსნი?
- თავის დაფასება რა შუაშია? - გავბრაზდი.
- აბა, რა ქვია იმას, რასაც შენ აკეთებ?
- არ მინდა ცეკვა, უბრალოდ. რა უნდა ერქვას?
„ღმერთო შენ მიშველე“ - ჩაილაპარაკა თავისთვის მე კი მითხრა:
- აი ახლა შედი სასწრაფოდ და ტანსაცმელი ჩაიცვი, თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ.
- რას იზამ მაინც?
- საკუთარი ხელით ჩაგაცმევ, მერე ტაქსიში ჩაგტენი და ჩემზე იტყვიან, მოძალადეაო.
- აბა, არ ვარ მანიაკიო?!
- კაი, რა გჭირს, რა. მართლა გოგოშკასავით რატო იქცევი?
- აუტანელი ხარ, - ვთქვი და საძინებელში შევედი გამოსაცვლელად.
- რისი გულისთვის მაჯუჯღუნე ამდენი..
- რავიცი, კარგად. შენ როგორ ხარ? - გამოვძახე ოთახიდან.
- ვსვამთ დღეს, - ისე მითხრა, თითქოს, ვერ გაიგო ჩემი ნათქვამი.
- რაა?
- ახლა თავიდან არ დამაწყებინო, - მითხრა და პატარა ჩანთა მომაწოდა.

***
კლუბში მისვლისთანავე, პირველი რაც გავაკეთეთ ის იყო, რომ ხუთ-ხუთი ჭიქა არაყი გადავკარით შეუსვენებლად. მერე ამაყენა და წამოიყვირა:
„Get On Your Dancing Shoes!!” და დაიწყო.
მთელი ღამე არ დავმჯდარვართ. ვსვამდით და ვცეკვავდით. ჩემი „მკაცრი“ განცხადებაც ვერცეკვასთან დაკავშირებით იმავე ღამეს გავატანე ქარს სადღაც შორს. ისეთი მთვრალი ვიყავი, მაინცდამაინც არც მაინტერესებდა, საერთოდ ვცეკვავდი თუ არა. ჩემი პოტენციური მანიაკი ახლოს მოვიდა ჩემთან და ყურში ჩამყვირა:
- აი უკან, დიჯეის სტენდთან რომ ტიპი დგას.. კაპიშონით. ახლა არ გაიხედო.. არ გაეკარო, იცოდე. არ მიუახლოვდე. არც კი შეხედო.
- კარგი, მაგრამ რა ხდება? - ვკითხე გაოცებულმა და კოქტეილი მოვსვი.
- ავადმყოფია. თვალი არ მოუცილებია მთელი ღამეა გიყურებს. თვალებით გჭამს ალბათ უკვე მესამედ მორჩა თავის საქმეს.
- ახლა შენ ეჭვიანობ, - ვუთხარი და გადავიხარხარე.
- ხო, შეიძლება. რაც გინდა, ის დაარქვი, მაგრამ იმას არ მიუახლოვდე.
- გასაგებია. არ მივუახლოვდები. არ დალევ? - ჭიქა გავუწოდე. არც გამოურთმევია, ჩემივე ხელიდან გამოცალა მთელი ჭიქა, მერე გამომხედა და მითხრა:
- ჭკვიანად იცოდე.
იქიდან რომ წამოვედით, უკვე თენდებოდა. უგონოდ მთვრალები ვიყავით ორივე, მაგრამ კლუბიდან წამოყოლილ კონიაკს ვსვამდით ქუჩაშიც. ქუჩა ცარიელი იყო. სულ ცარიელი. ჩვენ კი ბანცალ-ბანცალით, ერთმანეთზე დაყრდონილები მივდიოდით მისი სახლისკენ. ვმღეროდით და ასე მეგონა, მეც ისევე ვმღეროდი, როგორც მამაჩემი სიმთვრალეში. უბრალოდ, რეპერტუარი გვქონდა სხვადასხვა.
- Glastonbury-ზე უნდა წავიდეთ მე და შენ.. - უცებ სიმღერა შეწყვიტა და თვალებგაბრწყინებულმა მითხრა.
- წავიდეთ, - დავეთანხმე მეც და ბოთლი გამოვართვი.
- ხომ იქნებიან მაიმუნები? - მკითხა პატარა ბავშვივით.
- კი, იქნებიან.
- რომ არ იყვნენ? - მემგონი, ძალიან მთვრალი იყო. გამეცინა.
- იქნებიან, - ვუპასუხე მშვიდად.
ხელი მომხვია და ჩამიხუტა. გაბრუებული ვიყავი. ცოტა ხანი ჩუმად მივდიოდით. მერე უცებ ისევ იკითხა:
- ესე იგი, იქნებიან?
ისტერიკული სიცილი ამიტყდა. ვერ გავჩერდი. მის გაოცებულ და უცოდველ სახეს რომ შევხედე, კიდევ უფრო ცუდად გავხდი.
- რა გაცინებს? - მკითხა მან.
- იქნებიან. გეფიცები, იქნებიან, - ვუთხარი როცა დამშვიდება მოვახერხე. ისევ გულზე მიმიკრა და სახლსაც მივუახლოვდით.
სახლში რომ შევედით, პირდაპირ ლოგინზე დაეხეთქა და ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ თქვა:
- ძაააან დავთვერი!
ფეხზე გავიხადე, გვერდზე მივუწექი და ვუთხარი:
- მეც. საშინლად.
- არაუშავს, - მითხრა სიცილით, - ერთხელ ყველა თვრება ასე.
მერე სიგარეტს მოუკიდა. გადმომხედა და მკითხა:
- მოწევ?
- არ მინდა. არ ვეწევი.
- რატომ?
- რა რატომ?
- რატომ არ ეწევი?
- გაბრაზებული ვარ სიგარეტზე.
- ანუ?
- ახლა ნუ ამახსნევინებ რა, თავში მაინც არაფერი შეგივა.
- ჰო, კარგი, - თქვა და პირიდან კვამლი გამოუშვა.
აღარაფერი მითქვამს. ცოტა ხანში თავზე დამიწყო მოფერება. ვერც გავიგე, ისე ჩამეძინა.
დილით მე რომ გავიღვიძე, მას ჯერ კიდევ ეძინა. ლოგინზე ვიჯექი და რამდენიმე წუთი ვუყურებდი.
არქტიკელი მაიმუნი.
ნამდვილი არქტიკელი მაიმუნი.
ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებდი ყველაფერს. ან რა იყო დასაჯერებელი?
გამეცინა.
აბაზანაში შევედი. პირი დავიბანე, ოდნავ გამოვფიზლდი და სარკეში საკუთარ ანარეკლს დავაკვირდი.
- გიყვარს? - ვკითხე მას. ან მან მკითხა მე. რა მნიშვნელობა აქვს. ყოველ შემთხვევაში, პასუხი ორივე მხრიდან ერთპიროვნული და მტკიცე იყო: „არა.“
სამზარეულოში გავედი და გაზქურაზე წყალი შემოვდგი ყავისთვის. თავი მისკდებოდა. სანამ მე სამზარეულოში ვფუსფუსებდი, ჩემმა მასპინძელმა გაიღვიძა და გამომძახა:
- მეც გამიკეთე, რა..
- რა გაგიკეთო? - ვკითხე სიცილით.
- რასაც არ უნდა აკეთებდე. მეც მინდა.
- კარგი, - ვთქვი და გავიგონე ფეხების ფლატუნით როგორ შევიდა სააბაზანოში.
მან წყალი გადაივლო მე კი ამასობაში ყველიანი ტოსტები გავამზადე.
- ასე მგონია, თავი კი არა, მთელი დედამიწა მაბია მხრებზე, - შემოვიდა ოთახში წუწუნით. მერე მაგიდას რომ დახედა, გააგრძელა, - მაგრამ როგორც ვატყობ, დღეს გადარჩენა მიწერია. გემრიელობების სუნი ტრიალებს.
- Bon Appetit! - ვუთხარი და გავუღიმე.
საუზმის შემდეგ დავიშალეთ. აი ასე მარტივად. გავედით სახლიდან. ის თავის გზაზე წავიდა, მე ჩემსაზე. არავითარი ემოციურობა ჩვენს დამშვიდობებას არ ახლდა ხოლმე. უბრალოდ ხდებოდა. თანაც ისე ვიშლებოდით, თითქოს, ეს ჩვენი პირველი და უკანასკნელი შეხვედრა იყო, მაგრამ იმ დღეს რატომღაც მიღიმოდა. სანამ ზურგს შევაქცევდი, მადლობაო მითხრა. მადლობა გადამიხადა.
არაფერი მიკითხავს. გაბრუნდა და წავიდა. არ ვიცი, რისთვის მიხდიდა მადლობას. გაოგნებული ვიდექი და ვფიქრობდი. ერთადერთი კითხვა მიტრიალებდა თავში. ყოველ შემთხვევაში, ეს ის კითხვა იყო, რომლითაც კითხვების დასმა უნდა დამეწყო: „ვინ არის?“
კომფორტი - პირველი იყო, რაც მის გახსენებაზე მომდიოდა თავში. კომფორტულად ვიყავი მასთან. შეიძლება, არაფერს ვგრძნობდი. შეიძლება, არც იყო საჭირო, მაგრამ ვიცოდი, რომ მასთან ერთად ყოფნა მომწონდა. თვითონ ის კი არა, ის მომენტი მომწონდა, როცა მასთან ერთად ვიყავი. უცნაური იყო ეს ყველაფერი. უცნაური იყო, ვიცოდი, მაგრამ ბევრს არ ვფიქრობდი. ვერც მივდიოდი კონკრეტულ დასკვნამდე. ამიტომ, გადავწყვიტე, რომ ყველაფერი უბრალოდ, ზუსტად ისე უნდა ყოფილიყო, როგორც იყო. მორჩა.
მადლობა მითხრა და წავიდა. მე კი ვიდექი და ვიღიმოდი.

***
წავიდა. ერთი კვირა არ გამოჩნდა. არ დავურეკე. ჩვეულებრივი ამბავი იყო ერთი კვირით არგამოჩენა. არც მეორე კვირას მსმენია მასზე რამე. მესამე კვირა რომ იწურებოდა, თვითონ დავურეკე. გამორთული ჰქონდა ტელეფონი. გადავწყვიტე, რომ დამთავრდა ყველაფერი. ადგა და წავიდა. მორჩა. ასე ჩათვალა ალბათ საჭიროდ. არც იყო ვალდებული, რამე აეხსნა.ჰოდა, მეც შევეგუე. ჩვეულებრივ გავაგრძელე ცხოვრება. ისედაც ხომ ვიცოდი, რომ ოდესმე ასე მოხდებოდა.
ერთ დღეს, უფრო სწორედ, ღამეს, ტელეფონის ზარმა გამაღვიძა. თვალები არც გამიხელია, ისე ვუპასუხე:
- აი შენ ახლა ადამიანი ხარ?
- მნახავ? - ხმა რომ გავიგე, მაშინღა დავხედე ტელეფონს. ეკრანზე MR.ArcticMonkey რომ დავინახე, დავრწმუნდი, ის იყო.
- საათი თუ გაქვს?
- ოთხის ნახევარია, - მიპასუხა. ნასვამი იყო.
- Why’d you only call me when you’re high? - წავიმღერე ყურმილში.
- მნახავ? - არ შეიმჩნია მან.
- სად ხარ? – „რატომ არ ვუთხარი უარი?“ - ვკითხე საკუთარ თავს, მაგრამ პასუხზე არ მიფიქრია.
- სადაც პირველად გნახე.. და კაიფში არ ვარ.
- მთვრალი ხო ხარ, რა მნიშვნელობა აქვს. ჰო, კარგი. თხუთმეტ წუთში მანდ ვარ.
ნორმალურად არც გამოვფიზლებულვარ, ისე გავედი სახლიდან. არც მახსოვს, რა ჩავიცვი. პარკში რომ მივედი, იმ სკამზე იჯდა, სადაც მაშინ ვისხედით და ხელში ვისკის ბოთლი ეჭირა. რომ მივუახლოვდი, ცოტა ხანს არ შემოუხედავს.
- რატომ მოხვედი?
გამოვშტერდი. მერე კითხვა შევუბრუნე:
- რატომ დამირეკე?
ხმას არ იღებდა. ვისკი მოსვა და ბოთლი გამომიწოდა:
- დალევ?
- არ მინდა, - ვუთხარი და გვერდზე მივუჯექი.
რაღაცის თქმა უნდოდა. რაღაც აწუხებდა. ამიტომ დამირეკა. იმიტომ დამირეკა, რომ ჩემთან ელაპარაკა. ადრე თუ გვიან იტყოდა რაღაცას. სკამის ზურგს მივეყუდე და ნახევარი საათი ვისხედით სიჩუმეში.
- ბავშვობის მეგობარი დავასაფლავე, - დაიწყო ისე, რომ არც შემოუხედავს. ტანში გამცრა. არაფერი მითქვამს. მან გააგრძელა:
- იმ დღეს. შენ რომ გნახე ბოლოს.. მასთან წავედი. უკვე დამთავრებული იყო ყველაფერი. სააბაზანოში იწვა.. ვენებგადახსნილი. სისხლში ცურავდა. ვერაფერი გავაკეთე. თავი მოიკლა, გესმის? თავი მოიკლა. ყველაფერი, ყველაფერი, მაგრამ ეს არ უნდა გაეკეთებინა. ამას მერჩივნა, იმ კლდიდან ჩამოვარდნილიყო, რომელზეც ცოცავდა ხოლმე, ამას მერჩივნა, ვიღაცას დაეხალა ტყვია, მერჩივნა, კიბო ჰქონოდა.. მაპატიე, - არაფერი მითქვამს და გააგრძელა, - თავი არ უნდა მოეკლა. მაგრამ არ იცოდა.. არ იცოდა, რომ თვითმკვლელობა ერთი-ორი შეკივლებაა და მეტი არაფერი. უნდა დავხმარებოდი. იქამდე უნდა დავხმარებოდი, სანამ ამას იზამდა. ვერ მოვახერხე. ვერ ვაგრძნობინე, რომ არ ღირდა. ჰოდა, ახლა.. ახლა მშვიდადაა ალბათ. მე კიდევ, ასე მგონია მთელი სხული დასერილი მაქვს, ასე მგონია, მეც მომდის გადაჭრილი მაჯებიდან სისხლი და დავიცლები მალე. იმ წამიდან ასე მგონია, როცა ვნახე, მაგრამ არა და არ დაადგა საშველი.. მკვდარი ვარ. იმას ჰგონია, რომ თავი მოიკლა მხოლოდ.. მეც რომ გამიყოლა, არ იცის..
საშინლად იყო განერვიულებული. მაშინ იმას ამბობდა, რაც მთელი იმ დროის განმავლობაში დაუგროვდა. ერთიანად ამოანთხია ყველაფერი. განადგურებული იყო და იმ წუთში ჩემი სიტყვები სრულიად ზედმეტი იქნებოდა. რა უნდა მეთქვა ისეთი, რომ მენუგეშებინა.. რომ ვწუხდი? რომ მესმოდა, რას გრძნობდა? იქნებ, მესმოდა კიდეც, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ასეთ დროს ეს სიტყვები ყველაზე უფერულია. სიკვდილს ვერ აღწერ სიტყვებით. მივუახლოვდი და ჩავეხუტე. როგორც შემეძლო, მთელი ძალით ჩავეხუტე, რომ ეგრძნო, მოვუსმინე. რომ ეგრძნო, მარტო არ იყო, რომ ტყუილად არ დაურეკავს ღამის ოთხ საათზე..
დიდ ხანს ვისხედით ასე ჩახუტებულები და ვგრძნობდი, თანდათან როგორ მშვიდდებოდა. მაინცდამაინც ადამიანი გჭირდებაო, მსმენია და ასეა ზუსტად. როცა ცუდად ხარ, ყველა და ყველაფერი გაღიზიანებს. გგონია, რომ მარტო ყოფნა ყველაფერს უშველის, მაგრამ როგორც კი ვინმესთან დაილაპარაკებ იმაზე, რასაც ამდენ ხანს სულში იგუბებდი, მიხვდები, რომ ყველაზე მეტად სწორედ ეს გეხმარება. კი, ზოგჯერ საკუთარი თავი გვჭირდება მხოლოდ, მაგრამ ასეთ დროს მთელ დარდს შენ შიგნით ატრიალებ და არაფერი იცვლება. ეს სატკივარი იზრდება, ფუვდება მხოლოდ. ამან შეიძლება გაგაგიჟოს. სანამ არ აფეთქდები, სანამ ყველაფერს არ იტყვი, კალაპოტს არაფერი დაუბრუნდება. ერთი დიდი აფეთქება გჭირდება, რომ განთავისუფლდე და ყველაფერი თავიდან დაიწყოს. ვიღაცას რომ დაელაპარაკები, შეიძლება,საერთოდ არაფერი გითხრას, მაგრამ მთავარია, მოგისმინოს. ზოგჯერ სიტყვები, პირიქით, ყველაფერს აფუჭებს. მთავარია იგრძნო, რომ მთელი ეს ემოცია სადღაც ჰაერში კი არ გაიფანტა, არამედ, ვიღაც მეორეში გადავიდა და შემსუბუქდები. მთავარია, თქვა.
მგონი, დაიცალა. რომ მივხვდი, საბოლოოდ დამშვიდდა, ხელი გავუშვი და სახეზე შევხედე. ძალიან, ძალიან იყო დაღლილი. ალბათ, საერთოდ არ სძინავს-მეთქი, გავიფიქრე.
- შენ რაც არ უნდა გექნა, ოდესმე მაინც გააკეთებდა ამას. რახან ასე გადაწვიტა, ესეიგი, იქ უკეთესად იქნება.
- მენატრება, - მითხრა ჩახლეჩილი ხმით.
- ვიცი.
- ძალიან.
- ყველა ნერვით მესმის, რასაც გრძნობ.
- შენც გენატრებოდა?
- ჯოჯოხეთურად. მთელი მარცხენა მხარე მეწვოდა, მინდოდა, როგორმე გული ამომეგლიჯა, რომ არაფერი მეგრძნო. ვიცი, რასაც განიცდი.
ვისკის ბოთლი მოიყუდა.
- პასუხს მოვთხოვ.
კიდევ დალია.
- იქიდან ხომ მაინც ვერსად წავა. არ ვაპატიებ.
ისევ. მე ჩუმად ვიყავი. მერე გაჩერდა. ცოტა ხანს მიყურა და მითხრა:
- რატომ არ მეუბნები, აღარ დალიოო?
- რამე აზრი აქვს?
- ახლა გამახსენდა რატომღაც.. ჩემი ყოფილი აქამდე უკვე მეასედ გამომგლეჯდა ბოთლს ხელიდან ისტერიკით.. თუმცა ის შენთან საერთოდ რა შუაშია.
- წამო, დავიძინოთ, რა.. - არ მესიამოვნა მისი ხსენება, მაგრამ არ შევიმჩნიე.
- ვერ ვიძინებ მე.
- წამოდი.
ლამის ძალით ავაყენე სკამიდან და მისი სახლისკენ წავედით. ძალიან მთვრალი იყო. სახლში რომ შევედით და შუქი ავანთე, თავზარი დამეცა. მთელი სახლი ერთი შინაარსის ნახატებით იყო გავსებული: ყველგან გადაჭრილი ვენები და დასისხლიანებული სხეული ეხატა. კინაღამ გული გამისკდა.
- უნდა დაიძინო, - ვუთხარი ჩემს არქტიკელ მაიმუნს პატარა ბავშვივით.
- არ შემიძლია.
- როგორ არ შეგიძლია, - ვთქვი და ყველა ნახატი კედლისკენ შევატრიალე. ასეთ გარემოში ალბათ მეც გამიჭირდებოდა დაძინება.
- შენ გგონია, ეს რამეს შეცვლის?
- „რამეს“ შეცვლის.
- ვერ დავიძინებ, - გაჯიუტდა ის.
- მე ვიქნები შენთან, - მშვიდად ვუთხარი, - იქნებ ამან მაინც შეცვალოს „რამე.“ მართლა გჭირდება ძილი.
აღარ შემკამათებია. ლოგინში ჩაწვა და მეც გვედით მივუწექი. ძალიან ძალიან ახლოს ვეწექი და ისე ვუსვამდი თავზე ხელს, როგორც ჩემს პატარა ძმას, როცა სამი წლის იყო და ჩემს საწოლში უყვარდა ხოლმე დაძინება.
- ცუდად ვარ, - მითხრა ჩურჩულით.
- გაგივლის, - ვუთხარი მე და ცრემლები წამომივიდა.
- არასდროს გამივლის.
- ნელ-ნელა ასე ძალიან აღარ გეტკინება.
- უფრო მეტად მეტკინება. შეიძლება, გავგიჟდე.
- შენ ისედაც გიჟი ხარ. დამიჯერე, თანდათან გაყუჩდება.
- რა გააყუჩებს? ვერაფერი გააყუჩებს. ვერაფერი, - ისევ ანერვიულდა.
- სუუ.. სუუ... - ვუთხარი და მისი სახე ხელებში მოვიქციე, - გეხვეწები, თვალები დახუჭე, რა.. გთხოვ. ცოტა უნდა დაიძინო.
გაჩუმდა. ნელ-ნელა დამშვიდდა და ჩაეძინა. ჩაეძინა, მაგრამ მთელი ღამე ბორგავდა, ვერ ისვენებდა. მისი შემყურე, მეც ვიტანჯებოდი. ძლივს დავიძინე.
დილით ძალიან ძალიან მაგრად მეხუტებოდა. რომ გავიღვიძე და განძრევა ვცადე, შეშინებული შეკრთა და გამოეღვიძა:
- არ წახვიდე, რა..
- არ წავალ, მოგიმზადებ რამეს. შეჭამე ცოტა.
- არ მინდა, არ წახვიდე, რა. აქ იყავი.
იმ წუთას მეც მისი ტკივილი მტკიოდა. ადამიანის დაკარგვის ტკივილი. საშინელება, რომელსაც ვერანაირი სიტყვით ვერ გამოხატავ. თუ იგრძნობ მხოლოდ და მთელი ტკივილის გაძლებაც ყველას არ შეუძლია. მე რატომ ამირჩია მაინცდამაინც-მეთქი, გავიფიქრე ჩემთვის და მივხვდი, რომ მისი მიტოვების უფლება არ მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი სახელიც კი არ ვიცოდი, იმ წუთას ვალდებული ვიყავი, რომ მასთან ვყოფილიყავი. იმიტომ, რომ ვჭირდებოდი. ზუსტად ისე, როგორც ვიყავით - ჩემზე მჭიდროდ შემოხვეული მკლავებით. იმისთვის, რომ ცოტა ხანს მაინც დაეძინა მშვიდად, იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გადაეტანა.
იმ დღეს საჭმელიც ძლივს ვაჭამე. ადამიანს აღარ ჰგავდა, ისეთი გამხდარი იყო. საკუთარი ხელით, ხვეწნა-მუდარით ვაჭამე ერთი თეფში. მერე ნელ-ნელა შეეჩვია ძილსაც და ჭამასაც, მაგრამ მისი მარტო დატოვების მაინც მეშინოდა. სახლიდან გასვლაზე ვერაფრით დავითანხმე, მაგრამ სასმელს შეეშვა. იმ დღის მერე აღარ დაულევია. უნდოდა, დაელია. ღამით იღვიძებდა, მაგრამ არ ვანებებდი. სასმელი კიდევ უფრო გაანადგურებდა და ვერაფრით მივცემდი ამის უფლებას. თითქმის სამი კვირა, შეიძლება ითქვას, მასთან ვცხოვრობდი. შედარებით გამოვიდა მდგომარეობიდან. მერე, ერთ დღეს ვუთხარი:
- წავალ მე..
- დაიღალე? - მკითხა და თვალებში შემომხედა. საოცარი სევდა ედგა ჯერ კიდევ.
- მე, არა. იქნებ, შენ დაიღალე. შენს გემოზე ცხოვრების უფლებას არ გაძლევ.
- რა სისულელეა..
- მარტო ის მინდა, რომ კარგად იყო.. და, მგონი, უკეთესად ხარ.
- ძალიან დიდი მადლობა. ყველაფრისთვის.
თავზე ვაკოცე და წამოვდექი. ისიც ადგა, კარებამდე ერთად მივედით. უკვე ზღურბლს მიღმა ვიდექი და ვუთხარი:
- თუ დაგჭირდები, დამირეკე.
- ჰო, - მითხრა თითქმის ჩურჩულით და გაღიმება სცადა. მერე კარი დაკეტა.
გარეთ რომ გამოვედი, იქვე, სახლთან ახლოს მაღალი შავთმიანი გოგო დავინახე. ნამდვილად იმ სახლში მიდიოდა, საიდანაც მე გამოვედი. რაღაცნაირი უხერხულობა ვიგრძენი. ის კი ჩემს დანახვაზე გზის მეორე მხარეს გადავიდა და წავიდა.
შემოდგომა იყო და წვიმდა. სახლში ფეხით წავედი, მაგრამ იმ წუთას ჩემი და წვიმის ურთიერთობაში არაფერი რომანტიული არ ყოფილა. უბრალოდ, ტრანსპორტში დახუთვას მერჩივნა, ოდნავ შეციებულს მევლო ფეხით, ჰაერზე. არაფერზე ვფიქრობდი. აი ასე. არ მეგონა, ეს შესაძლებელი თუ იყო, მაგრამ მის სახლში დავტოვე მთელი ჩვენი სულელური ისტორია და გზას დავადექი.
იმ 2-3 კვირაში, რომელიც მასთან ერთად გავატარე, მივხვდი, რას ნიშნავს იცხოვრო მეორე ადამიანისთვის. მივხვდი, რას ნიშნავს გტკიოდეს სხვისი ტკივილი და ყველაფერს აკეთებდე იმისთვის, რომ ოდნავ მაინც გაუყუჩო მას ეს ტკივილი.
არადა, ჩვენ ერთმანეთის სახელებიც კი არ ვიცოდით.

***
ორ კვირაზე მეტი არ გამოჩენილა და ვფიქრობდი, რომ სწორად მოვიქეცი, როცა წამოვედი. პრინციპულად არ ვურეკავდი. ვიცოდი, რას ნიშნავს ადამიანით გადაღლა. როცა ამდენი დღის განმავლობაში ერთსა და იმავე სახეს უყურებ, რაც არ უნდა გსიამოვნებდეს ეს თავიდან, რაღაც დროის მერე იღლები. ძალაუნებურად. უბრალოდ, გბეზრდება. ჰოდა, მესმოდა მისი. არაფერი საგანგაშო აქ არ იყო.
ერთ დღეს დამირეკა:
- მოდი, რა.. - მოკლედ. მშვიდი ხმა ჰქონდა, მაგრამ მაინც ვკითხე:
- როგორ ხარ?
- კარგად.. ჰო, არამიშავს.
გაჩუმდა. მინდოდა, მეკითხა, რამე ხომ არ მოხდა-მეთქი, მაგრამ გადავიფიქრე და უბრალოდ ვუთხარი:
- მოვალ.
- უარს რატომ არასდროს მეუბნები?
- უარს თუ ელოდები, მაშინ რატომ მთხოვ მოსვლას? - კითხვითვე ვუპასუხე.
- მინდა, რომ მოხვიდე.
- ჰოდა, მოვალ.
კარი რომ გამიღო, სიბნელეში მისი სილუეტი ძლივს გავარჩიე. სახლში სინათლე არ ენთო. უკვე ღამე იყო.
- რა ხდება? - ვიკითხე დაბნეულმა.
- არაფერი. შემოდი, - მიპასუხა და ხელი ჩამკიდა.
შუა ოთახში გამაჩერა, ხელები წელზე შემომხვია და მითხრა:
- ვიცეკვოთ.
- უცნაურად იქცევი, - ვუთხარი და ხელები კისრზე შემოვაწყვე.
- ნორმალურად როდის მოვქცეულვარ? - თქვა და გაიღიმა.
- ერთით ნოლი, - ნელ, რიტმულ მოძრაობაში ავყევი.
რამდენიმე წუთს ჩუმად „ვცეკვავდით.“ მერე მან ყურში ჩამჩურჩულა:
- 00:01. უკვე ჩემი დაბადების დღეა, - და ოთახში ტერნერმა თვლა დაიწყო: One, Two, Three, Four.. Arctic Monkeys-ის No1 Party Anthem გაისმა.
გაოგნებისგან რამდენიმე წამით გავშეშდი. თითქოს, ვერ წარმომედგინა, რომ შეიძლებოდა დაბადებისდღე ჰქონოდა. მერე როგორღაც მოვახერხე გამორკვევა, თვალებში შევხედე და ვუთხარი:
- გილოცავ. იმ რაღაცებს გისურვებ, რა..
გაეცინა.
- მადლობა იმ „რაღაცებისთვის.“
ოთახში ისევ ისმოდა ტერნერის ხმა და ჩვენ მის რიტმში ვმოძრაობდით. სიმღერა რომ დამთავრდა და სიჩუმემ დაისადგურა, გავჩერდი და ვუთხარი:
- რა გაჩუქო? - რამდენიმე წამს იფიქრა და მიპასუხა:
- ერთი ჭიქა.
- რა?
- წითელი ღვინო. მარტო ერთი ჭიქა. მეტი არა.
გამეცინა და დავთანხმდი. ღვინო ჩამოასხა ჭიქებში და მაგიდასთან დავსხედით. ოთახში ისევ სიბნელე იყო.
- კიდევ უნდა მაჩუქო რაღაც, - მითხრა მან ცოტა ხნის შემდეგ.
- მაინც?
- სიჩუმე, - თქვა და ღვინო მოსვა. ცოტა დავიბენი, მაგრამ ვუპასუხე:
- წავალ..
- არა, - მითხრა სიცილით, - შენით სავსე სიჩუმე მჭირდება. შეძლებ?
- ვეცდები, - ვუთხარი დაბნეულმა იმიტომ, რომ მაინცდამაინც ვერ გავიგე, რას მოითხოვდა.
- Cheers Darlin’ - წაიმღერა და მთვარის შუქზე ჰაერში შემართული ჭიქის სილუეტი გამოჩნდა.
- დემიენი? - ვკითხე გაკვირვებულმა. მეუცხოვა მისგან სიმღერა, რომელიც მაიმუნებს არ ეკუთვნოდათ.
- ჰო, დემიენი.. ჩუუ! - მითხრა ჩურჩულით და ალბათ საჩვენებელი თითი ტუჩებთანაც მიიტანა.
ხმა აღარ ამომიღია. ვისხედით ასე სიბნელეში, ჩუმად მრგვალ მაგიდასთან ერთმანეთის პირისპირ და ვცდილობდი, გამომეცნო, რას ფიქრობდა და რას ნიშნავდა ეს „შენით სავსე სიჩუმე.“ თავში დემიენ რაისის სიმღერა და ერთი ჭიქა წითელი ღვინო მიტრიალებდა. ისევ ვფიქრობდი, რომ დაუჯერებელი იყო ეს ყველაფერი, რომ ასე არ ხდება, გამორიცხულია.. სიმშვიდე იდგა ოთახში. აბსოლუტური, კოსმიური სიმშვიდე. თითქოს, ქალაქის ერთ ქუჩაზე კი არა, ტრიალ მინდორზე ვყოფილიყავით. და იცით რას მივხვდი? რომ ის იყო მთელი ამ არაამქვეყნიური სიმშვიდის მატარებელი. მიუხედავად იმისა, რომ საღ გონებაზე შეიძლება სულაც არ იყო, მიუხედავად იმისა, რომ შეეძლო, ვიღაც სრულიად უცხო გოგოს მისჯდომოდა პარკში სკამზე გვერდით, მასთან ერთად არანორმალურად ეთია ღამეები და სრულიად აუღელვებლად გაეღვიძებინა ღამის ოთხ საათზე.. მაინც მშვიდი იყო. ის სიმშვიდე დაჰქონდა თან, რომელიც ჰარმონიას ქმნის, თუკი შეიძლება სადმე რეალურად იპოვო ჰარმონია.
ნელ-ნელა ოთახში დილის სინათლე იღვრებოდა. ჩვენ კი ისევ ვისხედით და ერთმანეთს ვუყურებდით. არ ვიცი, ეს რა იყო. მართლა არ ვიცი. კარგად რომ გათენდა, ოთახს თვალი მოვავლე. შევამჩნიე, რომ ის საშინელი ნახატები კუთხეში ეწყო ყველა ერთად. თანდათან რაღაც ფორმები რომ გამოიკვეთა, უცნაური მონატრება ვიგრძენი. არ ვიცი, რატომ, მაგრამ იქაურობა მომენატრა. საკუთარ ფიქრებზე გამეღიმა და მისი ხმაც გაისმა:
- მადლობა.
- რისთვის?
- საჩუქრისთვის. მიდი ახლა დაწექი და გამოიძინე.
- წავალ სახლში.
- გეძინებათ, ქალბატონო არქტიკელო მაიმუნო. შეიძლება, როგორც კი გახვალთ, პირველსავე შემხვედრ ხეს დაეჯახოთ. არამგონია, ეს აზრი გიზიდავდეთ.
გამეცინა და წამოვდექი. ჯერ მასთან მივედი და ჩავეხუტე. აბსოლუტურად გაუაზრებლად. მერე ვუთხარი:
- გილოცავ დაბადების დღეს.
- მადლობა, - მითხრა და გამიღიმა. მერე ორივე ხელი თავზე მომკიდა და შუბლზე მაკოცა.
ლოგინში ჩავწექი და საბანში გავეხვიე.
- ძილინებისა, - ზემოდან თბილი პლედი გადამაფარა.
- შენ სად მიდიხარ?
- სამზარეულოში.
- არ გეძინება?
- ჯერ არა.
- კარგი, - ვთქვი და თვალები დავხუჭე. მაშინვე ჩამეძინა.
დილით თვალი რომ გავახილე, საწოლის წინ მდგარი მოლბერტი დავინახე. ხელით თვალის მოფშვნეტა მინდოდა, როცა მისი ხმა გავიგე:
- მოიცა, არ გაინძრე!
- რას აკეთებ?
- ვერ ხედავ? - კითხვითვე მიპასუხა და გამომხედა.
- კარგი რა.. მძინარეს ვინმე რომ მიყურებს იმასაც კი ვერ ვიტან და შენ მხატავ?
- მოიცა, რატომ ვერ იტან? - მკითხა გაკვირვებულმა.
- არ ვიცი. მაგის გამოა არასდროს რომ არ მძინებია არც მატარებელში და არც ორდღიან ექსკურსიებზე. მგონი, კომპლექსი მაქვს.
- რისი? - ამჯერად სიცილით მკითხა.
- ნუ დამცინი. მართლა არ ვიცი, მაგრამ საშინლად უხერხულად ვარ, როცა ვიღაცის თვალწინ მძინავს.
- მგონი, სამკურნალო ხარ.
- კარგი ახლა.. შენ მაინც არ გაქვს ვინმესთვის მაგის თქმის უფლება.
- ერთით ერთი, - თქვა მან და წინა ღამე გამახსენდა.
ხატვას რომ მორჩა, თავისუფალი ხარო, მითხრა და მეც შვებით ამოვისუნთქე. ნახატი არ მანახა. ღირსი არ ხარო და არ მანახა. ბოლოს რომ მივხვდი, არანაირი აზრი არ ჰქონდა, წუწუნიც შევწყვიტე და ჩხუბიც.
- ჩაის დაგალევინებ, თუ გინდა, - მითხრა როცა „დავწყნარდი.“
- არ მინდა.
ჩემს პასუხზე იმდენი იცინა, ბოლოს ცრემლებს იწმენდდა.
- ტყუილად იბუსხები. მაინც არ გაჩვენებ. ლიმონი არ მაქვს ოღონდ.
- არ მინდა-მეთქი.
- როგორც იტყვი.. - ჩაილაპარაკა და სამზარეულოში გავიდა. მე მობილური ავიღე და გასასვლელისკენ წავედი. იქიდან გამოვძახე:
- წავედი მე!
- სად მიდიხარ? - მაშინვე ჩემთან მოვიდა.
- სახლში.
- მოიცა, მართლა გაბრაზდი?
- არა. სახლში მივდივარ, უბრალოდ.
- ესე იგი, არ ხარ გაბრაზებული?
- არა.
- ნამდვილად?
- ნამდვილად.
- მაშინ გამიღიმე.
ტუჩებით რაღაც მოძრაობა გავაკეთე,მაგრამ არ ვიცი, გაღიმებას ჰგავდა თუ არა. სახლში წამოვედი. არ ვიყავი გაბრაზებული. უფრო სწორედ, არ ვიცოდი, რას ვგრძნობდი.
ორი დღის შემდეგ, სადარბაზოდან რომ გამოვედი, დავინახე, რომ ჩემი სახლის წინ აგურის კედელი ყვითლად იყო შეღებილი და ზედ შავად ეწერა: „Who wants to sleep in the city that never wakes up?” „Old Yellow Bricks” გამიელვა თავში. ისევ Arctic Monkeys..
- ასეთ ქალაქში ვერავინ ნახავს, როგორ გძინავს, - მომესმა გვედიდან ნაცნობი ხმა.
- Old yellow bricks... - წავიმღერე და მივუახლოვდი.
- Love’s a risk, - გააგრძელა მან.
- Quite the little escapologist…
- Looked so miffed
- When you wished
- For a thousand places better than this.
ვიდექით შუა ქუჩაში და ვმღეროდით. სიცილს ვერ ვიკავებდი.
- ორით ერთი - ვთქვი ბოლოს.
ჩამეხუტა. მერე ჩურჩულით მითხრა:
- დებილი ხარ.
- მაჩვენებ ნახატს? - ვკითხე და საწყალი, მშიერი ლეკვივით შევხედე. გაეცინა და მიპასუხა:
- არა.

***
ეს იყო. ისევ გაურკვევლობა და თან უცნაური სიმსუბუქე. თითქოს არანაირი ვალდებულება არ გვამძიმებდა და მთავარი სწორედ ეს იყო. ჩვენ არ ვიყავით ერთად. კვირაში ერთხელ შეხვედრა და სიგიჟე ყველაფერი არ იყო. ან, იქნებ, იყო კიდეც ყველაფერი.. ყოველ შემთხვევაში, მთავარი ის იყო, რომ არაფერი ამღვრევდა ჩვენს ურთიერთობას. არც ერთმა არ ვიცოდით, რა იქნებოდა ბოლოს და მაინც ვგრძელდებოდით. თითქოს, ასე იყო საჭირო.
იმ დღეს მე ჩემს საქმეზე წავედი და ის ჩემთან დავტოვე სახლში. დაგელოდებიო, მითხრა. რამდენიმე საათში დავბრუნდი და სახლში საოცარი სცენა დამხვდა: მაგიდა იყო გაშლილი.
- ღმერთო, რა სუნია! - ვთქვი, როგორც კი სახლში შევედი.
- ნუ დამცინი,- მომეგება არქტიკელი მაიმუნი.
- რას აკეთებ?
- ვბოდიალობ.
- საოცარი სუნია.
- „მადამ ბოვარი“ იწვის ღუმელში.
სასწაულად გამეცინა და პალტო გავიხადე.
ყველაფერი უგემრიელესი იყო. ისედაც ყოველთვის ვგიჟდებოდი „მადამ ბოვარზე,“ მაგრამ ასეთი გემრიელი იქამდე არსად გამესინჯა. ღვინოს ვსვამდით და ვამჩნევდი, რომ უცნაურად მიყურებდა. თითქოს, რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ განსაკუთრებული მთელი ვახშმის განმავლობაში არაფერი უთქვამს. ჭამას რომ მოვრჩით, სანამ ის ჭურჭელს რეცხავდა, მე ტანსაცმელი გამოვიცვალე, თმა გავიშალე და საწოლზე მივწექი. ცოტა ხანში ისიც შემოვიდა და გვერდზე მომიწვა. თავიდან არაფერს ამბობდა, მერე ღრმად ამოისუნთქა და დაიწყო:
- საკუთარ თავზე რატომ არასდროს ფიქრობ? - დავიბენი და ვკითხე:
- რას გულისხმობ?
- ყოველთვის იმას რატომ აკეთებ, რაც სხვას უნდა და არასდროს ფიქრობ იმაზე, რა გინდა შენ.
- ვერ გავიგე, რას ამბობ.
- რას და იმას, რომ დგები ღამის ოთხ საათზე იმიტომ, რომ ვიღაც იდიოტმა ბიჭმა, რომლის სახელიც კი არ იცი, გთხოვა ასე. დგები და მიდიხარ იმისთვის, რომ ვისკის სუნით აქოთებულს უსმინო გამთენიისას პარკში, - ავფეთქდი:
- ჰო, გავაკეთე ეს. იმიტომ გავაკეთე, რომ იმ იდიოტ ბიჭს, რომლის სახელიც კი არ ვიცი, მაშინ ეს საშინლად სჭირდებოდა.
- შენ გჭირდებოდა?
- ამას ამ შემთხვევაში რამე მნიშვნელობა აქვს?
- ამას ყოველთვის აქვს მნიშვნელობა, მაიმუნო. ერთხელაც იქნება, ვიღაც გატკენს შენი ასეთი ხასიათის გამო. იმის გამო, რომ საკუთარ თავზე წინ სხვას აყენებ. შენ რატომ არასდროს დაგირეკავს ჩემთვის ღამის თორმეტზე თუნდაც ისეთი სულელური მიზეზით, როგორიც ჩემთან ერთად ღამის სიჩუმეში გატარებაა. რატომ არასდროს ამბობ, რა გინდა? ან.. ან.. ლანძღვა-გინებით რატომ არ მითიშავ ტელეფონს ამ დროს? იქნებ სულ არ გაქვს ხალისი, რომ მომისმინო? იქნებ, არ გინდა ჩემთან ერთად ყოფნა.
შიგნით რაღაც ჩამწყდა და გულდაწყვეტილმა ვუთხარი:
- ოდესმე გიგრძვნია ჩემგან, რომ იმ წუთში შენთან ერთად ყოფნა არ მინდოდა? - და ზურგი შევაქციე. მან ჩემი თმები ხელში მოაქუჩა და დაწნა დაიწყო. ცოტა ხანს ჩუმად იყო. მერე მითხრა:
- უნდა წავიდე.
- წადი, - ვუთხარი მშვიდად. მეგონა, მაშინ ჩემი სახლიდან წასვლას გულისმობდა.
- არა, არა.. სულ უნდა წავიდე, - გავშრი. რამდენიმე წამში, გონს რომ მოვედი, ვკითხე:
- სად უნდა წახვიდე?
- არ ვიცი. რა მნიშვნელობა აქვს. მთავარია, რომ წავიდე.
- რატომ?
- დავიღალე და იმიტომ, - მეორედაც გავქვავდი და ძლივს ვუთხარი:
- ჩემგან წასასვლელად ძალიან მარტივად შეგიძლია კარიდან გახვიდე და აღარ დამირეკო. ქვეყნიდან გადახვეწა რა სავალდებულოა.
- შენ რა შუაში ხარ?!
- აბა ვინაა შუაში?
- ყველაფერი ერთად. საკუთარი თავიდან დაწყებული. სადღაც შეიძლება გავსკდე... ისე, რომ ვეღარასდროს გავმთელდე.
- მესმის, - მართლა თავიდან ბოლომდე ვხვდებოდი, რასაც გულისხმობდა.
- არ მინდა, რომ... - დაიწყო, მაგრამ გავაწყვეტინე:
- არ მიყვარხარ, - არ ვიცი, ეს რატომ ვთქვი. მართლა არ ვიცი. არაფერ შუაში იყო აქ ახლა მსგავსი რამ. და რომც ყოფილიყო, რა აუცილებელი იყო ამის ასე თქმა? იდიოტი ვარ-მეთქი გავიფიქრე ის კი შეჩერდა. თმის დაწნას თავი დაანება და რამდენიმე წამით გაჩუმდა. მერე გააგრძელა და მითხრა:
- კარგია.
არაფერი მითქვამს. უკვე გვიანი იყო. მან საწოლის თავზე დაკიდებული პატარა სანათი გამორთო, ძალიან, ძალიან მჭიდროდ მომეხვია, ჩემი ხელები თავისაში მოიქცია, თავზე მაკოცა და მითხრა:
- ძილინებისა, მაიმუნო.
დილით საწოლში მარტომ გავიღვიძე. ზუგრზე დავწექი, ხელები მუცელზე დავიწე და წინა ღამის საუბარი დელატებში აღვიდგინე. კარგად რომ დავფიქრდი, მივხვდი, რომ შეიძლება სადღაც მართალიც იყო, მაგრამ იმას ვერ ვიტყოდი, რომ მის ყველა თხოვნას იმიტომ ვასრულებდი, რომ ის დამეყენებინა საკუთარ თავზე წინ. სინამდვილეში მე ეს მსიამოვნებდა. უბრალოდ, მინდოდა ამის გაკეთება და დამთავრდა. თუმცა ის სხვა რამესაც გულისხმობდა და ის ვეღარ უარვყავი, რომ მართალი იყო, როცა ამბობდა, არასდროს ფიქრობ იმაზე, შენ თვითონ რა გინდაო. მერე ისიც გამახსენდა, წასვლა რომ ახსენა და წამიერად გავიყინე. ერთიანად შიშმა მომიცვა. ავკანკალდი. საშინლად მომინდა იმ წუთში მისი ნახვა. მაშინვე წამოვვარდი ლოგინიდან, ხუთ წუთში გავემზადე და მისი სახლისკენ წავედი. მასთან მისულმა გიჟივით დავიწყე კარზე კაკუნი და მერეღა შევამჩნიე კარზე მიკრული პატარა თეთრი ფურცელი. გავქვავდი. “Will you pour me one for the road?” ეწერა სიმღერის ტექსტი ფურცელზე და გვერდით პატარა, ყინულებიანი ვისკის ჭიქა იყო მიხატული.
წავიდა.
წავიდა.
მაინც კიდევ დიდ ხანს ვაკაკუნე, სანამ კარის მეზობელი არ გამოვიდა და მითხრა:
- ამ დილით წავიდა, შვილო.
დარწმუნებული ვიყავი, აზრი არ ექნებოდა, მაგრამ მაინც დავურეკე მობილურზე. ამაოდ. გათიშული აღმოჩნდა. დანგრეულმა ჩავიარე კიბეები და ქუჩაში გავედი. ყურსასმენებში ტერნერმა “Do I Wanna Know” დაიწყო. „ამ დილით წავიდა, შვილო“ - თავში მიტრიალებდა სიტყვები, რომლებმაც პირდაპირ შემაჯახეს რეალობას. მერე ეს სიმღერა..
„If this feeling flows both ways..” - ჰო, ჩემთან ყველგან იყო ეს გრძნობა. მთელ სხეულში.
“Sad to see you go” - დიახაც, მეწინა მისი წასვლა. საშინლად მეწყინა. მიუხედავად იმისა, რომ ვამბობდი, ყოველი წასვლისას დარწმუნებული ვიყავი, რომ უკან აღარასდროს დაბრუნდებოდა-მეთქი, მაინც..
“Sort of hoping that you’d stay” - აი ეს იყო დამანგრეველი. მაინც იმედი მქონდა, რომ არ წავიდოდა.
“Baby, we both know, that the night were mainly made for saying things that you can’t say tomorrow day…” - აგრძელებდა ტერნერი. წინა ღამის საუბარი გამახსენდა ისევ და ვეღარ გავუძელი. ყურსასმენები მოვიძრე, ჩანთაში ჩავტენე. მერე ტელეფონიდან მეხსიერების ბარათი ამოვიღე და ურნაში მოვისროლე.
სახლში მისულმა დავხიე Arctic Monkeys ყველა პლაკატი, გავანადგურე ყველა ალბომი, ნაკუწებად ვაქციე ჯგუფისლოგოიანი შავი მაისური და საერთოდ ყველაფერი რაც მათ უკავშირდებოდა. მერე რატომღაც მეილი შევამოწმე. ერთი ახალი წერილი დამხვდა. გამომგზავნი ‘mrarcticmonkey’ იყო. წერილში კი ისევ სიმღერის ტექსტიდან ამოღებული ერთადერთი წინადადება ეწერა: „He’s a scumbag don’t you know?” საპასუხო წერილის მიწერა შეუძლებელი აღმოჩნა. არც გამკვირვებია. „მართლა რა ნაბი*ვარია“ - ჩავილაპარაკე ჩემთვის და ლეპტოპი დავკეცე.

***
სახლიდან გავედი და პირველსავე შემხვედრ ბარში შევედი. ვისკის ვსვამდი და ვფიქრობდი, რა შეიძლებოდა გამეკეთებინა. ვერ ვხდებოდი, რატომ მიჭირდა ეს ასე ძალიან. აქამდე მთელი თვით რომ იკარგებოდა ხოლმე, ხომ თავისუფლად ვუბრუნდებოდი ჩემს ჩვეულ ცხოვრებას? სადღაც წამიკითხავს, მონატრება სივრცითი მოვლენაა და არა დროითიო. შეიძლება ადამიანი რამნდენიმე კვირა არ ნახო და არ მოგენატროს, მაგრამ საკმარისია, მისი ნახვის შანსები ნულს გაუტოლდეს, რომ მაშინვე მონატრება გეწყებაო. ასეა. მეგონა, ვეღარაფერს გავაკეთებდი. არადა, არ იყო ჩემთვის ასეთი მნიშვნელოვანი. არ უნდა ყოფილიყო და იქამდე მეგონა, რომ არც იყო, მაგრამ სწორედ მან, უსახელო უცნობმა შეძლო რომ იმ წუთას მე ბარში ვიჯექი და ვსვამდი კაცივით. მეორე ჭიქა რომ გამოვცალე, სანამ ახალს შევუკვეთავდი, გვერდიდან მომესმა:
- იქნებ დაგპატიჟოთ? - გავიხედე და გვერდით სკამზე წაბლისფერთმიანი კაცი იჯდა. სხვა არაფერი შემინიშნავს და არც ვაპირებდი მისი გარეგნობით მაინცდამაინც დაინტერესებას.
- არ გირჩევთ. ბევრის დალევას ვაპირებ.
ბარმენს ორი ჭიქა ვისკი მაინც შეუკვეთა და მერე მე მომიბრუნდა:
- მოხდა რამე?
- თქვენ როგორ გგონიათ?
ხმა ჩაიწყვიტა. პირდაპირი მნიშვნელობით. დამუნჯდა და მეგონა, მოვიშორე-მეთქი, მაგრამ შევცდი. ჩემი „ბედნიერება“ მხოლოდ რამდენიმე წუთს გაგრძელდა. მერე ისევ მისი ხმა გაისმა. სახელი მითხრა. დათოო თუ ზურაო თუ მალხაზი თუ გიორგი.. არ მახსოვს. ის აღვიქვი, უბრალოდ, რომ სახელი მითხრა. ჭიქა გამოვცალე. ზრდილობის გულისთვის მადლობა ვუთხარი და ბარმენს თვალებით ვანიშნე, კიდევ დაესხა.
- უკაცრავად, - ჩაახველა ისევ ცოტა ხანში ჩემმა „თანამეინახემ.“
- რა გნებავთ? - პირველად შევხედე თვალებში. ისიც, გაღიზიანებულმა.
- მინდა, რომ მეცეკვოთ.
- დღეს რაღაც რჩევებს უხვად გავცემ. ახლაც გირჩევთ, არც იფიქროთ ამაზე.
- მხოლოდ ერთხელ.
შეკამათების თავიც არ მქონდა. ავდექი და გავყევი. ვცეკვავდით, თუმცა არ ვიცი, ამ ყველაფერს ცეკვა ერქვა თუ არა საერთოდ. გაბრუებულმა ყელზე ტუჩების შეხება ვიგრძენი. უკვე საკმაოდ ბევრი მქონდა დალეული. თან ტვინში ყველაფერი არეული მქონდა. ყველაფერი. არა ამის ბრალი სულაც არ იყო, მაგრამ..
მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, იმ კაცთან, დათოსთან თუ ზურასთან თუ მალხაზთან თუ გიორგისთან ვიწექი. ყველაფრისგან დაცლილი აქტი იყო. არაფერი.
მერე იყო სექსი და ალკოჰოლი.
ბევრი სექსი
და კიდევ უფრო მეტი ალკოჰოლი.
იყო გიორგი,
ნიკუშა,
ლევანი,
ზაზა,
ჯაბა,
საბა,
ანდრო,
ირაკლი,
ერეკლე,
და ა.შ. და ა.შ.
მე ვიყავი
ნინა,
ნანა,
სალი,
მარიამი,
თიკა,
ლიზა,
ქეთი,
თამთა,
ანი
და ა.შ. და ა.შ.
და იყო არაფერი. მოვდიოდი. უხმოდ, უთქმელად. არ ვიცოდი, რამდენი ასეთი წასვლა დამჭირდებოდა, რომ არქტიკელი მაიმუნის წასვლისთვის გადამეხადა სამაგიერო. ვერაფრით მივხვდი, ვერაფრით ვიგრძენი, რა „მუღამი“ აქვს ადამიანის დატოვებას. ალბათ იმიტომ ვერ მივხვდი, რომ აქ გრძნობა არ იყო. ისევ ის იმარჯვებდა. ჩემი ყოველი წამოსვლა მხოლოდ პატარა გამარჯვება იყო, მაგრამ საბოლოო ანგარიშში ქულები მაინც მის სასარგებლოდ იწერებოდა.
თითქმის წელიწადი გავიდა ასე თამაშ-თამაშით. მაიმუნების არც ერთი სიმღერისთვის არ მომიკრავს მთელი ამ დროის განმავლობაში ყური, მაგრამ მას მაინც ვერ ვივიწყებდი. ვერ ვპატიობდი. საკუთარ თავს ვერ ვპატიობდი იმას, რომ იგრძნო. იგრძნო ისე, რომ ვერც შეამჩნია და მერე ამ გრძნობას უფლება მისცა, დაენგრია, ნაცარტუტად ექცია, ბოლო მოეღო.
მექანიკურად ვმოძრაობდი. თითქმის არაფერს ვაკეთებდი აზრით და გრძნობით. მერე თანდათან მივეჩვიე და აღარც მიჭირდა. გარშემო ვერაფერს ვამჩნევდი ჩემი ქვედა მეზობლის სახლიდან გამომავალი ხმაურის გარდა. იმასაც იმიტომ, რომ ბოლო პერიოდში უკვე ძალიან ძალიან მაწუხებდა. სულ ჩხუბის ხმა გამოდიოდა. ერთხელ, როცა კიბეებზე ავდიოდი, სახლის კარი ღია იყო და იქიდან რაღაც საუბარი ისმოდა:
- რა? ეს რა არი? 10 000 ვის ეყოფა? შე კვერცხო, ხო არ დაგავიწყდა, რო მილიონნახევარი გაქვს ვალი? რო მოდიხარ იქ და თამაშობ, ფაქტი სახეზეა, ტ*აკის თამაშის მეტი არაფერი გამოგდის. ორ თვეს გაძლევ, იცოდე. ორ თვეში ფული ხელში უნდა მქონდეს. ქეშად. თუ არა და...
სანამ სახლამდე ავედი, მხოლოდ ეს გავიგონე, მაგრამ საკმარისი აღმოჩნდა, რომ ყველაფერს მივმხვდარიყავი. ამ კრეტინ კაცს ვალები ჰქონდა. ისედაც ვალების გამო გაყიდა თავის დროზე ყველაფერი, რაც გააჩნდა და აქ, ერთოთახიანში გადმოსახლდა. რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ამჯერად ამხელა თანხას ვერსაიდან გააჩენდა. მერე გავიაზრე, რომ ეს ჩემი საქმე საერთოდ არ იყო და ფიქრს შევეშვი.
იმ დღის შემდეგ კიბეებზე ამოსვლისას იმ კარებთან ძალიან ბევრჯერ დამინახავს მაღალი, ჩასხმული კაცი შავი სათვალეებით. საშინელ სიცივეს გამოსცემდა, მე კი ყოველთვის ეჭვის თვალით მიყურებდა. არ ვიცი, რატომ.
ერთ დღესაც, ამ კაცმა შემაჩერა და მითხრა:
- მისმინე... - გავჩერდი, მაგრამ არაფერი მითქვამს. მან გააგრძელა: - იცოდე, სადმე ხმას თუ ამოიღებ...
- რაზე უნდა ამოვიღო ხმა? - ვიკითხე გულწრფელად.
- ყველაფერზე, რასაც აქ ისმენ.
- ხმაურის მეტს ვერაფერს ვისმენ.
მიხვდა, რომ მოვატყუე. მართალია, მნიშვნელოვანი არაფერი გამეგონა, მაგრამ რაღაც მაინც ვიცოდი. თუმცა იმის აზრზეც კი არ ვიყავი, ეს ვისთან უნდა მეთქვა ან რატომ.
- ჭკვიანად იყავი, - მითხრა, სათვალე შეისწორა, მარჯვენა ხელი ვითომ შემთხვევით ოდნავ გასწია, რომ ბუდეში ჩასმული კოლტი დამენახა. ხმის ამოუღებლად ავედი ჩემს სართულზე. საშინლად არ მესიამოვნა ამ კაცთან შეხვედრა, მაგრამ მაინც მეგონა, რომ არაფერი მემუქრებოდა.

***
ცხოვრება ჩვეულებრივად მიმდიოდა. მთელი დღე ქალაქის ძველი ქუჩები, ღამით კი ბარები მექცა ჩვევად. გრძნობით ვერაფერს ვგრძნობდი და ესეც აღარ მაწუხებდა მაინცდამაინც. მივეჩვიე, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ მინდოდა, რომ სულ არ ვგეგმავდი, რაღაც მოხდა, ან უფრო სწორედ, ვიღაც მოხდა, ვინც ყველაფერი შემიცვალა. შეგუებული ვიყავი, რომ ჩვენს ურთიერთობაში რაც კი ხდებოდა, ყველაფერი ზუსტად ასე უნდა მომხდარიყო და ეს ყველაფერიც ასეთ მოვლენებს მივაწერე. სიმართლე რომ ვთქვა, არ ვიცოდი, საიდან მქონდა მაშინ ამხელა სიმშვიდის გამოვლენის უნარი. შინაგანად ვიწვოდი, ვდუღდი, ვიმტვრეოდი, მაგრამ არაფერი მემჩნეოდა. ზოგჯერ თავადაც ვერ ვიჯერებდი, რომ ჩემს შიგნით ჯოჯოხეთი ტრიალებდა. მერე ჩავცხრი. არაფერი. სიცარიელე დადიოდა ჩემი სახით ქალაქში.
ერთ დღესაც ბორდიულზე ვიჯექი და ვცდილობდი, სიგარეტისთვის ცეცხლი მომეკიდებინა. სანთებელა ვერაფრით ავანთე. უცებ პირდაპირ ჩემ ცხვირწინ ცეცხლი აისვეტა. მექანიკურად მივწიე სიგარეტი, მაგრამ ალმა უკან დაიხია. გავყევი, ისევ უშედეგოდ. ბოლოს სიგარეტი გამოვიღე, თითებშორის მოვიქციე და ქვემოთ ჩამოვწიე.
- აბა გაბრაზებული ვარ სიგარეტზეო? - გავიგონე ნაცნობი ხმა. არ დავიჯერე. უბრალოდ, ვერ დავიჯერე და რეაქციაც არ მქონია. არაფერი მითქვამს. ღერი გამომართვა და შუაზე გადატეხა. მხოლოდ ახლა გავაპარე მზერა მისკენ. ის იყო. ჰო. არქტიკელი მაიმუნი იჯდა ჩემ გვრდით ბორდიულზე და დაწვრილებული თვალებით მიყურებდა. მე ისევ არ ვიღებდი ხმას.
- არ დაგიმალავ და საშინლად გამოიყურები,- პირდაპირ მაჯახა ჩემმა ძველმა ნაცნობმა. ემოცია კვლავ არ გამომიმჟღავნებია, მაგრამ ჩემი საღი ნაწილი სადღაც გულის სიღრმეში დაეთანხმა მის სიტყვებს.
- რას გავხარ მართლა? მე აქ ადამიანი დაგტოვე, როგორც მახსოვს.. - გავხედე და წამით, სულ წამით შეხვდა ჩვენი მზერა ერთმანეთს. ისევ ტროტუარს ჩავაჩერდი. მან გააგრძელა:
- ადექი, წამოდი.
ადგილიდან არ დავძრულვარ.
- ადექი-მეთქი.
ისევ არაფერი.
- ძალით წაგიყვან იცოდე.
არც კი შემიხედავს.
- მაიმუნო.. - თქვა და ჩემ წინ ჩაიმუხლა. გამაჟრჟოლა. ბოლოს თითქმის წელიწადის წინ მოვისმინე ეს სიტყვა. თანაც ზუსტად ამ ადამიანის ხმით. თვალებში შევხედე. ორივე ხელი ჩემს ხელებს ჩასჭიდა და ამაყენა.
რაღაც მანქანაში ჩავსხედით და მის სახლამდე მივედით. გაკვირვებაც ვერ მოვახერხე. ვერ ვაზროვნებდი. თითქმის ძალით შემიყვანა სახლში და შუა ოთახში დამაყენა. ქურთუკი ჯერ თვითონ გაიხადა, მერე მე მომდგა ზურგიდან. ბოლოს ხელი მომკიდა და აბაზანაში „შემიტანა.“ დუშიდან ცხელი წყალი მოუშვა და ისევ ჩემთან დაბრუნდა. ნელ-ნელა, საკუთარი ხელით გამხადა ტანსაცმელი. მერე, სანამ გავიდოდა, მითხრა:
- ადამიანს დაემსგავსე.
დუშის ქვეშ დავდექი. ცხელ წყლის ჭავლმა ცოტა გონზე მომიყვანა და თანდათან ყველაფრის გაანალიზება დავიწყე. „დაიცა, შენ გინდა თქვა, რომ ახლა ერთი კედლის იქით ის დგას?“ - ვეკითხებოდი საკუთარ თავს. „მერე რა?“ - მიპასუხა მან. „არც არაფერი“ - დავფიქრდი მეც და სველ თმაზე ხელი გადავისვი.
პირსახოცშემოხვეული გამოვედი აბაზანიდან და ოთახში საწოლზე ჩემი ძველი ჯინსის შარვალი დამხვდა გადაფენილი. ეს აქ საინდან მოხვდა-მეთქი გავიფიქრე და მერე გამახსენდა, რომ რამდენიმე კვირა იმ სახლში ვცხოვრობდი. ალბათ მაშინ დამრჩა. შარვალი ამოვიცვი. რომ გამოვბრუნდი, ჩემი მასპინძელი დავინახე. ახლაღა აღვიქვი თავიდან ბოლომდე. რაღაცნაირად შეცვლილი იყო. თითქოს გაზრდილი ან.. არ ვიცი. ხელში Arctic Monkeys ლოგოიანი შავი მაისური ეკავა. არაფერი მითქვამს,მაგრამ, ალბათ, თვალებში ამოიკითხა ჩემი აზრი: „ამას არ ჩავიცვამ“ და მიპასუხა:
- ჩაიცვამ.
რომ არ გავინძერი, ისევ იგივე გამიმეორა და დაამატა:
- ამის მეტი არაფერი მაქვს. შენი ტანსაცმელი უკვე სარეცხ მანქანაშია. ტყუილად ოცნებობ. ან ამას ჩაიცვამ, ან ტიტველი ივლი. შენი გადასაწყვეტია.
მაისური საწოლზე დამიტოვა და სამზარეულოში გავიდა. მაისურს მისი სუნი ჰქონდა. ძლივსძლივობით ჩავიცვი. ასე ძალიან არაფერი გამჭირვებია. ტანში მცრიდა და ვერ ვმოძრაობდი.
- გიხდება, - მითხრა ღიმილით, როცა ოთახში დაბრუნდა და ხელში ლიმონიანი ჩაით სავსე დიდი ჭიქა მომაჩეჩა.
ვიდექი და ჩაის ვსვამდი. ის საწოლზე იჯდა, გადაწოლილი კედელს მიყრდნობილი და მიყურებდა, მაგრამ არაფერს ამბობდა. სულ რომ დავლიე, დაცლილი ჭიქა იქვე, მაგიდაზე დავდე. შემომხედა. რამდენიმე წამს მიყურა და მითხრა:
- დიდ ხანს უნდა იდგე ასე? - მხოლოდ გვერდულად გავხედე. ხმა არ ამომიღია.
რამდენიმე წამში ოთახი ტერნერის ხმამ გაავსო. Only Ones Who Know ვიცანი და თავბრუ დამეხვა. სკამის საზურგეს მოვეჭიდე რომ არ წავქცეულიყავი. სახეზე გაოცება დაეტყო მას და მითხრა:
- რა გჭირს? - ხმა რომ არ გავეცი, ცოტა ხანში საწოლზე გემრიელად მოეწყო და მშვიდად, თითქმის ჩურჩულით მითხრა:
- მოდი აქ.
ნელა ძალიან ნელა მივედი საწოლამდე. ის მღეროდა: „You are the only ones who know..” გვერდით მივუწექი. ხელები ლოყის ქვეშ ამოვიდე და ზურგი ვაქციე. როგორც მაშინ, პირველად.
- მხრები ისევ ისეთი ლამაზი გაქვს, - მომესმა უკნიდან და თითმა ახლაც ის გზა გაიარა, რაც მაშინ. მკლავები შემომხვია და ზურგით მისი მკერდი ვიგრძენი. მომეხვია. ისევ ისე.. ისევ ისე და თვალები დავხუჭე. მთელი წლის განმავლობაში პირველად მეძინა მშვიდად.
ღამის სამ საათზე გამეღვიძა. რომ გავმოძრავდი, ისიც შეიშმუშნა და ზურგზე გადავწექი. მან თავი ხელის გულს დააყრდნო და ზემოდან დამაცქერდა:
- მისმინე.. - დაიწყო მშვიდად, - რატომ არ მთხოვ, რომ ყველაფერი აგიხსნა?
- მაშინ ისიც უნდა აგიხსნა, მე რატომ ვიწექი 252 კაცთან.
- ითვლიდი? - მკითხა ისე, თითქოს მთელ ჩემს ნათქვამში მხოლოდ ეს ყოფილიყო გასაკვირი.
- შენი წასვლიდან ვითვლიდი დღეებს და ესეც შემომეთვალა, - ვუთხარი სასხვათაშორისოდ. ცოტა ხანს ჩუმად მიყურებდა. მერე მითხრა:
- აბა, არ მიყვარხარო?
- არ მიყვარხარ, - დავადასტურე მაშინდელი ნათქვამი და დავამატე: - მერე რა?
- მაშინ რატომ.. - ვეღარ დაამთავრა კითხვა. არც იყო გასაკვირი. თავადაც ვერ ვპოულობდი სიტყვებს, რომ ჩემი მდგომარეობა გადმომეცა. ჰოდა, აღარ ვაწვალე და ვუპასუხე:
- არ ვიცი.
ისიც ზურგზე დაწვა და ხელები თავქვეშ ამოიდო.
- იცი ყველაზე მეტად შენი რომელი ნახატი მომწონს? - ვუთხარი ისე, რომ არც შემიხედავს. აი მან კი გადმომხედა და მკითხა:
- რომელი?
- ოთახის ბოლოში, კუთხეში კიდია. პატარა ნახატია. ზღვა და თოლიები.

***
ზღვაზე წავედით.
იმავე დღეს. ბევრი არაფერი ჩაგვილაგებია და მისი მანქანით წავედით. არ ვიცი, საიდან ან როდიდან ჰყავდა ეს მანქანა და ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონია. საოცარი იყო მთელი გზა, მაგრამ ვხვდებოდი, რომ ეს ყველაფერი მის წასვლამდე რომ მომხდარიყო, კიდევ უფრო სხვანაირი იქნებოდა. ახლა სიმძიმე ეტყობოდა ჰაერს. მიუხედავად იმისა, რომ მაიმუნები აყრუებდნენ მთელ მანქანას და იმ რამდენიმე საათში თითქმის მთლიანად ავინაზღაურე, რაც მთელი წელი არ მომისმენია, მაინც რაღაც არ იყო ისე, როგორც მაშინ, როცა შუა ღამეს ბოლო ხმაზე ვმღეროდით ჩემს სახლში.
სამი დღე დავრჩით. შემოდგომა იყო და მთელ დღეს ცარიელ სანაპიროზე ვატარებდით. ერთხელაც ასე, ვისხედით პლიაჟზე წამოვდექი და ზღვასთან ახლოს მივედი. შემოუბრუნებლად ვთქვი:
- ზღვას რომ ვუყურებ, ყოველთვის დაუოკებელი სურვილი მიჩნდება, თავიდან ბოლომდე მშთანთქოს. აი ასე. მარტივად და უპრობლემოდ. ერთი ნაბიჯი.. ორი.. სამი და აღარ ვიქნები.
ზღვას უფრო მივუახლოვდი. მერე უკან მოვიხედე და გულზე ხელებდაკრეფილ მაიმუნს ვკითხე:
- რას იზამ, ახლა რომ ავისრულო ეს სურვილი?
- არაფერს.
- რა? - ვკითხე და ბოლომდე შემოვტრიალდი. ზღვისკენ უკუსვლით წავედი.
- არაფერს არ ვიზამ.
- რატომ?
- იმიტომ, რომ არ გააკეთებ მაგას,- თქვა და ხელები ჩამოუშვა.
- რა იცი?
- ვიცი.
კიდევ უფრო ახლოს მივედი ზღვასთან და ხელები გავშალე.
- ერთი-ორი შეკივლება მხოლოდ. მეტი არაფერი. და შენ ეს იცი, - თქვა მან ხმამაღლა. მერე ჩემკენ წამოვიდა. მე გავჩერდი. მომიახლოვდა, ჩემი სახე ხელებში მოიქცია და შუბლზე მაკოცა. მერე ჩამიხუტა.
ბოლო დღე იყო. სანამ წამოვიდოდით, გადავწყვიტეთ, ბოლოჯერ გვენახა თეთრი ზღვა. ჰო, ის ზღვა მაშინ თეთრი იყო. ღრუბლებისფერი. ფეხმორთხმით ვისხედით კენჭებზე და აქაფებულ ტალღებს ვაკვირდებოდით. უცებ სიჩუმე მისმა ხმამ დაარღვია:
- იცი, რას ვგრძნობ?
- არა, - ვუპასუხე მე. არც კი შემიხედავს, მაგრამ გულში ჩხვლეტა ვიგრძენი. იქნებ მან მაინც მითხრას, რა ჰქვია ამ ყველაფერს-მეთქი.
- არც მე, - თქვა მან და შემომხედა. მერე გააგრძელა, - არ ვიცი. ვერ ვარკვევ.
- რა მნიშვნელობა აქვს, - ჩავილაპარაკე გაუცნობიერებლად. სახეზე რაღაც შვებისმაგვარი გამოეხატა. მერე გაიღიმა.
- იცი, ამაზე ბევრს არ ვფიქრობ, - მითხრა დუმილის შემდეგ.
- არც მე.
დიდხანს მიყურა ჩუმად.
- ახლა მივხვდი, - წამოიძახა მერე აღმოჩენით გახარებულმა.
- რას? - ვერ მივხვდი, რამ გააოცა ასე ძალიან.
- რას ვგრძნობ.. კი არა და.. ვის ვგრძნობ.
გავჩუმდი საბოლოო პასუხის მოლოდინში. მანაც არ დააყოვნა:
- შენ გგრძნობ, მაიმუნო. შენ და ეს სრულიად საკმარისია. ყველაფრისთვის.
ჟრუანტელმა დამიარა. არ ვიცი, სიხარულის იყო, გაოგნების თუ სიცივის, მაგრამ მთელი ტანი დამიბუჟდა წამით. მერე ვიგრძენი, რომ ვიღიმოდი. ჩემი თანამგზავრი ადგა, ხელი გამომიწოდა და მეც ამაყენა. ხელი მომხვია, გულზე მიმიხუტა და ყურში მითხრა:
- მომენატრე, იცი?
მერე წამოვედით. დავტოვეთ ზღვა, რომელიც იყო ისეთი თეთრი, როგორც არასდროს. ღრუბლისფერი.

***
უსიტყვოდ დავბრუნდით ქალაქში. არცერთს ამოგვიღია ხმა. ისევ მის სიტყვებზე ვფიქრობდი. ალბათ, ისიც. ჰოდა, ვხვდებოდი, რომ ეს მართლა საკმარისი იყო. რაღაც მიხაროდა. შიგნით, სულ შიგნით, მაგრამ არ ვიცი, ეს „რაღაც“ რა იყო. ქრონოლოგიურად ამომიტივდივდა თავში ყველაფერი, რაც მას უკავშირდებოდა. პარკში პირველად ვიღაც მთვრალი არანორმალურის ნახვა, მერე კაფეში ხელმეორედ შეხვედრა, სადილები, ვახშმები, საუზმეები და გათენებული ღამეები, სიმღერები, ძვირფასი სიმღერები, ჩახუტებები. ყველაფერი. ვიგრძენი, რომ მაშინ მანქანაში ისევ ის ადამიანები ვისხედით. კი საშინლად ვიყავი შეცვლილი, ბევრი მქონდა გადატანილი, ბევრი და რთულად გადატანილი, მაგრამ ჩვენ მაინც არქტიკელი მაიმუნები ვიყავით. სწორედ ისეთები, როგორებიც პირველად, როცა 505-ს ვმღეროდით „ერთად.“
ჩემს სახლამდე მივედით და გაჩერდა.
- ამოხვალ? - ვკითხე და ღვედი მოვიხსენი.
- ახლა არა.
- კარგი, - კარები გავაღე.
- გნახავ ამ დღეებში, - მითხრა და ლოყაზე მაკოცა. სახლში ავედი.
„ან მნახავს, ან - არა“ - გავიფიქრე და აბაზანისკენ წავედი. ისევ ისე. წავიდა და ვიფიქრე, რომ უკანასკნელად ვნახე. ჰო, ეს საოცარი თვისება ჯერ კიდევ ჰქონდა ჩვენს ურთიერთობას. საათზე მეტი ვიდექი დუშის ქვეშ. სანამ დავიძინებდი, ვფიქრობდი: „იქნებ, მესიზმრება? აი ეს ყველაფერი.. მისი დაბრუნება, ზღვა.. შეიძლება, მესიზმრება კიდეც. ხვალ გავიღვიძებ და ძველებურად ჩავივლი ქალაქის ძველ, მიმალულ უბნებში. მერე შევალ სადმე ბარში და ცოტას დავლევ..“ ჩამეძინა.
დილით პირდაპირ საკუთარი სახლის კარში შევეჩეხე ჩემს „სიზმარს.“
- სად მიდიხარ? - მკითხა და მხრით კედელს მიეყრდნო.
- არსად, - ვუთხარი დაბნეულმა.
- დალიე?
- არა.
- მშია. მაჭმევ რამეს?
- საჭმელი რომ არ იყოს, ჩემთან სალაპარაკო არ გექნებოდა, - ვთქვი და სახლში შევბრუნდი.
- იდიოტო, - მითხრა სიცილით, - სად მიდიოდი მართლა?
- არსად არ მივდიოდი. საერთოდაც, არსად არ დავდივარ ამ ბოლო დროს.
- და ეს „არსად“ სად არის მაინც?
- ზუსტადაც არსად.
მომიახლოვდა და მითხრა:
- შეცვლილი ხარ.
- მართლა?
- ჰო. არადა, მე მაიმუნი მჭირდება.. ნამდვილი არქტიკელი მაიმუნი.
შუბლით მკერდზე მივეყრდენი. არაფერი მითქვამს. მერე თავზე მაკოცა.
მაცივარში წესიერი ვერაფერი რომ ვერ ვნახე, მაღაზიაში გადავწყვიტე ჩასვლა. დავუბარე, მალე დავბრუნდები-მეთქი და კარი გავიხურე.
სირბილით ჩავიარე კიბეები და სადარბაზოდან გამოსული გზაზეც სირბილით რომ გადავდიოდი, მაშინ ატყდა სროლა. მკერდში საშინელი, მწარე ტკივილი ვიგრძენი და დავეცი. ყვითლად შეღებილი, უკვე გაჭუჭყიანებული კედლის პეიზაჟი ნელ-ნელა აიმღვრა. მერე დაბნელდა.
უცებ მორჩა ყველაფერი. არც ხალხის კივილი გამიგია, არც სასწრაფოს მოსვლა და არც ის, შავსათვალიანი კაცი რომ იძახდა, არაუშავს, მაგან ისედაც ზედმეტი იცოდაო. უჩემოდ დამთავრდა ყველაფერი.
ასეც უნდა ყოფილიყო. ტყვიას რომ არ ვემსხვერპლე, იმავე ქუჩაზე მანქანა გამიტანდა ან აგური დამეცემოდა ქუჩაში მიმავალს. ბოლო მაინც ეს იქნებოდა. და იცით რატომ? იმიტომ, რომ სხვანაირად ჩვენ ვერ დავმთავრდებოდით. ჩვენს ურთიერთობას არ ჰქონდა არც ზომა, არც საზღვრები და არც ფორმა. ზომა და საზღვრები შეიძლება - არ, მაგრამ ფორმა ყველაფერს სჭირდება.ჩვენ ერთმანეთი არ გვიყვარდა. არ იყო ეს სიყვარული. არ ვიცნობდი მის მშობლებს, მეგობრებს, კატებს და ძაღლებს (თუ ჰყავდა საერთოად).მე არ ვიცოდი მისი სახელი. მის დანახვაზე, მის შეხებაზე სისხლი არ მიჩქროლდებოდა, არ ვიბნეოდი, ყველაფერი არ მავიწყდებოდა. არ გქვონდა პრეტენზია, ერთმანეთი ყოველდღე გვენახა, არ ვსაყვედურობდით, აქამდე სად ხარ და რატომ არ მირეკავო. ეს არ იყო სიყვარული. ჩვენ უბრალოდ ერთმანეთი ვიყავით. ის იყო მე და მე ვიყავი ის.ჩვენ არ გვჭირდებოდა სახელების ცოდნა. იმიტომ, რომ ეს ურთიერთობა მხოლოდ ჩვენი იყო. ჩემი და მისი და არ მჭირდებოდა სახელი იმისთვის, რომ ის სხვებისგან გამომერჩია. ეს იყო ჩვენი ურთიერთობა. არანორმალური, არასტანდარტული და არასტაბილური. ამიტომ ჩვენ ასე ვერასდროს დავმთავრდებოდით. მე კიდევ წასვლა ვერ ვისწავლე. ვერ დავსვი წერტილი. ჰოდა, ცხოვრებამ თვითონ დასვა დიდი შავი წერტილი, რომელსაც მძიმედ ვერ გადააკეთებ, ვერც სხვა წერტილებს მიუხატავ, რომ რაღაც დასამთავრებელი დატოვო. არა. ერთი მკაფიო წერტილით ყველაფერს ბოლო მოუღო.
ცხოვრებას სულაც არ გაურბენია მაშინ ჩემ თვალწინ. ერთადერთ კადრს ვხედავდი. ვიცოდი, რომ ფანჯარასთან იდგა და უყურებდა ამ ყველაფერს. მე კი თავში ისევ 505-ის სტროფები მიტრიალებდა. მასაც. ვიცი. ზუსტად ვიცი. ისიც ისევე მღეროდა გულში, როგორც - მე მაშინ: „I’m going back to 505…”



№1  offline წევრი Mkitxveli

როგორ აღვწერო,რომ ძალიან მაგარი იყო :)
მართლა ძალიან.

 


№2  offline წევრი Dada

Sityvebi ar myofnis,rom agvwero. :( 5 wutis win davamtavre kitxva da axlac vtirivar . bolos iyo yvelaze mtkivneuli albad, ubralod ar shemidzlia agvwero ra vigrdzeni rodesac es istoria wavikitxe :( Dzalian magaria

 


№3  offline წევრი NeverGiveUp♥♔

ძალიან მაგარი იყო love შესანიშნავი!!! love ძალიან ბევრი კარგი ემოციებით დავიმუხტე ამ ისტორიის კითხვისას <3 სასიამოვნოდ წასაკითხი იყო love სიტყვებით ვერ ავღწერ იმ დიდ სიამოვნებას რაც ამ ისტორიის კითხვის დროს განვიცადე love მართლაც რო სრულყოფილი ისტორიაა <3 :*

 


№4  offline წევრი ანამარია

საოცრება იყო!

 


№5  offline წევრი Qeti.A

თეოოო love love რა კარგი იყოო.... ძაალიაან მაგარი გოგო ხარ love

 


№6  offline წევრი Khaleesi

სერიოზულად?? ეს რა, მართლა შენი დაწერილია? ალბათ, მეგობარო, მწერლის კარიერაზე მოგიწევს ფიქრი და გვეყოლება ჩვენც მალე მეორე დუმბაძე ან ჭავჭავაძე

 


№7  offline წევრი ფორთოხალი

Khaleesi
სერიოზულად?? ეს რა, მართლა შენი დაწერილია? ალბათ, მეგობარო, მწერლის კარიერაზე მოგიწევს ფიქრი და გვეყოლება ჩვენც მალე მეორე დუმბაძე ან ჭავჭავაძე

500ჯერ წავიკითხე აი ეს კონკრეტული კომენტარი. კი, ჩემია თითოეული სიტყვა, წერტილი და მძიმე ჩემია (სიმღერებია უბრალოდ მაიმუნების). გამაოგნა შენმა სიტყვებმა. იიიმხელა მადლობა რო ვერც წარმოიდგენ!!

მადლობა ყველას ბევრი ბევრი ბეეეევრი!! მე თვითონ გამიჭირდა ასე დამთავრება, მაგრამ, მგონი, ღირდა.. ^_^
უღრმესი მადლობა ყველას! <3

 


№8  offline წევრი BiLi

enit aguwerel emocias vgrdznob , ubralod shesanishnavia es yvelaferi , arvici meti ra gitxra.. me piradad dzalian shemexo es istoria da bevr ramesac mimaxvedra .... madloba ugrmesi madloba...

 


№9  offline წევრი Turner

ამმ, სიტყვები არ მყოფნის. ძალიან ძალიან ძალიან მაგარი იყო და შენ კიდე უფრო მაგარი ხარ ესე მაგრად რომ წერ

 


№10  offline წევრი ხატული♥

ძალიან კარგი იყო ემოციური love მაგრამ თითქოს გულში რაღას ჩამწყდა sad

 


№11  offline წევრი Khaleesi

მე უბრალოდ ის დავწერე რასაც მართლა ვფიქრობდი მეორე რეზო ინანიშვილი

 


№12  offline წევრი Svvaaaniii

ეს ისტორია გუშინ წავიკითხე რომ, დიდო მაგრამ, კომენტარის გაკეთება ვერ მოვახერხე ჩემდა სამწუხაროდ თორე ხომ ვიქნებოდი პირველი, ჰაა?! wink
ეს იქით იყოს და დღეს მეორედაც წავიკითხე დაა...
დადა..და...დადა..და (აქ ფილმებში როა დაძაბული მომენტები ზუსტად ისეთი მომენტის შექმნას ვდილობ)
მოკლედ ძალიან, ძალიან მოომეწონა და ახლავე გეტყვი რატომაც :
1. იყო განსხვავებული თანაც ძალიან განსხვავებული...
2. იყვნენ მაიმუნები და რაც მთავარია ბევრი მაიმუნები...
3. იყო გრამატიკულად სწორი...
და ყველაზე მთავარი ძალიან დიდი, უდიდესი, უბევრესი, უკარგესი ემოციების მატარებელი და მადლობა შენ ამისთვისს.. ამიერიდან შენი ერთგული მკითხველი ვარ ყოველთვის!!!
--------------------
"ერთი გული არ ჰყოფნის ერთ სიყვარულს. "

 


№13  offline წევრი Bat

ძააააააააააააააააააააააააააალიაან ძალიან კარგი იყო.

 


№14  offline წევრი BadBadgirl ^^

Dzaalian momeconaa dzalian ! <3 ukvardat ertmneti ukvardat!! ((((ramdeni vitire dasasrulze... arvici ravtkva..

 


№15  offline წევრი Tini Gadrani

Au ramagariaa !! gavgijdii... kochag...

 


№16  offline წევრი yvavi

აქამდე როგორ ვსუნთქავდი :|
ყოველდღიურად წასაკითხთა სიაში უპირობოდ დაიკავა პირველი ადგილი.
აღფრთოვანებული ვარ, ბრავო

 


№17  offline წევრი NA NO

ვაიმეე ეს რა იყოოოო .
სიტყვები არ მყოფნიიის ემოციებით ვარ სავსე :(

 


№18  offline წევრი ფორთოხალი

ახლა გადავიკითხე კომენტარები და.. არა, უნდა გიპასუხოთ. უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს ყოველი სიტყვისთვის ცალ-ცალკე და ერთად. სიტყვებში ვერ ჩავტევ იმ ემოციას, მე რომ მომიტანა ყველა კომენტარმა.
'არც მაიმუნები იყვნენ მთლად ანგელოზებიო' მითხრეს ხუმრობით და დავფიქრდი მერე.. ზუსტად ანგელოზები იყვნენ-მეთქი ვუპასუხე. ჰო, სრულყოფილები არიან. ასე გამოვიდა.
ახლა დასასრული... ერთი წამითაც არ მიფიქრია სხვა ალტერნატივაზე. ეს კონკრეტული ფორმა საიდან და როგორ მოვიდა, ცალკე საკითხია, მაგრამ ისინი 'happily ever after' რომ ვერ იცხოვრებდნენ, დარწმუნებული ვიყავი. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ბოლომდე ვიყავი დარწმუნებული. ზოგადად, ძალიან ხშირად საერთოდ არ ვიცი, რას ვწერ და რატომ, მაგრამ ეს შემთხვევა კიდევ უფრო განსაკუთრებული იყო. უბრალოდ, ვიცოდი რომ ასე უნდა ყოფილიყო და მორჩა. ახლა ვფიქრობ და.. იქნებ ზუსტად იმიტომ ვერ დამთავრდებოდნენ სხვანაირად, რომ არაჩვეულებრივები იყვნენ? მარტო მე ვიცი, რა საშინელება გადავიტანე, სანამ ბოლო თავის წერას დავიწყებდი, მაგრამ გამოვიდა ზუსტად ის, რაც უნდა გამოსულიყო და არაფერი სხვა.
ყველაზე მეტად რაც მიხარია, ის არის, რომ ყველა ლაპარაკობთ ემოციებზე. ემოცია ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის, პირველხარისხოვანი.
მე თვითონაც ვგიჟდებივ505-ის ყოველ წინადადებაზე, მაგრამ ასე თუ მოგეწონებოდათ, ვერ წარმოვიდგენდი.
ჰო.. აი ის ნამდვილად არ ვიცი, შევძლებ თუ არა, ამაზე მაგარი რამე დავწერო.
მადლობა.

 


№19  offline წევრი Dare Gogashvili

უბრალოდ არ ვიცი რა ვთქვა, შენ ჩემი ფორთოხალი ხარ, სწორედ ისევე ტკბილად წერ, როგორიც თვითონ ხარ <3 მე ყველაფერი ვიგრძენი, თითოეული სიტყვა, ფიქრი, გრძნობა ^_^ შენ სასწაული ხარ! <3 love

 


№20  offline წევრი Archive

ამ საიტზე არც ისე ცოტა რამ მაქვს წაკითხული.
ამ "არც ისე ცოტადან" სულ ცოტა გავუზიარე მეგობრებს წასაკითხად.
"სულ ცოტა" - არის ორი
და ორივე შენია.
ზოგადად:
მუსიკალური გემოვნება +
წერის მანერა +
აზროვნება +

 


№21 სტუმარი Rhett

Punk not dead http://retapuit.ee/kontakt hop prozac price in pakistan purchase Striped bass, on the other hand, are still laying low. Around here, most anglers attribute that to the warm weather, which keeps water temps higher than the stripers prefer. So stripers aren’t taking the bait except at night when diligent anglers can still tempt them up.

International directory enquiries http://www.monaghanpeace.ie/contact-us/ apiece silagra 100mg tablets lady hardly Tommy Hunter (5-4) worked 1 2-3 innings for the win and Jim Johnson finished for his 44th save in 53 chances, rebounding after his wild pitch helped the New York Yankees beat Baltimore 6-5 on Thursday.

I've just graduated http://www.monaghanpeace.ie/projects/ curve status availability of dapoxetine in india pills "Cancelling the program would be detrimental to our nationaldefense," said the official, noting that the U.S. Air Force,Navy and Marine Corps needed to replace aging fleets of fighterplanes that were increasingly expensive to maintain.

 


№22 სტუმარი Edgar

Another service? http://www.robertmweir.com/roots-and-wings.html 25 mg of clomid success stories August 15 is the deadline for operators to show interest,the Regulation Authority of Post and Telecommunications (ARPT)said in a statement on its website. (Reporting By Hamid Ould Ahmed; editing by Keiron Henderson)

Do you play any instruments? http://www.milutin-milankovic.com/biografija/ 6 mp methotrexate Anxiety has also risen over repeated setbacks by the TokyoElectric Power Company (Tepco) in its efforts to haltradiation leaks and make safe the Fukushima plant north ofTokyo, which was crippled by an earthquake and tsunami in 2011.

very best job http://www.web-media.co.uk/consultancy/ Generic Aciphex The study's biggest strength is bolstering the growing consensus that risks for autism occur before birth or soon after, said Dr. Byron King, director of Seattle Children's Hospital's autism center. He was not involved in the study.

I was born in Australia but grew up in England http://terrymcdonagh.com/blog/ stromectol online All the patients received follow-up care through December 2009. Each black patient was matched to a white patient in three different categories: demographics (age, year of diagnosis and SEER site), presentation (demographics plus co-existing conditions and tumor characteristics) and treatment (presentation plus aspects of surgery, radiation therapy and chemotherapy).

 


№23 სტუმარი Unlove

How long are you planning to stay here? http://www.thisistimeads.com/index.php/cv/ going from 10mg to 20mg of paxil The Web portal reported $1.081 billion in net revenue, whichexcludes fees paid to third-party websites, in the three monthsended Sept. 30, compared with $1.089 billion in the year-agoperiod. The average analyst expectation was for net revenue of$1.082 billion according to Thomson Reuters I/B/E/S.

Lost credit card http://www.english-school.com.pl/index.php/lektorzy motilium price Kucinich has visited Assad twice before, most recently in June 2011, after the uprising against the Syrian president began. Syrian media quoted Kucinich as saying on that trip that Assad was "highly loved" by Syrians. The congressman said he had been misquoted.

We need someone with qualifications http://michigansportscenter.com/about hydrochlorothiazide 50 mg tablets "Whilst the player is so good and his behaviour is quite normal and proper, it will not affect him too much," said Canto, adding that according to a study carried out by his firm in 2012, Messi has the best image of any foreign sportsman in Spain.

Where's the nearest cash machine? http://denali2013.org/teachers-section/ motilium imodium My name is Ryan Donoho. I am the Lead NBA Editor for Fansided.com and I've made stops all across the web, including being the Lead Basketball Writer at ESPN Chattanooga. I will be bringing you all the latest info on the NBA. I studied at Lee University in Cleveland, TN. I'm from Riverside, California and currently reside in Chattanooga, TN.

 


№24 სტუმარი Lauren

Canada>Canada http://clickandcreate.us/about/ where can i buy mebendazole "She was very ill," Thompson said. "She had been receiving some medication from local pharmacy. I suspect she fell ill but that (the cause of death) is something we will never know."

 


№25 სტუმარი Wilfredo

I'd like to pay this in, please http://carissaphelps.com/training/ purchase stendra online "ASCAP argues that 'ASCAP repertory' refers only to therights in music works that ASCAP has been granted by its membersas of a particular moment in time," the judge wrote. "Pandoraargues that 'ASCAP repertory' is a defined term articulated interms of 'works' or 'compositions,' as opposed to in terms of agerrymandered parcel of 'rights.' Pandora is correct."

 


№26 სტუმარი Emmitt

What's the exchange rate for euros? http://www.experimentalconversations.com/issue/spring-2013/ trazodone lexapro “What a view. I mean… Wow.” Wow, indeed. And yet, while paying lip service to the wow factor, my eyes were drawn time and again to a mirror within this large and imposing space (all dark wood and bamboo, fancy lattice work and black lacquer, a “wishing tree” in the centre of the room with branches for the hanging of cards embossed with your heart’s desire). Reflected in the glass, from the other side of the room, stood a row of golden, crispy-skinned ducks, and I cannot accept there is any more beauteous view than that. The one problem is that Hutong prices its Peking duck at £58. This raises various questions. One is philosophical. Can it be morally acceptable, view or no view, austerity or no austerity, to pay so much for a lone bird? The point must be settled by more powerful minds than mine.

 


№27 სტუმარი Carey

I'm in my first year at university http://www.optimum.ie/momentum/prism-international-sales-and-marketing-lmx14/ where to buy albendazole Army Maj. Gordon Campbell says the military still classifies 102 prisoners as being on hunger strike. The reason is because the military requires a period of sustained eating over several days before they will stop classifying someone as being on hunger strike.

 


№28 სტუმარი Bailey

Whereabouts in are you from? http://www.pharafina.com/innovation where can i buy albendazole 200 mg “I told Alex you can hide behind what you are doing fighting the case. I said they can have a congressional hearing and make you innocent, but what difference does it make?” Carter said. “You’re not going to help any kids that way.”

 


№29  offline ადმინი შამანი

მე არ ვიცი რა გითხრა.სიტყვები არ მყოფნის,დამამუნჯე საერთოდ!
არ ვიცი ეს რა იყო,სრუულყოფილებაზე ბევრად მეტია ეს ისტორია!!!
დასასრულმა ძალიან იმოქმედა ჩემზე და ცხარე ცრემლით მატირა,მაგრამ შენ მართალი ხარ, ამ ისტორიას სხვანაირი დასასრული ვერ ექნებოდა.
მხოლოდ ერთ კითხვა მებადება, როგორ შეძლებდა მაიმუნი მისი სიკვდილის გადატანას,მითიმეტეს თუ ის საკუთარი თვალით უყურებდა ფანჯრიდან მის სიკვდილს.კიდევ ერთი დიდი და მოურჩენელი დაღი დააჩნდებოდა მის იარებს,ალბათ.
სასწაული ხარ!!!

+ერთ-ერთი რჩეულია.♥
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№30  offline წევრი eleonor

უმაგრესიი იყო ძალიან ნიჭიერი ხაარ მართლაა love სერიოზულად იფიქრე მწერლობაზე, სცადე ვიცი გამოგივა მართლა ძაან განსახვავებული და ორიგინალური წერს სტილი გაქ აღფრთოვანებული ვაარ :**

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent