შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წითელი ფეხსაცმელი [8]


21-04-2015, 16:31
ავტორი შამანი
ნანახია 6 611

თითქოს მისი მზერა იგრძნოო, ნია შეიშმუშნა. ყოველი ამოსუნთქვისას მისი მკვრივი მკერდი ვნებიანად ღელავდა. ძილშიც კი განუმეორებელი იყო. არა, უნდა აღიაროს გიგიმ, რომ ასე არასდროს არც ერთ ქალს არ მოუხიბლავს.
კიდევ ერთი რამ მოსწონდა მამაკაცს მასში, რითაც გოგონა ბევრად განსხვავდებოდა მისი ყოფილი საყვარლებისგან. მათი უმრავლესობა ძალიან პრეტენზიული იყო და გამუდმებით მოითხოვდნენ, მას რაც შეიძლება მეტი ფული დაეხარჯა მათი სიამოვნებისთვის. ნიას კი ერთხელაც არაფერი უთხოვია! ზოგი ძალიან ეშმაკი იყო, ზოგი თვალთმაქცი, თავხედიც კი, მაგრამ მიზანი ყველას ერთი ჰქონდა _ დაეცალა მისი საფულე. ნია არაფრით ჰგავდა მათ.
კიდევ ერთხელ დააშტერდა მძინარეს. ნუთუ სრულიად მერკანტილურია? ნუთუ არასდროს არაფერს მოსთხოვს ასეთ მდიდარ მამაკაცს? არ შეიძლება, ცდუნებამ ერთხელ მაინც არ სძლიოს. თუკი ეს ასეა, მაშინ ეს ქალი მისთვის ნამდვილი აღმოჩენა იქნება! დაიჯეროს, რომ ბედმა იშვიათი გამონაკლისი დაუშვა? უნდოდა, რაც შეიძლება მეტი გაეგო მის შესახებ. გოგონა არ გაურბოდა თავის თავზე ლაპარაკს, მაგრამ მთლად ენაწყლიანიც არ იყო. თავად არასდროს წამოიწყებდა საუბარს თავის წარსულზე, გიგის კი არ უნდოდა, ძალით გამოეტყუა მისთვის სათქმელი. არადა, ცნობისმოყვარეობა კლავდა. ოდესმე ვინმე თუ ჰყვარებია ნეტავ? ხომ წამოსცდა, თბილისში ერთ ადამიანთან ერთად ჩამოვედიო… დარწმუნებული იყო, რომ ის «ერთი ადამიანი» მამაკაცი უნდა ყოფილიყო, თორემ ხომ არ დაუმალავდა… როგორი ურთიერთობა ჰქონდა მასთან? თუ მოფერებია ის ვიღაც? თუ უკოცნია?.. იქნებ სექსიც ჰქონდათ… იქნებ შეცდა, როცა ქალიშვილი ეგონა? თვითონაც არ იცოდა რატომ, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან აინტერესებდა, მაგრამ დაკითხვას ხომ არ მოუწყობდა ჯერ კიდევ შეუჩვეველ გოგონას?.. ამიტომაც თითქმის არაფერი იცოდა ამ პატარა ჯადოქრის შესახებ. რა თქმა უნდა, ვიღაც აუცილებლად იქნებოდა მის ცხოვრებაში, თუ ვიღაცები არა. ასეთ ქალს უყურადღებოდ ვინ დატოვებდა? მაგრამ ქალწული რომ აღმოჩნდა? მერე რა? ეს რას ცვლის? სიამოვნების მიღების სხვა ხერხებიც არსებობს. რა იცის გიგიმ, მის გამოჩენამდე რა ხდებოდა ნიას ცხოვრებაში? მით უმეტეს, როცა ისეთი დაქალი გყავს, როგორიც კახა დევიძის საყვარელია… სხვას არავის იცნობდა იგი მისი საახლობლოდან.
რაც იყო, იყო. მთავარია, ეს ქალი ახლა მას ეკუთვნის და მის ხელიდან გაშვებას არ აპირებს. მარცხენა ხელი ფრთხილად ასწია და ნიას გაშლილ თმას შეეხო. გოგონა კვლავ შეიშმუშნა და ნამძინარევი თვალები ოდნავ გაახილა. გიგის დანახვაზე გაიღიმა.
_ «პრივეტ», _ ნაზად წარმოთქვა.
პასუხად მამაკაცმა ყელზე აკოცა.
_ მაპატიე, ასე ადრე რომ გაგაღვიძე, მაგრამ ადგომის დროა, ათ საათზე ოფისში უნდა ვიყო. სამაგიეროდ, ხვალ დაუვიწარ საღამოს მოგიწყობ.
გოგონამ კვლავ გაიღიმა და წამოდგა.
_ სხვათა შორის, მეც მეჩქარება, ამიტომ კარგი ქენი, რომ გამაღვიძე, _ კეკლუცად წარმოთქვა და მისკენ გადმოხრილ მამაკაცს ტუჩებით ცხვირზე შეეხო.
_ გეყოფა, თორემ ვეღარ მოვითმენ, იცოდე! _ ღიმილით დაემუქრა გიგი.
_ მორჩა, ახლავე ავდგები! _ გადაიკისკისა ნიამ და საწოლიდან გადმოხტა.
8 8 8
ერთი საათის მისულიც არ იყო შინ, მაკამ რომ დაურეკა, შენი ნახვა მინდაო… ნიას სულაც არ ეპიტნავებოდა ახლა მასთან საუბარი, მაგრამ უარი ვერ უთხრა. რამდენიმე წუთში დაქალი უკვე მის ოთახში იჯდა ფეხიფეხგადადებული.
_ სად დადიხარ, რომ ვერ დაგიჭირე? _ გამომცდელი მზერა ესროლა მაკამ.
_ პაემანზე, _ მოკლედ და დამაინტრიგებლად მოუჭრა.
_ პაემანზე? ვისთან?
_ გიგი ახვლედიანთან.
_ ვისთან? _ მაკას თვალები შუბლზე აუცვივდა გაოცებისგან, _ კაზინოს მეპატრონე რომ არის?
_ ჰო, რა იყო, რატომ გაგიკვირდა?
_ კი მაგრამ, სად გაიცანი?
_ კაზინოში.
_ როდის?
_ იმ საღამოს, შენს საყვარელს რომ ვდარაჯობდი. ხომ გითხარი ამას წინათ?
_ მეგონა, მატყუებდი, რაღაც არ მჯერა… შენ როგორ მოეწონე? _ ჩრდილმა გადაურბინა მაკას სახეზე.
_ რატომ, ასეთი შეუხედავი ვარ? _ ირონიულად გაეღიმა ნიას.
_ არა, ეგ არ მიგულისხმია… მაგრამ მას იმდენი ქალი ახვევია გარს… თანაც ისეთი მდიდრები და ისეთი წრის…
_ გინდა მითხრა, რომ მე მისი წრის არ ვარ? სულაც არ მადარდებს ეგ.
_ ალბათ ვერ არის მთლად საღ გონებაზე.
_ რას გულისხმობ?
_ აბა, ერთი წუთით დაფიქრდი. შენ ლამაზი ხარ, ამას ვერავინ უარყოფს. მაგრამ ერთი უბრალო მასწავლებელი ხარ და მეტი არაფერი. ის კი ცნობილი ბიზნესმენია, სუპერწარმატებული, სუპერპოპულარული მამაკაცი, რომელიც პრესტიჟულ უბანში ცხოვრობს და ფულებში ცურავს. ნია, გონს მოდი, სანამ დროა. მას შენ მხოლოდ ერთი ღამისთვის სჭირდები, მხოლოდ გასართობად და არა ხანგრძლივი ურთიერთობისთვის. ერთხელ დაწვება შენთან და მორჩა! მაშინვე მიგატოვებს!
ნიას ღიმილი პირზე შეაშრა. ისეთი შეგრძნება დაეუფლა, რომ მის წინ ამწუთას დაქალი კი არა, უცნობი ქალი იჯდა, რომელიც მორალს უკითხავდა.
_ სხვათა შორის, მე უკვე ვიწექი მასთან… და არა ერთხელ და ორჯერ. თანაც, უკვე შემომთავაზა, მასთან გადავიდე საცხოვრებლად.
_ არ მჯერა!
აპილპილებული მაკა ფეხზე წამოხტა და ბოღმით სავსე მზერა მიაპყრო მეგობარს.
_ რაში სჭირდება გიგი ახვლედიანს შენნაირი, როცა საუკეთესო ქალებით არის გარშემორტყმული? იცი, კვირაში რამდენ ქალს იცვლის? ვერ მოთვლი! უბრალოდ, უსიამოვნებებს ეძებ, ნია და არც აგცდება, იცოდე. მერილინ მონრო ხომ არ გგონია შენი თავი? ის შენი ერთგული არასდროს იქნება, გესმის? დაიმახსოვრე ეს!
სასოწარკვეთილი გოგონა ადგილზე ჩაიკეცა…

8 8 8
«ის შენი ერთგული არასდროს იქნება, დაიმახსოვრე ეს», _ წარამარა ჩაესმოდა ყურში მაკას ნათქვამი და გული ტყვიასავით უმძიმდებოდა. თუმცა, მეგობრისგან ახალი არც არაფერი მოუსმენია. მან იცოდა, რისთვისაც სჭირდებოდა იგი გიგის და მაინც თანახმა იყო, მიეღო მისი წინადადება. მერე რა, თუ ხანმოკლე გამოდგება მათი ურთიერთობა? რადგან დაიწყო, რაც იქნება, იქნება, გაგრძელდეს კიდეც… ცხოვრებაში ყველაფერს აქვს დასასრული და მათ რომანსაც ექნება. ნია ეცდება, აქედანვე შეეგუოს ამ აზრს, რომ გადამწყვეტ მომენტში მშვიდად შეხვდეს საბედისწერო განაჩენს. ახლა კი არ ღირს წინასწარ თავის მტვრევა იმაზე, ერთი კვირა გაგრძელდება მათი სასიყვარულო თავგადასავალი, ერთი თვე, თუ ერთი წელი. ჯობია, დღევანდელი დღით იცხოვროს და დატკბეს იმით, რაც ამწუთას აქვს.
ნაშუადღევს საგულდაგულოდ გამოიპრანჭა. გიგი შეჰპირდა, საუკეთესო საღამოს მოგიწყობო. ალბათ მეგობრებიც ეყოლება, ამიტომ კარგი იქნება, თავისი მომხიბვლელობით თვალს თუ დაუყენებს ყველას. ამით მაინც გამოირჩეოდეს სხვებისგან.
როცა მძღოლმა იგი გიგის სახლთან მიიყვანა, უკვე ბნელოდა. ჰოლში შესულს სამარისებური სიჩუმე დახვდა, კაციშვილი ირგვლივ არ ჭაჭანებდა. ნუთუ მარტო ნია დაპატიჟა? ამიტომ უთხრა, დაუვიწყარ საღამოს მოგიწყობო?
_ ახლავე ჩამოვალ, ნი, არ მოიწყინო, _ მოესმა მეორე სართულიდან მამაკაცის ხმა.
სითბო ჩაეღვენთა გულში, გაეღიმა. ჩანთა სავარძელზე მიაგდო და ბუხარს მიუახლოვდა. მოულდნელად ბუხრის თავზე დადებულმა მისალოცმა ბარათმა მიიპყრო მისი ყურადღება. ცნობისმოყვარეობამ სძლია და დახედა, რომ ტექსტი წაეკითხა. «ჩვენო საყვარელო გიგი, გილოცავთ დაბადების ოცდამეთხუთმეტე წლისთავს, ბედნიერი ყოფილიყავი. საუკეთესო სურვილებით _ დათა და თინიკო».
ღმერთო, მან რომ არაფერი იცოდა? მისთვის რომ არ უთქვამს? უცებ ნაბიჯების ხმა მოისმა. შეშინებულმა ბარათი კვლავ თავის ადგილას დადო და მოტრიალდა.
ასეთ ფორმაში ნიამ პირველად ნახა იგი _ ლურჯ ჯინსის შარვალსა და ამავე ფერის მაისურში გამოწყობილი. ძალიან უხდებოდა სპორტული ფორმა, დაკუნთული მკლავები უფრო ძლიერი მოუჩანდა.
_ არ ვიცოდი, დაბადების დღე თუ გქონდა, _ შეცბუნებულმა გაუღიმა.
_ მე არასდროს აღვნიშნავ მას, ასე რომ, დაივიწყე.
_ რატომ? _ დაინტერესდა ნია.
გიგიმ პასუხი დაუგვიანა, მხრები აიჩეჩა მხოლოდ, მერე სიყვარულით ანთებული მზერა მიაპყრო გოგონას და თვალებით მიეფერა.
_ რატომ? იმიტომ, რომ ასე მინდა, მორჩა და გათავდა, _ მამაკაცს თავადაც არ მოეწონა, ისე ცივად ჟღერდა მისი ხმა.
_ ეს მიზეზი არ არის. ჩემი აზრით, რაც წელი გემატება, მით უფრო წარმატებული ხდები, ეს კი საუკეთესო საბაბია იმისთვის, კარგად იქეიფო. მე ყოველთვის აღვნიშნავ ვიწრო წრეში ჩემს დაბადების დღეს. მართალია, ბრწყინვალე სუფრას ვერ ვშლი, მაგრამ ნამცხვარი ყოველთვის მაქვს, გოგოებს მოაქვთ.
_ შენ გაგმართლებია.
მის ხმაში გარეულმა სარკაზზმა ერთობ შებოჭა გოგონა, მაგრამ გადაწყვიტა, არ გაბრაზებულიყო.
_ რომ გეთქვა, მეც გამოგიცხობდი ნამცხვარს.
_ თუ ასე ძალიან გინდა, გამოაცხვე, პატარავ, ვინ გიშლის, _ თქვა მამაკაცმა, ბართან მივიდა და მარტინი ჩამოისხა.
ნიამ იგრძნო, როგორ ევსებოდა თვალები ცრემლით.
_ რატომ მექცევი ასე? რამე სისულელე ვთქვი? _ რაც შეიძლებოდა, მსუბუქად წარმოთქვა.
_ არც მიფიქრია. უბრალოდ, რა საჭიროა ზედმეტი გარჯა, როცა საუკეთესო საკონდიტროში შემიძლია შეკვეთა მივცე და არა მარტო საქართველოში, ლონდონიდან შემიძლია ჩამოვატანინო და პარიზიდანაც კი.
_ ჰო, მაგრამ ეს ერთი და იგივე ხომ არ იქნება! შენ რა, არ გესმის, რომ სიყვარულით მორთმეული საჩუქარი შეკვეთილს ვერასდროს შეედრება?
_ მაგრამ რა შუაშია აქ სიყვარული?
მისი სახის გამომეტყელება არა და არ დარბილდა. ნიას უკვე გაქცევა მოუნდა მისგან.
_ მე.. მე მხოლოდ ის მინდოდა მეთქვა… _ და მეტი ვეღარ გააგრძელა, ღაწვებზე გადმოგორებულმა ცრემლებმა შეუშალა ხელი.
ამის შემხედვარე გიგიმ სასმლიანი ჭიქა ბუხრის თავზე შემოდო, გოგონას მიუახლოვდა, მხარზე ხელი შემოხვია და მკერდზე მიიხუტა.
_ რა თქმა უნდა, გამომიცხვე, პატარავ, ძალიან გამიხარდება. დარწმუნებული ვარ, უგემრიელესი გამოგივა, _ დაუთბა ხმა, მაგრამ მიხვდა, რომ დააგვიანდა, ნია უკვე სლუკუნებდა.
არ უნდა მოქცეულიყო ასე. დღეს პრობლემური დღე ჰქონდა, ჟენევაში ერთ-ერთ კონტრაქტს ჩაშლა დაემუქრა და ამის გამო დილიდან უხასიათოდ იყო, თუმცა ეს არ ამართლებდა მის საქციელს. ნიამ რა დააშავა, არ უნდა მოქცეოდა ასე.
_ ჰო, შენ მართალი ხარ. რაში გჭირდება ჩემი ღარიბული საჩუქრები, როცა ნებისმიერ პრესტიჟულ მაღაზიაში შეგიძლია შეიძინო ის, რაც მოგესურვება, _ უსაყვედურა თვალცრემლიანმა გოგონამ, _ გამიშვი ხელი, შინ უნდა წავიდე.
მამაკაცმა მაშინვე შეუშვა ხელი.
_ მე შენ ვახშამზე დაგპატიჟე, თან იმაზე უნდა ვილაპარაკოთ, როდის გადმოხვალ ჩემთან, _ ქალის სიამაყემ ისევ გააღიზიანა ახვლედიანი.
_ ვახშმობა გადავიფიქრე. ახლა ისეთ ხასიათზე ხარ, უკეთესი იქნება, თუ მარტო დარჩები, _ გაიბუტა ნია.
_ არ წახვიდე… ხვალ კვლავ ჟენევაში მიწევს გამგზავრება. არ ვიცი, რამდენ ხანს დავრჩები იქ, ამიტომ შენი გადმოსვლა ჩემს ჩამოსვლამდე გადაიწევს. ისე… არ გინდა, ჩემთან ერთად წამოხვიდე? სანამ მე საქმეებს მოვაგვარებ, შენ ქალაქს დაათვალიერებ, თანამგზავრს გიპოვი, ნუ გეშინია.
ქალს არ უნდოდა მისი განაწყენება, მაგრამ მაინც ჯიუტად გადააქნია თავი.
_ არ შემიძლია. სამსახურს ვერ მივატოვებ, ძალიან დაკავებული ვარ.
_ შენ რა, დაგავიწყდა, რაზე მოვილაპარაკეთ? ჩემი ინტერესები შენთვის არაფერს ნიშნავს? თუ საკუთარ სამსახურს ყოველთვის ყველაფერზე წინ დააყენებ?!
_ მე კომპრომისების წინააღმდეგი არ ვარ, გიგი, მაგრამ სკოლიდან ვერ გავეთავისუფლები. ახლა იქ ვარ საჭირო, ამიტომ…
_ ესე იგი, არ წამოხვალ?
_ ვერა, ვერ შევძლებ.
_ კარგი. მაგრამ როცა დავბრუნდები, სერიოზულად დაგელაპარაკები.
რაო? სერიოზულადო? ხომ არ გადაიფიქრა? იქნებ მეტჯერ აღარ სურს მასთან შეხვედრა? არა, ახლავე უნდა გაარკვიოს, რა იგულისხმა სერიოზულ სალაპარაკოში, თორემ მის ჩამოსვლას ვერ დაელოდება, ვერ იტანს ლოდინს.
_ რატომ გადავდოთ? არ ჯობია, სათქმელი ახლავე ითქვას?
გიგიმ შეამჩნია, როგორ აუთრთოლდა ნიას ტუჩები და მიხვდა, რაც აწუხებდა. «ეშინია, არ მივატოვო», _ შეუმჩნევლად ჩაიღიმა. რა სისულელეა, წამითაც არ გაუვლია გულში ეს. მხოლოდ წვრილმანებზე უნდოდა ყურადღების გამახვილება, მაგრამ ახლა მაინც არაფერს ეტყვის. დაე, ცოტათი შეშინდეს, ეს სასარგებლოც იქნება ორივესთვის.
_ არა, ახლა არა. როცა ჩამოვალ, მერე გეტყვი. აბა, რა გადაწყვიტე, რჩები ვახშამზე?
გულგატეხილმა ქალმა ამაყად გადახედა ბუხართან მდგომ მამაკაცს და თვალი თვალში გაუყარა.
_ არ დავრჩები… კეთილ მგზავრობას გისურვებ, _ მტკიცე ხმით წარმოთქვა და თავაწეული გასასვლელისკენ გაემართა.
8 8 8
ნია დილიდან უხასიათოდ იყო. დღეს უმცროსკლასელები დაითხოვეს სკოლიდან. თავის მოსწავლეებთან ერთად სკოლის ბაღში იჯდა და სევდიანად ისმენდა მათ მონაყოლს, თუმცა ფიქრებით გიგისთან იყო. რატომ არ იხდის დაბადების დღეს? როგორც ჩანს, არც სიმდიდრემ მოუტანა მას ბედნიერება და არც პრივილეგიებმა. მით უმეტეს, ბოლო ხანებში ძალიან ნაღვლიანი ჩანს. მაგრამ მეგობრები მაინც რატომ არ ულოცავენ? მათ წრეში ასე არ არის მიღებული? თუ, უბრალოდ, არ იციან?
_ მასწ, ვიღაც ხელს გიქნევთ, _ დაუძახა ამ დროს ერთმა მოსწავლემ.
ნიამ გაკვირვებულმა გაიხედა მარჯვნივ და… ჭიშკართან ატუზული გიგი შეამჩნია. წამით თვალთ დაუბნელდა სიხარულისგან, წამოხტა და მისკენ გაიქცა.
_ გიგი! აქ საიდან გაჩნდი? მე უკვე ჟენევაში მეგონე!
_ გადავდე გამგზავრება. გცალია? წავიდეთ სადმე, ყავა დავლიოთ.
მართალია, წინა საღამოს იჩხუბეს, მაგრამ ნიას ისე გაუხარდა მისი დანახვა, არაფრის გახსენება არ სურდა.
_ ერთ საათში გავთავისუფლდები. დამელოდები?
_ არა.
_ არა? _ სახე შეეცვალა გოგონას.
_ არ დაგელოდები, ერთ საათში ისევ შემოვივლი, _ ეშმაკურად გაიღიმა მამაკაცმა.
ქალმა შვებით ამოისუნთქა.
8 8 8
ერთი საათის შემდეგ მანქანა უკვე ვაკისკენ მიქროდა. ნია გაოცებული იყურებოდა აქეთ-იქით, ნეტავ სად უნდა დაელიათ ყავა? რატომ შარდენზე არ წაიყვანა? იქ ხომ უამრავი კაფე-ბარია, რატომ მაინცდამაინც აქეთ?
_ სად მივდივართ? _ ვეღარ მოითმინა ბოლოს.
_ მინდა რამე სამკაული გიყიდო, რათა ჩვენი მოლაპარაკება უფრო გავამყარო. წინააღმდეგი ხომ არ ხარ?
გოგონა ამას არ ელოდა. რამდენიმე წუთი დასჭირდა, რომ ამ აზრს შეჩვეოდა. გუშინ ისეთი მოქუფრული დახვდა, ეგონა, საერთოდ უარს იტყოდა მასთან ურთიერთობაზე, ახლა კი…
_ გუშინდელს მერე მეგონა, რომ…
_ რა გეგონა? _ სვლა შეანელა მამაკაცმა და გვერდულად გახედა.
_ აღარ მოისურვებდი ჩემთან ყოფნას.
გიგიმ სიცილი ვერ შეიკავა.
_ მაგრამ ჩვენ ხომ მოვილაპარაკეთ! და არ ვაპირებ ამ მოლაპარაკების ჩაშლას. მე ეს არ მინდა.
_ იქნებ, სანამ საჩუქარს გამიკეთებდე, გვესაუბრა ჩვენზე?
_ რაზე უნდა ვისაუბროთ, პატარავ? ხომ ვიცით, რომ გვსურს ერთად ყოფნა, ვგრძნობთ ერთმანეთს. მინდა, რომ რაც შეიძლება მალე გადმოხვიდე ჩემთან.
_ სწორედ ამაზე გელაპარაკები, გიგი! შენ ისე იღებ გადაწყვეტილებებს, არც მეკითხები, ვარ თუ არა თანახმა. არანაირი ძვირფასეულობა არ მინდა, გეფიცები. წავიდეთ, ყავა დავლიოთ.
_ რა სასწაული ქალი ხარ, რა გჭირს! ვერაფრით შევძელი, რომ გასიამოვნო! _ გაღიზიანებულმა წამოიძახა და მოულოდნელად დაამუხრუჭა.
ნია შეკრთა. ახვლედიანი იმაზე ბრაზდებოდა, რომ ვერ მიიღო ის, რაც სურდა. არადა, რომ ეთქვა, ძალიან მჭირდები, ნია, შენ ჩემთვის სულერთი არ ხარ… მაშინ სიამოვნებით დათანხმდებოდა. ის კი არა, ერთი პერიოდი ისიც გაიფიქრა, რომ მომავალში გიგი მის შეყვარებას შეძლებდა… თუმცა ამწუთას მის სახეზე მხოლოდ წყენა იკითხებოდა და სხვა არაფერი.
_ ნუ მიბრაზდები, გთხოვ… შენ ჩვენს ურთიერთობას ძალიან პრაგმატულად უდგები, გიგი, მე კი ასე არ შემიძლია. მიუხედავად იმისა, რომ სიყვარულში მარცხი ერთხელ უკვე განვიცადე, მაინც ვოცნებობ ჭეშმარიტ გრძნობაზე… და ჩემთვის სულერთია, როგორი იქნება ის, ვინც შემიყვარებს _ მდიდარი თუ ღარიბი. შეიძლება ძალზე გულუბრყვილოდ მოგეჩვენოს ჩემი ნათქვამი, მაგრამ ეს ერთადერთია, რაც გულით მინდა. მაკას თუ დავუჯერებთ, ჩემი შემცვლელის პოვნა არ გაგიჭირდება, ძალიან ადვილად შეძლებ, გადაერთო სხვაზე. მე აქ ჩამოვალ, თუ შეიძლება! _ და სანამ მამაკაცი გონს მოეგებოდა, გაჩერებული მანქანიდან ელვის უსწრაფესად გადმოხტა.
ახვლედიანმა ღრმად ამოიხვნეშა და თვალი გააყოლა თითქმის სირბილით მიმავალ გოგონას. გონებაში მის სიტყვებს აანალიზებდა. უთხრა, პრაგმატული ხარო… მე სიყვარული მჭირდება და არა აქვს მნიშვნელობა, ჩემი შეყვარებული ღარიბი იქნება თუ მდიდარიო… ნიას ბოლო ფრაზამ თითქმის ბოლო მოუღო. მას ძალიან უნდოდა, გოგონას შეყვარებოდა იგი. ამას ახლაღა მიხვდა, თითქოს ნიას სიტყვებმა აუხილა თვალი. აი, თურმე რა სურს… ნიას სიყვარული… დაიღალა მარტოობისგან. მას არ ჰყოფნიდა სითბო და სწორედ ამას ეძებდა მასში.
მაკა რატომ ახსენა? გამოდის, მასზე საუბრობდნენ? საინტერესოა… არა, ნიას დაკარგვას ვერ შეეგუება, ამას არ დაუშვებს. ახლა წავა თავის სასტუმროში, ცოტა გულს გადააყოლებს, ნიასაც დააცლის, სანამ სიბრაზე გადაუვლის. საღამოს კი, როცა დამშვიდდება, შინ გაუვლის და რესტორანში წაიყვანს. იმედია, გოგონა უარს არ ეტყვის ამაზე.
8 8 8
ექვს საათზე გიგიმ დაურეკა ნიას, თბილად მოიკითხა, თითქოს რამდენიმე საათის წინ მათ შორის არაფერი მომხდარიყოს და რესტორანში დაპატიჟა, თან დააყოლა, ნახევარ საათში გამოგივლიო. იმდენად მოულოდნელი იყო მამაკაცის ზარიც და შემოთავაზებაც, უარი ვერ შეჰბედა.
ზუსტად ნახევარ საათში გიგი ნიას სადარბაზოსთან იდგა. ქალმა ფანჯრიდან ანიშნა, ცოტა ხნით ამოდიო, თავად კი სარკის წინ დაჯდა, რათა მაკიაჟი გაეკეთებინა. გული უცნაურად უცემდა.
_ კიდევ არ ხარ მზად? რას აკეთებდი ამდენი ხანი? _ სტაჟიანი ქმარივით უსაყვედურა ახვლედიანმა.
ნიამ სარკიდან გახედა ღიმილით.
_ თითქმის მოვრჩი, ნუ მაჩქარებ, თორემ წამწამები ტუშით დამეთხაპნება და მაკიაჟის თავიდან გაკეთება მომიწევს.
_ შენ არანაირი მაკიაჟი არ გჭირდება, პატარავ, ისედაც ლამაზი ხარ.
_ მაგრამ მაკიაჟი ქალებს გვეხმარება, ხაზი გავუსვათ იმას, რაც საუკეთესო გვაქვს და ამავდროულად, ყველა ნაკლი დავმალოთ.
_ შენ ნაკლი არა გაქვს, სიხარულო, მაგრამ თუ თვლი, რომ ეს აუცილებელია, ითხიპნე, რამდენიც გაგიხარდება, _ გიგის ხმაში მხიარული ნოტები აშკარად იკვეთებოდა.
_ სად მივდივართ?
_ სასტუმრო «გოლდ სტარში», ნომერი უკვე დავჯავშნე.
_ შენთან არ ჯობდა?
_ არა, მინდა უცხო, თან მდიდრულ გარემოში შეგიგრძნო… იცოდე, ამაღამ ძილი არ გიწერია და აქედანვე შეეგუე ამას.
ნიას ბედნიერების ღიმილმა გადაურბინა სახეზე. რა კარგია, ასეთ ადგილას ადრე არასდროს ყოფილა. არც ისე ცუდი ყოფილა მდიდარი კაცის საყვარლობა თურმე…
8 8 8
აივნის კიდეში მდებარე მაგიდა შეარჩიეს. აქედან ლამაზად მოჩანდა ლამპიონებით განათებული მტკვარი და ეკლესია, რომელიც მდინარეს გადაჰყურებდა. ის იყო, გიგიმ მენიუ გადაათვალიერა და ოფიციანტს ხელით ანიშნა, შეკვეთა მიიღეო, რომ… წამით სახე გაუქვავდა. ნიამ მის მზერას თვალი გააყოლა და გაფითრდა… რამდენიმე მეტრში, აივნის მეორე ბოლოში, მდიდრულად გაწყობილ სუფრასთან, კახა დევიძე იჯდა მაკასთან და თავის მეგობრებთან ერთად.
_ გისმენთ, _ ბლოკნოტმომარჯვებული ოფიციანტი მათ მაგიდას მოუახლოვდა.
_ იცით? ჩვენ გადავიფიქრეთ, სხვაგან ვამჯობინეთ წასვლა, _ თავაზიანად განუცხადა გიგიმ ბაფთიან მამაკაცს და ნიას ხელი გაუწოდა, ჩვენი წასვლის დროაო.
_ ნიაკო! ვერ ვიჯერებ, ნუთუ ეს შენ ხარ? _ ქალის წკრიალა ხმამ ზედ ყურთან გაუწუილა გიგის, _ ძლივს გიცანი!
მაკამ ნია გადაკოცნა და ცნობისმოყვარე მზერა გიგიზე გადაიტანა.
_ ეს არის ჩვენი ლეგენდარული ახვლედიანი? არ მიკვირს, უარი რომ არ თქვი მასზე! შეიძლება ითქვას, შენ ჯეკპოტი მოიგე, საყვარელო! ჭკვიანი მყავხარ! _ კეკლუცად შენიშნა მაკამ და ხარბად გაუღიმა მამაკაცს.
_ გამარჯობა! მე მაკა ვარ, ნიას მეგობარი.
_ გიგი, _ ჩაილაპარაკა მამაკაცმა, წამოდგა და ქალს ხელი გაუწოდა.
ნიას ერჩივნა, მიწა გასკდომოდა და შიგ ჩავარდნილიყო. ალმურმა აჰკრა სახეზე.
_ ძალიან მიხარია, ნია რომ თქვენ გვერდითაა. ვერ წარმოიდგენთ, რამდენს ვეჩიჩინებოდი, რომ ასეთი ნაბიჯი გადაედგა, მაგრამ ვერ დავითანხმე. ნამდვილი იდიოტივით იქცეოდა. კიდევ კარგი, ჭკუაზე მოვიდა. მიხარია, მართლაც მიხარია. თქვენნაირი მამაკაცი ყველა პრობლემის გადაწყვეტას ნიშნავს!
_ განა ნიას პრობლემები აქვს? _ ნაძალადევად გაიღიმა გიგიმ და მაკას ანიშნა, დაბრძანდითო.
მაკა ისე იყო აღტყინებული, ნიას შეშინებულ თვალებს ვერც ამჩნევდა. არადა, გოგონა მზერით ემუდარებოდა მეგობარს, გაჩუმებულიყო. გაფითრებული ერთიანად ცახცახებდა. ყოველივე ამას ისიც დაემატა, რომ გოგონამ მათკენ მომავალი კახა დევიძე დაინახა. როგორც ჩანს, ბედისწერამ მისი საბოლოოდ დასჯა გადაწყვიტა. თავი დახარა, იქნებ დევიძემ ვერ მიცნოსო… იმ საღამოს მერე ხომ ძალიან გამოიცვალა ნია, სულ სხვანაირი გახდა.
_ ბატონო გიგი! _ რუსული აქცენტით დაიროხროხა კახამ, _ რა შეხვედრაა!
ახვლედიანმა მოსულს მხოლოდ თავი დაუქნია. ერთხანს ორივენი თვალებით ზომავდნენ ერთმანეთს, თითქოს ორთაბრძოლისთვის ემზადებიანო. ნიას ნერვები სიმებივით დაეჭიმა.
_ ახლა მაინც არ ხარ საკუთარ კაზინოში, ძმობილო, _ ირონია გაისმა დევიძის ხმაში.
მაკა მხარზე ჩამოეკიდა თავის საყვარელს და აღტაცებული მზერით მიაჩერდა ახვლედიანს.
_ არა, მაგრამ მე ამ რესტორნის მფლობელსაც კარგად ვიცნობ, _ ყინულივით ცივი ხმით უპასუხა გიგიმ და ორაზროვანი ღიმილი აუთამაშდა ტუჩებზე.
კახამ ისეთი სახე მიიღო, თითქოს სწორედ ასეთ პასუხს ელოდაო, მერე კი ნიასკენ შეტრიალდა და დამცინავად დააშტერდა.
_ უმაღლესი კლასის «ნაშაა», ვერაფერს იტყვი, _ თავი დააკანტურა დევიძემ და ნიშნის მოგებით გიგისკენ მოატრიალა თავი.
ნია წამით ვერც მიხვდა, რა მოხდა და როცა გაიაზრა, დაინახა, რომ დევიძე იატაკზე ეგდო. ახვლედიანის მუშტი მამაკაცს პირდაპირ ცხვირში მოხვდა და ნოკაუტში ჩააგდო.
მთელ დარბაზში სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა… ათობით წყვილი თვალი მათ მისჩერებოდა. ცოტა ხანიც და… რესტორნის მომსახურე პერსონალი, დიდიან-პატარიანად მათი მაგიდის გასწვრით ჩამწკრივდა.
_ მშვენიერი დარტყმაა, _ თქვა ერთმა და იატაკზე გაშოტილ დევიძეს დახედა.
_ იქნებ გაიტანოთ ეს კაცი აქედან, _ ისე თქვა გიგიმ, არავისთვის შეუხედავს.
_ მგონი, სასწრაფო დახმარების გამოძახება მოგვიწევს, _ წამოიძახა ერთმა ახმახმა და სხვებს გადახედა.
_ თუ შეიძლება, ახალგაზრდა ლედი ჩემს მანქანამდე მიაცილეთ, _ გიგიმ იქვე მდგარ პატარა ბიჭს გასაღები მიაჩეჩა, მისი ხმა მბრძანებლურად ჟღერდა.
ბიჭმა მორჩილად დაუქნია თავი და ნიასთან ერთად გასასვლელისკენ გაემართა.
ამასობაში დევიძეც გაიტანეს. მაგიდასთან მხოლოდ მაკა და გიგი დარჩნენ ერთმანეთის პირისპირ.
_ თქვენ კი, ქალბატონო, _ მშვიდი ხმით დაიწყო მამაკაცმა, _ ერთ კარგ რჩევას მოგცემთ. შეეშვით ამ არაკაცს და სადმე ზღვისპირა ქალაქში გადაბარგდით დასასვენებლად. იქ აუცილებლად გამოჩნდება ისეთი ვინმე, ვინც თქვენი გულის მონადირებას შეძლებს… _ მერე საფულე ამოიღო, გახსნა და ორმოცდაათლარიანი კუპიური იქვე მდგარ ახალგაზრდა ოფიციანტს გაუწოდა.
_ ამ ქალბატონისთვის ტაქსი გამოიძახეთ, თუ შეიძლება.
მაკა უფრო ახლოს მივიდა მასთან, მაჯაში ხელი ჩაავლო და უთხრა.
_ მიხარია, ნია რომ ასე დაჭკვიანდა და იპოვა ისეთი ადამიანი, როგორიც შენ ხარ. ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ თუ მოინდომებდა, აუცილებლად მიზანში გაარტყამდა. ასეთი გარეგნობით მას ნებისმიერი კაცის გაგიჟება შეუძლია. სიმართლე გითხრა, მშურს კიდეც მისი, ასეთი კაცი რომ იპოვა _ მდიდარი და ლამაზი! ვერ წარმოიდგენ, დღევანდელობაში როგორი ძნელია ასეთების მოძებნა! იმაზე ჭკვიანი ყოფილა ნია, ვიდრე მეგონა. თავისი პრობლემების გადასაჭრელად საკმაოდ მსუყე ლუკმისთვის მიუგნია!
გიგის ნაკვთი არ შერხევია სახეზე, იდგა და მდუმარედ უსმენდა ქადაგად დავარდნილ ქალს.
_ ისე, თქვენნაირზე რომელი ქალი იტყოდა უარს! _ გადაიკისკისა მაკამ.
_ ვიმედოვნებ, ეს ჩვენი პირველი და უკანასკნელი შეხვედრა იქნება, ქალბატონო, _ თქვა ბოლოს მამაკაცმა, თავი დაუქნია მაკას და მტკიცე ნაბიჯებით გაერიდა…
_ ესე იგი, მაკაა ის ქალი, რომელმაც შენი თავი კახა დევიძეს შეტენა? _ გულგრილად იკითხა, როგორც კი მანქანაში ჩაჯდა და ნიას გამომცდელად შეხედა.
_ მე არავისთვის შევუტენივართ. მგონი, უკვე გითხარი, რა როგორ იყო, _ იწყინა გოგონამ.
_ ჰო, ალბათ ზედმეტად ცუდი შედარება გამოვიყენე, _ სარკაზმი იგრძნობოდა მამაკაცის ტონში, _ ვეჭვობ, იგი პატივს სცემდეს თავის ბოზებს.
_ არ გაქვს ასე ლაპარაკის უფლება! მაკა არ არის! _ ქალს ნიკაპი აუკანკალდა.
გიგიმ ჩაახველა. ამწუთას იგი გაბოროტებული იყო. გაბოროტებული იმით, რომ იმ არამზადა დევიძემ ნიას დამცირება გაბედა. კიდევ იმით, რომ ნია მაკას თავისი საყვარლის თვალყურის დევნებაში დაეხმარა. ან კი რაში სჭირდება ასეთი მეგობარი? ქალი, რომელიც არაფრით განსხვავდება ცირკის მეძავისგან.
_ ის ქუჩაში არ დგას, მაგრამ ეს არ უშლის ხელს, იყოს. სხვანაირად რა შეიძლება მისნაირს უწოდო? _ თავს ვერ იკავებდა გიგი.
ნიამ პასუხი არ გასცა, ოდნავ შეაქცია ზურგი. არ უნდოდა ახლა მაკაზე ეფიქრა, არც კახა დევიძეზე. არაფერზე არ უნდოდა ეფიქრა, რაც ამ საზიზღარ საღამოს მოაგონებდა. ღმერთო, გიგი მაინც შეწყვეტდეს ამ თემაზე საუბარს.
_ აბა! _ გაააგრძელა ახვლედიანმა, _ შენ როგორ უწოდებდი მას? იქნებ კახპას?
_ არ მინდა მაკაზე ლაპარაკი!
_ არა? მართლა? არადა, მას როგორ უნდოდა, შენზე ელაპარაკა! _ მამაკაცს ხმა შეეცვალა, თითქოს იწვევდა ქალს.
ამწუთას ნიას ის გიგი გაახსენდა, პირველად რომ გაიცნო. მაშინაც სწორედ ასეთი ტონით ელაპარაკებოდა. მაშინ გოგონას საკმაო დრო დასჭირდა იმისთვის, რომ თავისი წესიერება დაემტკიცებინა. ახლა კი არ აპირებდა თავის მართლებას.
_ შენ მას, როგორც მეგობარს, დიდი სამსახური გაუწიე და მისი საყვარლის პარტნიორობა იტვირთე.
_ არა, ეს ასე არ ყოფილა, გაჩუმდი, თუ ღმერთი გწამს!
_ ნუთუ არ გაინტერესებს, შენმა ძვირფასმა დაქალმა რა მითხრა შენზე? სხვათა შორის, ძალიან ბევრი საინტერესო რამ.
ნიამ მძიმედ მოაბრუნა თავი და მრისხანე მზერა ესროლა.
_ რას გულისხმობ? _ უმწეოდ იკითხა.
_ ჩემთან რატომ ხარ, ნია?
_ რა-ა?
_ მშვენივრად გაიგონე, რაც გკითხე. რატომ ხარ-მეთქი ჩემთან. რა გაკავებს, რომ ჩემ გვერდით იყო? _ გიგისთვის აუცილებელი იყო, პასუხი მოესმინა. დადგა დრო, გაირკვეს, რას ნიშნავს ეს ქალი მისთვის და თვითონ რას წარმოადგენს ნიასთვის. მას პასუხი სჭირდება და მიიღებს კიდეც.
ქალმა ტუჩი მოიკვნიტა და ანერვიულებულმა მანქანის დაბურულ მინას მიადო თავი.
_ ამაზე ლაპარაკს აზრი არა აქვს. შენ მშვენივრად იცი, რატომაც ვარ აქ.
_ ნუთუ? მე კი მინდოდა, შენგან მომესმინა ეს. მითხარი, რატომ გინდა ჩემთან დარჩენა, გოგონი?
«იმიტომ, რომ მე ის ქალი ვარ, რომელიც შენ გსურს», _ გაიფიქრა თავისთვის.
მოულოდნელად რაღაც აზრმა გონება გაუნათა. ნელა შემოტრიალდა მამაკაცისკენ, ერთხანს თვალმოუშორებლად უყურა, მერე მაცდური ღიმილი აუთამაშდა ტუჩებზე.
_ გამეცი პასუხი, მაჩვენე, რატომ ხარ ჩემთან, _ არ ეშვებოდა მამაკაცი.
უეცრად გოგონას გამომეტყველება შეეცვალა, სახის ნაკვთები გაუმკაცრდა, ღიმილი გაუქვავდა, თვალები დაუწვრილდა… შემდეგ ხელები გადაიჯვარედინა, კაბის ბოლოებს თითები ჩასჭიდა და ერთი მოძრაობით ტანთ გაიხადა… მთვარის შუქზე მისი სავსე მკერდი კიდევ უფრო თეთრად აქათქათდა.
_ აი, ამიტომ, _ დაიჩურჩულა ქალმა, _ მხოლოდ ამიტომ.
გიგი მიხვდა, მის გამოწვევას გოგონამ გამოწვევითვე უპასუხა. უნდოდა, ძალიან უნდოდა, თავი შეეკავებინა, მაგრამ ისეთი ძლიერი ცდუნების წინაშე აღმოჩნდა… მიხვდა, ვერ შეძლებდა.
წამიც და ჟინმორეული მამაკაცი მის შიშველ მკერდს დააცხრა…
_ ღმერთო, რას მიშვრები, პატარავ, ხვდები მაინც? _ ბურტყუნებდა თავისთვის და მოწყურებული კოცნიდა ქალს ყველგან, სადაც მოუხვდებოდა.
ნიას ხმა არ ამოუღია, მან სიტყვების გარეშე დაამტკიცა, რისთვისაც არჩია მის გვერდით ყოფნა…
გონებაგაფანტულმა გიგიმ ძლივს მიაღწია სახლამდე, ვნება ჯერ კიდევ ბობოქრობდა, მის ტუჩებს შემორჩენილი ქალის სურნელი ჯერ კიდევ თავბრუს ახვევდა, მაგრამ… ეჭვები მოსვენებას უკარგავდა. მაინცდამაინც ვერ დააკმაყოფილა ნიას «პასუხმა», უფრო მეტს ელოდა მისგან.
ერთმანეთისთვის ხმა არ გაუციათ, ისე შევიდნენ სახლში. მამაკაცმა ქალს ხელი ჩასჭიდა და ბუხართან მდგარ სავარძელში ჩასვა, თვითონ წინ დაუჯდა და თვალებში ჩააცქერდა.
_ ნია! _ მისდა უნებურად აღმოხდა, რადგან ახლა ნამდვილად არ აპირებდა მასთან არასასიამოვნო დიალოგის გამართვას, მაგრამ ამავდროულად, არც გაჩუმება შეეძლო.
გოგონა თვალებდახრილი იჯდა, ოდნავაც არ შერხეულა. გიგი მიხვდა, რაოდენ დაძაბული იყო იგი.
_ რას გულისხმობდა მაკა, როცა შენს პრობლემებზე ლაპარაკობდა?
ნიამ შეშინებული მზერა მიაპყრო.
_ რომელ პრობლემებზე?
_ რომელთა გადაჭრაც მე შემძლებია თურმე!
ნიამ იგრძნო, რომ რამდენიმე წამში რეალური ზღაპარი დასასრულს მიუახლოვდებოდა და სასოწარკვეთილმა თვალები დახუჭა.
კიდევ უფრო დაიძაბა. კარგა ხანს ჩუმად იჯდა, შემდეგ, როგორც იქნა, ძალა მოიკრიბა და ხმადაბლა თქვა.
_ მაკას მიაჩნდა, რომ მე მამაკაცი მჭირდებოდა… მისი აზრით, ჩემი სიმარტოვე დასანანი იყო.
ის იტყუებოდა. გიგი მაშინვე მიხვდა ამას. რაც ერთმანეთს ხვდებოდნენ, საკმაოდ კარგად გაიცნო იგი. გულზე თითქოს რაღაცამ მოუჭირა. ნიამ იგრძნო, რაც ხდებოდა მის თავს და სიტუაციის განმუხტვა სცადა.
_ რატომ ანიჭებ მაკას ნათქვამს ამხელა მნიშვნელობას? ის ჩემი ახლო მეგობარი არ არის, უბრალოდ, კარგი ნაცნობია…
_ ისეთი ახლო ნაცნობი, რომ მისი გულისთვის მისი საყვარლის მეთვალყურეობაც არ ითაკილე? ადრე მეუბნებოდი, დაქალიაო, რომელი დავიჯერო? _ კოპები შეკრა მამაკაცმა.
გიგის ხმაში კვლავ გამოწვევა იგრძნობოდა. ამან გააღიზიანა ნია. ჯანდაბამდის გზა ჰქონია მაკასაც და დევიძესაც… მათ გამო შეიძლება გიგისთან გატარებული ძვირფასი წუთები ჩაეშხამოს!
_ არ მინდა საუბარი არც მასზე და არც მის საყვარელზე! _ თავი ამაყად ასწია და კატეგორიული ტონით განაცხადა, თუმცა ყველაზე მეტად თავის პრობლემებზე ლაპარაკს გაურბოდა, არ უნდოდა, გიგის გაეგო, კახას ვალი რომ მართებდა.
თავს საშინლად არაკომფორტულად გრძნობდა, ტყუილის თქმა რომ უწევდა. მაგრამ რატომ უწყობს დაკითხვას? რა საერთო აქვს მის პრობლემებს მათ ურთიერთობასთან? ახლა რომ ყველაფერს მოყვეს, სამუდამოდ დაკარგავს ამ ადამიანს და მერე მთელი ცხოვრება დაიტანჯება.
ნია წამოდგა და სააბაზანოსკენ გაემართა. კარი შიგნიდან ჩაკეტა და სარკეში თავის გამოსახულებას დააშტერდა. ეზიზღებოდა საკუთარი თავი…
ონკანი მოუშვა და წყალი გადაივლო. ათი წუთის შემდეგ თავი უკეთ იგრძნო. ყველაფერი ასე ახლოს არ უნდა მიიტანოს გულთან. თუმცა, რესტორანში ჩხუბი ხომ მის გამო მოხდა… როგორ შეიძლება ამ ამბავს გულგრილად შეხედოს? გარდა ამისა, დამნაშავეა იმაში, რომ მაკასნაირ გოგოსთან მეგობრობს. სწორედ მისი გამოისობით აიკიდა ამხელა ვალი, რომლის გადახდას ალბათ მთელი ცხოვრება ვერ შეძლებს. სწორედ თავდაცვის ინსტინქტმა აიძულა იგი, მოეტყუებინა საყვარელი მამაკაცი, რადგან არ უნდოდა, მის პრობლემებს გავლენა მოეხდინა მათ რომანზე.
«არა, მართლაც და, რა მაკავშირებს ამ კაცთან? რატომ ვარ მასთან?» _ მარტო დარჩენილმა პირველად დაუსვა ეს კითხვა თავის თავს… და პასუხიც მაშინვე გასცა _ «სექსი, ფანტასტიკური სექსი. მსგავსი სიამოვნება არასდროს განმიცდია. მისი შედარება არაფერთან შეიძლება. და ალბათ ვერც ვერასდროს გამოვცდი. მასთან სექსი თავს მაკარგვინებს, ყველაფერს თავდაყირა აყენებს ჩემს ცხოვრებაში».
ნიამ საჩვენებელი თითით კრემი ამოიღო ფლაკონიდან და სახეზე გადაინაწილა, მერე კი წრიული მოძრაობით დაიწყო მისი შეზელვა კანში.
თუმცა… მათ ურთიერთობაში უფრო მეტი იყო, ვიდრე სექსი. უფრო ღრმა, უფრო ფაქიზი… ნია ხვდებოდა, რომ გიგისთან რომანი ჩვეულებრივი გატაცება და გართობა არ იყო. მის დანახვაზე მთელ სხეულში ჯერ არგანცდილი ჟრუანტელი უვლიდა, გული გამალებით უცემდა და სიამოვნების მეთერთმეტე ტალღა ხმაურით ეხეთქებოდა მისი სულის ყველა წერტილს. რატომ მოიხიბლა ასე ამ მამაკაცით? რატომ ელოდება ხოლმე დაძაბული მასთან ყოველ პაემანს? რატომ აფორიაქებს ფიქრი იმაზე, რომ მათი ყოველი ახალი შეხვედრა უკანასკნელი იქნება?
იმიტომ, რომ შეუყვარდა!
მოულოდნელად კრემით გათხუპნილი თითები ჰაერში გაუშეშდა. გაქვავებული შეჰყურებდა თავის ანარეკლს სარკეში.
თითქოს გული გაუჩერდა წამით, ხელ-ფეხი გაეყინა… ისე გააჟრჟოლა, ერთიანად დაბურძგლა მკლავებზე.
არა!
გონებას არ სურდა გულის გამოძახილს დამორჩილებოდა. არა, მას არ უყვარს გიგი ახვლედიანი! ეს ტყუილია!
ეს შეუძლებელია! მას არ აქვს ამის უფლება!
ნიას დიდი ხანია, არ უფიქრია ისეთ სერიოზულ და ღრმა გრძნობაზე, როგორიც სიყვარულია, მით უმეტეს, გიგისთან… მას შეუძლია, აღფრთოვანდეს მისით, ლტოლვა განიცადოს, სიამოვნება, კმაყოფილება, მაგრამ არა სიყვარული! ეს, უბრალოდ, გამორიცხულია!
არადა, სწორედ ეს მოხდა! შენ შეგიყვარდა იგი, პატარა ნია! და ამ რეალობას ვერსად გაექცევი!
ამის გააზრებამ თავზარი დასცა. მოულოდნელობისგან გაოგნებული საშხაპე კაბინას მიეყრდნო, რათა არ წაქცეულიყო. «მე მიყვარს იგი… მე გიგი ახვლედიანი მიყვარს…» _ კარგა ხანს ჩურჩულებდა თავგზააბნეული.
დრომ, როგორც ჩანს, შეაჩერა სვლა, მერე კი საერთოდ გაჩერდა… არ ახსოვს ნიას, რამდენ ხანს იჯდა სააბაზანოში, შეიძლება მხოლოდ რამდენიმე წუთი, ან იქნებ, მთელი საუკუნე…
სიყვარულმა დროის შეგრძნება დააკარგვინა, ყველაფერი დაავიწყა.
ჰო, მაგრამ… გიგის რომ არ უყვარს იგი? ამის გაფიქრებაზე ჩხვლეტა იგრძნო მკერდში. მწარე სიმართლე მძიმე ტვირთად დააწვა მის გულს. გიგის არ უყვარს იგი…
ან კი რატომ უნდა უყვარდეს? ერთი მიზეზი მაინც დაუსახელეთ ნიას, რატომ უნდა შეიყვაროს მდიდარმა ბიზნესმენმა მისნაირი ქალი? მათ ურთიერთობაში არასდროს თქმულა სიტყვა სიყვარულზე… არასდროს. აბა, რას ელოდა? წესით, ასეც უნდა ყოფილიყო. ახვლედიანისთვის ნია მხოლოდ დროებითი თავდავიწყების ობიექტია, დიდი გართობის ნაწილი, რომელსაც გაგრძელება არ ექნება. ძალიან მალე მის ადგილს მორიგი ლამაზმანი დაიკავებს, რომელიც სულ სხვა ინტერესს აღუძრავს მამაკაცს. სწორედ მაშინ, ზედმეტი ყოყმანის გარეშე გამოუცხადებს _ «მშვიდობით, პატარავ» და ნიას აღარაფერი დარჩება, გარდა იმისა, უსიტყვოდ გატრიალდეს და სამუდამოდ გაქრეს მისი ცხოვრებიდან.
არა, არც უნდა იოცნებოს გიგიზე. ახვლედიანი არასდროს შეიყვარებს. მას საერთოდ არაფერში სჭირდება სიყვარული… ამიტომ არც უნდა გაიგოს, როგორ უყვარს ნიას იგი, არასდროს უნდა გაიგოს! ბოლოს და ბოლოს, მას სხვა გამოსავალი არა აქვს. მამაკაცი, ალბათ, არ აღფრთოვანდება, თუკი გაიგებს, როგორ უსაშველოდ უყვარს ნიას! სრულებით შესაძლებელია, რომ ქალის სიყვარული გიგის ტვირთადაც იქცეს. ასეთ მამაკაცებს არ სჭირდებათ მსგავსი სენტიმენტალური გამოხდომები. ბიზნესმენს მისგან სულ სხვა რამ სურს. მაგალითად, ლოგინი და ყოველგვარი ვალდებულებისგან თავისუფალი ურთიერთობა. ამიტომაც არ უნდა გამოუტყდეს თავის გრძნობებში.

ავტ:სვეტა კვარაცხელია



№1 სტუმარი ბასილისა

გეფიცები ამმ რომმანს რომ ვკითხულობ მომენტებში ისეთი შეგრძნება მეუფლება რომ ჯემალ ქარჩხაძის "იგი"-ს ვკითხულობ, რაღაც ფრაზები გავს ან იქედან აქვს ავტორს :))) და ხოკიდევ მთავარ გმირებს მაგალითად გიგის რომ ჩაამოვაშოროთ =გ დაგვრჩება -იგი- ნიას ჩამოვაშოროთ -ა დაგვრჩება -ნი-.. ბევრ ვბოდიალობ მოკლედ კარგიაა რა kissing_heart kissing_heart

და გეფიცებიი ისიც მიკვირს რატომ არაქ 7 მოწონებაზე მეტი შეფასება worried heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent