წითელი ფეხსაცმელი [9]
საღამომ შედარებით მშვიდად ჩაიარა. ისე ივახშმეს, არც მაკა უხსენებიათ და არც ნიას პრობლემები. მოულოდნელად გიგი ზაფხულის გეგმებზე ალაპარაკდა. _ არ გინდა, სადმე დასასვენებლად გავემგზავროთ? _ ჰკითხა მამაკაცმა და გამომცდელი მზერა შეავლო. _ დასასვენებლად? სად? _ წარბები აზიდა ნიამ, არ ელოდა ასეთ შეკითხვას. _ რა ვიცი, მაგალითად, რომელიმე ზღვისპირა კურორტზე, მაგალითად, თურქეთში… ან… _ იქ ერთხელ უკვე ვიყავი, _ მორცხვად ჩაილაპარაკა გოგონამ, _ და ვიცი, რომ ძალიან კარგია. _ რა თქმა უნდა, არაჩვეულებრივია. ვფიქრობ, კარგ დროს გავატარებდით… _ არ ვიცი… მაგაზე არ მიფიქრია… _ თვალი აარიდა ნიამ. გიგის პასუხი არ ესიამოვნა. ერთხელ უკვე იყო იქ… თავის შეყვარებულთან ერთად? ეს ის კაცია, ვისთან ერთადაც აქ ჩამოვიდა საცხოვრებლად? რა ურთიერთობა ჰქონდა მასთან?.. და მიხვდა, ეჭვის ჭია კვლავ როგორ შეუძვრა გულში. ადრე არასდროს უეჭვიანია სხვა ქალებზე. ახლა კი… იმის გაფიქრებაც კი, რომ ოდესმე შეიძლებოდა ნიას სხვა კაცის მკლავებში ენებივრა, გულს უკლავდა, საშინლად აღიზიანებდა. არადა, როცა პირველად დაწვა მასთან, ქალწული იყო. ამაში გიგი ღრმად არის დარწმუნებული. მაშინ რა გამოდის? სხვა რა სახის ურთიერთობა უნდა ჰქონოდა იმ იდუმალ პარტნიორთან? თავი გადააქნია, რომ აბეზარი ფიქრები თავიდან მოეშორებინა. ნია ვერ ხვდებოდა, რა ხდებოდა მამაკაცის თავს, ამიტომ წამოდგა და მაგიდის ალაგებას შეუდგა. _ რას აკეთებ, გაგიჟდი? _ შეიცხადა გიგიმ და მაჯა დაუჭირა. _ ავალაგებ, მაინც არაფერს ვაკეთებ, _ კეკლუცად გაიღიმა გოგონამ. _ შეეშვი, აქაურობას ჰყავს ამლაგებელიც და დამლაგებელიც… მითხარი, რატომ არ გინდა, თურქეთში გამომყვე? ნიას ალმურმა აჰკრა, უსიამოვნო შეგრძნებამ დარია ხელი. _ მე უკვე ვიყავი იქ. ვფიქრობ, სხვაგან უკეთეს დროს გავატარებდი. _ ვისთან ერთად იყავი? რატომ ეკითხება? ეჭვიანობს? რაში აინტერესებს, ვისთან ერთად იყო? მისთვის რა მნიშვნელობა აქვს, ნიას ადრე ჰყავდა თუ არა სხვა მამაკაცი? არადა, გიგისთვის ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მას უნდოდა, ყველაფერი სცოდნოდა ამ ქალის შესახებ, ყველა წვრილმანი, ისიც კი, მოფერებია თუ არა ადრე სხვა მამაკაცი. _ ადამიანთან, რომელიც წავიდა ჩემი ცხოვრებიდან და არასდროს დაბრუნდება. თუმცა, მისი გახსენება ყოველთვის დიდ ტკივილს მაყენებს, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელი გავიდა, _ სევდიანად ჩაილაპარაკა ნიამ. გიგი გამომცდელად მისჩერებოდა. _ თუ არ ვცდები, სწორედ მასთან ერთად ჩამოხვედი თბილისში საცხოვრებლად, არა? _ ჰო… მაგრამ რაში გჭირდება ამის გამოკითხვა? _ იმიტომ, რომ სრულებით არ გიცნობ, პატარავ. მინდა, რაც შეიძლება მეტი გავიგო შენზე. გოგონამ თავი დახარა. _ ჩემს ცხოვრებაში ისეთი საინტერესო არაფერი ყოფილა, რომ შენი ყურადღების ღირსი გახდეს, დამიჯერე. მე ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ, არაფრით სხვებისგან გამორჩეული. ერთადერთი ღირებული ჩემს ცხოვრებაში, ეს შენ ხარ, გიგი. _ ნუთუ? _ ირონია გაისმა მამაკაცის ხმაში, _ რატომ ლაპარაკობ ასე, პატარავ? _ იმიტომ, რომ ეს სიმართლეა. _ საინტერესოა, რატომ გავხდი შენთვის ასეთი განსაკუთრებული? მისი საუბრის ტონით ნია მიხვდა, რომ საშიშროება ისევ ახლოვდებოდა. არა, არაფრით დაუშვებს, რომ გიგიმ მისი გრძნობების შესახებ შეიტყოს, ამით სამუდამოდ დაკარგავს მას. ახვლედიანს მისთვის შეყვარება არ უთხოვია. მას მხოლოდ ის სურდა, ნია დამყოლი, უპრეტენზიო და საწოლში ვნებიანი ყოფილიყო. სიყვარულზე არ ყოფილა ლაპარაკი. _ გიგი, იცი? მე… მე… ქალის ხმა ყრუდ გაისმა. იგრძნო, ცრემლები როგორ ჩამოუგორდა ღაწვებზე. ამის დანახვაზე მამაკაცი წამოხტა და ქალს მიეჭრა. _ პატარავ! რა გჭირს? ნუ ტირი, გთხოვ, არ მინდოდა შენი წყენინება! ნიამ ამოიოხრა. _ მაპატიე… არ მინდოდა შენთვის ტკივილი მომეყენებინა. რა ცუდი საღამო გამოგვივიდა, რა არის ეს! _ შეწუხდა იგი და ნიას ხელები გულზე მიიხუტა. ხმა ისე დაუთბა, გოგონას უარესად აუჩუყდა გული და ხმამაღლა ატირდა. _ გიგი… რომ იცოდე… შენ ყველაზე კარგი ხარ… საუკეთესო მამაკაცი ხარ მთელ მსოფლიოში, _ ჩურჩულით წარმოთქვა და მის მკერდში ჩარგო ცრემლით დანამული პირ-ცხვირი. _ მორჩი, აღარ იტირო, გესმის? ამისთვის კი არ ხარ ჩემთან, შენ მე სხვა რამეში მჭირდები, წამომყევი, _ ბოლო სიტყვები ვნებიანად წარმოთქვა მამაკაცმა, ქალს წელზე ხელი მოხვია, ჰაერში აიტაცა და სასიამოვნო ტვირთიანად საძინებლისკენ აიღო გეზი. 8 8 8 გიგი საჩუქრებით ხშირად ანებივრებდა ნიას. მამაკაცი არაფერს იშურებდა გოგონასთვის, ყიდულობდა ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, სამკაულებს, ჩანთებს, აქსესუარებს… თუმცა თავად არასდროს გამოუთქვამს პრეტენზია, ეს არ მაქვს, ის არ მაქვს, რა ჩავიცვა, არ ვიციო… ბიზნესმენი უყოყმანოდ ხარჯავდა მისი სიამოვნებისთვის ფულს. თავადაც სიამოვნებდა ამის გაკეთება. უნდოდა, დარწმუნებულიყო, რომ ძვირად ღირებული სამოსი ქალის ბუნებრივად უზადო სილამაზეს კიდევ უფრო ბრწყინვალეს გამოაჩენდა. და ასეც იყო. სადაც უნდა ყოფილიყო, ყველგან ყველასგან გამოირჩეოდა გარეგნობითაც და ჩაცმის სტილითაც. მის დანახვაზე ახვლედიანს სუნთქვა ეკვროდა ხოლმე. თუმცა ნიას ნაკლებად სიამოვნებდა ასეთი ყურადღება. იცოდა, რომ ამით უფრო და უფრო დამოკიდებული ხდებოდა მამაკაცზე. რა თქმა უნდა, სიამოვნებით წავიდოდა მასთან ერთად თურქეთში დასასვენებელად, მაგრამ… მაინც უარის თქმა მოუწევს. ამ ქვეყანასთან ფრიად უსიამოვნო მოგონებები აკავშირებს. გიგისთან ერთად ქვეყნის დასალიერამდეც წავა, რადგან მის გვერდით ყოფნა ერთი დიდი კმაყოფილებაა. იგი არასდროს ყოფილა ასეთი ბედნიერი. მაშინაც კი, როცა დედა ცოცხალი ჰყავდა. როცა პირველად ჩამოვიდა თბილისში, გუმანით მიხვდა, რომ ცხოვრება მას მძიმე გამოცდას მოუწყობდა. სამწუხაროდ, არ შემცდარა. ახლა რეალურ ზღაპარში ცხოვრობს, თუმცა დარწმუნებულია, რომ ეს ზღაპარი ჰეფი ენდით არ დამთავრდება. სულ მალე გამოჩნდება ის მორიგი ბედნიერი ფერია, რომელიც გიგის ცხოვრებას გაულამაზებს. ნია კი სხვა ყოფილების ბედს გაიზიარებს და წარსულში დარჩება. ერთადერთი, რაც ექნება _ მხოლოდ ტკბილი მოგონებები… და კიდევ, უზარმაზარი ვალი, რომელიც აუცილებლად უნდა გადაიხადოს. კიდევ კარგი, ჰორიზონტზე არც მაკა ჩანს და არც კახა. ალბათ არ არიან თბილისში. როგორც ჩანს, დევიძემ საყვარელი დასასვენებლად საზღვრებს გარეთ გაიყვანა. ნეტავ, მაკას მაინც აეწყობოდეს ცხოვრება და არ მიატოვებდეს ის საზიზღარი კაცი! ნიას სულით და გულით სურდა, მაკას გამართლებოდა პირადულში, მიუხედავად იმისა, რომ მეგობრის ცხოვრების წესი არ მოსწონდა. რა ცუდია, რომ გიგიმ სიმართლე არ იცის, მას ჰგონია, რომ ნია საბოლოოდ გათავისუფლდა მაკას და კახას ვალდებულებებისგან. არადა, რამხელა ვალი აქვს აკიდებული. რას იზამს, რომ გაიგოს? როგორ მოიქცევა? ღმერთო! ძალიან განრისხდება ალბათ და მაშინვე ხელს აიღებს ნიაზე! არა, ამას როგორ ეტყვის! არასდროს! უამისოდაც მალე დამთავრდება ყველაფერი. ეჰ… ნეტავ შეეძლოს, სამუდამოდ მოინადიროს მისი გული. ნეტავ, როგორ ახერხებენ სხვა ქალები ამას? არ შეიძლება, ვინმემ ასწავლოს, როგორ შეინარჩუნოს საყვარელი მამაკაცი და გამუდმებით მისი დაკარგვის შიში არ აწუხებდეს? სულ ასე ხომ არ უნდა სტკიოდეს გული? ნია ყველაფერზე თანახმაა, ოღონდ რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს მათი რომანი. გოგონას ყველაფერი მოსწონს მისი _ აღნაგობა, თვალები, ტუჩები, ცხვირი, გამოხედვა, ღიმილი, ხასიათი… აღარაფერს ამბობს იმაზე, როგორია იგი საწოლში და როგორი მოფერება იცის… ამავდროულად, სულაც არ სიამოვნებს, ასე რომ იხარჯება ახვლედიანი მისთვის, თუმცა საჩუქარზე უარს არასდროს ამბობს. არა იმიტომ, რომ ვალდებულად თვლიდა, მისი საყვარელი ასე მოქცეულიყო. არც იმიტომ, რომ მდიდრული სამოსით სავსე გარდერობი ჰქონოდა. არა, უბრალოდ, ესმოდა, რომ რაც უფრო დიდხანს იქნებოდა თვალის მომჭრელ ფორმაში, მით მეტხანს დაიტოვებდა გიგი თავისთან. სწორედ ამიტომ ირგებდა ყოველდღე სხვადასხვა კოსტიუმს, ამიტომ დადიოდა სილამაზის სალონებში და გამუდმებით ზრუნავდა თავის გარეგნობაზე. გიგის გარშემო ხომ ყოველთვის მოვლილი და «დაცემა» ქალები ტრიალებდნენ. საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ვერ შეძლებს, შეეჯიბროს რომელიმეს. ნებისმიერს შეუძლია, როცა მოინდომებს, მაშინ წაართვას ნიას იგი. ერთადერთი გამოსავალი, რაც დროებით მაინც გაანელებდა ქალის ტკივილს, გიგის შემოთავაზებაზე დათანხმება იყო. ამას გრძნობდა ნია, ამიტომ ერთ საღამოსაც, როცა მორიგი ვახშმის შემდეგ ლოგინში ჩაწვნენ და ერთმანეთის ალერსით იჯერეს გული, სიბნელეში მისი ჩურჩულით ნათქვამი გაისმა. _ მე თანახმა ვარ შენს წინადადებაზე. _ რომელ წინადადებაზე? _ მამაკაცმა თავი წამოსწია და სიბნელეში დაჟინებით დააშტერდა. ნია წამოწითლდა. _ ხვალიდან შენთან ვრჩები. ხომ გინდოდა ეს? _ გაუბედავად წარმოთქვა. ახვლედიანი უსიტყვოდ მიესვენა ბალიშზე. _ ჰო, _ ცივად წამოისროლა და გაჩუმდა. ნიას ელდა ეცა. რატომ უპასუხა ასეთი ტონით? არ ესიამოვნა? მაგრამ ეს ხომ მისი სურვილი იყო? _ თუ გადაიფიქრე, პრობლემა არ არის, ჯერ ხომ არ გადმომიტანია ჩემი ნივთები, _ ხმა შეუსუსტდა გოგონას. _ არა, არ გადამიფიქრებია. მე მეგონა, ჩემთან ერთად დასასვენებლად წამოსვლაზე იყავი თანახმა. _ ააა, ეგ… მაგაზე შეიძლება სხვა დროს ვილაპარაკოთ? _ რა თქმა უნდა, თუკი ძალიან შორს არ გადაიწევს ეგ «სხვა დრო». მე ახლა ვარ თავისუფალი, მერე ისევ მომეძალება საქმეები და შეიძლება ვეღარც შევძლო გამგზავრება. _ მერე რა, შენთან ერთად მე აქაც კარგად ვგრძნობ თავს, _ ნია მისკენ შეტრიალდა და ლოყაზე აკოცა. _ მინდოდა, უფრო უკეთ გეგრძნო თავი, თან სხვა გარემოში… თუმცა, როგორც გინდა, მე არ გაძალებ. კარგია, რომ ეგ მაინც გადაწყვიტე. ხვალვე ვეტყვი ბიჭებს, გადმოიტანონ შენი ბარგი-ბარხანა. იმედია, ბევრი არ გექნება. ნიამ ღიმილი ვერ შეიკავა. _ რაც მაქვს, ყველაფერი შენი ნაყიდია. _ ოჰ, ეგენი შეგიძლია იქვე დატოვო, ახალს გიყიდი, _ გიგიმ მკლავები შემოხვია და მკერდზე მიიხუტა, _ მთავარია, შენ იყო ჩემ გვერდით, სხვას ყველაფერს ჯანდაბამდის გზა ჰქონია. სასიამოვნო ტალღამ გოგონას სხეული გაუხურა. არა, იგი არასდროს ყოფილა ასეთი ბედნიერი. ამ კაცის გვერდით საოცრად დაცულად გრძნობს თავს… თანაც… უყვარს იგი, ყველაზე და ყველაფერზე მეტად… გარდა ამისა, იმ ავადსახსენებელი საღამოს შემდეგ, გიგის ერთხელაც არ უხსენებია მაკა, კახა და მისი პრობლემები. როგორც ჩანს, შეეგუა იმ ფაქტს, რომ ნიას თავის პირად ცხოვრებაზე საუბარი არ სურს და შეეშვა. სამაგიეროდ, არც ნია დარჩა ვალში. იგი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, მამაკაცს მაქსიმალური სიამოვნება მიანიჭოს. გამუდმებით ცდილობს, ახვლედიანის ცხოვრება რაც შეიძლება ლაღი და ხალისიანი გახადოს… საინტერესოც, რა თქმა უნდა. თუმცა… მიუხედავად ამ ყველაფრისა, მათ ურთიერთობაში ძალიან მალე რაღაც მაინც შეიცვალა… უფრო სწორად, თავად ნიამ შეცვალა. გოგონა მშვენივრად ხვდებოდა, რატომაც მოხდა ეს. იმიტომ, რომ იგი შეყვარებული იყო. რა თქმა უნდა, ყოველ წუთს ცდილობდა, დაეფარა თავის გრძნობები, რადგან შიშობდა, რომ ახვლედიანს არ მოეწონებოდა ამის გაგება. მისთვის ხომ სიყვარული არ უთხოვიათ… 8 8 8 გიგი კაბინეტში შევიდა თუ არა, მდივანმა უშაქრო ყავა და კორესპონდენციების მთელი დასტა დაუდო მაგიდაზე. ესეც ასე! სიცოცხლე მშვენიერია! კაზინოს საქმეები ბრწყინვალედ მიდის, სასტუმროსიც, რა თქმა უნდა! მისი ბიზნესი ყვავის, იზრდება და შემოსავალიც, თავისთავად, მატულობს. ახლა გოლფ-კლუბსაც გახსნის და… ნიაც როგორ ჩაერთო მის საქმეებში? რამდენჯერმე ისეთი წინადადებით გამოვიდა, გიგის პირი ღია დარჩა. არ ელოდა, ამ პატარა გოგონას ასეთი ნათელი გონება თუ ჰქონდა. ნია!.. მის გახსენებაზე ახვლედიანს ბურთულიანი კალამი ჰაერში გაუშეშდა. ეს კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც ცხოვრება უხარია. თუმცა, აქამდე ვერ აუხსნია, რა არის ამ ქალში ასეთი განსაკუთრებული და როგორ ახერხებს, რომ მამაკაცის ცხოვრება ასე ჰარმონიული და საინტერესო გახადოს. ნია… ნია… სხვა ბევრს სიკეთესთან ერთად, არაჩვეულებრივი მოსაუბრეა. მის გვერდით არ მოიწყენ. ამასთან, ნებისმიერ თემაზე შეიძლება მასთან ლაპარაკი. მერე საწოლში როგორია?! ფანტასტიკური! რაც მასთან გადმოვიდა საცხოვრებლად, ხომ საერთოდ… ძალიან მზრუნველი და მოსიყვარულე გახდა. ერთი სიტყვით, ნია არის ქალი, რომელიც ყველა ქალური ღირსებითაა დაჯილდოებული. ის ერთადერთია, რომელთანაც განშორება დღემდე არ სურს ახვლედიანს, რადგან პატარა ნია ბოლომდე ავსებს მის ცხოვრებას, მის სულს, მის არსებობას… ან კი რატომ უნდა დაშორდეს? ურთიერთობაში იდეალურია, მას ყველაფერი აქვს, რაც უნდა გიგის, დაინახოს ქალში… მაგრამ სინამდვილეში ვინ არის ეს ქალი? რა იცის გიგიმ მასზე? თითქმის არაფერი. ნიას არ სიამოვნებს წარსულზე ლაპარაკი, ერთი სიტყვაც ვერ დააცდევინა. რატომ? რას მალავს? იქნებ სულაც არ იყო ქალწული, როცა პირველად დაწვა მასთან? იქნებ… ხომ შეიძლება, ხელოვნურად ყოფილიყო ქალიშვილი? რა თქმა უნდა, შეიძლება, მაგრამ რაში სჭირდებოდა ამის გაკეთება? გიგი ცოლად ხომ არ უპირებდა შერთვას და ეს მან ძალიან კარგად იცოდა. ვინ იყო ის მამაკაცი, ვისთან ერთადაც იმოგზაურა თურქეთში? რატომ არაფერს უყვება ამის შესახებ? იმ კაცმა მიატოვა, თუ ნიამ აქცია ზურგი? რა მოხდა მათ შორის? ეს კითხვები მოსვენებას არ აძლევდა. არა, მაინც რატომ დაინტერესდა ასე ნიას პირადი ცხოვრებით? მერე რა, თუ ქალწული არ იყო? დიდი ხანია, წარსულს ჩაჰბარდა ის დრო, როცა ამას ვინმე ყურადღებას აქცევდა. დავუშვათ, გიგიმდე ჰყავდა საყვარელი. რა დაშავდა ამითი? არ ჰქონდა უფლება, თუ? ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ამორალურ ცხოვრებას ეწეოდა. განა დანაშაულია, მარტოხელა ქალს საყვარელი ჰყავდეს? თანაც ასეთ ქალს? ან კი ვინ გააჩერებდა ისე? შეხედავ, ულამაზესია. ამას დამატებული _ თბილი, მოსიყვარულე, დამყოლი, მომთმენი… მეტი რა სჭირდება კაცს? თანაც, ნია არ არის იმ კატეგორიის ქალი, ფულის გულისთვის რომ გააბამს მამაკაცთან რომანს. არ ეტყობა? ცხოვრებაში არ უთხოვია გიგისთვის, ეს მიყიდე, ის მომიტანე, აქ წამიყვანე… სრულიად უპრეტენზიოა, ყველგან და ყველაფერში. მას გიგის გვერდით მოსწონს ყოფნა და არა მისი ფული. ასეა ეს და ამაში ეჭვის შეტანა არ შეიძლება. ამიტომაც არ მოიშორებს გვერდიდან. ახვლედიანს სჭირდება იგი და ნია კიდევ დიდხანს დარჩება მასთან. _ ბატონო გიგი, _ ამ დროს მდივანმა შემოყო თავი, _ ვიღაც კაცია მოსული, მაგრამ თქვენთან შეხვედრა არ აქვს დანიშნული. რა ვუთხრა? _ ვინ არის? _ კახა დევიძე. გიგი გაშეშდა. იმდენად მოულოდნელი იყო დევიძის ვიზიტი, თვალები გაუფართოვდა. რა უნდა უნდოდეს ნეტავ? სამაგიეროს გადახდა ხომ არ განიზრახა? _ შემოვიდეს, _ ცივად თქვა და წამოდგა. რამდენიმე წუთიც და კახა უკვე კაბინეტში იყო. ერთხანს მამაკაცები თვალებით ზომავდნენ ერთმანეთს, თითქოს დუელი ჰქონოდათ დანიშნული. გიგის ნაკვთი არ შერხევია სახეზე. _ დაბრძანდით, _ დუმილი ახვლედიანმა დაარღვია და ხელით მიუთითა დევიძეს. დაუპატიჟებელი სტუმარი უდიერად გადაწვა სკამზე და ფეხი ფეხზე შემოიდო. _ ერთი საქმე მაქვს თქვენთან მოსაგვარებელი, ამიტომაც მოვედი, _ დაიწყო მოსულმა და ნიშნის მოგებით გადახედა მასპინძელს, _ საქმე თქვენს… ქალს ეხება… მამაკაცმა იგრძნო, როგორ დაეჭიმა სხეული. _ თქვენთან გასაყოფი არაფერი მაქვს, პატივცემულო გიორგი, არც ახსნა-განმარტებას ვითხოვ იმ ინციდენტის გამო და არც ბოდიშის მოხდას. მოგწონთ ის ქალი? ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ, მაგნაირების მეტი რა მყავს… ამის გამო ცხოვრებას ნამდვილად არ გაგირთულებთ, თუმცა… არის ერთი საქმე, რომელიც ერთად უნდა მოვაგვაროთ და ეს მას ეხება. _ მითხარით, რაშია საქმე, ბევრი დრო არ მაქვს, _ უკმეხად წარმოთქვა ახვლედიანმა და თავადაც დაჯდა. _ ეს ქაღალდი გეტყვით ყველაფერს, _ უდარდელად თქვა დევიძემ, ჯიბიდან ოთხად გაკეცილი ფურცელი ამოიღო, გაშალა და წინ დაუდო. გიგი არ შერხეულა, მხოლოდ დახედა ბეჭედდასმულ თაბახს და ტექსტს სწრაფად გადაავლო თვალი… უცებ იგრძნო, როგორ მკვეთრად აიწია ადრენალინის დონემ სისხლში… სახე თანდათან მოექუფრა, ძარღვი დაებერა საფეთქელთან. რა სიამოვნებით უთავაზებდა ახლა ამ ვიგინდარას ერთ გემრიელ მუშტს, მაგრამ… არ გამოდიოდა აქ, ამ ვითარებაში. დევიძემ ჩაიფხუკუნა. _ არ ელოდით, არა? არც იცოდით ამის შესახებ არაფერი, ხომ მართალია? აი, ასეთ ვალებშია ჩაფლული თქვენი ქალბატონი და მას ჩემი ფული მართებს, სხვათა შორის! _ სტუმრის ხმა დამცინავად ჟღერდა. _ თუ ნებას დამრთავთ, რამდენიმე სიტყვას გეტყვით. არ შეიძლება ამათი ნდობა, ჩემო გიგი… ისე ნიჭიერად შეუძლიათ თავი წესიერ ქალად მოგაჩვენონ, ეჭვსაც ვერ შეიტან მათ საქციელში, მაგრამ სინამდვილეში ნადირობენ ჩვენნაირ კაცებზე, რომ მდიდრულად იცხოვრონ და რაც შეიძლება მეტი ფული გამოგვძალონ! ხანდახან ზედმეტიც მოსდით, როგორც, მაგალითად, ჩვენს საერთო ნაცნობს დაემართა. კრედიტი აიღო და მერე გადახდა ვერ შეძლო. მე უყოყმანოდ მოვუგვარე მას ეს პრობლემა, ახლა მისი პრობლემა თქვენ უნდა მომიგვაროთ. რა თქმა უნდა, თქვენი გადასაწყვეტია, გიღირთ თუ არა მასთან ურთიერთობა ამ თანხად, თუმცა… შეიძლება რაღაც შეთანხმებამდეც მივიდეთ. ბოლოს და ბოლოს, თუ მის ვალს გადაიხდით, თქვენთან დარჩება ვალში. არა, არა, არ გეგონოთ, ჩვენ შორის რამე ხდებოდა. ის ჩემთან არასდროს წოლილა, არ არის ჩემი გემოვნების ქალი. ახვლედიანმა უსიტყვოდ გამოაღო მაგიდის უჯრა და სეიფის გასაღები აიღო. _ თუ სწორად გავიგე, ნაღდ ფულს ამჯობინებთ, არა? _ მექანიკურად იკითხა. დევიძეს კმაყოფილი ღიმილი გადაეფინა სახეზე. მისი მისია შესრულებული იყო _ თავისი ფული მიიღო და მოწინააღმდეგე დაამცირა. არადა, სწორედ ამ ქალის გამო მოუვიდათ ერთმანეთში ჩხუბი… გიგი მძიმე ნაბიჯებით მივიდა კედელთან ჩაშენებულ სეიფთან, კოდი აკრიფა, გამოაღო, საჭირო რაოდენობის თანხა გადათვალა და მდუმარედ გაუწოდა. _ ძალიანაც კარგი, მეგობარო, _ სარკასტულად წარმოთქვა კახამ, _ შეგიძლიათ დატკბეთ თქვენი გოგონათი, უკვე გადახდილი გაქვთ. კარგად მეყოლეთ, _ ამ სიტყვებით და დამცინავი ღიმილით კაბინეტი დატოვა. გახევებული გიგი დიდხანს დაჰყურებდა მაგიდაზე გაშლილ თაბახის ფურცელს… თურმე ქაღალდის ერთმა პატარა ნაგლეჯმაც კი შეიძლება საშინელი ტკივილი მიაყენოს ადამიანს… 8 8 8 ნიამ შამპუნი ხელისგულზე დაისხა და წრიული მოძრაობით შეიზილა თმის ძირებში. არა, უნდა შეიჭრას თმა, თორემ ძალიან დაიტანჯა, რამდენ ხანს უნდება თავის დაბანას! ისედაც დაღალა ამ დაუსრულებელმა პროცედურებმა _ სილამაზის სალონი, მანიკიური, პედიკიური, მასაჟი, კანის მოვლა… შეიძლება ეს პროცედურები აუცილებელიც არის ქალისთვის, მაგრამ ამავე დროს, მოსაბეზრებელიც. თან ძალიან ბევრ დროს ართმევს. არადა, ყველაფერს მხოლოდ ერთი ადამიანისთვის აკეთებს _ გიგი ახვლედიანისთვის, რომელსაც სურს, მისი საყვარელი ყოველთვის თავბრუდამხვევად გამოიყურებოდეს. რა ქნას ნიამ, იძულებულია, თავს ძალა დაატანოს და ისე მოიქცეს, როგორც მის სასურველ მამაკაცს მოეწონება. ნახევარი საათის შემდეგ გოგონა უკვე საძინებელში იჯდა, სარკის წინ და ფენით თმას იშრობდა. აი, ახლა ამ ჩალისფერ კაბას ჩაიცვამს, რომელიც გუშინწინ უყიდა გიგიმ და ასე გამოცხადდება მასთან, არაჩვეულებრივად კარგ ფორმაში. ბოლო შტრიხი პომადის წასმა იყო. კიდევ ერთხელ ჩაიხედა სარკეში, გაღიმებული მსუბუქად დატრიალდა, მერე ტყავის ხელჩანთას დაავლო ხელი და კარისკენ გაემართა… მაგრამ კარი იქამდე გაიღო, სანამ თვითონ მიუახლოვდებოდა. _ გიგი! _ გაკვირვებით შესძახა, _ ნუთუ დავაგვიანე? მამაკაცმა ზურგს უკან კარი მოიხურა და გოგონას დაჟინებით მიაშტერდა. ისე მოქუფროდა სახე, ნია მიხვდა, რომ რაღაც ცუდი ხდებოდა. _ რამე მოხდა? _ ეჭვნარევი ხმით გაუბედავად ამოთქვა. მამაკაცმა თვალები უსიამოვნოდ დააკვესა. _ შესაძლებელია… _ რამდენიმეწამიანი პაუზის შემდეგ უპასუხა, _ იმედია, არ გაგიჭირდება ახსნა, _ მისი ხმაც ისეთივე ცივი და შორეული იყო, როგორც გამოხედვა. ამ სიტყვებით მან ჯიბიდან ოთხად გაკეცილი ქაღალდი ამოიღო და ქალს გაუწოდა. ნიამ გამოართვა ფურცელი, გახსნა და დახედა… ალმურმა აჰკრა სახეზე. _ აბა? რას იტყვი ამაზე? _ მამაკაცის ხმა დაძაბულად ჟღერდა. _ როგორ… როგორ გაიგე ეს? _ გაფითრებულ გოგონას ტუჩები აუკანკალდა. _ დღეს დილით ჩვენი საერთო ნაცნობი მესტუმრა, კახა დევიძე. ჩვენი ბოლო შეხვედრისგან განსხვავებით, საკმაოდ ცივილიზებულად იქცეოდა… ამჯერად საქმიანი წინადადებით მომადგა… ნიას ცივმა ოფლმა დაასხა. თვალები დახარა და კვლავ ფურცელს ჩააშტერდა. აი ის, რისიც ასე ძალიან ეშინოდა. ქაღალდის პატარა ნაგლეჯი, რომელზეც შავით თეთრზე წერია, თუ რამდენი მართებს სხვისი ფული. თან ვისი? თვით კახა დევიძის. _ არ მინდოდა, შენ ეს გაგეგო, _ საოცრად მშვიდად წარმოთქვა, მიუხედავად იმისა, რომ უკიდურესობამდე დაიძაბა. გიგიმ მწარედ ჩაიცინა. _ მართლა? მაგრამ ახლო მომავალში მაინც მომიწევდა ამის გაგება, მართალი არ ვარ? გოგონამ მსწრაფლ ასწია თავი და გამომცდელი მზერა მიაპყრო, რათა მიმხვდარიყო, თუ რა იგულისხმა მამაკაცმა. გიგის ისეთი დამცინავი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე, სიცივემ დაუარა სხეულში. _ შენ ალბათ, რესტორანში უკვე მიხვდი, რადგან კახამ ჩემი შენდამი ზრუნვის ამბავი გაიგო, აუცილებლად მოგაკითხავდა თავისი ფულის მისაღებად. ხოლო იქიდან გამომდინარე, რომ იმ საღამოს მე შენ დაგიცავი, უკვე გათვალე, ერთხელ და სამუდამოდ რომ გაგათავისუფლებდი მისგან, არა? _ მის ხმაში ზიზღი გაისმა, _ თუმცა ამას ახლა მნიშვნელობა არა აქვს, შეგიძლია შვებით ამოისუნთქო, ჩემო ლამაზო, მე მას გადავუხადე შენი საფასური, _ ორაზროვნად თქვა და მხრები აიჩეჩა. ნია შეკრთა. მისი სიტყვებით შეძრწუნებულმა, სასოწარკვეთილი ხმით იყვირა. _ არა, გიგი!.. ახვლედიანმა კვლავ ირონიულად ჩაიღიმა. ეს ღიმილი დანასავით სერავდა გოგონას. _ ძალიან გთხოვ, ასე ნუ მექცევი! მე ეს არ დამიმსახურებია! ვწუხვარ, რომ ასე მოხდა, მაგრამ… არ მინდოდა, ამ ამბავს რამე საერთო ჰქონოდა ჩვენს ურთიერთობასთან. ფიქრიც კი არ მინდოდა ამაზე! _ ნუთუ? საინტერესოა, როგორ აპირებდი ამხელა ვალის გადახდას? რომელი შემოსავლით? ერთადერთი გზა გრჩებოდა მხოლოდ, ხომ მართალია? ამიტომ თავიდანვე ისარგებლე ამით. ეს ვალი მე უნდა გადამეხადა! _ არა! გთხოვ, დამიჯერო, მართლა არ მინდოდა, ეს ამბავი გაგეგო, ყველანაირად ვცდილობდი, დამემალა. მით უმეტეს, ჩემი ვალი გადაგეხადა? გულშიც არ გამივლია, გეფიცები! ქალი მავედრებელი თვალებით მისჩერებოდა. თუმცა გიგის ნაკვთი არ შერხევია სახეზე, ისევ ისეთი შეუვალი რჩებოდა. თვალებში კი… თვალებში ყველაფერი იკითხებოდა… _ გიგი, ძალიან გთხოვ… _ ყურადღებით გისმენ… _ მამაკაცი სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობდა, მაგრამ უჭირდა თავის შეკავება. თანდათან ერეოდა ბრაზი. სულელივით გაება მახეში. ნამდვილი იდიოტია, როგორ იფიქრა, რომ ეს პატარა გოგონა გამორჩეული იყო სხვა ქალებისგან, რომ ის არავის ჰგავდა? იპოვა რა, იდეალური ქალის იდეალური ვარიანტი! ახლა ხომ მიხვდა, რომ ნიას მისი ფული სჭირდებოდა მხოლოდ და არა თავად ის! მიხვდა, მაგრამ ძალიან გვიან, თუმცა არასდროს არ არის გვიან, ახლავე გამოასწორებს ამ შეცდომას! მორჩა, კომედია დამთავრებულია! უკვე საკმარისია! _ მე მომწონს, ლამაზო, ძალიან მომწონს, რომ შენ ცდილობ, სიამოვნება მომანიჭო. სიმართლე გინდა? ახლავე გეტყვი. შენ საუკეთესო იყავი იმ ქალთა შორის, რომელსაც ჩემს ხელთ გაუვლია, ყველაზე ყურადღებიანი, თბილი, მოსიყვარულე, მზრუნველი და… ყველაზე ვნებიანი… სულ ვფიქრობდი, როგორ მოხდა ეს, რატომ არის ეს ქალი ასეთი ერთგული ჩემ მიმართ, რით დავიმსახურე-მეთქი… ლამის დავიჯერე, რომ მართლაც ძალიან კარგი ვიყავი და შენს ყურადღებას ამით ვიმსახურებდი. რესტორანში რომ ჩემსა და კახას შორის ჩხუბი მოხდა, შენ კიდევ ერთხელ შეეცადე დაგემტკიცებინა, რომ ფულის გამო არ ხარ ჩემთან. საჭირო არგუმენტების წამოყენებაც არ გაგძნელებია, მაგრამ მაკამ ლამის ჩაგიშალა მთელი გეგმები. იცი, რა მითხრა? ისეთი მამაკაცი, როგორიც შენ ხარ, ნიას ყველა პრობლემის გადაჭრის საშუალებააო, თუ რაღაც ამდაგვარი. შენ კი სასოწარკვეთილი საპირისპიროს მიმტკიცებდი იმ ღამეს… მხოლოდ მამაკაცი მჭირდებაო… ერთი სიტყვაც უნდა დაგემატებინა და მივხვდებოდი _ შენ მდიდარი მამაკაცი გჭირდებოდა თურმე და არა მხოლოდ მე… _ შენ ვერაფერს მიხვდი, გიგი, მერწმუნე, სულაც არ იყო ასე! _ აბა როგორ იყო? მაშინ რატომ გამოვიდა ასე? _ ხმას აუწია გაღიზიანებულმა, _ განა არ გიხაროდა, მდიდარი საყვარელი რომ გაიჩინე? თუ მეხსიერება არ მღალატობს, საწუწუნო არაფერი გქონდა, სანამ ჩემთან იყავი! ყველაფერი მიიღე, რაც გსურდა. _ ჰო, რა თქმა უნდა, მივიღე! _ ნია ცდილობდა, მისი შეტევები მშვიდად მოეგერიებინა, მაგრამ გრძნობდა, მისი სიტყვები მხოლოდ კედლებს ეხეთქებოდა და მამაკაცის გულის მოლბობას ვერ ახერხებდა, _ მაგრამ შენთან ამის გამო არ ვცხოვრობდი. მე შენ მჭირდებოდი მხოლოდ და არა შენი სიმდიდრე! ეს არის ერთადერთი მიზეზი, რისთვისაც შენ გვერდით ვიყავი! არაფერი მანიჭებდა სიამოვნებას _ არც შენი ნაყიდი სამოსი, არც მდიდრული აპარტამენტები, არც გასეირნებები და არც შენი მეგობრების წრე! ეს არის სიმართლე! _ ჰო, როგორ არა, გასაგებია, _ გიგიმ ღრმად ამოიხვნეშა, _ ანუ, მხოლოდ სექსი გაკავებდა ჩემთან? ამის თქმა გინდოდა? ნუთუ ეს არის ყველაფერი, რაც ცხოვრებაში გჭირდება? მხოლოდ კარგი სექსი? მისი მომნუსხველი თვალები დაჟინებით მისჩერებოდა გოგონას. ის კი ვერ ბედავდა, მზერა გაესწორებინა. ეშინოდა, მამაკაცს სიმართლე არ გაეგო, არ მიმხვდარიყო, როგორ უყვარდა ნიას იგი. მისთვის ხომ ასე უიმედო იყო ეს სიყვარული… მორჩა, ოცნებები იმაზე ადრე დაიმსხვრა, ვიდრე თავად მოელოდა ამას. ამწუთას ნიას სიყვარულიც კი უძლური იყო, შეეჩერებინა ახვლედიანის რისხვა. გიგიც გრძნობდა, როგორ გაურბოდა გოგონა მის მზერას. ამით კიდევ უფრო რწმუნდებოდა იმაში, რომ ამდენი ხანი მოტყუებული დარჩა და სწორედ ამ ტყუილის დამალვას ცდილობდა მისი სანაქებო პატარა ქალი. განადგურებული იყო, მაგრამ არა იმით, რომ სიმართლე გაირკვა და ნიას ტყუილში გამოჭერა შეძლო, არამედ იმით, რატომ აყენებდა სიმართლის გაგება ამხელა ტკივილს? იმიტომ, რომ… იმიტომ, რომ მას ძალიან უნდოდა, ნია მართლა სხვანაირი ყოფილიყო, ყველა სხვა ქალისგან გამორჩეული… მხოლოდ ამიტომ. ერთხელაც არ უფიქრია იმაზე, რას ნიშნავდა ეს გოგონა მისთვის, მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, თვითონ რას ნიშნავდა მისთვის და ამაზე აგებდა ფანტაზიებს… და რა აღმოჩნდა? თურმე არც არაფერს წარმოადგენს ნიასთვის, მხოლოდ ფულის ტომარაა და მორჩა! ლაღი ცხოვრება მოუნდა და ეგ არის! არა, მაინც რატომ ბრაზდება? განა ეს პატარა მატყუარა იმსახურებს, მის გამო ამდენი ინერვიულოს? ჩვეულებრივი ქალია, რა, უზრუნველი ცხოვრების მაძიებელი იაფფასიანი… არა, არ უნდა ეს სიტყვა იხმაროს, მაინც ვერ იმეტებს ამისთვის. _ კარგი, მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს! _ თქვა ბოლოს ცივად, _ მე ოფისში გავდივარ და რვისთვის დავბრუნდები. მზად დამხვდი, არ დაგავიწყდეს, რომ დღეს სამხარაძეებთან ვართ მიპატიჟებული ვახშამზე! _ გულგრილად დაასრულა სათქმელი და ოთახიდან ისე გავიდა, მისთვის ერთხელაც არ შეუხედავს. ნიას თვალთ დაუბნელდა და მაგიდის კიდეს ხელით დაეყრდნო, რომ არ წაქცეულიყო. 8 8 8 გიგის მოსვლამდე საწოლზე იყო მისვენებული და კედელს მისჩერებოდა თვალებგაშტერებული. არ უტირია, არ უნდოდა, მამაკაცს მისი უსუსურობა დაენახა. არა, რადაც უნდა დაუჯდეს, უნდა აიძულოს, რომ ბოლომდე მოუსმინოს. მან უნდა გაიგოს სიმართლე. ცრუ ბრალდებას ვერ აიტანს. უნდა დააჯეროს გიგი, რომ გონებაშიც არ გაუვლია მისი მოტყუება. ღმერთო, ეს რა დღეში ჩავარდა! ახლა ახვლედიანის ვალი მართებს! მას როგორღა დაუბრუნოს კუთვნილი ფული? ამისთვის მხოლოდ ერთი საშუალება არსებობს. სთხოვოს, კაზინოში დააწყებინოს მუშაობა _ მიმტანად, მდივნად, თეთრეულის მრეცხავად, მოსამსახურედ… იგი ნებისმიერ სამუშაოზე თანახმაა. სულერთია, ოღონდ კი ხელფასი მიიღოს. რასაც გადაუხდიან, მთლიანად მას მისცემს და როცა იქნება, ხომ დაფარავს? იქნებ მერე და მერე უფრო მიხვდეს ახვლედიანი, რომ ნიას ქვენა გრძნობები არ ამოძრავებდა მის მიმართ… რვა დაწყებული იყო, გიგი რომ დაბრუნდა. ნია დაფეთებული წამოხტა საწოლიდან. _ რა ადრე მოხვედი, მე ჯერ კიდევ არ ვარ მზად, იცი? _ გაუბედავად წარმოთქვა, თან ცდილობდა, ბუნებრივად გამოსვლოდა, თითქოს დილით უსიამოვნო საუბარი არ ჰქონოდათ. _ შენ ჩემთვის ყოველთვის მზად იქნები, პატარა ნია, _ ირონიულად წამოისროლა მამაკაცმა. გოგონა შეიშმუშნა და ნაძალადევი ღიმილი მიაგება მის სიტყვებს, თან ცდილობდა, გამოეცნო, როგორ ხასიათზე დაბრუნდა მისი საყვარელი ადამიანი. მას შემდეგ, რაც მოხდა, გიგი სულაც არ იყო ხუმრობის ხასიათზე. მთელი დღე ოფისში გაატარა და ადგილს ვერ პოულობდა, წამითაც ვერ მოახერხა, დაევიწყებინა მომხდარი. უნდოდა, რაციონალური გადაწყვეტილება მიეღო და ამაზე ფიქრით თავი გაუსკდა. ბოლოს და ბოლოს, როგორც იქნა, გამოსავალიც იპოვა. მას ბევრი დაუჯდა ნია. ვალი ხომ გადაუხადა და გადაუხადა, მაგრამ ამის გარდა, სხვა რამეშიც უამრავი თანხა დაახარჯა. ხომ უნდა აინაზღაუროს რაღაცით? ჰოდა, აინაზღაურებს კიდეც. როგორ შეცდა, როგორ! ნიამ მისი ოცნებები დაამსხვრია! ის თურმე არაფრით განსხვავდება იმ მერკანტილური ქალებისგან, მის გარშემო რომ დაძრწიან მშიერი ძაღლებივით! დრომ აჩვენა, რომ ასეა. ამის გაფიქრებაზე გულში ჩხვლეტა იგრძნო. როგორ უნდოდა, გაბრაზებულიყო მასზე, შეზიზღებოდა ეს პატარა, მატყურა არსება, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა… ნიას მიმართ გიგი სულ სხვა რამეს განიცდიდა, სწორედ ამას გამოჰყავდა წონასწორობიდან. ცდილობდა, სახიფათო აზრები გონებიდან ამოეგდო. არა, ეს გოგონა მას მხოლოდ გასართობად სჭირდება. მორჩა და გათავდა! 8 8 8 საღამომ მშვიდ და სასიამოვნო ატმოსფეროში ჩაიარა. ირაკლი სამხარაძე გიგის მეგობარი იყო, ბიზნესმენი, კარგი თამადა და არაჩვეულებრივი იუმორის პატრონი. ეხერხებოდა სტუმრების მოლხენა. სუფრასთან რჩეული საზოგადოება შეკრებილიყო _ საქმიანი ადამიანები, თბილისური ელიტა! ძვირფასი სამკაულებით დახუნძლული ქალები და მათი სქელჯიბიანი ქმრები _ ნიას გულს ურევდა ეს სანახაობა. არადა, ყველა ისე თბილად ექცეოდა… რაც მართალია, მართალია, გოგონა ბრწყინავდა თავისი სილამაზით, ღიმილით, გამოხედვით… და საოცარი ის გახლდათ, რომ არავის აღიზიანებდა ეს, მიუხედავად იმისა, რომ იგი არ იყო გიგის მეუღლე. მისგან მხოლოდ თბილი ღიმილი იყო საჭირო, თავდაჭერილი საუბარი და ცოტა დალევა, მეტი არაფერი. ადრე ახვლედიანი სიამაყით იღერებდა ყელს, როცა ნიასთან ერთად ასეთ საზოგადოებაში გამოჩნდებოდა. დღეს კი… დღეს რაღაც ისე ვერ იყო, როგორც ადრე… ნიამ შეამჩნია, რომ გიგი ამ საღამოს იმაზე მეტს სვამდა, ვიდრე სხვა დროს, თან ყველაფერს, რაც ხელთ მოხვდებოდა _ წითელ ღვინოს, თეთრს, კონიაკს, შამპანურს… გულის სიღრმეში უხაროდა კიდეც გოგონას ეს. ეგონა, რომ სასმელი მამაკაცს განტვირთვაში დაეხმარებოდა, დაძაბულობას მოუხსნიდა და უფრო გაუადვილდებოდა მასთან დალაპარაკება… სტუმრები გვიან ღამით დაიშალნენ. გიგიმ სასტუმროში წაიყვანა ნია. _ შენ ადი მაღლა, მე ცოტას გავივლი, _ სუსხიანი ხმით წარმოთქვა მამაკაცმა და პასუხს არ დალოდებია, ისე გაუჩინარდა. ნიამ ამოიოხრა და კიბეს დაღლილი ნაბიჯებით აუყვა… გიგი ზუსტად ერთი საათის მერე დაბრუნდა. კიმონოში გამოწობილი გოგონა აივანზე გასულიყო და ღამის სიბნელეს ნაღვლიანად გაჰყურებდა. ნიამ გაიგონა, როგორ გაიღო და დაიხურა ოთახის კარი. ცოტა ხანიც და მამაკაცი ვისკით სავსე ჭიქით ხელში გამოჩნდა. იგი აივნის კედელს მიეყრდნო და დიდხანს, ძალიან დიდხანს უსიტყვოდ შეჰყურებდა. ნია არ შერხეულა. _ დროა, დავწვეთ, _ თქვა მამაკაცმა. ქალმა ნერწყვი გადააგორა. _ გიგი… უნდა დაგელაპარაკო. თავადაც იცი, რომ ეს აუცილებელია. _ მართლა? შეიძლება გკითხო, რაზე? _ მის ხმაში დაღლილობა იგრძნობოდა. _ ფულზე, _ მოკლედ მოჭრა ნიამ. მისთვის მტკივნეული იყო ამ სიტყვის წარმოთქმა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ რჩებოდა, უნდა წამოეწყო ეს არასასიამოვნო საუბარი, _ ვიცი, რომ გაგულისებული ხარ ჩემზე, თუმცა ამის მიზეზი ნამდვილად არ გაქვს. გიგიმ ვისკი მოსვა, თან თვალი არ მოუშორებია გოგონასთვის. _ სულაც არ ვარ გაგულისებული! _ გულგრილობაც შეინიშნებოდა მის ტონში. ნიამ ქვედა ტუჩი მოიკვნიტა. _ ძალიან გთხოვ, ასე ნუ მელაპარაკები. საქმე ისე არ არის, შენ რომ გგონია, _ თქვა და იგრძნო, როგორ დაენამა თვალები ცრემლით. როგორ არ უნდოდა ახლა ეტირა, არაფრით არ უნდოდა, მაგრამ თავი ვერ შეიკავა… მამაკაცი იმავე პოზაში დარჩა, შიგადაშიგ ვისკის თუ მოსვამდა მხოლოდ. _ ცრემლები არ გინდა, რა! _ აგდებით წარმოთქვა ბოლოს, _ მაგ ცრემლებმა ერთხელ უკვე გამაპამპულეს და საკმარისია! მეტჯერ ვეღარ გამასულელებ. ასე რომ, ეგ ილეთი სხვისთვის შეინახე, გამოგადგება! შევთანხმდით? _ მის ხმაში არც გაღიზიანება იგრძნობოდა, არც რისხვა, მხოლოდ გულგრილობა გამოსჭვიოდა, _ ამიტომაც შეიშრე ეგ ცრემლი და ჩაწექი ლოგინში! _ გიგი… გთხოვ… _ მორჩი ტირადას. ეს არაფერს მოგცემს. ჩვვენ კარგად ვართ ერთად. არაფერი შეიცვლება იმით, რომ მე შენი ვალის შესახებ გავიგე და არც იმით, ის ფული ჩემი გადასახდელი რომ შეიქნა. ამის გამო შენს მიტოვებას არ ვაპირებ. ჩემთვის ეს თანხა კაპიკის ტოლფასია, შენც ხომ იცი. შეგიძლია აღარ არ იფიქრო ამაზე! და საერთოდ, ერთხელ და სამუდამოდ დავხუროთ ეს თემა, სალაპარაკოდაც არ ღირს. ნიამ დაეჭვებით გახედა, დილანდელი საუბრის შემდეგ მისი სიტყვები ძნელი დასაჯერებელი იყო. არა, ამ კაცმა ვერ შეძლო, მის სულს ჩაწვდომოდა. მან უკვე განსაზღვრა, რა ურთიერთობაც უნდა ჰქონოდა მასთან და ტყუილი იმედია, რომ გადაწყვეტილებას ოდესმე შეცვლის. აზრი არა აქვს არაფრის ახსნას, სულერთია, მაინც ვერ დააჯერებს თავის სიმართლეში, უფრო მეტიც, აღარც კი მოუსმენს. რა თქმა უნდა, ახლა ყველაზე კარგი გამოსავალი ადგომა და წასვლაა, ყველაფერზე უარის თქმა, მაგრამ საიდან მოიპოვოს ნიამ ძალა, რომ საბოლოოდ გაწყვიტოს ურთიერთობა გიგისთან? თუმცა, მეორე გზაც არსებობს _ დარჩეს და გაუძლოს ამ გამოცდას. იქნებ მართლა ჯობია, დახურონ ეს თემა და აღარასდროს ილაპარაკონ მომხდარზე? გავიდეს ცოტა დრო. გიგის სიბრაზე გადაუვლის, დამშვიდდება. იქნებ მალევე გადაავიწყდეს ყველაფერი და ძველებურად გაგრძელდეს მათი რომანი? მერე უფრო მოეცემა საშუალება, იმართლოს თავი და მშვიდ სიტუაციაში უთხრას თავისი სათქმელი. _ შედი და წყალი გადაივლე, სანამ დაწვები! _ ზიზღი და ბრძანება ერთდროულად გაჟღერდა მამაკაცის ხმაში. _ ეს წუთია, აბაზანიდან გამოვედი, _ მხრებში მოიკუნტა ქალი. _ მერე რა, კიდევ გადაივლე! ნიამ გაოცებით შეხედა. სადღა იყო ის ძველი გიგი, სიყვარულით ანთებული თვალებით რომ შესცქეროდა ხოლმე დაწოლის წინ, მისი სხეულის ყველა ნაწილს ვნებააშლილი ხარბად რომ შეათვალიერებდა… დაძაბულობამ თანდათან იმატა. გოგონა ხვდებოდა, როგორი ქალის როლის თამაშიც მოუწევდა ამ წუთიდან, თუკი ამაზე დათანხმდებოდა. რა თქმა უნდა, აქამდეც მორჩილად ასრულებდა გიგის ნებისმიერ ახირებას თუ სურვილს, მაგრამ არა ასე მოთხოვნით ნათქვამს. მეძავი ხომ არ არის, ასე რომ მიმართავს? რა უფლებით? იმიტომ, რომ ფული გადაუხადა? თვითონ არ თქვა, ეს თანხა ჩემთვის არაფერიაო? მართალიც არის, მისნაირი მდიდარი კაცისთვის სამი ათასი ევრო რა ფულია? ამის გამო ასეთი ამბავი უნდა აუტეხოს? სამი ათასს დღეში ხარჯავს ხოლმე თავისი სიამოვნებისთვის… არა, ნია ვერ აიტანს მისგან ასეთ რამეს. ურჩევნია, ამწუთას დაამთავროს ყველაფერი, ვიდრე ცხოვრება ჯოჯოხეთად იქციოს და ისე მოექცნენ, როგორც ქუჩის ქალს. _ უკვე გადავივლე-მეთქი, რა ახირებაა?! შეწყვიტე ეს მასკარადი! _ მკაცრად თქვა და კოპები შეკრა. _ აქ ბრძანებებს მე ვიძლევი, პატარავ. ამის სრული უფლება მოვიპოვე რამდენიმე საათის წინ. ამიტომ გააკეთე, რასაც გეუბნები! _ არა! _ ჯიუტად წამოიძახა ნიამ. გიგის ველური ცხოველივით აენთო თვალები, თითქოს მსხვერპლი შეამჩნია და თავდასხმას უპირებსო. _ ცდები, ლამაზო. ამიერიდან ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე მოვისურვებ. ამწუთას კი მსურს, წყალი გადაივლო და ლოგინში ჩაწვე. ნიამ ერთი ნაბიჯით უკან დაიხია. _ მე «არა» უკვე ვთქვი, გიგი, _ ძალიან ხმადაბლა, მაგრამ ხაზგასმით წარმოთქვა. _ შენი პასუხი მხოლოდ «ჰოს» უნდა მოიცავდეს, პატარა ქალო. ეს ერთადერთი სიტყვაა, რომლის მოსმენაც შენგან მსურს. თავად გამოუტანე შენს თავს ეს განაჩენი. _ რატომ მამცირებ ასე, რა დავაშავე? სამი ათასის გულისთვის ღირს კი? _ არ ღირს? სამი ათასის გულისთვის შენ მეტი იკადრე, ვიდრე მე ვკადრულობ ახლა. _ ცდები, წარმოდგენაც არ გაქვს, რაზე ლაპარაკობ! _ ნიას ძარღვები დაებერა ყელზე, ხმა გაუწვრილდა. _ შენ ასე გგონია? ხომ არ დაგავიწყდა, რომ ახლა ჩემი ვალი გმართებს? _ გამჭოლი მზერა ესროლა გიგიმ და ცივად გაიღიმა. _ ის, რომ ვიღაცის ვალი მმართებს, არ ნიშნავს, თითქოს დამნაშავე ვიყო. სულაც არ მინდოდა, გაგეგო ეს ამბავი. არც ის მიფიქრია, ოდესმე მომეყოლა და ფული შენთვის გადამეხდევინებინა. ჩემი ბრალი არ არის, ასე რომ მოხდა. შენთვის არასდროს ერთი თეთრიც არ მითხოვია, ეს არ დაგავიწყდეს! ასეთი ურთიერთობა არ მინდა! _ კარგი, არ გინდა, ნუ გინდა! _ გიგიმ თვალები მოწკურა, _ მაშინ წადი, ახლავე! წადი და ეცადე, სხვა მდიდარი საყვარელი იშოვო. ჩემ გვერდით ყოფნის პერიოდში ასეთი ბევრი გაიცანი, ყველას მოსწონხარ… ასე რომ, არ გაგიჭირდება… ერთი ღიმილიც საკმარისია მათი გულის მოსანადირებლად. ან მაკასთან დაბრუნდი, ერთად უკეთ იმუშავებთ! მისი ყოველი სიტყვა ეკალივით ესობოდა ნიას გულში. შეურაცხყოფილად გრძნობდა თავს. სასომიხდილმა თვალები დახუჭა, რათა დამშვიდებულიყო და წონასწორობა არ დაეკარგა. ერთხანს არც ერთს ხმა არ ამოუღია. მერე ოდნავ შეირხა, თვალები გაახილა და ჯიქურ მიაჩერდა ახვლედიანს. _ მე შენ არ მოგცემ იმის უფლებას, შენთან გატარებული არაჩვეულებრივი დღეები ჩამიშხამო. ეს იყო საუკეთესო რამ, რაც კი ოდესმე მქონია ცხოვრებაში. ჩემს ვალებზე არაფერს გეუბნებოდი იმიტომ, რომ ჩვენი ურთიერთობა არ გაფუჭებულიყო. ვიცოდი, რომ ეს რომანი დიდხანს არ გაგრძელდებოდა, ამიტომაც არ ჩაგაყენე საქმის კურსში. თავიდანვე ვიცოდი ეს და სხვა, უფრო მეტის მოლოდინი არც მქონია. თუ მართლა გგონია, რომ ეს თვეები შენი სქელი საფულის გამო გავატარე შენ გვერდით, მწარედ ცდები. შენი ფული არაფერში მჭირდება. თუმცა, შენი ნებაა, რას იფიქრებ, _ ასე თავდაჯერებით ნიას არასდროს ულაპარაკია. მოახერხა კი მისი დარწმუნება? სამწუხაროდ, ამ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა, რადგან მამაკაცის გამოხედვა უემოციოდ რჩებოდა. რამდენიმე წუთის განმავლობაში ოთახში სამარისებულმა სიჩუმემ დაისადგურა. _ კარგია, _ თქვა ბოლოს გიგიმ, _ უბრალოდ, ჩინებულია. ძალიან დამაჯერებლად ილაპარაკე. ნიას მისმა ტონმა გული მოუკლა. არა, ვერაფერიც ვერ გაიგო. ტყუილად ილაქლაქა ამდენი, გიგიმ ერთი სიტყვაც არ დაიჯერა მისი. _ მაგრამ შენ თავიდანვე ძალიან დამაჯერებლად იქცეოდი, ძალზე ოსტატურად თამაშობდი შენს როლს. არასდროს არაფერს მთხოვდი. ყველანაირად ცდილობდი დაგერწმუნებინე, რომ არ ჰგავდი სხვა ქალებს, ფულის ტომარაზე მონადირე ძუკნებს. მაგრამ ერთი მითხარი, რას იზამდი, დევიძე შენ რომ მოგდგომოდა აქ ფულის დასაბრუნებლად? რა სულის შემძვრელ ისტორიას შეთხზავდი თავის დასაძვრენად? ან კი როგორ აპირებდი ამხელა თანხის გადახდას შენი გროშებით? რამდენი წელი უნდა გეგროვებინა ფული, რომ ვალი გაგესტუმრებინა? ან კი, როგორ მოგივიდა ამხელა თანხის სესხება თავში აზრად შენი ასორმოცდაათლარიანი ხელფასით? იქნებ შენმა ყოფილმა საყვარელმა მიგაჩვია ხელგაშლილ ცხოვრებას და გემო აუღე? ასეთი რამეების გამო ხომ არ მიგატოვა? მასაც ახდევინებდი ვალებს? ასე იყო, არა? მითხარი, რატომ დამუნჯდი!.. იმიტომ, რომ სათქმელი არ გაქვს. ჰოდა ახლა, კეთილი ინებე და გააკეთე ის, რასაც ვითხოვ. მე შენში ფული მაქვს გადახდილი, სხვათა შორის. მამაკაცის შეუბრალებელმა გამოხედვამ ნიას ბოლო იმედიც გამოაცალა ხელიდან. მას უკვე აღარ შეეძლო მეტის მოთმენა, ამიტომ გატრიალდა და პირდაპირ გარდერობს მიადგა. გიგი ცნობისმოყვარედ ადევნებდა თვალს. გოგონამ კარი გამოაღო და სწრაფად რაღაცის ძებნას შეუდგა. უცებ გაჩერდა, იპოვა, რასაც ეძებდა… წითელი ფეხსაცმელი ქვედა თაროზე იდო… _ საინტერესოა, რას აკეთებ? _ გიგიმ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა მისკენ. _ მივდივარ! _ რა-ა? რას აკეთებ? _ მივდივარ, გიგი და მხოლოდ ამ ფეხსაცმელს წავიღებ, შენი სხვა არაფერი მინდა! _ მტკიცედ გაისმა მისი ხმა. _ არსადაც არ წახვალ! _ იყვირა ახვლედიანმა, ქალს მიეჭრა და მაჯაში ჩაავლო ხელი. ნიამ ზიზღით მოხედა და დემონსტრაციული ჟესტით გაითავისუფლა მაჯა. _ ხელი არ მახლო! გესმის, არ მომეკარო, იცოდე! _ კბილებში გამოსცრა, ფეხსაცმელს ხელი დაავლო და კარისკენ დაიძრა. _ ჩემს ვალს რას უშვრები მერე? _ დაცინვით მიაძახა მამაკაცმა. _ ნელ-ნელა გამოგიგზავნი. ყოველთვიურად, ჩემი ხელფასიდან გადმოგირიცხავ პირად ანგარიშზე. მინდოდა, შენთვის მეთხოვა სამსახური აქ, სასტუმროში ან კაზინოში, მაგრამ ახლა… _ ნიას წინადადება შუაზე გაუწყდა, კიდევ ერთი სიტყვა და აღრიალდებოდა. ამასთან, გულის რევის შეგრძნება დაეუფლა, რომელიც უფრო და უფრო უძლიერდებოდა. ის იყო, კარის სახელური ჩამოსწია, რომ მიხვდა, თავს ვეღარ შეიკავებდა. ფეხსაცმელი იქვე, სავარძელზე მიაგდო, პირზე ხელი აიფარა და სააბაზანოში შევარდა… აი, რა დღეში ჩააგდო ამ კაცის სიყვარულმა… მისმა შეურაცხმყოფელმა სიტყვებმა ისეთი ზიზღი მოჰგვარა, გულიც კი აერია… სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯიაო… ერთი კი არა, ნახევარი ნაბიჯიც არ ყოფილა თურმე… ცოტათი რომ დამშვიდდა, პირზე წყალი შეისხა და სარკეში ჩაიხედა… მის წინ სრულიად სხვა, ერთიანად გაფითრებული ქალი იდგა, რომელსაც თვალის უპეები საშინლად ჩაშავებოდა. ღმერთო, რას დაემსგავსა ერთი დღის განმავლობაში! გიგიმ ჯერ დააკაკუნა კარზე, მერე გაუბედავად შემოაღო. _ რა გემართება? ცუდად ხარ? _ შეცბუნებული მიაჩერდა ქალს. _ შენმა სიტყვებმა მომწამლა, _ ზიზღით უპასუხა ნიამ, გვერდი ცივად აუარა და გავიდა, მაგრამ რამდენიმე ნაბიჯი გაიარა თუ არა, თავბრუ დაეხვა და მუხლებში ძალა გამოეცალა. ის იყო, უნდა წაქცეულიყო, რომ მამაკაცის ძლიერმა მკლავებმა მოასწრო მისი დაჭერა. შეშფოთებულმა გიგიმ მიტკალივით გათეთრებული ქალი დივანზე მიაწვინა. _ წყალს მოგიტან, მერე კი ექიმს გამოვიძახებ, _ თქვა მამაკაცმა და თვალებით ჭიქას დაუწყო ძებნა. _ არ მინდა, მალე გამივლის, რაღაცამ მომწამლა სუფრაზე… ალბათ პომიდორმა. _ შეიძლება, მაგრამ ექიმს მაინც გამოვიძახებ, არ ადგე! _ გიგიმ თავისი არ დაიშალა და ოთახიდან გავარდა. 8 8 8 ექიმი მალევე მოვიდა. გიგი აივანზე გავიდა და კარი მიიხურა, რათა ისინი მარტო დაეტოვებინა. _ აბა, მომიყევით, რა გჭირთ? _ თბილად გაუღიმა ჭაღარა მამაკაცმა. ნიამ უთხრა, რაც მოხდა. ხანდაზმულმა მამაკაცმა მდუმარედ მოისმინა მისი მონაყოლი, მერე წარბები აზიდა და გოგონას სათვალის ზემოდან გადმოხედა. _ მითხარით, ქალური ციკლი ბოლოს როდის გქონდათ? ანუ… ხომ არ გადაგიცდათ? ამის გაგონებაზე ნიას ნერწყვი კინაღამ სასულეში გადასცდა… 8 8 8 გიგი რკინის მოაჯირს მთელი ძალით ჩასჭიდებოდა და ღამის სიბნელეს შუბლშეჭმუხნილი გასცქეროდა. თავის თავს ეწინააღმდეგებოდა, რათა ნიაზე არ ეფიქრა. ის არ ღირდა ამად. არა, უნდა აღიაროს, რომ ამ ქალისგან გენიალური მსახიობი დადგებოდა. ბრწყინვალე სვლა გააკეთა, რას ერჩი! ჯერ თავი მოისაწყლა, მერე სააბაზანაშო შევარდა, ვითომ ცუდად გახდა. იფიქრა, ამ ჟესტით გიგის თანაგრძნობას მოვიპოვებო. შესანიშნავი სვლაა! საუკეთესო მიზეზი, რომ აქ დარჩეს. მაგრამ გიგი ამას არ დაუშვებს, ნია ზიზღის მეტს არაფერს იმსახურებს მისგან. ამასობაში ექიმი პაციენტის გასინჯვას მორჩა და გიგისთან გავიდა აივანზე, რათა დალაპარაკებოდა. _ აბა? როგორ არის საქმე? _ იკითხა ახვლედიანმა. _ ჯერჯერობით ბევრი არაფერი სჭირდება, მსუბუქი ტკივილდამაყუჩებელი გამოვუწერე მხოლოდ. ხვალ დილით კიდევ ერთხელ მოვალ და ხელმეორედ გავსინჯავ. ვფიქრობ, ექოსკოპია აუცილებლად დასჭირდება. საბოლოო პასუხი ხვალ მექნება, ბატონო გიგი. სანერვიულო არაფერია, დაწყნარდით, _ გაიღიმა ჭაღარა მამაკაცმა, გიგის ხელი ჩამოართვა და დაემშვიდობა. ახვლედიანმა კარამდე მიაცილა ექიმი. არა, თვითონაც უნდა გავიდეს სუფთა ჰაერზე, ამ გოგოს შეხედვა აღარ შეუძლია! როგორი თვალთმაქცი ყოფილა თურმე! ნუთუ ექიმსაც აურია თავგზა? შავბნელი ფიქრები მოსვენებას არ აძლევდა. სასტუმროს უკანა მხრიდან მოუარა და ბაღში გავიდა. ირგვლივ ყვავილების დამათრობელი სურნელი ტრიალებდა. ისეთი რა უნდა სჭირდეს, რომ დიაგნოზი ვერ დასვა? ექოსკოპია რა შუაშია? რამე ქალური აწუხებს ვითომ? ანთება? გაცივება? თუ ფარსია ეს ყველაფერი, გამოგონილი იმისთვის, რომ გიგის თავი შეაცოდოს? არავითარ შემთხვევაში! ამჯერად იგი არაფერს დათმობს. ეყოფა, რაშიც მოტყუვდა. ეს ერთი ღამეც და ხვალ, როგორც კი ექიმი თავის საქმეს მორჩება, აუკრავს გუდა-ნაბადს და თავის ბინაში გაამგზავრებს. ასეთი მატყუარა დროებით გასართობადაც კი არ უნდა. ეზიზღება უკვე! ფიქრებში ჩაძირული კარგა ხანს იჯდა ხის მერხზე, თბილი ჰაერი საამოდ ელამუნებოდა სახეზე… გვიან, ძალიან გვიან, მძიმედ წამოდგა და სასტუმროში შებრუნდა. ჭირის დღესავით ეზარებოდა ოთახში შესვლა და ნიას დანახვა, მაგრამ იმის იმედი ჰქონდა, რომ გოგონა ჩაძინებული დახვდებოდა. კარი გააღო, ირგვლივ მიმოიხედა და ადგილზე გაქვავდა… აქ რაღაც შეცვლილიყო… უცებ ვერ მიხვდა, რა… რამდენიმე წუთი დასჭირდა ყველაფრის გასაანალიზებლად… უკვე გასაგები იყო, რაც შეიცვალა… ნია აღარსად ჩანდა… ავტ:სვეტა კვარაცხელია |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.