შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პიანისტი-თავი პირველი


1-05-2015, 16:09
ავტორი Owl
ნანახია 2 289

თავი 1
დაისი – ჩამავალი მზის დისკო და ნარინჯისფერი ზოლებით შეფერილი ცა. გინახავთ ნაწვიმარზე, როგორ კრიალებენ ბილიკის ქვები და ყვავილები? ჩაგისუნთქავთ სურნელოვანი ყვავილების სუნით გაჟღენთილი ჰაერი? თუ არა, მაშინ აუცილებლად უნდა ეწვიოთ ჩვენს ეზოს. აქ შეძლებთ იგემოთ ამ ყველაფრის კომბინაცია, დატკბეთ იმ სილამაზის ყურებით, რომელიც ახლა ჩემს წინაა გადაშლილი და რომელიც ასეთ სიმშვიდეს მგვრის.
ჰაერი ხარბად ჩავისუნთქე და ჩვენს პარმაღზე, ხის სარწეველა სავარძელში კომფორტულად მოვთავსდი. საზურგეს მივეყრდენი თუ არა, სარწეველა აჭრიალდა. ღმერთმა უწყის რამდენ წელს ითვლის, მაგრამ მე მაინც ერთგულად მემსახურება. პლედი კარგად შემოვიხვიე და წიგნი მუხლებზე დავიდე.
ოქტომბერი... როგორი ლამაზია ამ დროს ბუნება, წითელ–ყვითელი ფოთლებით შეფერილი ქუჩები, უკვე აღარც მზე აცხუნებს, მაგრამ არც ძალიან ცივა. ერთი ჭიქა ცხელი ჩაი მთლიანად გაგათბობს. ნიავი დასავლეთიდან უბერავს. თმის შეკვრა დამავიწყდა და ახლა ჩემი ისედაც თხელი თმა ჰაერში ფარფატებს... ასეთ მომენტებში, რატომღაც ყოველთვის სულიერ სიმშვიდეს ვგრძნობ. ჩვენი ქუჩა ხმაურით არასდროს გამოირჩეოდა, ჰოდა, მეც ბავშობიდან ჩემს სამყაროს ვიქმნი ეზოში და ბუნებისგან მაქსიმალურ სიამოვნებას ვიღებ. წიგნის კითხვის დროს კი, თითქოს, ის სიოც საამოდ ჩაგზუზუნებს ყურებში.
–კლეილი – დედაჩემის ხმა გავიგონე, წიგნი დავხურე და პლედმოხვეული შევედი შინ. დედა უკვე წასასვლელად გამზადებულიყო, როგორც ყოველთვის, კოჭებამდე შავი კაბა ეცვა, თეთრი საყელოთი და სახელოებით.
–იქნებ სხვენის დალაგება შეძლო ჩემს მოსვლამდე – მორიდებით მთხოვა და საყელო გაისწორა – მე ვერ მოვასწარი – თითქოს მომიბოდიშა.
–რა თქმა უნდა – იმედისმომცემად ვუთხარი და გავუღიმე.
–კარგი, ჭკვიანად იყავი – შუბლზე მაკოცა და სახლიდან გავიდა. სახლიდან ყოველთვის ნახევარი საათით ადრე გადის მიუხედავად იმისა, რომ სკოლა აქედან სულ 5–6 წუთის სავალზეა. დედა მუსიკის მასწავლებელია საღამოს სკოლაში.
დავრჩი ისევ მარტო სახლში, დედის ყოფნა არაფერში მიშლის ხელს, მაგრამ ახლა, როდესაც არც ჯიმია სახლში და სულ მარტო ვარ, უფრო კარგად ვგრძნობ თავს. ძველი ხის კიბეებს ავუყევი და საგულდაგულოდ ჩარაზული კარი ჭრიალით შევაღე. 3 წელი მაინც იქნება, აქ აღარ შემოვსულვარ. ნელი ნაბიჯით შევედი შიგნით... მტვრის, სიძველის სუნი მკვეთრად იგრძნობოდა. ჩაბნელებული ოთახი ავისმომასწავებლად, თითქოს საშიშად გამოიყურებოდა... თვალი შავ ფარდებს მოვკარი, სწრაფად მივედი მასთან და მკვირცხლი მოძრაობით გადავწიე.
ოთახში სიცოცხლე შემოვიდა.
მზის სხივები მაშინვე მარჯვენა კუთხეში მდგარ უზარმაზარ, შავ როიალს დაეცა. ყველაფერი სინათლემ მოიცვა და მეც, თითქოს ერთბაშად მოზღვავებულმა ნოსტალგიურ ემოციათა ტალღებმა კედელს მიმანარცხა. რამდენიმე წუთს ასე ვიდექი, უბრალოდ ვაკვირდებოდი ამ საოცრებას. საშინელი სურვილი მკლავდა იმისა, რომ მივსულიყავი და თითის ბალიშებით კლავიშებს ნაზად შევხებოდი, მისი ზედაპირიდან მტვერი მაინც მომეწმინდა...მაგრამ არა, ან ვერა... საკუთარ თავს თითქოს თვითონვე ვუდგენდი წესებს და ვაიძულებდი ისინი მკაცრად დამეცვა...
იმ მომენტში ორგანიზმში ყველაფერს ერთად ვგრძნობდი: მონატრებას, სინანულს, სიყვარულს, სიუცხოვეს, სინდისის ქენჯნასა და მორიდებასაც კი...
„ვერა“–მხოლოდ ეს გავიფიქრე და ოთახიდან უკანმოუხედავად გამოვიქეცი.
გონებაში ფიქრები ერთმანეთში აირია და ახლა სრულ ქაოსში ვიყავი. თავს უბადრუკად, სრულიად გამოუსადეგარ და საშინელ ადამიანად ვგრძნობდი.
6 წლის წინ, როდესაც მამა გარდაიცვალა, ჩვენს ოჯახში ფორტეპიანოზე აღარავის დაუკრავს. დედა დიდებული პიანისტი იყო და დღემდე, ჩვენს პატარა ქალაქში ბადალი არ ჰყავს. მისი მეგობრებისგან ისიც კი გამიგია, რომ მისი შესაძლებლობები ლეისიტროპიის (ჩვენი ქალაქის) ფარგლებს ცდებოდა. მისი სიგელები, დიპლომები და ჯილდოები კი ახლა მხოლოდ სხვენის ერთ კუთხეს ამშვენებს...
დედის ამ ნიჭმა ჩემშიც ჰპოვა გამონათება. დედამ ჩემი დამოკიდებულება მუსიკისადმი ადრეულ ასაკშივე შენიშნა და 5 წლიდან უკვე სილვიას ქალიშვილი კლეილიც უკრავდა.
ხშირად მახსენდება საღამოები, რომლებსაც მე, დედა და მამა მხიარულად, ახალ–ახალი კომპოზიციების შექმნაში ვატარებდით. მე და დედა ვუკრავდით, სამსახურიდან მოსული, დაღლილი მამა კი გვისმენდა და გვაფასებდა.
იმ დღის შემდეგ, როცა მამა ჩვენგან წავიდა, აღარც მე დამიკრავს და აღარც დედას.
ნათელი ფერები თითქოს მუქმა შეცვალა...
გაგვიჭირდა...
სულიერადაც, ფიზიკურადაც, ფინანსურადაც და მორალურადაც. სულ მარტონი დავრჩით... მხოლოდ მე, დედა და ჩემი პატარა ძმა ჯიმი.
ძილის წინ, გონებაში ხშირად ვაწყობ სხვადასხვა მელოდიებს, შემდეგ იმდენად ცხადად აღვიქვამ მას, იმდენად დიდია ცის შეგრძნება ამ დროს, რომ ხანდახან რეალობას აბსოლუტურად ვეთიშები და სხვა განზომილებაში გადავდივარ. შემდეგ სინდისი ძილ-ბურანში მყოფს, სიზმრებში მეჭრება და თავს მახსენებს. მახსენებს იმ ტკივილს, რომელსაც ჩემი ოჯახი ატარებს... მახსენებს ჩვენს მდგომარეობას, ჩემს ავად მყოფ პატარა ძას, დარდისაგან გაძვალტყავებულ დედას და წასულ მამას.
10 საათი იქნებოდა კარის ხმა რომ გავიგონე და ფეხაკრეფით პირველი სართულისაკენ დავეშვი. დაღლილი დედა სახლში დაბრუნებულიყო, მაგრამ, როგორც ჩანს მარტო არ იყო. ბოლო საფეხურებზე სვლა შევანელე და მოაჯირს დავეყრდენი... ოთახიდან უცხო მამაკაცის ხმა და დედას ხმა მონაცვლეობით ისმოდა... გამიკვირდა, ჩვენს სახლში სტუმრობა იშვიათი იყო, პერსიების სახლში მოსვლა არავის უყვარდა. ჩამკვდარი უბნის ერთი ჩამკვდარი სახლი იყო, ანდაც ჩამქვრალი... უსიცოცხლო სახეებით.
ვეღარ მოვითმინე და ოთახში მოწიწებით შევედი. მისაღებ ოთახში, ძველ სავარძელში, სრულიად შავებში შემოსილი, მაღალი, 40–ამდე წლის, მკაცრი სახის გამომეტყველების მქონე მამაკაცი იჯდა. ჩემი დანახვისთანავე შეკრთა, გაჩუმდა და დაკვირვება დამიწყო. მისი ეს დაჟინებული მზერა უხერხულობას მიქმნიდა ჩემსავე სახლში. ეს დაძაბულობა რამდენიმე წამს გაგრძელდა, მხოლოდ ჩემი გულისცემა და დედაჩემის გახშირებული სუნთქვა მესმოდა. შემდეგ შავებში შემოსული მამაკაცი წამოდგა (სიმართლე რომ ვთქვა, გაცილებით მაღალი აღმოჩნდა) და ჩემსკენ რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა. უეცრად, საერთოდ რომ არ ველოდი, მისი ტუჩის კუთხეში ღიმილი დავლანდე, რომელიც შემდეგ მის მთლიან ბაგეს მოედო.
–შენ უნდა დაუკრა – მკაცრი, მაგრამ ამავდროულად თბილი, თითქოს მბრძანებლური, მაგრამ თანაც დამრიგებლური ტონით მითხრა და თვითკმაყოფილი ისევ სავარძელში მოთავსდა.
„შენ უნდა დაუკრა“– ჩემთვის სრულიად უცხო მამაკაცის ეს თავდაჯერებული სიტყვები გონებაში ექოდ დამიტრიალდა. სწრაფი რეაგირება გამიჭირდა და ერთადერთი, რაც მოვახერხე დედისაკენ თვალის გაპარება იყო. მისი რეაქცია მაინტერესებდა, თითქოს პასუხს მის თვალებში ვეძებდი, მაგრამ პირიქით... მისმა დაბნეულმა თვალებმა უარესად ამირია თავგზა. დედა დაძაბული მომჩერებოდა და ჩემს პასუხს ელოდებოდა.
–გამარჯობა– სხვა რომ ვეღარაფერი მოვიფიქრე, ისევ ზრდილობის გამოჩენა ვარჩიე.
–გამარჯობა კლეილი– თვითკმაყოფილი ღიმილით, სავარძელში კომფორტულად მჯდომმა მითხრა და წვერი ხელით მოისრისა – არ ჩამოჯდები? – ისე მკითხა, თითქოს მის სახლში ვყოფილიყავი.
ძალიან მომინდა მისთვის შემებღვირა, მაგრამ ისევ დედაჩემის დაბნეულმა თვალება შემაჩერა, ასე უმწეოდ რომ შემომციცინებდნენ...
უხმოდ ჩამოვჯექი ჩვენი სტუმრის მოპირდაპირე მხარეს და ისევ მისგან დაველოდე შემდეგ სვლას. ეტყობოდა, რომ საუბარი სულაც არ უჭირდა... ჰოდა, არც ჩემი სიტუაციაში გარკვევა უნდა გასჭირვებოდა.
–უკვე დიდი გოგო ხარ –ღიმილით მითხრა, მაგრამ ისე, რომ ჩემთვის თვალი არ მოუშორებია. კვლავ დაჟინებით მაკვირდებოდა და სიმართლე რომ ვთქვა, უკვე საშინლადაც მაღიზიანებდა. სიჩუმე მეფობდა პატარა ოთახში და ერთადერთი, რაც ამ გამაყრუებელ სიჩუმეს არღვევდა, კედელზე ჩამოკიდებული ძველი საათის ისრების წიკ–წიკი იყო. ახლა ის უწყინარი საათიც კი მაღიზიანებდა.
–მე კრისტოფერ კორლეონი ვარ – ისე წარმომიდგინა თავისი თავი, თითქოს მის სახელს ჩემთვის რაიმე უნდა ეთქვა. რამდენიმე წამიანი დუმილით თითქოს ჩემს რეაქციას დაელოდა კიდეც, მაგრამ საპასუხოდ რომ ვერაფერი მიიღო განაგრძო – დედაშენის ძველი მეგობარი – მითხრა და ღიმილით გახედა დედას. უცნაური სიახლისაგან გაოგნებულმა მზერა მეც დედასკენ გავაპარე. დუმდა, უცნაურად და დამთრგუნველად. ეს ინფორმაცია არ მაკმაყოფილებდა, ამიტომ ისევ კრისტოფერს შევხედე იმის ნიშნად, რომ მეტის მოსმენა მინდოდა.
–წლების წინ კონსერვატორიაში ერთად ვსწავლობდით – ღიმილით მითხრა და თვალები ქვემოთ დახარა, თითქოს ნოსტალგია შემოაწვაო. – ბოლოს რომ გნახე 6 წლის იქნებოდი...ახლა კი უკვე ამხელა გოგო ხარ...
მისი ნათქვამი ყველა სიტყვა ჩემთვის საინტერესო ინფორმაცია იყო, მაგრამ ახლა მეჩვენებოდა, თითქოს თემიდან უხვევდა, უფრო სწორად, იმ თემიდან, რომელიც მე მაინტერესებდა.
–რატომ გადაწყვიტეთ რომ უნდა დავუკრა?–მოკლედ მოვუჭერი და პირდაპირ კითხვით მივმართე.
კრისტოფერმა ჩაიხითხითა...– დედაზე მკაცრი ხასიათი გქონია. – გამომწვევად მითხრა. ეს ადამიანი საშინლად არ მომწონდა.
მზერას მონაცვლეობით, ხან კრისტოფერისაკენ ვაპარებდი, ხან კი დედასკენ. კრისტოფერი ცინიკური, გამომწვევი სახით იჯდა, აი დედაჩემს კი თვალებში ტკივილი და შიში ჩასდგომოდა, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ გამომერკვია რისგან იყო ეს გამოწვეული.
მოგონებებით თუ კრისტოფერის სტუმრობის მიზეზით.
–იქნებ პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ– ტონი უფრო დავამკაცრე, დედაჩემის ასეთ მდგომარეობაში ყურება აღარ შემეძლო. ვატყობდი რომ ამ სიტუაციის ასე გაწელვა ანადგურებდა.
–ლეისიტროპიაში ახალი ოჯახი გადმოდის, რომელსაც შენ უნდა დაეხმარო, რომ მათმა პატარა ქალიშვილმა წარმატებას მიაღწიოს. –მითხრა, წამოდგა და გასასვლელისაკენ გაემართა – ხვალ შემოგივლით –თქვა და წავიდა.
წავიდა და ათას კითხვაში ჩაძირული დამტოვა. ვინ იყო, რა უნდოდა, რა აკავშირებთ მას და დედას, რა მაკავშირებს მე მასთან, მის მიზანთან... ასე მეგონა მალე თავი გამისკდებოდა.
დედა ისევ იმ ადგილას იჯდა, შეშინებული, ჩაფიქრებული, თითქოს დამორცხვებული..ვატყობდი, სინდისი აწუხებდა, მაგრამ რატომ?
რამდენიმე წუთი მეც გაშეშებული ვიჯექი, ბოლოს კი დავნებდი და საძინებელში ავედი. საწოლზე წამოვწექი და ისევ ფიქრებს მივეცი გზა რომ ჩემი გონება მოეცვათ.
ლეისიტროპიაში, უსიცოცხლო, ღარიბ ქალაქში, ახალი ოჯახი გადმოდის.. ვერ გამიგია, რატომ შეიძლება აქ გადმოსვლა მოგინდეს. აქ ხომ არანაირი პერსპექტივა არ გაქვს იმისა, რომ წარმატებას მიაღწიო? აქ ყველა დღევანდელი დღით ცხოვრობს, არავინ ფიქრობს მომავალზე, თითქოს ქალაქს ბნელი ღრუბელი აქვს გადაფარებული. ჩემი ოჯახი რომ ქალაქის შესაფერისად ცხოვრობს, არავის უკვირს. ჩვენ გვაქვს იმის მიზეზი, რომ შავებში შემოსილებმა, ტკივილით დამძიმებულებმა ვიაროთ, მაგრამ სიმართლე ყველამ იცის, ამ ქალაქში ბედნიერი არავინაა. ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავს, ყველამ იცის თავისი საქმე, ჭიანჭველებივით შრომობენ, სულ ფუსფუსებენ, მაგრამ არავინ იცის სინამდვილეში რა უნდათ. არავინ იცის რა არის სინამდვილეში მათი სულის გამოძახილი. ერთფეროვანი ცხოვრება სულაც არ აწუხებთ, მაგრამ მაშინვე ფორიაქდებიან, როდესაც ახალ ამბავს გაიგებენ. ეკლესიის ეზოში, წირვის დროს ჯგუფ–ჯგუფად დგებიან და ქალაქის მკვიდრთა მოკლე თუ ვრცელ მიმოხილვას ახდენენ. აქ ყველამ ყველაფერი იცის... და მაინც, ვერაფრით გამიგია რატომ უნდა გადმოდიოდეს ამ ქალაქში ახალი ოჯახი...ლეისიტროპიისთვის ეს ისეთი უჩვეულოა..როგორც წესი აქედან ყველა მიდის..მაგრამ უკან აღარავინ ბრუნდება.
დილით 7 საათზე გავიღვიძე, 8-ზე უკვე წირვა იწყებოდა. დედა უკვე ეკლესიაში იქნებოდა, ყოველთვის ადრე მიდის, იქაურობას ალაგებს და აწესრიგებს. როცა დრო მაქვს მეც მივდივარ და ეზოს ყვავილებს ვუვლი, ან სანთლის და ხატების გამყიდველს დახლს ვულაგებ... მოხუცს უკვე ამისი თავიც აღარ აქვს. მუხლამდე თეთრი ფერის სარაფანა ჩავიცვი და შემოსაცმელი შემოვიცვი. თმა ცხენის კუდივით გავიკეთე, ჩემი ლოცვების წიგნი ავიღე და ეკლესიისაკენ გავემართე. თუ გამიმართლებდა, დღეს ვეზიარებოდი კიდეც. ეკლესიასთან მისულს ეზოში იმაზე მეტი ადამიანი დამხვდა, ვიდრე ჩვეულებრივ მხვდება ხოლმე. უფრო დიდ ჯგუფებად შეკრულიყვნენ და თითქოს ჩუმად, მაგრამ მაინც ყველასათვის გასაგებად ჩურჩულებდნენ. ძნელი მისახვედრი არ ყოფილა რაზე ბჭობდნენ ასეთი ჩაფიქრებული სახეებით. უკვე ყველამ იცოდა, რომ ქალაქში ახალი ოჯახი გადმოდიოდა.
ბრბოში გზა გავიკვლიე და ეკლესიაში შევედი, კუთხეში დედას მოვკარი თვალი, ლოცვებს კითხულობდა, ამიტომ მისვლისგან თავი შევიკავე, არ მინდოდა ხელი შემეშალა.
წირვა რამდენიმე საათში დამთავრდა, ვეზიარე და სახლში ცენტრალური ქუჩის გავლით წასვლა გადავწყვიტე. არ ვიცი, შეიძლება მეჩვენებოდა, მაგრამ ქალაქი თითქოს გამოცოცხლებული იყო. პურის საცხობში მომუშავე უჟმური გრეგრიც კი მომღიმარი მოჩანდა ვიტრინის მიღმა. ირგვლივ ყველა მხოლოდ ერთ თემაზე საუბრობდა, ქალაქში ახალი ოჯახი გადმოდის.
საინტერესოა, სად იცხოვრებდნენ?
სახლში მისვლამდე რამდენიმე ნაცნობი შემხვდა. რა თქმა უნდა, მოსალმების და ოჯახის შემდეგ პირველი კითხვა, რაც დამისვეს იყო ლეისიტროპიის ახალ ოჯახზე რაიმე ხომ არ ვიცოდი. ამ ამბით ხალხი ზედმეტად აფორიაქებული იყო, ყველას უნდოდა გაეგო უფრო მეტი. მისის დრიდრიმ თავმომწონედ მახარა ახალი ამბავი, ჩემი ქალიშვილი მათთან იმუშავებს მოახლედო, თითქოს ეს მას ქალაქის მოსახლეობისგან გამოკვეთავდა და მაღლა აყენებდა, რამდენჯერმე შემომიბრუნა კითხვა, რაიმე ხომ არ იცი მათზეო, მაგრამ „არა“–მეთქი მივუგე. ჯერ თვითონაც არ ვიცოდი რა ხდებოდა ჩემს თავს. დაკვრით მე არ დავუკრავდი, არავისთვის, არავითარ შემთხვევაში.
სახლში ახალი ამბებით გაბრუებული დავბრუნდი. დაღლილი ვიყავი და დასვენება მინდოდა, მაგრამ ფეხზე გავიხადე თუ არა მისაღები ოთახიდან კვლავ ნაცნობი ხმა მომესმა.
კრისტოფერ კორლეონი. ის კვლავ ჩვენთან იყო.



№1  offline მოდერი MyLove

ემოციებში ვარ! ასე მეგონა, რომელიღაც უცხოელის გამოჩენილ ისტორიას ვკითხულობდი. იმდენად სულში ჩამწვდომია თითოეული სიტყვა, რომ არც კი ვიცი რა ვთქვა! ძირითადად, ასეთი ტიპის ისტორიები არ მომწონდა... მაგრამ ახლა მივხვდი თუ რამხელა სიამოვნებას ვკარგავდი! ძალიან, ძალიან კარგად წერ! შინაარსი არაფერია თუ მას არა ჰყავს კარგი დამწერი, ამ ისტორიას კიდევ ორივე ჰყავს!არაჩვეულებრივი ხარ! მხიბლავს გრამატიკული სისწორე და შინაარსიც! ძალიან მაგარი ხარ.. აი, ძალიან, ძალიან მაგარ ხასიათზე დამაყენე ეხლა! მალე დადე შემდეგი თავი და არ გვალოდინო... wink love
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№2  offline წევრი ხატული♥

ძალიან მომეწონა ეს ისტორია და მოუთმენლად ველოდები გაგრძლებას, სხვა ისტორიებისგან განსხვავებულია და ძალიან ემოციური ვგრძნობ ჩემს წასაკითხ ისტორიებში პირველ ადგილს დაიკავებს მალე დადე შემდეგი კარგი ხარ love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent