შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეწყვეტილი ფრენა


13-07-2015, 12:59
ავტორი დენერისი
ნანახია 3 313

მოგესალმებით ჩემო საყვარლებო,დიდი ხანია ამ საიტის სტუმარი ვარ მაგრამ არასდროს არაფერი გამომიქვეყნებია.ჯერ-ჯერობით ნაწყვეტებს დავდებ მარინა ვლადის ავტობიოგრაფიული წიგნიდან მის ამაღელვებელ გრძნობებზე საყვარელი ადამიანის მიმართ.
მაშ ასე _ ვლადიმირ ვისოცკი და მარინა ვლადი _ სიყვარულის დაუჯერებელი ამბავი!!!

ოველთვის მაწვალებდა კითხვა: რა ხდება ადამიანის გონებაში, როცა თავის სათაყვანებელ მსახიობს რეალურ ცხოვრებაში ხვდება?

საღამოა… «ჰამლეტის» დასრულების შემდეგ, თეატრიდან გამოვდივართ. ყინავს. ირგვლივ სულიერი არ ჭაჭანებს. ლამპიონების შუქზე გაყინული არემარე იისფრად ბრწყინავს. რომელიღაც სადარბაზოდან ორი ადამიანის სილუეტი გამოჩნდა, ბეწვის ქუდები ახურავთ. ეტყობათ, აძაგძაგებთ სიცივისაგან. ცოტა არ იყოს, აფორიაქებული შემომხედავ. იქნებ შეშინდი კიდეც რაღაც მომენტში. მაგრამ ორიდან უფრო მაღალის მშვიდი და თავაზიანი ტონი გვამშვიდებს. ოდნავ წინ გადმოხრილი, ძლიერი ქართული აქცენტით, იგი შენ მოგმართავს, თან ცდილობს, მე არ შემომხედოს.

_ ძვირფასო, ძვირფასო ვისოცკი, ნება მომეცით, წარმოგიდგეთ. მე თბილისიდან ვარ. გავიგე, რომ დღეს ორივენი თეატრში იქნებოდით და მთელი საღამო ქუჩაში გელოდებოდით, რათა გვენახეთ. ნება მომეცით, თქვენს მეუღლეს ორიოდე სიტყვა ვუთხრა.

მისი გალანტურად ნათქვამი სიტყვები სულაც არ მეჩვენება უადგილოდ. მასში უდიდესი პატივისცემა და თავაზიანობა იგრძნობა და, რაც მთავარია, ჩანს, რომ სერიოზული რაღაცის თქმას აპირებს. ხელების მოძრაობით შენ მას ნებას რთავ. ის ჩემკენ შემობრუნდება და მე მის თვალებს ვხედავ, რომელშიც მრისხანება გამოსჭვივის.

_ მადამ! მე მოვედი, რათა თქვენ გამო შური ვიძიო! მე და ჩემი მეგობარი მზად ვართ, მოვკლათ ის ნაძირალა, რომელმაც თქვენ არ შეგიცოდათ!

ქართველი მამაკაცი ასეთი აღელვებული რომ არ იყოს, ალბათ სიცილი ამიტყდება, მაგრამ როცა ვხედავ, თავიდან ფეხებამდე როგორ ცახცახებს, გაცინების სურვილი მიქრება.

ის კი აგრძელებს.

_ როგორ არ შეეცოდეთ? როგორ შეეძლო თქვენი ჩაქოლვა? თანაც ქვით! ქვით ძაღლსაც კი არ მოკლავენ!

როგორც იქნა, ვხვდები, რაც ხდება. ჯადოქარი _ ველური გოგონა, ჩემი ერთ-ერთი კინოგმირი ფილმიდან «ჯადოქარი», რომელზეც მთელი რუსეთი ცრემლებს აღვარღვარებს, ულმობელი სოფლელი გლეხის ხელით კვდება. და აი, ახლა ამ პატივცემულ ქართველებს ჩემ გამო შურისძიება სურთ. წარმოგიდგენია? მან იმდენად დაიჯერა ნანახი სიუჟეტი, რომ სრულიად ბუნებრივად მიიჩნია ჩემი დახმარება.

მე აღელვებული და დაბნეული ვდგავარ. როგორ უნდა უპასუხო ამ კეთილშობილ ადამიანს, როგორ უნდა აუხსნა, რომ სულაც არ არის საჭირო შურისძიება, რომ ეს მხოლოდ ფილმშია და არა რეალურ ცხოვრებაში? ხელზე ხელს ვკიდებ უცნობს.

_ შემომხედეთ! მე მკვდარი არ ვარ, ცოცხალი ვარ. აქ ვდგავარ, თქვენ წინაშე. აი, გელაპარაკებით კიდეც. დარწმუნდით? დიდი მადლობა, რომ ასე გულით გინდოდათ ჩემი დახმარება.

მისი ყინულივით ცივი თითები ჩემსას ეხება, იგი წელში იხრება და ხელზე მკოცნის.

მორჩა, ჯადო მოხსნილია. უცნობი გაიმართება, ხელს შემიშვებს, ბოდიში მოგვიხდის შეწუხებისთვის და ორივე ღამის სიბნელეს შეერევა.

უცნაური ისტორიაა, შენ კი თითქმის სერიოზული განსჯის საგნად ხდი:

_ სამწუხაროა. ჩვენ შეგვეძლო ისინი ჩვენი დაუძინებელი მტრების გასანადგურებლად გაგვეგზავნა, _ ღიმილით აქნევ თავს.

სინამდვილეში ვინ იყო შენი დაუძინებელი მტერი?

8 8 8

სცენაზე განწირული ხმით გაჰკივის ნახევრად შიშველი ადამიანი.

წელიდან მხრებამდე ჯაჭვებშია გახლართული. საშინელი შეგრძნებაა.

ჯაჭვები ოთხ ადამიანს უჭირავს. ისინი ასწევენ ტყვეს ჰაერში, შემდეგ დაუშვებენ… წამების მძაფრი სცენა…

1967 წელია. მოსკოვში ჩამოვედი, ფესტივალზე და შემომთავაზეს, სპექტაკლ «პუგაჩოვის» რეპეტიციას დავსწრებოდი. მითხრეს, რომ ერთ-ერთ გასაოცარ თამაშს ვნახავდი ვინმე ვლადიმირ ვისოცკის შესრულებით. როგორც მთელი დარბაზი, მეც გაოგნებული ვარ იმ ძალით, სასოწარკვეთით, ტანჯვით, ხმით, რაც მსახიობისგან მოდის. ის ისე თამაშობს, რომ ყველა დანარჩენი მოქმედი გმირი ჩრდილში ექცევა. ბოლოს ყველა ფეხზე დგება და აპლოდისმენტებს უძღვნის მას. ოვაციები დიდხანს არ ცხრება.

რეპეტიციის შემდეგ ერთი მეგობარი ვახშამზე მეპატიჟება, რომელიც სპექტაკლში მონაწილე მსახიობების პატივსაცემად უნდა გაიმართოს.

მივდივართ რესტორანში _ ხმაურიანში, მაგრამ სიმპათიურში.

აქ კარგი კერძებია, თან უფრო გვიან იკეტება, ვიდრე სხვა რესტორნები. შესასვლელში წარვადგენთ საშვს და შევდივართ. ჩვენი მცირე კამპანია მაგიდას დაიკავებს. ჩემი გამოჩენა იქ მყოფთ გამოაცოცხლებს. სსრკ-ში ჩემთვის მოულოდნელი პოპულარობით ვსარგებლობ თურმე.

ყველას უხარია ჩემი დანახვა. მოაქვთ ყვავილები, კონიაკი, ხილი, მკოცნიან და მეხვევიან… აი, სუფრაც გაშალეს _ ღვინო, სალათები, ცხელი კერძები…

ვვახშმობთ.

მე კი იმ შესანიშნავ მსახიობს ველოდები, მინდა მივულოცო. მაგრამ მეუბნებიან, რომ მას უცნაური ხასიათი აქვს და შეიძლება საერთოდ არც მოვიდეს. ხასიათი გამიფუჭდა, მაგრამ ვის ცხელა ამისთვის! უამრავ შეკითხვას მისვამენ. იციან, რომ ბევრ ფილმში ვთამაშობ, თუმცა თვითონ მხოლოდ ორი თუ სამი აქვთ ნანახი. თან რუსულად მელაპარაკებიან, მე კი რუსულად უკანასკნელად 6 წლის ასაკში ვსაუბრობდი.

უეცრად თვალში მომხვდება საშუალო სიმაღლის, ცუდად ჩაცმული ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ჩვენკენ მოემართება. სულ წამიერად შევხედავ, რადგან მხოლოდ მისი ღია ნაცრისფერი თვალები იქცევს ჩემს ყურადღებას. მაგრამ უცნობის გამო აყაყანებული დარბაზი იძულებულს მხდის, შევწყვიტო თხრობა და მეც მისკენ ვიყურები.

ის კი მოდის ჩემთან, იღებს ჩემს ხელს და დიდხანს არ მიშვებს, შემდეგ კი მკოცნის თითებზე, ჩემს პირდაპირ ჯდება და ამის შემდეგ წამითაც არ მაშორებს თვალს. ხმას არ იღებს, სიტყვასაც არ ძრავს. მისი სიჩუმე სულაც არ მაბნევს, ჩვენ ისე ვუყურებთ ერთმანეთს, თითქოს მთელი ცხოვრებაა, ერთმანეთს ვიცნობთ.

მე ვიცი, რომ ეს შენ ხარ… და სრულებით არ ჰგავხარ იმ აღრიალებულ გოლიათს, რომელიც სპექტაკლში ვნახე, მაგრამ შენს გამოხედვაში იმხელა ძალა იგრძნობა, რომ ხელახლა განვიცდი იმ ყველაფერს, რაც თეატრში განვიცადე. ირგვლივ კი საუბარი განახლდა. შენ არ ჭამ, მაგრამ სვამ. შენ მე მიყურებ.

_ როგორც იქნა, შეგხვდით, _ ამბობ შენ.

ეს პირველი სიტყვებია, რომელიც მთელი საღამოს განმავლობაში წარმოთქვი. ისინი მე მაბნევენ. არ ვიცი, როგორ მოვიქცე, ამიტომ კომპლიმენტებად ვიღვრები, ვამბობ, რომ ძალიან მომეწონა შენი თამაში. მაგრამ აშკარაა, შენ არ მისმენ. მეუბნები, რომ გინდა აქედან წახვიდე და ჩემთვის იმღერო.

მე თანახმა ვარ.

გადავწყვიტეთ, დარჩენილი საღამო მაქს ლეონთან გავატაროთ, «იუმანიტეს» კორესპონდენტთან. ის ცენტრთან ახლოს ცხოვრობს. მანქანაში კვლავ უხმოდ ვუცქერთ ერთმანეთს. შენს სახეზე ხან ნათელი გადაირბენს, ხან ჩრდილი. მე ვხედავ შენს თვალებს _ მბრწყინავს და თბილს, ნაოჭებს _ სულ ორი დღის გაჩენილს, რომელიც დაღლილობას აღუბეჭდავს შენს ღაწვებზე. შენ უშნო ხარ, არაფრით გამორჩეული გარეგნობის, მაგრამ გამოხედვა განსაკუთრებული გაქვს.

როგორც კი მაქსთან აღმოვჩნდებით, ხელში გიტარას იღებ. თავბრუს მახვევს შენი ხმა, შენი ძალა, შენი ყვირილი. და კიდევ ის, რომ ჩემს ფეხებთან მოკალათებულხარ და მხოლოდ ჩემთვის მღერი. თანდათან ვახერხებ ჩავწვდე შენი სიმღერის ტექსტების სიღრმეს, მწვავე იუმორით გაჯერებულს.

მერე მიხსნი, რომ მსახიობობა შენი ხელობაა, ხოლო პოეზია _ გატაცება. და უცებ, ყოველგვარი გადასვლის გარეშე მეუბნები, რომ გიყვარვარ.

როგორც ნებისმიერ მსახიობს, მეც ხშირად მომისმენია მსგავსი უადგილო «აღიარებები». მაგრამ შენი სიტყვები ძალიან მაღელვებს. მე თანახმა ვარ, შეგხვდე ხვალ საღამოს სასტუმრო «მოსკოვის» ბარში, სადაც ფესტივალის მონაწილეები ცხოვრობენ.

8 8 8

ბარში უამრავი ხალხია, მე გარშემორტყმული ვარ ნაცნობებით და უცნობებით, მაგრამ როგორც კი შენ გამოჩნდი, ყველს ზურგს ვაქცევ და საცეკვაოდ მიგყვები. ქუსლებზე შემდგარი შენზე ბევრად მაღალი ვარ, ამიტომ ფეხის წვერებზე იწევი და ყურში საოცარ სიტყვებს ჩამჩურჩულებ. მე ვიცინი, შემდეგ კი სრულიად სერიოზულად გეუბნები, რომ არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ და საინტერესოა შენთან ურთიერთობა, მაგრამ მე მხოლოდ რამდენიმე დღით ჩამოვედი, რომ მე ძალიან რთული ცხოვრება მაქვს, მყავს სამი შვილი, მაქვს სამუშაო, რომელიც მთელ ჩემს ენერგიას ითხოვს და რომ მოსკოვი ძალიან შორსაა პარიზისგან. შენ მპასუხობ, რომ თავადაც გყავს ოჯახი, შვილები, გაქვს სამუშაო და სახელი, მაგრამ არც ერთი შეგიშლის ხელს, შენი ცოლი გავხდე.

ასეთი სითავხედით გაოცებული მე თანახმა ვარ, ხვალაც შეგხვდე.

მოვდივარ შენთან თეატრში, გნახულობ რეპეტიციის შემდეგ. დილით მირეკავს სერგეი იუტკევიჩი და მთავაზობს ლიკა მიზინოვას როლს _ ახალგაზრდა ქალისას, რომელიც ჩეხოვს უყვარდა. ვყოყმანობ _ რადგან გადაღებები თითქმის წელიწადი გაგრძელდება. შენ კი პატარა ბიჭივით ხტუნავ სიხარულისგან, ყვირი და ციებ-ცხელებიანივით მემუდარები, დავთანხმდე. მე გიმტკიცებ, რომ ეს ძალიან რთული გადასაწყვეტია, შენ კი მეჯიუტები _ უნდა დათანხმდე. ჩვენ საშუალება გვექნება, ერთმანეთს შევხვდეთ და, რაც მთავარია _ შენ შენსას გაიტან და ცოლობაზე დამითანხმებ. თითქმის ხუმრობით ამბობ, მაგრამ ისეთ სინაზეს ვგრძნობ შენს სიტყვებში, რომ შენი აღგზნება მეც გადმომედება და ორივენი წარმოვიდგენთ, რა მოხდება: მე ჩამოვიყვან ჩემს ჯერ კიდევ პატარა შვილებს და დედას, რომელიც 50 წელია, რუსეთში არ ყოფილა. ჩვენ დავმეგობრდებით, ხშირად ვნახავთ ერთმანეთს და შენ მე შენს ახალ სიმღერებს მიმღერებ.

მე ვიღიმი, შენ კი ჯიუტად აგრძელებ, რომ ჩვენ ჯერ 30-ის არ ვართ, მე გაყრილი ვარ ქმართან, შენ უნდა გაეყარო ცოლს, წინ მთელი ცხოვრებაა!

ფრთხილად შეგაპარებ: ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ მე რომ არ მიყვარხარ?

_ არა უშავს, მთავარი ეს არ არის, _ მეუბნები შენ, _ მე შევძლებ, თავი მოგაწონო, აი, ნახავ!

ეს მხიარული და მსუბუქი დაპირება სულ რამდენიმე დღე გრძელდება… და აი, ფესტივალი მთავრდება, მე მოსკოვიდან მივემგზავრები, კონტრაქტს ხელი უკვე მოვაწერე და უკან 1968-ის დასაწყისში დავბრუნდები.

8 8 8

გადის დრო. თავიდან თბილ წერილს ვიღებ მოსკოვიდან. შემდეგ კი, როცა იმის გააზრებაში ვარ, რა მომდის და რატომ ვარ სევდიანი, სატელეფონო ზარი გაისმის ჩემს სახლში. ეს შენ ხარ. მესმის შენი ხმის თბილი ტემბრი და რუსული ენა, რომელიც მამას მაგონებს, რომელსაც ვაღმერთებდი. ყოველივე ამისგან ყელში რაღაც მეჩხირება. საუბრის დამთავრების შემდეგ ვკიდებ ყურმილს და ვღრიალებ.

_ შენ შეყვარებული ხარ, ჩემო გოგო, _ მეუბნება დედა.

ვცდილობ, ამ მდგომარეობას სხვა ახსნა მოვუძებნო _ რომ ბევრს ვმუშაობ, რომ ვიღლები, მაგრამ სულის სიღრმეში ვგრძნობ, დედა მართალია _ ერთი სული მაქვს, როდის გნახავ!

8 8 8

1968 წლის მაისში პარიზში ვქმნით მსახიობებისა და ტექნიკური პერსონალის კოოპერატივს და ბერნარ პოლთან ერთად ვიღებთ ფილმს «სიცოცხლის დროა». ჩვენ ბრძოლის ჟინით ვართ აღტყინებული, მძაფრი პოლიტიკური მოძრაობა ძალაუნებურად გვითრევს. მახსენდება 50-იანი წლები _ როცა იტალიაში კომუნისტ რეჟისორებთან ვმუშაობდი _ ვისკონტი, პეპე დე სანტოსი, უგო პირო, ტონინო გუერა, კარლო ლიძანი… ჩვენ ანტიფაშისტურ დემონსტრაციებშიც ვმონაწილეობდით, რომელიც ხანდახან ხელჩართული ქუჩის ჩხუბებით მთავრდებოდა. სწორედ მათთან განვლილმა ასეთმა გზამ დამაახლოვა მაშინ იტალიის კომუნისტურ პარტიასთან.

ახლა კი, პარიზის ამ შეშლილ, ბურუსიან მაისის დღეებში, მე რუსეთზე ვფიქრობ, მოსკოვში მოსალოდნელ გადაღებებზე, მომავალზე, რომელიც შეიძლება შენ დაგიკავშირო…

და გადაწყვეტილებას ვიღებ.

სანამ მოსკოვში გამოვემგზავრები, 1968 წლის ივნისში, საფრანგეთის კომუნისტურ პარტიაში შევდივარ. ჯერ ვერ ვხვდები, რომ ჩემს ამ ნაბიჯზე მომავალში მთელი შენი ცხოვრება იქნება დამოკიდებული. მოგვიანებით კი, როცა მე შენს საზღვარგარეთულ პასპორტზე მომიწევს სირბილი, სწორედ ეს მოკლევადიანი წევრობა დამეხმარება, შენი საქმე უმტკივნეულოდ მოვაგვარო. ახლა კი წარმოდგენა არ მაქვს, მომავალში რა მელოდება.

ჩამოვდივარ მოსკოვში, მაგრამ ჩვენ მაშინვე ვერ ვხვდებით ერთმანეთს. მეუბნებიან, რომ შორეულ ციმბირში ხარ გადაღებებზე და მხოლოდ ორი თვის შემდეგ დაბრუნდები.

ვიწყებ მუშაობას, თანდათან ვლაგდები. ვცხოვრობ სასტუმრო «სოვეტსკაიაში», სადაც ერთ დროს ბაბუაჩემი ცხოვრობდა.

ბრწყინვალე ნომერი მაქვს, მარმარილოს სვეტებით, როიალით და ცოცხალი ყვავილებით შემკული _ ყოველდღე ახალ-ახალი ყვავილებით. დედა დავითანხმე წამოსვლაზე და ჩემთანაა. მას ყველაფერი აღელვებს და აოცებს რუსეთში. მისი აზრით, ლენინგრადი სრულებით არ შეცვლილა და ძველებურად პეტერბურგს ეძახის. ვსეირნობთ მოსკოვის ქუჩებში და წარსული გვახსენდება. აწმყო კი სხვანაირია _ მხატვრები, მწერლები, პოეტები, მსახიობები, რომლებიც ყოველდღე იკრიბებიან ჩემთან, როგორც მოდურ სალონში.

სწორედ ერთ-ერთ ასეთ საღამოს პარმაღზე შენ ჩნდები და ირგვლივ სამარისებური სიჩუმე ისადგურებს. შენ მიეახლები დედაჩემს, გაეცნობი და უეცრად, ყველას თვალწინ, ხელში ამიტაცებ და გულში მიკრავ. არც მე გამომდის მღელვარების დამალვა. დედა მეჩურჩულება.

_ რა საყვარელი ახალგაზრდა მამაკაცია და რა ლამაზი სახელი ჰქვია.

როცა მარტონი ვრჩებით, შენ მეუბნები, რომ ეს დრო საერთოდ არ გიცხოვრია, რომ ეს თვეები უსასრულოდ გრძელი აღმოჩნდა შენთვის.

8 8 8

ჩემი ბიჭების სანახავად ქალაქგარეთ მივემგზავრებით, პიონერთა ბანაკში, სადაც «მოსფილმის» თანამშრომელთა შვილები ისვენებენ. მინდა, რუსულ ყოფას ნელ-ნელა შევაჩვიო შვილები. გარდა ამისა, უცხოელ ბავშვთა ბანაკი მოსკოვიდან ძალიან შორსაა, სადღაც შავი ზღვის სანაპიროზე. აქ მირჩევნია იყონ. რაც მთავარია, მინდა რუსულად ლაპარაკი ისწავლონ.

და მართლაც, ორი კვირის შემდეგ მათი უკვე ყველას ესმის.

მთელი დღეები ვმუშაობ, ბავშვები კვირაობით გამომყავს და ბუნებრივია, ვამჩნევ, რომ მათი სასაუბრო ლექსიკონი «გამდიდრდა» ბილწსიტყვაობით. ახლა ეს მოდაშია თურმე. მათ ასევე, მოისმინეს და შეისწავლეს სიმღერა, რომელიც ჩემზეა. როგორც კი ბავშვები ამღერდებიან, მაშინვე ვხვდები, რომ ამ სიტყვების ავტორი შენ ხარ და რომ იქამდე დაწერე ეს ტექსტი, სანამ გამიცნობდი.

«დღეს ჩვენს კომპლექსბრიგადაში, ხმა გავარდა მასკარადის,

დაარიგეს ფორმები კურდღლის, სპილოს, ლოთების.

_ რა ჩავიცვა, ბაჭია

_ კაბა თხოვე ნადიას,

გაოცდება ნაღდი, თვით მარინა ვლადიც.

_ შენ კი, ლოთის ფორმიანო, გაგვიხურე საქმე,

ბეჰემოთის კაბაში ორი ვლადი გვნახე.

ჩაგვისაფრდი ორივეს, ჩაგვეჭიდე ხელზე,

მეორე დღეს მედალი ჩამოგკიდეს ყელზე.

ზოოპარკს მოუყვანაო ორი ბეჰემოთი,

ორი მარინა ვლადი, ყოჩაღია ლოთი!»

ასეთია ლექსის შინაარსი. ლოთის ფორმაში, რა თქმა უნდა, საკუთარ თავს გულისხმობ. მე კი ბეჰემოთის კაბაში მომავლინე.

ჩვენ ორივეს გულიანად გვეცინება ბავშვების ნამღერზე. შემდეგ შენ მიხსნი, როგორ ნახე პირველად ფილმი «ჯადოქარი» და როცა მოსკოვში ფესტივალზე ჩამოვფრინდი, როგორ ცდილობდი ჩემთან შეხვედრას.

თურმე ყოველდღე დადიოდი კინოთეატრში, რომ ჩემთვის თუნდაც ეკრანზე მაინც მოგეკრა თვალი. ერთი სიტყვით, დიდი ხნის წინ იყავი ჩემზე შეყვარებული და ვერც წარმოგედგინა, თუ ოდესმე, რეალურ ცხოვრებაში, მოგეცემოდა ჩემი გაცნობის შესაძლებლობა.

_ სამაგიეროდ, ახლა ზუსტად ვიცი, რომ ჩემი ცოლი გახდები, _ დაასკვნი შენ და მიღიმი.

8 8 8

პიკნიკს ვაწყობთ, ტბაზე მივდივართ ბავშვებთან ერთად. მშვენიერი ამინდია. წყალი ცივია, ამიტომ ბავშვები ნაპირზე თამაშობენ, თან ყიჟინას სცემენ. შენ ღიღინებ, მე კი გისმენ…

ჩვენ ბედნიერები ვართ…

როცა სახლამდე მიგვაცილებ, გარბიხარ, თან პირობას ჩამომართმევ, რომ მომდევნო შაბათ-კვირას განმარტოებით გავატარებთ _ მხოლოდ მე და შენ.

მე დასაძინებლად ვწვები, მაგრამ ვერ ვიძინებ…

დედა სასთუმალთან ჩამომიჯდება. მას შენ მოსწონხარ, უჩვეულო და მგრძნობიარე ადამიანიაო, ამბობს. იმდენი რამ მოვუყევი შენს ნიჭიერებაზე, რომ გაცნობამდე აღეძრა შენდამი სიმპათია და ახლა უკვე _ სამარადჟამოდ…

დათქმულ დღეს ადრე მოდიხარ. ჩვენ ვირჩევთ წყნარ, მყუდრო ადგილს მდინარის პირას. განვმარტოვდით. მიმღერი ციმბირიდან წამოღებულ სიმღერას ადამიანებზე, რომლებიც სტალინის დროს ბანაკში მოხვდნენ. ერთი კაცი, მოიხადა თუ არა სასჯელი, შინ ბრუნდება და ცოლს სთხოვს, გაუხუროს აბანო, რათა ეჭვები გაიფანტოს და სული განიწმინდოს. სულის შემძვრელი სიმღერაა, რომელშიც შენ პირველად ახსენებ ჩემს შინაურულ სახელს _ მარინკა. და კიდევ _ მიკითხავ პირველ სტროფებს ახალი ლექსიდან «ნადირობა მგლებზე».

ვხვდები, რომ ყველა შენს ლექსს და სიმღერას მე მიძღვნი და ბავშვური სიამაყით ვთვრები _ თავად პოეტი მიკითხავს საკუთარ ლექსებს! ეს იგი, მე მისი სულის მცველი ვარ! _ და ეს აღმოჩენა სიგიჟემდე მახარებს.

გვიან ვბრუნდებით უკან. მოთენთილები. კმაყოფილები. ზებედნიერები,

შენ სპექტაკლი გაქვს, თეატრში მიდიხარ, მე კი დედასთან, რომელიც მალე უნდა გაემგზავროს პარიზში…

სასიამოვნოდ უძილო ღამეები გრძელდება…

888

ჩვენ თითქმის ყოველდღე ვხედავთ ერთმანეთს. მეგობრების წრე ნელ-ნელა ვიწროვდება. ახლა უკვე მხოლოდ ძალიან ახლობლები ვრჩებით: ჩვენი საყვარელი სევ აბდულოვი, დედამისი ელოჩკა _ ლამაზი ხანდაზმული ქალბატონი, რომელიც ფრანგულად ლაპარაკობს, ვასია აქსენოვი _ პირქუში და სიმპათიური, ნამდვილი დათვი, ბელა ახმადულინა _ გენიალური და აღმაფრთოვანებელი პოეტესა. საღამოებს ერთად ვატარებთ, ვკითხულობთ ლექსებს, ვლაპარაკობთ, ხანდახან რომელიმე მხატვარი თავის ნამუშევრებს მოიტანს და ერთად ვათვალიერებთ. დღისით გადაღებები მაქვს, საღამოს კი კვლავ ერთად ვიკრიბებით. ახლა უკვე ისე ახლოს ვართ ერთმანეთთან, ამას მხოლოდ მეგობრობა აღარ ჰქვია. შენზე ყველაფერი ვიცი, ყოველ შემთხვევაში, ასე მეჩვენება. შენ თავდაჭერილად იქცევი, მაგრამ მაინც აგრძელებ ჩემს მოხიბვლას.

შემოდგომის ერთ საღამოს მე ვთხოვ მეგობრებს, მარტო დამტოვონ შენთან. შეიძლება ეს უცერემონიო ჟესტი იყოს, მაგრამ არა მოსკოვში. როცა ადამიანებს სასტუმროში შესვლა ეკრძალებათ, რადგან იგი მხოლოდ უცხოელებისთვისაა განკუთვნილი, ასეთი თხოვნა არავის უკვირს. შენ ჩემთან სასტუმროში ვერ რჩები, ამიტომაც ვიქცევი ასე. სახლის დიასახლისი მაშინვე მეზობელთან გადადის. მეგობრები უსიტყვოდ გვემშვიდობებიან და გვტოვებენ.

ვკეტავ თუ არა კარს, მოვტრიალდები შენკენ და გიყურებ. სამზარეულოდან გამომავალი შუქის ფონზე შენს სახეს კარგად ვხედავ.

ძაგძაგებ, ჩურჩულებ რაღაც სიტყვებს, რომელთა გარჩევას ვერ ვახერხებ. მე შენკენ ვიშვერ ხელებს და მესმის ნაწყვეტი ფრაზები: «მთელი ცხოვრება…» «უკვე დიდი ხანია»… «ჩემი ცოლი!»

მთელი ღამე არ გვყოფნის, რომ ჩვენი შეგრძნებების სიღრმეებს ჩავწვდეთ. თითქოს პრელუდია იყო ის განვლილი თვეები, როცა ერთმანეთს მხოლოდ ვეფლირტავებოდით, მხოლოდ ფარული მზერებით ვავსებდით… ერთმანეთში ჩვენ-ჩვენს მიუწვდომელ მეორე ნახევარს ვპოულობთ. ვიძირებით უსაზღვრო სივრცეში, სადაც სხვა არაფერია, გარდა სიყვარულისა. ჩვენი სუნთქვა მხოლოდ წამით მშვიდდება, რათა შემდგომ კვლავ მოძალებული სიყვარულის მორევში გადავეშვათ.

ჩვენ ოცდაათი წლისანი ვართ, დიდი გამოცდილება მოგვცა ცხოვრებამ _ რამდენიმე ცოლი და რამდენიმე ქმარი, ორივეს ერთად 5 შვილი, პროფესიული წარმატებები და წარუმატებლობები, აღმაფრენები და დაცემები, დიდების მწვერვალი…

ჩვენ კი მოჯადოებული ვართ ერთმანეთით, როგორც ბავშვები, რომლებმაც მხოლოდ ახლა აღმოაჩინეს, რა არის სიყვარული.

ვერავინ და ვერაფერი ამოშლის მეხსიერებიდან იმ უსაზღვრო სიახლოვის წუთებს. მესამე დღის გამთენიისას ვტოვებთ ამ კეთილ სახლს. ჩვენ ერთად ვართ დღეიდან და უკუნითი უკუნისამდე. მიუხედავად იმისა, რომ არ ვმალავთ ურთიერთობას, ჩემდა გასაკვირად, გადაკვრით მიმანიშნეს, რომ შენთან ერთად ნომერში დარჩენის უფლება არ მაქვს. სართულის მორიგე გამუდმებით მთხოვს, სტუმრები 11 საათის შემდეგ დავითხოვო. და…

რამდენიმე სკანდალური შემთხვევის შემდეგ, იძულებული ვხდებით, ბინა ვეძებოთ, სადაც ერთმანეთთან შეხვედრას შევძლებთ. როგორც ბევრ შეყვარებულს მოსკოვში, ჩვენს განკარგულებაშია სკამ-ლოგინი სადღაც სამზარეულოში ან დივანი დერეფანში, ან მოსკოვი-ლენინგრადის ღამის მატარებელი _ საყვარელი და რომანტიკული კუპე, ან ტბებში მოხეტიალე კატერების კაიუტა, რომელთა დაქირავება რამდენიმე საათით შეიძლება.

და ყოველ შეხვედრაზე უსიამოვნო მოგონებები გვრჩება, რომ არ დაგვაგვიანდეს, ეს კი დაუკმაყოფილებლობის შეგრძნებას გვიტოვებს.

ორივენი დილიდან გვიან ღამემდე ვმუშაობთ, სამაგიეროდ ღამეა ჩვენს განკარგულებაში. დამღლელი ძებნის შემდეგ, როგორმე ვიქირაოთ ბინა, შენ დედაშენთან, ნინა მაქსიმოვასთან ცხოვრებას მთავაზობ.

მას პატარა, ოროთახიანი ბინა აქვს ახალ რაიონში. და, რაც ყველაზე სასიამოვნოა, ამ ბინაში არის სამზარეულოც, აბაზანა-ტუალეტიც, ამიტომაც არ გვიწევს დიდხანს რიგში დგომა, საუზმე როდის მოვამზადოთ ან დავიბანოთ. მე სიხარულით გთანხმდები. საშინლად დავიღალე ერთი ადგილიდან მეორეზე გადარბენით, მეგობრებთან საუბრებიც მღლის უკვე.

ჩემთვის შენთან ყოფნა ხდება აუცილებელი. თუმცა, მთავარი ისაა, რომ ამ თავშეყრის ადგილებში შენ სმა დაიწყე, ისევე, როგორც ჩვენ ყველამ.

მოსკოვში ვერ წარმოუდგენიათ საღამო არყის გარეშე _ ცივი კლიმატი ამის საუკეთესო საბაბია, ეს ნაციონალური ტრადიციაა. მეც კი სიამოვნებით ვიღებ იმ სითბოს, რომელსაც არაყი იძლევა, რაც ლაპარაკის საღერღელსაც შლის და თავისუფლების შეგრძნებასაც მიღვივებს. მაგრამ ვიცი, რომ შენთვის ეს დიდი პრობლემაა. ამის შესახებ თვითონ მითხარი ერთ საღამოს, როცა მსახიობებთან შეხვედრაზე შენი ერთ-ერთი ყოფილი ქალი შეგხვდა და შეუმჩნევლად შეეცადა შენთვის არაყი დაესხა. ძალიან უხეშად მიმართე მას. გამიკვირდა შენგან ასეთი საქციელი, შენ კი ამიხსენი.

_ მან იცის, რომ ჩემთვის არყის დალევა არ შეიძლება. ეს ყველაზე საზიზღარი საშუალებაა, ჩემს უკან დაბრუნებას შეეცადოს.

მეგობრებმაც გამაფრთხილეს. ზოგმა შენი სიყვარულის გამო, ზოგმა იმიტომ, რომ ჩვენს ურთიერთობას სკანდალი არ მოჰყვეს.

ყველა ერთსა და იმავეს ამბობს: არ მისცე უფლება, ალკოჰოლი მიიღოს, ჭიქასაც კი არ უნდა გაეკაროს. აი, ნახავ. ახლა კი იკავებს თავს, მაგრამ საკმარისია, ერთხელ დალიოს, მერე ისე ინანებ, საკუთარ თითებს დაიკვნეტ.

აქამდე გამუდმებით მხიარულს გხედავდი, ძალიან საყვარელი მყავდი. დარწმუნებული ვარ, დედაშენთან რომ გადავალთ, ამის საშიშროება აღარ მექნება.

8 8 8

დედაშენი კარის ზღურბლთან გვხვდება. ის არქივარიუსად მუშაობს, დილით ადრე გადის სახლიდან და მხოლოდ საღამოს ბრუნდება. როგორც იქნა, მარტონი ვრჩებით. ჩვენს ოთახს შეძლებისდაგვარად ლამაზად ვრთავ, რომ აქ ნორმალურად ცხოვრება და მუშაობა შეიძლებოდეს.

თავისუფალ დღეებში კერძებს ვამზადებ, სახლს ვალაგებ, დავრბივარ მაღაზიებში. ვსწავლობ, როგორ უნდა ვითმინო ამ სიცივეში გრძელ რიგში დგომა. დავდივარ ბაზარშიც, სადაც სამჯერ ძვირად ყიდიან ხილს, ბოსტნეულს, ხორცს. კიდევ შემიძლია «ბერიოზკაში» შევიარო, რომ ვალუტით შევიძინო საჭირო რამეები.

აქ ყველაფერია, რასაც მაღაზიებში ვერ იშოვი: ამერიკული სიგარეტები, ხსნადი ყავა, ტუალეტის ქაღალდი და წარმოიდგინე, კვერცხი, კარტოფილი და სალათის ფოთლებიც კი, რაც ასე დეფიციტი ხდება ხანდახან.

ბევრი მეგობარი გყავს პროდუქტების მაღაზიებში, განსაკუთრებით დირექტორები. რომ გაგვახარონ, ისინი გვინახავენ დეფიციტურ პროდუქტებს: ხორცს, შებოლილ თევზს, ახალ ხილს. ეს განძეული სახლში მოგაქვს, ჩემთვის. თავად ძალიან ცოტას ჭამ, ამიტომაც შენთვის სულერთია, რა გიდევს თეფშზე. დღე და ღამე მუშაობ. დილით თეტარში გარბიხარ, რეპეტიციაზე, შუადღეს გადაღებები გაქვს ან კონცერტი, საღამოს _ სპექტაკლი, ღამით კი ლექსებს წერ. ყველაზე დიდი, ოთხი საათი გძინავს, მაგრამ მეჩვენება, რომ სულაც არ გღლის ეს ჯოჯოხეთური რიტმი, სიცოცხლე ძველებურად თუხთუხებს შენში. სცენიდან მესვრი ხოლმე მაიკოვსკის ცნობილ სიტყვებს სპექტაკლიდან «მომისმინეთ!» _ «ოცდაათი წლისანი ვართ, დროა, შევიყვაროთ ერთმანეთი…»

8 8 8

«გალილეის ცხოვრებაში» იმსიგრძე ხალათი გაცვია, გოლიათს გავხარ, მაგრამ, აი, მთავრდება ოთხსაათიანი სპექტაკლი და გხედავ გამხდარს, სიცხიანივით მბრწყინავი თვალებით და მზად ხარ, მიუჯდე მაგიდას, რომელიც საწოლსა და ფანჯარას შორისაა გაჩხერილი და მთელი ღამე წერო. ხოლო დილით გამაღვიძო და დაწერილი სტროფები წამიკითხო.

ჩვენ ბედნიერები ვართ. ხელისუფლება ჯერ ხუჭავს თვალს ჩვენს ოჯახურ იდილიაზე. მთელი მოსკოვი ამაზე ლაპარაკობს, მაგრამ ჩემი სამუშაო ხომ მალე დამთავრდება და ყველა ფიქრობს, რომ საფრანგეთში დავბრუნდები და სწრაფად დავივიწყებ იმას, რაც აქაურებს ვარსკვლავური ჭირვეულობა ჰგონიათ.

8 8 8

საღამოა. გელოდები. გამზადებული ვახშამი გაცივდა მაგიდაზე. რაღაც მოსაწყენ გადაცემას ვუყურებდი ტელევიზორში და ჩამძინებია. შუაღამეს მეღვიძება. შენ კვლავ არ ჩანხარ. ცარიელი ეკრანი ცისფრად ციმციმებს. მესმის ტელეფონის გაბმული ზარი, ვიღებ ყურმილს და მესმის უცნობის ხმა, რომელსაც შიგადაშიგ ვიღაცის ყვირილი და ოხვრა ახშობს.

_ ის აქ არის, თუ შეიძლება, მოდით! ის წასაყვანია! ჩქარა მოდით!

ძლივძლივობით ვახერხებ მისამართის ჩაწერას, სწრაფად ვიცვამ და ტაქსის ვაჩერებ. არ ვიცი, რა ხდება, ვერაფერი გავიგე. შიშმა ამიტანა.

ოდნავ განათებულ სადარბაზოში კატების სუნი დგას. კისრისტეხვით ავრბივარ კიბეზე, სულს ვერ ვითქვამ. ბოლო სართულზე კარი ღია მხვდება. ვიღაც ქალს ოთახში შევყავარ…

დაგინახე… გიყურებ… დივანზე წევხარ და თვალებს ძლივს ახელ. იქვე ცარიელი ბოთლები და სიგარეტის ნამწვები ყრია. მაგიდაზე გადასაფარებლის მაგივრად გაზეთებია დაფენილი. იქვე დამარილებული თევზის ნარჩენები მიმობნეულა. რამდენიმე ადამიანი ძირს გდია, იატაკზე. მე მათ არ ვიცნობ.

წამოდგომას ცდილობ, ხელებს მიწვდი. გეხმარები, მხარში შეგიდგები და შინ ვბრუნდებით.

ეს ჩემი პირველი შეჯახებაა იმ სხვა სამყაროსთან, ცხოვრებაში პირველად ვიხილე, ლოთობის სასიკვდილო ჭაობი როგორ ითრევს ადამიანებს.

გაგეღვიძა. ავად ხარ, გაღიზიანებული, მაგრამ იმედიანი. ეს ყველაფერი მხოლოდ რამდენიმე საათს გაგრძელდა და შეძელი შეჩერება. ეს ძნელი დასაჯერებელია _ ჩემი გვერდით ყოფნა საკმარისი აღმოჩნდა. აქამდე ხომ არავის გამოსდიოდა შეეჩერებინა ის სიგიჟე, რომელშიც შენ იძირებოდი. დღეიდან მე გამძლეობის გამოჩენა მმართებს.

დედაშენი მადლობელია და ათასნაირ სიკეთეს «მაბრალებს». აქამდე არასდროს ყოფილა შემთხვევა, სიმთვრალეში ვინმესთვის დაგეჯერებინა და შინ გამოყოლოდი. მე ერთადერთი და განუმეორებელი ვარ _ მე შენ გადაგარჩინე.

ასეთმა იოლმა გამარჯვებამ ძალა შემმატა და ჩემი უძლეველობა დავიჯერე…

8 8 8

ჩემი გამგზავრების დროა. სამუშაო დამთავრდა. ვტოვებ მოსკოვს, სადაც თითქმის წელიწადი ვიცხოვრე. ამ ხნის განმავლობაში რამდენჯერმე ჩავედი პარიზში, რათა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები არ დამერღვია. ახლა უკვე აღარ მაქვს ოფიციალური მიზეზი, უკან დავბრუნდე. რას ვიზამთ! მსახიობი ალაგებს ჩემოდანს და მიემგზავრება. თუმცა, ივლისში კინოფესტივალზე სტუმრის ამპლუაში მეპატიჟებიან. ორივენი მკვდრებივით ვართ. შენ არ გაქვს არანაირი იმედი, ჩემთან ჩამოხვიდე. ქვეყნიდან გასვლის უფლება კარგა ხანია, ჩამოგართვეს. ვიზის მოთხოვნას აზრი არა აქვს. შენზე ამბობენ, «ოდიოზური პიროვნებააო», არც მეტი, არც ნაკლები. გარდა ამისა, ვიზაში თუ უარი ჩაგირტყეს _ ეს უკვე სამუდამოდ.

ბიუროკრატიული მანქანა უკან არასდროს იხევს.

ჩვენ შეუძლებლად გვეჩვენება ერთმანეთის გარეშე ცხოვრება იმ სამი თვის განმავლობაში, რომელიც ფესტივალის დაწყებამდე რჩება.

აეროპორტამდე სასოწარკვეთილები მივდივართ. საბუთების შემოწმება დამთავრდა. და უცებ, ერთ-ერთი მებაჟე, შენი თაყვანისმცემელი, გამონაკლისს უშვებს და ნებას გრთავს, მოსაცდელ დარბაზში ჩემთან ერთად შემოხვიდე. აქ ხალხი ირევა. ელოდებიან, ჭამენ, სვამენ, თვლემენ…

საშინელი ამინდია _ თოვს და ისეთი ქარბუქია, თვიმფრინავები ფრენას ვერ ახორციელებენ. მერხზე ვსხედვართ. ცუდი ამინდის წყალობით, კიდევ რამდენიმე საათს გრძელდება ჩვენი ერთად ყოფნის ბედნიერება. «მოსფილმიდან» ვიღაც წითური ახალგაზრდა მამაკაცი მაცილებს.

მან პირდაპირ ტრაპამდე უნდა მიმიყვანოს, რათა გაუთვალისწინებელი რამ არ მოხდეს. წითურს მხოლოდ შორიდან ვიცნობ, ის ადმინისტრაციიდანაა. გადაღებებზე არ დავკონტაქტებივარ, მაგრამ სანამ აეროპორტამდე მოვაღწევდით, რატომღაც, გული გადამიშალა და მითხრა, ცოლმა შეიძლება წუთი-წუთზე იმშობიაროს და მამა გავხდებიო. როცა ვიგებთ, რომ ფრენა შეჩერებულია, ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე ცმუკვას იწყებს.

ჩვენ გვერდიგვერდ ვსხედვართ, ერთმანეთზე მიყრდნობილები. სრულიად მარტონი ვართ, გარშემო ვერავის ვამჩნევთ. მეუბნები, რომ უჩემოდ ცხოვრება აუტანელია. გპასუხობ, რომ მეც ძნელად წარმომიდგენია უშენოდ.

აცხადებენ საბედისწერო რეისს: «ეარ ფრანსს». ერთმანეთს ვეხვევით და აცრემლებული დარბაზის სიღრმისკენ მივემართები. მოულოდნელად ლითონივით ცივი ხმით ვიღაცა ხელმეორედ აცხადებს: ფრენა ოთხი საათით გადაიდო. უკან მოვრბივარ და კისერზე გეკიდები _ კიდევ ცოტა ხანს ვიქნებით ერთად!

რესტორანი გადაჭედილია, მაგრამ ერთმა ოფიციანტმა გიცნო და სამი ადგილი როგორღაც გამოგვინახა.

წითურის საცოდაობამ გული დამითუთქა _ მისი ცოლი სამშობიარო ბლოკშია. მე და შენ ეგოისტები ვართ, როგორც ყველა შეყვარებული _ მხოლოდ ერთმანეთს ველაპარაკებით, არავის ვაქცევთ ყურადღებას. შენ მეუბნები, რომ რაც შეიძლება, მალე უნდა დავბრუნდე უკან. გპირდები, რომ პირველი შესაძლებლობისთანავე ჩამოვალ, როგორც ტურისტი. მთავარია, ჯერ ბავშვების პრობლემა მოვაგვარო, სამსახურს, ბოლოს და ბოლოს, ცოტა ხნით შევეშვები, ისედაც ძალიან ვიღლები. მოსკოვში რამდენიმე თვე დასვენება კარგიც კი იქნება ჩემთვის. მხოლოდ ერთი რამ მადარდებს _ რომ შენ არ შეგიძლია ქალაქის დატოვება. სიგიჟემდე მიყვარს მთები. ერთ-ერთ შენს ცნობილ სიმღერაში გაქვს ისინი ნახსენები. ახლა ეს სიმღერა მთამსვლელების ჰიმნადაა ქცეული. მაგრამ შენ თეატრი გაკავებს, ყოველ საღამოს სპექტაკლი გაქვს. ეს კი ნიშნავს _ მშვიდობით, მთებო!

ამ ოცნებებმა ცოტა ხნით გაგვართო და როცა კვლავ გამოაცხადეს ჩასხდომა, აღელვებულები ვემშვიდობებით ერთმანეთს, ამჯერად _ ცრემლების გარეშე. განსაკუთრებით წითურია კმაყოფილი. უკვე გასასვლელთან ვარ, როცა მიკროფონში აცხადებენ, რომ თვითმფრინავს ფრთები მოეყინა და სანამ კომპრესორით გაადნობენ, კვლავ უნდა დაველოდოთ.

რეისი განუსაზღვრელი დროით გადაიდო…

დაბინდდა. ქარბუქი გაძლიერდა. შენი სიმღერების თაყვანისმცემელ სტიუარდესას განმარტოებულ კუთხეში მივყავართ სამივე, სადაც სიგარეტს სიგარეტზე ვეწევით. წითური წარამარა გადის დასარეკად და ყოველ ჯერზე ცხვირჩამოშვებული ბრუნდება: «ჯერ არაფერია». მერე კვლავ გადის. ჩვენ უკვე ვბოდავთ. შენ ითხოვ, მოსკოვში გადმოვიდე საცხოვრებლად, რომ ცოლად გამოგყვე, თან ბავშვებიც წამოვიყვანო. მე თანახმა ვარ, შენი გადაწყვეტილება ძალას მმატებს _ რა თქმა უნდა, შემიძლია ყველაფერი მივატოვო, ბავშვებთან ერთად დედაშენთან ვიცხოვრო, რა თქმა უნდა, ვიშოვი სამსახურს, ვიქნებით ერთად ბედნიერები. ჩვენ აუცილებლად ყველაფერი გამოგვივა _ სიყვარული ხომ სხვა ყველაფერზე ძლიერია.

წითური უკეთეს ხასიათზე ბრუნდება. ახლა მას სურს, თავის ოჯახზე გვესაუბროს, შვილზე, რომელიც შეეძინა _ რა ბედნიერებაა, რა შესანიშნავი რამეა შვილი!

ჩვენ ვუსმენთ მას. კიდევ კარგი, დროზე გამოჩნდა, თორემ ბედნიერების მეცხრე ცაზე ვიყავით უკვე და არც გვიფიქრია, როგორი საშიშია ასეთი სიმაღლიდან ჩამოვარდნა. მე სამი შვილი და დედა მყავს, მაქვს დიდი სახლი. ბევრს ვმუშაობ და კარგადაც გამოვიმუშავებ. მიყვარს ჩემი პროფესია და საქმე, რომელსაც 10 წელია, ვაკეთებ. ერთი სიტყვით, ცუდად არ ვცხოვრობ. შენ ორი შვილი გყავს და ყოფილი ცოლი, რომელსაც ეხმარები. მას დედაშენის სახლში 9 კვმ ფართის ოთახი აქვს გამოყოფილი. შენი ხელფასი 150 მანეთია თვეში, რომლითაც, უკეთეს შემთხვევაში, ორი წყვილი «ბათინკის» ყიდვა შეიძლება. მუშაობ კატორღულად, გიყვარს შენი სამუშაო, არ შეგიძლია საზღვარგარეთ გამგზავრება. ორივეს ცხოვრება რომ გავაერთიანოთ, უბრალო ცხოვრება არ გამოგვივა!

წითური გახარებულია _ მას ქალიშვილი შეეძინა, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, დალევაც კი შეიძლება ახლა!

თბილ შამპანურს ვუჭახუნებთ ერთმანეთს. მე და შენ დავიღალეთ, გავწამდით, თითქმის გავუცხოვდით და როცა საბოლოოდ აცხადებენ ჩასხდომას, რაღაცნაირი შვებითაც კი ვეთხოვებით ერთმანეთს. ქარბუქმა ჩვენს სულებშიც შეაღწია, აუხდენელი ოცნებებით და ფუჭი იმედებით აგვაფორიაქა.

8 8 8

როგორც კი ჩემთან, მეზონ-ლაფიტზე აღმოვჩნდი, ტელეფონი რეკავს. ეს შენ ხარ. მთელი ეს დრო ფოსტაში გაატარე, ელოდებოდი, როდის დაგაკავშირებდნენ პარიზს. თან ლექსი დაწერე და იმას მიკითხავ…

ყოველ საღამოს სანთლები მინათებს
შენზე ვეჩურჩულები ნიავს…
არ მინდა, ვიცოდე, დრო რომ მკურნალია,
რომ დროს ყველაფერი მიაქვს…
დაე, გამინათოს საღამო სანთლებმა,
მე კვლავ ვუჩურჩულებ ნიავს,
ოღონდ არ მითხრა, დრო მკურნალია,
რომ დროს ყველაფერი მიაქვს…

შეკვეთილი წუთები მთავრდება და დამშვიდობების ნაცვლად ყვირი: «მალე დაბრუნდი! უშენოდ არ ვიცი, რა სისულელეს ჩავიდენ!»

მაშინვე ვიწყებ საბაბის ძებნას, როგორმე ვიზა მოვიპოვო. ერთადერთ საპატიო მიზეზად მაინც ჩემი სამუშაო მეჩვენება. როგორც იქნა, «მოსფილმის» ერთ რეჟისორთან გამომდის მოლაპარაკება, მიმიწვიოს სასინჯ გადაღებებზე. მაგრამ არც ისე ადვილია ამის გაკეთება, მოსკოვთან კავშირი ცოტა კაპრიზული საქმეა. ჩემი შესაძლო მონაწილეობა ფილმში სსრ კავშირის კულტურის სამინისტრომ უნდა გააკონტროლოს, ამიტომაც ყველაფერზე მინისტრმა უნდა გასცეს თანხმობა.

შედარებით იოლ გზას ვპოულობ. ტურისტული მოგზაურობის ფარგლებში, ჩემი ხარჯით, ვითხოვ ვიზის გაგრძელებას, რათა მომავალი ფილმის სცენარს დაწვრილებით გავეცნო. ეს მცირე ეშმაკობა ორჯერ გამომივა. ძალიან მალე კი გავიგებ, რომ საკმარისია ტურისტული საგზურის ყიდვა, სასტუმროს ხარჯის გადახდა, რომელშიც არ ვიცხოვრებ, კვების თანხის გადახდა, რომელსაც არ შევჭამ და მექნება შესაძლებლობა, ჩამოვიდე და რამდენიმე დღე გავატარო შენთან ერთად. სწორედ იმ ხანებში ვიგებ იმასაც, რომ ჩემს წარამარა სირბილს მოსკოვსა და პარიზს შორის კეთილგანწყობით უყურებენ ისევე, როგორც ჩვენს ურთიერთობას. და ეს ყველაფერი იმის წყალობაა, რომ მე საფრანგეთის კომუნისტური პარტიის წევრი ვარ.

ერთ ჩემს რუსი წარმოშობის ფრანგ მეგობარ ქალბატონს არ ჰქონდა მსგავსი პრივილეგიები. მას ქართველი მხატვარი შეუყვარდა და უნდოდა, ცოლად გაჰყოლოდა. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ იგი საფრანგეთის საელჩოში მუშაობდა, მიუხედავად მრავალრიცხოვანი ოფიციალური წერილებისა თუ თხოვნისა, ძალიან დიდხანს არ დართეს დაქორწინების ნება. მაშინაც კი, როცა ამის უფლება მისცეს, იძულებული გახადეს, უკან, საფრანგეთში დაბრუნებულიყო და შემდეგ კვლავ თავიდან გაუხდა ვიზა გასაკეთებელი, რათა ქმარი ენახა.

მოსკოვის ვიზების გამცემი ყოვლისშემძლე ორგანიზაცია ჩემთვის, ფაქტობრივად, მეორე სახლი ხდება. აქ ერთ-ერთ მაღალჩინოსანთან მიწევს შეხვედრა, რომელიც უყოყმანოდ მეხმარება.

დღევანდელ დღეს სიტუაცია მარტივია. მე ინტურისტი ვარ, ორკვირიანი ვიზა მომცეს, რომლის გაგრძელება შემიძლია, თუკი მოვისურვებ, მაგრამ აუცილებლად სასტუმროში უნდა ვიცხოვრო. თუ მინდა, მეგობრებთან დავრჩე საცხოვრებლად ან ახლობელთან, მოწვევა უნდა მივიღო და მასთან ერთად _ თანხმობა, გამგზავრების და უკან დაბრუნების თარიღებით. მაგრამ ჩემი სამუშაო ისეთია, არასდროს ვიცი, უკან ზუსტად როდის მომიწევს დაბრუნება. ხანდახან მხოლოდ 3-4 დღე მაქვს თავისუფალი. ამიტომ მინდა, წელიწადში რამდენჯერმე ჩამოვიდე. ასეთი შემთხვევები ხშირად არ ხდება, ამიტომ სიტუაციის ასახსნელად უფროსთან მიწევს შესვლა. ვუყვები მას ჩემს ცხოვრებაზე _ ბავშვებზე, დედაზე, ჩემს გრძნობებზე, შენზე და ვგრძნობ, როგორ მასხამს ოფლი. ამ ადამიანს ერთ საათში იმაზე მეტი მოვუყევი, ვიდრე ჩემს ყველაზე ახლო მეგობრებს მთელი ცხოვრების განმავლობაში.

შედეგი მოულოდნელია.

_ რატომ ჩვენთან არ გადმოხვალთ საცხოვრებლად? _ მეკითხება უფროსი რაღაცნაირი ღიმილით.

მე კვლავ ვიწყებ ახსნას, რომ მაქვს სამსახური, რომელსაც ვერ მივატოვებ, რომ მოვალეობა არ მაძლევს საშუალებას, აქ გადმოვიდე საცხოვრებლად…

ვგრძნობ, რაც მეტს ვლაპარაკობ, უფრო მეცლება ძალა და უსუსური ვხდები…

და უარით გამომისტუმრეს. მხოლოდ კეთილგანწყობა და ორაზროვანი «ნახვამდის» გამომაყოლეს თან. სიმართლე რომ ვთქვა, კატეგორიული უარი ჩემთვის აქამდე არც ერთხელ არ უთქვამთ. ეს პირველი შემთხვევაა.

წლების განმავლობაში სხვადასხვა კატეგორიის სტატუსით ვსტუმრობ მოსკოვს: ტურისტი, სტუმარი მოწვევით, დროებით მცხოვრები, ჩაუწერელი მეუღლე, მეუღლე არამყარი საცხოვრებელი ადგილით, შემდეგ _ მყარი საცხოვრებელი ადგილით. ერთადერთი სტატუსი, რომელზეც უარი ვთქვი, არის «მეუღლე მუდმივი ჩაწერით» _ ამ შემთხვევაში უკან, საფრანგეთში დაბრუნება გამიძნელდება.

8 8 8

ივნისის ერთ მშვენიერ დილას ჩამოვდივარ მოსკოვში ჩემოდნებით, რომელიც სავსეა ტანსაცმლით, თეთრეულით, ფირფიტებით, წიგნებით, სხვადასხვა პროდუქტით, იტალიური მაკარონითაც კი, ყავით, ზეითუნის ზეთით და, რა თქმა უნდა, წამლებით.

ყველა მეგობარს რაღაც სჭირდება: ანტიბიოტიკები, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები, სიმსივნის საწინააღმდეგო წამლები და სხვა. გარდა ამისა, ნათესავებისთვის, ახლობლებისთვის, სტუდიის თანამშრომლებისთვის საჩუქრები ჩამომაქვს. ყოველი შეხვედრა დღესასწაულს ემსგავსება. გაოგნებული ვარ! როგორი ბედნიერები არიან ადამიანები, როცა საჩუქრად ფრანგულ მაისურს, ფირფიტას ან წამალს იღებენ.

ჩვენი ცხოვრება ნელ-ნელა ლაგდება. ჩემი ხელით გკრეჭ თმას, რომლის გაზრდაც თავად გთხოვე. თავს იწონებ მოდური ტანსაცმლით, ახალთახალი ჩექმით, დღეში სამჯერ იცვლი ქურთუკს, რაც უდიდეს სიამოვნებას განიჭებს. ყველას, ვინც ჩვენთან სტუმრად მოდის, ეუბნები, შეეხე, ნახე, რა რბილი ტყავია, მუჭში მოიმწყვდევო.

რაც მთავარია, მუსიკით ტკბები. ფირფიტების მოსასმენად ფირსაკრავი ჩამომაქვს პარიზიდან. დაუსრულებლად ვუსმენთ «პორგის და ბესს». არმსტრონგისა და ელა ფიცჯერალდის სიმღერებს ყვირილამდე მიჰყავხარ…

მე არ ვმუშაობ. ჩვენ სულ ერთად ვართ. დავდივარ შენს სპექტაკლებზე, კონცერტებზე, პუბლიკა აღფრთოვანებულია. შენი წარმატებები უფრო და უფრო მაინტრიგებს: სცენიდან არ გიშვებენ, წერილები ცვივა იატაკზე, ხელმეორედ გთხოვენ ამა თუ იმ სიმღერის შესრულებას. ყოველ საღამოს შინ ყვავილების უამრავი თაიგულით ვბრუნდებით…

ერთ საღამოს ქუჩაში მივსეირნობთ. ცხელა, ყველა ფანჯარა ღიაა ირგვლივ და ყოველი მათგანიდან შენი ხმა მოისმის, ჩახრინწული და გამორჩეული ტემბრის. მიჭირს ამის დაჯერება, მაგრამ ფაქტია, რომ ასეა. ჩემ გვერდით მოდიხარ და გეღიმება. ახლა მეც ვრწმუნდები, როგორ უყვარხარ ყველას, ისინი შენს სიმღერებს უსმენენ. მე ამაყი ვარ და ბედნიერი…

თუმცა, ერთხელაც სწორედ ეს სიამაყე მიგვიყვანს ტრაგედიამდე…

8 8 8

ფესტივალი დაიწყო. ჩემი დები კარგა ხანია, მოსკოვში გამოემგზავრნენ. საღამოს ჩვენ ერთად მივდივართ ჩემს მეგობარ ელოჩკასთან.

მას, ოსიპ აბდულოვის ქვრივს, ცენტრში კარგი ბინა აქვს. მიხარია, რომ ვნახავ. ჩემმა დებმა ჩამოსვლისას მხოლოდ თვალი მოგკრეს, ახლა კი, როგორც წესი და რიგია, ისე გაგიცნობენ.

დღისით ფესტივალზე მოწვეული სტუმრებისთვის მიღება იმართება.

ყველა დელეგაცია სასტუმრო «მოსკოვში» იკრიბება, იქიდან კი ავტობუსებით ყველას სასახლეში მიიყვანენ. ზღვა ხალხია ჩამოსული, მაგრამ ყველაფერი საოცრადაა ორგანიზებული, ატმოსფერო მხიარული, ჩვენ ყველანი დიდი ხანია, ერთმანეთს ვიცნობთ, ამიტომაც ასეთი შეხვედრები კინოშემოქმედთათვის ყოველთვის მღელვარე ემოციებს იწვევს.

ხელიხელჩაკიდებული სასტუმროს მივუახლოვდით. ჩემს მეგობრებს გაცნობ _ ფრანგებს, იტალიელებს, ერთ იაპონელსაც კი, რომელთანაც რამდენიმე წლის წინ ტოკიოში ვმუშაობდი და ყველანი ვცდილობთ, სხვადასხვა ენაზე გავუგოთ ერთმანეთს.

ავტობუსში ავდივარ, შენ უკან მომყვები. დაჯდომას ვერ ვასწრებ, რომ ხმამაღალი ლაპარაკი მესმის, უხეში. ვიღაც ტიპი, რომელსაც მოსაწვევების შემოწმება ევალება, შენიშვნას გაძლევს და ავტობუსიდან გაძევებს. მე მასთან მივრბივარ, ვცდილობ, ავუხსნა, მაგრამ შენ თვალებით მანიშნებ, გავჩერდე. გაფითრებული ხარ. დამცირება, რომელიც ასე ხშირად გხვდება ცხოვრებაში, ამწუთას გაუსაძლისია. არ გინდა, ვიღაც უცხოელმა ტალახში ამოგსვაროს, მაგრამ თავს ზევით ძალა არაა. ხელებს შლი და მანიშნებ, რომ ჩხუბს აზრი არა აქვს. კარები იკეტება, ავტობუსი დაიძრა. ფანჯრიდან გხედავ. ტროტუარზე დგახარ _ პატარა, შეურაცხყოფილი კაცი _ როგორც ჩარლი ჩაპლინი და გაბრაზებული ფეხებით თელავ ასფალტზე მიმოყრილ მოსაწვევ ბარათებს.

8 8 8

როგორც უცხოელი მსახიობი, ვალდებული ვარ, მიღების ოფიციალურ ნაწილს ბოლომდე დავესწრო, მაგრამ პირველი შესაძლებლობისთანავე გავუჩინარდი და და პირდაპირ ელოჩკასკენ გავეშურე. ჩემი დები უკვე იქ არიან. როგორც ეს მოსკოვში ჩვევიათ, ავტობუსში მომხდარი სკანდალი უკვე ყველამ იცის. ყველა მამშვიდებს და მირჩევს, ამას დიდი მნიშვნელობა არ მივანიჭო.

შენ არ ჩანხარ და მე ყველაზე საშინელ რამეს ვვარაუდობ.

ღამის პირველ საათზე კარი იღება, არეული ნაბიჯებით შემოდიხარ, მაცდუნებელი ღიმილით და დივანზე ეხეთქები უგონოდ მთვრალი.

მიუხედავად უხერხული სიტუაციისა, წვეულება გრძელდება. ჩემი დები მოსკოვით აღფრთოვანებულები არიან. მეც ვმშვიდდები. მუსიკა, სიცილი, გემრიელი კერძები, სავსე ფუჟერები… შენ ჩემ გვერდით ზიხარ და იღიმი, თუმცა ოდნავ ნაძალადევად. გულში ვფიქრობ: რა ყოჩაღი მყავხარ, თავის დაჭერა რომ შეგიძლია.

მხიარულება გრძელდება…

ცოტა ხნის შემდეგ, სააბაზანოსთან გავლისას, კვნესის ხმა მესმის. ნიჟარასთან ხარ დახრილი, გული გერევა. შიშისგან მაცახცახებს: პირიდან სისხლი გდის, შხეფები აქეთ-იქით ისხმება. სპაზმი კი გაგივლის, მაგრამ ძლივს დგახარ ფეხზე, ამიტომ გეხმარები, ხელზე მეყრდნობი და ტახტისკენ მიმყავხარ.

ერთი სტუმრის რჩევით, ექიმს ვურეკავთ, მსახიობების ახლობელს, სოლიდურ ადამიანს. თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, მას თურმე არაფერი ესმის მედიცინის. ის რაღაც წვეთებს გამოგიწერს. როგორც იქნა, მიწყნარდა სიტუაცია. სტუმრები დაიშალნენ. ჩემი დებიც ნერვიულობენ, ელოდებიან, როდის დავურეკავ მათ სასტუმროში. აინტერესებთ, როგორ იქნები.

ოთხნი დავრჩით _ მე, შენ, ელოჩკა და სევა. სისხლმა თითქმის მთელი ტაშტი გაავსო, რომელიც საწოლთან გიდგას. თვალები ღია გაქვს, მზერით დახმარებას მთხოვ. ვითხოვ, სასწრაფო დახმარება გამოიძახონ, რადგან მაჯა არ გესინჯება, მე კი პანიკური შიში მიპყრობს…

ორი ექიმი და ექთანი მოდის. ორივენი ხელებს ასავსავებენ _ უკვე ძალიან დაგვიანებულია, დიდია მისი საავადმყოფოში გადაყვანის რისკი, გზაში მოკვდება _ ასეთია დიაგნოზი.

ჩემი მეგობრების სახის გამომეტყველებით ვხვდები, რომ განაჩენი გამოტანილია და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. გიჟს ვემსგავსები, კარის ზღურბლთან ვდგები და მთელი ხმით ვყვირი, თუ ახლავე საავადმყოფოში არ წაგიყვანენ, საერთაშორისო სკანდალს მოვაწყობ!

შეცბუნებული ექიმები ვერ მეწინააღმდეგებიან, თანაც, უკვე იციან, რომ მომაკვდავი _ ეს ვისოცკია, ხოლო თმაგაწეწილი და «ისტერიჩკა» ქალი _ მისი ცოლი, ფრანგი მსახიობი.

ცოტაოდენი ბჭობის შემდეგ, თბილ პლედში გახვეულს გაგიყვანენ ბინიდან. მიუხედავად მათი პროტესტისა, სასწრაფო დახმარების მანქანაში მეც ვჯდები. სასოწარკვეთილება ძალას მმატებს.

სასწრაფოთი საავადმყოფში პაციენტის მიყვანა მოსკოვშიც ისეა, როგორც მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში _ კარი ავტომატურად შენს ცხვირწინ იხურება და მორჩა! იმის იქით რა ხდება, არავინ გეტყვის.

ღამის 3 საათია. დერეფანში წამლების მძაფრი სუნი ტრიალებს. რამდენიმე ადამიანს იქვე სკამებზე ჩამოსძინებია.

კარის ღრიჭოში ვიჭყიტები. ღია მწვანე ფორმაში გამოწყობილი ექიმები აქეთ-იქით დარბიან. საოპერაციოს მცირე ნაწილს ვხედავ, იქ შეუსვენებლად დადიან ვიღაცები. ისინი შენ დაგტრიალებენ თავს, ჯერ კიდევ არის გადარჩენის იმედი.

საკაცით ახალგაზრდა ქალის უსიცოცხლო სხეული ჩაატარეს. ასეთი რამეები უარესად მოქმედებს ჩემზე.

გადის რამდენიმე საათი. კარს არ ვშორდები. მეგობრებმა მომიტანეს გრძელი შალი, საჭმელი, სიგარეტი…

დერეფანში ნაცნობებიც გავიჩინე. ერთი ბიჭის მშობლები, რომელიც მრავლობითი დამწვრობით მოიყვანეს. კიდევ _ იმ ქალის დედა, წეღან რომ საკაცით ჩაატარეს. თურმე ეჭვიანმა საქმრომ მეცხრე სართულიდან გადმოაგდო. აქვეა მოხუცი ქალი, რომლის ქმარსაც მატარებელი დაეჯახა. ჩვენ ყველას უბედურება გვაერთიანებს.

აღარ არსებობს უცხოელი მსახიობი. ამწუთას ჩვეულებრივი ქალი ვარ, არაფრით განსხვავებული სხვებისგან, რომელიც სუნთქვაშეკრული ელოდება ქმრის გამოჯანმრთელების ამბავს. წარამარა კართან მივდივარ, ღრიჭოში ვიყურები. ექიმების დაღლილ სახეებს ვხედავ.

უსასრულოდ გრძელი დღე, როგორც იქნა მიიწურა. რამდენჯერმე ვცადე ექიმებთან დალაპარაკება, რათა შენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რამე შევიტყო. ისინი ჯიუტად დუმან. უნდა ველოდოთ _ ასეთია პასუხი.

16 საათი გავიდა. გვიანი საღამოა. ერთმა ექიმმა, ულვაშიანმა, შიგნით შესვლის ნება დამრთო. თავზარდაცემული ვჩერდები _ საშინელ ოთახში მოვხვდი, ირგვლივ სისხლიანი ჩვრები ყრია, ცარიელი ამპულები, ტამპონები… იქვე განათებული დარბაზია, სადაც რამდენიმე შიშველი ადამიანი წევს, პირში გაჩრილი რეზინის მილებით. მათ შორის შენც ხარ, უმწეო და ფერმიხდილი. შენი ხროტინის ხმა ჩემამდე აღწევს. ექიმი მამშვიდებს.

_ ურთულესი მდგომარეობა ჰქონდა. ძალიან ბევრი სისხლი დაკარგა. რამდენიმე წუთით გვიან რომ მოგეყვანათ, ვერ გადავარჩენდით. ახლა ყველაფერი რიგზეა.

ვუსმენ მას და თვალს არ გაშორებ. მეუბნებიან, რომ ყელში მილი გაგისკდა და რომ შენთვის დღეიდან წვეთის დალევა არ შეიძლება, რომ ხანგრძლივი დასვენება გჭირდება. დანარჩენი ექიმები _ ოთხი მამაკაცი და ერთი ქალი მილოცავენ შენს გადარჩენას. ამბობენ, რომ ბედნიერები არიან, რადგან ეს შეძლეს. უხარიათ, რომ მეც გამიცნეს, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ სიტუაციაში მოხდა ჩვენი გაცნობა. მაშინვე შემიყვარდა ეს ადამიანები.

უცნაური პროფესიაა ექიმობა. წამის წინ ადამიანი გაჭრეს, გაკერეს და მეორე წუთს ანეკდოტებს ყვებიან, იცინიან, ეწევიან სიგარეტს და ხანდახან სვამენ კიდეც ცოტაოდენ სპირტს, ალბათ მხნეობის მოსამატებლად.

პატარა ოთახში შემიპატიჟეს. სკამზე ვჯდები. აქედან შენი დანახვა შემიძლია. გამუდმებით ვიღაც ახალი შემოჰყავთ _ განწირული ან იღბლიანი, სწრაფად ხდიან ტანსაცმელს, ჭრიან, კერავენ, ნემსს უკეთებენ, ან გადასხმებს, ან გადახვევებს. მე კი შენ გიყურებ.

შენ სუნთქავ! შენ ცოცხალი ხარ!

იგორმა, ვერამ, ვადიმმა, ტოლიამ და ლიონიამ კარგად იმუშავეს. მათი მადლიერი იქნები სიცოცხლის ბოლომდე.

8 8 8

ყოველდღე მოვდივარ. შენთვის საჭმელი მომაქვს. უნდა ჭამო, რომ ცოტა მოღონიერდე. გაძალებ ბულიონს, ბივშტექსებს, ხილს და ბოსტნეულს. როგორც იქნა, გაგივარდისფრდა ლოყები.

პალატაში, სადაც შენ წევხარ, მხოლოდ ყელის პრობლემით დაავადებული პაციენტები წვანან. მაგრამ სულაც არ არის ცუდი ატმოსფერო. ხანშიშესული მომვლელები საყვედურს გეუბნებიან, როცა ჩუმად ეწევი, სხვა დროს კი გეფერებიან და თავს გევლებიან. მათ ძალიან უყვარხარ. აქ ყველასთვის საყვარელი ადამიანი ხარ, გამორჩეული. ჯერ კიდევ სუსტად ხარ, მაგრამ მთხოვ, გიტარა, რვეული და კალამი მოგიტანო.

მღერი დაბალ ხმაზე, ქმნი სასაცილო სიმღერებს პალატის მეზობლებზე, წერ ლექსებს… აქაურობა საკონცერტო დარბაზს ემსგავსება…

უზარმაზარი პალატის კუთხეში მოღუშულსახიანი მამაკაცი წევს. ის საერთო მხიარულებაში არასდროს ერთვება. მას ყელი აქვს დამწვარი, მჟავა არაყში აერია და დალია. რამდენჯერმე გაუკეთეს ოპერაცია, გადანერგვაც სცადეს, მაგრამ უკეთესობა არ ეტყობა. იგი უკვე რამდენიმე წელია, აქ არის. თვალები მხოლოდ მაშინ უბრწყინდება, როცა ექვსი წლის უზბეკ გოგონას ხედავს, შავთვალებას და ნაწნავებიანს. ისიც მასავით იტანჯება _ ყელი აქვს გამომწვარი, რაღაც საშინელი სითხე დალია და აი, 3 წელია, ისიც აქ წევს, ოღონდ სხვა პალატაში. ისინი მეგობრობენ. გოგონა ამ კაცის ერთადერთი მეგობარია.

უზბეკი გოგონა ყოველდღე შემოდის მის სანახავად და საათობით ზის მის საწოლთან. ისინი რაღაცაზე ჩურჩულებენ, იცინიან, გოგონა გაპარსულ ლოყებზე ეფერება კაცს.

როცა შენ მღერი, თავით ფეხებამდე გათვალიერებს. მის თვალებში ცნობისმოყვარეობა იგრძნობა. მას მოსწონს შენი ნამღერი. შეიძლება შენც გახდე მისი მეგობარი.

ერთხელ ამ პირქუშ კაცთან ვიღაც ნაცნობი მოდის. ეტყობა, რომ ლოთია. მოაქვს ბოთლი, პორტვეინით სავსე და ბალიშის ქვეშ მალავს. როგორც კი მომვლელები გავლენ, კაცი გამოაძვრენს ბოთლს, მოიყუდებს და სვამს… შეუსვენებლად, თვალის დახამხამებაში…

ეფექტი მომენტალურია. ის იწყებს ხარხარს, იხდის ტანსაცმელს, საწოლიდან დგება და ფეხშიშველი ცეკვას იწყებს. თავიდან ჩვენც ვიცინით, მაგრამ მალე ვხვდებით, რომ უკვე აღარაფერია სასაცილო. კაცი ხელების ქნევით იშორებს თავიდან მომვლელ ქალებს, არავის უჯერებს და ცეკვას და ხარხარს განაგრძობს. უკვე შეშლილს ემსგავსება. ყველა შეშინებულია.

მოულოდნელად იღება კარი და უზბეკი გოგონა შემოდის. ის მშვიდად მიდის სახეარეულ კაცთან, ხელს ჩაჰკიდებს, იატაკიდან მის პიჟამას იღებს და მთვრალი მეგობარი საწოლამდე მიჰყავს, თან რაღაცას ეჩურჩულება. დააწვენს საწოლზე, თვითონ ჩაიმუხლებს და თავს მკერდზე დაადებს უკვე დამშვიდებულ მამაკაცს… ცოტა ხანში პაციენტი იძინებს.

გოგონა დგება, დამნაშავის მზერით ჩვენ გადმოგვხედავს და პალატიდან უხმოდ გადის.

8 8 8

შენი გამოჯანმრთელების პროცესი ბელორუსიაში გრძელდება. ერთ შენს მეგობარს, რეჟისორ ვიტია ტუროვს, რომლის ფილმშიც პარტიზანის როლი ითამაშე, სადღაც სოფელში მივყავართ. ეს ერთადერთი სოფელია, რომელიც ომს გადაურჩა.

ჩვენი დიასახლისი საყვარელი მოხუცი ქალია. პატარა ქოხში ვცხოვრობთ, მაგრამ სამაგიეროდ ჰაერია არაჩვეულებრივი, სუფთა და მშრალი. გვაქვს ბოსტანი, ეზოში დააბოტებს თხა, რომელიც იწველება. ყოველ დილა-საღამოს მისი რძით იკვებები. მთელ დღეებს სეირნობაში ვაღამებთ. ვიტიამ დაგვათვალიერებინა სოფელი, რომლის შემოგარენში მეოთხედი საუკუნის წინ საშინელი ბრძოლები მიმდინარეობდა. აქ საოცარი ბუნებაა. ყოველი ფეხის ნაბიჯზე ტბებია, რომელსაც გარშემო ბორცვები არტყია. შემოდგომის დასაწყისია, ირგვლივ ყველაფერი ოქროსფრად ბრწყინავს. ჯერ კიდევ თბილა.

საღამოობით ჩვენი მასპინძელი ლამპას აგვინთებს და მაგიდასთან ვსხდებით. ნავთის სუნი იგრძნობა ქოხში. მოხუცი ქალი თავის წარსულს იხსენებს, ომის დღეებს…

44-ში სოფელში მხოლოდ 9 ქალი დარჩა, 15-დან 45 წლამდე, რამდენიმე მოხუცი და 5 მცირეწლოვანი ბავშვი. მამაკაცები ფრონტზე გაიწვიეს, ასაკის განურჩევლად. გერმანელები უკან იხევენ _ მეხივით გავარდა ხმა. სოფელი რაღაც სასწაულად გადაურჩა დანგრევას, მაგრამ საშინელი წინათგრძნობა აქვთ აქ დარჩენილებს _ მათი კაცებიდან არც ერთი აღარაა ცოცხალი. რამდენიმე შეტყობინება უკვე მოვიდა _ «დაიღუპა გმირულად», «დაიღუპა სამშობლოსთვის». პარტიზანებს შემაძრწუნებელი ამბები მოაქვთ _ მეზობელ სოფლებში ყველა ამოხოცეს, გაუკაცრიელებულია იქაურობა.

შემდეგ საბჭოთა ჯარისკაცები შემოდიან სოფელში. ქალები მათთვის აბანოს ახურებენ. ყველას მოაქვს თეთრეული, რათა ჯარისკაცებმა დაბანის შემდეგ გამოცვლა შეძლონ. ბოლოს მკვდრებივით დაეყრებიან დაღლილები და იძინებენ. მათი კაპიტანი ახალგაზრდაა, 25 წლის. ერთი ქალი მიდის მასთან და ეუბნება.

_ ალბათ ძალიან გაგაკვირვებს, რასაც ახლა გთხოვთ აქაური ქალები.

კაპიტანს თვალები უფართოვდება.

_ ჩვენი კაცები ბრძოლაში დაიღუპნენ. იმისთვის, რომ ცხოვრება გაგრძელდეს, ჩვენ შვილები გვჭირდება. გვაჩუქეთ სიცოცხლე!

რამდენიმე წუთი მოხუცი ქალი ხმას არ იღებს. ბოლოს კვლავ აგრძელებს.

_ ჩემ გვერდით ქოხში ერთი ტრაქტორისტი ცხოვრობს. აზიელია, როგორც მამამისი. ფოსტალიონი რომ გვყავს, სომეხია, თავის სომეხ წინაპრებს ჰგავს, კოლმეურნეობის მზარეული კი ციმბირელია…

მე უხმოდ ვტირი. მოხუცის მონათხრობი ნებისმიერ ოფიციალურ პროპაგანდაზე უკეთ მაგრძნობინებს, რა საშინელება იყო სამამულო ომი.

დასაძინებლად მივდივართ საბძელში. ლეიბის მაგივრობას ფაფუკი თივა გვიწევს. იქვე, შემოღობილში, ღორების ღრუტუნი ისმის, რასაც ქანდარაზე შეყუჟული ქათმები კრიახით აპროტესტებენ.

მთელი ღამე ლექსებს თხზავ… ზეპირად, ხმამაღლა. სტროფები ერთიმეორის მიყოლებით იბადებიან. იქმნება მელოდიაც. როგორც ბავშვობაში, რიტმს ხელების ტყაპუნით აყოლებ.

სწორედ ამ სოფელში გატარებულ ღამეებში შეიქმნა ომის თემაზე დაწერილი შენი ლექსების და სიმღერების ციკლი.

არ გიყვარს ისტორიები ომზე, მაგრამ ისინი ყველა საბჭოთა მოქალაქის, მათ შორის შენი, კულტურის ნაწილია. შენს კონცერტებზე ორდენებასხმული ვეტერანები ტირიან, ხოლო ახალგაზრდები ჩაფიქრებულები გისმენენ. შენი სიმღერები უფრო ბევრს აკეთებს მშვიდობისა და დაღუპულთა ხსოვნისათვის, ვიდრე ფილმები, დოკუმენტები, ქანდაკებები თუ ოფიციალური სიტყვები, ერთად აღებული. ისინი ბევრად ემოციური და სულში ჩამწვდომია. 1938 წელს დაიბადე, ამიტომ ომში არ ყოფილხარ, არ გიბრძოლია. სამაგიეროდ, მაშინ პატარა «გმირობა» მაინც ჩაიდინე, როცა ყველას გასაგონად ყვიროდი, სახურავზე ბომბი ჩამოვარდა და მეხანძრეები გამოიძახეთო.

მეორე ბავშვური მოგონება უფრო სასაცილოა. როცა გერმანელები მოსკოვს მოადგნენ, შენ დედასთან ერთად ზურგში გაგგზავნეს.

ცხოვრობდით ერთ დიდ სოფელში, სადაც ჭარხლისგან სპირტს ხდიდნენ, ტანკებისა და თვითმფრინავების საწვავის მოსამზადებლად. ჭარხლის გამონაწურს საქონელს აჭმევდნენ. ერთხელაც ერთმა მუშა ქალმა ვერ შეამჩნია, როგორ გადმოიღვარა სპირტი და საქონლის საკვებში როგორ ჩაიღვარა. ცხოველებმა და ფრინველებმა სპირტგარეული საკვები შეჭამეს და ყველანი დათვრნენ. დათვრნენ და სოფელში ნამდვილი ვაკხანალია მოაწყვეს. ძროხები ერთმანეთს დასდევდნენ, ცხენები ბოსტნიდან ბაღებში დაჭენაობდნენ, ღორები მიწაზე გორაობდნენ, ხოლო ქათმები, იხვები და ბატები აფრენას ცდილობდნენ.

ქალები და ბავშვები დარბოდნენ სოფელში და არ იცოდნენ, როგორ დაეწყნარებინათ პირუტყვი. თუმცა, მათ მალე თვითონვე მოუარეს თავიანთ თავს _ ჩაეძინათ. ცოტა ხანში მთელი სოფელი მძინარე სამეფოს დაემსგავსა. ძილში ყველანი თავისებურად «ხვრინავდნენ».

მთელი ომის განმავლობაში დედასთან იცხოვრე. გაჭირვება ერთად გამოიარეთ.

როცა შვიდი წლის გახდი, დედაშენმა გადაწყვიტა, ცოტა მამისთვის გადაელოცა შენი თავი, არცთუ მაღალი ჩინის სამხედრო მოსამსახურისთვის, რომელსაც უკვე სხვა ცოლი ჰყავდა, ჟენია, აღმოსავლური სილამაზის თბილი ქალი. ის უშვილო იყო, ამიტომაც დანახვისთანავე შეუყვარდი. მისი ერთადერთი იმედი იყავი.

თავიდან გაგიჭირდა. დედა გენატრებოდა და სულ მოწყენილი დადიოდი, მაგრამ თანდათან გამხიარულდი. დედინაცვალი პრინცივით გაცმევდა, საჭმელ-სასმელს და ტკბილეულობას არ გაკლებდა. შენც, როგორც სხვა ბავშვები, სტალინის დოგმების გარემოცვაში უნდა გაზრდილიყავი.

მამა პროვინციულ დრამწრეში თამაშობდა. სწორედ ამიტომ მომავალში იგი იტრაბახებს კიდეც, რომ მსახიობი იყო. შენ და რამდენიმე ათეული ოფიცრის შვილი თითქოს შეკრულ წრეში იმყოფებით, ყველასთან მეგობრობის უფლება არ გაქვთ. ის, რაც უამრავი რუსი ბავშვისთვის ნებადართულია, თქვენთვის თითქმის ან მთლიანად აკრძალულია. ეს აკრძალვები იმიტომ, რომ ომის პერიოდში რამდენიმე ხანს გერმანიაში მოგიწია ცხოვრებამ.

მხოლოდ შენი წრის ბავშვებთან უნდა იმეგობრო, სხვა არჩევანის უფლება არ გაქვს. არავითარი მარტო სეირნობა, შენი ყველა ნაბიჯი კონტროლდება, რომ ბავშვური სიცელქე არ ჩაიდინო, რაც «ყოველთვის ცუდად მთავრდება». და მართალიცაა. ერთხელ სხვა ბიჭებთან ერთად იარაღის საწყობს გადააწყდი და ხელყუმბარები ააფეთქეთ. სამი შენნაირი ბიჭი დაბრმავდა და მთელი ცხოვრება დასახიჩრებული დარჩა. შემთხვევით გადარჩი უვნებელი შენ, ერთადერთი. ამის შემდეგ ქუჩაში აღარ გასულხარ.

სხვებთან შედარებით, გამჭრიახი ხარ, გრძნობ, რომ აქ ვერ ხარ ისეთი თავისუფალი, როგორც გერმანიაში, სტალინის მარწუხები შენც მოგწვდა. ამ ყველაფერს გაიზრდები და შენს სიმღერებში გამოხატავ. დასახიჩრებული ხარ, მაგრამ არა ფიზიკურად, არამედ სულიერად. შენი პოეტური და ყმაწვილური ფანტაზიები, მაშინდელ დოგმებთან შეუთავსებელი, თითქოს დასამარდა. მხოლოდ «სანიმუშო ქცევით» უნდა გამოიჩინო თავი, «ხალხში გახვიდე და თავი წარმოაჩინო». არავის აინტერესებს გაღიზიანებული ბავშვი, რომელიც ვახშმის შემდეგ შუბლშეკრული მიდის დასაძინებლად. მამა თითქოს აღარაა შენი მამა. მაგრამ არსებობს დედინაცვალი _ თბილი და მოსიყვარულე ქალი. სწორედ ის გიმსუბუქებს იმდროინდელ მძიმე ყოფას თავისი მზრუნველობით. მხოლოდ იმ ქალის გამო გაიძულე, მოგენახულებინა მამა. მთელი ეს წლები ჩაგაგონებდი. მე მოვაწყვე ის შეხვედრები, მე დამყავდი მასთან. შენ მასთან სალაპარაკო არაფერი გქონდა, ამიტომ მე ვლაპარაკობდი.

მოგვიანებით მივხვდი, რომ სწორედ ამ გარემოებებმა _ დედამ, მამამ, სიტუაციამ, გარიყვამ განაპირობა, რომ 30 წლის ასაკში სმა დაიწყე.

8 8 8

ყველაფერი ამბების ან ანეკდოტების მოყოლით იწყება. შენს ნაამბობზე ყველა იცინის. მათ შორის _ მეც. ასეთია შენი სამსახიობო ხელოვნება. შეიძლება სულაც არ იყოს სასაცილო, მაგრამ ისე მოყვები, ყველა სიცილით იგუდება. მიყვარს, როცა რამეს ჰყვები. ხანდახან გთხოვ, თავიდან გაიმეორო მონათხრობი. შენც გიხარია, ამ დროს თვალები გიბრწყინავს.

მორიგი ეტაპი იწყება. მთხოვ, ვახშამი მოვამზადო და სტუმრად პატიჟებ მეგობრებს, არა ერთსა და ორს, არამედ რამდენიმეს… ბევრს. შენი სურვილია, სახლში მუდამ მხიარულება სუფევდეს. მერე მთელი საღამო თავს დაჰფოფინებ მათ, გინდა, ყველას ასიამოვნო. თვალები ხარბად გიფართოვდება, როცა უყურებ, როგორ სვამენ შენი მეგობრები არაყს. მესამე ან მეოთხე დღეს, გადაბმული სტუმრიანობის ჟამს, შენ უკვე არყის დაყნოსვას იწყებ. თითქოს დიდი გურმანი იყო. და აი, ტუჩებთანაც მიიტანე ჭიქა, თან ამბობ: «მხოლოდ გემოს გავუსინჯავ». ორივემ ვიცით, რომ პროლოგი დამთავრებულია.

იწყება ტრაგედია. მსუბუქი სიმთვრალე მხოლოდ ერთი ან ორი დღე გრძელდება. ცდილობ, დამარწმუნო, რომ შენც შეგიძლია სხვებივით დალიო, რომ ეს ლოთობა არ არის, რომ ავადმყოფი არ ხარ… და სვამ… სვამ… სვამ… ჭიქას ჭიქაზე ცლი…

სახლი ცარიელდება. სტუმრები აღარ მოდიან. ცოტა ხანში შენც ქრები.

ჩვენი თანაცხოვრების პირველ ხანებში ხშირად წამოვეგე ამ ანკესზე და ყოველთვის ერთი და იგივე კითხვა მიჩნდება.

_ მე ხომ ვხედავ და შენც გრძნობ, რომ მორიგი შეტევა გეწყება. რატომ არ დაამსხვრევ ამ ბოთლს, სანამ გვიან არ არის?

_ იმიტომ, რომ იქამდე ვთვრები, სანამ სმას დავიწყებ. იმიტომ, რომ მინდა დალევა. იმიტომ, რომ ავად ვარ. ეს ჩვეულებრივ, მაშინ ხდება, როცა შენ მოსკოვიდან მიემგზავრები, მარინა, განსაკუთრებით კი მაშინ, თუკი დიდი ხნით გადიხარ ქალაქიდან.

და იწყებ თარიღების ჩამოთვლას, იხსენებ, მართლა ასეა თუ არა. უმრავლეს შემთხვევაში მართლაც ასე ხდება.

მე კი შენს კვალს ვადგავარ ყოველთვის, როცა მოსკოვში ვარ. ყოველთვის ვიცი, სად უნდა გეძებო, თუკი შეგაგვიანდება. მეგობრები ძალიან მეხმარებიან. მათ იციან, რომ დრო ჩვენი მტერია, უნდა ვიჩქაროთ. თუ დაგვაგვიანდა, მერე ყველაფერი რთულდება.

შეიძლება ქალაქიდანაც კი გახვიდე, არავინ უწყის, სად. შეიძლება გემით გაემგზავრო ან თვითმფრინავით გადაფრინდე სადმე. მაშინ შენი მოძებნა მიჭირს.

ხანდახან შენ თვითონ ბრუნდები შინ, როგორც ეს მოხდა გაზაფხულის ერთ საღამოს.

მე შინ ვარ, ბინაში, რომელიც მოსკოვის გარეუბანში მდებარეობს და სადაც ჩვენ ქირით ვცხოვრობთ. ზამთარია, ქუჩები ტალახშია აზელილი. მაღაზიაში რომ გახვიდე, შემოვლითი გზებით უნდა იარო, რომ ფეხი არ დაგესვაროს.

ღამეა. არ მძინავს. კარზე ზარი დაირეკა და შემოსასვლელში გავდივარ. ვიღაც თიხაში ამოსვრილი კაცი ჩემკენ ხელებს იწვდის. სველი თიხა ხალიჩაზე ეცემა და იქაურობას სვრის. უცნობი მთვრალია. შემდეგ იგი ხარხარს იწყებს და მხოლოდ მაშინ ვხვდები, რომ ეს შენ ხარ. იცინი, რადგან გიხარია, რომ შემაშინე. თან მიხსნი, რომ წუხელ გინდოდა მოსულიყავი, მაგრამ ორმოში ჩავარდი და მთელი ღამე და დღე ცდილობდი იქიდან ამოძრომას. რომ არა შემთხვევითი გამვლელი, ახლაც იქ იქნებოდი და სიცივისა და შიმშილისგან სული გაგძვრებოდა. ისე მიხარია შენი გამოჩენა, ვერ ვბრაზდები, შემყავხარ სააბაზანოში და დაბანაში გეხმარები.

მაგრამ ასეთი რამ იშვიათად ხდება. უმეტეს შემთხვევაში შენი შინ დაბრუნება მე მიხდება. ეს მაშინ, როცა შენს თანამეინახეებს მდგომარეობა დააფრთხობს, როცა უკვე უფსკრულის პირას ხარ მისული.

თავიდან მათ უხარიათ შენთან ყოფნა, სიამოვნებთ, როცა მღერი. გოგონები თავს გევლებიან. შენი ნებისმიერი სურვილი მათთვის კანონია. ხანდახან სრულიად უცხო ადამიანები გიმასპინძლდებიან, გასმევენ არაყს და შენთან ერთად მიდიან ყველგან, სადაც მოისურვებ… თვითონაც არ იციან, სად. გეხერხება მათი გართობა. ყოველი მომდევნო ქეიფი ხმაურიანია, სადღესასწაულო, გიჟურ გართობას ემსგავსება ხოლმე. მაგრამ ბოლოს დგება მომენტი, როცა არავის აქვს დალევის თავი, როცა ეს ყველაფერი მომაბეზრებელია და ქეიფით დაღლილებს თავთავიანთ სახლში მიეჩქარებათ. ამ დროს შენ ხდები უმართავი, არ გინდა, დაიშალონ, არავის უშვებ. შენი საქციელი აშინებს მათ, შეგიძლია სასიამოვნო სუფრაც კი კოშმარად უქციო ადამიანებს. სწორედ ამ დროს მირეკავენ მე, რომ წამოგიყვანო.

ერთხელ, როცა მსგავსი სიტუაცია შეიქმნება, ერთი გოგონა შენს საავადმყოფოში წაყვანას გადაწყვეტს, სადაც მისი ძმა მუშაობს. ჩვენ მხოლოდ მეხუთუ დღეს გპოულობთ, ურთულეს მდგომარეობაში. იძულებულები ვხდებით, სკლიფოსოვსკის კლინიკაში გადაგიყვანოთ. რადგან შენს ახალ მეგობრებს შენი დათმობა არ სურთ, თანაც, აკრძალულია ერთი საავადმყოფოდან მეორეში პაციენტის უნებართვოდ გადაყვანა, მთავარ ექიმთან მისვლაა საჭირო.

და კიდევ ერთხელ დაგიხსენით სიკვდილის კლანჭებიდან. კვლავ და კვლავ იგორის, ვერას, ვადიმის და მათი ბრიგადის კომპეტენტურობამ გიხსნა.

ხანდახან სრულიად სხვა ქალაქიდან მირეკავენ, შორეული ციმბირიდან ან პორტიდან, სადაც დგას გემი, რომელზეც შენ ხარ ასული. თუკი ჩემთვის, როგორც უცხოელისთვის, იქ მისვლა აკრძალული არ არის, გავრბივარ. თუ არადა, ვიცდი, სანამ მეგობრები დაგაბრუნებენ შინ.

ყველაზე დიდი სირთულე აქედან იწყება. მე მაშინვე გამოგკეტავ ოთახში და გარეთ არ გიშვებ. ორი დღის განმავლობაში არ წყდება შენი ყვირილის, მუდარის ხმა, გამოგიშვა იქიდან. გეწყება გულისრევები, სპაზმები, საშინელი თავის ტკივილი. ყველა სასმელს ვაქრობ სახლში, თუკი სადმე რამე მოიპოვება. შიგადაშიგ მშვიდდები, იძინებ, მე კი ვდარაჯობ შენს ძილს და გაღვიძებ, როცა კოშმარები გესიზმრება. ამ მდგომარეობას შენ მორალურ ნაბახუსევს უწოდებ.

როგორც იქნა, ქარიშხალმა გადაიარა. დაგიბრუნდა ცნობიერება, აანალიზებ მომხდარს და დასკვნებს აკეთებ. ხშირ შემთხვევაში ისინი შემაძრწუნებელია. ჩავარდნილი სპექტაკლები, ლიუბიმოვთან ჩხუბი, გაფლანგული ფული, დაკარგული ან დახეული ტანსაცმელი, სილურჯეები და დანით მიყენებული ჭრილობები… არც ჩემი მდგომარეობაა სახარბიელო _ შეწყვეტილი გადაღებები, ამაზრზენი სიტყვები, რომლითაც შემამკე. ვერასდროს დაივიწყებ ამ სიტყვებს, მიუხედავად იმისა, რომ არასდროს შეგახსენებ მათ.

ამის გამო ნერვიულობ. მე გამშვიდებ და ყველაფერს გპატიობ. შენ გრცხვენია და სანამ არ მოგეფერები და პატარა ბავშვივით არ დაგარწევ ჩემს მკლავებში მოქცეულს, არ მშვიდდები.

ცხოვრებაში მხოლოდ ორჯერ არ მეყო ამისთვის ძალა. პირველად ეს მაშინ მოხდა, როცა ახალი შეუღლებულები ვიყავით. ძილში სხვისი სახელით მომმართე. ეს ვერ ავიტანე. მეორედ _ როდესაც დერეფანში გამაგდე და თვითონ სააბაზანოში ჩაიკეტე, რომ ბოთლში დარჩენილი არაყი დაგელია. გამწარებულმა კარი გამოვიჯახუნე და წავედი.

ორივე შემთხვევაში მთელი ნახევარი წელი ჯოჯოხეთურ ტანჯვაში გაატარე უჩემოდ. მეც… უშენოდ.

8 8 8

ახალგაზრდა კაცი შემოგვეგება ზღურბლზე, გაოფლილია. არც ჩვენ ვართ უკეთეს დღეში. ქორწინების სასახლეში ისეთი გათბობაა ჩართული, სული შეეხუთება ადამიანს. უკვე გავიხადეთ პალტოები, მოვიხსენით კაშნეები, ლამისაა, ტანსაცმელიც მივაყოლოთ და გავშიშვლდეთ. მიუხედავად იმისა, რომ ხელის მოწერის დრო რამდენიმე დღის წინ დავნიშნეთ, ჩვენმა რიგმა არა და არ მოაღწია. კომიკური სიტუაცია იქმნება. ჩვენი მოწმეები არიან მაქს ლეონი და სევა აბდულოვი. მათ ყველა საქმე გადადეს, რომ ამ დღეს ჩვენ გვერდით ყოფილიყვნენ.

დილიდან ვიწყებ კერძების მომზადებას, მაგრამ არ გამომდის. ყველაფერი მეწვება ელექტროქურაზე. ასე მემართება, როცა ვჩქარობ. მეგობრის ბინაში ვართ. აქ საშინელი სივიწროვეა, დიდი-დიდი, 6 კაცი მოთავსდეს. ავეჯი გადავაადგილე, ყველაფერი კედელს მივადგი, რომ მეტი სივრცე გამოჩნდეს.

ქორწინების სახლის თანამშრომელ ქალს წინა დღეებშივე სთხოვ, ჩვენი ხელის მოწერის ცერემონიალი გაიმართოს არა დიდ დარბაზში, მუსიკისა და ფოტოგრაფის თანხლებით, არამედ პატარა კაბინეტში. ვერც კი წარმოვიდგენდით, თუ ქალი წინააღმდეგობას არ გაგვიწევდა. პირიქით, გაუხარდა. იმიტომ კი არა, რომ ჩვენ ცნობილი ადამიანები ვართ, ამასთან _ მე უცხოელი და ეს შეუქმნის უხერხულობას, მხოლოდ იმიტომ, რომ «უწესო» სიტუაცია იქმნება _ ეს ჩვენთვის ორივესთვის მესამე ქორწინებაა, ჩვენ ორივეს ერთად 5 შვილი გვყავს. რა ბედნიერებაა, რომ საქორწინო მარშის დაკვრა არ მოუწევთ! ამიტომაც არ ვართ გამოპრანჭულები.

დილით ადრე გახვედი სახლიდან. მითხარი, რომ სიუპრიზს მიმზადებ. ამის გამო ლიუბიმოვს სთხოვე, სპექტაკლი გადადოს, რომელშიც შენ თამაშობ. უკან კმაყოფილი სახით ბრუნდები, ჯიბეებზე იტყაპუნებ ხელებს და ჩურჩულებ: «ყველაფერი რიგზეა».

8 8 8

ტაქსის მძღოლი მთელი გზა გვლოცავს. თან უხარია, რომ მისი მანქანით მივდივართ ხელის მოსაწერად. ეს დღე მისთვის დაუვიწყარი იქნება. მძღოლი იმდენს ლაპარაკობს, რომ ყურადღება ეფანტება და რამდენჯერმე კინაღამ შეეჯახა შემხვედრ მანქანას. ვგრძნობ, რომ ეს დღე შეიძლება უკანასკნელი აღმოჩნდეს ჩვენთვის.

როგორც იქნა, მშვიდობიანად მივედით ქორწინების სასახლემდე. ახალგაზრდა კაცი, რომელიც შემოგვეგება, ახლა წინ მიგვიძღვის. ჩავდივართ სადღაც სარდაფში თუ ქვესკნელში, სადაც უცნაური სუნი ტრიალებს. ბოლოს შევდივართ კაბინეტში, იქ შეცბუნებული სევა და მაქსი გველოდებიან.

ჩვენც ვიცდით. ზემოდან გვესმის მენდელსონის მარშის ხმა, აპლოდისმენტები, სიცილი, ფოტოგრაფის შეძახილი: «აბა, გაიღიმეთ!» უკვე მეექვსედ გვესმის ერთი და იგივე. ჩვენ კი ვსხედვართ ამ ჯურღმულში და ველოდებით.

ბოლოს ერთი მსუქანი ქალი მოვიდა. მისთვის ეს დღე სულაც არ არის განსაკუთრებული და არაჩვეულებრივი, მისთვის ეს ჩვეულებრივი სამუშაო დღეა, კონვეიერივით ასრულებს თავის მოვალეობას.

ოთხივე სავარძლებში ვსხდებით მსუქანი ქალის წინ, რომელიც ჩვენზე უარესადაა გაოფლილი. მე და შენ სტუდენტებს ვგავართ, რომლებიც ყურადღებით ისმენენ ლექციას. ქალი ქადაგად დავარდა. შეგონებები, შეგონებები. თურმე, რადგან ეს ჩვენთვის მესამე ქორწინებაა და ორივეს ერთად 5 შვილი გვყავს, თანაც ბიჭები, მეტი სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ ოჯახს. რადგან შვილები ბიჭები არიან და არა გოგონები, ამან შეიძლება ურთიერთობა გაართულოს. თურმე, ნუ იტყვით, გოგონებთან უფრო ადვილი ყოფილა კონტაქტის დამყარება. იმდენ ხანს გრძელდება ქალის მონოლოგი, ლამისაა, ორივემ უარი განვაცხადოთ დაქორწინებაზე და ჩვენ-ჩვენი გზით გავიქცეთ. ნამდვილად ხართ დარწმუნებული თქვენს გრძნობებში? გააზრებული გაქვთ, როგორ საპასუხისმგებლო ნაბიჯს დგამთ? იმედია, ამჯერად ყველაფერი ნაფიქრი გაქვთ და შეცდომას აღარ დაუშვებთ…

თან მეცინება, თან ტირილი მინდება. მაგრამ ვხედავ, რომ აგერ-აგერ აფეთქდები და ამიტომაც ვცდილობ, მშვიდად ვიყო. როგორც იქნა, ცერემონია დამთავრდა, ხელი მოვაწერეთ და გამოვდივართ. ხელში ისე გიჭირავს ქორწინების მოწმობა, თითქოს ახლახან ნაყიდი თეატრის ბილეთი იყოს, რომელიც გრძელ რიგში მდგომს გერგო.

მორჩა. დავქორწინდით, ცოლ-ქმარი ვართ. ბოლოს და ბოლოს, მშვიდდები.

გარეთ გამოსულებს მოულოდნელად მეუბნები _ დღევანდელი დღის აღნიშვნის დრო არ არის! გაოგნებულს თვალები მიფართოვდება.

_ ვლად! რას ამბობ! _ ვცდილობ, გავაპროტესტო.

_ დრო არ გვაქვს! ჩვენ ოდესაში მივდივართ! _ მაწყვეტინებ წინადადებას.

რამდენიმე საათის შემდეგ უკვე თბომავალ «საქართველოს» ბორტზე ვიმყოფებით. სწორედ ეს არის სიურპრიზი. ნამდვილი საქორწინო მოგზაურობა ნამდვილ გემზე საქორწინო მარშის გარეშე.

8 8 8

სუნთქვა მეკვრის, როცა კიბეზე ჩამოვდივარ. უკვე ოდესის პორტში ვართ. ჰაერში განსაკუთრებული სურნელი ტრიალებს _ მაზუთის, ახალი თევზის და საღებავის. ხმებიც ისმის. თვალდახუჭულიც კი მიხვდები, რომ დიდ პორტში ხარ. ორივეს გვიხარია. თუნდაც საერთოდ არ გავცდეთ შავ ზღვას, ეს განსაკუთრებით შენთვისაა თავისუფლების ძალიან დიდი ყლუპი. გარდა ამისა, გიყვარს მეზღვაურები და ისინიც სიყვარულზე სიყვარულით გპასუხობენ. სადაც უნდა იყო, ყველგან სიხარულით გიღებენ, ყველაზე კარგ კაიუტას გთავაზობენ, გეპატიჟებიან ნაპირზე, აწყობენ დღესასწაულს. ყოველთვის ასე ხდება, როცა ჩვენს მეგობრებს ვხვდებით, შორეული ნაოსნობის კაპიტნებს _ ფელიქს დაშკოვს და საშა ნაზარენკოს. ბევრი ფიქრობს, რომ ერთ დროს შენც მეზღვაური იყავი _ ისე კარგად ჰყვები ხოლმე მათ სიხარულსა და ტკივილზე. შენ ყველასთვის ახლობელი ხარ, ერთი იმათგანი, «მათიანი», როგორც რუსებმა იციან თქმა.

ტრაპთან ტოლია გარაგულია გვხვდება. მკაცრი გამომეტყველება, თითქოს ქვისგან გამოთლილი სახე აქვს, თუმცა მომნუსხველი ღიმილი.

ის შერეულ ეკიპაჟს მეთაურობს. მისით მამაკაცები აღფრთოვანებულები არიან, ქალები _ შეყვარებულები. გემი, რომელსაც მეთაურობს, ნამდვილი ხომალდია. იგი ომის დროს ჩაიგდეს რუსებმა ხელთ და შემდეგ განაახლეს. კაიუტები და სალონები დიდი ფუფუნებითაა მოწყობილი. «საქართველო» მთლიანად ხალიჩებითაა მოფენილი, გრავიურებით და ფერწერული ტილოებით. მიუხედავად იმისა, რომ ათეული წლები გავიდა, ეს გერმანული ხომალდი საერთოდ არ დაძველებულა. განსაკუთრებით საოცარია სამეფო კაიუტა, რომელიც დიდ ოთახს ჰგავს. კედლებზე ცისფერი ხავერდია გადაჭიმული. ირგვლივ სულ სარკეებითაა კედლები მოჭედილი. ერთ სარკეში მეორე ირეკლება, რაც სივრცეს კიდევ უფრო დიდს აჩენს. სააბაზანოში ფაიფურის ორი ნიჟარაა, სპილენძის ონკანებით.

აღფრთოვანებულები ვათვალიერებთ ჩვენს სამფლობელოს. ტოლიამ ყველაფერი ბრწყინვალედ მოაწყო: ყველგან ყვავილებია კაიუტაში, მაგიდაზე ხილით სავსე ვაზა დგას, ნამცხვრები და ქართული ღვინო. აღარ ვიცით, საიდან დავიწყოთ და ბედნიერებისგან თავბრუდახვეულებს ყველა წვრილმანი გვახარებს. რა თქმა უნდა, ჩემთვის თითქოს არ უნდა იყოს უცხო ასეთი ფუფუნება, სასახლეებშიც კი ვყოფილვარ, მაგრამ არ ვაჭარბებ _ აქაური ბრწყინვალება მაბრმავებს.

შენ საწოლის გადასაფარებელს ნაზად ეხები, შემდეგ კომოდის ყველა უჯრას სათითაოდ აღებ. გვიხარია და ვიცინით.

გემს ვათვალიერებთ. განსაკუთრებით სამანქანო განყოფილება მოგვწონს. მექანიკოსები გახარებულები და ცოტათი დაბნეულები გვხვდებიან. ხელს გვართმევენ. შემდეგ ტოლიას თავის პირად სასადილოში მივყავართ. აქ ჩვენთვის განსაკუთრებული კერძია მომზადებული, რომლის რეცეპტი მხოლოდ მეზღვაურებმა იციან: უმი თევზის, კიბორჩხალისა და ხიზილალისგანაა მომზადებული. ისეთი გემრიელია, პირში დნება.

ვახშმის შემდეგ ზღვის ჰაერს ვყლაპავთ. ვუყურებთ ვარსკვლავებს და ვუღიმით ღამეს. შენი ხელი ჩემსას ეძებს…

8 8 8

სოხუმში კაპიტანი ჩებურეკებითა და თურქული ყავით გვიმასპინძლდება, რომელიც ცხელ ქვიშაშია მოდუღებული. შემდეგ თავის ახლობელთან მივყავართ სტუმრად, რომელსაც უზარმაზარი სახლი აქვს. როგორც კი გიგ იგებს, ვინც ვართ, ზღაპრულ სუფრას შლის. მწვადის სურნელით იჟღინთება ჰაერი. მასპინძელი ამაყად გვეუბნება.

_ მე ქართველი ვარ!

შემდეგ დაჯღანული გაიშვერს თითს გვერდზე მდგომისკენ და აგრძელებს.

_ ეს კი სომეხია, მაგრამ ხომ ხედავთ, რა კარგად ვეწყობით ერთმანეთს, _ ამ სიტყვებით მხარზე მაგრად დაჰკრავს მამაკაცს ხელს და დაამატებს, _ ჰო, გადასარევად ვეწყობით. ის ყოველთვის წვავს ჩემთვის ხორცს.

ექსპლოატირებული მეზობელი უხერხულად იღიმის.

ხმაურიანი სახლის დატოვების შემდეგ ხელიხელჩაკიდებულები პორტში ვბრუნდებით. შორიდან გემი უფრო ლამაზი მოჩანს. ტოლია მოულოდნელად შეჩერდება, ორივეს მხარზე მოგვხვევს ხელს და სევდიანი ხმით გვეუბნება.

_ კარგად შეხედეთ ჩემს მზეთუნახავს. წამოსვლისას აღარ გითხარით. ეს მისი უკანასკნელი რეისია. როგორც კი ოდესაში ჩავალთ, მას ჯართში ჩააბარებენ. მისი ფოლადის ნარჩენებისგან მილიონობით საპარს საშუალებას დაამზადებენ.

ძალიან შევწუხდით. უხმოდ ვაგრძელებთ გზას.

_ არა უშავს, გაისად ახალი «საქართველო» გვეყოლება, უფრო ლამაზი, _ ამბობს და ვხვდები, რომ კაპიტანს თავად არ სჯერა თავისი ნათქვამის.

8 8 8

ეს მოგზაურობა დაუვიწყარი ხდება ჩვენთვის. სად არ ვყოფილვართ მას შემდეგ, რამდენი გემით გვიმოგზაურია, ყველგან მეფურად გვხვდებოდნენ, გვიმასპინძლდებოდნენ, მაგრამ ასე კარგად არასდროს გვიგრძნია თავი. შეიძლება იმიტომ, რომ ეს ჩვენი პირველი მოგზაურობა იყო, თანაც _ საქორწინო…

8 8 8

ჩვენს დაქორწინებას ძველ თბილისში აღვნიშნავთ. ნამდვილ ძველებურ ქორწილს გვიხდიან ქართველები. დიდ დარბაზში შავსამოსიანი ქალები ფუსფუსებენ. ყველანაირი ქართული კერძი დევს მაგიდაზე, თანაც ვერცხლის ლანგრებზე, სუფრა ძვირფასი ჭურჭლითაა გაწყობილი თავიდან ბოლომდე. რას არ ნახავთ აქ, ქორფა მწვანილები თაიგულივით გაუწყვიათ ქალებს, ნივრის მწნილიც კი შევამჩნიე. ლობიო, საცივი… გარეთ კი მწვადი იწვება.

8 8 8

ჩვენ სუფრის თავში ვსხედვართ, თეთრები გვაცვია და ერთმანეთის ხელი გვიჭირავს.

სუფრის წევრები მამაკაცები არიან. ქალები დარბიან, სუფრას კერძებს ამატებენ, შემდეგ კი გულხელდაკრეფილები შორიახლოს დგებიან და თვალს გვადევნებენ. თამადა პირველ სადღეგრძელოს ამბობს.

_ დაე, იმ მუხისგან გამოთალონ თქვენი სასახლე, რომელსაც ჩვენ დღეს დავრგავთ აქ, თქვენი ქორწილის დღეს.

ყველა ჯიხვის რქით სვამს სასმელს, რომელსაც ყანწს ეძახიან. მე თავიდან, სანამ გავიგებდი, საქონლის რქა მეგონა. ასეთი სასმელი ჩვენთან არ იციან, არც სადმე მინახავს სხვაგან. ძველი ბროლის ჭიქები მხოლოდ წყლისთვის დგას მაგიდაზე. ყანწში მეოთხედი ლიტრი ღვინო ჩადის. რადგან მისი დადგმა არ შეიძლება, ამიტომ ბოლომდე უნდა დალიო. ამჯერად უნდა დაგემორჩილო, მეც ვსვამ და სხვა გზა არ არის, შენც გიწევს დალევა. ბოლომდე ცლი სასმისს და იქვე, შენ უკან მდგომ ახალგაზრდა მამაკაცს აწოდებ. დაცლილ ყანწს იგი ლანგარზე დებს, რომელიც ვიღაც ქალს უჭირავს.

პირველს მეორე სადღეგრძელო ცვლის.

_ დაე, თქვენმა შვილთაშვილებმა გადამყიდველებთანაც კი ვერ შეიძინონ თქვენს სპექტაკლებზე დასასწრები ბილეთი.

ახლა უფრო დიდი ყანწები მოაქვთ. ვცდილობ, ყველა დავლიო, მაგრამ არ შემიძლია და მეც ჩემ უკან მდგომ ბიჭს ვაწოდებ ამ უცნაურ სასმისს. სტუმრები ტრადიციისამებრ, ბოლომდე სვამენ და არავინ დგება სუფრიდან.

საოცარი მასპინძლობა იციან საქართველოში, სადღეგრძელოებს ბოლო არ უჩანს.

შენ ხედავ, რამდენის დალევა შეუძლიათ ადამიანებს, თან ისე, რომ ღირსება არ დაკარგონ. მოგვიანებით დავითვალეთ და გამოვიდა, რომ თითოეულმა დაახლოებით 10 ლიტრი ღვინო მაინც დალია.

გვიან ღამით მოუხერხებლად წამოედე მაგიდას და ააყირავე. ძვირფასი ჭურჭელი ძირს ცვივა და იმსხვრევა. სირცხვილისგან არ ვიცით, სად დავიმალოთ. ბოდიშს ვუხდით მასპინძელს. ის კი, საპასუხო ჟესტს აკეთებს _ გადარჩენილ ჭურჭელს ერთიანად მოუსვამს ხელს, ძირს ყრის და ამსხვრევს. შემდეგ მეფესავით იძლევა ბრძანებას და სუფრა თავიდან იშლება. სამზარეულოდან გამოაქვთ და გამოაქვთ საჭმელი, ნამცხვრები. ნამსხვრევები სასწრაფოდ აკრიფეს ქალებმა. თამადა ამბობს.

_ ძალიანაც კარგი. დავიწყოთ თავიდან!

და გრძელდება ქეიფი. დარბაზში მხიარულება და ხმაური ისმის. უეცრად ერთი სტუმარი ხმამაღლა აცხადებს.

_ ჩვენი დიდი სტალინის სადღეგრძელო არ უნდა დავლიოთ?

სუფრაზე უსიამოვნო სიჩუმე ჩამოწვება. ქართველი ინტელიგენცია სერიოზულად დააზარალა სტალინის რეჟიმმა და თუკი სტუმართაგან მას ვინმე ჯერ კიდევ თაყვანს სცემს, მას მასპინძელი, ისევე, როგორც ჩვენ, ნამდვილ ბოროტმოქმედად მივიჩნევთ.

ხელს ხელზე გახებ და გთხოვ, სკანდალი არ მოაწყო.

გაფითრებული სახით მიაჩერდები ამის წარმომთქმელს. ოჯახის უფროსი ყანწს შეივსებს, სადღეგრძელოს გარეშე მოიყუდებს მას და ბოლომდე გამოცლის. მის ამ ჟესტს ვიღაცის მჭექარე ხმა მოჰყვება, რომელიც სიმღერას იწყებს. მას მთელი დარბაზი აჰყვება. გაისმის მრავალხმიანი ქართული სიმღერა, ტკბილი, ვაჟკაცური და მებრძოლი სულისკვეთების ერთდროულად. ამ სიმღერით თითქოს პროტესტი გამოითქმის ტირანის მისამართით.

ამ ადამიანების წყალობით, შემთხვევით სტუმარს არ გამოსდის ჩვენი დღესასწაულის გაფუჭება.

ამასობაში გათენდა. გარეთ მამლის ყივილი ისმის.

ყველაზე განსაცვიფრებელი საჩუქარი წინ გველოდება. შევაღებთ თუ არა ჩვენი ოთახის კარს, ვხედავთ _ ხალიჩაგაფენილი იატაკი სხვადასხვა ხილითაა მორთული. საწოლზე კი, მდიდრული შალია გადაფარებული, რომელსაც ორი სიტყვა აწერია: «სერგეი ფარაჯანოვი». სერიოჟამ, რომელიც ორივეს ძალიან გვიყვარს, ჩვენთვის ასეთი სიურრეალისტური გარემო მოიფიქრა. ვცდილობთ, ფეხი არ დავადგათ, ხილი არ გავჭყლიტოთ და ისე მივაღწიოთ საწოლამდე. ძალაგამოცლილი ვეყრებით ლოგინზე და მაშინვე ვიძინებთ.

8 8 8

ერთ დღეს თბილისის ქუჩებში ვსეირნობთ და ერთი მეგობარი მაღალფანჯრიან სახლზე მიგვითითებს.

_ აქ ცხოვრობს მხატვარი ლადო გუდიაშვილი _ მოდილიანის, მატისის, დელონეს მეგობარი. 20-იან წლებში იგი პარიზში ცხოვრობდა.

მამაჩემი მახსენდება, რომელსაც ბრძენ ვლადიმირს ეძახდნენ და გიჩურჩულებ, რომ მას აუცილებლად ეცოდინებოდა ლადო გუდიაშვილი. მამა სწორედ იმ ადამიანების წრეში ტრიალებდა, ვისთანაც ქართველი მხატვარი მეგობრობდა.

შენ ჩუმად ისმენ ამ ყველაფერს და მოულოდნელად მთავაზობ, შევიდეთ ამ სახლში. მომწონს შენი გადაწყვეტილება და ზარს ვრეკავ.

ძალიან მოხუცი ქალი გვიღებს კარს და გვეკითხება: «ვინ გნებავთ?» ჩვენ ვუხსნით მისვლის მიზეზს. ის დაცდას გვთხოვს. ცოტა ხანში მობრუნდება და გვეუბნება, რომ მაესტრო საღამოს, რვა საათის შემდეგ მიგვიღებს.

დანიშნულ დროს კვლავ მივდივართ. მოხუც ქალს ოთახიდან დიდ დარბაზში გავყავართ. კედლები ნახატებითაა მოფენილი. შუაგულში დიდი მაგიდა დგას გაშლილი სუფრით _ კერძები, ღვინო, ყვავილები… როგორც ჩანს, მასპინძელი დიდი ბანკეტისთვის ემზადება.

უეცრად იღება შუაკარი და ვხედავთ, მოდის ძალიან ლამაზი სახის შუახნის მამაკაცი, ჭაღარა თმით, მბრწყინავი თვალებით. ის ჩვენკენ გაშლილი ხელებით მოემართება.

_ არ შემეძლო ისე მოვმკვდარიყავი, რომ ვლადიმირის ქალიშვილი არ ჩამეკრა გულში. ღმერთს მადლობა, რომ მოხვედი, შვილო, _ ამ სიტყვებით იგი ახალგაზრდული სიძლიერით მიკრავს მკერდში.

შემდეგ სუფრასთან გვეპატიჟება, რომელიც თურმე სპეციალურად ჩვენს პატივსაცემადაა გაშლილი და ითხოვს, მოუტანონ ფოტოსურათები, რომლებიც ჯერ კიდევ სველია. მასპინძელმა იგი სპეციალურად ჩემთვის იმ დღესვე გაამჟღავნებინა თურმე. აცახცახებული ხელებით მიმითითებს იგი ერთ ფოტოზე გამოსახულ ორ მამაკაცზე. მათ ერთმანეთისთვის ხელი გადაუხვევიათ და ღიმილით იყურებიან ფოტოობიექტივში. მაშინვე ვცნობ მამას და ლადოს ყველაზე ცნობილი მხატვრების გარემოცვაში.

ლადო გუდიაშვილი მოყოლას იწყებს. შენ მოჯადოებულივით უსმენ მას. კოსტიუმირებული მეჯლისები, მხატვრების სახელოსნოებში შეკრებები, ღარიბი მეგობრები, მოდილიანი, სუტინი… უამრავი უცხოელი, რომლებიც მონპარნასის ბულვარის ახლოს ცხოვრობენ და ყოველ საღამოს რესტორან «კუპელში» იკრიბებიან…

ქართული ტრადიციის მიხედვით, ქეიფი გვიან ღამემდე გრძელდება. მოხუცი მოსამსახურე ქალი ჩვენ უკან დგას და ხან კერძებს ამატებს სუფრას, ხანაც თეფშებს გვიცვლის. უკვე ბნელა, ამიტომ კერასინიანი ლამპები მოაქვთ და მათი შუქი ჩვენს თვალებში ირეკლება. ახლა შენ ყვები, როგორ მუშაობდი «ჰამლეტზე», პასტერნაკის თარგმანზე.

ლადომ ორივეს ხელი ჩაგვჭიდა და პატარა სალონში გაგვიყვანა. პიანინოს თავზე პოეტის დიდი ფოტოსურათი შევნიშნე, ვერცხლით მოოჭვილ ჩარჩოში, მაგიდაზე კი წერილია, რომელიც მისი ხელითაა დაწერილი, მისი წიგნი, ლექსები კი ბუფეტის ვიტრინაშია გამოფენილი. მათ გვერდით კონიაკით სავსე ჭიქა დგას, რომელსაც თავზე ლამბაქი ახურავს.

_ ეს ბოლო ჭიქაა, რომელიც პასტერნაკმა დალია. ჩვენ მას ვინახავთ და ყოველდღე ვავსებთ მისი ხსოვნის პატივსაცემად.

უკვე გვიანაა. მხატვარი გვაცილებს. კიდევ ერთხელ მძლავრად ჩამიკრავს მკერდში. გული მიჩუყდება. ვიცი, რომ ვეღარასდროს ვნახავ მას. მოვდივარ და გულში ვიხუტებ მის ნაჩუქარ ფოტოსურათს, რომელზეც მამაჩემი და თვითონ არიან აღბეჭდილნი, ლამაზები და ახალგაზრდები, ხალისით რომ უღიმიან ცხოვრებას.

8 8 8

ესპერალი! ამ სიტყვებს გეუბნები ერთხელ დილით და ვცდილობ, აგიხსნა, რა არის იგი.

გიხსნი, რომ საფრანგეთში არ შეიძლება სამსახური მიატოვო მხოლოდ იმის გამო, რომ ქმარი გამუდმებით სვამს. ერთხელ უკვე მივატოვე ყველაფერი, გადაღებები შუა გზაზე გავწყვიტე და შენკენ გამოვეშურე, რომ გადამერჩინე. მეორედ ამის გაკეთების უფლებას არავინ მომცემს. სამუშაოს დავკარგავ. შენ არ გინდა ეს გაიგო. საბჭოთა კავშირში მოთმინებით იტანენ ლოთ კაცებს. აქ ლოთობა ჩვეულებრივი მოვლენაა. თუ მთვრალი ქუჩაში წაიქეცი და ტალახში ამოიგანგლე, წამოგაყენებენ, სადარბაზოში შეგიტანენ და კედელზე აგაყუდებენ, რომ ქუჩაში არ გაიყინო. ხანდახან სახლშიც «მიგიტანენ» ტომარასავით ზურგზე მოკიდებულს. ეს ლოთთა საძმოს დაუწერელი კანონია. აღარ ვიცი, როგორ აგიხსნა, რა განსხვავებაა ლოთობასა და დალევას შორის _ რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როცა სადილად რამდენიმე ჭიქას დალევ და ხასიათზე მოხვალ, ენერგიით აღივსები, მაგრამ დილიდან საღამომდე სმა _ ეს უკვე ჭაობია, რომელშიც შენ ხარ ჩათრეული. ეს არის სიკვდილი, რომელსაც თავად ეძებ. თითო დათრობა თითო პატარა სიკვდილია, რომლის შემდეგაც სუსტდები და განადგურებული ხდები.

დღეში 6 ბოთლი არაყი ცხოვრებისგან გთიშავს. აქ, მოსკოვში ყველასთვის ნათელია მსგავსი მდგომარეობა, იქ, პარიზში კი _ არა.

მე ვლაპარაკობ, შენ მისმენ, ამიტომ ვაგრძელებ.

ერთხელ ერთ უცხოელ მსახიობთან მომიწია გადაღებამ. როცა მან ჩემი პრობლემის შესახებ გაიგო, გული გადამიშალა. თურმე ადრე თვითონაც ლოთობდა, მაგრამ ახლა წვეთსაც არ სვამს. და ეს ყველაფერი მას შემდეგ, როცა რაღაც კაფსულა ჩაუდგეს.

რა თქმა უნდა, მეც იმავეს გირჩევ. შენ თავად უნდა გადაწყვიტო, როგორ ჯობს შენთვის. ეს რაღაც ბარიერის მსგავსია. უნდა გადააბიჯო მას ან არ უნდა გადააბიჯო. არ ვიცი, შეიძლება ეს ქიმიური საშუალება უარესიცაა მსმელი ადამიანისთვის, თუკი არ დაიცავს მისი მოხმარების წესებს… შეიძლება ეს საბედისწერო გარიგებაა სიკვდილთან, რადგან თუკი მისი ჩადგმის შემდეგაც დალევ, შეიძლება შოკში ჩავარდე და მოკვდე. ჩანთაში მიდევს ეს კაფსულები, პატარა, სტერილური შუშები. თითოეულ მათგანში წამლის აუცილებელი დოზაა. მოთმინებით გიხსნი ამ ყველაფერს. შენს წაშლილ სახეზე ჩემთვის ნაცნობი მხოლოდ თვალებია. ჩემი არ გჯერა. გგონია, რომ ამ მდგომარეობის გამოსწორება არავის და არაფერს შეუძლია, რადგან ეს ყველაფერი ძალიან შორეულ წარსულში დაიწყო. ჩემს შენდამი სიყვარულს მთელი ძალით ვიშველიებ და ვცდილობ დაგარწმუნო, რომ ჯერ არ არის გვიან, რომ ყველაფრის გამოსწორება შეიძლება, მთავარია, შენ დაიჯერო, მოინდომო, მენდო… შენ ხომ ერთხელ უკვე დაბრუნდი იმ ქვეყნიდან, სასწრაფო დახმარების ექიმებმა დაგაბრუნეს ჩემი უდიდესი ძალისხმევის შედეგად. მათ სიცოცხლე გაჩუქეს. მაშინ გამოჯანმრთელდი, რამდენიმე თვე არ სვამდი და აი, ახლა ყველაფერი ისევ ისეა, როგორც გამოჯანმრთელებამდე იყო, კვლავ იღუპები. კრიტიკულ სიტუაციაში ხარ, ოღონდ ჯერ კიდევ ცოცხალი. მე შენი გადარჩენა შემიძლია, შენ უბრალოდ, უნდა დამთანმხდე.

ესპერალი! ეს იმპლანტაციაა. იგი შენში შეჰყავს ჩვენს ახლობელ ქირურგს, რომელსაც მე ვკარნახობ, როგორ გააკეთოს ეს.

ამ დღიდან იწყება ესპერალის გრძელი სერია. ამ სიტყვაში არის გადარჩენის ილუზიური იმედი.

მისი დახმარებით 6 წელი შეძელი, გადაგეწია შენი სიკვდილის დღე, გაგეხანგრძლივებინა სიცოცხლე. ხანდახან ვერ ითმენ და დანით ცდილობ კაფსულის სხეულიდან ამოძრობას. მერე მთხოვ, იქნებ უფრო ღრმად ჩაგაკერონ იგი, ისეთ ადგილას, სადაც ვერ მიუდგები, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ კვლავ ჯიუტად ითხოვ მის ამოღებას.

თითოეული ჩაკერება-ამოღების პროცესი 6 თვე გრძელდება. თავიდან არ გჯერა, რომ ეს გიშველის. არც იმის გჯერა, რომ დალევის შემთხვევაში უკურეაქციას გამოიწვევს. ცდილობ, გადაამოწმო. ჩაკერებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ცოტას სვამ. რეაქცია მსუბუქია. დოზას უმატებ და… შენი მდგომარეობიდან გამომდინარე, ექიმი იძულებული ხდება, კაფსულა ამოგაძროს. შედეგი _ სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია, რეანიმაცია, გამოკეთება, დალევა, სასოწარკვეთილება… ეს ეშმაკის ბორბალი ტრიალებს და ტრიალებს, თანაც უფრო და უფრო უმატებს წრიულ სიჩქარეს.

8 8 8

ათი წელი გვყავდა ჩვენი მფარველი ანგელოზი _ ლუსია, ნაზხმიანი გოგონა, რომელიც გამუდმებით გვერდით გვედგა, გვეხმარებოდა.

ყველაფერი ჩვენი პირველი ჩხუბიდან დაიწყო, როცა ჩემოდნები ჩავალაგე და პარიზში გავემგზავრე. მაშინ ასე არ მყოფნიდა მოთმინება, ძალიან ვიღლებოდი შენი ლოთობით და როცა ვერ მოვახერხე ამ კოშმარისთვის თავის მობმა, ორიოდე სიტყვა დაგიწერე: «არ მეძებო» და გავფრინდი.

რა თქმა უნდა, ძალიან გულუბრყვილო საქციელი იყო ჩემი მხრიდან. არადა, სწორედ იმ პერიოდში გავხდი შენი კანონიერი ცოლი. შენც სწორედ ეს დაიხვიე თითზე _ ჩემი კანონიერი ცოლი ხარ, მოთმინება გმართებსო!

მე სამუშაოდ გავემგზავრე. აი, უკვე რომში ვარ, გადაღებებზე. დილაა, პარიკმახერთან ვზივარ, თმას ვივარცხნი. ამ დროს მეძახიან, ტელეფონზე გირეკავენო საზღვარგარეთიდან. შეშინებული გავრბივარ ყურმილის ასაღებად _ ბავშვებს ხომ არ დაემართათ რამე! როგორც ჩანს, რაღაც სერიოზული მოხდა.

აღმოჩნდა, რომ ზარი მოსკოვიდანაა. «თქვენ ვისოკცი გკითხულობთ!» _ მეუბნებიან.

_ ალო! _ ჩავძახე ყურმილში.

_ როგორც იქნა, როგორც იქნა, გიპოვე! გიპოვეთ, როგორც იქნა! დიდი მადლობა, ჩემო საყვარელო ტელეფონისტო გოგონა, შენი დახმარებით მივაკვლიეთ მას! ახლა ყველაფერი კარგადაა. ახლავე აგიხსნი, ყველაფერს აგიხსნი! შენი დაბრუნება აუცილებელია! შენ ერთადერთს შეგიძლია ჩემი ხსნა! ჩემო კარგო ტელეფონისტო, უთხარი ეს მას, ძალიან გთხოვ, გადაეცი მას! მოუყევი, მოუყევი მას, რა ჩაიდინე, რომ ის გეპოვა!

და იქვე მესმის ვიღაც გოგონას სიცილის ხმა, რომელიც ამბობს.

_ რომის ყველა სასტუმროში დავრეკეთ. როგორც იქნა, ვიპოვეთ ის, სადაც თქვენ გაჩერდით, მაგრამ ნომერში არ აღმოჩნდით. თქვეს, საპარიკმახეროშიაო. უნდა გაგვეგო, რომელში იყავით. რამდენიმეში დავრეკე და აღმოგაჩინეთ, _ ტელეფონისტი გოგონა კვლავ იცინის.

შენი აღგზნებული ტონით ვხვდები, რომ მთლად კარგად ვერ ხარ და გეუბნები კიდეც. ამ დროს კვლავ მესმის ის სიცილნარევი ხმა.

_ ნუ ნერვიულობთ, ის რამდენიმე დღეა, დაგეძებთ. უკვე აღარ სვამს. უბრალოდ, ძალიან ბედნიერია, რომ გიპოვათ!

ეს ლუსიას ხმა იყო. მაშინ არ ვიცნობდი მას. ის ტელეფონისტად მუშაობდა მოსკოვში. მას შემდეგ ჩვენ წლების განმავლობაში ვუკავშირდებოდით ერთმანეთს მისი დახმარებით. როცა ერთად არ ვიყავით, როცა შორს ვიმყოფებოდი შენგან. მისი წყალობით არ გვჭირდებოდა ერთმანეთისთვის წერილების მიწერა და კვირაობით პასუხის მოლოდინი. ის არა მხოლოდ ტელეფონის ხაზებით გვაერთებდა ერთმანეთთან, არამედ ტკივილების გაყუჩებაშიც გვეხმარებოდა. როცა სიგიჟის ზღვრამდე მისული ყვირილს ავტეხდი ხოლმე, ლუსია მაწყნარებდა: «დამშვიდდით, სერიოზული არაფერია, დამიჯერეთ. ერთ საათში კვლავ შეგაერთებთ!» ის საუბრის ლიმიტს არასდროს გვინიშნავდა. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ჩხუბს ვიწყებდით, უცებ ჩაერთვებოდა ჩვენს ლაპარაკში.

_ ახლა უნდა გაგთიშოთ. დაგირეკავთ ხვალ, როცა უკეთ იგრნობთ თავს», _ მაფრთხილებდა ლუსია და ამით თავიდან ამარიდებდა მორიგ სკანდალს.

შემდეგ, ბევრჯერ, როცა შენს ძებნაში ქვეყანა მქონდა შემოტყავებული, ლუსია მევლინებოდა გაჭირვების ტალკვესად. ის მამშვიდდებდა და ტელეფონით ყველა ქალაქში გეძებდა. სულ რამდენიმე წუთი და მან უკვე იცოდა, სად იყავი, სად შემეძლო შენი პოვნა და შინ წამოყვანა.

ლუსია ნამდვილი საოცრება იყო. მისი წყალობით საათობით შემეძლო შენთან მელაპარაკა. სადაც უნდა ვყოფილიყავი, ნიუ-იორკში, პოლინეზიაში თუ საბერძნეთში, მნიშვნელობა არ ჰქონდა. ვიცოდი, რომ ლუსია აუცილებლად მოგძებნიდა და შენთან დამალაპარაკებდა. ეს იყო გოგონა, რომელიც გვაკავშირებდა ერთმანეთთან და რომელიც ჩვენთან ერთად იზიარებდა ჩვენს სიხარულსაც და ტკივილსაც. მე მას არ ვიცნობდი, მხოლოდ ხმა იყო ჩემთვის ნაცნობი. ხმა, რომელსაც შენთან მოვყავდი. მისი სახე გვიან ვნახე, ცრემლებით დასიებული თვალებით… და მაშინ, როცა მას ჩვენი დაკავშირება უკვე აღარ შეეძლო…

სიმღერა «07» სწორედ ლუსიას მიუძღვენი:



ვერასდროს ვერ ვითმენ უშენო ღამეებს,

მე ვწერ და გარემო არ არის მშვიდი,

გადავწვდი ტელეფონს, ჩემს ბოლო იმედს,

ცახცახით ავკრიფე ციფრი ნოლ-შვიდი…



დამალაპარაკეთ სამოცდათორმეტი!

გოგონა, გამარჯობა, ლუსია გქვია?

პარიზს შემაერთე! დაგელოდები,

უკვე ხაზზეა? რა პატივია!..



გოგონა საყვარელო! იქნებ არ გაგვთიშო!

გაგვიხანგრძლივე წუთები საამო,

შენ ახლა ჩვენი ანგელოზი ხარ,

რომელმაც გვაჩუქა ლამაზი საღამო…



გოგონა, საყვარელო! ერთხელაც დაურეკე,

მარტო მყოფს მგონია, კუბოში ვწევარ,

უკვე შეგვაერთე? ხმაც მესმის მისი!

სალამი, მარინა, ეს ისევ მე ვარ…



ლუსიამ დაიმსახურა ეს სიმღერა. ლუსიამ ჩვენგან სიყვარული დაიმსახურა!

8 8 8

1971 წლის ოქტომბრის დილაა. პარიზის კლინიკის ჰოლში ვდგავართ მე და ჩემი დები და ველოდებით. დედა ავადაა. დედა, ჩემი ცხოვრების ყველაზე ძვირფასი ადამიანი, სიმსივნითაა დაავადებული. მას ოპერაცია გაუკეთეს, სიმსივნე ამოუკვეთეს. იგი წლების განმავლობაში მალავდა თავის სენს, რომ ზედმეტად არ შეეწუხებინა შვილები. ბოლოს ძლიერმა ტკივილებმა შეაწუხა და იძულებული გახდა, ფაქტის წინაშე დავეყენებინეთ. ჩვენ ვიცით, რომ დებთაგან ერთ-ერთს, ოდილსაც ზუსტად ის დიაგნოზი დაუსვეს, რაც დედას. ამაზე ყველანი საშინლად ვწუხვართ.

განადგურებულები ვართ. ქირურგები ჯერჯერობით არაფერს ამბობენ. ვხედავ, როგორ გამოჰყავთ დედა საოპერაციო ბლოკიდან…

შინ მიმავალი ვცდილობ, როგორმე დავიწყნარო აფორიაქებული გული. შეხვედრა მაქვს, მნიშვნელოვანი… რომ არ წავიდე, შეუძლებელია.

თავს ვიწესრიგებ, თმას ვივარცხნი, მაკიაჟს ვიკეთებ და გავრბივარ. საზოგადოების _ «საფრანგეთი-სსრკ»-ის აქტივისტები შეხვედრას აწყობენ ლეონიდ ბრეჟნევთან.

მსახიობური დისციპლინა კვლავ მშველის. სსრკ-ის საელჩოში ისეთი სახით შევდივარ, თითქოს არაფერი ხდება, თითქოს სანერვიულო არ მაქვს, თითქოს დედა არ მიკვდება… ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ეს შეხვედრა, ამიტომაც ტკივილი არ უნდა შევიმჩნიო.

ცოტა ხანს სალონში გვალოდინებენ, შემდეგ კი დარბაზში გვეპატიჟებიან. საწერი მაგიდის წინ სკამებია ჩალაგებული.

შემოდის ბრეჟნევი. გვანიშნებენ, რომ დასხდომა შეგვიძლია. 15 ადამიანი ვართ _ სხვადასხვა პოლიტიკური მრწამსის ქალები და მამაკაცები. დე გოლის მომხრეები, კომუნისტები, პროფკავშირების მუშაკები, დიპლომატები, სამხედროები, მწერლები… ყველანი _ თავისუფალი ნების ადამიანები, რომელთაც ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობის დამყარება სურთ.

ვისმენთ ტრადიციულ გამოსვლას. ბრეჟნევს თავისუფლად უჭირავს თავი, ხუმრობს, პორტსიგარისკენ აპარებს ხელს, მაგრამ სიგარეტს არ იღებს და ამბობს, რომ მისთვის მოწევა არ შეიძლება, შემდეგ კვლავ აგრძელებს თავის სიტყვას ჩვენი ქვეყნების მჭიდრო მეგობრული ურთიერთობის შესახებ.

როლან ლარუა ყურში ჩამჩურჩულებს: «შეხედე, როგორ იყურება შენკენ, როცა ამ მეგობრობის მიზეზებზე იწყებს საუბარს»…

მართლაცდა, მეც ვგრძნობ ბრეჟნევის მრავლის მთქმელ მზერას, იგი აშკარა თანაგრძნობას მიცხადებს.

ვიცი, რომ მისთვის ცნობილია ჩვენი შეუღლების ამბავი.

მოგვიანებით, შეხვედრა რომ მთავრდება და შამპანურს ვწრუპავთ, ის ჩემთან მოდის და მიხსნის, რომ არაყი _ ეს სულ სხვა საქმეა. იგი თავიდან მხოლოდ 50 გრამი უნდა დალიო, შემდეგ _ 100 და თუ გაუძლებ, მერე უკვე _ 150. აი, მაშინ იგრძნობ თურმე თავს კარგად. ვეუბნები, რომ მე ეს ბევრი მეჩვენება.

_ მაშინ ჩაი უნდა დალიოთ, _ ასკვნის ბრეჟნევი და ამ შეხვედრის სამახსოვროდ საჩუქრად ელექტროსამოვარს მიძღვნის, რომელსაც ორი ბოთლი არაყიც მოყვება. სანამ მას დავემშვიდობებით, სამახსოვრო ფოტოს ვიღებთ _ ფრანგების ჯგუფი საბჭოთა თავკაცის გარშემო.

ამ ფოტოსურათმა ბევრად მეტი გააკეთა, ვიდრე ყველა იმ ძალისხმევამ, რომელიც კი ოდესმე გამომიყენებია ჩემი მეგობრებისა თუ პროფესიის დახმარებით. ამ სურათის ნამდვილი ფასი რომ გამეგო, საკმარისი გახდა მოსკოვში დაბრუნების შემდეგ დატრიალებული ეპიზოდი _ შენი მშობლები როგორი სიამაყით უჩვენებდნენ გაზეთიდან ამოჭრილ ამ ფოტოსურათს ყველას, ვისთვისაც კი შესაძლებელი ხდებოდა მისი ჩვენება.

8 8 8

საღამოს კვლავ სასოწარკვეთილი ვბრუნდები შინ. დედა, ჩემი საუკეთესო მეგობარი, ჩემი ერთადერთი დამცველი სიკვდილის პირასაა. მესმის, რომ სრულიად უადგილოა კომედია, რომელიც დღეს გავითამაშეთ საელჩოში, მაგრამ ისიც კარგად ვიცი, რომ უამისოდ შორს ვერ წავალ.

დედის სიკვდილი ჩემთვის იგივეა, საკუთარ გარდაცვალებას ვუცქირო სარკეში. ძალიან განვიცდი, მაგრამ ცხოვრება გრძელდება. ვიცი, რომ შენ და ჩემს შვილებს გჭირდებით. ვჭირდები ჩემს დებსაც. დღეიდან მე ყველა თქვენთაგანისთვის გრძელი ჯაჭვის ყველაზე ბოლო, შემაერთებელი რგოლი ვარ.

დედაჩემი, რომელიც შენ მხოლოდ რამდენიმე წუთით ნახე სამი წლის წინ სასტუმრო «სოვეტსკაიაში», სიკეთის, უსაფრთხოების, სითბოს განსახიერება იყო, ანუ იმ ყველაფრის, რაც შენ ასე გჭირდება.

მისმა ახალგაზრდობამ რევოლუციის ფონზე გაიარა _ 1917 წელს იგი მხოლოდ 18 წლის იყო. ის პეტერბურგში გაიზარდა, სწავლობდა სმოლნის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტში. ის ერთ-ერთი იმათგანი იყო, ვინც ახალი იდეებით შეიარაღებულმა, აჯანყების დღეს წითელი ნაჭერი გამოფინა ფანჯარაში. შემდეგ მან თავისი თვალით იხილა, როგორ ძარცვავდნენ ქსოვილების მწარმოებელი ებრაელების სახლებს და მთელი ცხოვრება დაამახსოვრდა სხვადასხვა ფერის ნაჭრის ნარჩენები, ქუჩებში რომ იყო მოფენილი. ბოლოს მისი საყვარელი ქალბატონიც მოკლეს და ისიც, როგორც ბევრი მისი თანატოლი გოგონა, იძულებული გახდა, შეშინებული საზღვარგარეთ გაქცეულიყო.

უამრავი ტრაგიკული ეპიზოდის გადატანის შემდეგ დედა პარიზში აღმოჩნდა.

მას შენ უყვარდი. შენ აღმოჩნდი ჩემი ცხოვრებიდან ერთადერთი მამაკაცი, რომელიც მან გულით მიიღო. შენი ლექსები, სიმღერები, ხმა, შენი მუსიკა _ აი, რით შეძელი მისი «მოსყიდვა». მას ხანდახან არ ესმოდა შენი ჟარგონული გამონათქვამების, თანამედროვე სიტყვების მნიშვნელობა, მაგრამ მაინც ხვდებოდა, რას ამბობდი და ხვდებოდა იმაზე მეტსაც, რასაც მისი თაობის ბევრი ქალი ვერ მიხვდებოდა.

ის ყოველდღე მიკითხავდა შენს წერილებს, რადგან მე ჯერ კიდევ ვერ ვფლობდი რუსულ ენას სათანადო დონეზე.

როცა ტელეფონით გელაპარაკე და შეგატყობინე, რომ დედა ხელოვნურ აპარატზეა მიერთებული და უნდა გადავწყვიტოთ, გამოვრთოთ აპარატი, თუ დავიცადოთ, შენ მეუბნები იმას, რასაც ველოდი შენგან.

_ თუკი წუთები დათვლილია, რისთვისღა აწვალებთ?

მე და ჩემი ერთი და თანახმანი ვართ. ხანგრძლივი კამათის შემდეგ დანარჩენებიც დავითანხმეთ.

ვღრიალებ ტელეფონში, შენ ჩემს გამხნევებას ცდილობ…

8 8 8

1972 წლის თებერვალში ყველა შესაძლო ვარიანტი გადაისინჯა. შესაძლებელია ჩემი მოსკოვში საბოლოოდ დარჩენა ბავშვებთან ერთად, მაგრამ… დედაჩემის სიკვდილის შემდეგ ყველაფერი რთულდება. ოჯახში ფული აღარაა, ჩემი სამუშაოც, რომელიც მიყვარს და რომელიც აუცილებლად უნდა გავაგრძელო, აქ არის, საფრანგეთში, ამასთან, ჩემი დები უჩემოდ ვერ იარსებებენ. გარდა ამისა, ბავშვებსაც არ უნდათ საფრანგეთიდან ასე შორს ცხოვრება, თანაც _ სამუდამოდ…

მხოლოდ მას შემდეგ ვახერხებ მოსკოვში დაბრუნებას, როცა ჩვენი დიდი სახლიდან გადავდივართ, ბავშვებს პანსიონში მივაბარებ და გადაღებებს მოვრჩები. დედას სიკვდილმა მკვეთრად შეცვალა ჩვენი დიდი ოჯახის ცხოვრება.

შეიძლება ცოტა უცნაურიც კი ჩანდეს, მაგრამ სწორედ პარიზში გავაკეთე გადამწყვეტი განცხადება ჩემთვის ვიზის მონიჭების თაობაზე.

სსრკ-ის ელჩმა პარიზში, ბატონმა აბრასიმოვმა მიმიღო. პირდაპი ვუყვები მას ჩვენი ყველა პრობლემის შესახებ… შეულამაზებლად. ვუხსნი, რომ ტურისტული მგზავრობა ძვირი მიჯდება, თანაც წელიწადში რამდენჯერმე მიხდება მოსკოვში ჩაფრენა. არც ჩემი სამსახური მაძლევს ქვეყნიდან გრძელვადიანი გასვლის საშუალებას. გარდა ამისა, ჩემთვის უაზრობაა ფული სასტუმროებსა და კვებაში ვხარჯო მაშინ, როდესაც მოსკოვში მყავს კანონიერი მეუღლე, მაქვს ბინა და საჭმელ-სასმელიც _ უფასოდ.

ელჩი ხელის მოძრაობით მაწყვეტინებს სიტყვას.

_ საბჭოთა კავშირში ყველას ძალიან უყვარხართ. ვიცით, რომ თქვენ ჩვენი მეგობარი ხართ. ამიტომაც ყველაფერს ვაკეთებთ ამ ძმური ოჯახის შესაკავშირებლად. პირადად მე დიდი თაყვანისმცემელი გახლავართ თქვენი ნიჭის, თქვენი თამამი საქმიანობის მშვიდობისა და ჩვენი ქვეყნების მეგობრობის სასარგებლოდ. მითხარით, რას ფიქრობთ ფილმზე «აღიარება»?

მაკვირვებს ასეთი უცნაური გადასვლა სხვა თემაზე და იმ წუთას ვერ ვხვდები, რა უნდა ვუპასუხო. ბოლოს ფრთხილად ვამბობ, რომ წიგნი, რომლის მიხედვითაც ეს ფილმი გადაიღეს, საჭირო წიგნია, სიმართლით გაჯერებული და სტალინიზმის დანაშაულობები სამსაჯავროზე უნდა იქნას გამოტანილი.

დუმილი… აშკარაა, ელჩი სხვა პასუხს ელოდა…

და ვაღიარებ, რომ სწორედ ამ მომენტში ყველა და ყველაფერი განზე გავწიე, ყველას და ყველაფერს ხაზი გადავუსვი და შენ აგირჩიე. ბოლოს და ბოლოს, ჩემი ბრძოლა ადამიანის უფლებებისთვის, ეს ბრძოლაა შენი უფლებებისთვის. ამტომაც ვამბობ იმას, რისი მოსმენაც მას ჩემგან სურს.

_ თვითონ ფილმმა შეიძლება ექსტრემისტული აზრები აღუძრას ადამიანს, მაგრამ ეს ხომ ფილმია, ის სხვანაირად აყალიბებს ხასიათებს, სხვანაირად გადმოსცემს მოსაზრებებს, ამიტომაც მოდის წიგნთან წინააღმდეგობაში. გამოდის, შენ მაგივრად სხვა ადამიანები ფიქრობენ. ამის გამო შეიძლება ფილმმა არასასურველი ეფექტი მოახდინოს, ვაღიარებ.

ელჩი იღიმის.

_ მაქსიმალურად გავაკეთებ ყველაფერს, რომ ვიზის მიღებასთან დაკავშირებით პრობლემები არ შეგექმნათ.

ვწითლდები, უფრო იმის გამო, რომ არასასურველი სიტყვის თქმამ არ მომიწია. ისინი ჩემგან მხოლოდ ერთ რამეს ითხოვდნენ _ განდგომას მონტანისგან, სინიორესგან, კოსტა გავრასისგან, მაგრამ ისინი ხომ ჩემი მეგობრები არიან. არადა, მათი საწინააღმდეგო მხოლოდ იმიტომ უნდა მეთქვა, რომ მესიამოვნებინა ბატონი აბრასიმოვისთვის, რომელიც ვერ იტანდა ჩემი მეგობრების მსოფლმხედველობას. დღესაც არ ვიცი, რამ უფრო გაჭრა მაშინ _ ჩემმა ბრეჟნევთან გულითადმა შეხვედრამ, კომუნისტური პარტიის წევრობამ და აქტივისტობამ, თუ ჩემი მსახიობური ნიჭით აღფრთოვანებამ, მაგრამ ფაქტი ერთია _ იმ დღიდან მოყოლებული, პრივილეგიები მომენიჭა და არც ერთხელ არ შემქმნია ვიზასთან დაკავშირებით პრობლემები.

70-ზე მეტი ვიზა გაიცა ჩემზე. ხშირ შემთხვევაში, იმ დღესვე, როცა კი განცხადებას დავწერდი. რაც შეეხება შენს ქვეყნიდან გასასვლელ ვიზას, ეს უფრო მეტ პრობლემასთან იყო დაკავშირებული. 6 წელი ველოდით, სანამ სითამამეს მოვიკრებდით და ამის თაობაზე შევიტანდით განცხადებას. ვფიქრობ, საკმარისზე მეტი მტკიცებულება მქონდა. ამ წლების განმავლობაში ჩემი უამრავი მეგობარი ჩამოვიდა მოსკოვიდან მეზონ-ლაფიტზე ჩემი რეკომენდაციით და შეუფერხებლად დაბრუნდა უკან, ერთხელაც არ შეუქმნიათ ჩემთვის პრობლემები, არავის თავში აზრადაც არ მოსვლია, საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ დასავლეთში დარჩენილიყო და საფრანგეთის მთავრობისთვის თავშესაფარი ეთხოვა. ისინი, უბრალოდ, მოგზაურობდნენ და ამით რჩებოდნენ კმაყოფილნი.

8 8 8

ჩვენმა ერთად თანაცხოვრებამ კარგად იმოქმედა შენზე. გაწონასწორებული გახდი. არ სვამ, ბევრს მუშაობ და შენი მსახიობური იმიჯი ახალ ფაზაში შედის _ ახლა ფილმებშიც გიღებენ. პუბლიკა აღმერთებს შენს პერსონაჟებს, უარყოფითებს, მაგრამ მაინც… რადგან შენ არ გაქვს უფლება, დადებითი გმირი ითამაშო. თამაშობ ბოროტ ადამიანებს, მაგრამ ისე ბრწყინვალედ!..

მე კი მინდა, პარიზი გაჩვენო. მინდა იცოდე, როგორ ვცხოვრობ, გაგაცნო ჩემი მეგობრები… მინდა, გქონდეს უფლება, ქვეყნიდან გაემგზავრო, რათა ნახო მსოფლიო, რათა თავისუფლად იგრძნო თავი.

ამაზე საუბარში ღამეებს ვათენებთ. ყველაფერს ვაანალიზებთ, რა შეიძლება ამისთვის გავაკეთოთ. თავად არასდროს გიფიქრია საფრანგეთში საცხოვრებლად დარჩენაზე. შენთვის სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენდა შენი სამშობლოს ფესვების, ენის შენარჩუნება, რომელსაც ასე აღმერთებდი ყოველთვის.

შენ გიჟურ გეგმებს აწყობ…

ოცნებობ ცენზურისგან თავისუფალ კონცერტებსა და ფირფიტებზე, მოგზაურობაზე დედამიწის გარშემო.

როგორც ხდება ხოლმე, აუხდენელი ოცნებები ახდენილი ხდება, მაგრამ ცოტა მოგვიანებით.

ჯერ კი შენ, ფრანგ ქალზე დაქორწინებულ ადამიანს, გჭირდება საფრანგეთის ჩვეულებრივი ვიზა, რათა შვებულება იქ გაატარო. სწორედ ეს წერია განცხადებაში, რომელიც უცხოელთა ვიზების გამცემ ორგანიზაციაში მიგვაქვს.

მომდევნო კვირა ნამდვილი წამება ხდება ჩვენთვის. სარისკო სცენა გავითამაშეთ. თუ წავაგეთ, მთელი ცხოვრება აუხდენელი დარჩება შენი ოცნებები. საფრთხილო თამაშია. ვიცით, რომ გადაწყვეტილების მიღება ხანგრძლივი პროცესია, რომელიც მაღალ დონეზე უნდა გადაწყდეს.

დღეები გადის, ჩვენ შანსებს ვითვლით. ხანდახან პესიმიზმი გიპყრობს, ამბობ, რომ არაფერი გამოვა, ხანდახან კი ოპტიმიზმით ივსები _ რადგან ამდენ ხანს ვერ გადაწყვიტეს, ესე იგი, იქ ისეთი ადამიანებიც არიან, რომლებიც შენს მხარესაა და ისინი გაიმარჯვებენ. მეც გამხნევებ, მაგრამ რაც დრო გადის, უფრო მიძლიერდება ეჭვი, რომ უარს ჩაგირტყამენ. არადა, შენი შვებულების დრო ახლოვდება.. მათ კი შეუძლიათ იქამდე გაწელონ პასუხი, სანამ კვლავ არ დაგეწყება თეატრის სეზონი. ამ ტრიუკს ხშირად იყენებს ადმინისტრაცია სხვებთან. შენ რატომ იქნები გამონაკლისი? ფორიაქობ, ადგილს ვერ პოულობ, ვერ წერ, ვერ იძინებ და რომ არა ესპერალი, ალბათ სმასაც დაიწყებ.

ერთ დილით, უთენია, 5 საათზე, გვირეკავს ვინმე უცნობი თაყვანისმცემელი, რომელიც სავიზო განყოფილებაში მუშაობს და გვეუბნება, რომ ვიზაზე უარს გეტყვიან.

გამოსავალს ვეძებ და ვპოულობ. ლუსიას დახმარებით სასწრაფოდ ვრეკავ პარიზში როლან ლერუასთან. იგი ფრიად კულტურული ადამიანია, ბრწყინვალე შემოქმედი, რომელსაც უყვარს შენი თეატრი, რომელმაც რამდენჯერმე სცადა ტაგანკა გასტროლებზე მიეწვია საფრანგეთში, თუმცა _ უშედეგოდ.

ვიცი, რომ იგი ძალიან აფასებს შენს სიმღერებს. გარდა ამისა, ის ჩემი ახლობელია და ყველა ჩემი პრობლემა ზეპირად იცის. ორი სიტყვით ვუხსნი სიტუაციას და იგი დახმარებას მპირდება…

8 8 8

დილა თენდება. სპეციალურ კურიერს ჩვენთან საზღვარგარეთის პასპორტი მოაქვს იმ პასპორტის სანაცვლოდ, რომელიც ყველა საბჭოთა ადამიანს უნდა ედოს ჯიბეში. ყველა წესის მიხედვით გაფორმებული ვიზა, რომელსაც ჯერაც არ შეშრობია მელანი…

და აი, საზღვარგარეთის პასპორტი შენს ხელშია! თვალებს არ უჯერებ, ფურცლავ მის გვერდებს, ხელს უსვამ წითელი მუყაოს ყდას და ხმამაღლა მიკითხავ ყველაფერს, რაც იქ წერია. ერთდროულად ვიცინით და ვტირით სიხარულისგან!

მხოლოდ მოგვიანებით ვიგებთ დაუჯერებელ სიმართლეს შენს ვიზასთან შექმნილ სიტუაციაზე. ჯერ ერთი, ვინც ვიზა მოიტანა, ოფიცერი გახლდათ და არა ჩვეულებრივი კურიერი. მეორეც, ხალხი საათობით დგას რიგში, რომ საჭირო დოკუმენტაცია მიიღოს, შენ კი სახლში მოგიტანეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ბრძანება ზემოდან უნდა მოსულიყო, ყველაზე მაღალი ეშელონებიდან.

მაშინვე პუშკინი მოგყავს მაგალითად, რომლის პერსონალურ ცენზორს თავად იმპერატორი წარმოადგენდა, მაგრამ ვერასდროს ეღირსა საზღვარგარეთ გამგზავრებას. ჩვენ კი… ჩვენ მხსნელად თურმე ჟორჟ მარშიე მოგვევლინა, რომელმაც თვით ბრეჟნევი «შეაწრიალა» ჩვენი გულისთვის.

ასე რომ, შენ უფრო მეტად გაგიმართლა, ვიდრე პუშკინს.

8 8 8

ერთადერთხელ ცხოვრებაში, კინაღამ ციხეში მოხვდი. ეს ოდესაში მოხდა. შენ თვითმფრინავში იჯექი, მოსკოვში უნდა გადაფრენილიყავი. ამ დროს ორი «კგბ»-ს თანამშრომელი დაგადგა თავს და გაყოლა მოგთხოვეს.

მოხდა გაუპატიურება. მსხვერპლი პატარა გოგონა იყო, იგი ბავშვებმა დაინახეს მამაკაცთან, რომელიც აღწერილობით შენ გგავდა. გოგონას ფრჩხილებიდან აღებული სისხლის ჯგუფი შენსას დაემთხვა.

პანიკა გიპყრობს. ტყუილად ცდილობ ახსნას, რომ იმ დღეს 40 ადამიანთან ერთად გადაღებებზე იმყოფებოდი ჩადენილი დანაშაულის ადგილიდან ძალიან შორს, ასეულობით კილომეტრზე. არაფერი გშველის. გიბრძანეს, დარჩე სასტუმროში და დაელოდო, როდის დაგაპირისპირებენ მოწმეებთან და დაზარალებულთან. კარგად იცი, როგორაა შენით დაინტერესებული ადგილობრივი «კგბ». შენ კარიერის მწვერვალებს იპყრობ, შენი სიმღერები კი არ მოსწონს ადგილობრივ ხელისუფლებას. ყველა ქალაქს თავისი პატარა მეფე ჰყავს, ოდესისას კი შენი იუმორი არაფრად ეპიტნავება, გერჩის და სურს, ანგარიში გაგისწოროს.

უბრალო დამთხვევააა, თუ სპეციალურად შეთითხნილი ბრალდება, არავინ იცის. ფაქტი ერთია _ ყველა ერთხმად ამტკიცებს, რომ დამნაშავე ტყუპისცალივით გგავს. დღის მეორე ნახევარში შენთან დაახლოებით 30 წლის მამაკაცი მოდის, რომელიც თავისი აღნაგობით და გამოხედვით უცებ შეიძლება გამოიცნო, რას წარმოადგენს _ ის ორგანოს თანამშრომელია, მაგრამ, ამავდროულად, შენი თაყვანისმცემელი. შენ ხომ ყველგან გყავს თაყვანისმცემლები, ადამიანები, რომლებიც შენს ნიჭს აფასებენ.

მამაკაცი გიხსნის, რომ მთავარია, დაპირისპირებაზე არ დათანხმდე. დამნაშავე ბავშვებმა ნახეს, ამიტომ მათზე ზეგავლენის მოხდენა ადვილია. ამიტომ თუ საქმეს მსვლელობა მიეცა, მერე პროცესის შეჩერება შეუძლებელი გახდება. ის გირჩევს, ახლავე გაქრე, მოგვიანებით კი წარმოადგინო მტკიცებულება, რომ დანაშაულის ჩადენის დღეს გადაღებებზე იმყოფებოდი. ურეკავ რეჟისორს, უხსნი სიტუაციას და ისიც იმწუთას ბეჭდავს ფოტოფირებს, რომლებზეც შენი თამაშის ეპიზოდებია გადაღებული. ასისტენტს და ხმის ოპერატორს საათები და წუთებიც კი აქვს მითითებული ფოტოებზე. სწორედ ამ დღეზეა ლაპარაკი.

ყველა ამ ადამიანის თამამი ნაბიჯით (არადა, მართლაც დიდი სითამამე სჭირდებოდა კგბ-სთან კამათს), განსაკუთრებით შენი თაყვანისმცემლის რჩევით, თავს იძვრენ ამ უსიამოვნო ისტორიიდან, რომელიც ერთ-ერთი საშინელი ეპიზოდი იყო შენს ცხოვრებაში.

8 8 8

ყოველთვის აღნიშნავ, რომ დასავლეთში ადამიანები გაოგნებულები არიან იმ ისტორიებით, რომლითაც გაზეთებია აჭრელებული _ გულისხმობ სახაროვის, რეჟიმის წინააღმდეგ ამხედრებულების, დისიდენტების საქმეებს, მაგრამ მათ არაფერი იციან იმ ყოველდღიურ ზეწოლაზე, რასაც რიგითი ადამიანები განიცდიან. ამას შენ უწოდებ «ბამბის კედლის წინააღმდეგ ბრძოლას». და ყველაზე საშინელი ამ ყველაფერში ის არის, რომ შეუძლებელია თვალით ნახო ის უჩინარი ჩინოვნიკი, ვისზედაც არის დამოკიდებული ადამიანის კარიერა, პირადი ცხოვრება, თავისუფლება…

ვიხსენებ იმ საბედისწერო წუთებს, ტაგანკის თეატრში რომ გავატარე, როცა იური ლიუბიმოვმა და მისმა დასმა ახალი სპექტაკლის პრემიერა გაუმართეს «კულტურის წარმომადგენლებს». ამ ადამიანებს ერთი სიტყვით შეეძლოთ ხაზი გადაესვათ თქვენს თვეებით ნამუშევარზე, ცენზურის ბრჭყალებში მოექციათ და…

მათ ეს სიამოვნება ხელიდან არ გაუშვეს… ახლაც თვალწინ მიდგას თითოეული თქვენგანის სახე…

თქვენი ყოველი ახალი სპექტაკლის ბედი ბეწვზე ეკიდა…

8 8 8

შენს კონცერტებს ხანდახან სცენაზე გასვლამდე აუქმებენ ხოლმე, უმრავლეს შემთხვევაში, მიზეზად შენს ავადმყოფობას ასახელებენ. ამას წონასწორობიდან გამოჰყავხარ. მხოლოდ სიმღერას კი არ გიკრძალავენ, ჩაშლილ კონცერტსაც შენ გაბრალებენ. ფილმებში გამოყენებულ სიმღერებს ცენზურა პრემიერის დღესვე კრძალავს, რის გამოც ფილმებს თაროზე ალაგებენ რეჟისორები. გამომცემლობაში გაგზავნილ შენს ლექსებს თავაზიანი უარით და მოკრძალებული ბოდიშებით გიბრუნებენ უკან, ვერ დაგიბეჭდავთო…

რამდენიმე პატარა ფირფიტაზე, რომელიც 20 წლის მუშაობის შემდეგ გამოჩნდა, ყველაზე უწყინარი სიმღერებია ჩაწერილი. ტელევიზიაში, რადიოსა და პრესაში სრული სიჩუმეა, შენს ლექსებს და სიმღერებს ტაბუ აქვს დადებული. ამ დროს, არ არსებობს ოჯახი ქვეყანაში, შენს სიმღერებს ყოველდღე არ უსმენდეს.

ეს გაუთავებელი წნეხი თავგზას გაკარგვინებს, გაცოფებს, რადგან შენი საყოველთაო პოპულარობა მავანთა ახირების გამო ჩრდილშია მოქცეული.

ხშირად მიკვირს, რატომ გაღელვებს ეს, ნუთუ მთავარი არ არის, რომ ხალხს უყვარხარ, რა თავში იხლი ოფიციალურ აღიარებას.

შენ კი მპასუხობ.

_ ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ არ ვიარსებო, როგორც პიროვნებამ. უბრალოდ, არ არსებობს ასეთი ვინმე და მორჩა! აი, რატომ მაღელვებს!

ვიცი შენი ხასიათი. სიცოცხლის ბოლომდე იბრძოლებ, რომ აიძულო ისინი, პოეტად გაღიარონ, მაგრამ უშედეგოდ.

8 8 8

ბაქოში ვართ. პორტში. ჩემს შვილებს დიდი ხანია, სურთ ნახონ, როგორ ხტები სიმაღლიდან წყალში, იციან, რომ ლამაზ ნახტომს აკეთებ ჰაერში.

ემზადები. სანამ ფიცარნაგზე აიწევი, წამიერად ქვავდები ხელებგაშლილი, წინ იყურები და საკმაოდ მოკლე მანძილიდან ცდილობ, ორმაგი სალტო გააკეთო ჰაერში. არ გამოგდის. ცოტა დაგაკლდა, კინაღამ ქვის ზღუდეს დაარტყი შუბლი. საშინლად შეგვეშინდა.

შენც შეგეშინდა და ამის შემდეგ ორი კვირის განმავლობაში ყოველდღე ვარჯიშობ. კუნთებს იმაგრებ, აჭიმვებს და ბუქნებს ერთიმეორეს უთავსებ. ხანგრძლივად ვარჯიშობ, მანამ, სანამ ძალა არ გამოგეცლება.

39 წლის ხარ. შენი სხეული, რომლისგანაც ამდენს ითხოვდი, ძველებურად აღარ გემორჩილება. ბავშვობიდან დადიოდი სპორტზე, აკრობატობა გიზიდავდა. სტუდენტობის დროსაც არ შეშვებიხარ ვარჯიშს. ფარიკაობა გამოგდიოდა კარგად. ცეკვასაც სწავლობდი…

ძალიან ნიჭიერი ხარ. სპექტაკლებზე დაუჯერებლად კარგად ართმევ როლებს თავს. «გალილეის ცხოვრებაში» მონოლოგი გაქვს, რომელსაც დიდხანს კითხულობ, თან თავდაყირა დგახარ იატაკზე.

სპექტაკლში _ «ათი დღე, რომელმაც შეძრა მსოფლიო», თან ლაპარაკობ, თან რთულ აკრობატულ ილეთებს აკეთებ.

«პუგაჩოვში», მონოლოგის წაკითხვის პარალელურად, ცდილობ თავი დააღწიო მიმე ჯაჭვებს, რომლის ყოველი მოქნევა წითელ ზოლს მართლა ტოვებს შენს სხეულზე.

ასეთი ნიჭიერი ხარ…

8 8 8

ზაფხულია. მოსკოვის გარეუბანში გავდივართ, პლაჟზე, რომელიც სპეციალურად დიპლომატებისთვისაა მოწყობილი. გაზონზე, სადაც მოვკალათდით, შენ კვლავ ვარჯიშების გაკეთებას იწყებ. იქ მყოფი ადამიანები _ ბრეჟნევის თარჯიმანი, მინისტრის შვილები, კინორეჟისორები, პოეტები, მოდური ჟურნალისტები _ აპლოდისმენტებს არ იშურებენ, როცა შენ აკეთებ ილეთს _ «ნიანგი ცალ თათზე». ეს რთული ვარჯიშია, ათლეტი იდაყვში მოხრილი ცალი ხელით ეყრდნობა მიწას, სხეული კი ჰაერში აქვს აწეული.

ერთ საღამოს ჩემმა ვაჟმა, ვლადიმირმა, რომელიც 6 წლისაა, მდინარის მეორე ნაპირამდე გაცურა და უკან ვეღარ შეძლო გამოსვლა. მის გამოსაყვანად მიშა ბარიშნიკოვმა გაცურა. როცა უკან გამოცურეს, მე ვეკითხები მიშას, ხომ არა აქვს ჩემს შვილს ცეკვის ნიჭი. მიშა მეთანხმება. მირჩევს, ვალოდია ცეკვაზე ვატარო.

საღამოს კი, როცა მას ვაძინებ, მოულოდნელად გაღიზიანებული ხმით მეუბნება, რომ ცეკვაზე არ ივლის, რადგან ცეკვა გოგოების საქმეა და არა ბიჭების. როცა ამის შესახებ გიყვები, გეღიმება.

_ ცუდია, რომ არ უნდა… არადა, მართლა აქვს ნიჭი. მაგრამ ერთ დროს ხომ მეც უარი ვთქვი სპორტზე და თეატრი ავირჩიე. მგონი, არაფერი წამიგია. მიუშვი, არ დააძალო, თავად გააკეთოს არჩევანი.

ყოველდღე ვხედავ, ამდენი ვარჯიშით როგორ აყალიბებ შენი სხეულისგან «დაზგას»,

მერე მკლავებდაკუნთული დგები სარკის წინ და ამაყად უცქერ შენს ორეულს. ბატიბუტებივით დაყრილ კუნთებს შენეული სახელი შეარქვი _ «შოკოლადის ფილები».

საშუალო სიმაღლის ხარ, 170 სმ, მაგრამ ძალიან პროპორციული აღნაგობის, სპორტული ფიგურით, ვიწრო წელითა და განიერი ბეჭებით. სწორედ ეს გაძლევს შესაძლებლობას, კრივის ილეთებით დაიტვირთო თავი, ამით ძალიან კმაყოფილი რჩები. რამდენჯერ მინახავს, ჩხუბის დროს, შენზე ორჯერ უფრო ძლიერები დაგიგდია ძირს.

შენი ერთი ყველაზე ლამაზი დარტყმა მახსოვს. ქართულ რესტორან «არაგვიდან» გამოვდიოდით. პალტოს ვიცვამდი. ამ დროს ვიღაც გოლიათური აღნაგობის მამაკაცი მომიახლოვდა, ხელი მხრებზე გადამხვია და მითხრა.

_ აბა, მარინა, ერთი შემობრუნდი და დამენახვე! _ მან ფრაზის დამთავრება ვერ მოასწრო, რომ შენი მოქნეული მარცხენა პირდაპირ ყბაში მოხვდა და ჰორიზონტალური მიმართულებით გაფრენილი პირდაპირ ბუჩქებში გადავარდა. ორი მოხეული მამაკაცი, რომელიც იქვე, შორიახლოს იდგა, გაოცებული გვიყურებდა ხან ჩვენ, ხანაც იმ ტიპს. ჩვენც ვიდექით და ველოდებოდით, რა მოჰყვებოდა ამ ინციდენტს, გამოიძახებდნენ თუ არა პოლიციას, მაგრამ მოულოდნელად იმ ტიპებმა ხარხარი ატეხეს, მოვიდნენ შენთან, მხარზე მოწონების ნიშნად ხელი მოგითათუნეს და შემდეგ ორივენი მანქანამდე მიგვაცილეს.

სხვათა შორის, მამაჩემიც იყო კრივით გატაცებული. ვინ იცის, რამდენჯერ გამოუყენებია თავისი ძლიერი მუშტები ჩხუბის დროს. მან ასე იცოდა თქმა: «მარჯვნიდან დარტყმა _ საავადმყოფო, მარცხნიდან დარტყმა _ სიკვდილი».

ერთადერთხელ ვნახე, როგორ ააცილე. ეს ამბავიც რესტორანში მოხდა, როცა ერთი ძალიან მთვრალი კაცი გაიძულებდა, გინდა თუ არა, ერთი ჭიქა არაყი დალიეო. როცა მოთმინება გამოგელია, ხელი მოუქნიე, მაგრამ ნახევარი ძალით და არ გამოგივიდა. გვერდულად დარტყმისას მოწინააღმდეგე უკან გადაიხარა და შენ ცერა თითი უშნოდ მოგიხვდა მის ნიკაპზე. სახე ისე დაგეღმიჭა, მივხვდი, როგორ გეტკინა, მაგრამ მე მაინც სიცილი ამიტყდა. ამან უარესად გაგაბრაზა და სუფრის დამთავრებამდე დაბოღმილი იყავი.

8 8 8

სპექტაკლის დაწყების წინ აუცილებლად იწყებ სხეულის გახურებას. ამას მარტო შენ არ აკეთებ, არამედ თეატრის ყველა მსახიობი. ეს აუცილებელიცაა, რადგან ლუბიმოვის სპექტაკლები მსახიობისგან არა მხოლოდ ნიჭს, სპორტულ თვისებებსაც მოითხოვს, რადგან ტაგანკის სცენაზე თამაში იოლი არ არის. ვარჯიშების მთელი სერიაა ფორმაში ჩასადგომად. ხმის დაყენება, სუნთქვა, შინაგანი კონცენტრაცია… ისინი სტანისლავსკიმ შემოიღო და შემდეგ იოგას ელემენტებით და სხვა აღმოსავლური დისციპლინებით გაამდიდრეს.

შენთვის ასეთი ვარჯიშები აუცილებელია, რადგან «ჰამლეტის» თამაშისას, ყოველ სპექტაკლზე 2-3 კგ-ს იკლებ.

«გალილეის ცხოვრებაში» უფრო დატვირთული ხარ, მთელი 4 საათი, შესვენების გარეშე დგახარ სცენაზე.

სწორედ ამ ვარჯიშების დამსახურებაა, რომ სიმღერის დროს შენი ხრინწიანი ხმა, სცენაზე ერთობ ძლიერად და გამოკვეთილად ისმის. არ მახსოვს, ოდესმე გაგბზარვოდეს ან წაგსვლოდეს ხმა, რისიც ასე ეშინიათ ხოლმე მსახიობებს.

მე მხოლოდ ერთი რამის მეშინია. შენი ასეთი ძლიერი ხმა, შენი ასეთი ძლიერი სხეული თანდათან იცვლება, ფუჭდება, ნადგურდება. ორდღიანი ლოთობის შემდეგ ისე მომჩვარდები ხოლმე, ნაჭრის თოჯინას ემსგავსები. ხმა საერთოდ აღარ გაქვს ამ დროს _ ხავილი ამოგდის ყელიდან მხოლოდ.

8 8 8

სამზარეულოში ვსხედვართ. თეატრიდან ახლახან მოხვედი. გშია. სუფრას გიშლი. ხარბი თვალებით ათვალიერებ კერძებს. მე რაღაცას გეკითხები, შენ ფიქრებით სხვაგან ხარ, მოკლედ მპასუხობ და ამით ვხვდები, რომ ამ დროს ლექსი მწიფება შენს გონებაში…

თეფშს განზე წევ, სწრაფად შედიხარ ოთახში, საწერ მაგიდას უჯდები და მუშაობას იწყებ. მე აღარაფერი დამრჩენია, გარდა იმისა, რომ თეფშები ავალაგო, რადგან უკვე აღარ გამოხვალ სავახშმოდ. გიდუღებ ძალიან მაგარ ჩაის, ფრთხილად შემომაქვს შენთან, ვდგამ მაგიდაზე, შენ წინ და ოთახიდან თითის წვერებზე აწეული გამოვდივარ…

რამდენიმე საათს ატარებ საწერ მაგიდასთან. როცა ფიქრობ, თეთრ კედელს მიშტერებიხარ კუშტი მზერით. ვერ იტან შენს კედელზე ვერც ნახატს, ვერც სურათს… ჩრდილსაც კი. მაგიდა ოთახის კუთხეში დგას, ამიტომ ზურგით ფანჯრისკენ ზიხარ, რომ მხოლოდ თეთრი ფერის კედელს უყურო და სტროფების დალაგებაში არაფერმა შეგიშალოს ხელი.

24 საათიდან 3-4 საათს სწორედ ამ მაგიდასთან ატარებ და, რა თქმა უნდა, ღამის საათებში.

მე მეორე ოთახში გავდივარ და დივანზე წამოწოლილი გელოდები, როდის მორჩები წერას და როდის წამიკითხავ ახალდაბადებულ სტრიქონებს. ხანდახან ლოდინით დაღლილს ჩამეძინება ხოლმე. და აი, ღამის სიჩუმეში ნაზად ჩამომისვამ ლოყაზე ხელს, რომ გამაღვიძო. თვალები ჩაგწითლებია და სიგარეტისგან ხმა უფრო ჩახრინწული მეჩვენება. მიკითხავ ლექსებს _ და ეს ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი წუთებია ჩვენს ცხოვრებაში, სულიერი ერთიანობის უჩვეულო წუთები.

მაოცებს შენი ტალანტი. ხშირ შემთხვევაში ერთი სიტყვაც არ არის ხოლმე ქაღალდზე გადაჯღაბნილი. მიკვირს, როგორ მოგდის ასე ზუსტად სიტყვები თავში, რომ რითმა ყოველგვარი შესწორების გარეშე ლაგდება. ეს შენც არ იცი.

_ ასე გამოდის და მორჩა, მე რა ვიცი, _ ხელებს ღიმილით შლი, შემდეგ კი დაამატებ, _ ხანდახან იცი, რა ძნელია?

საათობით ზიხარ ხოლმე გიტარით ხელში, აკორდებს აწყობ და რითმებს ეძებ. ლიტრობით სვამ ცხელ ჩაის. შემდეგ რამდენიმე წუთით გაირინდები და უეცრად სიცილი აგიტყდება. ეს იმას ნიშნავს, რომ საჭირო ნოტები და სტროფები ნაპოვნია! და შენ მღერი…

ნებისმიერი თემა შეიძლება შენი ლექსის «მიზეზი» გახდეს _ ომი, სპორტი, ბანაკი, ციხე, ავადმყოფობა, სიყვარული, სიკვდილი…

«ბლატნოი» სიმღერების დიდოსტატად ითვლები. ქურდებს და ძველ ბიჭებს ჰგონიათ, რომ ერთ დროს შენც დიდხანს იჯექი ციხეში. მეზღვაურებმა და მფრინავებმაც ზეპირად იციან შენი სიმღერები, ათასობით წერილი მოგდის. ადამიანები მადლობას გიხდიან, რომ ტრაგიკულ მომენტებში მათ შენი სიმღერები შველის. წამიკითხავს ეს წერილები…

გწერენ ალპინისტები, მთაში რომ დაიკარგნენ და კვირაობით ელოდებოდნენ მაშველის გამოჩენას, სატვირთოების მძღოლები, გზააბნეულნი სტეპებში რომ გაჩხერილან შუაღამისას, კოსმონავტები, რომელთაც ვარსკვლავურ სივრცეში ამხნევებდათ შენი სიმღერები…

ინახავ ამ წერილებს და ამბობ, რომ ისინი საუკეთესო ადვოკატები იქნებიან შენს სასამართლო პროცესებზე, რომელიც არა და არ მთავრდება. ცენზორები წარამარა აღძრავენ საქმეს შენს წინააღმდეგ.

მაგრამ ერთხელაც ეს წერილები უკვალოდ ქრება. ვიღაცას, როგორც ჩანს, ძალიან სკანდალურად მოეჩვენა ისინი. ქრება ჩემი შენდამი მოწერილი წერილებიც. ალბათ გადაჭარბებულ ცოდვად ჩაგვითვალა ვიღაცამ ჩვენი სიყვარული.

საბედნიეროდ, დარჩა შენი სიმღერები. მასში კი ყველა ეს საგანძური ერთადაა «შენახული».

სტალინის პერიოდში ალბათ ასეთი სიმღერების გამო, უბრალოდ, დაგხვრეტდნენ. მაგრამ გაგიმართლა. შენ არათუ ცოცხალი ხარ, არამედ მაგნიტოფონიც გაქვს _ რაზეც ოცნებაც არ შეეძლოთ იმ პოეტებს, შენამდე რომ ცხოვრობდნენ. სწორედ მისი წყალობით, ფირზე ჩაწერილი შენი ლექსები და სიმღერები ჯერ მეგობრებს მოივლის, შემდეგ თეატრს, ხოლო რამდენიმე დღეში მთელ ქვეყანას შემოუვლის _ შორეულ ციმბირშიც «იმოგზაურებს» და გემების ბორტებზეც, მფრინავის კაბინებშიც და, მათი გამოისობით, პლანეტის სხვადასხვა კუთხეში. ერთნაირი სიამოვნებით ისმენს მას ყველა _ მოხუცი და ახალგაზრდა, რუსი თუ უცხოელი…

ხანდახან, როცა კონცერტს მართავ, შენივე სიმღერის ტექსტი გავიწყდება ხოლმე და პუბლიკა გკარნახობს სიტყვებს. ისინი ყველამ ზეპირად იცის…

ვერავინ მოთვლის, რამდენ ადამიანს მოუსმენია შენი სიმღერა, რამდენი მსმენელი დასწრებია შენს კონცერტს. მათი დათვლა შეუძლებელია…

პარიზში, ლოს -ანჯელესში, ნიუ-იორკში, უნგრეთში, ბულგარეთსა და საბჭოთა კავშირში განუსაზღვრელად იზრდება შენი პოპულარობა…

ბოლო წლებში პროზაშიც ცდი ბედს. დაწერ რამდენიმე მოთხრობას და სცენარს, ოცნებობ, შენთვის ძვირფას თემებზე იმუშაო. როგორც ჩანს, ხვდები, რომ ლექსები, რომელზეც სიმღერებს აგებ, უკვე აღარ გაკმაყოფილებს, თითქოს «ვიწროდ» გრძნობ თავს და გინდა ამ საზღვრებს გასცდე.

8 8 8

რაც დრო გადის, უფრო და უფრო ხშირად ლაპარაკობ სიკვდილზე. ბევრი შენი ნაცნობი თუ ახლობელი ცოცხალი აღარ არის. სერიოზულად ფიქრობ იმაზე, რომ რამდენიმე თვე პარიზში გაატარო, რათა იქ გააგრძელო წერა. ახლა იმაზეც იწყებ ლაპარაკს, წამოხვიდე თეატრიდან, რომლის რეჟიმი უკანასკნელ ძალებს გართმევს. საბოლოოდ გფიტავს. მეც ვიღებ გადაწყვეტილებას და გადავდივარ ჩემს დიდ სახლში, რომელიც პარიზის გარეუბანში მდებარეობს.

1979 წლის დასაწყისია. მეზონ-ლეფიტიზე ვილას ვარემონტებ. 6 წლის წინ გადავედი აქედან და ახლა სიამოვნებით ვბრუნდები უკან.

შენ კი აგრძელებ წერას, მერე დაწერილის გადათეთრებას, ჩასწორებას. ყოველთვის მიკვირს შენი აკურატულობა, როგორი სიფრთხილით ეკიდები ამ ქაღალდებს. ერთ ზედმეტ, დაჭმუჭნილ ფურცელს ვერ იპოვის ადამიანი შენს მაგიდაზე. ყველა თაბახი მზრუნველად არის ჩალაგებული ფერად საქაღალდეებში. ამიტომაც არასდროს გაგფანტვია ხელნაწერები.

8 8 8

ერთ საღამოს გვიან ბრუნდები შინ და კარის ჯახუნით ვხვდები, რომ განერვიულებული ხარ. სამზარეულოდან გხედავ, როგორ მოაბიჯებ დერეფანში. პალტოს და კეპს იქვე მიაგდებ სავარძელში და ჩემკენ მოემართები. ხელში ნაცრისფერი წიგნი გიჭირავს და აქანავებ.

_ ეს უკვე მეტისმეტია! წარმოგიდგენია? ეს ვიღაც ტიპი, ფრანგი, ყველაფერს მართმევს! ზუსტად ჩემნაირად წერს. ეს პლაგიატია, სხვა არაფერი! არა, შეხედე! ეს სიტყვები, ეს რიტმი არაფერს გეუბნება? კარგად შეისწავლა ჩემი სიმღერები, არა? გაიძვერა! და ის მთარგმნელიც როგორი არამზადა ყოფილა, როგორ არ შერცხვა!

ვერაფრის წაკითხვას ვასწრებ, ძალიან სწრაფად ფურცლავ წიგნს. შემდეგ ბოლთის ცემას იწყებ გაბრაზებული და მიკითხავ იმ სტროფებს, რამაც ყველაზე მეტად გაგაღიზიანა.

მე ხარხარს ვიწყებ, ვერ ვჩერდები. როგორც იქნა, სულს ვითქვამ და სვენებ-სვენებით გეუბნები, რომ სასაცილოა ეს ყველაფერი. რომ პოეტი, რომელიც გგონია, შენს ლექსებს იპარავს, არც მეტი, არც ნაკლები, საფრანგეთის სასიქადულო პოეტია, შენზე საუკუნით ადრე დაბადებული _ არტურ რემბო.

შეცბუნებული ჩერდები. შემდეგ პირველ გვერდზე გადაშლი და ავტორის გვარს კითხულობ. წითლდები, ასეთი რამ რომ შეგეშალა. შემდეგ კი, როცა წყენა გადაგივლის, მთელი ღამე მიკითხავ ჩვენი ცნობილი პოეტის ლექსებს…

8 8 8

ჩემი ბაბუა, მამის მამა, გამოუსწორებელი მოქეიფე ყოფილა. იგი ძალიან მდიდარი ოჯახის ერთადერთი მემკვიდრე იყო, მაგრამ ბოშებთან ურთიერთობა ხიბლავდა თურმე. მათთან ერთად დაიკარგებოდა რამდენიმე დღით და შემდეგ საკუთარი მეეტლე ჩუმად მიასვენებდა ხოლმე ზურგზე მოკიდებულს, გალეშილ მთვრალს სახლში, სადაც მოსამსახურეები დაბანდნენ, გაპარსავდნენ და სუფთა ტანსაცმელს ჩააცმევდნენ. გამოფხიზლებული ბაბუა თავის მდივანს გაუშვებდა საიუველირო მაღაზიაში, შეიძენდა ძვირფას სამკაულებს და მხოლოდ ამის მერე მიადგებოდა ბებიაჩემს თავის ოთახში. საჩუქრით გახარებული და მისი სიყვარულით დაბრმავებული ბებია ქმარს ყველაფერს პატიობდა.

ჩვენი ურთიერთობაც თითქმის ამ სქემით ვითარდება. შენ მოულოდნელად ქრები. მე ვიგებ ამის შესახებ. თუ საზღვარგარეთ ვარ, პირველივე რეისით მოვფრინავ შენს საშველად, თუ არადა, «ადგილობრივად» გეძებ _ ვიძიებ შენს ადგილსამყოფელს, მაგრამ მეეტლეს კი არ ვგზავნი შენს წამოსაყვანად, მე თვითონ ვჯდები საჭესთან და შენკენ გამოვრბივარ. ჯერ შემთხვევით მეგობრებს უნდა დაგაშორო როგორმე, შემდეგ მანქანაში ჩაჯდომა გაიძულო და სახლში წამოგიყვანო. აქ არ არიან მოსამსახურეები, ვინც დაგბანს, ჩაგაცმევს და გაგპარსავს. ამას მე ვაკეთებ.

ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელ სახლში ვართ. პატარა ბინაში ადვილია შენი «მოთვინიერება», ერთი ოთახია და ეგრევე საწოლთან მიმყავხარ, მაგრამ დიდ სახლში, რომელშიც 6 წელია, ვცხოვრობთ, ყველაფერი რთულდება. ხელიდან მისხლტები, ოთახიდან ოთახში დარბიხარ და არ მანებებ, ტანთ გაგხადო, სუფთა ჩაგაცვა.

ვერ წარმომიდგენია, განა რა დონეზე უნდა დაისვაროს ადამიანი, როცა რამდენიმე საათი სუფრას უზის და სვამს?

რამდენადაც შენ მდივანი არ გყავს, რათა ჩემთვის საჩუქრის საყიდლად გაგზავნო, ცარიელი ხელებით ცდილობ, ყველაფერი ამიხსნა…

და, ალბათ, არც მე მიყვარხარ იმაზე ნაკლებად, ვიდრე ბებიას უყვარდა ბაბუა, რადგან სიბრაზე მალევე გადამივლის და მეც გპატიობ. გრძნობ დანაშაულს და მპირდები, რომ მსგავსი აღარასდროს განმეორდება…

8 8 8

ახლობელთან ერთად, რომელსაც დავითი ჰქვია, სომხეთში მიემგზავრები. დავითი იქ არის დაბადებული. არც ერთ თქვენგანს მანქანის მართვის მოწმობა არა აქვს. საბარგულში კონიაკები გილაგიათ ბოთლებით, ეს თქვენი საგზაო მარაგია.

მოსკოვიდან შენი გასვლა ტრაგიკულად მთავრდება. ისედაც განერვიულებული ხარ, თეატრიდან წამოხვედი, ლიუბიმოვთან სკანდალი მოაწყვე. როგორც მოსალოდნელი იყო, მთვალი მართავდი საჭეს, მოსახვევში მანქანა ვერ დაიმორჩილე და ავარია მოგივიდათ. ცოცხლები კი მხოლოდ იმიტომ გადარჩით, რომ, როგორც შენ ამბობ, მთვრალებს ღმერთი სწყალობს. ცოტა ხანში ორივენი გონს მოდიხართ, დამტვრეულ ბოთლებს ყრით მანქანიდან და გზას აგრძელებთ. დავითის მეუღლე, მიშელი შიშისგან გონზე არ არის, მე კი, სწორედ იმ მომენტში პარიზში მივფრინავ და ამ ეპოპეის შესახებ მოგვიანებით ვიგებ.

სომხეთისკენ მიმავალ გზაზე უამრავი მონასტერია. შენ თურმე ყველა მონასტერთან აჩერებ, პირჯვარს იწერ და ლოცულობ. როცა მესამე მონასტერს მიადექით, უკვე ოთხი ბოთლი კონიაკის დალევის შემდეგ, ოთხით შედიხარ ტაძრის ეზოში, რადგან ფეხზე დგომა აღარ შეგიძლია. მერე რაღაცას გაუგონრად ყვირი თვალცრემლიანი, თავს კედელს ურტყამ და ბოლოს გათიშულს იატაკზე გეძინება. დავითი კი სიცილით კვდება, მთვრალმა რომ ღმერთი იწამე…

მოგვიანებით, როცა ამ ამბავს მიყვები, სინდისის ქენჯნას გრძნობ, უსიამოვნოდ გახსენდება ის მოგზაურობა…



888

ორი შვილი გყავს პირველი ქორწინებიდან _ არკადი და ნიკიტა. მაოცებს შენი მკვეთრი რეაქცია, როცა გთხოვ, შვილებზე მელაპარაკო. არც იმაზე ხარ თანახმა, გავიცნო ისინი, რადგან შენი ყოფილი ცოლია წინააღმდეგი. მას არ სურს, მისი შვილები უცხელს ხვდებოდნენ. შენც დაგეძაბა მათთან ურთიერთობა. ვგრძნობ, რომ დიდი მოთმინების გამოჩენა მმართებს. მე კი როგორ მინდა მათი გაცნობა. ეს თავადაც გსურს. ჩემი სამი ვაჟიც ჩამოდის ახლა, საზაფხულო არდადეგებზე. ისინიც გიყვარს, მაგრამ გული გტკივა, რომ შენები ვერ მოდიან ჩვენთან.

ჩემი უმცროსი ვაჟი, რომელსაც ასევე ვლადიმირი ჰქვია, გაცნობისთანავე ისე მოგეჯაჭვა, როგორც საუკეთესო მეგობარს. ის შენ გარშემო დარბის და გაუჩერებლად გეტიტინება რაღაც ამბებს, რომლის შინაარსი მხოლოდ თქვენ ორს გესმით. ჩემთვის მხოლოდ ერთი სიტყვაა გასაგები _ როგორ გეძახის იგი ვალოდიას.

იგორს და პეტიასაც ძალიან უყვარხარ. მახსენდება ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი.

საღამო ხანია. შინ ვბრუნდები, რათა გამოვიცვალო და მიპატიჟებულ ვახშამზე შენთან ერთად წავიდე. სახლში უცნაური სურათი მხვდება. ჩემი უფროსი ვაჟები ვახშმის მომზადებით არიან დაკავებულნი, რომელიც წესით შენ უნდა მოგემზადებინა მათთვის. ჩვენ ხომ მარტონი ვცხოვრობთ. ბიჭები მეუბნებიან, რომ სასწრაფო საქმე გამოგიჩნდა და ვახშამზე მარტო მომიწევს წასვლა, შენ კი მოგვიანებით შემოგვიერთდები. მოგვიანებით მართლაც მოდიხარ სტუმრად, მაგრამ გატყობ, უხასიათოდ ხარ. მერე სიმღერა გთხოვეს და, ცხოვრებაში პირველად, უარი განაცხადე, ხმა ჩამეხრინწაო. ადრე მსგავსი რამ არასდროს მახსენდება.

გარეთ გამოსულს ერთი სული მაქვს, გავიგო, რა მოხდა. შენ კი არაფერს მეუბნები და მპასუხობ, რომ მერე ამიხსნი. შემდეგ მოკლედ მიხსნი, რომ მსუბუქ ავარიაში მოყევი, მაგრამ ახლა ყველაფერი კარგადაა და ამის დასამტკიცებლად ქუჩაში «ჩეჩოტკას» ცეკვავ. სიმართლეს შინ დაბრუნების შემდეგ ვიგებ. თურმე ავტობუსის მძღოლის დაუდევრობის გამო, მანქანის მართვის კონტროლი დაკარგე, ამოყირავდი და ფანჯრიდან გადაფრინდი. შინ თავგასისხლიანებული დაბრუნდი და ბიჭებმა გაიძულეს, ექიმთან წასულიყავი. ავარია სერიოზული გამოდგა. თავზე 27 ნაკერი გადევს. აი, ასე დაგიცვეს ჩემმა შვილებმა და შენს გამოჩენამდე საიდუმლოც არ გასცეს.

როცა ისინი გაიზრდებიან, შენი საუკეთესო ადვოკატები გახდებიან მთელი შენი ცხოვრების განმავლობაში და დაგიცავენ ყველასა და ყველაფრისგან.

ჩვენ საერთო შვილი არ გვყავს. ეს ჩემი სურვილია, მიუხედავად შენი დაჟინებული თხოვნისა. საერთო შვილი ჩვენ შორის მუდამ ბარიერი იქნება. ისედაც, მისთვის ორმაგად მტკივნეული იქნება წანწალი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. ამის გამო იგი ვერასდროს ჩაწვდება ბოლომდე, სად არის მისი ფესვები, რომელია მისი ნამდვილი სამშობლო _ რუსეთი თუ საფრანგეთი. მით უმეტეს, ყოფილმა ცოლმა რამდენჯერ წამოგაძახა, რომ თქვენი უფროსი ვაჟის ნერვული დაავადება შენი ლოთობის ბრალია. თუმცა, მოგვიანებით, როცა დადგინდა, რომ ეს მართალი არ არის, მე მაინც უარზე ვარ, შენგან შვილი გავაჩინო. ისიც საკმარისია, ჩვენ ორს რომ გვიწევს მთელი ოჯახის პრობლემების გადაწყვეტა, ოჯახური ტვირთის ზიდვა. წლების შემდეგ აღმოჩნდება, რომ მართალი ვიყავი. 13 წლის ასაკში უმამოდ დარჩენა მე ჩემს თავზე გამოვცადე და ეს უმძიმესი დარტყმა იყო ჩემთვის. მამის გარდაცვალებით მიყენებული ჭრილობა დღემდე არ მომშუშებია. შენი შვილი კი, რომელზეც ასე ოცნებობდი, 1980 წლის ივლისში დაახლოებით 13 წლის იქნებოდა…

8 8 8

ერთხელ, სიხარულისგან თვალებგაბრწინებული ბრუნდები შინ და მამცნობ, რომ სვიატოსლავ რიხტერი გვეპატიჟება ჩაიზე. განსაკუთრებული მონდომებით არჩევ ტანსაცმელს _ რა ჩაიცვა და წარამარა მეკითხები, საათის რომელია. მისი მოწვევა სწორედ რომ დიდი პატივია ჩვენთვის. რიხტერი ყველას კი არ ეპატიჟება თავის სახლში ჩაის დასალევად. ის ჩაკეტილ ცხოვრებას ეწევა და მარტოობას ელტვის. შინიდან მხოლოდ მაშინ გადის, როცა გასტროლებზე უწევს გამგზავრება. აღფრთოვანებული ხარ, კომპოზიტორს შენი სიმღერები, სცენაზე შენი თამაში რომ მოსწონს. მისი მოწვევა ერთი მხრივ, შენი ნიჭის აღიარებასაც ნიშნავს. პატარა, ქუჩაში გაზრდილი ბიჭი, რომელმაც ნოტების გარჩევაც არ იცის, ქვეყნის ყველაზე ცნობილ პიანისტთანაა მიწვეული. რა ბედნიერებაა!

რიხტერი პარიზში გავიცანი, ჩემს დასთან, ოდილ ვერსუასთან, რომელიც მისი ახლო მეგობარი და მისი ნიჭის უდიდესი თაყვანისმცემელია…

პატარა ბავშვებივით გახარებულები ავრბივართ კიბეზე და ზარს ვრეკავთ. თითის აღებას ვერ ასწრებ ზარის ღილაკიდან, რომ კარი იღება და რჩები იმავე პოზაში _ ხელაწეული.

თმაშევერცხლილი, ცისფერთვალება გოლიათი გვეგებება და ხელს გვართმევს. გაოცებული ხარ. ნუთუ ამ უზარმაზარ ხელებს ასე სწრაფად და ჰაეროვნად შეუძლია კლავიშებზე «გადარბენ-გადმორბენა»?

ძალიან დიდ და ნათელ დარბაზში შევდივართ, სადაც ორი შავი როიალი დგას. იატაკზე აქა-იქ კანფეტები და ნიღბებია მიმოყრილი. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ აქ სულ ცოტა ხნის წინ რაღაცას დღესასწაულობდნენ.

_ ამ საღამოს სტუმრად ჩემს თანაკურსელებს მოვუყარე თავი კონსერვატორიიდან. ყველას, ვინც ჯერ კიდევ ცოცხალია. რამდენი წელი გავიდა ჩვენი სტუდენტობის ხანიდან. მთელი საღამო ვერთობოდით, ვუკრავდით, ვმღეროდით, შარადებს ვამბობდით… ახლა განა იციან ასე გართობა?.. _ მერე ხელები გაშალა და გააგრძელა, _ წამოდით, ჩემი მეუღლე გელოდებათ.

დარბაზიდან ძალიან მყუდრო, აღმოსავლურად მორთულ ოთახში გავდივართ, სადაც სუფრაა გაწყობილი. ლამაზი ქალი, რომელსაც შავი აბრეშუმის კაბა აცვია, ოპერის მომღერლისთვის დამახასიათებელი ხმით გვესალმება.

ვამჩნევ, რომ წამოწითლდი. კუმშავ და შლი თითებს, ისედაც ჩახრინწული ხმა უფრო ჩაგეხრინწა. აღელვებას ვერ მალავ.

ვსვამთ ჩაის ძველებური ფაიფურის ფინჯნებიდან და საოცრად ტკბილ და ჰაეროვან ნამცხვარს ვაყოლებთ. დრო საინტერესოდ გადის. კმაყოფილებისგან თავბრუდახვეულები ვართ.

იქიდან გამოსულებს გვგონია, ჯადოსნურ სამყაროში მოვხვდით. ასეთი ბედნიერები დიდი ხანია, არ ვყოფილვართ…

1984 წელს მე პარიზში მომიწევს რიხტერის სარეპეტიციო კონცერტზე დასწრება. როცა მაესტრო დაკვრას დაამთავრებს, წამოდგება, მომიახლოვდება და ხელს ჩამომართმევს. შემდეგ ხანგრძლივი მზერით ჩამხედავს თვალებში, თავის ძლიერ თითებს მომიჭერს, ნაღვლიანად გამიღიმებს და ხმადაბლა მეტყვის.

_ ყოველთვის მზად უნდა იყო სიკვდილისთვის. ეს ყველაზე მთავარია.

8 8 8

ერთადერთი პოეტი, რომლის ფოტოსურათი შენს მაგიდას ამშვენებს, პუშკინია.

ერთადერთი წიგნი, რომელიც ხელთან ახლოს გაქვს და რომელსაც დროდადრო გადაიკითხავ ხოლმე, პუშკინისაა.

ერთადერთი ადამიანი, რომლის ციტატებსაც ხშირად იშველიებ, პუშკინია.

ერთადერთი მუზეუმი, რომელსაც ხშირად სტუმრობ, პუშკინის მუზეუმია.

ერთადერთი ძეგლი, რომელსაც ხშირად ამკობ ყვავილებით, პუშკინის ძეგლია.

ამბობ, რომ დიდი პოეტი შენი შთაგონების წყაროა. ამბობ, რომ ის ისეთივე წამებულია, როგორც შენ. მისი ცხოვრების ყველა წვრილმანი ცნობილია შენთვის და გიყვარს ყველა ის ადამიანი, ვისაც პუშკინი უყვარდა. გძულს ისინი, ვინც ბოროტად მოექცა დიდ პოეტს და ისე გამოიტირებ ხოლმე მას, თითქოს ახლახან დაასაფლავეს. ბულგაკოვს თუ დავესესხებით, შენ მას შენში ატარებ. ის შენი კერპია…

8 8 8

ჩვენ ხშირად ვსეირნობთ დილაობით. გიყვარს მოსკოვის ძველ ქუჩებში გასეირნება. ვიცვამთ თბილად და ტაატით მივუყვებით გზას. აქ უზარმაზარი ხეების ხეივანია ირგვლივ, ბულვარი და არბატი. სულ ესაა, რაც ძველი ქალაქიდან დარჩა.

აქვე, ამ მიდამოებში მდებარეობს ის ადგილი, სადაც ჩემი წინაპრები ცხოვრობდნენ მამის მხრიდან, მაიაკოვსკის ძეგლის სიახლოვეს. ზუსტად იმ ადგილას მოგვიანებით თეატრი აუშენებიათ, რომელიც ახლა დანგრეულია…

ცენტრალურ ბაზარშიც ხშირად დავდივართ. აქაური ატმოსფერო გვახალისებს _ ხმაური და ბოსტნეულის სურნელი. ლოყებღაჟღაჟა ქალებთან შეგვიძლია სხვადასხვა სახეობის სოკო შევიძინოთ, ახალი ხაჭო, კვერცხი, ხანდახან სოფლის კარაქიც კი, თაფლი და ხისგან გამოთლილი სათამაშოები. ზამთარში _ ვაშლი, გამომშრალი, მაგრამ ძალიან გემრიელი. იხვთან ან ღორის ხორცთან მის შეწვას არაფერი სჯობს.

ქალაქის ამ ნაწილში ბევრი კარგი რესტორანია _ «არმენია», «უზბეკისტანი», «არაგვი», «პეკინი», რომლებსაც ხშირად ვსტუმრობთ და შემდეგ კმაყოფილები ვბრუნდებით შინ. ხანდახან წითელ მოედანსაც მოვინახულებთ, განსაკუთრებით ზამთარში, როცა ულამაზესი სანახავია თოვლში გახვეული წმინდა ვასილის ეკლესია. 1889 წელს თურმე აქ მონათლეს მამაჩემი.

ზოოპარკში გასეირნებაც გვიყვარს. მე _ განსაკუთრებით და იგი მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ზოოპარკი მგონია. თვალს ვერ ვაშორებ ხოლმე ამ პატარა მხეცუნებს, ერთმანეთში რომ თამაშობენ. აქ ბლომადაა მგლის ლეკვები, შვლის ნუკრები, ლომის ბოკვერები და დათვის ბელები. უყურებ მათ და შეგიძლია ნათლად წარმოიდგინო, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო სამოთხე, რომ არსებობდეს. ჩვენ განსაკუთრებით ორი პუმა მოგვწონს, რომელთაც ნაცრისფერი შეფერილობის თვალები აქვთ. მათ მშვიდ დიდებულებას ხანდახან რომელიმეს მოულოდნელი ნახტომი არღვევს. არაჩვეულებრივი სიმსუბუქით მოექცევიან ხოლმე ხელოვნური ხეების კენწეროზე, სადაც სძინავთ კიდეც მთელი დღის განმავლობაში, ძირს ჩამოშვებული კუდებით.

გვაქვს კიდევ ერთი მარშრუტი _ ეს ნოვოდევიჩის სასაფლაოა. აქ ბევრი სახელგანთქმული ადამიანია დასაფლავებული. აქაურობა საოცარ ბაღს მოგაგონებთ. ძალიან დიდხანს ვჩერდებით ხოლმე ჩეხოვის საფლავთან, რომელიც პირადად ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწერალია. ჩემთვის იგი იმითაც არის განსაკუთრებული, რომ თეატრში დადგმულ მის პიესაში «სამი და» მე და ჩემმა დებმა ვითამაშეთ _ ოდილ ვერსუამ, ელენ ვალემ და მე.

ხანდახან პასტერნაკის აგარაკზე ავდივართ, სადაც მასპინძლობას ბრიჟიტ ანჟერერი გვიწევს _ ახალგაზრდა ფრანგი პიანისტი, მასპინძლის, სტანისლავ ნეიჰაუზის მოსწავლე.

შემდეგ გადავდივართ ბელა ახმადულინას მყუდრო აგარაკზე. აქ სრულიად განსხვავებული ატმოსფეროა. ყურადღებას იპყრობს კედელზე დაკიდებული ორი ადამინის ფოტოსურათი _ ბულატ ოკუჯავასი და მისი მეუღლის. სხვათა შორის, ბულატ ოკუჯავაა ერთ-ერთი, რომელიც წინ აღუდგა შენ ირგვლივ აგორებულ ყველა სკანდალს და რომელიც ყოველთვის გიცავდა და მხარს გიჭერდა.

როცა ბელა არ გვხვდება სახლში, ბავშვების მოხუცი ძიძა გვიმასპინძლდება იმით, რაც აქვთ. ჩვენ ბავშვებთან ერთად ვსადილობთ, ბავშვებთან, ძაღლებთან და კატებთან ერთად, რომლებიც ამ სახლში ოჯახის სრულუფლებიანი წევრებივით მოიაზრებიან. მათ საწოლზე დაძინების უფლებაც კი აქვთ. ბავშვებს ერთი ჟრიამული გააქვთ.

თუკი ბელა სახლშია, მაშინ ირგვლივ სრული სიმშვიდე სუფევს. ყველას აქვს მისი რიდი. ბელას ნაზი, შეუდარებელი ხმა განსაკუთრებულ განწყობაზე გვაყენებს.

იქიდან გამოსულები მდინარის ნაპირას ვსხდებით და მზის ჩასვლას ვუცქერთ. შენ ჩემს ხელს ეძებ… ეს სიმშვიდეა…

8 8 8

გრძელი, გაშლილი მინდვრის იქით საზღვარია. შიგადაშიგ მალულად შეგავლებ თვალს. დაძაბული ზიხარ სავარძელზე, საზურგესაც კი არ ეყრდნობი და წინ იყურები. ძალიან სწრაფად მივდივარ. რაც უფრო ვუახლოვდებით დასავლეთის საზღვარს, მით უფრო გველევა სალაპარაკო და მხოლოდ შენი ხმა ისმის. შემდეგ შენც ჩუმდები. მეც საშინლად ვნერვიულობ. ეს შენი პირველი გასვლაა საზღვრებს გარეთ!

ყველა შესაძლო სცენარი მიტრიალებს თავში, რაც კი შესაძლებელია, საზღვართან განვითარდეს. შენ არ გიშვებენ, გაყოვნებენ ან ყველაზე უარესი _ გაპატიმრებენ! და თვალწინ მიდგება ჩემი სახე, მე თავად რას მოვიმოქმედებ ამ დროს _ დავბრუნდები მოსკოვში! არა! საფრანგეთში წავალ! არა! ციხის კართან დავჯდები და შიმშილობას გამოვაცხადებ! რა არ მომაფიქრდა იმ წუთებში! ორივენი სიგარეტს სიგარეტზე ვეწევით. მანქანაში უკვე შეუძლებელია სუნთქვა, ჟანგბადი აღარ გვყოფნის, თუმცა ვიღას ახსოვს ახლა ჟანგბადი!..

და აი, უკანასკნელი რამდენიმე კილომეტრიღა დარჩა!..

სიჩქარეს ვანელებ… მოვედით… ჩანთიდან ვიღებ პასპორტს, დაზღვევის ფურცელს, მანქანის საბუთებს და ამ ყველაფერს შენ გაწვდი. ხელს ძლიერად მართმევ. ნელი სვლით პირველი მესაზღვრეს ვუახლოვდები. ძალიან ახალგაზრდა კაცი მიგვანიშნებს, რომ მოვიცადოთ და შენობის სიღრმეში უჩინარდება. ერთმანეთს შევცქერით. ვცდილობ, გავიღიმო, მაგრამ ვერ ვახერხებ. ახალგაზრდა მამაკაცი ხელს გვიქნევს. შენობას ვუახლოვდები და მკვეთრად ვამუხრუჭებ. ორივე გაფითრებული ვართ. ძრავის გამორთვასაც ვერ ვასწრებ, რომ ყოველი მხრიდან მესაზღვრეების ალყაში ვხვდებით _ მებუფეტეების, ჯარისკაცების და ბარის ოფიციანტების. ყველაზე ბოლოს პოსტის მეთაური მოდის.

ირგვლივ სულ მოღიმარი სახეებია. როგორც იქნა, ფერი დაგიბრუნდა, ეცნობი ამ ადამიანებს და ავტოგრაფებს არიგებ. ავტოგრაფები სამხედრო ბილეთებზე, რესტორნის მენიუზე, პასპორტებზე ან პირდაპირ ხელისგულებზე…

ცოტა ხნის შემდეგ შევდივართ შენობაში, სადაც უკვე შემოწმებულ პასპორტებს გვიბრუნებენ, ჩაით გვიმასპინძლდებიან და ერთიმეორეს არ აცლიან ლაპარაკს. შემდეგ რიგრიგობით იღებენ ჩვენთან სურათებს. ეს ყველაფერი დიდ ოჯახურ დღესასწაულს ჰგავს…

გზას ვაგრძელებთ და სარკიდან დიდხანს ჩანს, როგორ გვიქნევენ ხელს სასაზღვრო ზოლთან დარჩენილი ადამიანები. სიხარულისგან ვყვირით და ერთმანეთს ვეხვევით…გამოგვივიდა!

ნეიტრალური ზონა გადაკვეთილია… სწორედ ის ნეიტრალური ზონა!..

პოლონელებიც გვაყოვნებენ ცოტა ხნით. მერე კი, როცა საზღვარი ხეებს მიღმა დარჩება, მანქანას ვაჩერებ. ბედნიერებისგან აღტყინებული მთელი ხმით ყვირი. პატარა ბავშვებივით დავხტივართ აქეთ-იქით. ყველა დაბრკოლება გადალახულია! ეს თავისუფლების სრული შეგრძნებაა! უკვე საზღვრის იმ მხარეს ვართ, რომლის გადაკვეთის იმედი არასდროს გქონია.

ჩვენ ვნახავთ მსოფლიოს!

რამდენი სიმდიდრეა სანახავი!

სიხარულისგან ლამის ჭკუაზე შეირყე!

რამდენიმე კილომეტრის გავლის შემდეგ პოლონეთის ერთ პატარა სოფელში ვჩერდებით. ძეხვით და შემწვარი კარტოფილით გვიმასპინძლდებიან და თან განცვიფრებული გვიყურებენ, უკვირთ, ასე რა გვიხარია.

გზას ვაგრძელებთ და ყველაფერი სხვაგვარადაა, ვიდრე შენს სიმღერაში, როცა ადამიანი იხვეწება, არ გაიყვანონ გაზაფხულიდან. ჩვენ დასავლეთში მივემგზავრებით და ორივეს გაზაფხული გვიხმობს!

ხმამაღლა თხზავ ლექსებს. ეს იქნება პოემა პირველ მოგზაურობაზე. ყველაფერს კომენტარს უკეთებ, რასაც ხედავ, როგორც აზიელი აკინი.

ვარშავას ვუახლოვდებით და სიტუაცია დრამატულ იერს იღებს. გარემოს ათვალიერებ და მდინარე ვისლას სანაპიროზე გაჩერებას მთხოვ. მანქანიდან გადახვალ თუ არა, იწყებ მოყოლას, რა ხდებოდა ამ მდინარესთან მეორე მსოფლიო ომის დროს.

ცნობილი პოლონელი მსახიობი დანიელ ოლბრიხსკი გვახსენდება. ერთხელ იგი ფანჯრიდან შემოიპარა ტაგანკის თეატრში, რომ შენი «ჰამლეტი» ენახა. მას, რა თქმა უნდა, ბილეთი არ ჰქონდა, სპექტაკლი უკვე დაწყებული იყო და, შესაბამისად, კარიც დაკეტილი. მახსოვს, როგორ აღაფრთოვანა იგი შენმა თამაშმა, შენმა ტალანტმა. მოგვიანებით შენი სიმღერები გადათარგმნა და მათ პოლონელი მსმენელის წინაშე დიდხანს ასრულებდა.

დანიელი _ დაუღალავი მებრძოლი! მას უნდა დავურეკოთ, რომ დაგვხვდეს და თავისთან წაგვიყვანოს. პირველსავე შემხვედრ სასტუმროში შევდივართ და ვურეკავთ. ველაპარაკებით მონიკას, მის მეუღლეს. მას ჯერ არ ვიცნობთ. ის გვაცნობებს, რომ დანიკი ლოძში იმყოფება, გადაღებებზე და გვიან ღამემდე ვერ დაბრუნდება. სამაგიეროდ, თავად ახლავე გამოვა და შეგვხვდება.

მის მოლოდინში სასტუმროში ვრჩებით და ყავას ვსვამთ. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ჩვენთან მოდის ლამაზი ჟღალთმიანი ქალი, რომელიც, რატომღაც, ძალიან ნერვიულობს…

მონიკას თავისთან მივყავართ, სადაც სუფრა უკვე გაშლილი გვხვდება. ცოტა ხნის შემდეგ საოცარ ამბავს ვიგებთ. თურმე დანიელი სწორედ იმ დროს სწორედ იმ სასტუმროში იმყოფებოდა, საიდანაც მონიკას დავურეკეთ. ის მეგობრებთან ერთად რესტორანში ქეიფობდა.

შენი ყველა პოლონელი მეგობარი აქ არის _ ვაიდა, ჰოფმანი, ზანუსი და სხვებიც, რომლებიც გიცნობენ და რომელთაც უყვარხარ.

წვეულება ძალიან გვიან მთავრდება.

მეორე დღეს სწრაფი ტემპით ვათვალიერებთ ქალაქს, შენ მონეტას აგდებ ყუთში, რომელშიც ქალაქის სარეკონსტრუქციოდ შემოწირულობა გროვდება, მე კი ბეჭედს. აქ ასეა მიღებული. შემდეგ დანიკი თავისი მანქანით საზღვრამდე გვაცილებს. ის მთელი სისწრაფით მიქრის ტრასაზე. ძლივს ვეწევი. აღმოსავლეთ გერმანიის საზღვარმდე რამდენიმე კილომეტრით აქეთ ვემშვიდობებით მას.

შემდეგ ჩვენ რამდენჯერმე კიდევ ვეწვევით ვარშავას…

დანიკი 1980 წელს, მთელი რიგი ახსნა-განმარტებების შემდეგ, მიიღებს უფლებას, ჩამოვიდეს მოსკოვში. შენი მეგობრები კვლავ იკრიბებიან ჩვენს ბინაში, სადაც ყველაფერი ძველებურადაა, მაგრამ შენ აღარ ხარ მათ შორის…

ვიხსენებთ წარსულს… ვიხსენებთ იმ ადამიანებს, ვინც შენ გული გატკინა… ვიხსენებთ უსამართლობისადმი შენეული პროტესტის ფორმას _ სიმღერებში გადატანილ შენს ლექსებს და გვენატრები. ვისოცკი ხომ ერთნაირი გულისტკივილით უმღეროდა პოლონეთს, უნგრეთს, ჩეხოსლოვაკიას… მაგრამ ავღანეთში მიმდინარე პროცესებმა განსაკუთრებულად მტკივნეული გავლენა მოახდინა შენზე. ზიზღი დაგეუფლა ყოველივე ამის გამო. არადა, ის კადრები, რომლებიც შენ საზღვარგარეთ ტელევიზიით იხილე, მართლაც შემაძრწუნებელი იყო _ როგორ აწამებდა ჯარისკაცი პატარა ავღანელ გოგონას… როგორ ულმობლად მუსრავდნენ ადამიანებს არა იარაღით, არა ტყვიებით, არამედ მათ სხეულზე გადავლილი ტანკებით. ამჯერად ტანკისტებს არ ჰქონდათ ისეთი დაბნეული და შეცბუნებული სახეები, როგორიც ოკუპირებულ პრაღაში ან ბუდაპეშტში…

იმ წლებში ამ ბინძურ ომს ადამიანური სახე უკვე დაკარგული ჰქონდა… ეს შენი უკანასკნელი გულისტკივილი იყო…

marina1

8 8 8

ერთ საღამოს, პარიზში, ვბრუნდებით»ჰამლეტის» რეპეტიციიდან, რომელიც შენ რამდენიმე დღის შემდეგ შაიოში უნდა ითამაშო. მოვხვდით უზარმაზარ საცობში. პიკის საათია. უკვე 20 წუთია ბუზონის ხიდთან ვართ გაჩხერილი. მოულოდნელად ვიღაც ბიჭმა მოტოციკლი ასფალტზე მიაგდო და გაგიჟებულმა წიხლი დაუშინა. ხელები სისხლში აქვს მოსვრილი. შემდეგ მის წინ მდგარ მანქანას ეცა და თავი მინას დაუშინა. არც ამას დასჯერდა. მეორე მანქანას მიეჭრა, კარი გამოაღო, გოგონა გადმოათრია და დახრჩობა დაუწყო. აშკარად ვერ არის გონებაზე. ხალხი შეიყარა. მამაკაცებმა უცნობი გააკავეს. შენც დააპირე გადმოსვლა, მაგრამ გაჩერებ.

_ არ გინდა. შენ საბჭოელი ხარ, ჩხუბში მონაწილეობის უფლება არ გაქვს. _ მუდარით გეუბნები.

არ მიჯერებ და ცდილობ, მანქანიდან გადახვიდე. ამ დროს პოლიციაც მოვიდა და სკანდალისტი დააკავეს.

სევდიანი სახით მიყურებ.

_ აქაც კი არ მაქვს უფლება, ისე მოვიქცე, როგორც თავისუფალ ადამიანს შეუძლია, _ სინანულნარევი ხმით მეუბნები.

8 8 8

მახსოვს ასევე, მსახიობ პიტერ ბრუკთან შეხვედრა. იგი ნამდვილი გენიაა, ინგლისელი ჯენტლმენი, მიუხედავად მისი რუსული წარმოშობისა. სპექტაკლის შემდეგ შენ მასთან მიდიხარ და ხელს ართმევ. აღფრთოვანებული ხარ. პიტერი თავის დასს გაცნობს. დიდხანს საუბრობთ. ემოციებს ვერ მალავ. ბოლოს ისინი გთხოვენ, იმღერო. პატარ ბავშვივით გიხარია. მანქანისკენ გარბიხარ, რათა გიტარა მოიტანო. მსახიობები ირგვლივ შემოგისხდნენ. დაცარიელებულ თეატრში შენი ხმა მკვეთრად ისმის. სივრცეს რუსული სიტყვები ავსებს. ყველა გაქვავებულია. დაძაბულები გისმენენ. ცდილობენ, არ გამოეპაროთ არც ერთი სიტყვა, არც ერთი ნოტი შენი სიმღერიდან.

მაგრამ ყველაზე მეტად პიტერი მაოცებს _ მას თვალები ცრემლით ევსება და აღფრთოვანებული გიღიმის…

ერთი საათის შემდეგ, როცა ქუჩაში გამოვედით, მეუბნები.

_ დასავლეთში პირველად ვიმღერე. ხედავ? ეს სრულიად შესაძლებელია. ყველა მისმენდა…

8 8 8

ეზოს სიღრმეში პატარა შენობა დგას, რომელიც ძველ თავლას წააგავს. ეს ხმის ჩამწერი სტუდიაა. უკვე რამდენი დღეა, ამ შენობაში შენს ახალ ფირფიტას წერ, პირველ უცხოურ ფირფიტას. 25 სიმღერაზე გაეცი საავტორო უფლება, ფირმა «შან დიუ მონდი» კი ტექნიკურ მხარეზე იზრუნებს. ის ყველაფერს თავის თავზე იღებს _ ჩაწერასაც და გაყიდვასაც.

ღამეები არ გვძინავს. ორივე აღტყინებული ვართ. ჩვენი მეგობარი, კოლია კაზანსკი, რომელმაც გადათარგმნა შენი სიმღერები და რომელსაც წარმატებით მღეროდა ერთ დროს ბულგარეთში, არანჟირებას აკეთებს. საუკეთესო მუსიკოსებია მოწვეული: კლოდ პავი _ გიტარა და პირე მორეიონი _ ბასი. 22 სიმღერა ჩაწერეთ. ხმის ოპერატორი რობერ ბრიუდონი სუფთად მუშაობს. პირველად ხდება, როცა შენს ხმას ორკესტრი არ ახშობს, პირიქით, გიტარები ხაზს უსვამენ შენს რეჩიტატივს და სიტყვები ზუსტად მიესადაგება ინსტრუმენტის რიტმს. ამ მუსიკოსებმა ერთი სიტყვაც არ იციან რუსული, მაგრამ ისე ზუსტად აკეთებენ აკომპანირებას, თითქოს შენთან ერთად განიცდიან იმას, რაზეც მღერი. მათ ყველაფერი სიტყვების გარეშე ესმით.

რამდენიმე დღეს ვატარებთ სტუდიაში, თითქმის არ გამოვდივართ იქიდან. ეს ნამდვილი ბედნიერებაა. ჩემ გვერდით ვერონიკაა, კოსტიას მეუღლე, არაჩვეულებრივი მომღერალი. ჩვენ ჩვეულებრივ საქმეს რიგრიგობით ვაკეთებთ _ ვადუღებთ და მოგართმევთ ყველას ყავას, მოგვაქვს სენდვიჩები და სიგარეტები და არ ვიშურებთ აპლოდისმენტებს, როცა მორიგი სიმღერის ჩაწერა მთავრდება. სამუშაო მძიმეა, მაგრამ ისეთი სასიამოვნო, რომ დღეების გასვლას ვერც ვგრძნობთ.

და აი, დიდი ხნის ნანატრი ფირფიტა მზადაა. მის შიდა მხარეზე განთავსებული ფოტოსურათი სტუდიაშივეა გადაღებული. შენ და კოსტია, ორივე წვერმოშვებული, ჩაძირული ხომალდის გადარჩენილ მგზავრებს ჰგავხართ.

თვალები ჩაგიწითლდათ ამდენი მუშაობით, მაგრამ მაინც კმაყოფილები იღიმით. ამ ფირფიტაში შემავალი ტექსტები ჩვენმა მეორე მეგობარმა, მიშელ კანმა თარგმნა. ის 10 წელი ცხოვრობდა საბჭოთა კავშირში და შენი ყველა სიმღერა ზეპირად იცის. ჩვენ ვსარგებლობთ ამ თარგმანებით, რომ მოგვიანებით ელისე-მონმარტრზე შენი კონცერტი გავმართოთ. რაოდენ გასაკვირი იყო, რომ ეს უზარმაზარი დარბაზი, რომლის გავსების იმედი წამითაც არ გვქონია, ისე იყო გადაჭედილი, ნემსი არ ჩავარდებოდა. აქ თავი მოიყარა მთელმა რუსულმა საზოგადოებამ, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს. მოვიდა უამრავი ფრანგი სტუდენტიც, რომელიც რუსულ ენას სწავლობს…

აპლოდისმენტების გათვალისწინებით ვხვდებით, რომ კონცერტი ყველას მოეწონა.

სცენაზე შენთან ერთად ავდივარ და შენი სიმღერების ტექსტებს ფრანგულად ვამბობ. დარბაზი ჩაბნელებულია, ჩემს სახეს მხოლოდ პროჟექტორის შუქი ანათებს. შემდეგ ეს შუქი შენს სახეზე გადადის. ძალიან ვღელავ. ახლა ვგრძნობ, როგორი ახლობლები ვართ ერთმანეთისთვის. ერთად პირველად ვართ სცენაზე. შენ უკრავ და მღერი. რამდენჯერ გამოგიყვანეს «ბისზე». იმდენ ხანს უკრავდი, თითები დაგისისხლიანდა…

შემდეგ სენ-დევიში გაიმართა კონცერტი, სადაც რამდენიმე სიმღერა შეასრულე. გაზეთ «იუმანიტეს» იუბილეს აღნიშვნაშიც მიიღე მონაწილეობა. 200 ათასი ადამიანი გაზონებზე ზის შენს მოლოდინში. ყველა როკ-ჯგუფს ელოდება და როცა მარტო გამოხვედი გიტარით ხელში, ხალხმა სტვენა ატეხა. მაგრამ იწყებ სიმღერას «ნადირობა მგლებზე» და შენი ხმა გამაძლიერებლების ფონზე გრგვინავს. მსმენელი წამიერად ჩუმდება და ინტერესით გისმენს.

როცა გამოსვლა დაამთავრე, საოცარი ხმაური ატყდა. კულისებში მომავალს მქუხარე ოვაციებით გაცილებენ. ჩემკენ მოიწევ. შენ უკან კი ადამიანთა ზღვა ღელავს. კმაყოფილი ხარ და ამაყად მეუბნები.

_ მე იმდენ ხანს შემეძლო მემღერა, რამდენიც საჭირო იქნებოდა. ისინი მე მისმენდნენ!

8 8 8

მაქსიმ ლეფორესტიე, ჩვენი მეგობარი, რომელმაც შენი პირველი ფირფიტის წინასიტყვაობა დაწერა, თავისთან გვეპატიჟება სადილად. საოცარი დრო ვატარეთ, მაქსიმმა გიტარა მოიმარჯვა და შენი სიმღერები ფრანგულად შეასრულა. მან თურმე გადათარგმნა რამდენიმე სიმღერა, რომ ჩვენთვის სიურპრიზი მოეწყო. მის სიტყვებს შენც იმეორებ. ცდილობ, აითვისო ფრანგული ტექსტი.

შენი სმენისა და იუმორის წყალობით, მალევე სწავლობ ფრანგულს იმ დონეზე, რომ თარჯიმნის დახმარება არ გჭირდება. მაქსიმ ლეფორესტიეს ამაგიც არ იყრება წყალში და ჟაკ ურევიჩის დახმარებით, პარიზში ჩაწერილი შენი მესამე ფირფიტა დღის სინათლეს იხილავს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent