შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვისი ცოდვებისთვის... (ნაწილი 4) ვინანიებ...


19-07-2015, 00:07
ავტორი nicol
ნანახია 17 853

მთელი დღე მეძინა. საღამოს გამეღვიძა. მთელი სხეული მტკიოდა. ძლივს ავითრიე წელი და სამზარეულოში ჩავედი ნათიასთან.
– გაიღვიძე? – მაშინვე ღიმილი შემომაგება. – მოდი, ცხელ ჩაის გაგიკეთებ და ცოტა მოდუნდები.
სკამამდე მივლასლასდი, ფეხებმოკეცილი დავჯექი და ჩაი მოვსვი.
– არ დაბრუნებულა? – ჭიქისთვი თვალი არ მომიშორებია ისე ვკითხე.
– არა. – მოკლედ მიპასუხა და თავისი საქმე განაგრძო.
არც იმ ღამით მინახავს, არც მეორე დღეს. თავს მარიდებდა. ალბათ ასე სჯობდა.
ასე გრძელდებოდა რამდენიმე დღე. სახლში მოდიოდა, მაგრამ იმ დროს, როცა დარწმუნებული იყო, რომ არ გადამეყრებოდა. დღისით უაზროდ დავყიალებდი სახლში, საღამოს ბალიშზე თავდადებული ველოდებოდი ეზოსთან გაჩერებულ მანქანს და კიბეზე ამომავალ ნაბიჯებს ვითვლიდი. მენატრებოდა... მაკლდა.... მჭირდებოდა. ოღონდ ამას თვითონაც ვერ ვხვდებოდი.
მეოთხე დღეს შემთხვევით შევხვდი კიბის თავზე, როცა სახლიდან გასული მანქანის გასაღებისთვის ისევ უკან ამობრუნდა. სუნთქვა გაუხშირდა. თვალს არ აშორებდა ჩემს მკლავებს, რომლებსაც მორჩენისკენ წასული სისხლჩაქცევები, ჯერ კიდევ აჩნდათ ყვითლად. სახე შეცვლოდა, ფერი დაეკარგა და ღრმად სუნთქავდა. მივხვდი როგორ უჭირდა ამის ყურება და ოთახში შევბრუნდი. კიდევ დიდხანს იდგა და დამშვიდებას ცდილობდა. მართლა ვერ პატიობდა თავს და ალბათ ვერც ვერასოდეს აპატიებდა. მე ვაპატიე. დიდი ხნის წინ ვაპატიე. მინდოდა მეთქვა, მაგრამ არ ვუთხარი, ვერ ვუთხარი.



****
იმ საღამოს ფანჯარასთან ატუზული ველოდებოდი მისი მანქანის გამოჩენას. აი ისიც, მანქანიდან გადმოვიდა და ფეხარეული წამოვიდა სახლისკენ. ნასვამი იყო. უსიამოვნოდ გამცრა ტანში. კიბეზე ამომავალი ნაბიჯების ხმა რომ მომესმა, უკვე კარებთან ვიყავი ატუზული და საკუთარი გულისცემა მესმოდა. 17... 18... 19... 20... მორჩა, კიბებებიც ამოათავა. თავისი ოთახისკენ არ წასულა. სულ ახლოს, კარების მეორე მხარეს ვგრძნობრი მის გახშირებულ სუნთქვას. იქ იდგა, ერთი პატარა ხის ნაჭერის იქით. პულსაცია დიდი ხანია ასოცს გასცდა. დააკაკუნა, ფრთხილად, ძალიან ფრთხილად. გული გამიჩერდა. აკანკალებული ხელი წავიღე და საკეტი გადავატრიალე. კარები ჩავკეტე, უკანასკნელი იმედი მოვუკალი. ახლაც ვერ ვხვდები, ეს რატომ გავაკეთე. ძალიან მენატრებოდა, უიმისობას ჭკუიდან გადავყავდი და აჰა, კარზე მომდგარს საკეტით ჩავურაზე, ჩემთან მომავალი ყველა გზა მოვუჭერი. რამდენი რამე შეცვალა ამ ერთმა გაუაზრებელმა საქციელმა ჩემს ცხოვრებაში?! მაშინ რომ გამეღო შეიძლება ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო. უფრო უკეთესად ან უფრო უარესად. რას გაიგებ?! ყელაფერი ღვთის ნებაა.
გავიგე, როგორ შეწყვიტა სუნთქვა. ოცი წამის მერე ამოიგმინა. გავანდგურე, ჩემი ხელით მოვკალი. წავიდა... კარებთან ჩავიკეცე და ჩუმად ავტირდი.
მთელი ღამე ველოდი. ამაოდ, არ მოსულა. განვიცდიდი, მჭირდებოდა, საკუთარი თავის არ მესმოდა. მაინც ველოდებოდი.
თავზე დამათენდა. მოლოდინს ვეღარ ვუძლებდი. ტელეფონს დავწვდი და მისი ნომერი ავკრიფე. ოთხი ზარის მერე მიპასუხა. მაგრამ იმან არა, ვიღაც ქალმა. სუნთქვა შემეკრა. ჩემი ქმრის ტელეფონს, ვიღაც ქალი პასუხოდა. ჩახლეჩილ ხმაზე ეტყობოდა ნამძინარევი იყო.
უკანასკნელი ძალა მოვიკრიბე, ჩავახველე და...
– ნიკასთან ვრეკავ – საკმაოდ უხეშად გამომივიდა.
– ნიკა სააბაზანოშია, ცოტა მოგვიანებით დაურეკეთ.
საწოლზე ჩამოვჯექი, რომ არ წავქცეულიყავი.
– ალო... გესმით ჩემი? – გავიგონე და შევეცადე აკანკალებული ხმა დამემორჩილებინა.
– ვინ რეკავს? – მომესმა ნიკას ხმა და საბოლოოდ გავნადგურდი. – გის... – ხმა გაუწყდა, მივხვდი ნომერს დახედა.
ვერცერთი ვერ ვიღებდით ხმას. ორივეს გვესმოდა ერთმანეთის გულისცემა. ორივე ვხვდებოდით რა ხდებოდა ჩვენს გულებში. ეს იყო დუმილის ხუთი წუთი, სასოწარკვეთის ხუთი წუთი, ყველაზე მეტყველი დუმილი...
პირველმა მე გავთიშე. ვეღარ გავუძელი.
ნახევარ საათში უკვე სახლში იყო, დაბლა დავხვდი. (გასაოცარია, წუხანდელი შიშისგან, რომელმაც მაიძულა კარი დამეკეტა, აღარაფერი დარჩენილიყო). ახლა გაავებული ვიყავი, თვალებიდან ბრაზს ვაკვესებდი. როგორც კი შემოვიდა წინ ავესვეტე, თვალებში უტიფრად ჩავხედე და მოქნეული ხელი სახეში გავარტყი. დამიჯერეთ, თქვენზე მეტად მე გამიკვირდა, მაგრამ ფაქტია, ლოყაზე დაეტყო ჩემი ხელის ნაკვალევი. თავი არ აუწევია. იმსახურებდა. მაგიდაზე დადებულ მისივე მანქანის გასაღებს ხელი დავავლე და გააფთრებული გავვარდი გარეთ. მანქანა ჭიშკართან რომ მივაყენე, წინ დაცვა გადამიდგა. გაბმულად დავაჭირე სიგნალს ხელი და აშვებას არ ვაპირედი, სანამ გარეთ არ გამიშვებდნენ. სარკეში დავინახე კარებში გამოსული ნიკა, რომელმაც მსუბუქად დაუქნია თავი დაცვას და ჭიშკარიც გაიღო. ხვდებოდა, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, ჩემი გაშვება იყო.
მთელი დღე ვიარე მანქანით უმისამართოდ. სად აღარ ვიყავი, მაგრამ ვერ ვმშვიდდებოდი. როგორც კი იმ ქალის ხმა მახსენდებოდა კივილი მინდოდა. მთაწმინდისკენ მიმავალ გზას დავადექი და მანქანა იქ გავაჩერე, საიდანაც მთელი თბილისი ჩანს. გადმოვედი და მანამ გავყვიროდი თბილისის თავზე, სანამ ცოტა არ მომეშვა.
გეზი ერთ-ერთი ბარისკენ ავიღე. რამდენჯერმე ვიყავი იქ ნამყოფი. ბართან დავჯექი და ტეკილა შევუკვეთე „დღეს მე უნდა გავილეშო, წერეთელო, და გამიძელი“. ნელ-ნელა დავიწყე. რაღა ნელ-ნელა ნახევარ საათში უკვე ხუთი ჭიქა მქონდა დალეული.
– ვინც თქვას სიყვარულს ბედნიერება მოაქვსო, არ დაუჯერო. მაგარი მატყუარაა. – სისულელეებს ვებურტყუნებოდი ბარმენს, რომელსაც მოთმინების ღიმილი აეწებებინა სახეზე და „სხვა გზა არა მაქვს“ სახით მისმენდა. – გყვარებია ცხოვრებაში?
თავი გამიქნია უარის ნიშნად, ღიმილით რა თქმა უნდა.
– ბედნიერი კაცი ყოფილხარ, მოდი უნდა გადაგეხვიო.
„იყოს, ნუ შეწუხდებით“ გამომეტველება. რა შეწუხებაა, შენისთანა ბედნიერი ადამანისთვის არაფერი მენანება.
„ვაი, შენს პატრონს“ სახე. ღიმილი ისევ ადგილზეა.
– სიგარეტი გაქვთ? – კარგი მწეველივით მოვიკითხე. – თავი დამიქნია, აშკარად ერიდება ჩემთან კონტაქტში შემოსვლას. ალბათ ეშინია არ გავუშინაურდე. ვაი ჩემს პატრონს?!
სიგარეტის კოლოფი მომაწოდა. ზუსტად ხუთი წუთი ვცდილობდი გამეხსნა. როგორც იქნა გავხსენი და ერთი ღერი ამოვიღე. თვალი მოვკარი წარწერას: „მოწევა კლავს“.
– მოწევა კი არა, ღალატი კლაააააავს. – ავღრიალდი ბოლო ხმაზე. გულამოსკვნილი ვზლუქუნებდი. ცხვირსახოცების კოლოფი გადმომიდგა (ღიმილით რა თქმა უნდა). კეთილი ბიჭი ხარ შენ, მადლობა. ჩემი ტელეფონი ბოლო თხუთმეტი წუთი გაუჩერებლად რეკავდა. ნერვიულობს ალბათ ვაჟბატონი. უხმო რეჟიმი ჩავურთე და ცოტა ხნით საპირფარეშოში გავედი.
– გინდა ჩემი სიყვარულის ისტორია მოგიყვე? – დაბრუნებული, მოხერხებულად მოვკალათდი სკამზე.
„რახან არ იშლი?!“ გამომეტყველება.
– ცოლად ურჩხულს გავყევი. პირდაპირ სახლიდან წამომიყვანა. ოღონდ, შუბლზე იარაღი მომადო და ისე. თავისი კოშკის ბოლო სართულზე გამომკეტა. მერე ცოლად გავყევი. ჰო, სანამ ცოლად გავყვებოდი ვაკოცე. მისი სახე უნდა გენახა, როგორ გაუკვირდა. მერე კოცნაზე მეტი მოუნდა, მაგრამ ისეთი ამბავი ავტეხეეეე... მეორედ ვეღარ გაბედა. აბა, რა ეგონა? მერე იცი რა ქნა? ადგა და სხვაზე გამცვალა – ისევ ავზლუქუნდი და კოლოფიდან ბოლო ხელასხოცი ამოვიღე – არა, რა დავაკელი ერთი მითხარი, იმასთან რომ არ გაქცეულიყო?
ღიმილით მიყურებდა და ჭიქებს ალაგებდა.
– საღამოს სახის კუნთები არ გტკივა ხოლმე? – მთელი სერიოზულობით ვკითხე.
სახე შეეცვალა, ვერაფერი გაიგო.
– პროფესიულია ალბათ. – თვალი ჩავუკარი და კიდევ ერთი ტეკილა გამოვცალე.
არ ვიცი კიდევ რამდენი ხანი გავუბურღავდი ტვინს ბარმენს, ნიკა რომ არ მოსულიყო. დავინახე თუ არა ისევ ტირილი მომინდა, მაგრამ თავი შევიკავე. მოგვიახლოვდა. წამოვდექი და ნიკა რომ არა, იატაკზე გავშხლართებოდი. ბარმენს ანგარიში გაუსწორა და გასასვლელისკენ წამიყვანა.
–უი, სულ დამავიწყდა მეთქვა, ქორწილის ღამეს იარაღი რომ ვესროლე. პირდაპირ ბეჭში. – თითქმის კარეებთან მისულმა გამოვძახე.
„ღმერთო შენ უშველე ყველა გაჭირვებულს“ და თქვენ წარმოიდგინეთ ღიმილიც კი ჩამოერეცხა სახიდან. არა და რა ვთქვი ისეთი?
ჰაერზე გამოსულს გამახსენდა, რომ გაბრაზებული ვიყავი და მისი ხელებიდან თავის განთავისუფლება ვცადე. ხელი გავაშვებინე და კინაღამ გაზონზე გავიშოტე. ძლიერი მკლავები მომხვია და უკვე ხელში აყვანილი მივყავდი. ბრძოლას არ ვწყვეტდი.
– თინი, ნუ ფართხალებ, გეხვეწები, დამივარდები.
– იმასთან წადი, ვინც არ ფართხალებს და შენს ხელებში სანთელივით დნება. – წამოვიძახე ნაწყენი ხმით და კიდევ ერთხელ გავიბრძოლე.
– შენ უფრო გემრიელი სუნი გაქვს. – მითხრა და თავი ჩემს ყელში ჩარგო.
– Chanel-ის Chance-ს ვხმარობ, გადაეცი, იქნებ უშველოს. – დავინახე, როგორ ჩაეღიმა. ღრმად ამოისუნთქა და მაქანაში ჩამსვა. რომ არ გადმოვსულიყავი ღვედი საგულდაგულოდ შემიკრა, მანქანას სწრაფად შემოუარა და მძღოლის ადგილი დაიკავა. მე თავი უკვე გამეთავისუფლებინა ღვედისაგან და ის იყო კარი უნდა გამეღო, რომ მაჯაში მტაცა ხელი და მომიჭირა. დავიკვნესე.
– გეყოფა, გთხოვ , ნუ მაიძულებ რამე გატკინო.
– მაკლია ისედაც შენგან სილურჯეები. – მივაძახე გაუაზრებლად და მივხვდი,რომ ზედმეტი მომივიდა. სახე ჩაუმუქდა. მთელი ძალით დასცხო ხელი საჭეს და ამოიგმინა. ვხედავდი როგორ გადასდიოდა ფერები. კარი გააღო, გადავიდა. ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო, ნერვიულად მოუკიდა და ბორდიურზე ჩამოჯდა. სავარძლის საზურგე გადავწიე და გადავწექი. თვალები დავხუჭე, მინდოდა გავთიშულიყავი. არა იმიტომ, რომ მეძინებოდა. უბრალოდ, მინდოდა ის აღარ მეგრძნო, რასაც მაშინ ვგრძნობდი. დახუჭული თვალებიდან ცრემლი წამომივიდა და საფეთქელისკენ გაიკვალა გზა. მოვიწმინდე, საზურგე გავასწორე და მინა ჩამოვწიე. ჰაერი აღარ მყოფნიდა. ნიკას გავხედე უკვე მეორე ღერისთვის მოეკიდებინა. ნერვიულად მოსრისა ხელში ანთებული სიგარეტი და გადააგდო. მანქანაში დაბრუნდა და ადგილიდან დაძრა. არ შემიხედავს. არც მას...
– რა ჰქვია? – თავი არ მომიბრუნებია ისე ვიკითხე.
– თინი, გთხოვ.... – მეტი ვეღარაფერი თქვა.
– დიდი ხანია იცნობ? – კთხვების დასმას არ ვწყვეტდი.
არაფერი მიპასუხა. ვერ მიპასუხა.
– ერთი ღამის რომანი იყო თუ მანამდეც იცნობდი? – ხმა მიმკაცრდებოდა ნელ-ნელა.
– არ გინდა...
– რამდენი ხანია იცნობ? – ჯიუტად არ ვწყვეტდი.
– ორი წელი. – ამოიხრიალა ხმა ჩამწყდარმა
ამოვიოხრე. გულიც ამოვაყოლე. ორი წელი... როგორი აუტანელია ეს ყველაფერი უკვე.
– ცოლად რისთვის მომიყვანე? ოღონდ არ გინდა ეს ფარსი – „პრესისთვის ჩვენი ერთად ყოფნა რომ გამემართლებინა“ და მსგავსი სისულელეები.
დუმდა.
– მიპასუხე!!! იმიტომ რომ საბოლოოდ გაგენადგურებინე? ბოლო მოგეღო? დაგეცინა? თავმოყვარეობა შეგელახა? ყველაფრის რწმენა დამეკარგა? თავი ყველაზე უსარგებლო ადამიანად მეგრძნო? გილოცავ, გამოგივიდა. არ არის საკმარისი? მეყოფა, გთხოვ, მეტს ვეღარ ვუძლებ, გამიშვი...
გააკანკალა. არ ელოდა ამას თუ ვთხოვდი. ვერაფერი მიპასუხა, არც მქონდა იმედი.
მანქანა სახლთან გააჩერა. გადმოვედით...
მომიახლოვდა და ჩამეხუტა.
საფეთქელთან მომადო გავარვარებული ტუჩები:
– ოდესმე ძალას მოვიკრებ და შევძლებ. ოღონდ ახლა ვერა, ახლა ვერ გაგიშვებ. გემუდარები, არ მთხოვო. მაგრამ გპირდები, რომ ერთ დღესაც შევძლებ. შენი გულისთვის შევძლებ. როგორ დაგტანჯე. თუ შეძლებ, ოდესმე... მაპატიე.



****
ორივემ ვიცოდით, რომ უერთმანეთოდ ვერ გავძლებდით. ორივეს გააზრებული გვქონდა, რატომ ვიყავით ერთმანეთს მიჯაჭვულნი. რატომ გვეხუთებოდა სული, როცა ვშორდებოდით. რატომ გვტკიოდა ერთმანეთის ამოოხვრაც კი.
პასუხი მარტივია – გ ვ ი ყ ვ ა რ დ ა.
მაგრამ წარსული არ გვაძლევდა უფლებას თავდავიწყებით გადავშვებულიყავით ამ მორევში. დღემდე ვერ ვხვდები რატომ ვიტვირთეთ ეს მძიმე ცოდვა ჩვენ, რატომ მოვიკიდეთ ზურგზე და ვათრევდით, თუნდაც ჯანდაბამდე?
ფაქტი ერთია, ტკივილიანი იყო ეს გრძნობა, მაგრამ მზად ვიყავით გულით გვეტარებინა. თუნდაც ჯანდაბამდე... თუნდაც ბოლო ამოსუნთქვამდე...
ცხოვრება ჩვეულებრივი კალაპოტით მიედინებოდა. ყველაფერი ძველებურად იყო. მივეჩვიე კიდეც. ყოველ დილით, გემრიელი საუზმე ნათიასთან ერთად. ყოველ საღამო, ფანჯარაზე აწებებული მოლოდინი. ათასჯერ დათვლილი თითოეული საფეხური და მრავალჯერ აჩქარებული პულსაცია. ჩვეული რუტინა.
მაგრამ ერთ დღესაც, წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება, სამზარეულოში შესულს, ნათიამ თავისი და დიმას ქორწილის მოსაწვევი, რომ დამიდო და გაწითლდა. ორ კვირაში ქორწინდებოდნენ, დიმას მეტის მოცდა აღარ უნდოდა. ჩემმა კივილმა მთელი სახლი გააყრუა. ნათია შეხტა. სამზარეულოში გულგახეთქილი ნიკა შემოვარდა, რომ გაიგო არაფერი მჭირდა და სიხარულისგან და აღტაცებისგან ვკიოდი: „ერთხელაც გულს გამიხეთქავო“ – ჩაილაპარაკა, ნათიას გულით მიულოცა და გავიდა.
– რააა... როდის გადაწყვიტეთ? ამას მიმალავდით? ვერ დავიჯერებ, დიმას როგორ გაუჩერდა ეს ამბავი ამდენ ხანს პირში? როგორ არ გასკდა უთქმელობისგან? – ხმის ამოღებაც არ ვაცადე, ისე მივაყარე.
– მე ვთხოვე, შენთვის პირადად მე უნდა მეთქვა. – უხერხულობისგან სად წასულიყო აღარ იცოდა.
– ვგიჟდები თქვენზე, ორივეზე.
აჟიტირებული ვიყავი, თითქოს მე ვთხოვდებოდი. ჩემი ქორწილისთვის არ მიმინიჭებია ამდენი მნიშვნელობა. თუმცა ეს გასაგებიცაა. ნათია და დიმა, ორი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანი, მაგრამ სწორედ ეს იყო მათი ასეთი განუყოფელობის მიზეზი. პლიუსი და მინუსი, ერთმანეთს ავსებდნენ.
ულამაზეს პატარძალი იყო. ნაზი და ჰაეროვანი. კდემამოსილი და ღირსეული. მათი ქორწილის დღე თითქმის სულ ცრემლიანმა გავატარე. როდიდან გავხდი ასეთი გულჩვილი?
– თინი, გეყოფა, თორემ მეც ვიტირებ. – მამშვიდებდა ნათია და ლამის მართლა ატირებულიყო.
– წილოსანი არ გაპატიებ, ჩემს ცოლს, მაკიაჟი რომ გაუფუჭო. – თითს მიქნევდა დიმა და სიტყვას „ცოლი“ განსაკუთრებულად ხაზგასმით წარმოთქვამდა.
რა თქმა უნდა პირველი ცეკვა ნეფე-დედოფლის იყო. რას იცეკვებდნენ, თუ არა არგენტინულ ტანგოს. ყველა სტუმარს გადასდეს თავიანთი კარგი განწყობა, ყველას გაუნაწილეს თავიანთი წილი ბედნიერება. მე და ნიკამც ვიცეკვეთ, უხმოდ. მაინც ავატირე ნათია. ემოციური გამომივიდა მათი სადღეგრძელო
– ნათი, ჩემო იმედის სხივო, ყელაფერ საუკეთესოს იმსახურებ. ვიცი, დიმა ის ადამიანია, რომელიც გაგაბედნიერებს. არასოდეს გაწყენინებს და იცხოვრებს იმისთვის, რომ შენს ლამაზ სახეზე მუდმივად ღიმილს ხედავდეს. შენ კი ჩემო ანგელოზო, შენ იქნები ის ადამიანი, რომელიც ცხოვრებაში ბედნიერებას მოუტანს. ადამიანი, რომელიც თავისი უმანკო მზრუნველობით შეძლებს, ეს დიდი ბავშვი სწორი მიმართულებით ატაროს. გზა გაუკვალოს და თვალდახუჭული გაჰყვეს, თუნდაც ქვეყნის დასალიერს. გაგიმარჯოთ და მე თქვენში მიყვარს „თქვენ“, უკვე ერთი მთლიანობა. მომეცით პირობა, რომ ბედნიერები იქნებით.
გამომშვიდობებისას ვიტირე, ვინ იცის მერამდენედ.
– თინი, ვერ წარმომიდგენია, რომ ყოველ დილით ვეღარ გნახავ და ვეღარ ვიჭორავებთ სადილად. ჯერ კიდევ ვერ ვეგუები.
– რას ჰქვია ვერ ეგუები?! – წარბები აწკიპა დიმამ. – აწი შენი საუზმე, სადილი და ვახშამი მხოლოდ მე მეკუთვნის და თუ ქალბატონ თინის მოენატრები, მოვა და გნახავს ხოლმე, სხვა კუნძულზე კი არ მიმყავხარ საცხოვრებლად.
იმავე საღამოს გავაცილეთ პრაღაში, საქორწინო მოგზაურობაში. აეროპორტშიც ბევრი ემოცია იყო. ცრემლებიც, სიხარულიც, ბედნიერებაც და უკვე მონატრებაც. სახლში ემოციებისგან დაღლილი დავბრუნდი და ძალიან მალე ჩამეძინა.




****
მეორე დღეს ცუდ გუნებაზე, დამძიმებული გულით გამეღვიძა. ყველაფერი ნათიას არყოფნას მივაწერე. რას წარმოვიდგენდი რა მელოდა?! იმ დღის გახსენება დღემდე მიჭირს.
ნიკა ჩვეულებრივზე ადრე დაბრუნდა სახლში. სახეზე ადამიანის ფერი არ ედო. კანკალმა ამიტანა. ქვენობიერად ვხვდებოდი, რომ ძალიან მეტკინებოდა.
– რა მოხდა? – ჩემი ხმა მე თვითონ მეუცნაურა.
– თინი, დაჯექი.
– რა მოხდა? – პანიკა მეტყობოდა ხმაში.
– რას არ მივცემდი, ოღონდ ახლა... – ხმა ჩაუწყდა.
– რა ხდება? მიპასუხე! – უკვე ვყვიროდი.
– ერთად მოდიოდნენ მანქანით... გზა სველი იყო და... – არ უხსენებია, მაგრამ მივხვდი, ჩემს მშობლებზე ლაპარაკობდა. ყურებზე ხელი ავიფარე.
– არ გაბედო! არ თქვა. არაფრის გაგონება არ მინდა. – ისტერიკა მქონდა.
– დაწყნარდი, გთხოვ თინი. თავი ხელში აიყვანე.
არაფერი მესმოდა, ვერაფერს ვგრძნობდი. გონება დავკარგე.
თვალი, რომ გავახილე ჩემს ოთახში ვიწექი და თავზე ექიმი მედგა. ნიკა საწოლის მეორე მხარეს იდგა და ორივე ხელს თმებზე ნერვიულად ისვამდა.
– დამამშვიდებელი გავუკეთე. სიმშვიდე ჭირდება. ძლერი სტრესი მიიღო – რეცეპტი გაუწოდა – უნდა გამაგრდე, შვილო – ახლა მე მომიბრუნდა. – ნერვიულობით საქმეს არ ეშველება. რას იზამ, ეს კანონზომიერებაა. მშობლები შვილებმა უნდა დაიტირონ. საშინელება ისაა, შვილს რომ დასტირი. – თვალები ცრემლით აევსო – ყოჩაღად იყავი.
ნიკამ გააცილა და მალევე ამობრუნდა. საწოლზე ვიწექი და თვალი ერთ წერტილისთვის გამეშტერებინა. წამოსულმა ცრემლმა საფეთქელისკენ გაიკვალა გზა და ბალიშზე დაეცა. საწოლზე მეორე მხრიდან ფეხმოკეცილი ჩამოჯდა და ხელი ხელზე გაუბედავდ დამადო. ნაცნობი, მონატრებული სიმხურვალე ვიგრძენი.
– სიცოცხლესაც არ დავიშურებდი, ოღონდ ასეთს არ გიყურებდე. – ჩემი ხელი აიღო და ძალიან ნაზად მაკოცა თითებზე.
– რა დავაშავე, ღმერთი ასე რომ მსჯის? – ჩავიჩურჩულე.
– შენ არაფერი, თინი. ყველამ დავაშავეთ შენთან, შენ არაფერი.
თვალები დავხუჭე. დამამშვიდებელი მოქმედებდა.
– ძილი ნებისა... – საფეთქელთან მაკოცა და წამოსადგომად მოემზადა.
ხელი მოვუჭირე, არ გავუშვი.
– დარჩი, გთხოვ, დღეს არ დამტოვო მარტო – დავიჩურჩულე და თვალებში ჩავხედე.
გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა. არ ელოდა. ფეხზე გაიხადა და გადასაფარებელზე ზევიდან დაწვა. ახლოს მივიჩოჩე, თავი მკერდზე დავადე და თვალები მივლულე. ცოტა დავმშვიდდი და ჩამეძინა.



****
მერე იყო აუტანელი ფორმალობები, დაკრძალვის ორგანიზება, უწყვეტი ნაკადი ხალხისა, მოსამძიმრება.
– ეჰ, რა მშობლები დაკარგე, შვილო. – სინანულით ჩაქნეული ხელი.
გაქვავებული ვიჯექი. ერთი ცრემლიც ვერ გადმოვაგდე. ვერ ვიტირე. არადა როგორ მინდოდა გულში გაჩხერილი სევდა ამომეყოლებინა, გავთავისუფლებულიყავი. ვერ შევძელი. საერთოდ ცოტა რამ მახსოვს იმ დღეებიდან, ალბათ ორგანიზმის თავდაცვითი რეაქცია იყო. ზედმეტი ტკივილისგან უკვე ვეღარაფერს ვგრძნობდი. ნიკას ნათიასთან და დიმასთან დარეკვა ავუკრძალე. არ მინდოდა თაფლობის თვე ჩამეშხამებინა. ვიღაც მაინც იყო ბედნიერი.
დაკრძალვის მერე სასაფლაოდან ვბრუნდებოდით. ძალიან ცუდად ვიყავი და ნიკამ მძღოლს ჩემი სახლში წაყვანა სთხოვა. თვითონ ჯერ ვერ წამოვიდოდა. ორგანიზებას უკეთებდა ყველაფერს. სახლს რომ მივუახლოვდით, ჭიშკართან გიგა დავინახე. ძალიან გამიკვირდა, არც პანაშვიდებზე ყოფილა და არც დაკრძალვაზე შემინიშნავს. მანქანა გავაჩერებინე და გადმოვედი. ჩემსკენ წამოვიდა და გადამეხვია.
– ვიზიარებ, თინი, ხომ იცი, როგორ მიყვარდნენ.
არც კი ვიცოდი რა რეაქცია უნდა მქონოდა.
– როგორი გამხდარი ხარ. რა დღეში ხარ. ყველაფერი „იმის“ ბრალია.
– მადლობა, გიგა, მაგრამ ძალიან დაღლილი ვარ და ფეხზე დგომა მიჭირს. – აშკარად გავღიზიანდი ნიკას ცუდად ხსენებაზე. – შევალ სახლში, მაპატიე. – შევბრუნდი.
– მოგიყვა რა იყო ავარიის მიზეზი? – თითქმის კარებამდე მისულს მომაძახა.
ერთ ადგილზე გავშეშდი. ვერც სახლში შევედი, ვერც მობრუნება გავბედე. მეშინოდა ისეთი რამე არ ეთქვა, რაც გამანადგურებდა. არ დამინდო...
– საჭესთან ნანა დეიდა იჯდა. შალვა ნასვამი იყო. ბოლო დროს დედაშენი ვერ პატიობდა შენს ამბავს. ხეს შეასკდნენ. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ შეჯახება დამუხრუჭების გარეშე მოხდა. დედაშენმა ეს სპეციალურად გააკეთა. აი, სადამდე მიგიყვანა შენმა ანგელოზმა ქმარმა.
ყურებზე ხელი ავიფარე და ძლივს გადავდგი ნაბიჯი. აღარ მახსოვს როგორ შევედი სახლში. დივანზე ჩამოვჯექი და ერთ წერტილს გავუშტერე თვალი.
ნიკა რამდენიმე საათის მერე მოვიდა. ასე გაუნძრევლად ვიჯექი.
– თინი, აქ რატომ ზიხარ? დაწოლილიყავი.
– რა იყო ავარიის მიზეზი? – არ გავნძრეულვარ ისე ვკითხე.
ხელი ნერვიულად მოისვა სახეზე. არაფერი მიპასუხა. არც იყო საჭირო. ისედაც მივხვდი.
– კმაყოფილი ხარ? ახლა დამშვიდებულია შენი სინდისი? იზეიმა სამართლიანობამ? – ნელ-ნელა ხმას ვუწევდი. – როგორ მძულხარ, ნიკოლზ წერეთელი, ვერც კი წარმოიდგენ. სული მეხუთება შენთან ერთად ერთ ოთახში რომ ვარ. მომილოცავს, შენ გაიმარჯვე, მე აღარ ვარსებობ. თინი წილოსანი მოკვდა. – ბოლო სიტყვები ჩურჩულით წარმოვთქვი. ნიკა ხელებჩამოყრილი იდგა და არც მეწინააღმდეგებოდა. უჩემოდაც იდანაშაულედა თავს. – ღმერთო რა დავაშავე ასეთი, რომ ვერ გამოვისყიდე? აუტანელია, ვეღარ ვუძლებ.
ფეხზე წამოვდექი, მაგრამ იმდენად სუსტად ვიყავი, რომ წავბარბაცდი. ნიკა რომ არა წავიქცეოდი. თავის ძლიერი ხელებით ამიტაცა და ზევით წამიყვანა, ოთახისაკენ. საწოლზე დამაწვინა და დამამშვიდებელი გამიკეთა. არც შევწინააღმდეგებულვარ, ჩემთვის უკვე ყველაფერი სულ ერთი იყო.


****
დილით დამძიმებულმა გავიღვიძე. მთელი სხეული დაბუჟებული მქონდა. დამამშვიდებლების ბრალი იყო. შხაპი მივიღე და ფანჯარასთან მიდგმულ სკამზე ფეხმორთხმით დავჯექი. ოთახში ნიკა შემოვიდა. დაღლილი სახე ჰქონდა, ეტყობა მთელი ღამე არ ეძინა.
–გაემზადე, მივდივართ. – ხმაც შეცვლილი ჰქონდა.
უსიტყვოდ წამოვდექი.
–არც კი მკითხავ სად მივდივართ?
–ჩემთვის სულ ერთია, თუნდაც ჯოჯოხეთში.
სოფელში წამიყვანა, ბებიამისთან.
მხნედ გამოიყურებოდა მოხუცი. თბილი გამომეტყველება და სევდიანი თვალები ჰქონდა. ასეთი დამამახსოვრდა მარიამ ბებია. როგორ გაუხარდა?! მთელი სახე და გულმკერდი დაუკოცნა შვილიშვილს. მეც მომინდა ასეთი ახლობელი ადამიანი მყოლოდა გვერდით. რაღაცით ბებიაჩემს მივამსგავსე. ნიკას ალერსით, რომ იჯერა გული, ჩემსკენ წამოვიდა.
–დედა, როგორც იქნა მეღირსა ამ ანგელოზივით ბოვშის ნახვა. – გულში ჩამიკრა. – მაპატიე შვილო, ვერ ჩამევედი ქორწილში, ვერ შევძელი. აპატიე თუ შეგიძლია გამოშტერებულ მოხუცს. – უკვე ვტიროდი და ისე ვეკვროდი გულში. – სუ, ბებია, სუ. მეწყინა ნამეტანი შენი მშობლების ამბავი. ძნელია ახლობელი ადამიანების დაკარგვა. მაგის მეტი რა ვიცი, მარა გოუძელი და მერე ასე ძნელი აღარ იქნება. ტკივილი არ მოშუშდება, მარა ამ ტკივილთან ერთად ცხოვრებას ისწავლი.
სახლში შეგვიძღვა. აღარ ვტიროდი. მის მხნეობას, რომ ვუყურებდი, მეც მემატებოდა ძალა. არ დამიჯერებთ, მაგრამ მშობლების სიკვდილის შემდეგ, პირველად ვჭამე საჭმელი.
– როგორ გამახარე, ჩემო ბიჭო, რომ იცოდე, დარჩებით ხომ ერთხანს? – ნიკას მიუბრუნდა.
– თინის დაგიტოვებ, მარო, მე ერთი თვით გერმანიაში მივდივარ. სამსახურის საქმეებზე. მიმიხედე შენ რომ იცი ისე. – თავზე აკოცა მოხუცებულს და ჩუმად გამომხედა. რეაქციას აკვირდებოდა.
– კი, დედა, კი. ცივ ნიავს არ მივაკარებ. – აღფრთოვანებას ვერ მალავდა. უკვე მიყვარდა ეს ქალი.
რა ვიგრძენი? გული ჩამწყდა. არ ვიცი რატომ. ახლა ვხვდები, მაშინ არ მინდოდა აღიარება.
კიდევ ბევრი ვილაპარაკეთ მე და მარო ბებიამ. სახლი დამათვალიერებინა. მთელი ეზო შემომატარა. უამრავ პირუტყვს და ფრინველს უვლიდა. ახლად გამოჩეკილი წიწილების სანახავად წამიყვანა. ღუნღულა ყვითელი არსება ავიყვანე ხელში და გამეღიმა, ისეთი უსუსრი იყო. თქვენ წარმოიდგინეთ სულ რაღაც ერთი დღე იყო, რაც ჩამოსული ვიყავი და უკვე ვიღიმოდი. იმედის სხივი გაკრთა. გული ისევ მტკიოდა, მაგრამ უკვე ვუმკლავდებოდი. მოხუცებულის შემხედვარე, რომელმაც ჩემზე გაცილებით მეტი დაკარგა, აქეთ მამხნევებდა და სიცოცხლის უნარს მიბრუნებდა. პირველივე დღეს უკვე მთელი გულით მიყვარდა ეს ჩია მოხუცი.
დასაძინებლად წავედი. ზედა სართულზე გაეშალა ჩვენთვის. არ მეძინებოდა, აივანზე დავრჩი სარწეველა სკამზე და ჰორიზონტს გავუშტერე თვალი. გავიგე როგორ ამოვიდა კიბეზე ნიკა. აივანზე რომ დამინახა – „გაცივდებიო“ მითხრა და ოთახიდან გამოტანილი პლედი მომახურა. ჩემს წინ სკამზე ჩამოჯდა, იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო და დაიწყო:
– როგორც მაროს უკვე ვუთხარი, ხვალ მივდივარ.
„ხვალ? ასე მალე?“ – ჩემი ქვეცნობიერი.
– ერთი თვით მივდივარ. – განაგრძო ისევ. – შენ ვერ წარმოიდგენ, როგორ მიჭირის ასეთ დღეში, რომ გტოვებ, მაგრამ ვიცი, ახლა შენთვის საუკეთესო მაროსთან ყოფნაა, მარტო მას შეუძლია ეს ტკივილი გადაგატანინოს. ჩემი ცხოვრების ყველაზე საშინელი 30 დღე იქნება ეს, მაგრამ თავისუფლებას გაძლევ, იფიქრე და გადაწყვიტე. – თავი დახარა და ხმა გაებზარა. – ზუსტად 30 დღეში თბილისში, „ჩვენს“ სახლში დაგელოდები, თუ გადაწყვეტ და არ მოხვალ, გაგიშვებ, აღარ მოგძებნი. როგორც მაშინ შეგპირდი. სიკვდილის ტოლფასი იქნება, მაგრამ შენი გულისთვის შევძლებ. გავუძლებ. ოღონდ ვიცოდე, რომ კარგად იქნები. – ხმის დამორჩილება ვეღარ შეძლო და წამოდგა. აივნის მოაჯირთან მივიდა და ორივე ხელით დაეყრდნო. ცოტა ხანში ძალა მოიკრიბა და გააგრძელა. – პირველად, რომ გნახე, შემართულ იარაღს რომ გადაუდექი წინ, მაშინ ვიგრძენი რაღაც უჩვეულო და გაურკვეველი. მაგიტომ წამოგიყვანე იქიდან. მაშინ ეს შურისძიების გეგემად მოვნათლე, მაგრამ სინამდვილეში უბრალოდ შენგან შორს ყოფნა არ მინდოდა. ამას ახლა ვაცნობიერებ, თორე მაშინ ვერ ვხვდებოდი. თითოეული შენი შეშინებული სახე, ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი იყო და თავს უფრო ცუდად ვგრძნობდი. ეს მაცოფებდა და მაიძულებდა კიდევ უფრო დიდი სისულელე ჩამედინა. შენი ცოლად მოყვანის მიზეზი, არასდროს ყოფილა პრესისთვის თვალის ახვევა. არასდროს მაინტერესებდა, სხვა რას იტყოდა ჩემზე. მინდოდა დამესაკუთრებინე, როგორმე დამემარცხებინა შენი დაკარგვის შიში, რომელიც შიგნიდან მჭამდა და მოსვენებას არ მაძლევდა. გული საშინლად მეტკინა, ნიშნობის ბეჭდის გაკეთება, რომ ვერ შეძელი. მაშინ უკვე გაღმერთებდი და საკუთარ თავსაც ვეღარ ვუმალავდი ამას. თითოეულ შენს შეხებაზე პატარა ბიჭივით ვთრთოდი. ყველაზე უჩვეულო გრძნობა იყო ჩემთვის, მაგრამ ყველაზე სასიამოვნო და თანახმა ვიყავი, სულიც კი მიმეყიდა ეშმაკისათვის, ოღონდ კიდევ ერთხელ შეგხებოდი. ცივსისხლიანი ნიკოლოზ წერეთელი ყურებამდე იყო შეყვარებული. სახლიდან რომ გაიქეცი, პირველად მაშინ ვიგრძენი შენი დაკარგვის შიში. სანამ უკან დაგაბრუნეს, ერთი სიკვდილი გავათავე. გულში ეკალივით მესობოდა თითოეული ნათქვამი სიტყვა. შენ არ იცი რად დამიჯდა, მაშინ იარაღი რომ დაგიდე მაგიდაზე. გარეგნულად სიმშვიდეს ვინარჩუნებდი, მაგრამ ერთი ნაბიჯიც რომ გადმოგედგა, დაგასწრებდი და მე თვითონ დავიხლიდი ტყვიას. პირველად, რომ მაკოცე... – გაეღიმა და შემობრუნდა. – მოულოდნელობისგან და სიამოვნებისგან ფეხქვეშ საყრდენი გამომეცალა და სავარძელი რომ არა, ალბათ წავიქცეოდი. ძალიან დიდი ხანი მახსოვდა შენი თბილი ბაგეების გემო. ვხვდებოდი, რომ ეს მხოლოდ დედაშენისთვის გააკეთე, მაგრამ ჩემთვის ესეც საკმარისი იყო, ისიც კი მაკმაყოფილებდა, რომ საერთოდ ჩემი კოცნა შეძელი. გული არ აგერია. ჩვენი ქორწილის დღეს ულამაზესი იყავი და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როგორი არარაობა ვიყავი შენთან შედარებით. თითოეული წამი მახსოვს ჩვენი ჯვრისწერისა. რამდენჯერ წარმოვიდგინე, რომ ბოლო წუთს უარს იტყოდი და წახვიდოდი. სიკვდილზე მეტად მეშნოდა ამის. ვგრძნობდი არ გიმსახურებდი, მაგრამ ეგოისტი ვიყავი და ვერ გთმობდი. იმ ღამეს შენი ცრემლები, რომ დავინახე, საკუთარი თავი შემზიზღდა. ჩემი ალერსისგან ტიროდი. იცი რას ნიშნავდა ეს ჩემთვის? იქვე მოვკვდი. ვეღარ ავიტანე შენი ასეთი მდგომარეობა და წავედი. უმისამართოდ დავბოდიალობდი, სად წავსულიყავი, არ ვიცოდი. რომ დამირეკეს და მითხრეს მოიტაცესო, გეფიცები 20 წამი სუნთქვა შევწყვიტე. უსასრულოდ გაიწელა დრო სანამ გიპოვიდი და დავრწმუნდებდი, რომ კარგად იყავი. იდექი საქორწინო კაბით და თავს მაკარგვინებდი. იმ სიტუაციაშიც კი ერთი სურვილი მკლავდა, მოგხვეოდი და მოგფერებოდი. შენი ნასროლი ტყვია, შიგ გულში მომხვდა, შენ მე მესროლე. იმის გაფიქრებაც რომ ჩემი სიკვდილი გინდოდა, გონებას მიხშობდა. შუა დარბაზში, იატაკზე ჩამჯდარი და გაოგნებული, რომ დაგინახე გული მომეწურა. პატარა გზააბნეული ბავშვივით არ იცოდი რა გექნა. განიცდიდი. მანქანაში ჩემს მკერდზე ვგრძნობდი შენს პატარა თავს და მზად ვიყავი მთელი ცხოვრება ასე მევლო. ჭრილობის დასამუშავებლად რომ შემოხვედი ოთახში, ყველაზე ბედნიერი ვიყავი. შენი პატარა თითების თითოეულ შეხებას ჭკუიდან გადავყავდი, ვეღარ ვგრძნობდი ვერც ტკივილს და საერთოდ ვეღარაფერს ვგრძნობდი. გგრძნობდი მხოლოდ შენ. საჭირო მომენტი შევარჩიე და გკითხე სად მიმიზნებდი-თქო და განაჩენივით ველოდებოდი პასუხს, მაგრამ ისევ გადამარჩნე. ახლაც ყურებში ჩამესმის ხმა – „ფეხშიო“ ძლივს გასაგონად, რომ ამოთქვი, მაგრამ მე გავიგე და მეორედ დავიბადე. თინი, თანდათან ჩემი ცხოვრების მთავარი მამოძრავებელი ძალა ხდებოდი, მე კიდევ მზად ვიყავი მხოლოდ შენი ცხოვრებით მეცხოვრა. შენთვის მეცხოვრა. იმ საღამოს, რომ დავინახე გიგა, როგორ გეხუტებოდა, ისევ დამებინდა გონება. შენ იყავი ის, ვინც სისულელის ჩადენის საშუალება არ მომცა. შენ უნდა გიმადლოდეს დღეს ცოცხალი, რომ დადის, მაგრამ აუტანელ ეჭვიანობას ვერაფერი მოვუხერხე. გეხვეოდა, ისე როგორც ჩახუტების უფლება, მხოლოდ მე მქონდა. დავლიე. მეტი ვერაფერი მოვიფიქრე. იმ საღამოს გახსენება დღემდე მიჭირს. სახლში დაბრუნებულმა ისევ მისი სახელი, რომ გავიგე ჭკუიდან გადავედი. არ შემეძლო თუნდაც შენი ამონასუნთქი ჰაერი, სხვისთვის გამეყო. მარტო მე მეკუთვნოდი, დაგისაკუთრე. ის რაც მაშნ გავაკეთე. – გაჩუმდა, რამდენიმე წუთი ხმას არ იღებდა. მივხვდი ხმის დამორჩილებას ცდილობდა. – საკუთარ თავს ვერასოდეს ვაპატიებ. შენი თვალები მთელი ცხოვრება სასჯელად გამყვება. მტკიოდა შენზე ათჯერ მეტად და დღემდე მტკივა. ერთი ბეწოთიც არ შემსუბუქებულა ეს ტკივილი და ვერც ვერასდროს შემცირდება. ვერიდებოდი შენთან შეხვედრას. ამითი საკუთარ თავს ვისჯიდი და შენ გაძლევდი თამამდ სუნთქვის საშუალებას. დალურჯებული მკლავები მთელი ჩემი ცხორების სასჯელი იქნება. ჩემი მეორე დიდ შეცდომა ის იყო, როცა ვიფიქრე, რომ ვინმეს შეეძლო უშენობით გამოწვეული ტკივილი შეემსუბუქებინა. თინი, არ არსებობს ადამიანი, რომელიც უშენობას გადამატანინებს. კიდევ ერთხელ გატკინე, კიდევ ერთხელ შეგილახე თავმოყვარეობა. არ გიმსახურებდი, მაგრამ ეგოისტი ვიყავი და ვერ გთმობდი. ტელეფონის მეორე მხარე მესმოდა შენი გულისცემა და თავი კიდევ უფრო მძულდა. მთელი დღე რომ არ გამოჩნდი, შემეშინდა, დაგირეკე. ძლივს მიპასუხეს ტელეფონზე, მაგრამ შენ არ იყავი, ბიჭმა მიპასუხა. მაშინ გავიაზრე რას გრძნობდი. კინაღამ ჭკუიდან გადავედი, მეგონა სამაგიერო ასე სასტკად გადამიხადე, მაგრამ ბარმენი აღმოჩნდა, რომელსაც ეტყობა, კარგა გვარიანად შეუჭამე ტვინი და სიხარულით მიკარნახა მისამართი. აქაც შევცდი, აქაც მაჯობე, შენ ისეთი წმინდა ხარ, თავში აზრადაც არ გაივლებდი საკუთარი სიწმინდის ხარჯზე გეტკინა გული ჩემთვის. მაგრამ ჩემი წყობიდან გამოყვანა ყოველთვის გეხერხებოდა. იმ ერთმა სიტყვამ ბოლო მომიღო. მთხოვე ის რაც აქამდე არასოდეს გითხოვია. გაშვება მთხოვე. აუტანელი იყო. მივხვდი, რომ სულიერად განადგურებდი, გამოგფიტე და ვიგრძენი რომ ვეღარ უძლებდი. მაშინ პირობა მოგეცი, ყველაზე რთული პირობა მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე. შენი მშობლების ამბავი, რომ გამაგებინეს. შენს თავს ვფიცავარ, ყველაზე წმინდას რაც გამაჩნია, მერჩივნა მე ვყოფილიყავი მათ ადგილას, ოღონდ შენი ტანჯვისთვის არ მეყურებინა. ვერ გითხარი ნამდვილი მიზეზი. მეშინოდა... ამის მეშინოდა, პირობის შესრულება და შენი გაშვება, რომ მომიწევდა, იმის მეშინოდა, მაგრამ ვერ გავექეცი. შენი გულისთვის მოვიკრებ ძალას და გათავისუფლებ. გითხრა მიყვარხარ, ნიშნავს არაფერი გითხრა. შენ ჩემი სულის ნაწილი ხარ, ჩემი ცხოვრების აზრი და მამოძრავებელი ძალა. გიშვებ მხოლოდ იმიტომ, რომ სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ. შენთან ჭიდილში ჩემი ეგოიზმიც კი დამარცხდა. გიშვებ, ვწყვეტ ცხოვრებას და ვაგრძელებ უბრალოდ არსებობას, იმ იმედით, რომ ოდესმე მაპატიებ ყველაფერს. ზუსტად 30 დღის მერე „ჩვენს“ სახლში დაგელოდები, მანამ სანამ არ მოხვალ. არ დავიღლები... შენს თავს ვფიცავარ მთელი ცხოვრება დაგელოდები და იმ იმედით ვიარსებებ, რომ ერთხელაც მოხვალ და სიცოცხლის უფლებას დამიბრუნებ. – ჩემს წინ იჯდა და ორივე ხელი თავის ტორებში მოექცია. ძალიან ნაზად მაკოცა თითებზე და სასიამოვნოდ დავლილი ჟრუანტელით დამტოვა.
ეს მონოლოგი სწორედ ის იყო, რაც ასე ძალიან მჭირდებოდა. თავის სულში ჩამახედა. ის ნიკუშა დამანახა, რომელიც თავდავიწყებით შემიყვარდა. მე მაშინვე ვიცოდი, რომ 30 დღის მერე, იქ „ჩვენს“ სახლში აუცილებლად დაველოდებოდი. უბრალოდ მაშინ საკუთარ თავსაც კი არ გამოვუტყდი ამაში.






****
მეორე დილით უკვე წასული დამხვდა, რაღაც ჩამწყდა, მაგრამ დროის ათვლა დავიწყე. მალე გაივლიდა 30 დღე.
მარიამ ბებიამ შეძლო ჩემი მდგომარეობიდან გამოყვანა. საკმარისი იყო დამლაპარაკებოდა და ყველანაირი დარდი მავიწყდებოდა. ჩემი წამალი იყო. სოფლის ცხოვრებას ნელ-ნელა ალღო ავუღე, ყველაფერში ვეხმარებოდი. რამდენჯერმე ძროხაც კი მოწველე, როგორც მითხრა საკმაოდ კარგადაც გამომდიოდა. ვისწავლე თონეში პურის ჩაცხობაც. ვინ წარმოიდგენდა, თინი წილსანი, სოფლის ცხოვრებას, ასე კარგად თუ მოერგებოდა?!
– წინა ცხოვრებაში ალბათ ფერმერი ვიყავი. – ვამბობდი სიცილით.
– წინა ცხოვრებაში ანგელოზი იქნებოდი, დედა შენ. – მეტყოდა ხოლმე.
ვგიჟდებოდი საღამოობით ჩვენს გულახდილ საუბრებზე. მიყვებოდა თავის ახალგაზრდობაზე. როგორ გათხოვდა და როგორ შეაყვარა თავი „ცხონებულმა შოთამ“. შემიძლია ვთქვა, რომ ბედნიერი ვიყავი. ერთი რაღაც მაკლდა მხოლოდ, ერთი ვიღაც.
წარმოიდგინეთ ერთ დღესაც ჩემი სიხარული, ჭიშკართან გაჩერებული მანქანიდან ნათია და დიმა, რომ გადმოვინენ.
– გოგო, სულ გაგიჟდი შენ? – ფეხი არ ჰქონდა ეზოში შემოდგმული ყვირილი, რომ დაიწყო დიმამ – ასეთი ამბავი როგორ არ გაგვაგებინე? ასეთ რთულ მომენტში შენს გვერდით არ უნდა ვყოფილიყავით? დამაცადოს, ჩამოვიდეს ის უჟმური, იმან მაინც როგორ დაგვიმალა?!
მე უკვე თვალცრემლიან ნათიას ვეხუტებოდი და სიხარულისგან და მღელვარებისგან მეც ცრემლები მომდიოდა თვალებიდან.
– შენ სულ რავა უნდა ღრიალებდე? დამეფსო ყურები. – ჩვენსკენ მოდიოდა მარო ბებია და თან მეტისმეტი სიყვარულით დიმას კიცხავდა.
– ჩემი ბებიკო. – გაექანა, მოხუცებული ხელში აიტაცა და დააბზრიალა.
– დამსვი შე შეჩვენებულო. – გაჰყვიროდა და ცდილობდა როგორმე ფეხებქვეშ მიწა ეგრძნო. – ამას არაფერი აღარ ეშველება, დადგენილი ამბავია მაგი. – როგორც კი მიწაზე დასვა, მაშინვე ნათიასკენ გაემართა. – დედა, სად იშოვე აგი ანგელოზივით ბოვში, ან შენ ვინ გამოგატანა, შე კუდიანო? – უკვე ნათიას კოცნიდა მოხუცებული.
ერთი კვირა დარჩნენ. ყველაზე მხიარული ერთი კვირა გავატარე ჩემი ცხოვრების მანძილზე. დიმასთან სხვანაირად შეუძლებელი იყო. ვერ იტანდა ინდაურებს.
– შეხედე, ჯერ მარტო რასა ჰგვანან. ამაზე საშინელი სიფათი, მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე არ მინახავს.
ინდაურებიც გრძნობდნენ თითქოს და ჯინაზე სულ კუდში დაყვებოდნენ.
– მარო, მომაშორე ეს შენი ჯაშუშები აქედან. – გაჰყვიროდა მთელი ხმით.
– რა გინდა ახლა მაგათგან? რას ამოითვალწუნე? – სიცილით ეუბნებოდა მარო. –ვერ ეწყობი არა, შენზე მეტი ტვინი რომ აქვთ?
– ნუ გადამრიე, როგორ აქვთ მაგათ ჩემზე მეტი ტვინი? – ბუზღუნებდა. – ქშა, გამეცალეთ აქედან. ინდაური ვიცი მე საცივში, რა უნდა ინდაურს ეზოში?
– ხო. გეუბნები არა გაქ ტვინი-თქვა? შენი აზრით საიდან ხვდება ინდაური საცივში, ზეციდან? ჯერ ეზოში დაიარებიან და მერე შენისთანა აყლაყუდები, რომ ასიამოვნონ თავს წირავენ.
– სულ ჩემს სიამოვნებაზე ფიქრობენ, კი აბა?! რო მიუშვა თვალებს აქეთ ამომთხრიან.
სულ სხვანაირი სიხალისე შემოიტანეს სახლში. მარომ ნათიაც ჩართო სოფლის საქმეებში. ძროხის წველა ჯერ არ გამოსდიოდა, მაგრამ სადილების კეთებაში ბადალი არ ჰყავდა.
– მარო, ნუ გააგიჟე ეს ქალაქელი გოგოები და ნუ გაწყვიტე წელში. – ენას არ აჩერებდა დიმა. – რას იტყვის ის ბატონიშვილი, რომ ჩამოვა და „სვეწკი“ ცოლის მაგივრად სოფლელი „გომბიო“ დახვდება?
– შენ მე მგონი, ჩემი ბროწეულის წკპლის გემო დაგავიწყდა. – მოჭუტული თვალებით გადახედავდა ხოლმე მარო.
– „ვინავატი“ ვარ – ხელებს სწევდა დიმა.
და მერე ისევ გრძელდებოდა, ასე დაუსრულებლად.
მე და ნათიამ ბევრი ვილაპარაკეთ. ჩემს მშობლებზეც.
– ძალიან მეწყინა, თინი, ასე როგორ შეიძლებოდა? მერე რა რომ თაფლობის თვე გვქონდა. მე და დიმას მთელი ცხოვრება გვაქვს ერთმანეთისთვის და შენ კიდევ მაშინ გჭირდებოდით. ჩემი გოგო, როგორ გაუძელი ამ ყველაფერს მარტომ? – მომეხვია. მომნატრებოდა მისი ჩახუტებები.


****
წავიდნენ. მე არ გავყევი. არ მინდოდა ნიკას გარეშე იმ სახლში. ის „ჩვენი“ სახლი იყო და აუცილებლად ერთად დავბრუნდებოდით.
ის დღეც მოახლოვდა, ხვალ თბილისის დროით 18:35-ზე მისი რეისი თბილისის აეროპრტში დაეშვებოდა. აეროპორტში დავრეკე და ზუსტი დრო ვიცოდი. დილით ადრე წასვლა გადავწყვიტე. ბევრი ვეხვეწე მაროს: „შენც წამოდი, უშენოდ რა მეშველება“-თქო, მაგრამ არაფერმა გაჭრა. ურყევ არგუმენტად „ცხონებული შოთას“ სული და მის წინაშე ვალდებულებები მოჰყავდა. 7 საათზე უკვე სოფლის ავტობუსში ვიჯექი და საკუთარი გულის ცემას ვგრძნობდი. ცოტაც და... 30 დღე.... 30 ღამე....
დიდი დრო იყო. იქნებ რამე შეიცვალა? იქნებ გადაიფიქრა? იქნებ დავავიწყდი?მაგრამ მე მაინც მივდიოდი, ცოტაც და ვნახავდი. ჭიშკართან ვიდექი. პულსაცია გაორმაგდა. რამდენი მოგონება მქონდა?! კარგიც და ცუდიც. ახლა მარტო კარგი მახსენდებოდა. მაშინ, იმ საღამოს ნიკამ ის ცუდიც საუკეთესო კუთხით დამანახა. თავისი თვალით დამანახა. ნიკას ოთახში შევედი, ვიგრძენი მისი სუნი და გამაჟრიალა. მენატრებოდა სიგიჟემდე.
– ვიცოდი რომ დახვდებოდი, გენაცვალე შენ. ყველაზე მაგარი ადამიანი ხარ მთელ დედამიწაზე. ჩემს მერე, რა თქმა უნდა. – დიმა ყვიროდა დაბლა. – სად ხარ ერთი გემრიელად უნდა ჩაგეხუტო. – უკვე კიბეზე ამორბოდა.
ორივე ცოლ-ქმარი იმის გადასამოწმებლად მოვიდა, დავუბრუნდებოდი თუ არა ნიკას.
– მე დარწმუნებული ვიყავი. – გამიღიმა ნათიამ და გადამკოცნა. – იქ სოფელში მივხვდი.
– აჰა, მირეკავს შენი რომეო. – ტელეფონს დახედა დიმამ. – ისიც ნერვიულობს ალბათ.
– დიმა, ნათიას თავს გაფიცებ არ უთხრა, აქ რომ ვარ. – აკრძალული სვლა გამოვიყენე და ცოლი დავაფიცე.
– გაგიჟდი გოგო? თავისი ხელით გამითხრის საფლავს. რა პონტია, რატომ მოვატყუო?
– გთხოვ. თან უკვე დაგაფიცე. – გავუღიმე და გულზე ხელები დავიკრიფე.
ამოიოხრა და უპასუხა.
– ძმას სალამი... რა ვიცი, მოგეხსენება ცოლიანი კაცის ამბავი, შემჭამა ცოცხლად. ხან შპალერის ფერი არ მოსწონს, ხან ფანჯრის სიმაღლე, შემიკლა ხელში. – ცდილობდა მთავარი კითხვა აეცილებინა თავიდან და ათას სისულელეს მიედებოდა. – თინი?... – შემომხედა. ხელები გავასავსავე. – ჯერ არ მოსულა, მაგრამ სად წავა. მოფრინდება შენი ჯულიეტა... რომელზე იქნები აქ?.. დაგხვდები. – გათიშა.
– მოსაკლავი ხარ! – მომიბრუნდა გაბრაზებული. – მე მგონი გული შეუწუხდა ისე მალე გამითიშა ყურმილი. ცოცხლად მარხავ მაგ ადამიანს უკვე რამდნი ხანია, აღარ გეყო?
მივედი, მოვეხვიე და ლოყაზე ვაკოცე.
– ვიცი, დიმუსი, მაგრამ ის ემოცია უნდა ვნახო. მასთან ერთად უნდა გადავიტანო ეს სიხარული.
– მაინც ჩემი გოგო ხარ შენ. – თვითონაც მომეხვია.
დიმა წავიდა აეროპორტში. ნათია ჩემთან დარჩა. ვახშმის მომზადებაში მეხმარებოდა. ეს დღე დაუვიწყარი უნდა ყოფილიყო. იყო კიდეც, მაგრამ არა ისე, როგორც ამას ჩვენ ვიმედოვნებდით.


****
ცხოვრება ხანდახან ისეთი სასტიკია და სწორედ მაშინ გიწყობს გამოცდას, როცა გგონია, რომ ყველაფერი ცუდი უკვე უკან მოიტოვე და ახლა მხოლოდ ბედნიერებისკენ უნდა იარო. მაშინ როცა წესით უკვე შენი წილი ბედნიერება იპოვე, დგება სამყაროს აღსასრული.
მე სამყარს აღსასრული მთელი სიმძაფრით შევიგრძენი.
ჩართული ტელევიზორის წინ, გაშეშებული ვიდექი და სადღაც შორიდან ჩამესმოდა დამწუხრებული დიქტორის ხმა: „ფრანკფურტი-თბილისის რეისმა კატასტორფა აფრენიდან რამდენიმე წუთში განიცადა. პირველადი მონაცემებით პილოტის შეცდომამ....“ აღარაფერი მესმოდა. ვიდექი და ვერ ვინძრეოდი. მიკვირდა ფეხზე, დგომა როგორ შემეძლო, ზეცა როგორ არ მემხობოდა თავზე, როგორ ვსუნთქავდი ასე თავისუფლად, როგორ შემეძლო გამეგრძელებინა სიცოცხლე, ან თუნდაც არსებობა?
თავი გვერდზე მივაბრუნე და არაფრის მთქმელი მზერა მივაპყარი პირზე ხელებაფარებულ ნათიას. უსაზღვრო ტკივივილი დავინახე ნათიას თვალებში.
– იქნებ სხვა რეისია? – ჩემკენ წამოვიდა.
– აეროპორტში მივდივარ. – არც კი შემიხედავს ისე ვუთხარი და კარისაკენ წავედი.
– თინი, არ გინდა... სხვა რეისი იქნება. ახლავე დავურეკავ დიმას. – უკან მომყვებოდა და თან ტელეფონზე დიმას ნომერს კრეფდა. ვერ დაუკავშირდა.
აეროპორტში მძღოლმა წაგვიყვანა. შევედით მოსაცდელში, სადაც უამრავი ხალხი ირეოდა და სრული პანიკა იყო. ამდენ ხალხში შევძელი და დიმა ვიპოვე. საშინელი სახე ჰქონდა.
– დიმა... – მეტი ვერაფრის თქმა მოახერხა ნათიამ.
– წავალ გავიგებ, იქნებ არ მჯდარა ამ თვითმფრინავში.
წავიდა. დრო გაიწელა. ნელ-ნელა შოკიდან გამოვდიოდი და აუტანელი ტკივილი მეწყებოდა გულის არეში. ვეღარ ვუძლებდი...
დიმა დაბრუნდა.
დარდისგან დაპატარავებული ადამიანი გინახავთ? მე მაშინ ვნახე. კითხვა აღარ იყო საჭირო. ყველაზე უარესი კოშმარი ხდებოდა.
– დიმა... – მუდარის თვალებით მიაშტერდა ქმარს ნათია.
– რეგისტრაცია ამ რეისზე გაიარა. – ისედაც ჩახლეჩილი ხმა საერთოდ ჩაუწყდა.
ვეღარაფერს ვგრძნობდი. იატაკზე ჩავჯექი. ყურები დამიგუბდა. არაფერი მესოდა. მხოლოდ, სადღაც შორიდან მესმოდა ქალის განწირული, არადამიანური ყვირილი. მერე მითხრეს, რომ ეს მე ვკიოდი ასე.
თითქმის არაფერი მახსოვს – როგორ წამიყვანეს სახლში. აღარაფერს ქონდა მნიშვნელობა. მე აღარ ვარსებობდი.




*********
ძალიან დიდი მადლობა, ბავშვებო, ყველას ვინც კითხულობთ და საკუთარ აზრს გამოთქვამთ... სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: მე ყველაზე მაგარი მკითხველი მყავს... ყველაზე თბილი და კომპეტენტური.



№1  offline წევრი ფსიქო.13

pirveli var!
didi tavi chans,wavikitkhav akhla,da chems azrs getkvi <3
mikv. ^^

...
yvelaze dzvirfass geficebi,tinize metad me tu ar metkina...
tirili rom shemedzlos,vitirebdi...
(ishviatad vtirivar xolme,titqmis arasdros)....
sashineleba iyo...
rom wavikitxe,televizorshi gamocxadebuli sityvebi...
dedas geficebi,telefoni xelidan gamivarda da chakbechili nayini sasuleshi gadamcda...
yvelaze metad ganvicade,aq rac moxda.
da ici,yvelaze metad mainc ra mikvirs? bednierebis ufleba rom ar aqvs.
gmerti yvelas unawilebs tavis wwil bednierebas,magram...
satauri imdenad sworad gaqvs shercheuli,mikvirs kidec.
sashinlad tkviliani iyo.
magram ici ra? me mjera,rom mainc ertad iknebian.
shen gind ertad datove,gind ara,chems fantaziebshi,samudamod ertad iknebian...
da dzalian gtxov,am motxrobas ar mouxdeba cudi dasasruli.
zogadad,vgijdebi cud dasasrulebze,magram sxva dros da,ogond aq ara...
dzalian gtxov...
shen valdebulic ki xar,rom cudad ar daasrulo))
gind ukve mofiqrebuli gqondes,ver gapatieb,rom mokla is personaji,romelic ar unda mokvdes)
ase rom,chemo nicol,ar gapatieb,imedebi rom gamicruo :)
--------------------
ჩვენნაირები მთვარით თბებიან...

 


№2  offline წევრი eni

Vaimee rogor miyvarxar shen eseti magari istoriistvis ai ver warmoidgen ragavaketo arvici roca vkitxulob sul raxacnairad umagresi shegrdzneba maqvs <3 dzan gtxov ra ai saswaulebi ho arsebobs iqneb gadarches nika <3rogorc arunda damtavrdes chemtvis yvelase kargi istoria iqneba magram tinis da nikas gareshe ver warmovidgen <3

 


№3  offline წევრი Be_the_ONE

ძალიან კარგი მოთხრობაა,საოცარი გრძნობითა გაქვს გადმოცემული თითოეული ემოცია და ცუდად არ დაასრულო, იმსახურებენ თინი და ნიკა ბედნიერებას love smile

 


№4  offline მოდერი nicol

ფსიქო.13
pirveli var!
didi tavi chans,wavikitkhav akhla,da chems azrs getkvi <3
mikv. ^^

...
yvelaze dzvirfass geficebi,tinize metad me tu ar metkina...
tirili rom shemedzlos,vitirebdi...
(ishviatad vtirivar xolme,titqmis arasdros)....
sashineleba iyo...
rom wavikitxe,televizorshi gamocxadebuli sityvebi...
dedas geficebi,telefoni xelidan gamivarda da chakbechili nayini sasuleshi gadamcda...
yvelaze metad ganvicade,aq rac moxda.
da ici,yvelaze metad mainc ra mikvirs? bednierebis ufleba rom ar aqvs.
gmerti yvelas unawilebs tavis wwil bednierebas,magram...
satauri imdenad sworad gaqvs shercheuli,mikvirs kidec.
sashinlad tkviliani iyo.
magram ici ra? me mjera,rom mainc ertad iknebian.
shen gind ertad datove,gind ara,chems fantaziebshi,samudamod ertad iknebian...
da dzalian gtxov,am motxrobas ar mouxdeba cudi dasasruli.
zogadad,vgijdebi cud dasasrulebze,magram sxva dros da,ogond aq ara...
dzalian gtxov...
shen valdebulic ki xar,rom cudad ar daasrulo))
gind ukve mofiqrebuli gqondes,ver gapatieb,rom mokla is personaji,romelic ar unda mokvdes)
ase rom,chemo nicol,ar gapatieb,imedebi rom gamicruo :)

ჩემო კარგო, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ყველა კომენტარისთვის. დამიჯერეთ თითოეული თქვენი თბილი სიტყვა, რამდენჯერმეც კი მაქვს გადაკითხული. შენ ხომ საერთოდ ყველა თავის მერე თითქმის პირველი წერ.
ნამდვილად არ მინდოდა ესე დამეზაფრეთ, მაგრამ მინდა ბოლომდე დაგანახოთ ის ემოციები, რომელიც ამ სიყვარულს უკავშირდება. ყველა განცდა მინდა შეიგრძნოთ. ცოტა სისატიკე იყო ალბათ ამ ისტორიის აქ გაწყვეტა, მაგრამ რატომღაც ესე გადავწყვიტე... ეს ერთი მაპატიეთ და მეტს აღარ განერვიულებთ winked ეს ისტორია თქვენთვის იწერება და დამიჯერეთ ისეთი არაფერი მოხდება, რაც იმედებს გაგიცრუებთ. love
--------------------
თინა ნიკოლ

 


№5  offline წევრი სტიქია

რაღა მაქვს სათქმელი, ფსიქომ და ბავშვებმა ყველაფერი თქვეს ჩემს მაგივრად. უღრმესი მადლობა იმ ემოციებისთვის, რასაც შენ გვჩუქნი <3

 


№6  offline წევრი optimistii...

Shen axerxeb da yvelaa emocias ertad maagrdznobineeb, ar vici ragaca saswaulia es! ubralod gtxov aq ar daamtavro, mieci bednierebis ufleba am personajebs da imedi chven rom cxovrebashi kargi ragaceebic xdeba <3

 


№7  offline მოდერი nicol

optimistii...
Shen axerxeb da yvelaa emocias ertad maagrdznobineeb, ar vici ragaca saswaulia es! ubralod gtxov aq ar daamtavro, mieci bednierebis ufleba am personajebs da imedi chven rom cxovrebashi kargi ragaceebic xdeba <3

მადლობა და კიდევ ერთხელ მადლობა...
მე მგონი არასწორად გაიგე... ისტორია აქ არ მთავრდება, მეოთხე ნაწილის დასასრული ვიგულისხმე love
--------------------
თინა ნიკოლ

 


№8  offline წევრი გვირილა ♡

აუაუუაუა ეს რა დროს , რა მომენტში გაწყვიტეე ქალაუუუ ? :(((( :დ
სხვისი არვიცი , მაგრამ მე მართლა ამეტირა. ისე ემოციურად წერ, ძნელია ცრემლების შეკავება..
უკვე მიყვარხარ მე შენ ♡
აღარ ვწერ , რომ ველი შემდეგ თავს სულმოუთქმელად(მაგრამ მაინც დამეწერა :დ )..უკვე ფაქტია გამაგიჟა ამ იატორიამ :დ ♡

 


№9  offline წევრი Tako_Latibashvili

ვაიიმეე <3 აიი ძალიან მაგარიაააა

 


№10  offline ახალბედა მწერალი ერკე

ძალიან ჰგავს ზღაპარს, რეალობაში გადმოსროლილ და გადასხვაფერებულ ზღაპარს, რომლის პერსონაჟებიც არა რეალობიდან, არამედ ზღაპრიდან გაქვს აღებული და თან რა ზუსტია. ზუსტია ყველა გრძნობა, ზუსტია პერსონაჟები როგორიც გამოგყავს, თითქოს მათ პირადად იცნობდე ან ეს თინი მართლა შენ იყო და შენს ამბავს ყვებოდე, რასაც ცოტა აბსურდამდე, და ცოტაც ძალიან მაგარ ისტორიამდე მივყავართ.
არ ვიცი რა გითხრა, მართლა, მიყვარს სისასტიკე, მიყვარს როცა მე ვკლავ ან მე ვაწამებ ჩემს პერსონაჟს ხოლმე, მაგრამ შენი გმირების წამებით ნამდვილად ვიტანჯები!!!
ამეტირა კიდეც და ცრემლები გადმოვყარე, საშინლად დამთრგუნა და დამაინტრიგა.
ახალი თავის წაკითხვასაც მალე დამაწყებინებს და რა კარგია, რომ მე მაინც ლოდინი არ მიწევს და თავისუფლად ვკითხულობ. ეს კი ყველაზე მაგარია...
ამ ისტორიამ მომაფიქრებინა და შთამაგონა ჩემი ისტორიის გაგრძელებაც, ეს ისტორია იყო შოკში რომ ჩამაგდო და მეც მინდოდა შენთვის სამაგიეროს გადახდა wink ძალიან საყვარელი ხარ შენც, რადგან აქ მაინც შენი ინდივიდიც ჩანს და უსაყვარლესი ხარ ვხედავ. ამ ისტორიით მართლა ძალიან შემაყვარე თავი love love

"ტკივილი არ მოშუშდება, მარა ამ ტკივილთან ერთად ცხოვრებას ისწავლი."
"ცხოვრება ხანდახან ისეთი სასტიკია... და სწორედ მაშინ გიწყობს გამოცდას, როცა გგონია რომ ყველაფერი ცუდი უკვე უკან მოიტოვე და ეხლა მხოლოდ ბედნიერებისკენ უნდა იარო... მაშინ როცა მე სამყაროს აღსასრული, მთელი სიმძაფრით შევიგრძენი."
ეს ფრაზები რა მაგრად მომეწონა love კიდევ ამოვწერდი, მაგრამ აღარ მახსოვს სად ვეძებო... ესენი ყველაზე კარგად დამამახსოვრდა <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№11  offline წევრი dadeshqeliani

ვაიმე როგორ შემიყვარდიი <3 ეს რა იყოო?როგორი ბედნიერი თავი ასე ჩემი გულის გახეთქვით უნა დაგესრულებიააა? დღეს წავიკითხე ყველა და უკვე ვგიჟდები ამათზა love

 


№12  offline წევრი gvancacuna

Agar agrdzeleeeb?

 


№13  offline მოდერი nicol

gvancacuna
Agar agrdzeleeeb?

გრძელდება.
ეს ისტორია სრულად დევს უკვე საიტზე
--------------------
თინა ნიკოლ

 


№14  offline აქტიური მკითხველი terooo

თინა ნიკოლ შენი მისამართი მომწერე გული აღარ მაქვს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent