შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოცნების მჭერი (1)


11-08-2015, 21:52
ნანახია 4 488

ძვალ-რბილში ატანდა მცხუნვარე მზე, ისე ძლიერად, რომ სისხლი უდუღდა ვენებში ხალხს, მით უმეტეს, ახალგაზრდობას. სოფლის შარა გზაზე შეკრებილიყვნენ ყველა თაობის წარმომადგენლები: 2-3 წლის ბავშვებიდან დაწყებული, სოფლის უხუცესის, 87 წლის თმაგათეთრებული ბაბუთი დამთავრებული. პატარებსაც კი გადასდებოდათ უფროსების განწყობა. ასაკის მიუხედავად, ყველა ცაში იყურებოდა თვალებმოჭუტული და ერთმანეთს ამხნევებდნენ, იმედი ჰქონდათ, რომ ამ წელს მაინც მოვიდოდა წვიმა შუა ივლისში და ნათესებს ეშველებოდა. გვალვა იყო. შემოდგომა გეგონებოდათ, სიყვითლე დაავადებასავით მოსდებოდა მინდვრებს.
წვიმას ელოდა ხალხი. უკვე წლები იყო, სანახევროდ მშიერებს უწევდათ ყოფნა ზამთარში. მოსავალი, მთელი წელი რომ უნდა ერჩინა ოჯახები, გვალვით ნადგურდებოდა. მხოლოდ ბოსტნებს რწყავდნენ უფროსები, ისიც, მხოლოდ ისინი, ჭა თუ ჰქონდა ვინმეს ეზოში და წყალსაქაჩი ევლინებოდათ მხსნელად. სოფლის ძირითად მოსახლეობას, პლსტმასის ჭურჭელში ჰქონდა წყალი შენახული, უცებ რომ შეწყვეტილიყო და უწყლობით არ დამხრჩვალიყვნენ.
მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ლამაზი იყო იმერეთის ეს პატარა სოფელი. სოფელი, სადაც ზამთარში რამდენიმე სახლის საკვამურიდან თუ დაინახავდით ამომავალ კვამლს, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ ჯერ კიდევ დარჩენილიყო ხალხი, სოფელი რომ არ მიეტოვებინა და ქალაქში არ გაქცეულიყო. გართულდა ცხოვრება, ქალაქადაც და სოფლადაც. მხოლოდ ზაფხულში ახმაურდებოდა ქუჩები. მეზობლები ერთმანეთთან მიმოდიოდნენ. ქალაქიდან ჩამოსულებს, თუ რამე ტკბილეული გააჩნდათ შემონახული, მოხუც მეზობლებს მიართმევდნენ ხოლმე დიდი სიხარულით.
ზაფხულში იღებოდა ერთი საშუალო ზომის სახლის კარიც, როდესაც ბებიას თავისი 7 წლის შვილიშვილი ჩამოჰყავდა დასასვენებლად. 3 წლის იყო გაფრინდაშვილების ბიჭი - საბა, პირველად რომ ჩამოიყვანეს აქ, მის მერე, ყოველ ზაფხულს სოფელში ატარებდა. თანაც, ყოველ ჯერზე სხვადასხვა აღმზრდელი ჩამოჰყავდა. საკითხავი იყო, ბავშვს არ მოსწონდა ისინი, თუ აღმზრდელები ვერ უძლებდნენ ჯერ კიდევ პატარა ბიჭის თავხედობასა და უზრდელობას. ამჯერადაც ახალი ძიძა ახლდათ თან.
დეა ჯავახია - გაფითრებული, გამხდარი, მისუსტებული, როგორც მას საბას ბებია - ნინელი ახასიათებდა სხვებთან. 23 წლის იყო დეა. საკმაოდ ახალგაზრდა და გამოუცდელი საბასნაირი ცლანგი ბავშვის აღსაზრდელად, მაგრამ უფულობამ მოითხოვა ასე. სამსახური სჭირდებოდა აუცილებლად, სანამ უნივერსიტეტში სწავლა განახლდებოდა.
როგორც უკვე ვთქვი, უმეტესობას წყალი პლასტმასის ჭურჭელში აქვს-მეთქი, გაფრინდაშვილებიც მათ მიუკუთვნებოდნენ და პიროვნება, რომელსაც ამ ჭურჭლების შევსება ევალებოდა, ვინ იქნებოდა სხვა, თუ არა დეა?! ყოველდღე, დილას და საღამოს, ორ-ორ გზას აკეთებდა სოფლის ბოლოში არსებულ წყაროზე. ერთ ხუთლიტრიან ბოთლს ერთ ხელში დაიკავებდა, მეორეს - მეორეში და დაადგებოდა კილომეტრიან გზას წყარომდე. სხვა გზა უბრალოდ არ ჰქონდა.
შაბათი დღე იყო. მზე საშინლად აცხუნებდა. დეა ეზოში იყო და საბას ტანსაცმელს რეცხავდა. ბოლოჯერ ჩაჰყო შარვალი სუფთა წყალში და გაწურა. ქოშინით დაიხარა, გარეცხილი ტანსაცმელი აიღო და სარეცხის თოკზე გადაფინა. თეთრი მაისური დაუვარდა ძირს.
„ჯანდაბა, ჯანდაბა! ახლა რაღა ვქნა?“ - ტირილის პირას მისული, ძირს დაიხარა და მაისური აიღო. მთელი ძალით მოიქნია ტაშტისკენ, თითქოს, მასზე იყრიდა გულის ჯავრს და თავიდან გარეცხა. სველი ხელები აივანზე დაკიდებულ პირსახოცზე შეიმშრალა. საათი შუადღის ორს აჩვენებდა.
„საბააა!“ - დაიყვირა მან.
არავინ უპასუხა. რამდენჯერმე დაუძახა კიდევ, მაგრამ ისევ არ უპასუხეს.
„სად წავიდა, ერთი გამაგებინა, რა! ან კუდიანი ბებიამისი სადღაა, იმან მაინც გამცეს ხმა და იკადროს თქმა, თუ სად წაბრძანდა ის ლაწირაკი!“ - გაბრაზებული თავისთვის ლაპარაკობდა და თან ეზოში ეძებდა ბიჭს. ბავშვური სიცილის ხმა შემოესმა უკნიდან. თვალებმოჭუტული მიბრუნდა და დოინჯი შემოირტყა, მომცინარი ბავშვი რომ დაინახა.
-კუდიანი, არა? ჰაჰაჰა. კუდიანს გაჩვენებს, თუ ვუთხარი! - ენა გამოუყო ბიჭმა და კიდევ უფრო გაიჯგიმა. დეას უფრო დაუწვრილდა თვალები.
-სად იყავი?
-შენი რა საქმეა! - შეუბღვირა საბამ.
-თუ დაგიჭირე და გცემე, მერე გაიგებ არის თუ არა ჩემი საქმე! - კბილებს შორის გამოსცრა ჯავახიამ და მუშტი მოუღერა.
-დამიჭირე აბა! - კიდევ ერთხელ გამოუყო ენა და გაიქცა. დეას გაეცინა.
„უჭკუო ბავშვი!“- ჩაიფრუტუნა და სახლში შევიდა. სუფრა გაშალა. ძლივს შეიყვანა საბა სახლში, ისადილეს და ჭურჭელი დარეცხა. საათი 3-ის შესრულებას იუწყებოდა.
-საბა! ჩქარა ჩაიცვი, ეკლესიაში მივდივართ!
მხოლოდ ტაძარში წასვლაზე არ ეწინააღმდეგებოდა პატარა გაფრინდაშვილი ძიძას, სხვა ყველაფერში: არ მშია, ეს არ მინდა, ის არ მინდა, ასეთი არ მომწონს, ამას ცუდი გემო აქვს, ეს მაისური აღარ მინდა და სხვ. ახლაც, უხმოდ ავიდა თავის ოთახში, სუფთა ტანსაცმელი ჩაიცვა და ეზოში ელოდებოდა დეას. გოგონა კრემისფერ სარაფანში გამოწყობილიყო, წაბლისფერი თმა კეფაზე შეეკრა ცხენის კუდივით და შარფი მოეხვია ყელსა და თავზე.
-ხელ-პირი დაიბანე? - ღიმილით დაიხარა ბიჭისკენ და სახეზე დააკვირდა.
სიამაყით დაუქნია საბამ თავი. კეპი გამოართვა და გზაზე გაიჭრა. წინ ბიჭი გარბოდა, უკან კი დეა მისდევდა. ეშინოდა, შორს არ წასულიყო, რამე არ დასჯახებოდა, ან სულ მცირედი, არ წაქცეულიყო. შიგადაშიგ მის სახელს გაჰყვიროდა ჯავახია, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ, ყურს არ იბერტყავდა ბავშვი.
სირბილით მივიდნენ ეკლესიამდე. ოფლისგან დაცვარულ შუბლზე პატარა პირსახოცი გადაისვა გოგონამ, ქოშინით შევიდა ეკლესიის პატარა ეზოში და მიმოიხედა. საბა, სხვა ბავშვებთან ერთად იჯდა დიდ ქვაზე და რაღაცას ჰყვებოდა.
„საღამოს ნახავ, როგორ უნდა ჩემი გაწამება.“ - დაემუქრა გულში ბავშვს. ხის სკამზე ჩამოჯდა და ხეს მიეყრდნო. გული გამალებით უცემდა. სტიქაროსანმა სამრეკლოში ზარს ჩამოჰკრა. სწრაფად წამოიჭრა ჯავახია ფეხზე, საბას ხელი დაავლო და ეკლესიაში შევიდნენ. ანალოღიაზე დაბრძანებულ ხატს ემთხვია, მერე კი ბიჭი აიყვანა ხელში, ისიც რომ მთხვეოდა.
მწუხრი დაიწყო. მალამოდ ედებოდა გულსა და სმენას მგალობლების ხმა. ჩურჩულით აჰყვა დეა გალობას.
„მრწამს ერთი ღმერთი, მამა ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქვეყანისა...“
ყოველგვარი დაძაბულობა, ნერვიულობა, უკმაყოფილება - გაქრა და სიმშვიდე დაეუფლა გოგონას. ყოველთვის ასე ხდებოდა, წირვას რომ ისმენდა. მამაოს გალობაზე ჟრუანტელმა დაუარა ტანში. მაღალი ხმა ჰქონდა მოძღვარს, მაღალი და მკვეთრი.
თხუთმეტიოდე წუთი ძლივს გაძლო საბამ ერთ ადგილზე, მერე აწრიალდა, აქეთ-იქით იხედებოდა, ბავშვებს ელაპარაკებოდა, ცქმუტავდა. რამდენჯერმე მისცა ძიძამ შენიშვნა, მაგრამ როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც არ გაჭრა.
„შეაყარა კედელს ცერცვი“. - უკმაყოფილოდ ჩაიფრუტუნა და ეკლესიიდან გაქცეულ საბას
დაედევნა. მწუხრი დამთავრდა. ერთიანად დაეტაკა სიგრილედან გამოსულს მზის მცხუნვარება და დაბარბაცდა. მხედველობა დაებინდა. ვიღაცამ შეაშველა ხელი. არც შეუხედავს მისთვის, „მადლობაო“ ჩაიბუტბუტა და სკამზე დაჯდა. ბიჭს დაუძახა, რომელიც ხუთი წუთის მერე ძლივს მივიდა მასთან.
-იცოდე, ახლა მაინც მოიქეცი კარგად, თორემ დაგპირდი მე შენ და მართლა გცემ მერე. ისე ძალიან, რომ არასდროს დაგავიწყდეს, გასაგებია? - დაისისინა გაბრაზებულმა, სახე ახლოს მიეტანა ბიჭის სახესთან და მხარზე ებღაუჭებოდა.
-თავი დამანებე რა! დედაჩემი კი არ ხარ, რომ დაგიჯერო! - მობეზრებული ტონი ჰქონდა ბავშვს.
დეას, თითქოს სისხლი გაეყინაო ძარღვებში. სუნთქვა გაუხშირდა, ერთიანად დაიძაბა.
-ჩემი შვილი რომ შენნაირი თავხედი იყოს, ცხვირს არ გავაყოფინებ სახლის გარეთ. ძალიან ცუდია დედაშენი რომ არ ვარ, გასწავლიდი, როგორ უნდა ეტლიკინო სხვებს. - შედარებით დაწყნარებულმა გასცა პასუხი.
-დედამისი რომ იყო, უფრო ვერ მოიქცეოდი ეგრე, როგორც შენ ამბობ. - მოესმა დეას უცხო ხმა. თვალების ხამხამით აიხედა ზევით. ჯარის ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი წამოსდგომოდათ თავზე და წარბშეკრული დაჰყურებდა ძიძისა და აღსაზრდელის კინკლაობას. ვერაფერი უთხრა დეამ.
-გაიგონე რა გითხრეს? - მამაკაცის ნათქვამით გულგამაგრებულმა საბამ ნიშნის მოგებით შეხედა ჯავახიას.
-შენი ქუდი აიღე და სახლისკენ წადი, ახლავე! - განრისხებულმა დაუყვირა.
თითქოს სისხლმა თავში აასხა. დამცირებულად გრძნობდა თავს უცხოს წინაშე. როგორ ბედავდა ეს პატარა ლაწარაკი ამდენს, მით უმეტეს კი, სხვისი თანდასწრებით, რომ ასე ელაპარაკა ძიძასთან?! და საერთოდ, რა მნიშვნელობა აქვს ძიძაა თუ უბრალოდ სხვა, მთავარია, რომ უფროსია მასზე! მთელი 16 წლით!
პატარა გაფრინდაშვილმა ძირს დაგდებულ ქუდს ხელი დაავლო და წინ წავიდა. ჯავახია ჯერ კიდევ კანკალებდა ბრაზისგან.
-თქვენი ნათესავია? - ყრუდ ჩაესმა კაცის ხმა.
-მისი ძიძა ვარ. ღმერთმა დამიფაროს ასეთი აუტანელი არსება რომ ჩემი რაიმე სახის ნათესავი იყოს!
სამხედრო ფორმიანმა უკმაყოფილოდ ამოიქშინა. ნამდვილად არ მოეწონა გოგონას სიტყვები.
-ის ხომ ბავშვია. - მკაცრ ხმაში შეშფოთებამ გაიჟღერა.
-დიახ, თანაც, უზრდელი და ნერვებისმომშლელი. - ძალით გაუღიმა უცნობს ჯავახიამ და შარფი მხრებზე მოიხვია. არ უნდოდა, რომ ბეჭები დაწვოდა. კოღოს ნაკბენებიც ეყოფოდა ბედნიერებვისთვის.
-არ გიყვართ ის? - კიდევ უფრო შეკრა წარბები ფორმიანმა.
-რა თქმა უნდა, მიყვარს, მაგრამ არც იმდენად, რომ ასეთი თავხედობა მოვუთმინო და თავზე გადავუსვა ხელი.
-ემუქრებით? - უინტერესოდ იკითხა კაცმა.
-ვემუქრები? - გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა დეას. მხრები შეარხია და შეკრული თმა უკან გადაიგდო.
-დიახ, გკითხეთ ემუქრებით თუ არა-მეთქი. - დაჟინებით ჩასცქეროდა მამაკაცი სახეში. გოგონა შეიშმუშნა. არ ესიამოვნა მისი ხმის ტონი და მზერა.
-კუდიან ჯადოქარს ვგავარ? - გამომწვევად ჰკითხა. მთელი საუბრის განმავლობაში ერთხელად არ შეეხედა უცნობისთვის ნორმალურად. მხოლოდ ის იცოდა, რომ ჯარის ფორმა ეცვა: ბატინკები, შარვალი და მაისური.
კაცმა კითხვაზე არ უპასუხა. დეამ ახლაღა გააპარა მისკენ მზერა. მოკლემკლავიანი მაისურიდან გარუჯული მკლავები მოუჩანდა, სახის კანიც გამუქებოდა. ალბათ, შავი თმა ექნებოდა, თუმცა გადაპარსული ჰქონდა და დაზუსტებით ვერაფერს იტყოდით. სახეც სუფთად ჰქონდა გაპარსული. სუნამოს მძაფრმა სუნმა ნესტოები აუწვა გოგონას და უსიამოვნოდ შეიჭმუხნა.
-არა, რას ჰქვია ვემუქრები?! - ჯერ კიდევ გაოცებული იყო დეა.
კიდევ ერთხელ შეხედა მამაკაცის მაღალ სხეულს, განიერ მხარ-ბეჭს, წინ წამოწეულ ადამის ვაშლს, სახეს... ძალიან მუქი, შავი თვალები ჰქონია უცნობს.
-გავიგონე, ეუბნბოდით, გცემო.
-მე ის არასდროს მიცემია. -სწრაფად გააქნია თავი დეამ, მეტი დამაჯერებლობისთვის. თითქოს, უცნობი მამაკაცის წინაშე იმართლებდა თავს.
-და კიდევ გიკვირთ? - ჩაიცინა მან.
-რა?
თანდათან ღიზიანდებოდა ჯავახია. კაცი ან არაფერს ამბობდა ნორმალურად, ან რასაც იტყოდა, იმასაც ვერ იგებდა გოგონა კარგად.
„რა უბედურებაა ასეთი სიტყვაძუმწონბა?“ - ტუჩი აიბზუა მან.
-რა და მისი დაუმორჩილებლობა თქვენდამი.
მოთმინებით იტანდა ფორმიანი დეას კითხვებს, თუმცა ახსნა-განმარტებებით, მაინც და მაინც, დიდად არ იწუხებდა თავს.
-ჯერ კიდევ ვერ მიგიხვდით ნათქვამს. - შეწუხებულმა ახედა მაღალ ფიგურას და სახე მოჭმუხნა.
-თქვენ უბრაზდებით მას და ემუქრებით, ამ დროს კი თითიც არ დაგიკარებიათ მისთვის. როგორ გგონიათ, 100-დან, რამდენი პროცენტით ფასობს თქვენი სიტყვა მისთვის?
ჯავახიამ პირი გააღო. უნდოდა, რამე მაინც ეპასუხა, მაგრამ, თითქოს, გაექცა სიტყვები. ამოიოხრა და პირი მოკუმა. მიხვდა, რომ მამაკაცი მართალი იყო. ან ტკბილი სიტყვით უნდა გასულიყო ფონს, ან მართლაც შეესრულებინა დაპირებები, რომლის შესრულება არც თვითონ სურდა და ბავშვს ხომ, მით უმეტეს, არ ესიამოვნებოდა. გზისკენ გაიხედა. საბა საკმაოდ შორს წასულიყო.
-ჩემი წასვლის დროა, თუმცა... თქვენ მართალი ხართ! - სიმართლის აღმოჩენით ნასიამოვნებმა, ღიმილით შეხედა წარბებშეკრულ კაცს და ბავშვს დაედევნა. მამაკაცმა მხრები აიჩეჩა. ეკლესიაში შებრუნდა, ხატს ემთხვია და უკან გამოვიდა. ქალაქში იყო წასასვლელი, არადა ისეთი ამინდი იყო, დაიძინებდა კაცი.

*******

მზე გადაიწვერა. მოსაღამოვდა. თუმცა ისევე, როგორც სხვა დანარჩენი, არც ეს საღამო უქადდა სოფელს სასიამოვნო ამბის „შეტყობინებას“. ისევ ელოდნენ წვიმას, რომელიც, ალბათ, შემოდგომამდე არ აპირებდა მოსვლას.სამზარეულოს ღია ფანჯრიდან კარგად მოჩანდა ბლინები, რომელიც რამდენიმე წუთის წინ დაეცხო დეა ჯავახიას, ახლა კი მარწყვის მურაბას ასხამდა ზედ, კიდევ უფრო გემრიელი რომ გამხდარიყო. საბა და ნინელი სადღაც იყვნენ წასულები. არც იცოდა სად და სიმართლე რომ გითხრათ, არც აინტერესებდა. მთავარი ის იყო, რომ სახლში მარტო გახლდათ და შეეძლო გოგოები დაეპატიჟებინა ყავასა და ბლინებზე.
ქალაქში არასდროს ჰქონია მეზობლებთან ისეთი ახლო ურთიერთობა, რომ ხშირად ესტუმრა მათთვის, ან ისინი მოსულიყვნენ. აქ კი, ჩამოსვლიდან მეორე საღამოს, უბანში რომ გაეგოთ მეზობლებს მათი ჩამოსვლა, რამდენიმე თავისი ასაკის გოგო ეწვივნენ, დედებთან ერთად.
ძალიან გაუხარდა, რადგან აქამდე ეგონა, რომ მთელი ზაფხული საბას დევნასა და ბებიამისის ჯაჯღანის მოსმენაში უნდა გაეტარებინა. ახლა კი ნორმალურ ხალხთან ურთიერთობის იმედი მისცემოდა. ასეც აღმოჩნდა, ძალიან დაუახლოვდა სამ გოგოს და მის მერე, თითქმის ყოველ საღამოს ერთად ატარებდნენ. ათუ წუთიც არ იქნებოდა გასული, ჭიშკარი ხმაურით შემოაღეს და ეზოში შემოლაგდნენ.
-მოდით, აქ ვარ! - ღიმილით დაუქნია ხელი სამზარეულოდან და სტეკლოს საშუალო ზომის ჭიქაში ყავა და შაქარი ჩაყარა, მერე მიქსერი გამოიღო კარადიდან და ათქვიფა.
-იცის გოგომ უკვე, აქ რომ მოვდივარ რამე კარგი რომ უნდა დამახვედროს. - სიცილით თქვა ნატომ, ბლინს ხელი დაავლო და მოკბიჩა. - ძალიან გემრიელია! - თან ილუკმებოდა და თან ლაპარაკობდა. ცერა თითი გაჯგიმა მოწონების ნიშნად და დივანზე ჩამოჯდა სხვებთან ერთად.
დასალევად გამზადებული ცივი ყავა პატარა მაგიდაზე დადო, გვერდით კი ბლინები და კამფეტები მოუწყო. უჩვეულოდ მხიარულდებოდა ჯავახია მათ გვერდით. თამთა, ნატო და ირმა საკმაოდ კარგი ხასიათისა და გარეგნობის, 21-22 წლის გოგონები იყვნენ. არცერთი უჩიოდა იუმორის გრძნობას, ამიტომ ყოველთვის გულიანად იცინოდნენ ერთმანეთის ხუმრობებზე. ოთხივე მარტოხელა იყო, რის გამოც არაერთხელ ჰყავდათ უცოლო ბიჭები გაჭორილი.
ასე ირთობდნენ გოგონები თავს სოფელში, სადაც ყველასთვის უცხო იყო კლუბებსა და დისკოტეკებზე სიარული.
-მეზობელ სოფელში ვარ წასასვლელი საქმეზე და ბევრი არ დამალევინოთ,თორემ რა გაუძლებს მერე მამაჩემის ყვირილს, იქ წასვლა რომ ვერ შევძლო. - სიცილით გააპროტესტა თამთამ, დეას ხელში რომ კონიაკის ბოთლი დაინახა და თან ჭიქები გამოართვა.
-ახლა ლაპარაკობ ამას, თორემ აბა 1-2 ჭიქის მერე ნახე, შენ თვითონ შეგვეხვეწები დამისხითო. - გააჯავრა ირმამ. ყველას გაეცინა, თუმცა ისიც კარგად იცოდნენ, რომ სიმართლე იყო.
სულ ორი ჭიქა კონიაკი ჰქონდათ დალეული, ჯავახიას რომ საბა და ნინელი გაახსენდა. ნამდვილად არ ესიამოვნებოდა ქალს სახლში მისულს ნასვამი გოგონები რომ დახვედროდა.
-ნინელი და საბა ხომ არ გინახავთ რომელიმეს? - ჩურჩულით იკითხა. სახლში რომ ყოფილიყო და გვერდით ოთახიდან ჩუმად ესმინა ქალს მათთვის, არც ეს იყო გამორიცხული, ამიტომ ფრთხილობდა დეა.
-ჩემთანაა. ჩემი ტელევიზორი გაფუჭდაო და სერიალს უყურებს. საბა ჩემს ძმასთან თამაშობს. - უპასუხა ნატომ.
შვებით ამოისუნთქა. საათს გახედა, საღამოს 9 სრულდებოდა.
სასიამოვნოდ მოედო ჯავახიას სხეულს ალკოჰოლი და კიდურები დაუმძიმდა. კიდევ უფრო დასცხა. ყველა ფანჯარა და კარი გააღო, რაც კი პირველ სართულზე იყო, მაგრამ მაინც ვერ იგრძნო შვება.
მართლაც, თამთამ ცოტა კი არა, 8 ჭიქა კონიაკი რომ დალია, მერე მიხვდა სიარულიც რომ აღარ შეეძლო და ბოთლს სტაცა ხელი, მეტს აღარ დავლევთო.
საკმაოდ მთვრალი იყო თამთა მეზობელ სოფელში მარტო წასვლისთვის. ბევრი ხვეწნის შემდეგ, ძლივს დაითანხმა სხვები გაყოლაზე. საერთო ძალისხმევით აალაგეს სუფრა, ჭურჭელიც დარეცხეს. ვეღარაფერს მიხვდებოდა კუდიანი ნინელი.
ნატომ დედამისს შეტყობინება გაუგზავნა, თამთას მივყვებით და ნინელის უთხარი, დეაც ჩვენთან ერთად მოდისო. მალევე გაისმა მის ტელეფონზე ზარის ხმა.
-ახლავე სახლში გაჩნდი! გადაირიე შენ? სად მიდიხარ ამ ღამე? - ყვიროდა დედამისი.
ნატო გამოაკლდათ. ირმას მოაკითხეს და ისიც წავიდა.
-ჩვენ ორნი დავრჩით. - ფრთხილად გააპარა თამთამ მზერა დეასკენ, იმ იმედით, რომ ის მაინც არ ეტყოდა წაყოლაზე უარს.
-უჰ, ეგ არაფერი! - უდარდელად წამოიძახა და ეზოში გავიდნენ.

-იცი, პატარა რომ ვიყავი, დაახლოებით 14 წლის, ერთი ბიჭი მომწონდა. ორი წლით უფროსი იყო ჩემზე. - სიცილით დაიწყო თხრობა ნატომ. კაველარი გამოსდო ჯავახიას და მეორე სოფლისაკენ მიმავალ გზას დაადგა. - კლასელის დაბადების დღე იყო. მასთან ვიყავით წასული. უფროსებს არ დაუშლიათ და ჩვენც დავლიეთ რამდენიმე ჭიქა ღვინო. ბევრი ნამდვილად არა, მაგრამ მე, მით უმეტეს, 14 წლის ასაკში, ადვილად მომეკიდა. თაზო, ასე ჰქვია იმ ბიჭს, მოგვიანებით მოვიდა. აქ, სოფელში, ყველა იცნობს ერთმანეთს, ხოდა თაზო ჩემი კლასელის ძმაკაცი აღმოჩნდა. ხომ იცი, როგორ უყვარს ხალხს ვიღაცების ერთმანეთზე გახელება, არც მე გამოვრჩი ბავშვებს და მთელი საღამო ჩემს კლასელზე მახელებდნენ, ოღონდ სხვაზე, რომელიც ოდნავადაც კი არ მომწონდა. რომ არ მომეშვნენ, მეც გავბრაზდი და მთელი ხმით დავიყვირე, ეგ არ მომწონს, თაზო მომწონს-თქო. -ნატოს გულღია სიცილმა ჰაერი გაკვეთა და ექო გამოსცა. დეას მხოლოდ ეღიმებოდა. ისე იყვნენ ერთმანეთზე მიწებებულები, გეგონებოდათ, სცივათო, არადა ეშინოდათ. უკვე საკმაოდ დაბნელებულიყო და არც მთვარიანი ღამე იყო, გზა რომ გაენათებინა გოგოებისთვის. ეზოებიდან ძაღლების ყეფის ხმა ისმოდა. ჯავახიას კი ყველაზე მეტად ძაღლის ეშინოდა. ეს მას მერე, რაც ბავშვობაში მთაში დასასვენებლად წასულს, თავისზე გაცილებით დიდი ძაღლი გამოეკიდა, წააქცია და ფეხზე ორ ადგილას უკბინა: ბარძაყსა და წვივზე. უსიამოვნოდ გააჟრჟოლა ამ ამბის გახსენებაზე და კიდევ უფრო აეკრა ნატოს. ნამდვილად არ სურდა იგივე რომ განმეორებულიყო ოდესმე.
-მერე? - ჩაეკითხა ჯავახია მეგობარს .
-მერე იყო ის, რომ... სხვა დროს, რამდენიმე დღის მერე... მაკოცა. - სახეზე წამოწითლდა ნატო. სიბნელის გამო დეას არ შეუმჩნევია ეს.
- და ახლა? - ჩურჩულით ჰკითხა.
-ახლა ისევ მომწონს და მგონი მასაც... - სიხარულის ნოტები შეეპარა ხმაში და გაინაბა. სახე გბადრულებმა განვლეს დარჩენილი გზა. ვარსკვლავებს ითვლიდნენ ცაზე.
მთვარე ისევ არსად ჩანდა.
რაღაც ხელსაწყო წამოიღეს და უკან გზაზე იმით გათამამებულებმა, რომ ცოტა ხნის წინ არაფერი შეხვედროდათ გზაზე, ერთმანეთს დასცილდნენ. მეტად აღარ დაბნელდებოდა, მაგრამ საათი ისრები კი ისე სწრაფად მიიწევდნენ წინ, თითქოს მარათონში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, თუ რომელი გაასწრებდა. ნახევარი გზა ჰქონდათ განვლილი, 11 საათი რომ შესრულდა. უკნიდან მანქანის ხმა მოესმათ, შუქმა გზა გაუნათა მათ. მანქანის ხმას ძაღლის ყეფაც მოჰყვა, რომელიც ძალიან ახლოს გაისმა დეასთან და შეშინებული გაიქცა წინ. ძაღლი, რომელიც სულ არ ფიქრობდა მანქანიდან გადმოხტომას, ჩამოწეული ფანჯრიდან გადმოხტა და ჯავახიას გაეკიდა. გოგონას კივილმა სოფელი გააყრუა, როცა ძაღლი მიუახლოვდა. უკან-უკან იხევდა, მალევე მიეჯახა ქვის ღობეს და სასოწარკვეთილმა ამოიტირა. თავლწინ გაუელვა თითქმის მთელმა ბავშვობამ თუ არა, ნახევარმა მაინც. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს მის წინ მყოფ სიკვდილს უყურებდა თვალებში და არა ძაღლს. გარდაუვალი იყო, არ ასცდებოდა კიდევ ერთი ნაკბენი, თუ მეტი არა. ძაღლმა დაყნოსა, კუდი გააქიცინა და ტორები დეას მხრებზე შემოაწყო. პანიკაში ჩავარდნილმა ვერც კი გაიაზრა, თუ რას ნიშნავდა ცხოველის ეს ქმედება. იგი სულაც არ აპირებდა გოგონასთვის რამის დაშავებას, მით უმეტეს, რომ თავისი პატრონი უახლოვდებოდა უკნიდან. დეას მალე წაუვიდოდა გული, რომ არა ძაღლის პატრონი, რომელმაც ცხოველს ყელზე მობმულ რგოლში ჩაავლო ხელი და უკან დაქაჩა. ჯავახიას მხრებმა თავისუფლება იგრძნო, მუხლებმა კი სისუსტე და გოგონა მიწაზე დავარდა.

_______________
როგორ ხართ, ჩემო კარგებო? არვიცი ახლა რატომ ვქენი ეს, პირველი თავი რომ ავტვირთე, მაგრამ ვერ ვაჩერებ ამ ოხერ თითებს და რა ვქნა. ვლოცულობ, რომ წინა მოთხრობაზე როგორც მოხდა, ისე არ განმეორდეს. "სკაუტური ფიცი"-ს მუზამ დროებით შვებულება აიღო, რადგან ჩაანაცვლა ასმაგად ძლიერმა მუზამ და სურვილმა "ოცნების მჭერის" დაწერისამ! ხოდა, იმედია ისევ საშინელი ბავშვი არ ვიქნები და ყველაფერი ისე ჩარახრახდება, მე და თქვენ რომ გაგვიხარდება. შეცდომები და ამნაირი რაცხა-რუცხეები ვიცი რომ მაქვს, მაგრამ რას ვიზამთ, რაცაა ესაა.
მომენატრეთ და მიყვარხართ, თქვენი ჭორფლა.



№1  offline წევრი Geek Girl

Kaia gaagrdzele... Da jobia pirvel pirshi dawero!

 


№2  offline წევრი Unnamed

მომეწონა ♥♥

 


Geek Girl
Kaia gaagrdzele... Da jobia pirvel pirshi dawero!

მესამეში მაქვს უკვე დაწყებული და ახლა ნამდვილად ვერ გავაგრძელებ პირველ პირში.
მალობა ყველას love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent